пятница, 23 августа 2013 г.

George Coby (Grigol Kobakhidze) - ამერიკის ქიმიური მრეწველობის ქართველი მეფე


ამერიკა რომ ცათამბჯენების ქვეყანაა, ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ცათამბჯენების ასაშენებლად საჭირო უმთავრესი მასალის -ე.წ. ზემდგრადი მინა-ბლოკისა და წყალგამძლე ცემენტის გამომგონებელი ქართველი იყო, რომელსაც ოკეანის გაღმა ჯორჯ კობისსახელით იცნობდნენ.
გასული საუკუნის 20-იან წლებში ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ (გიგა) კობახიძე ამერიკის უმდიდრეს ადამიანთა ათეულში ზედიზედ რამდენჯერმეც კი მოხვდა, რაც იმხანად დიდი სენსაცია იყო. აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გარდა გამოგონებებისა, გრიგოლ კობახიძეს სხვა რამეებიც ეხერხებოდა: პირველად საყოველთაო აღიარება მან -არც მეტი, არც ნაკლები -მიუნხენში ცირკის არენაზე მოიპოვა. მაშინ კლასიკურ ჭიდაობას მისდევდა და არათუ სხვებს, არამედ თავადაც ვერ წარმოედგინა, რომ გავიდოდა წლები და სულ სხვა სფეროში მოიხვეჭდა სახელს. სხვათა შორის, შემდგომში თავადვე აღნიშნავდა, რომ ქიმიურ მრეწველობაში დამკვიდრება სწორედ ბრწყინვალე ფიზიკური მონაცემების წყალობით შეძლო – ჯორჯ კობი ძალიან ბევრს მუშაობდა და ხშირად, ლაბორატორიაში ღამესაც კი ათენებდა.
ყველაფერი კი ისე დაიწყო, როგორც სათავგადასავლო წიგნებშია ხოლმე -რაჭის სოფელ თხმორში, გლეხის -დავით კობახიძის ოჯახში დაბადებულ ბიჭს გულმა სახლიდან შორს, თავგადასავლების საძიებლად გაუწია. ჰოდა, დაკრა ფეხი და გამოიქცა. მაშინ გიგა 10 წლის იყო. თავის უფროს ძმას შენატროდა, ბორჯომში, ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე რომ მუშაობდა და თავადაც ორთქლმავლის მემანქანეობაზე ოცნებობდა. მშობლიური სოფლიდან ბორჯომისკენ ფეხით გამოემართა.
 მგზავრობის დროსაც უამრავი რამ გადახდა თავს – ოკრიბისკენ მიმავალს, აბრაგები შემოეყარნენ. მათმა მეთაურმა ბიჭუნას ოცნებების შესახებ რომ შეიტყო, ერთი გადაიხარხარა, მერე ჯიბიდან 10 ოქროს მანეთიანი ამოიღო და მუჭში ჩაუჩხრიალა: – წადი, ბიძია, კაცი გამოდი და მერე კი შენ იცი, მეც გამიხსენეო. აბრაგის ნაჩუქარი ფულით ქუთაისამდე ჩააღწია, მაგრამ იქ ერთ გულღრძო მედუქნეს შეშურდა მისი: პატარა გიგა მისსავე თანატოლებს ქუჩაში აცემინა და ოქროს მანეთიანებს თავად დაეპატრონა. თანატოლებისგან გაძარცული და გამეტებული რაჭველი ბიჭი ქუჩაში მეპურეებმა იპოვეს და შეიფარეს. “რაჭველის საქმე პურის ცხობაა. ღვთის მადლით, ხელობას ქვე გასწავლით, დარჩი აქანა და იმუშავე!” – უთხრა ერთ-ერთმა. მაგრამ გიგას ეს საქმე არ იზიდავდა. გულკეთილ მეპურეებთან მხოლოდ ორი ღამე გაათია, მერე კი ბორჯომისკენ განაგრძო გზა. შეუპოვრობის წყალობით, ყველა დაბრკოლება გადალახა და უფროს ძმას -ლეონტისაც მიაგნო. ის კინაღამ გადაირია და მოულოდნელად გამოცხადებულ გიგას შინ დაბრუნება დაუპირა, მაგრამ ბიჭმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა: სანამ მემანქანეობას არ ვისწავლი, ბორჯომიდან ფეხსაც არ მოვიცვლიო. რაღა უნდა ექნა ლეონტის – ოჯახში წერილი აფრინა, გიგა ჩემთან არისო და უმცროსი ძმა ერთ რუს მემანქანეს მიაბარა.
გიგა საკმაოზე მეტად ბეჯითი მოსწავლე აღმოჩნდა – ორთქლმავლის მართვაც მალე შეისწავლა და მის მოწყობილობაშიც ბრწყინვალედ გაერკვა. ერთხელ, როდესაც ლეონტისთან ერთად ორთქლმავალი მიჰყავდა, რაღაც დეტალი მწყობრიდან გამოვიდა და მატარებელი გაჩერდა. მგზავრები, მუხლის გასაშლელად, ვაგონებიდან ჩამოვიდნენ, ხოლო გიგა და მისი ძმა ორთქლმავალს დაუტრიალდნენ. სწორედ ამ დროს მათ ერთ-ერთი მგზავრთაგანი მიუახლოვდა და ჰკითხა, -დახმარება ხომ არ გჭირდებათო? იგი ოდესელი ქიმიკოსი, ვინმე სიმონოვი აღმოჩნდა, რომელიც საქართველოში ბორჯომის ცნობილი მინერალური წყაროების შესასწავლად ჩამოსულიყო.
იმ დღეს, რა თქმა უნდა, ორთქლმავალიც შეაკეთეს და გზაც განაგრძეს, მაგრამ გიგას ყურადღება სხვა რამემ მიიპყრო -სიმონოვი ენაწყლიანი მოსაუბრე აღმოჩნდა და იმდენი ილაპარაკა ბორჯომის წყაროებსა და ჩამომსხმელ ქარხანაზე, რომ ყმაწვილი დიდად დააინტერესა: “ბორჯომის მინერალური წყალი მეტად ფაქიზია… ამიტომაც მის შესანახად განსაკუთრებული შედგენილობის მინის დამზადებაა საჭირო”, -ამბობდა სიმონოვი და გამურულ ახალგაზრდა მემანქანეს მოთმინებით უხსნიდა, თუ როგორ მზადდება მინა და რა თვისებები აქვს მას. საბოლოოდ, ეს ამბავი იმით დამთავრდა, რომ გიგამ რკინიგზაზე მუშაობას თავი დაანება და ქარხანაში სიმონოვს მიაკითხა. მან მიიღო ყოფილი მემანქანე და ბოთლების კეთებაშიც დააოსტატა. სწორედ მაშინ მიხვდა 20 წლის გიგა კობახიძე, რომ მისი ნამდვილი მოწოდება ქიმია იყო და არა სხვა რამ: “დაიმახსოვრე, ყმაწვილო: ჩვენისთანა ხალხს ადრე ჯადოქრებადაც კი ნათლავდნენ და სჯიდნენ, მაგრამ სიბნელის დამარცხება მაინც მოვახერხეთ და მაინც დავამტკიცეთ, რომ ქიმია -მეცნიერებაა! ამას მუხლჩაუხრელი შრომით მივაღწიეთ!” -ასე ეუბნებოდა სიმონოვი ბიჭს, რომელიც ამ სიტყვებს შემდგომში ყოველთვის იხსენებდა.
ბორჯომიდან სიმონოვი ჯერ თბილისის მინის ქარხანაში გადმოიყვანეს, იქიდან კი მშობლიურ ოდესაში დააბრუნეს. გიგა, რომელსაც მინის წარმოება პრაქტიკულად უკვე კარგად შეესწავლა, თან გაჰყვა მას. ოდესის ქარხანაში ცოტა ხანს იმუშავა, მერე კი დააწინაურეს და დონბასში -დაბა კონსტანტინოვკაში გადავიდა: იქ ახალგაზრდა სპეციალისტები სჭირდებოდათ და სიმონოვმაც ურჩია, წასულიყო. ისიც უნდა ითქვას, რომ კონსტანტინოვკა მაშინ საშიში დასახლებაც იყო -ადგილობრივი კაზაკები ვერ იტანდნენ “უცხო რჯულის” მუშებს და აწიოკებდნენ; ცხადია, ისინიც ანალოგიურად პასუხობდნენ და ამიტომაც, კონსტანტინოვკაში დღე ისე არ გავიდოდა, მკვლელობა თუ არა, შეხლა-შემოხლა მაინც რომ არ მომხდარიყო. აი, ასეთ დაბაში გაუშვეს გიგა კობახიძე (იმხანად ის ოფიციალურად, რუსულ ყაიდაზე -”გრიგორი კობახიდზევად” იყო ცნობილი) მინის ქარხნის ხელმძღვანელად. შეუპოვარი ხასიათის წყალობით, ყმაწვილს არაფრად ჩაუგდია სიმონოვის მეუღლის ვიშვიში: ამ ოქროსავით ბიჭს ან კაზაკები მოკლავენ, ან -მუშებიო, და 1904 წელს, დანიშნულების ადგილას ჩავიდა.
რუსეთ-იაპონიის ომი ჯერ დასრულებული არც კი იყო, როდესაც იმპერიის მთელ ტერიტორიაზე ვითარება ძალიან დაიძაბა -უკმაყოფილო ხალხი მეფის გადადგომასა და რესპუბლიკის დამყარებას ითხოვდა. არარუსულ მხარეებში კი უკვე აშკარადაც კი გაისმოდა მოწოდება რუსეთისგან გამოყოფის შესახებ. დამოუკიდებლობის მომხრეები ყველაზე მეტად, საქართველოში აქტიურობდნენ, ამიტომაც ცარისტული “ოხრანკა” და ჟანდარმერია ქართველებს განსაკუთრებით უთვალთვალებდა.
გრიგორი კობახიდზევი კონსტანტინოვკაში ერთადერთი ქართველი იყო და, ცხადია, ბრწყინვალე რეპუტაციით სარგებლობდა, მაგრამ ხიფათს მაინც ვერ ასცდა: ერთ წვიმიან ღამეს მას კარზე ორმა მამაკაცმა დაუკაკუნა და ღამის გათევის უფლება სთხოვა. ქარხნის დირექტორმა, რაღა თქმა უნდა, ორივე შეიფარა. დილით ადრე კი კაზაკები მიადგნენ და სტუმრებთან ერთად წაიყვანეს. ჟანდარმერიაში “გამოარკვიეს”, რომ კონსტანტინოვკის მინის ქარხნის დირექტორი კობახიდზევი უკრაინელ “სამოსტოინიკებთან” ანუ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებთან იყო დაკავშირებული. გიგა კობახიძე სასწრაფოდ დააპატიმრეს და გადასახლებასაც კი უპირებდნენ, მაგრამ ღმერთმა არ გაწირა -სასჯელად მხოლოდ შინაპატიმრობა და უსასყიდლოდ, უბრალო მუშად მუშაობა აკმარეს.
კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში ახალი დირექტორი გამოგზავნეს -ეროვნებით ფრანგი, გვარად გამანი. წინამორბედის გაცნობისთანავე, ფრანგი ქიმიკოსი დარწმუნდა, რომ რუსებს ტალანტის დაფასება მართლაც არ შეეძლოთ და გიგას ჟანდარმერიაში უშუამდგომლა -სოლიდური თანხა გადაიხადა, რათა ყოფილი დირექტორისთვის სასჯელი მოეხსნათ. კობახიძე გათავისუფლებით კი გაათავისუფლეს, მაგრამ რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ცხოვრება აუკრძალეს. ფრანგი კოლეგა კვლავაც დაეხმარა და გერმანიის ქალაქ მიუნხენში მცხოვრებ ძმასთან სარეკომენდაციო წერილი გაატანა: ეს კაცი ცნობილი ქიმიკოსია, რწმენით რესპუბლიკელი; რუსეთში აღარ დაედგომება და მიხედეო. ასე გაემგზავრა 25 წლის გიგა კობახიძე გერმანიაში. უკეთ რომ ვთქვათ, ის სხვა ყოფილ პოლიტპატიმრებთან ერთად გააძევეს ამ ქვეყანაში. ყმაწვილს ორი ხელი სამოსისა და შელანძღული ფეტრის შლაპის გარდა, აღარაფერი ებადა. ჯიბეში გამანის მიცემული ბარათი კი ედო, მაგრამ როცა მითითებულ მისამართზე მივიდა, იმედი სასტიკად გაუცრუვდა -ბატონი გამანი გარდაცვლილიყო, მისი მეუღლე კი ამერიკაში გადასვლას აპირებდა და დახმარება არაფრით შეეძლო. მან მხოლოდ მინის ქარხნის გზა ასწავლა ახალგაზრდა უცხოელს და ასე მოიშორა თავიდან.
მიუნხენის მინის ქარხანაში რუსეთიდან ჩასული პოლიტპატიმარი უბრალო მუშად მიიღეს და ისიც -ნახევარ განაკვეთზე: ქარხნის პატრონმა განუცხადა, -მე ფულს უქმად არ ვყრიო. გასამრჯელოც ძალზე მიზერული იყო და გიგა კობახიძემაც, გაგიკვირდებათ და, ცირკს მიაკითხა: ჭიდაობა ბავშვობიდან უყვარდა და საამისო მონაცემებიც ჰქონდა. სწორედ ცირკის პატრონმა, ცალთვალა ადრიან დრექსლერმა დააფასა ის -მოჭიდავეთა დასში წამყვან ათლეტად დანიშნა და დღიურად ათი მარკა გამოუყო. დრექსლერის ცირკი მიუნხენში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და, ასე გასინჯეთ, თვით მინის ქარხნის მეპატრონეც მისი ხშირი სტუმარი იყო.
გიგა კობახიძემ, ბრწყინვალე ფიზიკური მონაცემების წყალობით, მიუნხენში მალე გაითქვა სახელი, როგორც დაუმარცხებელმა მოჭიდავემ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ის მინის ქარხნის მეპატრონემაც არენაზე შენიშნა და ისე მოიხიბლა მისი ილეთებით, რომ ქარხანაში საცდელი ლაბორატორიის მოწყობის ნება დართო. სწორედ აქედან დაიწყო ქართველი ქიმიკოსის აღმავლობა, თუმცა ჭიდაობისთვის თავი არ დაუნებებია -ისევ წარმატებით გამოდიოდა ცირკში და მაყურებელს აღაფრთოვანებდა. მალევე, გიგა დაქორწინდა კიდეც. მისი მეუღლე გახდა რუსი ემიგრანტის შვილი, ულამაზესი დაშა ნოდვიკოვა. თუმცაღა, ჯერ თაფლობის თვესაც არ ჩაევლო, როცა გიგა მორიგ ხიფათს გადაეყარა: მიუნხენს იტალიური ცირკის მოხეტიალე დასი ეწვია, რომელშიც ბლომად იყვნენ მოჭიდავეებიც; მათგან განსაკუთრებით ერთი, ვინმე ნერო გამოირჩეოდა -ის მძიმეწონოსანი იყო და მთელი ევროპა ისე მოევლო, ხალიჩისთვის მუხლიც კი არ ჰქონდა შეხებული.
…ადრიან დრექსლერის ცირკში ფალავნების შერკინება ქართველის გამარჯვებით დასრულდა. მოხეტიალე დასის ხელმძღვანელმა იხტიბარი არ გაიტეხა და დრექსლერს შესთავაზა, ფალავნები არალეგალურად, კიდევ ერთხელ შეეხვედრებინათ. იმხანად ეს გერმანიაში იკრძალებოდა, მაგრამ დრექსლერი მაინც დათანხმდა. შეხვედრა ჩაიშალა, რადგან პოლიციამ ყველაფერი შეიტყო და ფალავნებიც და პრომოუტერებიც, როგორც იტყვიან, ფაქტზე დააკავა -შეჯიბრების დაწყების წინ. ასე აღმოჩნდა გიგა საკანში, მაგრამ მინის ქარხნის მეპატრონემ ამჯერადაც უშველა: გამოსასყიდი გადაიხადა, ციხიდან გამოიყვანა და, მეუღლესთან ერთად, ლონდონის გავლით, ამერიკაში გაამგზავრა.
1909 წლის 1-ელ აგვისტოს გიგა კობახიძე ნიუ-იორკში ჩავიდა. იქ მაშინ მრავლად იყვნენ რაჭველი მეპურეები და მათთან შეაფარა თავი. პარალელურად კი მუშაობა “ჯენერალ ელექტრიქსში” დაიწყო. გამოცდილება უკვე საკმაოდ ჰქონდა და ამიტომ, იმდენად აღარაფერი გასჭირვებია: საწერი კალმები გააუმჯობესა და მათზე პატენტიც აიღო; მერე კი, საკანცელარიო მაღაზია გახსნა და წელშიც გაიმართა -ამერიკაში ჩამოსვლიდან სულ რაღაც 10 წელიწადში, მასაჩუსეტსის შტატში მინის საწარმოო ქარხანა გამართა და შექმნა კომპანია “კობი გლეს პროდაქტს” (COBY GLASS PRODUCTS CO INC). ( ( იხილეთ პროდუქცია ) აქვე უნდა ითქვას -სახელიც მაშინ შეიცვალა და ჯორჯ კობი დაირქვა, თუმცაღა ქართველობისთვის არასოდეს უღალატია -მფარველობდა და ხელს უმართავდა თანამემამულეებს, ვისაც ამერიკაში ახალი ცხოვრების დაწყება ეწადა. სხვათა შორის, ცნობილია, რომ სწორედ ჯორჯ კობიმ გაუმართა ხელი შემდგომში კარგად ცნობილ ქართველ ოქროსმაძიებელ მაიკ მიტოს და ალასკაზე ოქროს გადამმუშავებელი ქარხანა ააშენებინა. გარდა ამისა, წარმატებულმა ქიმიკოსმა შეიამხანაგა ცნობილი ქართველი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი და დიპლომატი გიორგი მაჩაბელი, რომელმაც ამერიკაში პარფიუმერიის წარმოებას მიჰყო ხელი და სახელიც გაითქვა. მისი სუნამოებისთვის ჭურჭელს ჯორჯ კობის ფირმა ამზადებდა და, როგორც გიორგი მაჩაბელი შემდგომში აღნიშნავდა, მისი პროდუქციის წარმატების მთავარი მიზეზი ეს იყო.
კობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოგონება -წყალგამძლე ცემენტი და ზემდგრადი მინა-ბლოკი ფლორიდას უკავშირდება. ქართველ ქიმიკოსს კარგა ხნის განმავლობაში უწევდა იქ ყოფნა და ხედავდა, როგორ იტანჯებოდა მოსახლეობა: ტროპიკულ, ტენიან ჰავას ვერც აგური უძლებდა და ვერც ხე -ყველაფერი ძალიან მალე ფუჭდებოდა და ხელახლა გასაკეთებელი ხდებოდა. ჯორჯ კობიმაც, 20-იანი წლების დასაწყისში, დიდი ენთუზიაზმით დაიწყო მუშაობა და სულ რამდენიმე წელიწადში გამოიგონა ცემენტი, რომელსაც ტენი ვერას აკლებდა; აგურის შედგენილობაშიც მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა და შექმნა მინა-ბლოკი, რომელიც შენობის გარედან მოსაპირკეთებლად იყო განსაზღვრული და მზის შუქს ირეკლავდა. ამ გამოგონებებმა ამერიკის მრეწველობაში გადატრიალება მოახდინა და მოგვიანებით -30-იან წლებში, პირველი ცათამბჯენების აშენებისას, ფართოდ დაინერგა.
ჯორჯ კობი ამის წყალობით ძალიან გამდიდრდა და მულტიმილიონერად იქცა. სხვათა შორის, პირველი, რაც მან ამის შემდგომ გააკეთა, სათამაშოების მაღაზიისა და უპოვართათვის სასადილოების ქსელის გახსნა იყო. 1925 წელს ქართველი ქიმიკოსი ამერიკის უმდიდრეს ადამიანად მეოთხედ დაასახელეს -იმ დროისათვის ეს საოცრება იყო. ჯორჯ კობი ერთხმად, ამერიკის ქიმიური მრეწველობის მეფედ აღიარეს.
იმავე წელს, ქართველმა მილიონერმა სამშობლოშიც იმოგზაურა -დღეს ძნელი სათქმელია, როგორ ან რის გამო დართო კომუნისტურმა რეჟიმმა ამერიკაში ცნობილ ქიმიკოსს საქართველოს მონახულების ნება, მაგრამ ფაქტია, რომ ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ კობახიძე 1925 წელს, ოც წელზე მეტი ხნის განშორების შემდეგ, პირველად ჩამოვიდა საქართველოში. მოინახულა ყველა, ვისთანაც თავისი ბობოქარი ცხოვრება აკავშირებდა და კარგადაც დაასაჩუქრა ისინი. დედას, რომელიც ისევ ცოცხალი დახვდა, 10 ათასი მანეთის ღირებულების საჩუქრები ჩაუტანა. დაასაჩუქრა ასევე ის მეპურეებიც, რომლებმაც ქუთაისში ოდესღაც შეიფარეს. იმ აბრაგსაც კი ეძებდა, ვინც 10 ოქროს მანეთიანი აჩუქა, მაგრამ ვერსად მიაგნო -1924 წლის ცნობილ აჯანყებას შესწიროდა. “აქ ახლა ბოლშევიკები არიან… დაგვაშინეს ყველანი და თავად კი ისე ლაღად დადიან, გაგიკვირდება”, -ეუბნებოდა გიგას უფროსი ძმა ლეონტი, რომელმაც ამერიკაში წამოსვლაზე უარი განაცხადა -ბოლშევიკები ამას არ მაპატიებენო.
ჯორჯ კობი მეორე სამშობლოში მარტო გაბრუნდა. 3 წლის შემდეგ კვლავაც ჩამოვიდა და საკუთარ სოფელში ეკლესია და მღვდლის სახლი გააახლა. გაუკვირდა, როცა ზოგიერთმა სოფლელმა იცნო და არც კი მისალმებია; მისი ძმებიც როგორღაც მორიდებულად ელაპარაკებოდნენ. ჩამოსვლის დღესვე ორმა ტყავისკურტაკიანმა ახალგაზრდამ მოინახულა და უაზროდ ელაპარაკა კაპიტალიზმის მავნებლობაზე. მათ გიგამ მოთმინებით მოუსმინა და პასუხის ღირსად არ ჩათვალა. მეორე დღეს, ლეონტის შვილმა, მიშამ თბილისიდან ამბავი ჩამოუტანა -ბოლშევიკებს შენი დაპატიმრება სურთო და გიგაც იძულებული გახდა, სამშობლო სამუდამოდ დაეტოვებინა.
“დიდი დეპრესიის” ხანა -გასული საუკუნის 30-იანი წლები ჯორჯ კობისათვის ტრაგიკული აღმოჩნდა: 1932 წელს თავი მოიკლა მისმა კომპანიონმა ევგენი იგნატიევმა, ხოლო მეორე კომპანიონი – ამერიკაში “პრინცის” სახელით ცნობილი გიორგი მაჩაბელი 1935 წელს საბჭოთა აგენტებმა მოკლეს. “კობი გლეს პროდაქტსმა” მცირე ხნით დაღმასვლა იწყო, მაგრამ II მსოფლიო ომის დროს, ხელისუფლებისაგან სამხედრო პროდუქციაზე მიიღო შეკვეთა და, ჯორჯ კობი ისევ უმდიდრეს ადამიანად იქცა. 1939 წელს, საკუთარი ხარჯით, ჩინეთიდან ამერიკაში ჩაიყვანა ცნობილი ფარმაცევტი ნიკო ჯიშკარიანი და ლაბორატორია მოუწყო. ერთი სიტყვით, ბევრი რამ გააკეთა, რათა ირგვლივ მყოფთათვის სიხარული მიენიჭებინა.
დღესდღეობით, “კობი გლეს პროდაქტსი” კვლავ არსებობს და ძირითადად, ნაძვის ხის სათამაშოებს აწარმოებს. მისი შემქმნელის -მეცენატ ჯორჯ კობის სახელიც ბევრს გაუგონია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის წარმოშობით ქართველი იყო და სანამ ჯორჯ კობი გახდებოდა, ძალიან გრძელი და ხიფათებით აღსავსე გზა გაიარა.

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”

http://www.kvirispalitra.ge

http://www.amerikiskhma.com/
Please Share it! :)

2 комментария:

  1. გამარჯობა. მსგავსი შინაარსის სტატია რამდენიმეა გავრცელებული ქართულ ვებ-გვერდებზე, თუმცა არსად არაა მითითებული ოფიციალური წყაროები. ხომ არ შეგიძლია მითხრა, არსებობს თუ არა ოფიციალური მასალა, რითიც დასტურდება ამ ადამიანის მიღწევები? თუნდაც არა ელქტრონული, არამედ ბეჭდური იყოს.

    მადლობა წინასწარ

    ОтветитьУдалить