პერიკლდიდე
ჩვენი სახელმწიფო უცხო ნიმუშის მიხედვით არ მოგვიწყვია. პირიქით, უმალ ჩვენ ვართ სხვისთვის სამაგალითონი და რადგან ჩვენს ქვეყანას მართავს არა ადამიანთა მცირე ჯგუფი, არამედ ხალხის უმეტესობა, ამ წყობას დემოკრატია ჰქვია.
კერძო საქმეებში ყველა თანასწორია კანონის წინაშე, ხოლო რაც სახელმწიფო საქმეს შეეხება, საპატიო თანამდებობებზე ვირჩევთ გამორჩეულთ არა რომელიმე წოდებისადმი კუთვნილების მიხედვით, არამედ პირადი ღირსების გამო.
თუ კაცს ქვეყნის სამსახური შეუძლია, მას ამაში ხელს ვერ შეუშლის სიღარიბე, მდაბიო წარმოშობა ან დაბალი საზოგადოებრივი მდგომარეობა. ჩვენ თავისუფლად ვცხოვრობთ და ყოველდღიურობაში მეზობელსაც არ ვაწუხებთ ზედმეტი ეჭვითა და ჭკუის დარიგებით. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვიცავთ კანონებს, მათი პატივისცემის გამო, ვემორჩილებით ხელისუფლებასა და კანონს, განსაკუთრებით ჩაგრულთა დასაცავად დადგენილს და დაუწერელ წესებს, რომელთა დარღვევაც სათაკილოდ ითვლება.
ჩვენ გასართობი გვაქვს, რათა კაცმა შრომისა და სადარდელისგან დაისვენოს, ვაწყობთ თამაშებსა და დღესასწაულებს, ხოლო ოჯახური სითბო აქარვებს ყოველდღიურ საზრუნავს. ჩვენი ქვეყნის ბაზარზე მთელი მსოფლიოდან მოედინება ყველაფერი, რაც გვჭირდება და უცხო ნაწარმით ისევე თავისუფლად ვსარგებლობთ, როგორც საკუთარით.
სამხედრო საქმეშიც მოწინააღმდეგისაგან განსხვავებული წესები გვაქვს. ჩვენ ყველას ვუშვებთ ჩვენს ქვეყანაში და არ ვუშლით უცხოელებს მის გაცნობას იმის შიშით, რომ ჩვენ საიდუმლოს გაიგებენ. ჩვენ ხომ ძირითადად საკუთარ სიმამაცეს ვეყრდნობით და არა სამხედრო ხრიკებს. ჩვენი მოწინააღმდეგე მისი აღზრდის სისტემით ცდილობს ბავშვობიდან მკაცრი დისციპლინით გამოუმუშავოს ყმაწვილს სიმამაცე, ჩვენ კი ლაღად ვცხოვრობთ, ამგვარი სიმკაცრის გარეშე და მაინც მხნედ ვებრძვით თანასწორ მეტოქეს. აი დასტურიც:ლაკედემონელები მარტო კი არ იჭრებიან ჩვენს მიწაზე, არამედ მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ კი მარტონი ვესხმით თავს მათ მეზობლებს და იოლად ვძლევთ მათ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკუთარი ქონების დასაცავად იბრძვიან. მტერი ჯერ არ შეხვედრია მთელ ჩვენ სამხედრო ძალას, რადგან ჩვენ ერთდროულად გვიწევს ხომალდების აღჭურვაც და ხმელეთზედაც სხვადასხვა ადგილას რაზმების გაგზავნა. ერთ რაზმთან შეტაკებაში თუ მიაღწევენ წარმატებას, თავი ისე მოაქვთ, თითქოს ათნელთა გაერთიანებულ ლაშქარს სძლიეს; მარცხის შემთხვევაში ირწმუნებიან, რომ ჩვენ ერთიან ძალებთან დამარცხდნენ.
ჩვენი უპირატესობა იმაშია, რომ ხიფათს არ გაბურბივართ არა მძიმე ვარჯიშის ჩვევისა და კანონის მოთხოვნათა გამო, არამედ სიცოცხლის ხალისისა და თანდაყოლილი სიმამაცის გამო. ჩვენ არ გვადარდებს მომავალი საფრთხე, რთულ მდგომარეობაში კი არანაკლებ ვაჟკაცობას ვიჩენთ, ვიდრე ის, ვინც მძიმე შრომით მუდმივად ამისთვის ემზადება. სხვათა შორის, ჩვენი ქვეყანა ამითაც იწვევს გაოცებას.
მშვენიერებას ვესწრაფვით მფლანგველობის გარეშე და ჩვენი გატაცება მეცნიერებით არ ვნებს სულიერ ძალას. სიმდიდრეს იმიტომ ვაფასებთ, რომ მისი გონივრულად მოხმარება შეიძლება. სიღარიბე არ არის ჩვენთან სამარცხვინო, მაგრამ სათაკილოა, თუ კაცი არ ცდილობს თავისი შრომით დაძლიოს იგი. ჩვენი ხალხი კერძო და საზოგადო საქმით ერთდროულად არის დაკავებული. მიუხედავად იმისა,რომ ყველა საკუთარ საქმეშია გაწაფული, თითოეული მოქალაქე კარგად ერკვევა პოლიტიკაში, რადგან მხოლოდ ჩვენ მივიჩნევთ საზოგადოებრივ საქმეთაგან შორს მდგომ კაცს არა საიმედო მოქალაქედ, არამედ უსარგებლო უქნარად.
ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ საზოგადო საქმეს ავნებს საჯარო განხილვა, პირიქით, არასწორად მიგვაჩნია მოუმზადებლად, განსჯის გარეშე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მამაცნი ვართ, ჩვენ ჯერ კარგად დავგეგმავთ და შემდეგ ჩავიგდებთ თავს საფრთხეში; სხვებში კი უმეცარი შეზღუდულობაა გამბედაობის მიზეზი, ხოლო საღი განსჯა - მერყეობის.
ნამდვილ ვაჟკაცად მხოლოდ ის შეიძლება მივიჩნიოთ, ვინც მწარეც იცის და ტკბილიც და სწორედ ამის გამო არ გაურბის ხიფათს. გულკეთილობა ჩვენ განსხვავებულად გვესმის, ვიდრე ადამიანების უმრავლეს ნაწილს: მეგობრებს ვიძენთ არა იმის მიხედვით, რასაც ვიღებთ მათგან, არამედ იმით, თუ რა მეგობრობას ვიჩენთ მათ მიმართ.
საიმედო მეგობარი სწორედ ის არის, ვინც სამსახურს უწევს მეორეს და დამსახურებულ მადლიერებას განამტკიცებს შემდგომი სამსახურით. ნაკლებ სანდოა კაცი, რომელიც კეთილ საქმეს ვალდებულების გამო აკეთებს და არა წრფელი გულით. ჩვენ ერთადერთნი ვართ, ვინც სხვას უანგაროდ ეხმარება.
მოკლედ, მე ვამტკიცებ, რომ ჩვენ ქვეყანა სანიმუშოა მთელი ელადისათვის და თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია კარგად წარმოაჩინოს თავი სრულიად განსხვავებულ ვითარებაში. ჩემი სიტყვების სიმართლეს ადასტურებს ჩვენი ქვეყნის ძლევამოსილება, რომელსაც სწორედ ჩვენი წყობის მეშვეობით მივაღწიეთ. თანამედროვე ქვეყნებიდან მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოა სინამდვილეში იმაზე ძლიერი, რა სახელიც მას აქვს. მხოლოდ მისი მტერი არ ითაკილებს მისგან მარცხს, ხოლო მისი ქვეშევრდომი ვერ დაიჩივლებს მმართველთა არარაობას. ჩვენი დიდი საქმეებით დავადასტურეთ თანამედროვეთა და შთამომავლობის გასაოცრად ჩვენი ქვეყნის ძლევამოსილება.
ჩვენ განსადიდებლად არ გვჭირდება ჰომეროსი. ჩვენმა სიმამაცემ გადაგვიშალა ზღვაც და ხმელეთიც და ყველგან სამუდამო ძეგლი დაგვიდგა. სწორედ ასეთი ქვეყნისთვის დადეს თავი ამ მეომრებმა და ცოცხლად დარჩენილებიც ყველანი სიხარულით შევეწირებით მას.
თუკიდიდე - „პელოპონესის ომის ისტორია“
Комментариев нет:
Отправить комментарий