суббота, 16 мая 2015 г.

გიორგი ცინარიძე - „ქმნა მართლისა სამართლისა“



ნაშრომი ეხება ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ და საინტერესო ეპიზოდს, ხვარაზმშას ძის მოკვლას.  ადამიანებს ჰქონდათ თუ არა ნება ღვთაებრივი სამართლის აღსრულებისა და საერთოდ, რა არის „ქმნა მართლისა სამართლისა“. შეუძლებელია, ამ თემას შეეხო და არ მოიხმო სახარებისეული სიბრძნე. ამ თვალსაზრისით არის განხილული რუსთაველის მსოფლმხედველობა.

გარდა ამისა, ხშირად შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც ხალხის მართლმორწმუნეობას საზღვრავს გარკვეული ქცევებით, მათ შორის მტრებთან ბრძოლით. ხშირად უკითხავთ ჩემთვის,თუ რატომ ვებრძვი იმ ადამიანს ვინც ზიანს მაყენებს, სახარებაში ხომ წერია : „მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით." (მათე: 5.44)  ამ სახის კითხვები ხშირად  ამ კითხვას მაგონებს: შეუძლია თუ არა ღმერთს შექმნას ისეთი ქვა, რომელსაც თვითონს ვერ ასწევსო?  არაო?! ე.ი არ ყოფილა ეგ თქვენი ღმერთი ყოვლისშემძლეო.ხოდა თუ არ შენ იცავ სახარების მოძღვრებას არ ყოფილხარ მართლმორწმუნე ქრისტიანიო.  მე ზაფხულობით  ხშირად დავდივარ ხოლმე მონასტერში და იქ კარგად დავინახე სახარების დანიშნულება. ეს ხომ არ არის რომელიმე მხატვრული ნაწარმოები, რომელსაც წაიკითხავ და მოგეწონება ან - არა. სახარების წაკითხვას არაფერი უდგას წინ,მაგრამ საქმე ისაა, თუ რამდენად სწორად გაიგებ მის არსს. ამისთვის კი უდიდესი სულიერი მზადყოფნაა საჭირო. სწორედ ეს არის მიზეზი ასეთი „ჩამჭრელი“ შეკითხვები რომ უჩნდება ხალხს.  ახლა კი დავუბრუნდები, „მართალი სამართლის“ თემას. 

„ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“– ეს სტროფი ითვლება აფორიზმად: ,,ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“-ეს ციტატა მოდის ბიბლიიდან რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი.   
     
იდეალური ადამიანისათვის შეუფერებელია უდანაშაულო ადამიანის მოკვლა. აქ ხვარამზშას შაჰი, რომელიც მოიწვიეს ნესტანის ქმრად. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსთაველი ამართლებს ამ მოვლენას,    ,,მართალი სამართალი“- ბიბლიური პარალელია. „მართალი სამართალი“ განსხვავდება ჩვეულებრივი სამართლის ცნებისაგან. სიტყვა მართალს, რამდენიმე მნიშვნელობა აქვს ძვ.ქართულში- წრფელი, სწორი, ნამდვილი.

    ბიბლიაში, კონკრეტულად ფსალმუნებში ვკითხულობთ „გულნი მათნი არა წრფელნი იყვნენ“ (ფს.77;73), წრფელი-მართალი „რამეთუ ჰყავ სამართალი შენი,ჯავრი ჩემი, დასაჯე საყდარსა შენსა, მსაჯულო სამართალო(ფს.9;5).  ეს ციტატა ნიშნავს - რადგან შენ გაარჩიე ჩემი დავა და სამართალი, დაბრძანდი ტახტზე სამართლის მსაჯულო. 

           ხალხის რწმენით, სამართლის განსჯა შეუძლია მხოლოდ ღმერთს და არა ადამიანთა მიერ შემუშავებულ კანონებს. ე.ხინთიბიძე წერს:  „ქრისტიანული ეკლესია იმ აზრს ქადაგებდა, რომ მხოლოდ ღმერთი სჯით მართალი სამართლით“.   სახარებაში ვკითხულობთ: „ მიუგო იესუმ და რქუა მან“,  არ ხელმეწიფებისა მე საქმედ თავი თვისი, არამედ ვითარცა მესმის სჯი და სასჯელი ჩემი მართალი არს, რამეთუ არა ვეძიები ნებასა, არამედ მომავლინებელსა ნებასა მამისა ჩემისასა (იოანე 19;30). ამგვარად, მივდივართ დასკვნამდე, რომ „მართალი სამართალი“ უფრო მეტია, ვიდრე კაცთა მიერ შემუშავებული სამართალი. მართალი ანუ წრფელი სამართალი- ღმერთის მიერ დადებული სასჯელი და სამართალი. „ვეფხისტყაოსანმდე“ მართალი სამართლის ცნება იყო შემუშავებული.გრ. ხანძთელი წერს:      

„აწ  ვიხილეთ თქვენ მიერი სამართლი სასჯელი, რომ ვისთვისაც, მე გლახაკი გრიგოლ და დედაი ფებრონია მადლიერი ვართ ამა შეწევნისა...“

     ე. ხინთიბიძე წერს, რომ „სამართალი სასჯელი“ არც ერთი სამართლებრივი კოდექსით არ შეიძლება ყოფილიყო ქრისტიანული მწერლობის „სამართალი-სასჯელი“, მიუთითებს ისეთი კონკრეტული სიტუაციის სიმართლეზე, რომელსაც ფორმალური პოზიტიური სამართალი არ უდგება,რუსთაველს ამ გაგებით უნდა ჰქონდეს იგი ნახმარი. 

      გამოთქმა „მართალი სამართლისა“ გვხვდება ქაჯეთის ციხეში, ნესტანი იწერება:

               „რაცა ვიჩივლე, ბედისა ჩემისა კმა საჩივრად! 
               ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად!“ (1317; 1-2) 

 ე. ხინთიბიძე ამბობს: „ნესტანი სთხოვს მიჯნურს, რომ რაც მის გულშია მართალი სამართლით შეუფასოს, რაც სიმართლე და უმართებულებაა ყველაფერი სწორად და კონკრეტულად განსაჯოს და არა ფორმალური, საზოგადოებაში მიღებული ნორმებით. დ.გურამიშვილი „ქაცვია მწყემსში“ წერს: 

         „ერთ სიტყვას გეტყვი, გთხოვ არ მიწოდო მე მისთვის ბრიყვი
          შენ ჰქმენ სამართალი სწორი და მართალი, ნუ სჯი თუალ აღებით“(337; 1-2)          
        
ამ ადგილს პარალელები ეძებნება სახარებაში, „ნუ სჯი თუალ აღებით, არამედ სამართალი სასჯელი საჯეთ“ (იოანე 7;24)                
    
    სოლომონ მეორის „წყალობის წიგნში ჯრუჭის მონასტრისადმი“ კარგად ჩანს, რომ მეფე სასულიერო პირთა მიმართაც ცდილობს დაიცვას მართალი სამართალი -  „ ესენი მათის ცოლ-შვილით, სახლ-კარით, ადგილ-მამულით, ჭურ-მარნით, გასავალ-გამოსავალით, საფლავ სამარხით... რისაც მქონებელნი იყვნენ. მართლის სამართლიანის საზღვრით, ყოვლის კაცის უცილობლად შემოგვიწირავს და დაგვიმტკიცებია“. 1794 წლის შემდგომ აღარ იხმარება „მართალი სამართალი“             
                       
    ამგვარად, „მართალი სამართალი“  კარგავს თავის დანიშნულებას ქრისტიანულ მწერლობაში. ფეოდალურ საზოგადოებაში იგი უშუალოდ სახარებიდან გვხვდება. 

 ეს  სტროფი იმიტომაა მიჩნეული აფორიზმად, რომ „მართალი    სამართალი“ იმდენად შეურყეველია, ხმელსაც კი ნედლად აქცევს.

ბიბლიაში ვკითხულობთ: ებრაელებმა განარისხეს ღმერთი. ღმერთმა განიზრახა მათი დასჯა. ხალხმა არ შეისმინა მოსეს თხოვნა, არ მიიღო ძმების მოსესი და აჰრონის რჩევა პირიქით, თავის უბედურებაში ბრალი მათვე დასდო. განრისხებულმა ღმერთმა დასაჯა ებრაელები, ხოლო მოსეს მიმართა   „ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“- ხმელის ნედლად გადაქცევა, მოსეს მიმართ თქვა: „და აჰრონისი გამოწერე კვერთხსა მისცა... და იყო კაცი, რომელი გამოვარჩიო მე, კვერთხი იგი განედლდეს და მოვსპო დრტვინვა ძეთა ისრაელსათაი ჩემგან რომელსაც დრტვინავენ თქუენთვის (ბიბლია- 17;35).

    საწაული იხილეს: „და იყო ხვალისგან და შევიდეს მოსე და აჰრონ საწამებლად და აჰა, კურთხი იგი აჰრონის განედლებული იყო... და მოეღო ფურცელი და გამოეღო ყუავილი და გამოსცა ნიგოზი (ბიბლია-   17,8 )

        ნესტანი ცდილობს უდანაშაულო ადამიანის მოკვლა გაამართლოს რამდენიმე არგუმენტით. უპირველესია ინდოეთის დაცვა, სამშობლოში უცხო კაცის გამეფება დაუშვებელია: 

„ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდნენ“ (546: 4) 

აცხადებს ნესტანი და მიჯნურს აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებს. რა თქმა უნდა ტარიელს შეუძლია საკადრისი პასუხი გასცეს მტერს, არ მოერიდოს მასთან შებმას, სასიძოსთან პირდაპირ შებრძოლებას, მაგრამ ამით უთუოდ განარისხებს ფარსადანს-ინდოეთის ხელმწიფეს. ნესტანი შიშს გამოთქვამს:  

„თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს,
შენ და ისი წაეკიდნეთ, ინდოეთი გადაქარდეს“. (545: 3-4)

გამოსავალი ერთია, ტარიელმა მიპარვით უნდა მოკლას სასიძო. ეს არის „მართალი სამართალი“ , რომელსაც მხოლოდ უფალი სჯის, ამგვარი მოქმედებით ხე შეიქნება ნედლი; ე.ი უფალი მოხედავს წყალობით ნესტანსა და ტარიელს, ასრულდება მიჯნურთა ნატვრა:

„მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა“. (543:4)
 

    ტარიელი პირნათლად ასრულებს სატრფოს დავალებას. ამგვარად აიხსნება მოხმობილი აფორიზმი: „ქმნა მართლისა სამართლისა, ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“- ბიბლიური პარალელების დაძებნით შესაძლებელია ჩავწვდეთ რუსთაველის ჩანაფიქრს. გავიაზროთ ავტორის დამოკიდებულება პოემის გმირებისადმი. მათი მოქმედება სრულიად დასაშვებია „მართალი სამართლის“ მიხედვით. ამ შემთხვევაში, მიჯნურთა მსაჯული შეიძლება იყოს მხოლოდ ღმერთი, რომელიც არა მარტო „მართალი სამართლით“ სჯის, არამედ წყალობასაც მოუვლენს მათ- „ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“. აფორიზმის ორივე ნაწილი დაწერილია ბიბლიიდან, რომელიც გავრცელებული იყო ქართულ სიტყვაკაზმულ მწერლობასა და საკანონმდებლო წერილებში.






წყარო :  აზრები




Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий