понедельник, 27 апреля 2015 г.

წესი მოძღვრობისა




ექვთიმე კოჭლამაზაშვილი

მოძღვრის წოდების რაობასა და მოძღვრობის პრობლემას ბოლო ხანებში არაერთი ავტორი შეეხო. საკითხი ძირითადად განიხილებოდა ასკეტიკურზნეობრივი და პრაქტიკულ-ლიტურგიკული ასპექტებით. სასულიერო მიმართულების პერიოდულ გამოცემებში დაბეჭდილი პუბლიკაციებისა და ცალკე წიგნების სახით გამოიცა სხვადასხვა სახის „კითხვა-მიგებანი“, „რჩევები ახალბედა მოძღვრებს“, „რას გვეტყვი, მამაო“, „კითხვანი აღსარებასა ზედა“ და მრავალი სხვა.
სამწუხაროდ, ეს თხზულებები არცთუ იშვიათად შეიცავენ უმართებულო ცნობებსა და საეჭვო რეკომენდაციებს; უმეტესწილად მითითებული არაა ცალკეულ სწავლებათა წყაროები და ზოგჯერ სავსებით უავტოროდაც წარედგინება მკითხველს, რითაც სავსებით უგულებელყოფილია ავტორის პასუხისმგებლობა.
მიუხედავად ამ ხარვეზებისა, მოძღვრობის შესახებ გამოცემულ ლიტერატურას აქვს ერთი დადებითი მხარე - იგი აშკარად გვიჩვენებს მორწმუნეთა საზოგადოების ინტერესს მოძღვრობის საკითხისადმი.
რა არის მოძღვრობა საზოგადოდ; როგორია მისი წარმოშობა და განვითარების გზა; რომელ დოგმატურ, ეკლესიოლოგიურ და საეკლესიოსამართლებრივ საფუძვლებზე ჩამოყალიბდა მისი პრაქტიკულ-ლიტურგიკული სახე სხვადასხვა ეპოქაში - ამ საკითხების შესწავლის გარეშე შეუძლებელი იქნება შევაფასოთ სამოძღვრო პრაქტიკის თანამედროვე სახე და განვსაზღვროთ მისი მიმართება საეკლესიო ტრადიციასთან.
საქართველოს ეკლესიაში არსებული მოძღვრობის ინსტიტუტის ისტორიული ფორმების შესწავლის ცდები ძალზე ძუნწად გვხვდება სამეცნიერო ლიტერატურაში. ამჟამად ჩვენი მიზანია, მოკლედ მიმოვიხილოთ ზოგიერთი მათგანი და მკითხველს გავაცნოთ პოსტათონურ კურთხევათა კრებულების შესწავლის შედეგად ახალგამოვლენილი მასალები მოძღვრობის შესახებ.
მოძღვარს, როგორც ტერმინს, ამჟამად „მღვდლის“ სინონიმური მნიშვნელობით ხმარობენ. ასე მოიხსენიებენ თითოეულ მღვდელმსახურს, რადგან ჩვეულებრივი მღვდელმოქმედების გარდა (წირვა, ლოცვა, საეკლესიო წესგანგებანი), ისინი მოძღვრობასაც ეწევიან (აღსარების მიღება, ქადაგება, ძმათათვის სულიერი რეკომენდაციების მიცემა და ა. შ.), მაგრამ ეს დიდი ხნის მოვლენა არაა. ჩვენში მას არაუმეტეს ორი საუკუნის ისტორია აქვს. ძველად კი მღვდელმსახურისა და მოძღვრის ფუნქციები მკვეთრად იყო გამიჯნული და ყველა მღვდელმსახურს მოძღვრობის უფლება არ ეძლეოდა.
სანამ განვიხილავდეთ საეკლესიო კანონმდებლობას მოძღვრობის შესახებ და მოძღვრის ადგილსა და სახელოს საეკლესიო იერარქიაში, ორიოდე სიტყვით შევეხოთ ტერმინ „მოძღვარს“.
საღმრთო წერილში „მოძღვარი“ ძირითადად ό διδάσκαλος-ის ან მისი ებრაული ფარდის - Rab (Rabi)-ის „რაბი“, ραββί, ραββουνί შესატყვისად გვხვდება, რაც „სწავლულს“, „მეცნიერს“, „სჯულისმოძღვარს“, „მასწავლებელს“ ნიშნავს; რამდენიმე შემთხვევაში კი ό έπιστάτης-ისა (სიტყვასიტყვით - „ზედამდგომელი“. შდრ. наставник).
სახარებაში მოძღვრად ძირითადად მოიხსენიება იესუ ქრისტე, იოვანე ნათლისმცემელი („რაბი“), ნიკოდიმოსი („მოძღუარი ისრაელისაჲ“), და სხვა შჯულისმეცნიერნი.
მათეს სახარებაში მოთხრობილია, თუ მწიგნობართა და ფარისეველთა განკითხვისას როგორ ასწავლის იესუ ქრისტე თავის მოწაფეებს, არ დაემსგავსონ მათ და მოძღვრის ტიტულით არ მოიხსენიონ თავიანთი თავი, როგორც ამას ისინი სჩადიოდნენ: „უყუარს (მწიგნობართა და ფარისეველთა) ზემოჯდომაჲ სერსა ზედა და პირველდაჯდომაჲ შესაკრებელთა შორის და მოკითხვაჲ უბანთა ზედა და რაჲთა ხადოდიან კაცნი: რაბი, რაბი! ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი - ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ“ (მათე 23,6-8).
მოძღვრად მოციქულთა წოდება დაიწყო მხოლოდ ქრისტეს ამაღლების შემდეგ, როდესაც ისინი უფალმა აკურთხა მოძღვრობაზე, ანუ სწავლებაზე: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა და ასწავებდით მათ (διδάσκοντЄς αύτούς) დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ“ (მ. 28:19-20).
წარმართთა მოძღურად მოიხსენებს თავის თავს მოციქული პავლე (διδάσκαλος διδάσκαλος έθνών - I ტიმ. 2,7; II ტიმ. 1,11). „საქმე მოციქულთა“-ში პავლესთან ერთად სხვა მოძღვრებიც მოიხსენიებიან: „იყვნეს ვინმე ანტიოქიას შინა წინაჲსწარმეტყუელნი და მოძღუარნი: ბარნაბა და სვიმეონ, ლუკიოს კვირინელი და მანაინ და სავლე“ (საქმ. 13,1). პეტრეს კათოლიკე ეპისტოლედან ჩანს, რომ ამ წოდებას ზოგჯერ უმართებლოდ ითვისებდა მქადაგებელი, რომელიც ჭეშმარიტების ნაცვლად წარმწყმედელ წვალებას ავრცელებდა. მათ მოციქული „ცრუ-მოძღვრად“ (ψЄυδοδιδάσκαλοι) მოიხსენიებს (II პეტ. 2:1).
პავლე მოციქული მოძღვრობის განწესებას, ისევე, როგორც საღმრთო მსახურების სხვა სახეებისას, მიაწერს უფალს: „რომელნიმე დაადგინნა ღმერთმან ეკლესიათა; პირველად მოციქულნი, მეორედწინასწარმეტყუელნიმესამედ მოძღუარნი (διδάσκαλοι; მერმე ძალნი, მაშინღა მადლნი კურნებათანი, შეწევნანი, წარმატებანი, თესლად-თესლადი ენათა“ (I კორ. 12,28). მოციქულობა და მოძღვრობა აქ, ერთი შეხედვით, ერთმანეთისაგანაა გამიჯნული, კომენტატორები კი მიუთითებენ, რომ საკუთრივ მოძღვართა გარდა, მოციქულნიც და წინასწარმეტყველნიც თავიანთი ფუნქციით მოძღვარნივე არიან, უფრო მაღალი დასისა.1 მათ შემდეგ ეკლესიას ღმერთმა განუწესა მოძღვართა მესამე დასი,2მოძღვრებისა და სწავლულების გავრცელების მიზნით.3
ცალკეულ თემში ერთი მოძღვრის განწესების იდეა სათავეს იღებს იაკობ მოციქულის ეპისტოლედან: „ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო ჩემნო, უწყოდეთ, რამეთუ უდიდესი საშჯელი მოვიღოთ, რამეთუ ფრიად ვსცთებით ყოველნივე“ (იაკ. 3,1-2).
რატომ არაა მიზანშეწონილი მრავალთა მოძღვრება ერთ თემში? რატომ მივიღებთ ამის გამო უდიდეს სასჯელს? - იაკობ მოციქულის ეპისტოლეს ამ ადგილის კატენურ განმარტებაში ვკითხულობთ: „თუ ვინმე მარტო სიტყვებით ასწავლის მოწაფეს ამა თუ იმ სათნოებას, თავად კი ეს სათნოება ჯერ არა აქვს მოპოვებული, ამგვარი სწავლება არა მარტო უსარგებლოა, არამედ ძალზე საზიანოც. როგორ შეიძლება, მოწაფეს ჯეროვნად ასწავლო ის საქმე, რომელიც თავადვე გეშლება და სცდები?
„სწავლებისას სიტყვიერი შეუმცდარობა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც, რასაც სხვათა სასწავლელად იტყვი, ჯერ ყოველივეს შენვე აღასრულებ საქმით. სათნოების მასწავლებელს ჯერ საკუთარი სხეული უნდა ჰქონდეს დამორჩილებული და ყოველივე სიბილწისაგან განშორებული. ღმრთის შიში მან აღვირივით უნდა ამოსდოს ყოველივე ცოდვას, და მხოლოდ ამის შემდეგ ასწავლოს სხვას ბოროტისაგან მოქცევა და სიკეთის ქმნა. და ასწავლოს მარტო სიტყვით კი არა, არამედ - სიტყვით და საქმით“.4
როგორც ვხედავთ, მრავალთა მოძღვრობის მიზანშეუწონლობის ახსნისას კომენტატორები კმაყოფილდებიან მხოლოდ იმის აღნიშვნით, რომ მოძღვარი, სანამ სხვათა დამოძღვრას შეუდგებოდეს, ჯერ თავად უნდა იყოს სულიერი გამოცდილებით აღსავსე; საკუთრივ მრავალთა მოძღვრობაზე კი სიტყვას აღარ აგრძელებენ, რადგანაც კონტექსტიდან აშკარაა: მოძღვრობისათვის საჭირო გამოცდილების შეძენა ხანგრძლივი და მძიმე მოღვაწეობითაა შესაძლებელი, რაც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, მრავალთათვის კი - მიუწვდომელი.
მოძღვრობის პატივს არ უნდა ვესწრაფოდეთ, რომელთაც საამისო სისრულისათვის არ მიგვიღწევია; რომელნიც, იაკობ მოციქულის სიტყვისამებრ, „ფრიად ვსცთებით“. მით უფრო, დამწყები და ახალბედა - სრულიად შეუფერებელია მოძღვრობის პატივისათვის.5
ერის სულიერ წინამძღვრად და მოძღვრად გამორჩეული უნდა იქნეს ერთი ყველაზე სანიმუშო მოწესე, რომელიც განშორებულია ყოველი უწესოებისაგან და აღვსებული ყოველგვარი წესიერებით; რომელიც არასოდეს მიდრკება ზომიერისა და ჯეროვნისაგან; რომლის სიტყვები შეზავებულია საღმრთო მადლის მარილით.
მოძღვრის სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თემის აღშენებისა თუ დაქცევისათვის. „ერთმოძღურებას“ კი „მრავალმოძღურებასთან“ შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ ერთ თემში რამდენიმე მოძღვრის მოღვაწეობას შეეძლო გამოეწვია ამა თუ იმ სარწმუნოებრივი ან სხვა საკითხისადმი ერთმანეთისაგან განსხვავებული მიდგომის წარმოშობა თემის ცალკეულ ჯგუფებში. ეს იმიტომ, რომ ყველა მოძღვარი თანაბარი სიღრმით ვერ იქნებოდა განსწავლული საღმრთო მოძღვრებაში და თითოეული მოძღვრის სამწყსო ჩამოყალიბდებოდა მათი სულიერი წინამძღოლის სიწმიდის, სიბრძნის, სწავლულების დონის, პედაგოგიური გაქანებისა და მიმართულების შესაბამისად, ე. ი. ერთი თემის ფარგლებში გაჩნდებოდა საკუთარი ტრადიციების მქონე სხვადასხვა სკოლები, რაც თემის წევრთა შორის დაძაბულობისა და წინააღმდეგობის საბაბი შეიძლებოდა გამხდარიყო. ასე რომ, „ერთმოძღვრება“ ეკლესიის ერთიანობისათვის აუცილებელ პირობად იყო მიჩნეული.
თუ რა შფოთისა და განხეთქილების გამოწვევა შეეძლო ერთ თემში მოძღვართა სიმრავლეს, ამისი კლასიკური მაგალითი დაფიქსირებულია „რუისურბნისის კრების ძეგლისწერაში“ (1105 წ.):
„შემდგომად ამათსა ამისიცა სათანადოდ ვჰგონეთ მოჴსენებაჲ, ვინაჲთგან მოძღურად წოდებულთა მათ მონაზონთაჲ ფრიადი და აღურიცხუველი არს სიმრავლე, და ერთსა მონასტერსა შინა ხუთნი და ათნი, მრავალგზის ოცნიცა და ოცდაათნი იპოებიან, დიდი თუ იყოს მონასტერი; და მრავლისა შფოთისა და განხეთქილებისა მიზეზსა შემოიღებს სიმრავლე მათი. ამისთჳს განვაჩინებთ, რაჲთა ამიერითგან დასცხრეს ესევითარი ესე უწესოებაჲ, და პირველად ამას განვასაზღვრებთ, რაჲთა უმღდელოსა არა ჴელ-ეწიფებოდის განმკითხველობად სულთა, არა თუ ეპისკოპოსი იყოს, ანუ მღდელი, ანუ დიაკონი, რამეთუ პირველად შეკრვისა და განჴსნისა ჴელმწიფებასა უჴმს ქონებად და ეგრეთღა განკითხვისა სულთაჲსა ჴელ-ყოფად. ამას თანა, რაჲთა დიდთა მონასტერთა შინა ორ-ორი, ხოლო მცირეთა შინა თითო ხოლო კმა-იყოს მოძღუარი, და უკუეთუ ვინმე ამას განჩინებასა გარდაჰჴდეს, უეჭუელად ესმეს მას, ვითარმედ: ხოლო ჴდომისაგანთა მათ და ურჩთა ჭეშმარიტებისათა და მორჩილთა სიცრუისათა - რისხვაჲ და გულისწყრომაჲ, ჭირი და იწროებაჲ და შემდგომი“.
ამრიგად, „ძეგლისწერა“ მოძღვართა სიმრავლეს უწესოებად მოიხსენიებს და განაჩინებს მათი რაოდენობის შეზღუდვას. ხოლო ვინც დაარღვევს ამ განჩინებას - „ჴდომისაგანთა“ და „ჭეშმარიტების ურჩთა“ მოსაგებელის თანაბარ რისხვას უქადის.
რა კონკრეტული ფუნქციების შესრულება ევალებოდა მოძღვარს?
გამოთქმულია მოსაზრება, რომ „მოძღვარი“ და მისგან ნაწარმოები ტიტულები რაიმე განსაზღვრულ საეკლესიო თანამდებობასა და დაწესებულებას კი არ გამოხატავდა, არამედ მხოლოდ საპატიო წოდებები იყო; ამის მაგალითად მოჰყავთ სამი დიდი მღვდელთმთავრის (ბასილი დიდის, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა და იოვანე ოქროპირის) „მსოფლიო მოძღვრებად“ მოხსენიება;6 ასევე, ეფთვიმე და გიორგი მთაწმიდელების, ეფრემ მცირისა და სხვათა დიდ მოძღვრებად მოხსენიება. ე. გაბიძაშვილის აზრით, სხვადასხვა წყაროებში მოხსენებული „სულიერი მოძღუარი“ ყოველთვის არ უნდა გადმოსცემდეს გარკვეულ თანამდებობას.
„მოძღვრის“ საპატიო ტიტულად ხმარება, რასაკვირველია, გამორიცხული არაა, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული საისტორიო წყაროები გვიჩვენებს, რომ მოძღვარი ამასთანავე სრულიად განსაზღვრული თანამდებობის პირია, რომელსაც განსაზღვრული ფუნქციების შესრულება უხდებოდა.
მოძღვრის ტიტულის არსებობა ბიზანტიაში შუა საუკუნეებამდეა დაფიქსირებული. მისგან წარმოშობილია სხვა მონათესავე ტიტულებიც: „მსოფლიო მოძღვარი“ (ό οίκουμЄνικός διδάσκαλος), „დიდი მოძღვარი“ (ό μέγας διδάσκαλοι). „მოძღვართმოძღვარი“ (ό διδάσκαλος διδάσκαλοι)მოძღვართმოძღვრად, სახელდობრ, იწოდებოდნენ უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელები.მაშასადამე, მოძღვრის უმთავრესი ფუნქცია სწავლება უნდა ყოფილიყო. ივ. ჯავახიშვილი წერს:
„განსაკუთრებული ადგილი ეკავა სამონასტრო ცხოვრებაში მოძღვარს. მოძღვარი მეცნიერი ბერი იყო, რომელსაც მოწაფეები ჰყავდა და რომელთანაც სხვადასხვა მხრიდან მოდიოდნენ ხოლმე სასწავლებლად. მოძღვარი თავის მოწაფეს სულიერ-სარწმუნოებრივ ხელმძღვანელობასაც უწევდა და მწერლობასა და მეცნიერებასა და რომელსამე ხელოვნებას ასწავლიდა. მოწაფე თავის მოძღვართან ცხოვრობდა და სწავლობდა“.
მოძღვრისა და მოძღვართმოძღვრის უმთავრესი ფუნქცია რომ სწავლება იყო, ერთხმადაა გაზიარებული სხვა მკვლევართა მიერ, მაგრამ ამასთანავე აღნიშნავენ, რომ სულიერი მოძღვრის ფუნქცია იყო აგრეთვე მოწაფისაგან აღსარების მიღება, კანონის დადება, ცოდვების შენდობა და საზოგადოდ, სულიერი ხელმძღვანელობა.
ასეთი დასკვნის საშუალებას უამრავი საეკლესიო-სამართლებრივი დოკუმენტი იძლევა. სახელდობრ, ეფთვიმე მთაწმიდელი VI მსოფლიო საეკლესიო კრების 40-ე კანონში მიუთითებს: „რომელნი მონაზონებისა წესსა მოვიდენ და სწადოდის მარტოდ-მყოფება, უჴმს მათ პირველად შესლვაჲ მონასტერსა და სწავლაჲ წესსა მონაზონებისასა, და სამ წელ მორჩილებად წინამძღუარსა მას და მოძღუარსა სულიერსა ყოვლითა მორჩილებითა და სიმდაბლითა“.
იქვე, 43-ე კანონში აღნიშნულია: „სულიერთა მათ მოძღუართა, რომელთა აღსაარებაჲ იგი შეცოდებულისაჲ შეიწყნარონ, ვითარცა იხილონ სინანული მისი და შემუსრვილებაჲ და გლოვაჲ, ანუ თუ ულმობელობაჲ და გულფიცხელობაჲ და უნანელობაჲ, ჴელ-ეწიფების შემოკლებაჲცა კანონისაჲ და განგრძელებაჲ“.
მოძღვრობის წესის8 ანუ თანამდებობის შესახებ მრავალ საინტერესო ცნობას იძლევა იოანე მმარხველის „კანონნი შეცოდებულთანი“, რომელიც „მცირე სჯულისკანონს“ ერთვის.
სახელდობრ, მოძღვარს ჰქონდა უდიდესი სულიერი გამოცდილება, ცოდნა, მართებული განსჯა-განკითხვის უნარი. მას ევალებოდა გამოძიება და გამოწვლილვა აღმსარებლის სულიერი მდგომარეობისა, ასევე, შეცოდებულთა განკანონება მათი ბრალის შესაბამისად; აღმსარებელთ კი თავმდაბლად უნდა მიეღოთ მათთვის მიცემული კანონი.
ანალოგიური ცნობები გვხვდება კანონიკური მწერლობის სხვა ძველ ძეგლებში. სახელდობრ, ცნობილ კითხვა-მიგებაში, რომელიც ეფთვიმე მთაწმიდელმა თევდორე საბაწმიდელს მისცა, აღნიშნულია, რომ ზიარების უფლებას თითოეულ მოწაფეს აძლევს მოძღვარი: „რომელსა ზიარებაჲ აქუნდეს მოძღურისაგან, ეზიარენ ჟამსა სამჴრისასა და პირი იჴსნას“. „მოძღუართა... მოწაფენი აკურთხნენ და აღსარებაჲ იტჳრთონ. „მოწაფესა თანააც მორჩილებაჲ“ [მოძღურისაჲ]. „რაჲცა [მოძღუარმან] ამცნოს მოწაფესა, თანა-აც მორჩილებაჲ“.
მოწაფე რომელ მოძღვარსაც დაემოწაფება, მას არასოდეს აღარ უნდა განშორდეს: „რაჲცა (მოძღუარმან) ამცნოს მოწაფესა, რომლისაჲ-იგი აღსარებაჲ ეტჳრთოს, გინა ეკურთხოს, ჴელმწიფებაჲ აქვს მას ზედა მოძღუარსა, და მოწაფესა მას თანა-აც მორჩილებაჲ. და წარსლვად მოწაფისა მოძღურისაგან, თჳნიერ წამებისა მისისა, არა ხელ-ეწიფების ყოვლადვე“. „არარაჲ არს მიზეზი ურჩებისა და მოძღურისაგან განშორებისაჲ“, და თუ წავა, მხოლოდ მისი თანხმობით: „წარსლვაჲ მოძღურისაგან თჳნიერ წამებისა მისისა არა ჴელეწიფების [მოწაფესა]“.
არის მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევები, როცა მოწაფეს მოძღვრისაგან განშორების უფლება აქვს და შეენდობა:
„უკუეთუ წვალებასა ანუ კაცის-კლვასა, ანუ სიძვასა ანუ გრძნებასა, გინა მწამლველობასა აწუევდეს მოძღუარი, არა აქუს ესევითარსა ჴელმწიფებაჲ; და მოწაფე იგი უკუეთუ ურჩ ექმნას, უბრალო არს“.
ასევე, „უკუეთუ მოძღუარი იგი ადგილსა ესევითარსა ჯდეს, სადა ვნებანი იყვნენ და მოძღუარსა მას არა ევნებოდის, ხოლო მოწაფე იგი დაცემასა შთავარდებოდის და უთხრას მოძღუარსა მას, და მან არარაჲ იზრუნვოს ცხორებაჲ სულისა მისისაჲ, და მოწაფე იგი განეშოროს, ამის პირისათჳს უბრალო არს იგი“.
„მოძღვრობა“ უბრალო საპატიო ტიტული რომ არაა, არამედ - სრულიად განსაზღვრული თანამდებობა, ჩანს პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონიდან (1084 წ.): „უკუეთუ წინამძღუარი არა იყოს მღდელი, გინა ლიტონი მონაზონი იყოს, და უმეცარი შჯულსა მას კანონთასა, და რამეთუ ჴელსა შინა მღდელისასა არს შეკრვაჲ და განჴსნაჲ, ჯერ-არს წინამძღურისა, რაჲთა გამოირჩიოს მღდელთაგან უმჯობესი და მოღუაწე და მეცნიერი შჯულსა მას კანონთასა, და იგი განაჩინოს სულიერად მოძღურად ყოველთა ძმათა, რაჲთა წინამძღურისა წილ მას უთხრობდენ და აღუვარებდენ ყოველთა ცთომათა და გულისსიტყუათა თჳსთა“. აქადან ჩანს, რომ მონასტერში მოძღვრობა უშუალოდ წინამძღვარს ეკუთვნის, თუ იგი ამისათვის საკმაოდაა მომზადებული (სწავლულებისა და იერარქიული მდგომარეობის მხრივ), სხვა შემთხვევებში კი მონასტრის მოწესეთაგან გამოირჩევა „უმჯობესი და მოღუაწე და მეცნიერი“ და იგი, წინამძღვრის ნაცვლად, დადგინებულ იქნება კრებულის სულიერ წინამძღვრად, მოძღვრად.
შიომღვიმის წინამძღვრის მამა სჳმეონის განჩინებიდან (XII ს.) ჩანს, რომ მონასტრის ხელისუფალთა სამეულში, წინამძღვართან და დეკანოზთან ერთად, მოძღვარიც შედის: „წინამძღურისა, მოძღურისა და დეკანოზისა ჴელთა არს ეკლესიისა საქმე“.
აშკარაა, მოძღვარი ინიშნებოდა მონასტრის ძმათა სულიერი ხელმძღვანელობისათვის, აღსარების მიღებისა და კანონის დადებისათვის. მოძღვრად შეირჩეოდა (და საგანგებო ხელთდასხმით დაიდგინებოდა) ყოველმხრივ წმიდა და უმანკო მონაზონი, რომელშიც პირადი ცხოვრების უბიწოებასთან შეერთებული იყო უდიდესი განსწავლულობა საღმრთო წერილში, ქრისტიანულ მოძღვრებასა და სჯულის კანონებში. მონასტერში შეიძლებოდა მრავალი მღვდელმონაზონი ყოფილიყო, მოძღვარი კი - მხოლოდ ერთი. ყველა მას გაანდობდა აღსარებას, ყველა მისგან იღებდა უტყუარ რჩევა-დარიგებას სულიერი წარმატებისათვის. იმ შემთხვევებში, როდესაც „ერთმოძღვრების“ პრინციპი დაირღვეოდა, ამ მოვლენას მკაცრად განიკითხავდა საეკლესიო სამართალი, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, რუის-ურბნისის კრებაზე.
მოძღვრის ტიტული ზოგჯერ „წინამძღვართანაა“ გათანაბრებული, მის სინონიმად იხმარება. ასეა, სახელდობრ, „ვაჰანის ქვაბთა განგებაში“ (1204-1234 წწ.). იქ, მონასტრის ხელისუფალთა სამეულში მოძღვარი უპირატესადაა წარმოდგენილი, და იწოდება „სულიერ მწყემსად“, „უცთომელ წინამძღურად“; მეორე და მესამე მოხელე - იკონომოსი და დეკანოზია.
მონასტრის არც ერთ წევრს, ამ ტიპიკონის თანახმად, არა აქვს უფლება, სხვა მოძღვარს დაემოწაფოს ან თვითონ გაიჩინოს მოწაფენი, რადგან ამით მონასტრის კრებულის (ძმობის) ერთობას („სავსებას“) დარღვევის საფრთხე შეექმნებოდა: „არა ვის ძმათაგანსა ჴელ-ეწიფების მოწაფე-ყოფად სხჳსა მოძღურისა, და არცა მოგებად მოწაფეთა, არცა შინაგან მონასტრისა და არცა გარეთ, და ნუ განიყოფების ყოველი სავსებაჲ ძმათაჲ“.
მოძღვრის გამორჩევის წესი მკაცრადაა „განგებაში“ განსაზღვრული: „დასისაგან მღდელთაჲსა გამოირჩეოდის ერთსულობისა მიერ ძმათაჲსა კაცი სიტყჳთ და საქმით უაღრესი სხუათა ყოველთაჲ, რომელსა ყოველნივე ერთჴმობით ეწამებოდინ, და მრავალი ჟამი დაეყოს მონასტერსა შინა და უბიწოჲ სა ცხორებისა მისისა ყოველნი იყვნენ მოწამე, შემკობილი ყოვლითავე სათნოებათა სიკეთითა, სულიერებრისა და ჴორციელებრისა, და შემძლებელი ტჳრთვად ესოდენსა სულებსა ძმათასა; წურთად და კურნებად კაცად-კაცადისა წყლულებასა და რაჲ თა უმცირესთა სიტყჳთ, ხოლო უმრავლესთა საქმით ასწავებდეს“.
მოძღვრის ნებართვის გარეშე მონასტრის კრებულის წევრები ნაბიჯსაც ვერ გადადგამდნენ. იგი ძმათა კრებულის ერთპიროვნული გამგებელი იყო.
ასეთივე იერარქიული უპირატესობით სარგებლობს მოძღვარი ერისთავთერისთავ მჴარგრძელის ქტიტორული განწესებით მოქმედ მონასტერში.
„მცნებაჲ სასჯულოჲ“ (1470-1474 წწ.) მოძღვრებს ეპისკოპოსთა შემდეგ მოიხსენიებს, მღვდელთა და დიაკონთა უწინარეს. როგორც სულიერი ხელმძღვანელნი, შედარებულნი არიან „სახიერ მწყემსთან“ - ქრისტესთან.
1748 წლის საეკლესიო კრებამ კვლავ განაახლა კანონი მოძღვრობის ინსტიტუტის შესახებ. ამ დროისათვის, როგორც ჩანს, ერის მოძღვრობა და აღსარების მიღება რიგით მღვდლებსაც დაუწყიათ. ამ მოვლენას უწესოებად აფასებს კრების დადგენილება და განაჩინებს: „ვამცნებთ მღდელთა ეკლესიისათა: უკუეთუ ინებონ მოძღვრებად ერისა და აღსარებისა შეწყნარებად სიტყჳერთა სამწყსოთა, ჯერ-არს, რაჲთა პირველად მიიღონ ბრძანება და შენდობა თავისის ეპისკოპოსისაგან, და უკუეთუ კულა არა მიიღონ შენდობა და ბრძანება ეპისკოპოსისა, ნუ ოდეს იკადრებენ მოძღვრებად ერისა, რამეთუ უწესო არს“.
მოძღვრისა და მოძღვართმოძღვრის სახელო საქართველოს ეკლესიაში XIX სმდე შემორჩა. მის გაუქმებას, როგორც ჩანს, ხელი შეუწყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამ და რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის მიერ ახალი იერარქიული წესრიგის დამყარებამ.
ძველქართულ „კურთხევათა“ კრებულების შესწავლამ ამასწინათ გამოავლინა საგანგებო წესი მოძღვრის ჴელთდასხმისა და კურთხევისა, რომელიც დასათაურებულია ასე: „ლოცვაჲ მოძღურისაჲ, თქუმული წმიდისა ბასილი კესარიელისა“. წეს-განგების ტექსტი ჩვენამდე მოღწეულია ორი ნუსხით: Q 658,58r-v da H 1719,109v-111r (ორივე ხელნაწერი XVII საუკუნისაა). სხვაგან იგი ჯერჯერობით არ შეგვხვედრია. შესაძლოა, მომავალში სხვა ხელნაწერებშიც აღმოჩნდეს, მაგრამ აშკარაა, მათი რიცხვი მაინც ძალზე მცირე იქნება. ამის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ, წეს-განგების ტექსტშივე დაფიქსირებული ცნობით, მოძღვრის ჴელთდასხმის უფლება მხოლოდ პატრიარქს ჰქონდა; მღდელთა და ეპისკოპოსთა სახმარ კურთხევათა კრებულებში მისი შეტანა არავითარი პრაქტიკული საჭიროებით გამართლებული არ იყო. ამიტომ მნუსხველნი ამ ტექსტს მხოლოდ პატრიარქისათვის განკუთვნილ კრებულში შეიტანდნენ უსათუოდ, სხვა კრებულებში კი - იშვიათად.
ტექსტის გაცნობით ვრწმუნდებით, რომ მოძღვრის ლოცვა სიტყვასიტყვით იმეორებს წინამძღვრის ხელთდასხმის ლოცვას, და მისგან განასხვავებს მხოლოდ ვრცელი შესავალი, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი მოძღვრის გამორჩევის წესი და კურთხევის რიტუალი:
მოიყვანონ, რომელსა ეგულებოდის მოძღურად ჴელთდასხმად.
ხოლო ესრეთ ჯერ-არს გამორჩევაჲ, რაჲთა იყოს ყოვლითურთ წმიდა და უმანკო, და ყოვლისა მსოფლიოჲსა საქმისაგან განშორებული, და მოწესე და დაყუდებული, და ერგასის წლისა მიწევნილი, და მეცნიერი ყოველთა წერილთა ძუელთა და ახალთა, და ყოველთა კანონთა სჯულისათა მრავალჟამ წურთილი.
დიდსა ხუთშაბათსა, ოდეს იკურთხეოდეს წმიდაჲ მიჰრონი და შეკრბენ წმიდანი კრებულნი ყოვლით კერძო, მოიყვანონ წინაშე მათსა და მოვიდეს მოძღუარი მისი და მონაზონნი მის უდაბნოჲსანი, რომელსა შინა აღზრდილ იყოს და აღკუეცილ. და რაჟამს მოძღუარმან მისმან წამონ, ვითარმედ ღირს არს და უნაკლულო და ყოვლითა წესითა მისითა და მოძღურად და განკითხვად და წინამძღურად სულთა პირმეტყუელთა, მაშინ მოძღუარმან მისმან დიდსა ხუთშაბათსა შემდგომად ცისკრისა ლოცვისა, აღიყვანოს წმიდასა საკურთხეველსა ზედა, და ორნივე ჴელნი დაუსხნეს წმიდასა ტრაპეზსა ზედა, და თავსა დასდვას წმიდაჲ სახარებაჲ, და წარიკითხნეს თავსა მისსა ზედა „ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი“, „პირველითგანი“ და „ანდერძნი“ სრულიად, და ასწავოს ყოველივე, ვითარმედ: „ყოველთათჳს სულთა შენგან განკითხულთა დღესითგან შენ თანა-გაც სიტყჳსგება წინაშე ღმრთისა დღესა მას განკითხვისასა“. და განაკრძალოს ყოველსავე ზედა, რაჲთა არავინ მოწაფეთა მისთაგანი წარწყმდეს, არამედ ყოველთავე ექმნას წინამძღუარ უცთომელ.
ლოცვის ტექსტს კი მოსდევს რიტუალური მითითება ზედა შესამოსლის - პალლიოის (τό παλλίον) შეცვლის შესახებ, ისევე, როგორც წინამძღვრის კურთხევაშია აღნიშნული.
მოძღვრის კურთხევისათვის წინამძღვრის კურთხევის ლოცვის გამოყენება ამ ორი წესის (თანამდებობის) სიახლოვესა და თითქმის იგივეობას მოასწავებს. ორივე მოწესე - წინამძღვარიც და მოძღვარიც - სიტყვიერი სამწყსოს სულიერი ცხოვრების წარმმართველად დაიდგინებოდა, უცთომელ მესაჭედ და მეგზურად, განმკითხველად და მასწავლელად, მზრუნველად და შუამდგომლად ღმრთის წინაშე.
ახლადგამოვლენილი წესი მოძღვრის ჴელთდასხმისა და კურთხევისა, ვფიქრობთ, შესაძლოა, საფუძვლად დაედოს მოძღვრობის ინსტიტუტის ანუ მოწესეობის რესტავრაციას საქართველოს ეკლესიაში, თუ ამის საჭიროება შეიქნა.
21 ივლისი 2003
_______________________
1. „ეძიებ თუ ღმრთივ დადგინებულთა მოძღუართა ეკლესიისათა პირველობასა და შემდგომობასა, ესე აწ მე წარმოგითხრა: პირველად მოციქულნი, მეორედ წინაჲსწარმეტყუელნი, მესამედ მოძღუარნი“ (Jer. 9,18r-v).
2. იგულისხმება მღდელთმოძღვართა ანუ მღდელთმთავართა დასი.
3. „მესამედ მოძღუარნი ამისთჳს დაიწესნეს შემდგომად წინაჲსწარმეტყუელთა, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელი ყოველსავე სულისა მიერ წინაჲსწარმეტყუელებს, ხოლო მოძღუარი ოდესმე თჳსისაგანცა გონებისა გინა სწავლულებისა განავრცობს მოძღურებათა, მითვე მადლითა სულისა წმიდისაჲთა. და კუალად ამისთჳს მყის შემდგომად მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთასა მესამე დასი მიეცა მოძღუართა, რამეთუ ურიცხუთა სულთა მარგებელ ექმნნეს სიტყჳთა სწავლათა თჳსთაჲთა“ (იქვე, 18ვ).
4. „ვინაჲთგან პირველ საქმით წარმართებისა სათნოებათაჲსა სიტყჳთ მოძღურებაჲ სხუათაჲ საქმეთა მათთჳს, რომელნი თჳთ არა აქუნდენ მასწავლელსა მას, არა ხოლო ურგებ, არამედ ფრიადისა ზღვევისაცა მომატყუებელ არს, ამისთჳს საშჯელისა თანა-მდებ ჰყოფს სიტყჳთ მოძღურებასა სხუათასა, რაჟამს თჳთ მოძღუარი იგი ჯერეთ მრავლით კერძო მცთომ იყოს საქმეთა შინა. მოციქულისაჲ: რომელი სიტყჳთ არა სცთებოდის, იგი სრული კაცი არს. შემძლებელ არს იგი აღჳრსხმად ყოვლისავე გუამისა (3,2). თარგმანი: ესე არს სიტყჳთ არა-მცთომობაჲ მოძღურებასა შინა, რაჲთა, რასა-იგი იტყოდის სასწავლელად სხუათა, ყოველივე თჳთ საქმით წარემართოს. და ესრეთ სრულ ქმნილ იყოს სიტყჳთ და საქმით, რაჲთა ყოველივე გუამი მისი აღჳრ-სხმულად და მიუახლებელად აქუნდეს ყოვლისავე ცოდვისაგან აღჳრითა შიშისა ღმრთისაჲთა, და ესრეთღა ასწავებდეს სხუათა; არა ეგოდენ სიტყჳთ, რაოდენ სიტყჳთ და საქმით, მოქცევასა ბოროტისაგან და ქმნასა კეთილისასა“ (სამოციქულოს განმარტება, გამოკრებული იოვანე ოქროპირისა და სხვა წმიდა მამათა თხზულებებიდან, გამოსაცემად მოამზადა ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა, ტ. I, 2000, 356-357).
5. პუბლიკაციები, სათაურით - „რჩევები ახალბედა მოძღვრებს“, რომლებიც ამასწინათ გამოჩნდა ჩვენს პრესაში, - უკვე სათაურიდანვე მცდარია.
6. ანალოგიური ტიტულით დასავლეთის ეკლესიაში მოიხსენებიან წმიდა მღდელთმოძღვარნი ამბროსი მედიოლანელი და გრიგოლ პაპი, დიალოღონი, აგრეთვე ნეტარნი ავგუსტინე და იერონიმე (DoctoresEcclesiae).
7. მოძღვართმოძღვრის ტიტული საქართველოს ეკლესიაში XII ს-დანაა ცნობილი. იგი ენიჭებოდა სასულიერო სასწავლებლების ხელმძღვანელებს, მოგვიანებით კი ზოგიერთი მონასტრის წინამძღვარსაც (იხ. ე. თაყაიშვილი, ჴელმწიფის კარის გარიგება, თბ., 1920, XXIX-XXXIII; ს. ყაუხჩიშვილი, გელათის აკადემია, 1948, 18-19; ჴელმწიფის კარის გარიგება, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონები და საძიებლები დაურთო ივ. სურგულაძემ, თბ., 1970, 30-31; ს. გამსახურდია, სწავლა-განათლება ძველ საქართველოში, თბ., 1975, 35-54; ე. გაბიძაშვილი, რუისურბნისის კრების ძეგლისწერა, 1978, 128-133.)
8. „წესი“ - ძველი ქართული ტერმინოლოგიით, სახელოს, თანამდებობასა და შესაბამის იერარქიულ წოდებას გამოხატავს (ბერძნულად მისი შესატყვისია ήτάξις, სლავურად - чин). მღდელი, დიაკონი, ეპისკოპოსი, წინამძღვარი, დეკანოზი, იკონომოსი, მნათე, მგალობელი და სხვა ყველა თანამდებობის პირი ეკლესიის მოწესეებად იწოდებოდნენ.



The National Library of Georgia



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий