четверг, 25 июня 2015 г.

ჯავახიშვილი ივანე - საქართველოს ისტორია მეოცე საუკუნე





ჯავახიშვილი ივანე 
საქართველოს ისტორია მეოცე საუკუნე 


სახელმძღვანელო ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტთათვის

   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე საქართველოს ისტორიის სწავლებას ბოლო ათწლეულში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა. სასწავლო პროგრამით საქართველოს ახალ და უახლეს ისტორიას (მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებს) ორი სასწავლო სემესტრი ეთმობა. ცხადია, დღეს საბჭოთა ეპოქაში შექმნილი მონოგრაფიებით, ნარკვევებითა და სახელმძღვანელოებით შეუძლებელია საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის სწავლება. საქმე ეხება როგორც ისტორიისადმი ზოგად მეთოდოლოგიურ მიდგომას, ისე იმ ახალ დოკუმენტებსა და მასალებს, რომლებიც რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში გასაიდუმლოებული იყო. საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიისადმი მიძღვნილი სახელმძღვანელოების შექმნის აუცილებლობა მეოცე საუკუნის 80-იანი წლების დასასრულსა და 90-იანი წლების დამდეგს გახდა ნათელი. იმხანად ქართული ისტორიოგრაფია ამისათვის მზად არ იყო. მომდევნო ათწლეულში ბევრი რამ გაკეთდა: სხვადასხვა არქივში გამოვლინდა მეტად საყურადღებო უცნობი მასალა, ხელმისაწვდომი გახდა საზღვარგარეთ გამოცემული ლიტერატურა, დაიწერა უამრავი სტატია და მონოგრაფია, იყო სახელმძღვანელოსა თუ დამხმარე სახელმძღვანელოს შექმნის ცდებიც. რაც მთავარია, ქართული ისტორიოგრაფია გათავისუფლდა იდეოლოგიური დოგმებისაგან. ყოველივე ამის გამო საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის (მეცხრამეტე-მეოცე-სს.) შესწავლამ მნიშვნელოვნად წაიწია წინ. ამ დიდ ეროვნულ საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტსა და, კერძოდ, საქართველოს ისტორიის კათედრას. რამდენიმე წლის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე შეიქმნა უახლესი ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფი, რომელსაც დაევალა `საქართველოს ისტორიის (მეოცე საუკუნე) სახელმძღვანელოს შექმნა.
   წინამდებარე სახელმძღვანელო ემყარება თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის მიღწევებს. მასში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ის პოზიტიური მოვლენები, რაც რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის, ასევე ემიგრანტულმა ისტორიოგრაფიამ შექმნა. მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიის კვლევა დღესაც დიდი ინტენსივობით მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ მოულოდნელი არ უნდა იყოს ის, რომ ქართული ისტორიოგრაფიის ახალი მიღწევების კვალობაზე სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ზოგიერთი დასკვნა თუ დებულება მეორე გამოცემაში დაზუსტდეს ან ნაწილობრივ შეიცვალოს.

   მეოცე საუკუნე აღსავსეა ისეთი მოვლენებით, რომელთაც დიდი გავლენა იქონიეს ქართველი ერის ისტორიაზე, ფაქტობრივად განსაზღვრეს საქართველოს მომავალი. მეოცე საუკუნეში ქართველმა ერმა გამოიარა რუსეთის 1905-1907 წლებისა და 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციები, პირველი (1914-1918 წლების) და მეორე (1939-1945 წლების) მსოფლიო ომები. მეოცე საუკუნე, უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებულია იმით, რომ ამ ასწლეულში ქართველმა ერმა ორჯერ (1918 წელსა და 1991 წელს) შეძლო დაკარგული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. სწორედ ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენები დაედო ძირითად საფუძვლად მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციას.
   მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორია შეიძლება ხუთ ძირითად პერიოდად დაიყოს. ეს პერიოდებია: პირველი. 1900-1917 წლები, ანუ პერიოდი, რომელმაც მოამზადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა; მეორე. 1917-1918 წლები (უფრო ზუსტად
 პერიოდი 1917 წლის თებერვალ-მარტიდან 1918 წლის მაისამდე), ანუ პერიოდი, როდესაც პრაქტიკულად აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა; მესამე. 1918-1921 წლები, ანუ პერიოდი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობისა; მეოთხე. 1921-1991 წლები, ანუ პერიოდი ჯერ საბჭოთა რუსეთის, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დაპყრობილი საქართველოს იძულებითი ყოფნისა; მეხუთე. 1991 წლიდან, ანუ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ხელმეორედ აღდგენიდან.

   ცხადია, სახელმძღვანელოს თავებად დაყოფისას ზემოხსენებულ პერიოდიზაციაზე დაყრდნობით უნდა გამოგვეყო გაცილებით ვიწრო ქრონოლოგიური ჩარჩოს მომცველი პერიოდები. ასეთ პერიოდებად ჩვენ მივიჩნიეთ შემდეგი: პირველი. 1900-1904 წლები, ანუ პერიოდი, რომელიც წინ უძღოდა დიდი სოციალური კატაკლიზმების ეპოქას _ რევოლუციას. ეს პერიოდი მეტად საინტერესოა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური თვალსაზრისით.
   მეორე. 1905-1907 წლები, ანუ რევოლუციის პერიოდი. ამ წლებმა ძირფესვიანად შეცვალა ქართველი ერის ცხოვრება, განსაკუთრებული დაღი დაასვა სოციალურ ურთიერთობებს, ახალი მიმართულება მისცა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას, ეროვნულ მოძრაობას. ეროვნული საკითხი სულ უფრო პოპულარული გახდა, დაიწყო ბრძოლა საქართველოს ავტონომიისათვის.
   მესამე. 1907-1917 წლები, ანუ პერიოდი, როდესაც ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობაში შინაგანი წინააღმდეგობა უკიდურესად გამწვავდა, გამწვავდა ეროვნულისა და კოსმოპოლიტურის დაპირისპირება. საქართველოს ავტონომიის იდეა ეროვნული მოძრაობის ძირითად მიმართულებად იქცა.
   მეოთხე. 1917-1918 წლები, ანუ პერიოდი, როდესაც რუსეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ შესაძლებელი გახდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
   მეხუთე. 1918-1921 წლები, ანუ პერიოდი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობისა.
   მეექვსე. მეოცე საუკუნის 20-იანი წლების პირველი ნახევარი (1921-1925 წლები), ანუ პერიოდი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამყარებისა და მისი ტრანსფორმაციისა, საბჭოთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის დამკვიდრებისა, ეროვნული მოძრაობის დაწყებისა.
   მეშვიდე. მეოცე საუკუნის 20-იანი წლების მეორე ნახევარი _ 40-იანი წლების დამდეგი (1925-1941 წლები), ანუ პერიოდი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს ინტეგრაციისა.
   მერვე. 1941-1945 წლები, ანუ პერიოდი გერმანია-საბჭოთა კავშირის ომისა, რომელსაც შეეწირა უამრავი ქართველის სიცოცხლე, ქვეყნის მატერიალური რესურსები.
   მეცხრე. 1945-1953 წლები, ანუ პერიოდი, როდესაც საქართველოს ეკონომიკა საბოლოოდ იქცა საბჭოთა კავშირის (რუსეთის) ეკონომიკის ნაწილად.
   მეათე. 1953-1965 წლები, ანუ საბჭოთა სისტემის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისის გამოვლინების პერიოდი.
   მეთერთმეტე. 1965-1985 წლები, ანუ პერიოდი საბჭოთა სისტემის საყოველთაო კრიზისის გაღრმავებისა.
   მეთორმეტე. 1985-1991 წლები, ანუ პერიოდი საბჭოთა სისტემის მწვავე კრიზისის ფონზე ეროვნული მოძრაობის აღმავლობისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღგენისა.

   მეცამეტე. 1991 წლიდან ახალი ეპოქა იწყება საქართველოს ისტორიაში. ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის პერიოდი.
   სახელმძღვანელოს ყოველი თავი შედგება რამდენიმე საკითხისაგან, რაც პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პროცესების ერთობლიობაში გაშუქების საშუალებას იძლევა.

   ავტორთა კოლექტივი შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებს პროფესიონალი ისტორიკოსების, სტუდენტებისა და, საერთოდ, ფართო საზოგადოების ყოველგვარ შენიშვნასა თუ სურვილს.
   ავტორთა კოლექტივი გამოთქმული შენიშვნებისათვის გულწრფელ მადლობას უხდის პროფ. ვახტანგ ჯანჯღავას, პროფ. სერგო ვარდოსანიძეს, პროფ. ავთანდილ არაბულს, პროფ. მიხეილ ქურდიანს, პროფ. ლევან მგალობლიშვილს, დოც. ბაკურ ბაქრაძეს. საგანგებოდ გვინდა აღვნიშნოთ ბატონ გიგა ლორთქიფანიძის, ბატონ გოგი დოლიძისა და ქალბატონ მარინე ქავთარაძის ღვაწლი ქართული კულტურის საკითხების დამუშავებაში, ასევე დოც. ბონდო კუპატაძის წვლილი, რომელმაც მოგვაწოდა მასალა ქართული სპორტის ისტორიისათვის.
   სახელმძღვანელოს ტექსტის რედაქტირებისას გაწეული დახმარებისათვის მადლობას ვუხდით დოც. ჯაბა სამუშიასა და დოც. ბონდო კუპატაძეს. დიდი მადლიერებით გვინდა მოვიხსენიოთ გამომცემლობა `არტანუჯის დირექტორი ბუბა კუდავა, ბონდო კუპატაძე, ლევან თაქთაქიშვილი და თამარ გეგია, რომელთაც მოიძიეს, დაამუშავეს და გადმოგვცეს სახელმძღვანელოში მოთავსებული ფოტომასალა.

თავი პირველი
   საქართველო მეოცე საუკუნის  დამდეგს (1900-1904 წწ.)

საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფა მეოცე საუკუნის დასაწყისისათვის
   მეოცე საუკუნის დამდეგისათვის (1903 წლისათვის) საქართველო რუსეთის იმპერიის ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ სისტემაში წარმოდგენილი იყო ორი გუბერნიისა (თბილისის, ქუთაისის)  და ოთხი ოკრუგის (სოხუმის, ბათუმის, ართვინის, ზაქათალის) სახით. თავის მხრივ ეს ადმინისტრაციული ერთეულები შედიოდა კავკასიის მხარეში, რომელსაც სათავეში ედგა კავკასიის მთავარმართებელი. 1896-1904 წლებში კავკასიის მთავარმართებელი იყო გენერალი გოლიცინი. 1905 წელს გაუქმდა მთავარმართებლის და აღდგა კავკასიის მეფისნაცვლის თანამდებობა. მეფისნაცვლად დაინიშნა გრაფი ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი (1905-1915). კავკასიის უკანასკნელი მეფისნაცვალი იყო დიდი მთავარი ნიკოლოზი (1915-1917).
   კავკასიის მეფისნაცვალთან არსებობდა საბჭო, რომელშიც ხელისუფლების უმაღლესი პირების გარდა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებიც შედიოდნენ. გუბერნატორები ინიშნებოდნენ მეფისნაცვლის მიერ, მაზრის უფროსები კი _ გუბერნატორების მიერ მეფისნაცვალთან შეთანხმებით.
   თბილისის გუბერნია, რომლის ტერიტორია შეადგენდა 38000 კვადრატულ კილომეტრს, ხოლო მოსახლეობა _ 1400000 კაცს (1914 წლის მონაცემებით), შედგებოდა ცხრა მაზრისა (თბილისის, გორის, დუშეთის, თიანეთის, სიღნაღის, თელავის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჩალოს) და ერთი ოკრუგისაგან (ზაქათალის). ზაქათალის ოკრუგის (საინგილოს) ტერიტორია შეადგენდა 38000 კვადრატულ კილომეტრს, ხოლო მოსახლეობა 85000 კაცს (1914 წლის მონაცემებით).
   ქუთაისის გუბერნია, რომლის ტერიტორია შეადგენდა 20000 კვადრატულ კილომეტრს, ხოლო მოსახლეობა _ 1000000 კაცს (1914 წლის მონაცემებით), შედგებოდა შვიდი მაზრისა (ქუთაისის, ლეჩხუმის, რაჭის, შორაპნის, სენაკის, ოზურგეთის, ზუგდიდის) და სამი ოკრუგისაგან (სოხუმის, ბათუმის, ართვინის). ეს სამი ოკრუგი 1903 წლამდე უშუალოდ შედიოდა ქუთაისის გუბერნიაში. 1903 წელს შეიქმნა ბათუმის ოლქი, რომელიც შედგებოდა ბათუმისა და ართვინის ოკრუგებისაგან. მართალია, ბათუმის ოლქი დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეული იყო, მაგრამ იგი ქუთაისის გუბერნიის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. ასე რომ ქუთაისის გუბერნიაში შვიდი მაზრის გარდა, შედიოდა ბათუმის ოლქი (ბათუმისა და ართვინის ოკრუგებით) და სოხუმის ოკრუგი. ოლქს სათავეში ედგა  ოლქის უფროსი, ოკრუგს _ ოკრუგის უფროსი.
   1904 წელს საქართველოს ადმინისტრაციულ დაყოფაში მოხდა ცვლილება. სოხუმის ოკრუგს (აფხაზეთი) ჩამოაცილეს მისი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი (გაგრის რაიონი სოჭითურთ) და ეს ტერიტორია შავი ზღვის გუბერნიას შეუერთეს.
   საქართველო ამ სახით იყო წარმოდგენილი რუსეთის სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ სისტემაში იმპერიის აღსასრულამდე, 1917 წლამდე.
2. ეკონომიკური განვითარება
   1. მრეწველობა. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე რუსეთის ეკონომიკა არნახულ აღმავლობას განიცდიდა. შედეგი გამოიღო, ერთი მხრივ, მწცხრამეტე საუკუნის 60-70-იანი წლების რეფორმებმა, მეორე მხრივ კი, იმპერიის ფინანსთა მინისტრის გრაფ ვიტტეს მიერ განხორციელებულმა ეკონომიკურმა პროგრამამ. იგი გულისხმობდა მკაცრ საგადასახადო პოლიტიკას, პროტექციონიზმს, ფინანსურ რეფორმას, რომელმაც უზრუნველყო რუსული მანეთის სტაბილურობა და უცხოური კაპიტალის მოზიდვა. ყოველივე ამან განაპირობა მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე სამრეწველო აღმავლობა. ამიერკავკასიასა და საქართველოს მნიშვნელოვანწილად შეეხო პოზიტიური ეკონომიკური ძვრები.
   საქართველო აგრარულ-გლეხურ ქვეყანას წარმოადგენდა. ამიტომ ოჯახური წარმოებისა და ხელოსნობის პროდუქციის ხვედრითი წილი კვლავ მნიშვნელოვანი რჩებოდა, განსაკუთრებით სამრეწველო ცენტრებისაგან მოშორებულ რეგიონებში. მსხვილი მრეწველობის განვითარება და უცხოური პროდუქციის შემოჭრა ავიწროებდა წვრილი და მანუფაქტურული ტიპის საწარმოებს, მაგრამ ისინი მაინც განაგრძობდნენ არსებობას. წვრილი კაპიტალისტური საწარმოები მყარად ინარჩუნებდნენ წამყვან მდგომარეობას ისეთ დარგებში, რომლებიც ნაკლებად მოიცვა საფაბრიკო მრეწველობამ. კერძოდ, სამშენებლო მასალების, არყის, სპირტის, საპნის, საკონდიტრო, პოლიგრაფიული, ეტლების, საღვინე კასრების, ნავთობის საექსპორტო კასრების, პურის საცხობების, სამკერვალოების და სხვ. 1902 წელს საქართველოში დაახლოებით 1340 წვრილი კაპიტალისტური საწარმო იყო.
   წვრილ კაპიტალისტურ საწარმოებთან თანაარსებობის პირობებში ვითარდებოდა მანქანური წარმოება, რომელმაც ზოგიერთ დარგში გაბატონებულ მდგომარეობას ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის დამლევს მიაღწია. საფაბრიკო-საქარხნო წარმოება საქართველოში, როგორც კოლონიურ ქვეყანაში, სპეციფიკურად ვითარდებოდა და მოკლებული იყო დამოუკიდებელი ქვეყნისათვის დამახასიათებელ შესაძლებლობებს. შედარებით დაუბრკოლებლად ვითარდებოდა მრეწველობის ის დარგები, რომლებიც პირველადი მოხმარების საგნებსა და პროდუქტებს ამზადებდნენ.
   საწარმოო იარაღებისა და სამეურნეო დანიშნულების მოწყობილობის დამამზადებელ და შემკეთებელ წარმოებას ემსახურებოდა ლითონდამმუშავებელი საწარმოები. ტექნიკურად კარგად მოწყობილ და ორთქლის ძალით მოქმედ საწარმოთა შორის აღსანიშნავია რუქსის მექანიკური ქარხანა, აგანოვისა და ზრიუდლოვსკის თუჯსასხმელი და რენკვისტის მექანიკური ქარხნები. ლითონგადამმუშავებელი მრეწველობის საგრძნობი განვითარების მიუხედავად, იგი ვერ გარდაიქმნა ინდუსტრიულ მანქანათმშენებლობად, რომელიც ადგილობრივ მოთხოვნილებას დააკმაყოფილებდა. ადგილობრივი ფაბრიკა-ქარხნები უმნიშვნელოვანეს ტექნიკურ აღჭურვილობას უცხოეთიდან და რუსეთიდან იღებდნენ.
   მრეწველობის აღმავლობაში გადამწყვეტი ფაქტორის როლი სარკინიგზო ქსელის მშენებლობამ შეასრულა. 1900 წელს საქართველო რუსეთის სარკინიგზო ქსელს შეუერთდა. სარკინიგზო მშენებლობას ამიერკავკასიაში თან მოჰყვა მისი მომსახურე საწარმოების _ ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარი სახელოსნოების გაფართოება. მეცხრამეტე  საუკუნის დასასრულსა და მეოცე  საუკუნის დასაწყისისათვის ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარი სახელოსნოები საქართველოს უდიდეს კაპიტალისტურ საწარმოდ იქცა. თბილისის გარდა დეპოები მოქმედებდა აგრეთვე ხაშურში, ბათუმში, ფოთში, სამტრედიაში, ყვირილასა (ზესტაფონსა) და ბორჯომში, სადაც მიმდინარეობდა ორთქმავლებისა და ვაგონების შეკეთება.
   თბილისის შემდეგ ქვეყნის უმსხვილეს სამრეწველო ცენტრს ბათუმი წარმოადგენდა. ბათუმი იყო ბაქოს ნავთობის ძირითადი საექსპორტო ნავსადგური, გადამმუშავებელი და საექსპორტო ჭურჭლის მწარმოებელი ძირითადი პუნქტი. რკინიგზა უკვე ვეღარ აუდიოდა ნავთობის გადაზიდვას. ნავთობის გადაზიდვის გაზრდის მიზნით 1900 წელს ძირითადად დამთავრდა ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის გაყვანა, ხოლო 1906 წლისათვის ნავთობსადენი სრული დატვირთვით მუშაობდა.
   ნავთობის საექსპორტო ჭურჭლის წარმოებამ უმაღლეს დონეს მეცხრამეტე-მეოცესაუკუნეთა მიჯნაზე მიაღწია. 1901 წლისათვის ბათუმში ნავთობის ჭურჭლის 9 ქარხანა მოქმედებდა. ბაქოს ნავთობის ექსპორტმა ბათუმიდან ყველაზე დიდ აღმავლობას 1903 წელს მიაღწია. განსაკუთრებით გაძლიერდა ნავთობის გადამუშავება-ექსპორტთან დაკავშირებული ქარხნების მშენებლობის ტენდენცია. ბათუმში თავს იყრიდა 15 ათასამდე მუშა.
   ბათუმის, როგორც ნავთობის საექსპორტო ნავსადგურის, ზრდა-განვითარება შეაფერხა 1905 წელს დაწყებულმა რევოლუციამ. რევოლუციური მოძრაობის აღმავლობის პერიოდში ბათუმის ნავსადგურის მუშაობა თითქმის მთლიანად შეწყდა. ნავთობის გასატანად ჩამომდგარი გემები უტვირთოდ ბრუნდებოდნენ უკან. აღმოსავლეთის ქვეყნებში რუსეთის ნავთობის ადგილი ამერიკულმა დაიკავა. ზედიზედ დაიხურა ნავთობის საექსპორტო ჭურჭლის დამამზადებელი ქარხნები, ხოლო ჭურჭლის წარმოება ბათუმიდან საზღვარგარეთ იქნა გადატანილი. რევოლუციის პერიოდიდან ბათუმმა დაკარგა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო ცენტრის მნიშვნელობა. ნიკო ნიკოლაძის სიტყვებით, «გაფიცვებთან თამაშის წყალობით, «მოკლეს ქათამი, რომელიც ბათუმის რეგიონის მოსახლეობისათვის «ოქროს კვერცხებს დებდა.
   მსხვილი სამრეწველო დარგების გარდა, საქართველოში წარმატებით ვითარდებოდა ხე-ტყის, სამშენებლო მასალების, საფეიქრო, სპირტიანი და მინერალური წყლების, თამბაქოს, მინის, საპნის, სანთლის, ზეთსახდელი, პოლიგრაფიული და სხვა წარმოებები. განსაკუთრებით აღსანიშნავია რამდენიმე საწარმო, რომელიც თავის პროდუქციას მთელ რუსეთის იმპერიაში ყიდდა. მაგალითად, ადელხანოვის საწარმოების მიერ გამოშვებული ფეხსაცმელი მთელ რუსეთში ვრცელდებოდა.
   ერთ-ერთ დაწინაურებულ დარგს წარმოადგენდა სპირტისა და სპირტიანი სასმელების წარმოება. გამოჩენილი ქართველი კაპიტალისტისა და ქველმოქმედის
 დავით სარაჯიშვილის უნარიანმა მოღვაწეობამ შთამბეჭდავი წარმატება მოუტანა ამ დარგს. დავით სარაჯიშვილის ფირმამ მონოპოლიური მდგომარეობა მოიპოვა სპირტისა და კონიაკის წარმოებაში არა მარტო საქართველოს, არამედ რუსეთის იმპერიის მასშტაბითაც. ფირმა დაახლოებით 60 დასახელების ალკოჰოლიან სასმელს ამზადებდა. ქართველი კაპიტალისტის ფირმამ ფრანგულ ფირმებთან საკონკურენციო ბრძოლაში გაიმარჯვა და რუსეთის ბაზარი დაიპყრო. დავით სარაჯიშვილი იყო რუსეთის იმპერიაში კონიაკის წარმოების პირველი დამფუძნებელი. საერთაშორისო გამოფენებზე მისი ფირმის სპირტიანმა სასმელებმა არაერთი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ქართულ სასმელებს აღიარება მოუტანა.


   მინერალური წყლების წარმოებამ მეოცე საუკუნის დასაწყისში ფართო ხასიათი მიიღო. ბორჯომის წყალი უკვე ამ პერიოდში გაჰქონდათ არა მარტო რუსეთში, არამედ დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც. ხელოვნური წყლების წარმოებაში სამამულო ბაზარზე პირველ ადგილზე გამოვიდა მიტროფანე ლაღიძის მეთოდით დამზადებული უალკოჰოლო სასმელები, რომელმაც ვენაში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში გამართულ გამოფენებზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.

   მეოცე  საუკუნის დასაწყისში საქართველოში განსაკუთრებით განვითარდა სამთო-მეტალურგიული მრეწველობა. ამ დარგში უმნიშვნელოვანესი იყო ალავერდის სპილენძის საწარმოები, რომელიც ფრანგულ სააქციო საზოგადოებას ეკუთვნოდა. საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამრეწველო ცენტრს წარმოადგენდა ტყიბული. 1900 წლიდან მონოპოლიური მდგომარეობა მოიპოვა «ნახშირ-ტყიბულის სამთო-სამრეწველო საზოგადოებამ. ამ საზოგადოების აქციონერები დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის შეძლებული ზედაფენების წარმომადგენლები იყვნენ. «ნახშირ-ტყიბულის საზოგადოება წარმატებით აფართოებდა საწარმოო სიმძლავრეებს. საქართველოში ტყიბულის ქვანახშირის მოხმარებას ზღუდავდა ბაქოს ნავთობი და რუსეთიდან შემოტანილი ქვანახშირი. რუსეთის იმპერიის ხელისუფლება წინ აღუდგა კავკასიაში მეტალურგიული ქარხნის მშენებლობას, რომელიც ადგილობრივ ქვანახშირს მოიხმარდა. ამის გამო ტყიბულის ქვანახშირის მოპოვება აღარ გაზრდილა. ყველაზე დიდ მასშტაბებს საქართველოს მრეწველობის დარგებს შორის ჭიათურის მარგანეცის მოპოვებამ მიაღწია. ჯერ კიდევ მეცხრამეტე  საუკუნის უკანასკნელ წლებში ჭიათურის მანგანუმის მოპოვება მსოფლიო მნიშვნელობის დარგად იქცა. ქართული მაღალხარისხოვანი მანგანუმი წარმატებით აკმაყოფილებდა მეტალურგიის მზარდ მოთხოვნილებას.
   საქართველოში კაპიტალიზმის განვითარებას გარკვეული თავისებურება ახასიათებდა. საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო და მასზე ვრცელდებოდა «რუსული კაპიტალიზმის ყველა ნეგატიური მხარე. სახელმწიფო ზემოქმედებას ახდენდა მრეწველობის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებაზე. ამ სტრატეგიას კი განსაზღვრავდა არა ქვეყნის ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური სისტემის განმტკიცების ინტერესები და დასავლეთის ქვეყნებთან კონკურენცია. კაპიტალიზმის განვითარებას აფერხებდა საშინაო ბაზრის სივიწროვე, მოსახლეობის ღარიბი უმრავლესობის დაბალი მსყიდველუნარიანობა. ადგილობრივი რესურსების მეორე მომხმარებელი უცხოელი კაპიტალისტები იყვნენ. შემოსავლის დიდ ნაწილს, რომელსაც საქართველოში განვითარებული მრეწველობის დარგები იძლეოდა, უცხოელი კაპიტალისტები ფლობდნენ. მიუხედავად ამისა, კაპიტალისტური მრეწველობის განვითარებას არ შეიძლებოდა ქვეყნისათვის სარგებლობა არ მოეტანა.
   მეოცე საუკუნის დასაწყისში საბოლოოდ გამოიკვეთა საქართველოს ეკონომიკური განვითარების კაპიტალისტური ხასიათი. მსოფლიოს სამრეწველო-ეკონომიკური სისტემა მეტროპოლიურ რუსეთთან ერთად თავის ბრუნვაში საქართველოს ეკონომიკასაც ითრევდა.
   2. სოფლის მეურნეობა. მრეწველობის აღმავლობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. მეოცე საუკუნის დამდეგს გაიზარდა სოფლის მეურნეობაში ტექნიკური სიახლეების, მანქანა-იარაღების გამოყენების მოთხოვნილება. უცხოეთიდან დიდი რაოდენობით შემოჰქონდათ ქარხნული წარმოების გუთნები. მსხვილ მეურნეობებში იყენებდნენ სათეს, სათიბ, სალეწ და სხვა სახის მანქანებს. ჯერ კიდევ იშვიათი იყო ტრაქტორი. ტექნიკური სიახლეები ამ დროისათვის მასობრივად არ დანერგილა.
   სოფლის მეურნეობაში მარცვლეულის წარმოებას წამყვანი ადგილი ეკავა. მიუხედავად ამისა, თუ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს საქართველოდან სხვა ქვეყნებში უფრო მეტი რაოდენობის მარცვლეული გაჰქონდათ, მეოცე საუკუნის ოცწლეულში მდგომარეობა საპირისპიროდ შეიცვალა _ მარცვლეულის შემოტანამ გადააჭარბა გატანას. მარცვლეულის წარმოება თანდათან ნაკლებმომგებიანი ხდებოდა. მწარმოებელი მოსახლეობა სულ უფრო ინტენსიურად გადადიოდა მეურნეობის რენტაბელურ დარგებზე, რომელთა პროდუქციაზე მოთხოვნილება რუსეთის ბაზარზე საკმაოდ დიდი იყო.
   მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე სოკოვანმა დაავადებებმა და ფილოქსერამ დიდად დააზარალა საქართველოს სოფლის მეურნეობის ყველაზე ტრადიციული დარგი _ მევენახეობა-მეღვინეობა.

   საჭირო იყო ფილოქსერით დაზიანებული ვენახის შეცვლა ახალი ნამყენი ვენახით. ვაზის ამერიკულ საძირეზე დამყნობა და ვენახის მოვლის ახალი რაციონალური მეთოდების გამოყენება ქვეყნის მხოლოდ ზოგიერთ კუთხეში მიმდინარეობდა (იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი). არასახარბიელო მდგომარეობაში იყო აგრეთვე ქართული ღვინის მოყვანა და გასაღება – ღვინის რუსეთის ბაზარზე გატანას მხოლოდ მსხვილი მეურნეობები ახერხებდნენ.
   განსაკუთრებით დაწინაურდა მეაბრეშუმეობა. ხელისუფლება აბრეშუმის პარკის წარმოების გაუმჯობესებას ხელს უწყობდა, რადგან მეტროპოლიის აბრეშუმსაქსოვი ფაბრიკები დიდი რაოდენობის ნედლეულს საჭიროებდნენ.

   ქართველი თავადაზნაურობის გარკვეულმა ნაწილმა კაპიტალისტურად გარდაქმნა მეურნეობა და გააფართოვა საკუთარი მამული. სანიმუშო და მსხვილ მეურნეობათა შორის გამოირჩეოდა სალომე დადიანი-მიურატის, გიორგი მუხრანბატონისა და რომანოვების მეურნეობები.
   საქართველოში ყველაზე მსხვილი კაპიტალისტური მეურნეობების ორგანიზატორი იყო საუფლისწულო მამულების უწყება. ქართლ-კახეთში ამ უწყებამ შექმნა მევენახეობა-მეღვინეობის, ბორჩალოს მაზრაში – მებამბეობის, მესაქონლეობის, აჭარაში – მეჩაიეობის სპეციალიზებული მეურნეობები. საუფლისწულო მამულების უწყების ინიციატივით დაიწყო ქართული ღვინის დაყენების ევროპულ წესზე გადაყვანა. ამ მიზნით წინანდალში აშენდა ცენტრალური მარანი-ქარხანა. სწორედ აღნიშნულმა უწყებამ შექმნა ევროპული წესით დაყენებული ქართული სუფრის ღვინოების თითქმის ყველა ძირითადი მარკა: «ნაფარეული, «წინანდალი, «მუკუზანი, «თელიანი. საერთაშორისო გამოფენებმა ცხადყო, რომ სუფრის ღვინის წარმოების რაიონებიდან კახეთი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში.
3. პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში
   მეცხრამეტე საუკუნის 90-იანი წლებისათვის საქართველოში საბოლოოდ ჩამოყალიბდა კაპიტალისტური საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ახალი სოციალური სტრუქტურა. ქართული საზოგადოება გარდამავალ ხასიათს ატარებდა და ბატონყმური სისტემის ნაშთების ლიკვიდაციიდან კაპიტალიზმის საბოლოო გამარჯვებისაკენ მიმავალ გზაზე იდგა. საზოგადოების გამრავალფეროვნებასთან ერთად სხვადასხვაგვარი გახდა საზოგადოების შემადგენელი სოციალური ფენების, ჯგუფებისა თუ კლასების ინტერესებიც. ყველა მათგანს საკუთარი მისწრაფებები გაუჩნდა და ცდილობდა ისინი სხვადასხვა გზით დაეკმაყოფილებინა.
   დემოკრატიულ საზოგადოებაში მოსახლეობის დიფერენცირებულ ინტერესებს პოლიტიკური პარტიები გამოხატავენ. მაგრამ რუსეთის იმპერია მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეთა მიჯნაზე ისეთ ქვეყანას წარმოადგენდა, სადაც თვითმპყრობელური მონარქიის დესპოტიზმი მძვინვარებდა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს გასაქანს არ აძლევდა. ამგვარ პირობებში, პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბების პროცესი რუსეთშიც და საქართველოშიც რამდენიმე ათეულ წელიწადს გაჭიანურდა. მხოლოდ საუკუნეთა მიჯნაზე, ე. ი. მეცხრამეტე საუკუნის 90-იან წლებსა და მეოცე საუკუნის დამდეგს შეიქმნა პოლიტიკური პარტიებისათვის ჯერ არალეგალური, მოგვიანებით კი – ლეგალური მოღვაწეობის მეტ-ნაკლებად შესაფერისი პირობები.
   1. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების შექმნა. პირველი პოლიტიკური ორგანიზაციები საქართველოში სოციალ-დემოკრატებმა ჩამოაყალიბეს. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში საქართველოს სოციალ-დემოკრატიაში გამოიკვეთა ორი მიმდინარეობა: 1. დასავლეთევროპული სოციალ-დემოკრატიის იდეური გავლენის ქვეშ მყოფი «მესამე დასი; 2. რუსული სოციალ-დემოკრატიის ორიენტაციის მქონე ჯგუფები. 1898-1900 წლებში მიმდინარეობდა მესამედასელთა და მათი მეთაურის ნოე ჟორდანიას თანდათანობით გადასვლა რუსული სოციალ-დემოკრატიის პოზიციებზე. 1901-1903 წლებში გაზეთი «კვალი და მის გარშემო დარაზმული მესამედასელები საბოლოოდ მოექცნენ რუსული სოციალ-დემოკრატიის იდეური გავლენის ქვეშ. თუ ადრე ნოე ჟორდანია უშვებდა კლასობრივი თანხმობის მიღწევის შესაძლებლობას, ახლა იგი კლასობრივი ბრძოლის გაღრმავების აუცილებლობის პოზიციაზე დადგა.
   მეოცე საუკუნის დამდეგისათვის ქართული სოციალ-დემოკრატიის სახეს განსაზღვრავდნენ: ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, ვლადიმერ დარჩიაშვილი, ისიდორე რამიშვილი, ირაკლი წერეთელი, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე და სხვ. თავდაპირველად ამ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ ფილიპე მახარაძე და ალექსანდრე წულუკიძე. რუსული სოციალ-დემოკრატიის პოზიციაზე გადასვლის მიუხედავად, «მესამე დასი ცდილობდა შეენარჩუნებინა დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია. სრულიად საპირისპირო პოზიცია რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობასთან დამოკიდებულებაში დაიკავა ქართველი სოციალ-დემოკრატების მეორე მიმდინარეობამ – «რევოლუციონერ სოციალ-დემოკრატთა დასმა (1901 წ.), რომელსაც ფაქტობრივად თბილისის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია წარმოადგენდა. მასში შედიოდნენ: იოსებ ჯუღაშვილი, ვასილ ცაბაძე, კას ერიდებოდა. მათ შორის ფარულმა წინააღმდეგობამ ამ საკითხთან დაკავშირებით პიკს 1903 წელს მიაღწია.
   კავკასიის სოციალ-დემოკრატიულმა ორგანიზაციებმა, რომლებიც პრორუსულ ანუ ინტერნაციონალისტურ პოზიციაზე იდგნენ, გაერთიანება გადაწყვიტეს. მათ მოქმედებას კოორდინირებას უწევდა გაზ. «ისკრის რედაქცია. გიორგი პლეხანოვმა და ვლადიმერ ლენინმა წამოაყენეს რსდმპ კავკასიის კავშირის შექმნის იდეა, რომელიც გააერთიანებდა კავკასიურ ორგანიზაციებს და გააადვილებდა მათ შერწყმას საერთო-სარუსეთო სოციალ-დემოკრატიულ  პარტიაში.
   ნოე ჟორდანია და მისი მესამედასელი თანამოაზრენი, მართალია, საერთო-სარუსეთო სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გათქვეფის წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ ამ წინააღმდეგობას პრინციპული ხასიათი არ ჰქონდა, მას საფუძვლად არ ედო მყარი ეროვნული თვითშეგნება. 1903 წლისათვის მესამედასელები იდეოლოგიურად უკვე გადასულნი იყვნენ რუსული სოციალ-დემოკრატიის პოზიციაზე. ამიტომ მათ თითქმის პრინციპული წინააღმდეგობის გაუწევლად ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და მონაწილეობა მიიღეს რსდმპ კავკასიის კავშირის შექმნაში.
   1903 წლის მარტში თბილისში არალეგალურად გაიმართა რსდმპ კავკასიის კავშირის პირველი ყრილობა. ყრილობამ დააფუძნა რსდმპ კავკასიის კავშირი. ყრილობაზე ნოე ჟორდანია დაუპირისპირდა ვლადიმერ ლენინის მიერ წამოყენებული პარტიის აგების ე. წ. «დემოკრატიული ცენტრალიზმის პრინციპს და მოითხოვა რსდმპ კავკასიის კავშირი შექმნილიყო «ფართო დემოკრატიული პრინციპის საფუძველზე. ეს უკანასკნელი ითვალისწინებდა ადგილობრივი ორგანიზაციების (კომიტეტების) ავტონომიას. ყრილობამ ნოე ჟორდანიას წინადადება უარყო და ვლადიმერ ლენინის «დემოკრატიული ცენტრალიზმისპრინციპი დაუდო საფუძვლად რსდმპ კავკასიის კავშირის საორგანიზაციო წესდებას. რუსული სოციალ-დემოკრატია თანდათანობით იმაგრებდა პოზიციებს საქართველოში.
   ჯერ კიდევ 1901 წლის სექტემბერში თბილისის სოციალ-დემოკრატიულმა კომიტეტმა გამოსცა გაზეთი «ბრძოლა, რომელიც არალეგალურად იბეჭდებოდა ბაქოში მოწყობილ საიდუმლო სტამბაში. რსდმპ კავკასიის კავშირის  პირველი ყრილობის გადაწყვეტილებით ქართული «ბრძოლა და სომხური «პროლეტარიატი გაერთიანდა «პროლეტარიატის ბრძოლის სახელით და ქართულ-სომხურ-რუსულ ენებზე გამოვიდა. ყრილობამ აირჩია რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტი 9 კაცის შემადგენლობით: ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, ფილიპე მახარაძე, ალექსანდრე წულუკიძე, მიხა ცხაკაია, დიომიდე თოფურიძე, მიხეილ ბოჭორიძე, არშაკ ზურაბოვი, ბოგდან კნუნიანცი. რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტში სხვადასხვა დროს შედიოდნენ: იოსებ ჯუღაშვილი, მიხეილ დავითაშვილი, დიმიტრი პოსტოლოვსკი, სტეფანე შაუმიანი, პროკოფი ჯაფარიძე და სხვ.
   რსდმპ კავკასიის კავშირის შემადგენლობაში ყრილობის შემდეგ მალე შევიდნენ ახალშექმნილი გურიისა და იმერეთ-სამეგრელოს სოციალ-დემოკრატიული კომიტეტები.
   რსდმპ კავკასიის კავშირის საშუალებით რუსულმა სოციალ-დემოკრატიამ დიდ წარმატებას მიაღწია – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები სერიოზული გართულების გარეშე შეერწყნენ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას. «მესამე დასმა, როგორც დამოუკიდებელმა ეროვნულმა სოციალ-დემოკრატიულმა ორგანიზაციამ, არსებობა შეწყვიტა.
   ქართული სოციალ-დემოკრატიის რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიასთან სრული ინტეგრაციის საბოლოო იურიდიული გაფორმება რსდმპ მეორე ყრილობაზე შედგა.
   1903 წლის ივლის-აგვისტოში გაიმართა რსდმპ  მეორე ყრილობა. მისი მთავარი მიზანი იყო რუსეთის იმპერიის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების გაერთიანება ერთ სოციალ-დემოკრატიულ პარტიად. ყრილობის ორგანიზატორებმა ვლადიმერ ლენინმა, გიორგი პლეხანოვმა, იული მარტოვმა, პავლე აქსელროდმა და სხვებმა მიზანს მიაღწიეს.
   ყრილობას თბილისისა და ბათუმის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციებიდან ორ-ორი გადამწყვეტი ხმით ესწრებოდნენ: დიომიდე თოფურიძე (კარსკი) და არშაკ ზურაბოვი, ხოლო სათათბირო ხმით – ნოე ჟორდანია (კოსტროვი). ქართველმა დელეგატებმა ყრილობის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა კი მიიღეს, მაგრამ თავი მაინცდამაინც ვერ გამოიჩინეს. მათ საბოლოოდ ლენინ-პლეხანოვის ცენტრალისტურ-ინტერნაციონალისტური პრინციპები გაიზიარეს.
   რსდმპ  მეორე ყრილობაზე რუსეთის სოციალ-დემოკრატია ორ – მენშევიკურ და ბოლშევიკურ –ფრაქციად გაიყო. ეს ფაქტობრივად განხეთქილება იყო, თუმცა ისინი ერთ პარტიაში მოღვაწეობას განაგრძობდნენ და ყრილობაზე მიღებული რეზოლუციები, პროგრამა და წესდება სავალდებულოდ ითვლებოდა ორივე ფრაქციისათვის.
   რსდმპ  მეორე ყრილობის შემდეგ კავკასიის კავშირში ბოლშევიკებმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში უპირატესობას მიაღწიეს. რსდმპ კავკასიის კავშირის  მეორე ყრილობაზე (1903 წ. ოქტომბერი) კომიტეტის არჩევნებშიც ბოლშევიკებმა უმრავლესობა მოიპოვეს. იგივე სურათი განმეორდა კავკასიის კავშირის მესამე ყრილობაზეც (1904 წ. მაისი).
   დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, 1903-1904 წლებში, მენშევიკები და ბოლშევიკები საქართველოში ერთად მუშაობდნენ. მწვავე პოლემიკა მხოლოდ პარტიულ ელიტას შეეხო.
   2. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის შექმნა. სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის აღმავლობამ მეოცე საუკუნის დამდეგისათვის ეროვნული ინტელიგენციის ახალი თაობა პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობამდე მიიყვანა.
   მეცხრამეტე საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში სამი ძირითადი ეროვნული მიმართულება მოღვაწეობდა: გაზეთ «ივერიის ძველი თაობა;  «ივერიის რედაქციის გარშემო 1895 წლიდან ჩამოყალიბებული «ახალგაზრდა ივერიელების ეროვნულ-რადიკალური მიმდინარეობა და ჟურნალ «მოამბის ბურჟუაზიულ-ეროვნული მიმდინარეობა. 1900 წლის დეკემბერში ყოფილი «ახალგაზრდა ივერიელები და «მოამბისტები გაერთიანდნენ და თავი მოიყარეს ახალშექმნილ გაზეთ «ცნობის ფურცლის გარშემო. «ცნობის ფურცლელთა უმთავრესი იდეალი იყო ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა. ძველი თაობისაგან განსხვავებით, «ცნობის ფურცლელებს მიაჩნდათ, რომ ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის საჭირო იყო პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ ორგანიზაციას – პარტიას – შეეძლო ეწარმოებინა. მიუხედავად ამისა, «ცნობის ფურცელი პარტიის შექმნას არ ჩქარობდა. მათ უფრო მიზანშეწონილად ცნეს ჯერ საზღვარგარეთ გაზეთის გამოცემა და მისი მეშვეობით ეროვნულ-პოლიტიკური პროგრამის შემუშავება და პროპაგანდა. 1901 წლის შემოდგომაზე «ცნობის ფურცლის ჯგუფმა პარტიის ორგანიზაციისათვის შექმნა მთავარი კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ: არჩილ ჯორჯაძე, გიორგი ლასხიშვილი, გიორგი და ანდრია დეკანოზიშვილები და ვლადიმერ ლორთქიფანიძე.
   1902 წელს მთავარმა კომიტეტმა თავისი ორი წევრი – არჩილ ჯორჯაძე და გიორგი დეკანოზიშვილი – არალეგალური გაზეთის გამოსაცემად საფრანგეთში გაგზავნა. მათი თაოსნობითა და იმხანად საზღვარგარეთ მყოფი ქართველი პატრიოტი მოღვაწეების მონაწილეობით 1903 წლის 1 მაისს პარიზში გამოვიდა ეროვნულ-პოლიტიკური მიმართულების თავისუფალი ორკვირეული გაზეთი «საქართველო. გაზეთი არალეგალური გზით ვრცელდებოდა საქართველოში. გაზეთმა დიდი მუშაობა გასწია ეროვნულ-პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციისათვის. ამ მიზნით «საქართველოს რედაქციამ ითავა ქართული პოლიტიკური მიმდინარეობების გამაერთიანებელი კონფერენციის მოწვევა. კონფერენციის მიზანი იყო გაერკვია: 1. რას ფიქრობდნენ ქართული პოლიტიკური ძალები ეროვნულ საკითხზე; 2. შესაძლებელი იყო თუ არა ამ ძალების გაერთიანება ეროვნული იდეის ქვეშ. პოლიტიკურ ძალებში იგულისხმებოდნენ: გაზეთ «საქართველოს წარმომადგენლები, სოციალ-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატიული მიმდინარეობის ჯგუფები, ანარქისტები, სოციალისტ-რევოლუციონერები და ეროვნული მოღვაწეები, რომლებიც არც ერთ პარტიულ მიმართულებას არ ეკუთვნოდნენ.
   1904 წლის 1 აპრილს ჟენევაში გაიხსნა საზღვარგარეთ მყოფი ეროვნულ-პოლიტიკური და რევოლუციური მიმდინარეობების წარმომადგენელთა, ან როგორც მაშინ უწოდებდნენ, «ქართველ რევოლუციონერთა  პირველი კონფერენცია. კონფერენციის მუშაობაში, რომელიც ერთ კვირას გაგრძელდა, მონაწილეობას იღებდნენ: «საქართველო რედაქციის წარმომადგენლები: არჩილ ჯორჯაძე (საბუელი), გიორგი დეკანოზიშვილი (ქართლელი); ანარქისტები: ვარლამ ჩერქეზიშვილი (მანაველი), კომანდო (გიორგი) გოგელია (ორგეიანი), მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (თერგელი), ალექსანდრე გაბუნია (ვერმიცანიძე); ქართველი სოციალისტ-რევოლუციონერები (ესერები) და ეროვნულ-დემოკრატები, რომლებიც ფსევდონიმებით არიან კონფერენციის ოქმებში მოხსენიებულნი და მათი ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. თავდაპირველად კონფერენციაზე გამოცხადდნენ ქართველი სოციალ-დემოკრატებიც: ნოე ჟორდანია (დევიანი) და მისი ოთხი თანაპარტიელი. მათ იდეური მოსაზრებით მეორე დღესვე დატოვეს კონფერენცია. სულ კონფერენციას 26 კაცი ესწრებოდა. კონფერენციამ რვა საკითხი განიხილა და მიიღო შესაბამისი რეზოლუციები. ამათგან მთავარი იყო, თუ რა ლოზუნგით უნდა ებრძოლათ ეროვნულ ძალებს, რა ფორმით უნდა მომხდარიყო ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენა. კონფერენციაზე იყვნენ საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრენიც, მაგრამ აბსოლუტურ უმრავლესობას იმხანად არსებულ ვითარებაში შეუძლებლად მიაჩნდა დამოუკიდებლობის მოპოვება. ისინი თვლიდნენ, რომ აუცილებელი იყო უფრო რეალური პოლიტიკური მიზანდასახულობისათვის (საქართველოს ავტონომიისათვის) ბრძოლა. ჟენევის კონფერენციამ მიიღო საქართველოს ავტონომიის მოთხოვნა, მომავალი დემოკრატიული  რუსეთის ფარგლებში. აგრარულ საკითხში მიიღეს მიწების სოციალიზაციის მოთხოვნა, რომელიც რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა (ესერთა) პარტიის პროგრამიდან იყო აღებული. სოციალიზაცია გულისხმობდა მიწების განსაზოგადოებრიობასა და მათ სასოფლო თემებისათვის გადაცემას. სპეციალური რეზოლუციით კონფერენციის მონაწილე ფრაქციებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის იმპერიის ყველა ოპოზიციურ და რევოლუციურ პარტიას, რომლებიც მონარქიის დამხობისათვის იბრძოდნენ.
   ჟენევის კონფერენციის უმთავრესი შედეგი იყო «ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის შექმნა. კონფერენციის მონაწილე პოლიტიკურმა მიმდინარეობებმა: ავტონომისტ-»საქართველოისტებმა, ანარქისტებმა, ესერებმა და ეროვნულ-დემოკრატებმა გაერთიანების შედეგად შექმნეს ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია, რომელიც ბლოკისტურ ხასიათს ატარებდა. გაერთიანება საქართველოს ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის მოთხოვნის ნიადაგზე მოხდა. მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებით ახალშექმნილ პარტიას საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია ეწოდა.
   სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია საქართველოში პირველი ეროვნული მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაცია იყო. მის მიზანდასახულობასა და მოღვაწეობაშიც უმთავრესს ყოველთვის ეროვნული პრობლემატიკა წარმოადგენდა. ამავე დროს, ფედერალისტები სოციალისტურ პარტიას წარმოადგენდნენ. ფედერალისტების სოციალიზმი დემოკრატიული ხასიათისა იყო, რომელიც ბურჟუაზიული საზოგადოების ევოლუციური განვითარების შედეგად უნდა განხორციელებულიყო. ქართველი ფედერალისტები ევროპული ტიპის დემოკრატიული სოციალიზმის მომხრენი იყვნენ. ამავე დროს, ისინი ესერული და ანარქისტული სოციალიზმის გავლენასაც განიცდიდნენ. ქართველი სოციალისტ-ფედერალისტებისათვის უმთავრესი ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის ფორმით ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენა იყო.
   3. ესერთა (სოციალისტ-რევოლუციონერთა) ორგანიზაციები საქართველოში. ესერთა წინაპარი – ნეოხალხოსნური მცირერიცხოვანი წრეები მეცხრამეტე საუკუნის 90-იან წლებში არსებობდნენ საქართველოში. მათ უმრავლესობას რუსი ნეოხალხოსნები შეადგენდნენ. 1902 წელს შეიქმნა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია, რომელიც ცდილობდა იმპერიის განაპირა ქვეყნების ნეოხალხოსნური ჯგუფები შეეერთებინა და საერთო-სარუსეთო მასშტაბის ცენტრალიზებული პარტია შეექმნა. ამ მიზნით საქართველოში ზედიზედ ჩამოვიდნენ ესერთა ლიდერები.
   საქართველოს ნეოხალხოსნურ მოძრაობაში ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა: ინტერნაციონალისტები, რომლებიც რუსულ პარტიასთან გაერთიანების მომხრენი იყვნენ და ეროვნული მიმართულების ნეოხალხოსნები, რომლებიც დამოუკიდებელი ქართული პარტიის შექმნას ცდილობდნენ. ეს უკანასკნელნი ის ყოფილი ქართველი ხალხოსნები იყვნენ, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ჯერ «ახალგაზრდა ივერიელთა, შემდეგ «ცნობის ფურცლელთა მოღვაწეობაში, ხოლო ბოლოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის დამაარსებლადაც მოგვევლინნენ.
   ინტერნაციონალისტური მიმართულების ნეოხალხოსნური წრეების გაერთიანების შედეგად 1901 წლიდან საქართველოში ჩამოყალიბდა ესერთა ორგანიზაცია. მასში უმთავრესად შედიოდნენ ჩამოსახლებული ან ადგილობრივი ნეოხალხოსნური მოძრაობის მონაწილენი: ალექსანდრე კალუჟნი, ლევ ბეკი და სხვ. ეს ორგანიზაცია არ ქცეულა რაიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად საქართველოში.
   მეოცე  საუკუნის დამდეგისათვის საქართველოში ესერები წარმოდგენილი იყვნენ რუსეთის ესერთა პარტიის ადგილობრივი ჯგუფებითა და ორგანიზაციებით. ესერთა სისუსტის მიზეზი იყო სოციალ-დემოკრატიის, სოციალიზმ-ფედერალიზმისა და ქართული ეროვნული მოძრაობის სიძლიერე. სოციალ-დემოკრატებმა კონკურენციაში დაამარცხეს, ხოლო სოციალისტ-ფედერალისტებმა სოციალური ბაზის გარეშე დატოვეს რუსეთის ესერთა პარტია.
   4. ანარქიზმი საქართველოში. ანარქიზმი ერთ-ერთი სოციალისტური მიმდევრობათაგანია, რომელიც მთელი მეცხრამეტე საუკუნის მანძილზე ყალიბდებოდა ევროპაში. ანარქიზმის ქვაკუთხედი სახელმწიფოს უარყოფაა. ამას მოსდევს ადამიანური ყოფის შემზღუდველი სისტემებისა და ნორმების უარმყოფელი შეხედულებანი, რომელთა დასაბუთებაც ანარქიზმის ფუძემდებელთა და მათ მიმდევართა ნააზრევში აისახებოდა.
   სხვა სოციალური მოძღვრებებისაგან განსხვავებით, ანარქიზმი საქართველოში რუსეთიდან არ გავრცელებულა. ანარქისტული იდეები საქართველოში, ევროპის ემიგრაციაში მყოფმა ქართველმა ანარქისტებმა შემოიტანეს. მეოცე  საუკუნის დამდეგს ანარქისტული მოძრაობის ხანმოკლე ბუმი საქართველოში დაკავშირებული იყო ევროპიდან ჩამოსული მოღვაწეების: ვარლამ ჩერქეზიშვილის, კომანდო (გიორგი) გოგელიასა და მიხაკო წერეთლის სახელებთან.
   მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლებიდან დასავლეთ ევროპაში ემიგრაციაში მყოფი ვარლამ ჩერქეზიშვილი საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი იყო. იგი პეტრე კროპოტკინთან, ელიზე რეკლიუსთან, ჯეიმს გილიომთან და სხვებთან ერთად მიეკუთვნებოდა ევროპული ანარქიზმის ელიტას. პარიზში ფრანგულ ენაზე გამოცემული მისი ნაშრომები: «ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან (1896 წ.) და «ინტერნაციონალის წინამორბედნი (1899 წ.), მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა და მეოცე  საუკუნის დასაწყისში არაერთხელ გამოიცა ინგლისში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, ჩინეთში, იაპონიაში და სხვ. ნაშრომში «ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან, რომელიც რუსეთში მრავალჯერ გამოიცა, ვარლამ ჩერქეზიშვილი დასაბუთებულად ამტკიცებდა, რომ მრავალი თეზისი, რომელიც აღმოჩენად მოინათლა, კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა გადმოიღეს დასავლეთევროპელი მოაზროვნეებისაგან, ხოლო მათი განთქმული «კომუნისტური პარტიის მანიფესტი წარმოადგენდა ფრანგი ფურიერისტის ვიქტორ კონსიდერანის ერთ-ერთი ნაშრომის პლაგიატს. ამ საშინელი ბრალდების გამო ქართველ ანარქისტს პერმანენტულად ეკამათებოდნენ საერთაშორისო და რუსული მარქსიზმის ავტორიტეტები: კარლ კაუცკი, ვილჰელმ ლიბკნეხტი, გიორგი პლეხანოვი, იოსებ სტალინი და სხვ. უფრო დაბალი რანგის სოციალისტები ვარლამ ჩერქეზიშვილთან დავას ერიდებოდნენ.
   მეოცე  საუკუნის დამდეგს დასავლეთ ევროპაში სწავლობდა და რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურად მონაწილეობდა მეორე ქართველი ანარქისტი კომანდო (გიორგი) გოგელია. 1903 წელს კომანდო გოგელიამ ჟენევაში გამოსცა პირველი რუსულენოვანი ანარქისტული გაზეთი «ხლებ ი ვოლია. სწორედ ამ გაზეთმა დაუდო სათავე რუსეთში ანარქიზმის აღმავლობას, რის გამოც კომანდო გოგელია რუსული ანარქიზმის ერთ-ერთ აღიარებულ ავტორიტეტად იქნა მიჩნეული. მეოცე  საუკუნის დამდეგიდან ანარქისტები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში: წერილებს აქვეყნებდნენ პრესაში, ეხმარებოდნენ გაზეთ «საქართველოს საფრანგეთში, ქართველ მოღვაწეებს აკავშირებდნენ ევროპის რევოლუციურ-პოლიტიკურ წრეებთან და ა. შ. განსაკუთრებით მხურვალე მონაწილეობა მიიღეს მათ ჟენევის კონფერენციაში (1904 წ.), რომლის შემდეგაც ქართველი ანარქისტები სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიაში გაერთიანდნენ ბლოკის პრინციპით.
   5. ეროვნულ-დემოკრატები. მეცხრამეტე-მეოცე  საუკუნეთა მიჯნაზე ეროვნულ-დემოკრატიულად განწყობილი მოღვაწეები «ცნობის ფურცლის ჯგუფში გაერთიანდნენ. ეს იყო ჟურნალ «მოამბის ყოფილი ბურჟუაზიულ-ეროვნული მიმდინარეობა. ეროვნულ-დემოკრატები «ცნობის ფურცლელთა მემარჯვენე ფრთას შეადგენდნენ. ეროვნულ-დემოკრატიული ფსიქოლოგია იმდენად ძლიერი იყო ჯგუფში, რომ 1901-1902 წლებში «ცნობის ფურცლელებმა პროკლამაციები «ეროვნულ-დემოკრატიული კომიტეტის სახელით გამოსცეს. 1904 წელს ეროვნულ-დემოკრატები სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიაში შევიდნენ და აქაც მემარჯვენე ფრთა შეადგინეს. ეს იყო ერთადერთი პოლიტიკური მიმდინარეობა საქართველოში, რომელიც არც ერთ სოციალისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდა და წმინდა ეროვნულ მიმართულებას განასახიერებდა. ეროვნულ-დემოკრატები იცავდნენ კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპს და ცდილობდნენ ზეკლასობრივი, ზოგადქართული ტიპის პოლიტიკური პარტიის შექმნას. ეროვნულ-დემოკრატები ილია ჭავჭავაძის ერთადერთ ჭეშმარიტ მიმდევრებად მიიჩნევდნენ თავს და სხვებისაგან განსხვავებით უკრიტიკოდ აღიარებდნენ მის უნივერსალურ ავტორიტეტს. ეროვნულ-დემოკრატები მოითხოვდნენ ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენას ავტონომიის ფორმით. 1905 წლის სოციალური მოძრაობის აღმავლობამ ეროვნულ-დემოკრატები მიიყვანა დასკვნამდე, რომ წმინდა ეროვნულ მიმართულებას საქართველოში დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია უნდა შეექმნა. თავის ახალგაზრდა მიმდევრებს მხარში ამოუდგა ილია ჭავჭავაძე. ეროვნულ-დემოკრატები განსაკუთრებით 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის გამოსვლის შემდეგ გააქტიურდნენ. 1905 წლის მიწურულს შედგა ეროვნულ-დემოკრატიულად განწყობილი ინტელიგენციის შეკრება, რომელმაც ილია ჭავჭავაძის წინადადებით მიიღო პარტიის შექმნის გადაწყვეტილება. ინიციატორთა შორის იყვნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი გვაზავა, პავლე თუმანიშვილი, ნიკოლოზ (ნიკო) თავდგირიძე და სხვ. 1906 წლის დასაწყისში დაიბეჭდა და ბროშურის სახით გავრცელდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პროგრამა და წესდება. ოფიციალურად ახალ პარტიას ქართული დემოკრატიული პარტია ეწოდა. ილია ჭავჭავაძემ, ენერგიული მონაწილეობის მიუხედავად, ახალი პარტიის თავმჯდომარეობაზე უარი განაცხადა და ამ პოსტზე ივანე ზურაბიშვილის კანდიდატურა წამოაყენა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ფორმირება იმხანად აღარ გაგრძელებულა. რევოლუციის დამარცხებამ, ავტონომიის იდეისა და ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ სოციალ-დემოკრატიის გააფთრებულმა ბრძოლამ, დაბოლოს, ილია ჭავჭავაძის ტრაგიკულმა აღსასრულმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აქტიური პოლიტიკური საქმიანობა რამდენიმე წლით შეაფერხა.
   1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში საქართველოში რამდენიმე სხვა პარტიაც არსებობდა. მათ რიცხვს განეკუთვნებოდა ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტია და  რადიკალური პარტია. მათი საქმიანობა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებთან იყო დაკავშირებული.
   საქართველოში მოქმედებდა რამდენიმე არაქართული პოლიტიკური პარტია და ორგანიზაცია: რუსული პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციები; სომხური პარტიები: დაშნაკცუტიუნი და ჰნჩაკი. აზერბაიჯანული მუსავატის ფილიალი და სხვ. მათგან სიძლიერით გამოირჩეოდნენ სომეხი დაშნაკები, რომლებსაც სერიოზული გავლენა ჰქონდათ თბილისში და სომხებით დასახლებულ საქართველოს სხვა რეგიონებში.
4. საზოგადოების სოციალური სტრუქტურა. სოციალური მოძრაობა
   1. საზოგადოების სოციალური სტრუქტურა. საქართველოს კოლონიურმა მდგომარეობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არა მარტო კაპიტალისტური ურთიერთობების განვითარებაზე, არამედ ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ სტრუქტურაზეც.
   1897 წლის აღწერით თავადაზნაურობა საქართველოს 1 მილიონ 919 ათასიანი მოსახლეობის 5,6 პროცენტ-ს შეადგენდა. ამ წოდების წარმომადგენლებს პირობითად შეიძლება ეწოდოს პრივილეგირებული. მათ დიდ უმრავლესობას შეადგენდნენ ე. წ. «შემოდგომის აზნაურები ანუ წვრილი, მცირემიწიანი, გაღატაკებული აზნაურები. თავადაზნაურობის მხოლოდ მცირე ნაწილი ფლობდა ვრცელ მამულებს, უმაღლეს მდგომარეობასა და თანამდებობებს. კაპიტალიზმის აღმავლობის პირობებში ქართველი თავადაზნაურობის დიდი ნაწილი ჩალის ფასად ყიდდა თავის მამულს, რომელსაც ძირითადად უცხოტომელი, განსაკუთრებით სომხური ბურჟუაზიის წარმომადგენლები ყიდულობდნენ. სომხური ბურჟუაზია ათიათასობით დესეტინა მიწას ფლობდა საქართველოში. პატრიოტული ინტელიგენცია შეშფოთებული იყო იმით, რომ ქართველობას ხელიდან აცლიდნენ ყველაზე ძვირფასს – მშობლიურ მიწა-წყალს და მას უცხოტომელებს უგდებდნენ ხელში. თავადაზნაურთა მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო თავის მამულებში მეურნეობა კაპიტალისტურ ყაიდაზე გარდაექმნა.
   მოსახლეობის მეორე შეძლებული ფენა ბურჟუაზია იყო. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც კაპიტალიზმის განვითარება ბუნებრივი გზით წარიმართა, ყალიბდებოდა ეროვნული ბურჟუაზია. კოლონიურმა მდგომარეობამ განაპირობა კაპიტალიზმის ერთ-ერთი უარყოფითი თავისებურება ჩვენს ქვეყანაში – საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა ეროვნული ბურჟუაზია, რომელსაც შეეძლო მოხვეჭილი სიმდიდრის ნაწილი უკუგებით მოეხმარებინა საკუთარი ქვეყნისათვის.
   საქართველოს ეკონომიკას თავიდანვე დაეპატრონა არაქართული ბურჟუაზია – დასავლეთევროპელები, რუსები, სომხები, ბერძნები, თურქები... მათ ხელში იყო ფაბრიკები, ქარხნები, რკინიგზა, ნავთობის ტრანზიტი, მადნეულის მოპოვება და ექსპორტი და სხვ. 1900 წლისათვის ბათუმში მოქმედი ნავთობის საექსპორტო ჭურჭლის ქარხნები როტშილდის, ნობელის, მანთაშევის, ხაჩატრიანცის, სიდერიდისისა და სხვათა ფირმების ხელში იყო. ხე-ტყის მრეწველობის ქარხნებს ფლობდნენ: სერებრიაკოვი, მაქსიმოვი, ტერ-ასატუროვები, ზეზემანი, ავშაროვი და სხვები. შალის, ქეჩის ქსოვილების, ტყავისა და ფეხსაცმლის წარმოებას ადელხანოვი ფლობდა. სასოფლო-სამეურნეო იარაღების შემოზიდვას აუფერმანის, აკოფოვის, ბახტამიანცისა და სხვათა ფირმები აწარმოებდნენ. უცხოტომელ კაპიტალისტთა მასაში აქა-იქ თუ გამოჩნდებოდა ორიოდე ქართველი მეწარმის გვარი: დავით სარაჯიშვილი, აკაკი ხოშტარია, მიტროფანე ლაღიძე. რუსულ სახელმწიფოსთან ერთად, უცხოტომელი ბურჟუაზიის სახით, ქართველ ხალხს მეორე ექსპლოატატორი გამოუჩნდა. ქართველი საზოგადოების მოწინავე წარმომადგენლებს კაპიტალიზმის ამგვარი სახით განვითარება, ქვეყნის საბოლოო ეკონომიკური დაკაბალების წინაპირობად მიაჩნდათ.
   ვაჭრები საქართველოს მოსახლეობის 0,3 პროცენტ-ს შეადგენდნენ. ისინი ხელოსნებთან და დაქირავებულ შრომაში ჩაბმულ მოქალაქეებთან ერთად წარმოადგენდნენ ე. წ. «მეშჩანებს და მთლიანად ქვეყნის მოსახლეობის 6,5 პროცენტ-ს შეადგენდნენ.
   მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (83,6 პროცენტი) გლეხობა იყო. მეოცე  საუკუნის დამდეგს ნელი ტემპით, მაგრამ მაინც მიმდინარეობდა დროებითვალდებული გლეხების მიერ ნადელების გამოსყიდვის პროცესი. 1904 წლისათვის დროებითვალდებულთა საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარმა გამოისყიდა ნადელი და მიწის მესაკუთრე გახდა. ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა იყო დასავლეთ საქართველოში. გლეხის მიწის მესაკუთრედ გადაქცევის პროცესს არაერთი ფაქტორი უშლიდა ხელს: უფულობა, მემამულეთა წინააღმდეგობა, ბიუროკრატიული ფორმალობები. არანაკლებ ამძიმებდა გლეხთა მდგომარეობას უკიდურესი მცირემიწიანობა. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფო გლეხობას საშუალოდ 2 დესეტინამდე მიწა გააჩნდა დასავლეთ საქართველოში, ცოტა მეტი – თბილისის გუბერნიაში. კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში იყვნენ ხიზანთა კატეგორიაში მყოფი გლეხები. ერთი სიტყვით, საქართველოში მცხოვრები ყველა კატეგორიის გლეხკაცობა – ე. ი. ქვეყნის მთავარი მწარმოებელი მოსახლეობა – მწვავედ განიცდიდა უმიწობასა თუ მცირემიწიანობას. არსებული სისტემის პირობებში ამ პრობლემის გადაჭრას პერსპექტივა არ გააჩნდა. ამგვარ ვითარებაში ქართველი გლეხკაცობის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა საქართველოში რუსეთის გუბერნიებიდან მოსახლეობის ჩამოსახლების უწყვეტი და მეოცე  საუკუნის დასაწყისში კიდევ უფრო გაძლიერებული პროცესი. ჩამოსახლებულებს რუსეთის ხელისუფლება სწორედ ქართველობის ხარჯზე უხვად ურიგებდა სახნავ-სათესად ვარგის საუკეთესო მიწას.
   მეოცე  საუკუნის დასაწყისის უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოსახლეობის სოციალურ სტრუქტურაში მუშათა კლასის საბოლოო ჩამოყალიბება იყო. საქართველოს მუშათა კლასი ეროვნული შემადგენლობით მრავალეროვნული იყო. მრეწველობაში ჩაბმული მუშების ძირითად უმრავლესობას (56 პროცენტი) ქართველები შეადგენდნენ, მაგრამ ზოგიერთ ქარხანაში არაქართველი მუშები სჭარბობდნენ. კავკასიის კოლონიური ხელისუფლება ინტენსიურად უწყობდა ხელს რუსეთიდან მუშების ჩამოსახლებას. ქართველი მუშების უმრავლესობა კავშირს ინარჩუნებდა სოფელთან და ცდილობდა მთლიანად არ მოწყვეტოდა მიწას. შეიძლება ითქვას, ეს გარემოება ქართველი პროლეტარიატის თავისებურება იყო. ქართველი მუშების სიახლოვე სოფელთან თავის მხრივ განაპირობებდა გლეხობის სოციალურ-პოლიტიკურ შეხედულებებს.
   მცირე ხვედრითი წილი გააჩნდათ სხვა სოციალურ ფენებს, მაგალითად, ინტელიგენციას, მოსწავლე-ახალგაზრდობას, თუმცა მათი პოლიტიკური აქტივობა განუზომლად მაღალი იყო სხვა სოციალურ ფენებთან შედარებით. ინტელიგენციამ, მოსწავლე და სტუდენტმა ახალგაზრდობამ მეოცე  საუკუნის დასაწყისში საბოლოოდ დაიმკვიდრა არა მარტო საზოგადოებრივი ცხოვრების ლიდერის როლი, რაც მას ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში გააჩნდა, არამედ ეროვნულ-პოლიტიკური ავანგარდის რთული და საპატიო მისიაც იკისრა.
   2. მუშათა გამოსვლები. მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის ხელისუფლება ადვილად უმკლავდებოდა იმპერიის სხვადასხვა მხარეში მომხდარ სოციალური ხასიათის გამოსვლებს, რომლებსაც სპონტანური და სტიქიური ხასიათი ჰქონდათ. სამრეწველო პროლეტარიატის ჩამოყალიბებამ სოციალურ მოძრაობას მეცხრამეტე საუკუნის უკანასკნელ ათწლეულსა და განსაკუთრებით მეოცე  საუკუნის დასაწყისში სრულიად ახალი, ორგანიზებული და, რაც მთავარია, პოლიტიკური ელფერი შესძინა. სოციალური მოძრაობა ხელისუფლებისათვის უაღრესად საშიში გახდა.
   მუშათა მოძრაობის აღმავლობისათვის რუსეთის იმპერიაში და, კერძოდ, საქართველოში საკმარისზე მეტი მიზეზი არსებობდა. საქართველოში ახალწარმოქმნილ პროლეტარიატს მძიმე პირობებში უხდებოდა ცხოვრება. ევროპის ქვეყნებისაგან განსხვავებით, რუსეთში არ არსებობდა მუშათა უფლებების დამცველი ორგანიზაციები, პროფკავშირული მოძრაობა და ა. შ. სოციალური გარანტიების სრული უქონლობა და სრულიად უნუგეშო მდგომარეობა მუშათა შორის ნერგავდა ბუნებრივი პროტესტის განწყობას, რომელიც ქარხნის მეპატრონის და საბოლოოდ არსებული სოციალური სისტემის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამგვარ ვითარებაში, სოციალისტური იდეები ადვილად იპყრობდა მუშათა ფსიქოლოგიას. იმპერიის საერთო სურათის ანალოგიურად, საქართველოს მუშათა კლასის ერთადერთ მოკავშირედ და მეთაურად პოლიტიკური პარტიები იქცნენ.
   საქართველოში მუშათა მოძრაობის სადავეები ყველაზე პირველად სოციალ-დემოკრატებმა იგდეს ხელთ. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის 90-იან წლებში მუშათა მოძრაობა საქართველოში სოციალური მოძრაობის უმნიშვნელოვანეს და წამყვან ძალად იქცა. უკვე ამ პერიოდში ფაბრიკა-ქარხნებში სოციალ-დემოკრატები აქტიურად მოქმედებდნენ, უკავშირდებოდნენ მუშებს. მიუხედავად ამისა, 1899 წლამდე თბილისში სოციალ-დემოკრატები ჯერ კიდევ ვერ გვევლინებოდნენ მუშათა გამოსვლების ორგანიზატორებად. გაფიცვებს წმინდა მუშური ხასიათი ჰქონდა. მაგრამ უკვე 1899 და 1900 წლების მაისობების აღნიშვნის დროს მუშათა გამოსვლებს სოციალ-დემოკრატები ხელმძღვანელობდნენ. 1901 წლის 22 აპრილს თბილისის ქუჩებში დაახლოებით 2000 მუშა გამოვიდა და პირველი მაისის საერთაშორისო დღესასწაული პოლიტიკური დემონსტრაციით აღნიშნა. ეს იყო სოციალ-დემოკრატების ხელმძღვანელობით მოწყობილი ფართომასშტაბიანი პოლიტიკური გამოსვლა. 1900-1901 წლებში თბილისში მოწყობილ მუშათა გაფიცვებსა და გამოსვლებში სისტემატურად მონაწილეობდნენ სოციალ-დემოკრატები. თბილისის მუშათა გამოსვლების ცენტრს ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარისახელოსნოები წარმოადგენდა. 1901-1902 წლებში მუშათა გაფიცვები თბილისის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა.
   განსაკუთრებული შეუპოვრობით გამოირჩეოდა ბათუმის მუშათა გამოსვლები 1902-1903 წლებში, რომლებმაც მთელს იმპერიაში პოვა გამოძახილი. 1902 წლის 9 მარტს მოხდა გაფიცულთა შეტაკება პოლიციასა და ჯარის ნაწილებთან, რომლის დროსაც 13 მუშა დაიღუპა. მუშათა დაპატიმრებებს, რეპრესიებსა და 9 მარტის ტრაგიკულ მოვლენებს მოძრაობის აღმავლობა მოჰყვა. მოეწყო დაღუპული მუშების დაკრძალვა. ეს იყო დიდი პოლიტიკური დემონსტრაცია. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ მრავალი აქტიური მუშა და სოციალ-დემოკრატი დააპატიმრა, გამოსვლები დიდხანს გრძელდებოდა.
   ბათუმის მუშათა 1902-1903 წლების მოძრაობას რსდმპ ბათუმის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტი მეთაურობდა. ბათუმის მუშათა ორგანიზებაში განსაკუთრებული როლი შეასრულეს: იოსებ ჯუღაშვილმა, კარლო ჩხეიძემ, ისიდორე რამიშვილმა და სხვ. კავკასიის კოლონიური ადმინისტრაცია დარწმუნდა, რომ მუშათა და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის სახით მას სერიოზული პოლიტიკური მოწინააღმდეგე მოევლინა. მუშათა მოძრაობის უკან იდგა და მას ფარულად წარმართავდა მთელი იმპერიის მასშტაბით მოქმედი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, რომლის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდნენ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები. ამ დროისათვის სოციალ-დემოკრატებს უკვე შეეძლოთ მოძრაობაში მოეყვანათ და იმპერიის ხელისუფლებისათვის დაეპირისპირებინათ მუშათა მნიშვნელოვანი მასები. სისტემატური რეპრესიების მიუხედავად, რსდმპ თბილისისა და ბათუმის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტები უწყვეტად ფუნქციონირებდნენ და სათავეში ედგნენ მუშათა მოძრაობას.
   3. აგრარული მოძრაობა. მეოცე  საუკუნის დასაწყისში საქართველოს გლეხობაში გაძლიერდა საპროტესტო მოძრაობა, რომელიც აგრარულ ხასიათს ატარებდა. გლეხთა მოძრაობას რამდენიმე მიზეზი განაპირობებდა: 1) გლეხობის ნაწილი დარწმუნდა, რომ მემამულეები არავითარ შემთხვევაში არ გააუმჯობესებდნენ მათ მძიმე მდგომარეობას; 2) ხელისუფლება ყველა შემთხვევაში მიწის მფლობელთა ინტერესებს დაიცავდა; 3) არსებული სისტემის შენარჩუნების შემთხვევაში გლეხური მოსახლეობის უმრავლესობას მხოლოდ სიღატაკეში ცხოვრება და შიმშილი ელოდა.
   საქართველოს გლეხობამ გადაწყვიტა გამოუვალი მდგომარეობიდან ძალის გამოყენებით ეპოვა გამოსავალი. გლეხთა საპროტესტო განწყობილების მომწიფებას დიდად შეუწყეს ხელი მუშებმა, რომელთა დიდი ნაწილიც, როგორც აღვნიშნეთ, სოფელთან იყო დაკავშირებული (მიწა, ოჯახი). გლეხობის რადიკალიზაციაზე დიდი გავლენა მოახდინეს ქალაქიდან სოფლებში ხელისუფლების მიერ იძულებით დაბრუნებულმა საგაფიცვო მოძრაობის მონაწილე მუშებმა. დაბოლოს, გლეხებს გამოსვლებისაკენ აქეზებდნენ და ხელისუფლების წინააღმდეგ რაზმავდნენ სოციალ-დემოკრატები. ყოველივე ამან გამოიწვია გლეხთა აგრარული მოძრაობის არაჩვეულებრივი სიძლიერე და შეუპოვრობა ქართულ სოფელში.
   გლეხთა გამოსვლებმა ინტენსიური აგრარული მოძრაობის ხასიათი 1902 წლის გაზაფხულიდან მიიღო. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეული სოფლების გლეხები მიტაცებულ საძოვრებს ედავებოდნენ მემამულეებს, არ ერიდებოდნენ შეტაკებას მემამულეებთან და ჯარის ნაწილებთან, არბევდნენ მემამულეთა სახლ-კარს, ბოიკოტს უცხადებდნენ მემამულეებს და სხვ. განსხვავებით ქართლ-კახეთისაგან, სადაც მოძრაობას ცალკეული გამოსვლების სახე ჰქონდა, დასავლეთ საქართველოში გლეხთა გამოსვლებმა მასობრივი ხასიათი მიიღო. განსაკუთრებული სიმძლავრითა და ორგანიზებულობით გამოირჩეოდა გურიის გლეხთა მოძრაობა. 1902 წლის მაისში სოფელ ნიგოითში მოხდა გლეხების შეტაკება მემამულეებთან. მალე მღელვარება მთელ გურიას მოედო. გლეხები სასოფლო ყრილობაზე იკრიბებოდნენ, გამოჰქონდათ მემამულეებთან სადავო პრობლემების შესახებ დადგენილებები. როდესაც თავადმა გურიელმა ქუთაისის გუბერნატორს ურჩთა დასაწყნარებლად ჯარი მოსთხოვა, გურიელი და რამდენიმე მემამულე გლეხებმა მოკლეს. ხელისუფლებამ მღელვარების მოთავენი დააპატიმრა, მაგრამ ისინი გლეხებმა გაათავისუფლეს. არ გასჭრა სხვა ღონისძიებებმაც. ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა თავად ჩამოიარა გურიის სოფლები და მორჩილებისაკენ მოუწოდებდა გლეხებს, თან სასჯელით ემუქრებოდა მათ. გლეხებმა ბოლომდე ბრძოლა განიზრახეს. მათ ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტეს ხელისუფლებასთან, მემამულეებთან, ადგილობრივ მოხელეებთან. გურია თითქოს თვითმმართველ რესპუბლიკად იქცა. ხელისუფლება უპრეცედენტო დაუმორჩილებლობას დიდხანს ვერ მოითმენდა. გურიაში სამხედრო წესები გამოცხადდა. მხარეში კბილებამდე შეიარაღებული პოლკი შეიყვანეს, სოფლებში ეგზეკუციები ჩააყენეს. გურიაში დაიწყო კაზაკთა განუკითხავი თარეში: ძარცვა, აწიოკება, გაუპატიურება, რეპრესიები. ასეულობით გლეხი დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. გურიის გლეხობის შეუპოვარმა და ორგანიზებულმა ბრძოლამ მთელი იმპერიის საზოგადოებრიობის ყურადღება მიიპყრო. მის შესახებ წერდნენ ევროპის პრესაში. მიუხედავად ვაჟკაცური ბრძოლისა, გურიის გლეხობამ შედეგად ექვსთვიანი აწიოკება და რეპრესიები მოიმკო.
   გლეხთა მღელვარებები მიმდინარეობდა დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებშიც: რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, იმერეთში.
   მიუხედავად იმისა, რომ სოციალ-დემოკრატები ცდილობდნენ გლეხთა მოძრაობისათვის პოლიტიკური შინაარსი მიეცათ, გლეხთა მოძრაობა მეოცე  საუკუნის დამდეგს არ გასცდენია ეკონომიკურ მოთხოვნებს.
   1900-1904 წლების სოციალურმა მოძრაობამ ვერც ერთი მწვავე საკითხი ვერ გადაწყვიტა. ვერც მუშათა გამოსვლებმა, ვერც გლეხთა აგრარულმა მოძრაობამ მიზანს ვერ მიაღწია. არც ხელისუფლებამ მოიმოქმედა რაიმე საკუთარი მოსახლეობის მწვავე ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადასაჭრელად.
   წინააღმდეგობა რადიკალური დაპირისპირების ტენდენციით განვითარდა, რაც რევოლუციისაკენ მიაქანებდა რუსეთის იმპერიასა და მის შემადგენელ ნაწილს – საქართველოს.

5. ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპი
   1. ბრძოლა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის . 1901 წელს შესრულდა რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების 100 წელი. კავკასიის კოლონიურმა ადმინისტრაციამ და მისმა მხარდამჭერმა ქართულმა არისტოკრატიამ ზარ-ზეიმით აღნიშნა «იუბილე. რუსული ოფიციალური პრესა ხოტბას ასხამდა ქართველობას, რომელმაც «ნებაყოფლობით გაუხსნა კავკასიის კარი რუსეთის მხედრობას. 1901 წლის სექტემბერში თბილისში სტუმრად ჩამოვიდნენ დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე, საბერძნეთის დედოფალი სოფია, კიევის, პეტერბურგის, მოსკოვისა და სხვა გუბერნიების თავადაზნაურობის მარშლები. ოფიციალურმა თბილისმა ყველაფერი იღონა, რათა დღესასწაული ჩაეტარებინა, მაგრამ პატრიოტულად განწყობილმა ქართულმა ინტელიგენციამ არამცთუ მონაწილეობა არ მიიღო ზეიმში, არამედ მტკიცე პროტესტით შეხვდა სამარცხვინო «იუბილეს. დაგეგმილი დღესასწაულის დღეებში თბილისში, თელავსა და სხვა ქალაქებში «ქართველ ნაციონალ-დემოკრატების კომიტეტის ხელმოწერით გაავრცელეს ოთხი პროკლამაცია. «ნაციონალ-დემოკრატები გმობდნენ რუსეთის ბატონობას საქართველოში. «ნაციონალ-დემოკრატების სახელით «ცნობის ფურცლის ჯგუფის მთავარი კომიტეტი მოქმედებდა და ერთ-ერთი პროკლამაციის ავტორი არჩილ ჯორჯაძე იყო. «ქართველებო, – ამ სახელწოდებით გავრცელებულ მეორე პროკლამაციაში ვკითხულობთ: «ხალხის კეთილდღეობა მოითხოვს ქონება-შეძლების უთანასწორობის მოსპობას და დემოკრატიული საზოგადოების დაფუძნებას. ხალხის კეთილდღეობა მოითხოვს საქართველოს პოლიტიკურ თავისუფლების აღდგენას, რადგან უმთავრესი მიზეზი ჩვენი დაქვეითებისა არის რუსეთის მთავრობის გაბატონება საქართველოში, იმ მთავრობისა, რომელიც ქართველი ხალხის მოსპობას ლამობს. ქართველობამ მტკიცედ უნდა დაიმახსოვროს ეს და ემზადოს ხალხურ-ეროვნული ინტერესების დასაცავად.
   «ცნობის ფურცლელთა მთავარი კომიტეტის პროკლამაციები მოწმობდა, რომ მეოცე  საუკუნის დასაწყისიდანვე ქართველი ხალხის ეროვნულმა მოძრაობამ პოლიტიკური ხასიათი მიიღო და თავისი განვითარების ახალ ფაზაში შევიდა.
   1903 წლის მაისში პარიზში გამოსულმა გაზეთმა «საქართველომ წამოაყენა საქართველოს ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის მოთხოვნა. ავტონომიისათვის ბრძოლა თავის უმთავრეს მიზნად დაისახა საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა ბლოკისტურმა პარტიამ (1904 წ.). ეს იმას ნიშნავდა, რომ ქართველმა ერმა ავტონომიის მოთხოვნით ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლა დაიწყო.
   ეროვნული ძალები შეეცადნენ სოციალური ბაზის გაფართოებასა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის იდეით მოსახლეობის ფართო ფენების დაინტერესებას. გიორგი ლასხიშვილის აზრით, აუცილებელი იყო ჯერ კიდევ ქართველ სამოციანელთა მიერ წამოყენებულ ეროვნულ იდეებს ფართო ნიადაგი მოეპოვებინა, გავრცელებულიყო და გამხდარიყო მთელი ერის საკუთრება.
   მეოცე  საუკუნის დასაწყისში პოლიტიკურმა მიმდინარეობებმა ეროვნული ბრძოლის პროგრამასთან ერთად წამოაყენეს სოციალური თანასწორობისათვის ბრძოლის პროგრამაც. მომავალი საქართველო უნდა ყოფილიყო «ეკონომიკურად გათანასწორებული ხალხის ეროვნული სახელმწიფო.
   მეოცე  საუკუნის დასაწყისშივე ქართულმა პოლიტიკურმა მიმდინარეობებმა სცადეს შეექმნათ ეროვნული იდეოლოგია და ამ გზითაც დაპირისპირებოდნენ არა მარტო მეტროპოლიას, არამედ ქვეყანაში შემოჭრილ და გავრცელებულ ანტიეროვნულ იდეოლოგიებს (სოციალ-დემოკრატიული მოძღვრება, ესერული სოციალიზმი, კოსმოპოლიტური ანარქიზმი, იმპერიული შოვინიზმი და სხვ.). 1901-1904 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობაში საფუძველი ჩაეყარა ეროვნული მიმართულების ორ თეორიას: «საერთო მოქმედების ნიადაგისა და სოციალიზმ-ფედერალიზმის იდეოლოგიას. 1901 წელს გამოქვეყნებულ წერილებში არჩილ ჯორჯაძემ თავი მოუყარა ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძისა და სხვა ქართველი მოღვაწეების ნააზრევს და «საერთო მოქმედების ნიადაგი ერთიანი თეორიული სისტემის სახით ჩამოაყალიბა. არჩილ ჯორჯაძის «საერთო მოქმედების ნიადაგის~ თეორია შედგებოდა ხუთი პუნქტისაგან, ანუ ხუთი საერთო-ეროვნული მიზნისაგან, რომელიც ქართველ ერს უნდა განეხორციელებინა: 1. ქართული ენისა და საერთოდ ეროვნულ-კულტურული ღირებულებების დაცვა; 2. ეროვნული ვაჭრობა-მრეწველობის შექმნა და განვითარება; 3. ქართული მიწების, მეურნეობის ქართველთა ხელში დარჩენა; 4. ინტელიგენციის სახალხო-კულტურული მოღვაწეობა; 5. ქალაქთა თვითმმართველობებში ქართველთა ჩარევა და მომძლავრება. ამ ხუთი უმთავრესი მიზნის განსახორციელებლად არჩილ ჯორჯაძემ «საერთო ნიადაგზე ერთობლივი მოღვაწეობისაკენ მოუწოდა საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასა და მიმდინარეობას. «ენა და ლიტერატურა, მრეწველობა და მეურნეობა, თვითმმართველობა და სახალხო მოღვაწეობა, – აი, ის ფართო ასპარეზი, რომელზედაც ყველასათვის მოიპოვება ადგილი, ვისაც კი მართლა შესტკივა გული საქართველოს წარმატებისათვის – წერდა არჩილ ჯორჯაძე.
   «საერთო მოქმედების ნიადაგი იყო ეროვნულ-დემოკრატიული ხასიათის იდეოლოგია. ერთი მხრივ, იგი წარმოადგენდა საქართველოს ევროპულ-კაპიტალისტური განვითარების კონცეფციას, ხოლო, მეორე მხრივ – ეროვნული კონსოლიდაციის ილია ჭავჭავაძისეული იდეის თეორიული დასაბუთების ცდას.
   1903-1904 წლებში გამოქვეყნებულ მრავალრიცხოვან წერილებში, 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში გამოცემულ წიგნებში, არჩილ ჯორჯაძემ საფუძველი ჩაუყარა მეორე ეროვნულ მიმართულებას და, ამავე დროს, სოციალისტურ იდეოლოგიას – სოციალიზმ-ფედერალიზმს. თავად არჩილ ჯორჯაძის შეფასებით, «ქართული სოციალიზმ-ფედერალიზმი, რომელსაც საძირკველი გაზეთ «საქართველოში ჩაეყარა, «ორი მცნების, ორი ფორმულისაგან შედგებოდა. ეს ორი ფორმულა – სოციალიზმი და ფედერალიზმი – წარმოადგენდა ახალი პოლიტიკური მოძრაობის მიზანს. სოციალიზმის დანიშნულება იყო ერის შიგნით მოეწესრიგებინა სოციალური ცხოვრება, დაემყარებინა სოციალური თანასწორობა. ფედერალიზმის მიზანი იყო ეროვნულ ურთიერთობათა მოგვარება, ეროვნული თავისუფლების მოპოვება. გაზეთმა «საქართველომ მომავალი საქართველო პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ტრიადის ფარგლებში წარმოიდგინა: საქართველოს ავტონომია, კავკასიის ფედერაცია, რუსეთის კონფედერაცია.
   სოციალიზმ-ფედერალიზმი არსებითად წარმოადგენდა ეროვნული სოციალიზმის ქართულ ნაირსახეობას – «ქართულ სოციალიზმს. არჩილ ჯორჯაძისეული სოციალიზმი, ამავე დროს, ევროპული სოციალიზმის ნაირსახეობა იყო, რაც გულისხმობდა ჯერ ბურჟუაზიული სისტემის გამარჯვებას საქართველოში, ხოლო შემდეგ მის ევოლუციურ ტრანსფორმაციას ევროპული ხასიათის სოციალისტურ სისტემად.
   ეროვნულ-პოლიტიკურ წრეებში საქართველოს დამოუკიდებლობის აზრიც ტრიალებდა. გაზეთ «საქართველოს ერთ-ერთი ავტორი, «სეპარატისტის ფსევდონიმით რომ წერდა, საერთაშორისო ვითარების გართულების შემთხვევაში, საქართველოს დამოუკიდებლობის შესაძლებლობას ასაბუთებდა. «სეპარატისტის აზრით, თავისუფალი საქართველო ორგვარად უნდა ყოფილიყო სასურველი ევროპისათვის: პირველი, იგი იქნებოდა ბარიერი რუსეთისათვის სამხრეთისაკენ გაფართოების გზაზე; მეორე, საქართველო მომგებიანი ბაზარი და გასასვლელი იქნებოდა ევროპისათვის აზიის ქვეყნებში.
   ეროვნული მოძრაობის ძირითად მიზნად, ჯერჯერობით მაინც, ავტონომიის მოპოვება რჩებოდა.
   1901-1904 წლებში საქართველოს ეროვნული მოძრაობა როგორც იდეოლოგიურად, ისე პოლიტიკურად დაუპირისპირდა ანტიეროვნულ ძალებს და სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ენერგიულად ამოქმედდა.
   2. ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის მომხრენი და მოწინააღმდეგენი (ავტონომისტები და ანტიავტონომისტები). ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ უპირველეს მიზანს სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის საქართველოს პოლიტიკური ძალებისა და მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფის გაერთიანება და შეთანხმება წარმოადგენდა. გაზეთმა «საქართველომ ავტონომიის იდეის გარშემო გაერთიანებისაკენ მოუწოდა ყველა კლასს, ქვეყნის მთელ მოსახლეობას. ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის იდეას მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ძალებმა დაუჭირეს მხარი. ავტონომიას თანაუგრძნობდა ეროვნული ინტელიგენციის ძველი თაობა, საერთოდ ინტელიგენცია, ქართველი თავადაზნაურობის დიდი ნაწილი და ა. შ. ობიექტურად, ეროვნული მოძრაობის გაძლიერებას ხელს უწყობდა სოციალური მოძრაობის აღმავლობაც.
   ავტონომისტური მოძრაობის სათავეში ჩადგომასა და ეროვნული მოძრაობის ჰეგემონიას ცდილობდა სოციალისტ-ფედერალისტების პარტია, რომელმაც ბლოკისტური პარტიის შექმნით მიიზიდა ეროვნულ-დემოკრატები, ქართველი ანარქისტები, პატრიოტულად განწყობილი ინტელიგენციის სხვა ჯგუფები.
   საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობის უპირველეს მტერს, რა თქმა უნდა, კვლავინდებურად რუსეთის იმპერია წარმოადგენდა. ინტელიგენციის ძველი თაობა ეროვნულ-კულტურული მოღვაწეობით უპირისპირდებოდა ანტიეროვნულ ძალებს. ეროვნული მოძრაობის რადიკალური ბანაკი კი მეოცე  საუკუნის დამდეგს რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის გზას დაადგა.
   სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ეროვნულ მოძრაობას მხოლოდ რუსეთის თვითმპყრობელობა არ ებრძოდა. მეტროპოლიას ანტიქართულ ბრძოლაში აღმოაჩნდა მძლავრი მოკავშირე – რუსეთის სოციალ-დემოკრატია და მისი ქართველი მიმდევრები.
   რუსული სოციალ-დემოკრატიის ქართველი მიმდევრები, როგორც ცნობილია, პირველ რიგში ქართველ სამოციანელთა თავკაცს ილია ჭავჭავაძეს დაუპირისპირდნენ. უკვე 1899-1900 წლებში ნოე ჟორდანიას, ფილიპე მახარაძისა და, საერთოდ, ქართული სოციალ-დემოკრატიის ძირითად მიმართულებად იქცა ბრძოლა ილია ჭავჭავაძისა და «ივერიის ბანაკის წინააღმდეგ. ნოე ჟორდანიას შეფასებით, «ივერია ფეოდალური წარსულის მეხოტბე, «ცოცხალ-მკვდარი, «დახავსებული, «ჩლუნგი, «რეაქციის მხარდამჭერი გაზეთი იყო. ქართველი სოციალ-დემოკრატები ილია ჭავჭავაძეს მიიჩნევდნენ ფეოდალურ-თავადაზნაურული კლასის, კონსერვატიზმის, რეაქციის დამცველად და მედროშედ.
   მეოცე  საუკუნის დამდეგს ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა კლასობრივი ბრძოლის ფრონტი გააფართოვეს და ეროვნული ინტელიგენციის ახალ თაობას შეუტიეს. ამჯერად, მათი სამიზნე არჩილ ჯორჯაძის «საერთო მოქმედების ნიადაგი აღმოჩნდა. არჩილ ჯორჯაძის თეორია მწვავედ გააკრიტიკეს ნოე ჟორდანიამ, ფილიპე მახარაძემ, ალექსანდრე წულუკიძემ და მასში ბურჟუაზიის გამოსარჩლების ცდა დაინახეს. ამასთან, ქართული სოციალ-დემოკრატიის მეთაურებმა ქართველ მუშებს მოუწოდეს შეურიგებლად ებრძოლათ ეროვნული ბურჟუაზიისა და მისი «ბაირახტარის არჩილ ჯორჯაძის წინააღმდეგ.
   1903 წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის  მეორე ყრილობამ უარყო ავტონომიისა და ფედერალიზმის პრინციპები და მხოლოდ ცენტრალიზმის პრინციპი აღიარა. ყრილობის მიერ მიღებული ეროვნული პროგრამა უშვებდა მხოლოდ საოლქო თვითმმართველობის შესაძლებლობას განაპირა მხარეებისათვის. რუსეთის სოციალ-დემოკრატიამ ახალი იარაღი მისცა მის ქართველ მიმდევრებს სახელმწიფოებრიობის აღდგენის მომხრე ეროვნულ-პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში. ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა კი ბრმად იწამეს რსდმპ ყრილობის რეზოლუციები და საბოლოოდ დაუპირისპირდნენ ახლა უკვე არა ცალკეულ ეროვნულ მიმდინარეობებს, არამედ მთელ ქართულ ეროვნულ მოძრაობას.
   1904 წლის 1 აპრილს ხუთი ქართველი სოციალ-დემოკრატი ჟენევის პოლიტიკურ ფრაქციათა კონფერენციაზე გამოცხადდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არა მასში მონაწილეობის მისაღებად, არამედ კონფერენციის მონაწილეებისადმი მტრული დამოკიდებულების სადემონსტრაციოდ. ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა «ქართველობაზე მაღლა «პარტიულობის პრინციპი დააყენეს. მათი პარტია კი ამ დროს უკვე რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია იყო. ჟენევის კონფერენციის სხდომათა დარბაზის დატოვებასთან ერთადქართველმა სოციალ-დემოკრატებმა ზურგი აქციეს საქართველოს ეროვნული მოძრაობის ბანაკს.
   1903 წლიდან ქართველ სოციალ-დემოკრატთა ორივე ფრაქცია – მენშევიკებიცა და ბოლშევიკებიც – მკვეთრად დაუპირისპირდნენ ეროვნულ მოძრაობას.
   1904 წელს ნოე ჟორდანიამ ჟენევაში გამოსცა ნაშრომი «ქართველი ნაციონალისტები, რომელიც მიმართული იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიისა და, საერთოდ, ქართველი ავტონომისტების წინააღმდეგ. 1904 წელს თბილისში გამოქვეყნდა იოსებ ჯუღაშვილის ნაშრომი – «როგორ ესმის სოციალ-დემოკრატიას ნაციონალური საკითხი. ავტორმა სოციალ-დემოკრატიის პოზიციებიდან მწვავედ გააკრიტიკა ეროვნულ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები, ესერები, ანარქისტები და საერთოდ ყველა, ვინც ეროვნულ ავტონომიას უჭერდა მხარს. იოსებ ჯუღაშვილმა ქართველ პროლეტარიატს მოუწოდა შეურიგებლად ებრძოლათ ყველანაირი «ნაციონალისტების წინააღმდეგ, მხარი დაეჭირათ რუსეთის პროლეტარიატის ერთიანობისათვის.
   ამრიგად, მეოცე  საუკუნის დამდეგისათვის საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა ორ ბანაკად გაიყო – ეროვნულ-პოლიტიკურ მოძრაობას მკვეთრად დაუპირისპირდა ქართული სოციალ-დემოკრატია, რომელმაც უარყო ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლა და ფაქტობრივად ანტიეროვნულ გზას დაადგა.

თავი  მეორე

   საქართველო 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში

 რევოლუციის დასაწყისი და მიმდინარეობა
   მეოცე  საუკუნის დამდეგიდან რუსეთში სოციალური კრიზისი სულ უფრო მწვავდებოდა. ხელისუფლება ნელა და უშედეგოდ ცდილობდა მოახლოებული სოციალური აფეთქების თავიდან აცილებას. უფრო მეტიც, შექმნილი კრიზისული ვითარება კიდევ უფრო დაძაბა 1904 წლის დეკემბერში დაწყებულმა რუსეთ-იაპონიის ომმა. პირველი ხანებიდანვე აშკარა გახდა, რომ ომი რუსეთისათვის მარცხით დამთავრდებოდა. წარუმატებელმა საომარმა მოქმედებებმა, რომელსაც უამრავი მსხვერპლი მოჰყვა, საბოლოოდ შეარყია ხელისუფლების ავტორიტეტი. გაიზარდა მასების სოციალური აქტივობა.    
   1905 წლის 9 იანვარს, კვირას, პეტერბურგში მოეწყო მუშათა მრავალათასიანი მშვიდობიანი დემონსტრაცია. დემონსტრანტებს სურდათ პეტიცია წარედგინათ იმპერატორისათვის. ხელისუფლების ბრძანებით პოლიცია და ჯარი სროლით გაუმასპინძლდა დემონსტრანტებს. «სისხლიანმა კვირამსაზოგადოების უკმაყოფილო ფენებს მოთმინების ფიალა აუვსო. ისინი დარწმუნდნენ, რომ იმპერიაში გამეფებული ყველა უსამართლობის დამცველი მონარქია იყო.
   რუსეთში რევოლუცია დაიწყო. საქართველოში რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მოძრაობის დაწყებას, როგორც ნიშანს, ისე ელოდნენ.
   1905 წლის იანვარში დაიწყო თბილისის მუშების პოლიტიკური გაფიცვა, რომელიც ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების მუშებმა წამოიწყეს. ბათუმის მოედანზე ხალხმრავალი მიტინგი შედგა. გოლოვინის (რუსთაველის) პროსპექტზე პოლიტიკური დემონსტრაცია მოეწყო. დემონსტრანტები მოითხოვდნენ «სისხლიანი თვითმპყრობელობის დამხობას. თბილისის მოვლენებს გაფიცვებით გამოეხმაურნენ: ქუთაისი, ფოთი, ტყიბული, სოხუმი, ყვირილა (ზესტაფონი), შორაპანი. ჭიათურაში დიდი დემონსტრაცია პოლიციელებმა ვერ დაშალეს.
   რადიკალურ ხასიათს ატარებდა გლეხთა გამოსვლები, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ რევოლუციამდე დაიწყო. გლეხთა გამოსვლები სპონტანურად და განუწყვეტლივ მიმდინარეობდა საქართველოს უმრავლეს რაიონებში. ზოგ ადგილებში მოსახლეობა აღარ ემორჩილებოდა ხელისუფლების ორგანოებს. განსაკუთრებით შორს წავიდა ამ მხრივ გლეხთა მოძრაობა გურიაში, რომელიც მოწინავედ ითვლებოდა მთელ რუსეთის იმპერიაში. გურიის გლეხთა მოძრაობას დიდი ყურადღებით ადევნებდნენ თვალს რუსეთის როგორც რევოლუციური, ისე ოპოზიციური პარტიები, ხელისუფლება და საზოგადოება. 1905 წლის თებერვალში ოზურგეთის მაზრაში შეიქმნა გლეხთა რევოლუციური კომიტეტები, რომლებიც აუქმებდნენ სოფლის ადმინისტრაციულ დაწესებულებებს და თვითონ იღებდნენ ხელში ხელისუფლების ფუნქციებს. კავკასიის კოლონიურმა ადმინისტრაციამ ოზურგეთის მაზრაში სამხედრო წესები გამოაცხადა და ურჩი გურიისაკენ დაძრა დამსჯელი რაზმი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით. გურია დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მთელი საქართველო აღუდგა წინ კავკასიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას. კავკასიის მთავარმართებლის მოვალეობის შემსრულებელ გენერალ მალამას წარუდგა ქართველი საზოგადოების დეპუტაცია და გურიის დარბევის განზრახვაზე ხელის აღება მოსთხოვა. ხელისუფლებამ სიფრთხილე არჩია და მეამბოხე გლეხობასთან მოსალაპარაკებლად კავკასიის მეფისნაცვლის საბჭოს წევრი სულთან კრიმ-გირეი გაგზავნა. მეორე მოხელე ვეიდენბაუმი გორისა და დუშეთის მაზრების გლეხობასთან გაგზავნეს. კრიმ-გირეიმ გურიის სოფლები მოიარა და ყველგან ერთსა და იმავე მოთხოვნებს ისმენდა: მეფის მთავრობა უძლურია შეამსუბუქოს გლეხობის მდგომარეობა. ქართველი გლეხობა დემოკრატიული მართვა-გამგეობის შემოღებას მოითხოვდა. ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მეამბოხე გლეხობის მოლაპარაკება არ შედგა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ ჯერჯერობით მაინც შეიკავა თავი სამხედრო რეპრესიებისაგან.
   საქართველოში მიმდინარე განმათავისუფლებელი მოძრაობა თან ერთვოდა რუსეთის იმპერიის სივრცეზე განვითარებულ რევოლუციურ პროცესებს. გაფიცვები და დემონსტრაციები კიდევ უფრო გახშირდა 1905 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში.
2. ხელისუფლება და რევოლუცია
   მეოცე  საუკუნის დამდეგს საქართველო იმ იმპერიის შემადგენლობაში შეხვდა, რომელმაც ასი წლის წინ მისი სახელმწიფოებრიობა მოსპო. რუსეთის უზარმაზარი სახელმწიფო კვლავინდებურად, როგორც პეტრე  პირველი-ისა და ეკატერინე მეორე-ის ეპოქაში, შეუზღუდავ მონარქიას წარმოადგენდა. რომანოვების დინასტია და ცენტრალური ხელისუფლება ეყრდნობოდა თავადაზნაურობას და მისივე ხელით ახორციელებდა სახელმწიფოს მართვას. სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მხოლოდ ფორმალურად ახორციელებდნენ სახელმწიფო საბჭო და მინისტრთა საბჭო, რომელთა შემადგენლობასაც უმაღლესი არისტოკრატიის წრეებიდან ნიშნავდა იმპერატორი. ზემოაღნიშნული უმაღლესი ხელისუფლების ორგანოები, სენატთან ერთად, მხოლოდ იმპერატორის თვითმპყრობელური ხელისუფლების სათათბირო ფუნქციებს ასრულებდნენ და უმაღლესი ნების უსიტყვო აღმსრულებლებს წარმოადგენდნენ. რუსეთის საიმპერატორო კარის ნების უსიტყვო აღმასრულებელი იყო კავკასიის კოლონიური ადმინისტრაცია და მისი მეთაური – მთავარმართებელი.
   1896-1904 წლებში კავკასიაში მთავარმართებლობდა გენერალი გიორგი გოლიცინი. თვით ოფიციალური რუსეთის წარმომადგენელთა შეფასებით გოლიცინი ბევრად უფრო რეაქციონერი და რუსიფიკატორული პოლიტიკის უხეში გამტარებელი იყო, ვიდრე მისი წინამორბედები. ერთი მხრივ, იგი მკაცრად ებრძოდა სულ უფრო აღმავალ რევოლუციურ მოძრაობას; მეორე მხრივ, ასევე მკაცრად დევნიდა ეროვნულ მოძრაობას, ხოლო, მესამე მხრივ, აქტიურად ატარებდა რუსიფიკატორულ კურსს. თვით იმპერიის ცნობილ მოღვაწეთა აღიარებით, კავკასიის ადმინისტრაციაში გამეფებული იყო კორუფცია. უხეშ რუსიფიკატორულ პოლიტიკას იმდენად სარგებლობა არ მოჰქონდა ხელისუფლებისათვის, რამდენადაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. ცენტრალური ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობდა მეტ-ნაკლებად ლოიალური კურსის საჭიროებაში დაერწმუნებინა გოლიცინი. 1902 წელს რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრად და ჟანდარმთა შეფად დაინიშნა პლევე, რომელმაც აქტიურად დაუჭირა მხარი კავკასიის მთავარმართებელს. გოლიცინის მმართველობა კიდევ უფრო რეაქციული და შოვინისტური გახდა.
   1904 წელს გოლიცინი სომეხმა ტერორისტებმა მძიმედ დაჭრეს. განსაკურნავად რუსეთში წასული მთავარმართებელი კავკასიაში აღარ დაბრუნებულა. მთავარმართებლის მოვალეობას დროებით გენერალი მალამა ასრულებდა.
   1905 წლის გაზაფხულიდან მეფის ხელისუფლებამ კავკასიაში გაძლიერებულ რევოლუციურ მოძრაობასთან ბრძოლისა და მხარის «დამშვიდების მიზნით საგანგებო ზომების მიღება გადაწყვიტა. აღდგენილ იქნა კავკასიის მეფისნაცვლის თანამდებობა. მეფისნაცვალს ფართო სამხედრო-ადმინისტრაციული ავტონომიური უფლებები მიენიჭა. კავკასიის მეფისნაცვლად დაინიშნა გრაფი ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი. ვირონცოვ-დაშკოვი რუსეთის არისტოკრატიის უმაღლეს წრეს მიეკუთვნებოდა. თბილისში ჩამოსვლამდე იგი იყო იმპერატორის  სასახლის მინისტრი. ნიკოლოზ  მეორე-ის კარს იმედი ჰქონდა, რომ სასახლის გაქნილი დიპლომატი აღელვებულ კავკასიას როგორმე დააშოშმინებდა. ახალმა მეფისნაცვალმა მანიფესტით მიმართა კავკასიის ერებს, დაჰპირდა მათ რეფორმებს. მიუხედავად ამისა, რევოლუციურ და ეროვნულ მოძრაობასთან ბრძოლა კვლავინდებური სიმკაცრით გრძელდებოდა.
   მეფისნაცვლის ჩამოსვლამ მონარქიის ერთგული ძალები აღაფრთოვანა. ახალ მეფისნაცვალს წარუდგნენ მონარქისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები და სპეციალური ადრესით რევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლაში თანადგომა აღუთქვეს. შავრაზმული ორგანიზაციებიდან გამოირჩეოდნენ ვოსტორგოვისა და გოროდცევის მიერ დაარსებული «წესრიგის მომხრეთა პარტია და «რუს მუშათა პარტია. რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ ხელისუფლებასთან ერთად იბრძოდა პრომონარქისტულად განწყობილი ქართველი თავადაზნაურობის ერთი ნაწილიც. ეს იყო ან მემამულე, ან ადმინისტრაციულ-სამხედრო სისტემაში, ჯარსა და პოლიციაში მომსახურე ქართველი თავადაზნაურობა. გორელმა თავადებმა ამილახვარმა და აბდუშელიშვილმა შეადგინეს «შავი რაზმი~. ეს შეიარაღებული ბრბო დაძრწოდა ქართლის სოფლებში და მშვიდობიან მოსახლეობას არბევდა.
   1905 წელს ბაქოში ხელისუფლების მხრიდან წინასწარგანზრახული პროვოკაციების შედეგად ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო სომეხთა და აზერბაიჯანელთა შეჯახება, რომელიც მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში გადაიზარდა. შეიქმნა იმისი საშიშროება, რომ თბილისში მცხოვრებ სომეხთა და აზერბაიჯანელთა შორისაც დაიწყებოდა დაპირისპირება. თბილისში ხოცვა-ჟლეტა თავიდან იქნა აცილებული ნოე რამიშვილისა და სხვა ქართველ მოღვაწეთა საზრიანი და გაბედული მოქმედების შედეგად. პროვოკატორებმა სცადეს ბათუმში მცხოვრები სომხების დარბევა. უამრავი სომეხის სიცოცხლე დიდი თავგანწირვის ფასად იხსნა მემედ-ბეგ აბაშიძემ.
   1905 წლის 6 აგვისტოს ნიკოლოზ  მეორე-მ «უმაღლესი მანიფესტით რუსეთის ხალხს არჩევითი სათათბირო ორგანო უბოძა. ეს იყო ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფოებრივი სისტემის რეფორმირებას ისახავდა მიზნად.
   დემოკრატიულმა ძალებმა სათანადოდ შეაფასეს დემოკრატიზაციისაკენ გადადგმული ნაბიჯი. 1905 წლის 29 აგვისტოს თბილისის გამგეობის დარბაზში სოციალ-დემოკრატი მენშევიკების ინიციატივით პარლამენტარიზმის დამკვიდრების მხარდასაჭერად დაინიშნა კრება. გამგეობის შენობაში დიდძალი საზოგადოება მივიდა, მათ შორის ბევრი მუშაც. ბოლშევიკმა აგიტატორებმა კრება ჩაშალეს, ხოლო მონარქისტულმა ელემენტებმა კრების მონაწილეთა პოლიციასთან შეტაკება გამოიწვიეს. მოხდა დიდი სისხლისღვრა. მოკლეს 60 კაცი, დაჭრეს – 200.
   1905 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მთელი იმპერია მოიცვა საყოველთაო პოლიტიკურმა გაფიცვამ. მძიმე ვითარებაში იმპერიის ხელისუფლების რეალისტურად განწყობილი მოხელეები ნიკოლოზ  მეორე-ს ურჩევდნენ აღელვებული მასების დასაშოშმინებლად რეფორმების გატარებას. ერთ-ერთი მათგანი, გრაფი ვიტტე, იმპერიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. ვიტტეს ინიციატივით 1905 წლის 17 ოქტომბერს ნიკოლოზ  მეორე-მ ხელი მოაწერა მანიფესტს «სახელმწიფოებრივი წესრიგის სრულყოფის შესახებ. 17 ოქტომბრის მანიფესტით ფაქტობრივად დასრულდა აბსოლუტური მონარქიის ეპოქა რუსეთში. დოკუმენტი ხალხს ანიჭებდა «სამოქალაქო თავისუფლების ძირითად გარანტიებს: პიროვნების ხელშეუხებლობას, კავშირების, სინდისის, სიტყვის, კრებების თავისუფლებას. საზოგადოების ყველა ფენას უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში. სათათბიროს მიერ მოწონების გარეშე რუსეთის იმპერიაში არც ერთი კანონი არ დამტკიცდებოდა. რუსეთის იმპერია კონსტიტუციური მონარქიისაკენ ევოლუციის გზას დაადგა.
   17 ოქტომბრის მანიფესტთან დაკავშირებით თბილისში მრავალრიცხოვანი მანიფესტაციები დაიწყო. 22 ოქტომბერს მონარქისტულმა ორგანიზაციებმა მშვიდობიან ხალხს გოლოვინის პროსპექტზე სროლა აუტეხეს. სისხლისღვრა განმეორდა. ხელისუფლებისა და რევოლუციის მომხრეთა შორის წინააღმდეგობა დრამატულ ფაზაში შევიდა.
   1905 წლის დეკემბერში მოსკოვში შეიარაღებული აჯანყება მოხდა. ეს იყო რევოლუციის კულმინაცია. აჯანყება დამარცხდა. იგი არც იმპერიის სხვა ცენტრებში გავრცელებულა. შეიარაღებული აჯანყება არც თბილისში მომხდარა, მაგრამ მოსკოველთა მხარდასაჭერად აქაც ჰქონდა ადგილი პოლიციასა და ჯართან შეტაკებას. თბილისის რამდენიმე უბანი (ნაძალადევი, დიდუბე) რევოლუციური მუშების ხელში გადავიდა. 17 დეკემბერს ნაძალადევს ჯარებმა ალყა შემოარტყეს. მცირერიცხოვანმა შეიარაღებულმა მუშებმა ვერ გაუძლეს ჯარის შეტევას და გაიფანტნენ. მუშებსა და ჯარისკაცებს შორის სალდათის მოედანზეც მოხდა შეტაკება. ჯარის ნაწილებმა იერიშით აიღეს დიდუბე, სადაც შეიარაღებული მუშები გამაგრებულიყვნენ.
   საქართველოს სხვა ადგილებშიც ჰქონდა ბრძოლებს ადგილი. შორაპნის, ჭიათურისა და ყვირილის რკინიგზელებმა და წითელრაზმელებმა ხელში ჩაიგდეს ზემო იმერეთის ტერიტორია სურამის უღელტეხილიდან სადგურ აჯამეთამდე. მალე რკინიგზის მთელი მონაკვეთი თბილისიდან ნატანებამდე რევოლუციონერების ხელში აღმოჩნდა. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოიქმნენ პატარა «რესპუბლიკები, სადაც ხელისუფლებას მცირე ხნით რევოლუციური ძალები და სახალხო წარმომადგენლები ახორციელებდნენ (გორი, ჭიათურა, ყვირილა, ზუგდიდი, გურიის ზოგი სოფელი და ა. შ.).
   1905 წლის შემოდგომაზე გრძელდებოდა საქართველოს გლეხობის უაღრესად ენერგიული ბრძოლა სოციალური უფლებებისათვის, განსაკუთრებით გახშირდა მებრძოლი გლეხების – წითელრაზმელებისა და ტყის ძმების თავდასხმები მემამულეებზე, პოლიციაზე, მაზრების ადმინისტრაციულ ცენტრებზე. დასავლეთ საქართველოში ჯარის ნაწილებთანაც არ ერიდებოდნენ ბრძოლას. 1905 წლის 20 ოქტომბერს გურიაში, სოფ. ნასაკირალთან, წითელრაზმელებმა ბრძოლა გაუმართეს კაზაკთა მრავალრიცხოვან რაზმს და დაამარცხეს იგი. ხელისუფლება განარისხა ნასაკირალის ამბებმა. ოზურგეთის მაზრაში გაიგზავნა გენერალ ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი რაზმი. ქართველი საზოგადოება კვლავ აღდგა გურიის დასაცავად. ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ წავიდა დათმობაზე – გურიისაკენ მიმავალი დამსჯელი რაზმი გზიდან დააბრუნა.
   საყოველთაო მღელვარება იყო გამეფებული საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში. ქუთაისის სამოქალაქო გუბერნატორად ხელისუფლებამ დანიშნა ვლადიმერ სტაროსელსკი, რომელიც რევოლუციურ მოძრაობას თანაუგრძნობდა. სტაროსელსკი მთელს იმპერიაში გახდა ცნობილი, როგორც «წითელი გუბერნატორი. იგი ხშირად იწვევდა სათათბიროდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მათი რჩევით წყვეტდა საკითხებს. სოციალისტ-ფედერალისტების რჩევით სტაროსელსკიმ თავის მოადგილედ და ვიცე-გუბერნატორად დანიშნა ცნობილი საზოგადო მოღვაწე და ილია ჭავჭავაძის ძველი თანამებრძოლი  ალექსანდრე ყიფშიძე.
   მნიშვნელოვანი წარმატებების მიუხედავად, საქართველოში საყოველთაო შეიარაღებული აჯანყება არ განხორციელდა. შეიარაღებული წინააღმდეგობანი, რომლებიც ლოკალურ ხასიათს ატარებდა, ყველგან რევოლუციური ძალების დამარცხებით დამთავრდა. რევოლუცია დაღმავლობის გზას დაადგა.

3. პოლიტიკური პარტიები რევოლუციაში
   1. სოციალ-დემოკრატია. რევოლუციის დასაწყისში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია მენშევიკურ და ბოლშევიკურ ფრაქციებს შორის შიდაპარტიული ბრძოლით იყო მოცული. სოციალ-დემოკრატები, ისევე როგორც სხვა პარტიები, რევოლუციას «გეგმავდნენ, მაგრამ რევოლუციის დასაწყისი მათთვის მოულოდნელი იყო. 1905 წლის 9 იანვრის მოვლენების შემდეგ რამდენიმე თვის მანძილზე სოციალ-დემოკრატები ვერ ახდენდნენ რევოლუციის მსვლელობაზე მათთვის სასურველ გავლენას. რევოლუციის მსვლელობის პერიოდში აღმოცენდნენ მუშათა მოძრაობის თვითმმართველი ორგანოები: საგაფიცვო კომიტეტები, ბიუროები, მუშათა, ჯარისკაცთა, გლეხთა და მეზღვაურთა დეპუტატების საბჭოები, რომლებშიც სოციალ-დემოკრატები ცდილობდნენ ხელმძღვანელი როლის შესრულებას.
   საქართველოს მუშათა კლასის აბსოლუტური უმრავლესობა სოციალ-დემოკრატი მენშევიკების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. განსაკუთრებით ძლიერი იყო სოციალ-დემოკრატების გავლენა ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარი სახელოსნოების, თბილისის დეპოს, ბათუმის, ჭიათურის მუშებში, გურია-იმერეთის გლეხობაში, წვრილ მოხელეთა, ვაჭარ-ხელოსანთა შორის, მოსწავლე-ახალგაზრდობაში და სხვ. მენშევიკი სოციალ-დემოკრატების განსაკუთრებულ გაძლიერებაში დიდი იყო ნოე ჟორდანიას წვლილი, რომელიც 1905 წლის თებერვალში დაბრუნდა საქართველოში. ჩამოსვლისთანავე ნოე ჟორდანიამ გამოსცა გაზეთი «სოციალ-დემოკრატი. რევოლუციის წლებში სოციალ-დემოკრატები ერთმანეთის მიყოლებით სცემდნენ გაზეთებს: «სხივი, «გზა, «გრიგალი, «ლამპარი, «სიმართლე, «დილა, «ლახვარი, «საყვირი და სხვ. უფრო მცირე იყო ბოლშევიკური გამოცემების რაოდენობა («პროლეტარიატის ბრძოლა, «ახალი ცხოვრება, «ჩვენი გზა, «კავკაზსკი რაბოჩი ლისტოკ).
   1905 წლის დასაწყისიდან რსდმპ თბილისის მენშევიკურმა კომიტეტმა საბრძოლო რაზმების შეიარაღების ორგანიზებისათვის შექმნა სამხედრო-ტექნიკური კომისია, რომელსაც ნოე რამიშვილი მეთაურობდა. მებრძოლ რაზმებს ქმნიდა და ხელმძღვანელობდა სამხედრო საბჭო. ქართველი სოციალ-დემოკრატები ხელისუფლებასთან შეიარაღებული შეჯახებისათვის ემზადებოდნენ და ტერორსაც არ უარყოფდნენ, როგორც თავდაცვის საშუალებას. ბოლშევიკები ტერორსა და ექსპროპრიაციებს უფრო აქტიურად მიმართავდნენ.
   ქართველი ბოლშევიკები ერთგულად იცავდნენ რუსი ბოლშევიკების, კერძოდ, ვლადიმერ ლენინის შეხედულებებს. რევოლუციის დაწყებამ კიდევ უფრო გააღრმავა წინააღმდეგობა მენშევიკებსა და ბოლშევიკებს შორის საქართველოში. 1905 წლის აპრილიდან პარალელურად არსებობდა ორი სამხარეო ორგანო: ბოლშევიკური რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტი და მენშევიკური რსდმპ კავკასიის ბიურო.
   ქართველი ბოლშევიკები აქტიურად მონაწილეობდნენ რსდმპ  მესამე ყრილობის მუშაობაში  (ლონდონი, 1905 წლის აპრილი), რომელსაც მხოლოდ ბოლშევიკები ესწრებოდნენ. რსდმპ  მესამე ყრილობას ორი ქართველი დელეგატი ესწრებოდა: მიხა ცხაკაია (ბარსოვი) და პროკოფი ჯაფარიძე (გოლუბინი). მენშევიკებმა პარალელურად რსდმპ კონფერენცია ჩაატარეს ჟენევაში. მიმდინარე რევოლუციისადმი დამოკიდებულებასა და მიზნების განსაზღვრაში რსდმპ ლონდონის ყრილობითა და ჟენევის კონფეენციით ჩამოყალიბდა ორი (მენშევიკური და ბოლშევიკური) ტაქტიკა.
   ქართველი მენშევიკები შეიარაღებულ აჯანყებასთან ერთად შესაძლებლად მიიჩნევდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ საპარლამენტო ბრძოლას. ისინი აჯანყების ინიციატივას ელოდნენ მასისაგან. ბოლშევიკები აუცილებლად თვლიდნენ ხელისუფლების მხოლოდ ძალდატანებითი გზით დამხობას და მასებში შეიარაღებული აჯანყების იდეის ხელოვნურად დამკვიდრებას. 1905 წლის ზაფხულ-შემოდგომის მოვლენებმა ნათელი გახადა მენშევიკების სტრატეგიისა და ტაქტიკის პოპულარობა საქართველოს მუშებსა და გლეხობას შორის. მიტინგები, დემონსტრაციები, გაფიცვები როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში ქართველი სოციალ-დემოკრატების ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. მენშევიკები ედგნენ სათავეში სახალხო მოძრაობას გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში. სახალხო მოძრაობას თბილისსა და საქართველოს სხვა რაიონებში ხელმძღვანელობდნენ ცნობილი სოციალ-დემოკრატები: ნოე ჟორდანია, ისიდორე რამიშვილი, ნოე რამიშვილი, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, სევერიან ჯუღელი, ვლასა მგელაძე, ბენია ჩხიკვიშვილი და სხვ. თბილისის საგაფიცვო ბიუროს სათავეში ედგა ისიდორე რამიშვილი.
   1905 წლის დეკემბერში ტამერფორსში (ფინეთი) გაიმართა რსდმპ  პირველი კონფერენცია, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება გამაერთიანებელი ყრილობის მოწვევის შესახებ. 1906 წლის დასაწყისში ამიერკავკასიაში ბოლშევიკური და მენშევიკური ორგანიზაციები ფაქტობრივად გაერთიანდნენ, რის შედეგადაც რსდმპ კავკასიის კავშირმა არსებობა შეწყვიტა.
   რსდმპ გამაერთიანებელი მეოთხე ყრილობა გაიმართა 1906 წლის აპრილში, სტოკჰოლმში. ყრილობას 18 ქართველი დელეგატი ესწრებოდა, რომელთაგან ბოლშევიკი მხოლოდ ერთი იყო – იოსებ ჯუღაშვილი. დანარჩენი დელეგატები მენშევიკები იყვნენ. კერძოდ, ქართველი მენშევიკებიდან ყრილობას ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, გრიგოლ ურატაძე, ვლასა მგელაძე, ისიდორე რამიშვილი, ნიკოლოზ (პარმენ) ჭიჭინაძე, ბიკენტი (ჭოლა) ლომთათიძე და სხვ. ყრილობაზე ფრაქციების გაერთიანება ოფიციალურად შედგა, მაგრამ მას უფრო ფორმალური ხასიათი ჰქონდა, ვიდრე რეალური.
   ამიერკავკასიელი მენშევიკებისა და ბოლშევიკების ფორმალური გაერთიანება მოხდა ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების  მეოთხე ყრილობაზე (1906 წ.). აირჩიეს რსდმპ ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტი, რომლის უმრავლესობასაც მენშევიკები წარმოადგენდნენ. ბოლშევიკებმა დათმეს ყოველგვარი პოზიციები საქართველოში. აღარც ერთი კომიტეტი საქართველოში 1921 წლამდე ბოლშევიკების ხელში აღარ გადასულა.
   სერიოზული მარცხის მიუხედავად, ბოლშევიკებმა კიდევ სცადეს საქმიანობის გაგრძელება საქართველოში. მათ შექმნეს თავიანთი დამოუკიდებელი ცენტრი, ე. წ. «თბილისის ბოლშევიკების ლიტერატურული ბიურო. მასში შედიოდნენ: იოსებ ჯუღაშვილი, ფილიპე მახარაძე, სტეფანე შაუმიანი, პროკოფი ჯაფარიძე, მიხეილ დავითაშვილი, სურენ სპანდარიანი და სხვ. ბიურომ თბილისში ფეხი ვერ მოიკიდა. 1907 წლიდან საქართველო დატოვა ყველაზე თანმიმდევრულმა ქართველმა ბოლშევიკმა – იოსებ ჯუღაშვილმა.
   1907 წლის აპრილ-მაისში ლონდონში გაიმართა რსდმპ მეხუთე ყრილობა. საქართველოდან ყრილობაში 33 მენშევიკი და 5 ბოლშევიკი მონაწილეობდა. რსდმპ ცენტრალური კომიტეტის წევრად არჩეულ იქნა ნოე ჟორდანია. ყრილობამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატები სულ უფრო ძლიერ გავლენას ახდენდნენ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაზე.
   1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში ქართულმა მენშევიკურმა სოციალ-დემოკრატიამ საბოლოოდ დაიმკვიდრა საქართველოს რევოლუციურად განწყობილ მუშათა კლასისა და გლეხობის ლიდერის ადგილი.
   2. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია. სოციალისტ-ფედერალისტები განსაკუთრებული გავლენით სარგებლობდნენ ქართველ ინტელიგენციაში, მოსწავლე და სტუდენტ ახალგაზრდობას შორის, მოსახლეობის წვრილბურჟუაზიულ ფენებში. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფედერალისტურმა პრესამ. 1905 წელს შეწყდა გაზეთ «საქართველოს გამოცემა პარიზში. კავკასიის კოლონიური ადმინისტრაციის წინააღმდეგ გაბედულად იბრძოდა ქართული ეროვნულ პოლიტიკური პრესის ფლაგმანი – გაზეთი «ცნობის ფურცელი. გენერალ ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი ექსპედიციის მიერ გურიაში ჩადენილი სისასტიკის გაბედული მხილებისათვის «ცნობის ფურცლის აკრძალვის შემდეგ, მისი ტრადიცია გააგრძელეს ფედერალისტური პრესის ორგანოებმა: «შრომამ, «მიწამ, «მეგობარმა, «ისარმა და სხვ.
   ქართველი ფედერალისტები აქტიურად თანამშრომლობდნენ სხვა ოპოზიციურ, რევოლუციურ და ეროვნულ-პოლიტიკურ ძალებთან. 1905 წლის ოქტომბერში ფედერალისტებმა სოციალ-დემოკრატებთან, ესერებთან და დაშნაკებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სასტუმრო «პურ-ღვინოში შემდგარ რევოლუციური კომიტეტის სხდომაში. ამ სხდომაზე მიაღწიეს შეთანხმებას საყოველთაო აჯანყების საკითხში. ფედერალისტები შედიოდნენ აგრეთვე თბილისში შექმნილ საგაფიცვო ბიუროში, რომელიც ინტერპარტიულ ორგანოს წარმოადგენდა.
   ფედერალისტურმა პარტიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი რევოლუციური აქციაც განახორციელა. განსაკუთრებით დიდი რეზონანსი ჰქონდა იარაღის შემოტანას საქართველოში. 1905 წლის შემოდგომაზე საზღვარგარეთ მყოფმა ფედერალისტებმა შვიდი ათასი თოფით დატვირთეს მათ მიერვე შეძენილი ჰოლანდიური გემი «სირიუსი. გემის ეკიპაჟი შედგებოდა ფრანგი და ჰოლანდიელი ანარქისტებისაგან, რომლებსაც მეთაურობდა ვარლამ ჩერქეზიშვილის მეგობარი ჰოლანდიელი ანარქისტი ქრისტიან კორნელისენი. 1905 წლის ნოემბერში იარაღით დატვირთული «სირიუსი ფოთს მოადგა. იარაღის ნაწილი, მართალია, პოლიციას ჩაუვარდა ხელში, მაგრამ დიდი ნაწილი რევოლუციურად განწყობილ მოსახლეობას დაურიგეს. ამ აქციას ხელმძღვანელობდა ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი თავკაცი გიორგი დეკანოზიშვილი, მასში მონაწილეობდნენ თედო სახოკია, გიორგი სიხარულიძე და სხვ. 1906 წლის აპრილში სოციალისტ-ფედერალისტებმა დუშეთის მაზრის ხაზინის ექსპროპრიაცია მოახდინეს და 315 000 მანეთი გაიტაცეს. ფედერალისტები ზოგჯერ რევოლუციურ ტერორსაც მიმართავდნენ. 1905 წლის ივლისში ფედერალისტთა მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოეწყო თავდასხმა თბილისის პოლიცმაისტერზე. პოლიცმაისტერი დაჭრეს, მაგრამ გადარჩა, ხოლო ტერორისტ ლევან ხერხეულიძეს კაზაკები დაედევნენ და ხმლით აკუწეს.
   რევოლუციის წლებში საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა ბლოკისტური პარტია დაიშალა. 1906 წელს პარტიის  მეორე კონფერენციაზე პარტიიდან გავიდნენ ეროვნულ-დემოკრატები. როგორც აღვნიშნეთ, იმხანად ეროვნულ-დემოკრატები ცალკე პარტიის შექმნას აპირებდნენ. ფედერალისტები გაემიჯნენ არასოციალისტ ეროვნულ-დემოკრატებს. განცალკევებისა და ზოგჯერ დაპირისპირების მიუხედავად, ეროვნულ-დემოკრატები და სოციალისტ-ფედერალისტები ეროვნული ავტონომიისათვის ბრძოლაში მაინც თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. ცოტა უფრო გვიან წინააღმდეგობამ იჩინა თავი ფედერალისტებსა და ქართველ ანარქისტებს შორისაც.
   1907 წლის ოქტომბერში თბილისში შედგა საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის  მესამე კონფერენცია. ამ დროისათვის ანარქისტების გავლენა შესუსტებული იყო. ფედერალისტურ პარტიაში ტრადიციულმა ავტონომისტურმა ხაზმა გაიმარჯვა. ამის გამო ანარქისტებმა თავად მიიღეს გადაწყვეტილება ფედერალისტური პარტიიდან გასვლის შესახებ. ანარქისტებმა ეს გააკეთეს იმისათვის, რომ თავიანთი მაქსიმალიზმით ხელი არ შეეშალათ ფედერალისტებისათვის ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლაში. ანარქისტების წასვლის შემდეგ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ დაკარგა ბლოკისტური ხასიათი და საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია.  მესამე კონფერენციამ მიიღო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის პროგრამა, ხოლო თვით კონფერენციას ეწოდა «დამფუძნებელი. პროგრამის მე-14 პუნქტი კატეგორიულად მოითხოვდა «სრულიად რუსეთის ფედერაციის დამყარებამდე, დღესვე, საქართველოს ეროვნულ-ტერიტორიალურ ავტონომიას.
   3. ესერები. რევოლუციაში მონაწილეობა მიიღეს სოციალისტ-რევოლუციონერებმაც. 1905 წლის იანვრიდან ესერთა შედარებითი გააქტიურება მოჰყვა რუსეთიდან რამდენიმე ესერი მოღვაწის ჩამოსვლას. 1905 წლის თებერვალში შეიქმნა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის კავკასიის კავშირი, რომელშიც გაერთიანდნენ თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ბაქოს კომიტეტები. 1905 წლის ივლისში ესერთა კავკასიის კავშირი რსდმპ კავკასიის კავშირთან, სოციალისტ-ფედერალისტებსა და სომეხ დაშნაკებთან ერთად თანხმდებიან საყოველთაო აჯანყების საკითხში. ესერებს ჰყავდათ საბრძოლო რაზმი, ხოლო ტერორისტულ საქმიანობას წარმართავდა ესერთა პარტიის თბილისის სამხედრო ორგანიზაცია. 1905 წლის ივლისში თბილისში სასტუმრო «გრანდ-ოტელში დააპატიმრეს ესერი ტერორისტების ჯგუფი, რომელიც კავკასიის პოლიციის უფროსზე, გენერალ შირინკინზე აპირებდა თავდასხმას. შირინკინს ესერთა პარტიის თბილისის სამხედრო ორგანიზაციამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ერთი წლის შემდეგ ესერთა პარტიის კავკასიის სამხედრო ჯგუფმა თავდასხმა მოაწყო თბილისის პოლიცმაისტერ მარტინოვზე. ტერორისტების დევნისას კაზაკები სათავადაზნაურო გიმნაზიაში შევარდნენ, იქაურობა დაარბიეს, რამდენიმე პედაგოგი დააპატიმრეს და მოკლეს სრულიად უდანაშაულო, ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე შიო ჩიტაძე.
   რევოლუციის პერიოდში ესერთა პარტიამ თბილისში ჯერ ადგილობრივი ორგანიზაციის კონფერენცია მოაწყო, შემდეგ – ამიერკავკასიის საოლქო ყრილობა. მიღებულ იქნა   გადაწყვეტილებები საბრძოლო ჯგუფების შექმნის, ასევე სახაზინო-საკრედიტო დაწესებულებებზე თავდასხმის შესახებ. გადაწყდა დაეწყოთ პოლიტიკური ტერორი, რომლის პირველი მსხვერპლი უნდა ყოფილიყო მეფისნაცვალი.
   საქართველოში ესერებს სურვილი უფრო მეტი ჰქონდათ, ვიდრე უნარი და შესაძლებლობა. ესერთა რეალური გავლენა საქართველოს რევოლუციურ მოძრაობაზე სოციალ-დემოკრატებსა და სოციალისტ-ფედერალისტებთან შედარებით უმნიშვნელო იყო.
   4. ანარქისტები. პრაქტიკული თვალსაზრისით კიდევ უფრო მოკრძალებული იყო ანარქისტების საქმიანობა საქართველოში. სამაგიეროდ, დიდი აღმავლობა განიცადა ანარქისტების იდეურმა და პროპაგანდისტულმა საქმიანობამ. რევოლუციის წლებში თბილისში ზედიზედ გამოდიოდა ანარქისტული ჟურნალ-გაზეთები: «მუშა, «ნობათი, «ხმა, «ქარიშხალი, «ცის ნამი. გიორგი (კომანდო) გოგელიას შეფასებით, თუ ქუთაისი კავკასიაში ანარქისტული ჯგუფების მოღვაწეობის ცენტრსა და თავშესაფარს წარმოადგენდა, თბილისი იყო ანარქიზმის თავისებური თეორიული და ინტელექტუალური ცენტრი კავკასიაში. ზემოაღნიშნული გამოცემების ფურცლებზე სისტემატურად ქვეყნდებოდა ანარქიზმის ცნობილი თეორეტიკოსების: ელიზე რეკლიუს, პეტრე კროპოტკინის, ენრიკო მალატესტასა და სხვათა ნაშრომები; ასევე ვარლამ ჩერქეზიშვილის, კომანდო და შალვა გოგელიების, მიხაკო წერეთლის ნაწერები, რომლებიც შემდგომ ბროშურების სახით გამოიცემოდა.
   ნაყოფიერ პუბლიცისტურ-ლიტერატურულ და საგამომცემლო საქმიანობასთან ერთად ქართველი ანარქისტები ცდილობდნენ აქტიური მონაწილეობა მიეღოთ რევოლუციაში. მათ ჰქონდათ საკუთარი სტამბა, სცემდნენ პროკლამაციებს, ახდენდნენ ექსპროპრიაციებს.  ანარქისტების გავლენა მნიშვნელოვანი იყო სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის საქმიანობაზეც. საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში კომანდო გოგელია ახალი მიმართულების – ანარქო-სინდიკალიზმის პოზიციებზე დადგა და გაემიჯნა ყოფილ თანამოაზრე ანარქისტ-კომუნისტებს.
   მიუხედავად იმისა, რომ ანარქისტებს საქართველოში, ისე როგორც რუსეთში, პოლიტიკური პარტია არ შეუქმნიათ, მათ გააჩნდათ ორგანიზაცია, რომელიც გარკვეულ კოორდინირებას უწევდა აქა-იქ შექმნილ ჯგუფებს.
   ორგანიზაციულად ანარქისტები კიდევ უფრო სუსტნი იყვნენ, ვიდრე ესერთა მიმდინარეობა საქართველოში. მიუხედავად ამისა, მათ პროპაგანდას სოლიდური რეზონანსი ჰქონდა. ანარქისტულმა პრესამ არამარქსისტული სოციალიზმის იდეების პროპაგანდისათვის მნიშვნელოვანი ღვაწლი გასწია, საზოგადოებას გააცნო ევროპის სოციალისტური მოძრაობის წარსული და თანამედროვე მოვლენები, რითაც თვალსაწიერი გაუფართოვა მკითხველს. საგულისხმოა, რომ ანარქისტული გაზეთები ადგილობრივ მოვლენებზე მეტად საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობის შესახებ წერდნენ.
   რევოლუციის დამარცხებასთან ერთად დიდი ხნით თითქმის შეწყდა ანარქისტების როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული და პროპაგანდისტული მოღვაწეობა საქართველოში. ქართული ანარქიზმის ლიდერები (ვარლამ ჩერქეზიშვილი, კომანდო გოგელია) სამოღვაწეოდ კვლავ დასავლეთ ევროპაში გადაიხვეწნენ, ხოლო ზოგიერთმა ანარქისტმა (მაგალითად, მიხაკო წერეთელმა) თავი ანება ანარქიზმს და ეროვნული მოძრაობის ბანაკში გადავიდა.
4. საქართველოს ავტონომიის საკითხი რევოლუციაში
   1. ავტონომიის იდეა. რევოლუციის პერიოდში ეროვნული მოძრაობა საქართველოს ავტონომიისათვის ბრძოლის ნიშნით მიმდინარეობდა. ეროვნულ პარტიებთან ერთად ავტონომიის მოთხოვნას მხარს უჭერდნენ: ქართველი ინტელიგენცია, წვრილბურჟუაზიული ფენები, მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობა, ლიბერალური თავადაზნაურობა და ბურჟუაზია.

   1906 წელს ცნობილმა ეროვნულმა მოღვაწემ, სოხუმის ქალაქის თავმა ნიკოლოზ (ნიკო) თავდგირიძემ მოსკოვში მოწვეულ საერობო და საქალაქო წარმომადგენელთა ბიუროში წარადგინა მოხსენება, რომელშიც დაყენებული იყო საქართველოსათვის ეროვნული ავტონომიის მინიჭების საკითხი. ავტორის აზრით, ავტონომია საქართველოს ეკუთვნოდა «ისტორიული უფლებითაც. ქუთაისის საქალაქო საბჭოს განსაკუთრებული კომისიის მიერ მიღებული რეზოლუცია მოითხოვდა მმართველობის დეცენტრალიზაციასა და საქართველოს ავტონომიას. 1905 წლის აპრილში თბილისში შემდგარმა სათავადაზნაურო კრებამ ხმების დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირა საქართველოს ავტონომიის მოთხოვნას.
   ყველაზე ამომწურავად ქართველი ლიბერალური თავადაზნაურობის მოთხოვნების ხასიათი აისახა რუსეთის იმპერატორისადმი მირთმეულ ადრესში, რომელშიც «უქვეშევრდომილესი თხოვნის სახით იყო წამოყენებული საქართველოს თვითმმართველობის პრინციპებზე მოწყობის თხოვნა, თუმცა სიტყვა «ავტონომია~ არ იყო ხსენებული. ქართველი ხალხის კულტურული განვითარება, – ვკითხულობთ ადრესში, – მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, «თუ საქართველოს მიენიჭება უფლება საკუთარ კანონებით მართვა-გამგეობისა. ეს კანონები უნდა დადგენილ იქნეს ადგილობრივ წარმომადგენლობით კრების მიერ, არჩეულის მთელი საქართველოს მცხოვრებთა მიერ.
   ქვეყანაში მიმდინარე მუშათა და გლეხთა სოციალურ მოძრაობას ეროვნულ-განმათავისუფლებელი ხასიათიც ჰქონდა. ქართველი გლეხობა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან, ბიუროკრატიის თავგასულობის აღკვეთასა თუ მემამულეთა მიწების კონფისკაციასთან ერთად მოითხოვდა: სკოლებში ქართული ენის სწავლებას, ქართული სკოლების გახსნას. გორის მაზრის გლეხებმა მოითხოვეს თბილისში უნივერსიტეტის გახსნა. თბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების მუშები მოითხოვდნენ ახალმიღებული მუშებისათვის რუსულ ენაში გამოცდის მოსპობას, საქმის წარმოებას ქართულ ენაზე.
   სამწუხაროდ, ავტონომიის მოთხოვნის წინააღმდეგ კვლავ ილაშქრებდა რსდმპ და მისი ნაწილი საქართველოს სოციალ-დემოკრატია.
   რევოლუციის დაწყების შემდეგ განახლდა ქართველი სოციალ-დემოკრატიის შეტევები ეროვნული მოძრაობისა და მისი მთავარი წარმომადგენლის – ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ. 1905 წლის 10 აპრილს ფილიპე მახარაძის ჟურნალმა «მოგზაურმა «ვ. ნ-ს ფსევდონიმით გამოაქვეყნა უაღრესად ცილისმწამებლური მასალა სათაურით: «საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება. ილია ჭავჭავაძის პასუხს მოჰყვა ფილიპე მახარაძის შეურაცხმყოფელი წერილი: «თავის გამართლებაც ასეთი უნდა! ილიას წინააღმდეგ სოციალ-დემოკრატების ახალი გალაშქრება მიზნად ისახავდა ილია ჭავჭავაძის პიროვნების კომპრომეტაციასა და მისი სახით მტრის ხატის შექმნას მშრომელი მოსახლეობის – ექსტრემისტულად განწყობილი მუშებისა და განსაკუთრებით გლეხობის თვალში. ეს ჩანაფიქრი სოციალ-დემოკრატებმა წარმატებით განახორციელეს.
   არ შეიძლება ითქვას, რომ მთელი ქართული სოციალ-დემოკრატია ნიჰილისტურად უყურებდა ეროვნულ საკითხს. ბევრი ცნობილი სოციალ-დემოკრატი გულწრფელად თანაუგრძნობდა ეროვნულ მოძრაობას (ვლადიმერ დარჩიაშვილი, ივანე გომართელი და სხვ.). რსდმპ  მეოთხე გამაერთიანებელ ყრილობას ისიდორე რამიშვილი მიმართავდა: «მით უარესი ასეთი სოციალ-დემოკრატიისათვის, თუ ის კავკასიის ყველა ეროვნებათა შორის ვერ ამჩნევს ძლიერ ეროვნულ მოძრაობას... ყრილობას ვთავაზობ გადასინჯოს  მეორე ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილება... მოხდენილ იქნეს ცვლილებანი და დამატებანი დროის შესაბამისად. რუსეთის სოციალ-დემოკრატიის რჩეულ ელიტას მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ მიუქცევია ქართველი დელეგატის რჩევისათვის. პირიქით, რსდმპ  მეხუთე ყრილობამ ეროვნული საკითხი, ყოველგვარი დებატების გარეშე, დღის წესრიგიდან საერთოდ ამოიღო. ეს იყო ეროვნული პრობლემის სრული უგულებელყოფა.
   ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების  მეოთხე ყრილობაზე ქუთაისელ სოციალ-დემოკრატთა ერთი ჯგუფი ეროვნულ-კულტურული ავტონომიის მოთხოვნით გამოვიდა, რამაც ბოლშევიკთა დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია. ცალკეულ სოციალ-დემოკრატთა გამოსვლები მაინც არ ცვლიდა საერთო სურათს. მენშევიკებიცა და ბოლშევიკებიც ავტონომიის მოთხოვნის წინააღმდეგნი იყვნენ და მკვეთრად უპირისპირდებოდნენ ეროვნულ მოძრაობას.
   საქართველოს ავტონომიის მოთხოვნას ენერგიულად დაუჭირა მხარი თერგდალეულთა ძველმა თაობამ და მათმა აღიარებულმა ლიდერმა ილია ჭავჭავაძემ. ილიას თავკაცობით იყო ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების პოლიტიკური პარტიისაარსების ცდა, რომლის უმთავრეს მოთხოვნას საქართველოს ავტონომია წარმოადგენდა.
   ილია ჭავჭავაძის ეროვნულ-პოლიტიკურ მოღვაწეობას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ავტონომიის მომხრე ძალების კონსოლიდაციისათვის.
   2. ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა რუსეთის სახელმწიფო საბჭოში. 1906 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძე, როგორც თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წარმომადგენელი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოში აირჩიეს. დემოკრატიულმა პროგრამამ და ილიას კოლორიტულმა პიროვნებამ პეტერბურგის პრესისა და საზოგადოებრიობის ყურადღება მიიპყრო. ილია ჭავჭავაძისაგან ინტერვიუ აიღეს პეტერბურგის გაზეთებმა. ილიამ საქვეყნოდ განაცხადა, რომ სახელმწიფო საბჭოში მთელი საქართველოსა და ქართველი ხალხის დამცველი იქნებოდა და არა რომელიმე კლასისა. გაზეთ «პეტერბურგსკი ლისტოკისადმი მიცემულ ინტერვიუში ილია ჭავჭავაძე ამბობდა: «მე ვარ საერთოდ – კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს ფართო თვითმმართველობის მომხრე, ადგილობრივი საკანონმდებლო ხელისუფლებით... ქართველი და კავკასიელი თავადაზნაურობა ყოველთვის წავა აგრარულ საკითხში ყოველგვარ დათმობებზე, თუ მიწების ჩამორთმევა მიჩნეული იქნება დიდი საერთო-სახალხო მნიშვნელობის საქმედ. პეტერბურგის გაზეთები აღნიშნავდნენ ილია ჭავჭავაძის მტკიცე პოზიციას, მის მიერ გადახდილ მწვავე ბრძოლას სახელმწიფო საბჭოში. გაზეთი «პეტერბურგსკი ლისტოკი იუწყებოდა, რომ დედაქალაქში გამართულ სახელმწიფო საბჭოს წევრების ამომრჩეველთა წინასაარჩევნო კრებებზე მთავარი საკამათო საკითხი ყოფილა – მიკუთვნებოდა თუ არა ადგილი სახელმწიფო საბჭოში ბალტიისპირეთს, დონის სამხედრო ოლქსა და კავკასიას, რომლის საჭიროებასაც «დაჟინებით ითხოვდნენ ამ მხარეთა წარმომადგენლები. გაზეთი «პეტერბურგსკიე ვედომოსტი აღნიშნავდა, რომ წინასაარჩევნო კრებების დროს ილია ჭავჭავაძე დაბეჯითებით მოითხოვდა განაპირა მხარეებისათვის ადგილების მიცემის აუცილებლობას, რაც მიღწეულ იქნა კიდეც.
   ილია ჭავჭავაძის ეროვნული და სოციალური პროგრამა, მისი ნახევარსაუკუნოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა, კარგად იყო ცნობილი ქართული საზოგადოებისათვის. მაგრამ განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ ავტორიტეტულ სიტყვას, რომელიც მთელი რუსეთის გასაგონად იქნებოდა თქმული. ამგვარი სიტყვა ოფიციალურად ილია ჭავჭავაძემ პირველად თქვა, როცა მოითხოვა კავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს თვითმმართველობა. ილია ჭავჭავაძის მიერ გაცხადებული პოლიტიკური კრედო, შესაძლოა, უდაბნოში მღაღადებლის ხმად დარჩენილიყო სახელმწიფო საბჭოს უმრავლესობისათვის, მაგრამ აქ უკვე თავისი სიტყვა პეტერბურგის დემოკრატიულმა პრესამ თქვა. მან რუსეთის ფართო საზოგადოების ყურამდე მიიტანა ილიას ეროვნული და სოციალური პროგრამა და, ამავე დროს, საქვეყნოდ გამოხატა თავისი სიმპათია დიდი ქართველი მოღვაწის მიმართ.
   ილია ჭავჭავაძემ გაბედულად გამოთქვა თავისი აზრი იმ რეპრესიების წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის პირველი რევოლუციის დაღმავლობის პერიოდში გამეფდა ქვეყანაში. მანვე მიუთითა, რომ მხოლოდ განაპირა მხარეების ინტერესთა დაკმაყოფილებას შეეძლო დაემყარებინა ქვეყანაში სიმშვიდე.
   ილია ჭავჭავაძესთან ერთად ქართველ სამოციანელთა ძველი თაობის წარმომადგენლები და მათ გარშემო შემოკრებილი უპარტიო პატრიოტთა დასი რევოლუციის პერიოდში მთელი ქართველი ერის ინტერესების დაცვის ლოზუნგით გამოდიოდა. ისინი ეროვნულ პრობლემას უპირველეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ, თუმცა სოციალურ საკითხსაც მათ მოთხოვნებში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ეროვნული ავტონომიის მომხრე ქართველი სამოციანელების მიერ აგრარული საკითხის სამართლიანად გადაჭრის მოთხოვნის წამოყენება მათ პროგრამას ფართო დემოკრატიულ ხასიათს აძლევდა.
   მეორე დიდმა ქართველმა სამოციანელმა აკაკი წერეთელმა მხარი დაუჭირა სახალხო მოძრაობას. რევოლუციის პერიოდში თარგმნა მან ეჟენ პოტიეს სახელგანთქმული «ინტერნაციონალი. აკაკის ლექსები: «ხანჯალს, «ძირს, «თქვენი ჭირიმე, «ნატვრა და სხვ. სოციალური და ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლისაკენ მოუწოდებდა მოსახლეობას.
   ქართველი სამოციანელები, როგორც მთელი მოღვაწეობის მანძილზე, რევოლუციის წლებშიც გულწრფელი დემოკრატები იყვნენ. ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით იაკობ გოგებაშვილი წერდა: «მთელს ჩვენს სიცოცხლეში გულწრფელი მომხრენი ვიყავით თანასწორობისა და ყოველგვარი ბატონობა გვძულდა და ვეწინააღმდეგებოდით მას. გვძულდა ბატონობა თავადაზნაურობისა, ბიუროკრატიისა, ბურჟუაზიისა... მშრომელი ხალხის სრულ განთავისუფლებას კი ჩვენ ყოველთვის წრფელი გულით ვნატრობდით, და რაც შეგვეძლო ვეხმარებოდით.

   3. საქართველოს საკითხი ევროპაში. მთელი მეცხრამეტე საუკუნე ისე მიიწურა, რომ საქართველოს პოლიტიკური ტკივილების შესახებ ევროპის საზოგადოებრიობამ თითქმის არაფერი უწყოდა. ევროპაში გამოქვეყნებული ორიოდე წერილი, რომელიც საქართველოს ეხებოდა, ზღვაში წვეთი იყო. მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში საქართველოს შესახებ რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა ნიკო ნიკოლაძემ. 80-იანი წლებიდან საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას ინტენსიურად აცნობდა ევროპელებს ვარლამ ჩერქეზიშვილი, მაგრამ ეს საერთო მდგომარეობას ვერ ცვლიდა.
   ევროპისაგან საქართველოს სრული პოლიტიკური იზოლირების კედლის გარღვევა პირველად გაზეთმა «საქართველომ სცადა. «საქართველოს დიდი დამსახურება იყო ის, რომ მან პირველად გაიტანა და დასვა ევროპაში ქართველი ხალხის ეროვნული თავისუფლების საკითხი. ქართული პრობლემის პოპულარიზაციისა და ევროპის დემოკრატიული საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით არჩილ ჯორჯაძემ, გიორგი დეკანოზიშვილმა და მათმა თანამებრძოლებმა პარიზშივე გამოსცეს გაზეთ «საქართველოს ფრანგული დამატება «ლა ჟეორჟი.  მასში «საქართველოდან გადაბეჭდილ და ქართულიდან თარგმნილ მასალებთან ერთად, ქვეყნდებოდა ფრანგი და სხვა დასავლეთევროპელი პოლიტიკური მოღვაწეების წერილები და გამოხმაურებანი. «საქართველოს ფრანგული დამატების რედაქტორი იყო ქალბატონი რენო, ხოლო მის გამოცემასა და მასალების მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდა გიორგი დეკანოზიშვილის მეუღლე, ფრანგი ჰანრიეტა ფრენუა. ევროპის დემოკრატიულმა და სოციალისტურმა პრესამ ყურადღება მიაქცია «საქართველოს, გამოეხმაურა მის გამოსვლას და თანაგრძნობა გამოუცხადა ქართულ ეროვნულ მოძრაობას. ევროპულ გამოხმაურებებში განსაკუთრებით ესმებოდა ხაზი ქართველი ხალხის ეროვნული თავისუფლების კანონიერ სტატუსს, საქართველოს ეროვნული ავტონომიის უფლებრივ-იურიდიულ მხარეს, რაც 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატიდან გამომდინარეობდა.
   გაზეთ «საქართველოს ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნდა მასალები: «როგორ მიეგებნენ «საქართველოს გამოსვლას ევროპის პრესა და ევროპული საზოგადო მოღვაწენი. ფრანგულ გაზეთ «ეროპენში გამოქვეყნებულ წერილში «ცარიზმი და საქართველო პიერ კიარო წერდა: «იმათ უნდათ 1783 წლის ხელშეკრულებას დაუბრუნდნენ, რომლის ძალითაც საქართველო საშინაო საქმეებში სამუდამო რუსეთისაგან დამოუკიდებელი უნდა დარჩენილიყო. მაგრამ, მიუხედავად «სამუდამოობისა, ხელშეკრულებამ 18 წელიწადს «ძლივს გასტანა. ფლანდრიული სამეცნიერო ჟურნალი მისასალმებელ წერილში წერდა, რომ»საქართველო თხოულობდა თავისი ქვეყნის აღიარებას «ადმინისტრაციულ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, როგორიც უნდა ყოფილიყო 1783 წლის შეერთების ძალით.
   გაზეთ «საქართველოს გამოსვლას ვრცელი წერილით «ქართველი ერი გამოეხმაურა სახელგანთქმული დანიელი კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე გეორგ ბრანდესი. მას მიაჩნდა, რომ რუსეთის საიმპერატორო კარმა მოტყუებითა და ძალით ჩაიგდო ხელში საქართველო. საქართველოს განთავისუფლების შესაძლებლობას ბრანდესი უკავშირებდა რუსეთში მიმდინარე პროცესებს.
   გაზეთ «საქართველოსა და ქართველ ერს თანაგრძნობას უცხადებდა დიდი ფრანგი მეცნიერი, გეოგრაფი და პოლიტიკური მოღვაწე ელიზე რეკლიუ. «კარგა ხანი გავიდა უკვე, რაც ერთმა თქვენმა თანამემამულემ და ჩემმა მეგობარმა გამაცნო ქართველი ხალხის მდგომარეობა და საქართველოს ისტორიიდან ზოგიერთი ცნობები – წერდა ელიზე რეკლიუ «საქართველოს  რედაქციას. ფრანგი მოღვაწე თავის მეგობარში გულისხმობდა ცნობილ ქართველ ანარქისტს ვარლამ ჩერქეზიშვილს, ომელთანაც ორ ათეულ წელზე მეტი ხნის იდეური და სულიერი ახლობლობა აკავშირებდა. «ყოველ ღონისძიებას ვიხმარ და ჩემს ხმას თქვენს პროტესტს შემოვუერთებ – აღუთქვამდა წერილის დასასრულს «საქართველოს რედაქციას ელიზე რეკლიუ.
   გარდა აღნიშნულისა, გაზეთ «საქართველოს ეროვნულ მოთხოვნებს თანაგრძნობით გამოეხმაურნენ: საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატი ანტიდ ბოიერი, საფრანგეთის აკადემიის წევრი ანატოლი ლერუა-ბოლიე, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი იორკ პაუელი, ინგლისური გაზეთი «ტაიმსი, რუსი ლიბერალების ორგანო «ოსვობოჟდენიე. ფრანგული გაზეთი «ეროპენი წერდა, რომ საქართველოს ავტონომიის მოპოვებისათვის ჯერ კიდევ 1892 წელს შეიქმნა «საქართველოს თავისუფლების ლიგა, რომლის დაწყებულ საქმეს, გაზეთის აზრით, აგრძელებდა პარიზში დაარსებული ორგანო «ლა ჟეორჟი~.
   1907 წელს ქართველი ეროვნულ-პოლიტიკური ძალები შეეცადნენ საქართველოს ავტონომიის საკითხი ევროპული პოლიტიკური წრეების წინაშე დაესვათ. ამ მოძრაობის ყველაზე დიდი გამოხატულება იყო «საქართველოს ხალხის მემორანდუმი, რომელიც მოძრაობის მესვეურებმა წარუდგინეს ჰააგის სამშვიდობო კონფერენციას 1907 წელს. კონფერენცია მოწვეულ იქნა რუსეთის მთავრობის ინიციატივით. რამდენიმე ათასი კაცის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი ვარლამ ჩერქეზიშვილის მეშვეობით მიიღო ლონდონში იმჟამად არსებულმა «საქართველოს დაცვის საზოგადოებამ, რომელმაც დოკუმენტი გადასცა ჰააგის კონფერენციის მუდმივი ტრიბუნალის წევრს პროფესორ ნისს. ამ უკანასკნელმა მემორანდუმი კონფერენციის მონაწილეებს გააცნო. «საქართველოს ხალხის მემორანდუმი ჰააგის სამშვიდობო კონფერენციას სთხოვდა: «ჩვენი უფლებები აღდგენილ იქნენ 1783 წლის ხელშეკრულების თანახმად, რომელიც გარანტიას იძლევა ჩვენი ტერიტორიის მთლიანობისათვის და ეროვნულ ავტონომიისათვის. «მემორანდუმის ტექსტი და მის შესახებ ინფორმაციები გამოქვეყნდა ბელგიურ, ჰოლანდიურ, ფრანგულ, ინგლისურ და ამერიკულ პრესაში.
   სამწუხაროდ, ევროპის ყურადღება თანაგრძნობას არ გასცილებია. ჰააგის კონფერენცია ევროპის განიარაღებისა და დიდ სახელმწიფოთა ორ დაჯგუფებას შორის დაძაბულობის ნორმალიზაციის საკითხებით იყო დაკავებული და ქართველი ხალხის ეროვნული სატკივარისათვის არ ეცალა. მიუხედავად ამისა, «საქართველოს ხალხის მემორანდუმი მნიშვნელოვანი იურიდიულ-ისტორიული ღირებულების დოკუმენტი იყო, რომელმაც საერთაშორისო კონფერენციისა და ოფიციალური ევროპის ყურადღება მიიპყრო და საქართველოს ეროვნული ავტონომიის მოთხოვნა მათ წინაშე დასვა. ამასთან ერთად, «მემორანდუმმა ნათელყო ქართველი ხალხის ეროვნული თვითშეგნების ზრდა, ეროვნული მოძრაობის აღმავლობა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისაკენ მიემართებოდა.
5. ქართველი დეპუტატები რუსეთის  პირველი და  მეორე სახელმწიფო სათათბიროებში
   1906 წლის აპრილში იმპერატორმა ნიკოლოზ  მეორე-მ «რუსეთის იმპერიის ძირითადი კანონების ახალი რედაქცია დაამტკიცა. ძირითადი კანონების 86-ე მუხლი იუწყებოდა, რომ «არც ერთი კანონი არ შევა ძალაში სახელმწიფო საბჭოსა და სახელმწიფო სათათბიროს მოწონებისა და ხელმწიფე იმპერატორის მიერ დამტკიცების გარეშე. მეფის ხელისუფლების «შეუზღუდველ ძალაუფლებას თანახელისუფალი გამოუჩნდა სახელმწიფო სათათბიროს სახით.
   პირველი სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 1906 წლის თებერვალ-მარტში მიმდინარეობდა. 27 აპრილს პეტერბურგში პირველმა სახელმწიფო სათათბირომ მუშაობა დაიწყო. საქართველოში სათათბიროს არჩევნები გვიან გაიმართა. პოლიტიკური პარტიებიც ერთგვარი გაურკვევლობით შეხვდნენ ამ მოვლენას. რადიკალური განწყობილების გავლენის ფონზე არა მარტო ბოლშევიკებმა, სოციალისტ-ფედერალისტებმაც კი თავდაპირველად ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს.
   ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა (მენშევიკებმა) პირველი სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვეს. საქართველოში არჩეული 8 დეპუტატიდან 5 სოციალ-დემოკრატი იყო. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები გახდნენ: ნოე ჟორდანია, ისიდორე რამიშვილი, ივანე გომართელი, სერგო ჯაფარიძე და სვიმონ წერეთელი. თბილისის სადგურიდან ამომრჩევლებმა რევოლუციური სიმღერებით გააცილეს სოციალ-დემოკრატი დეპუტატები. «ჩვენ ბევრი მოვითმინეთ, – მიმართა ამომრჩევლებს ისიდორე რამიშვილმა, – მაგრამ ბოლოს და ბოლოს გავიმარჯვეთ. ჩვენი პლატფორმა უნდა იყოს დამფუძნებელი კრება, რომლის გარეშეც შეუძლებელია მშვიდობა და წესრიგის დამყარება.
   ქართველი დეპუტატები მხოლოდ 1906 წლის 8 ივნისს გამოჩნდნენ სახელმწიფო სათათბიროში და მაშინვე მიიპყრეს ყურადღება. ნოე ჟორდანია აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარედ. სოციალ-დემოკრატების გარდა საქართველოდან სახელმწიფო სათათბიროში არჩეულ იქნა ცნობილი ადვოკატი და საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტი იოსებ ბარათაშვილი.
   პირველი სათათბირო მეტისმეტად რადიკალური შემადგენლობისა და განწყობილების აღმოჩნდა. იგი ანტისამთავრობო მიტინგს დაემსგავსა, სადაც მოურიდებლად აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას. სოციალ-დემოკრატებიც სათათბიროს რაიმე პოზიტიური შედეგების მიღწევის მიზნით კი არა, არამედ სოციალური ბრძოლის ინსტრუმენტად იყენებდნენ.
   ქართველ დეპუტატთა უმრავლესობა, კერძოდ, სოციალ-დემოკრატები მხოლოდ პოლიტიკური სისტემის რეორგანიზაციისა და სოციალური ხასიათის პრობლემებით იყვნენ დაკავებულნი. მათ საზრუნავში ეროვნული საკითხი არ შედიოდა. ქართველ სოციალ-დემოკრატ დეპუტატებსა და ეროვნულ ძალებს შორის ერთი მნიშვნელოვანი კომპრომისის მიღწევა მაინც მოხერხდა. ილია ჭავჭავაძის ინიციატივითა და დავით სარაჯიშვილის დახმარებით შემდგარ შეხვედრაზე ქართველმა სოციალ-დემოკრატმა დეპუტატებმა ვალდებულება იკისრეს, რომ საქართველოს ავტონომიის საკითხის დაყენებას სათათბიროში, მართალია, ხელს არ შეუწყობდნენ, მაგრამ არც მის წინააღმდეგ გამოვიდოდნენ.
   ქართულმა ეროვნულმა ძალებმა სცადეს პირველი სახელმწიფო სათათბიროს ტრიბუნა ავტონომიის მოთხოვნის წამოსაყენებლად გამოეყენებინათ. როგორც აღვნიშნეთ, პირველ სათათბიროში დეპუტატად აირჩიეს სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის წარმომადგენელი იოსებ ბარათაშვილი. ფედერალისტებს იმედი ჰქონდათ, რომ მათი კანდიდატის პრინციპულობისა და კარგი ორატორული მონაცემების გამო მოახერხებდნენ სათათბიროში საქართველოს ავტონომიის საკითხის დასმას.
   პირველ სათათბიროში შეიქმნა ავტონომისტთა კავშირი, რომელშიც შედიოდნენ პოლონეთის, უკრაინის, ბალტიისპირეთის, სომხეთის, მაჰმადიანთა წარმომადგენლები, სულ 63 კაცი. ეს კავშირი მხარს უჭერდა რუსეთის იმპერიის ფართო დეცენტრალიზაციას და სათანადო კანონპროექტს ამზადებდა  სათათბიროში განსახილველად. იოსებ ბარათაშვილი პეტერბურგში ჩასვლისთანავე შეუერთდა ავტონომისტთა კავშირს. იგი ფრაქციის აგრარულ კომისიაშიც იქნა არჩეული. იოსებ ბარათაშვილის მონაწილეობით შემუშავდა ავტონომისტთა ფრაქციის საპარლამენტო პლატფორმა, ომლის მესამე პუნქტში ეწერა: «ავტონომისტთა კავშირის საპარლამენტო ფრაქციას აუცილებლად მიაჩნია სახელმწიფო მმართველობის სრული დეცენტრალიზაცია. ეს დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს დემოკრატიულ საწყისებზე და რუსეთის სახელმწიფოს ძირითადი კანონით დამყარებული ცალკეული ოლქების ფართო ავტონომიის პრინციპის საფუძველზე. ავტონომისტთა კავშირმა ჯერ კიდევ ქართველი დეპუტატების პეტერბურგში ჩასვლამდე შეიტანა სათათბიროს კომისიაში «განცხადება საქართველოს ავტონომიის შესახებ, მაგრამ ამის იქით საქმე აღარ წასულა. პირველ სახელმწიფო სათათბიროში ქართველ დეპუტატებს ერთი თვეც კი არ დასცალდათ მუშაობა, ხოლო მეორე სახელმწიფო სათათბიროში სოციალისტ-ფედერალისტებმა საკუთარი დეპუტატის გაყვანა ვეღარ შეძლეს. საქართველოს ავტონომიის საკითხი კი მეორე სახელმწიფო სათათბიროს ქართულ სოციალ-დემოკრატიულ წარმომადგენლობას არ აწუხებდა.

   ხელისუფლება გაღიზიანებული ადევნებდა თვალს პირველი სახელმწიფო სათათბიროს მუშაობას. «შრომის ჯგუფის მიერ განსახილველად შემოტანილი აგრარული კანონპროექტი ითვალისწინებდა მემამულეთა მიწების კონფისკაციას. არ იყო გამორიცხული, რომ მსგავსი რადიკალური კანონპროექტები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ რუსეთის იმპერიის სახელმწიფოებრივი სისტემის საფუძვლებს, მოწონებული იქნებოდა სათათბიროს მიერ.
   1906 წლის 9 ივლისს ნიკოლოზ  მეორე-მ პირველი სახელმწიფო სათათბირო დათხოვნილად გამოაცხადა და ახალი სათათბიროს არჩევნები დანიშნა. დათხოვნილი დეპუტატები შეიკრიბნენ ქალაქ ვიბორგში და აირჩიეს კომისია, რომელსაც უნდა შეემუშავებინა საპროტესტო მიმართვა სათათბიროს დათხოვნის გამო. ექვსკაციანმა კომისიამ, რომელშიც სოციალ-დემოკრატები ნოე ჟორდანია და სერგო ჯაფარიძეც შედიოდნენ, შეიმუშავა მიმართვა: «ხალხს სახალხო წარმომადგენლებისაგან, რომელიც «ვიბორგის მანიფესტის სახელითაცაა ცნობილი. «მანიფესტი რუსეთის მოსახლეობას პასიური წინააღმდეგობისაკენ მოუწოდებდა. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ხელისუფლებამ «ვიბორგის მანიფესტის ხელმომწერ 167 «სახალხო წარმომადგენელს სამი თვის პატიმრობა მიუსაჯა, რაც არჩევნებში მონაწილეობის უფლებასაც ართმევდა მათ. ნოე ჟორდანიამ არალეგალურ მდგომარეობაზე გადასვლით დააღწია თავი პატიმრობას.
   მეორე სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 1907 წლის დასაწყისში მიმდინარეობდა, ხოლო მისი სხდომები 20 თებერვალს დაიწყო. მეორე სახელმწიფო სათათბიროშიც უმრავლესობა მემარცხენე ძალებს ჰქონდათ.
   კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო ქართველი სოციალ-დემოკრატების გამარჯვება რუსეთის მეორე სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში. საქართველოდან არჩეული რვა დეპუტატიდან ყველა სოციალ-დემოკრატი იყო. ამჯერად სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები გახდნენ: ირაკლი წერეთელი, არჩილ ჯაფარიძე, ჭოლა ლომთათიძე, კონსტანტინე კანდელაკი, ნიკოლოზ კაციაშვილი, გერასიმე მახარაძე, სევერიან ჯუღელი, არშაკ ზურაბოვი. სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ლიდერად არჩეულ იქნა ირაკლი წერეთელი, რომელმაც სახელი გაითქვა როგორც ბრწყინვალე ორატორმა.
   ხელისუფლება კვლავ უარყოფითად განეწყო ახალი სათათბიროს მიმართ და საბაბს ეძებდა მის დასათხოვნად. საბაბიც მალე გამოჩნდა. ჟანდარმერიას მიუვიდა ინფორმაცია, რომ სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრები არალეგალურად ხვდებოდნენ პეტერბურგის გარნიზონის ჯარისკაცებს. ხელისუფლებამ განზრახ თუ შიშით გამოიტანა დასკვნა, რომ მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება. 1907 წლის 2 ივნისს დააპატიმრეს რამდენიმე სოციალ-დემოკრატი დეპუტატი, მათ შორის ირაკლი წერეთელიც, რომელიც სხვა ქართველ დეპუტატებთან ერთად ციმბირში გადაასახლეს.
   1907 წლის 3 ივნისს ნიკოლოზ  მეორე-მ მეორე სახელმწიფო სათათბირო დათხოვნილად გამოაცხადა. ამ სათათბიროს დათხოვნასთან ერთად დასრულდა რუსეთის 1905-1907 წლების რევოლუციაც. დაიწყო რეაქციის, ანუ როგორც მაშინდელ ქართულ პრესაში მოიხსენიებდნენ, «რევოლუციის ლიკვიდაციის ხანა.

თავი  მესამე
   საქართველო 1907-1917 წლებში

 პოლიტიკური რეაქცია საქართველოში (1907-1910 წწ.)
   1905-1907 წლების რევოლუციის დამარცხებამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა რუსეთისა და, ცხადია, საქართველოს შემდგომი განვითარება – პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესები. რევოლუციის ცალკეული კერების განადგურება ერთბაშად არ მომხდარა. 1906-1907 წლებში რევოლუცია დაღმავლობის გზით მიდიოდა, თუმცა მუშათა და გლეხთა გამოსვლები კვლავ გრძელდებოდა. ამავე პერიოდში სხვადასხვა სოციალური ძალის პოლიტიკური ბრძოლის არენად რუსეთის სახელმწიფო სათათბირო იქცა. მონარქია და ბურჟუაზიული პარტიები (კადეტები, ოქტიაბრისტები), მათ შორის არსებული ზოგიერთი წინააღმდეგობის მიუხედავად, ერთიანი ფრონტით გამოდიოდნენ გლეხთა და მუშათა წარმომადგენლების წინააღმდეგ. პირველ და მეორე სახელმწიფო სათათბიროში ხელისუფლების წინააღმდეგ მემარცხენე ძალების (გლეხთა და მუშათა დეპუტატების) გაერთიანებას ცდილობდნენ სოციალ-დემოკრატი დეპუტატები. პირველ სახელმწიფო სათათბიროში (1906 წლის აპრილ-ივლისი) ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალების გამოსვლას ისეთი მწვავე ხასიათი არ მიუღია, როგორც მეორე სახელმწიფო სათათბიროში. მეორე სახელმწიფო სათათბიროს მუშაობაში განსაკუთრებული სიმწვავე შეჰქონდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას, რომლის მუშაობას უნარიანად ხელმძღვანელობდნენ ირაკლი წერეთელი და არჩილ ჯაფარიძე. განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდა ირაკლი წერეთლის გამოსვლები. ფაქტობრივად, ირაკლი წერეთელი იყო არა მარტო სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის, არამედ მთელი მემარცხენე ბლოკის ლიდერი. მის ბრძოლას რუსი შოვინისტების წინააღმდეგ დიდი გამოხმაურება ჰქონდა მთელს იმპერიაში. ამავე დროს, ირაკლი წერეთელი თავგამოდებით ებრძოდა მემარცხენე ექსტრემიზმის ყველაზე საშიშ გამოვლინებას – ბოლშევიზმს. პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაციის ერთადერთ გზად მას საპარლამენტო წყობილების დამკვიდრება მიაჩნდა. ირაკლი წერეთლის ეკონომიკური და სოციალური პროგრამა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული ხასიათისა იყო. რუსეთში პოლიტიკური წყობილების ლიბერალიზაციასა და საპარლამენტო წყობილების დამკვიდრებას აგრარული რეფორმა და სხვა შესაბამისი სოციალური და ეკონომიკური ხასიათის გარდაქმნები უნდა მოჰყოლოდა. საბოლოოდ რუსეთში ბურჟუაზიულ-დემოკრატიული წყობილება უნდა დამკვიდრებულიყო. რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ  მეორე-მ სახელმწიფო სათათბიროს ოპოზიციური ძალების გამოსვლა მისი უფლებების ხელყოფად მიიჩნია და, როგორც აღვნიშნეთ, 1907 წლის 3 ივნისს მეორე სახელმწიფო სათათბიროს მუშაობა შეწყვიტა. სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დააპატიმრეს და გაასამართლეს. 1907 წლის 3 ივნისი ითვლება 1905-1907 წლების რევოლუციის დასასრულად. რუსეთში დაიწყო პოლიტიკური რეაქციის ხანა.
   მესამე სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები უკვე ახალი საარჩევნო კანონის საფუძველზე ჩატარდა. არჩევნები საქართველოში 1908 წლის იანვარ-თებერვალში მიმდინარეობდა. ამჯერად საქართველოდან არჩეულ იქნა სამი დეპუტატი: ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე (სოციალ-დემოკრატი), ევგენი გეგეჭკორი (სოციალ-დემოკრატი), პროკოფი შერვაშიძე (მონარქისტი). მესამე სახელმწიფო სათათბირომ უფლებამოსილების ვადა ბოლომდე ამოწურა – 1912 წლამდე იმუშავა.
   პოლიტიკურ რეაქციას რუსეთში ძალზე ფართო მასშტაბები ჰქონდა. 1907-1908 წლებში რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის გაასამართლეს და სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს 5 ათას კაცს. სულ 1905-1912 წლებში ციხეებსა და გადასახლებაში 30 ათასზე მეტი კაცი დაიღუპა. მეორე სახელმწიფო სათათბიროს კატორღამისჯილი დეპტატები არჩილ ჯაფარიძე, სევერიან ჯუღელი და ბიკენტი (ჭოლა) ლომთათიძე სასჯელის მოხდის დროს გარდაიცვალნენ. თითქმის ათი წელი ციმბირის გადასახლებაში გაატარა ცნობილმა პოლიტიკურმა მოღვაწემ ირაკლი წერეთელმა.
   საქართველოს ყველა კუთხეში მოქმედებდა სამხედრო-საველე სასამართლო. მოსახლეობის რბევა-დაწიოკებაში განსაკუთრებით აქტიურობდა ე. წ. «შავი რაზმი («რუსი ხალხის კავშირი), რომელიც ყოველგვარი სასამართლოსა და განაჩენის გარეშე სიკვდილით სჯიდა ხელისუფლებისათვის არასასურველ პირებს. რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებით შეიქმნა რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის დაცვის კავკასიის რაიონული განყოფილება (კავკასიის ოხრანკა). თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებიდან მარტო 1907 წელს ადმინისტრაციული წესით (სასამართლოს გარეშე) გაასახლეს რამდენიმე ათასი კაცი.
   რევოლუციის მონაწილე მუშათა წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა ფაბრიკებიდან და ქარხნებიდან მათი დათხოვნა, სამუშაო ადგილების შემცირება და ხშირ შემთხვევაში საწარმოთა დახურვა.
   რეაქცია თავს დაატყდა პოლიტიკურ პარტიებსა და ცალკეულ პოლიტიკურ მოღვაწეებს. მრავალი პოლიტიკური მოღვაწე (ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, გიორგი გვაზავა, მიხეილ (მიხაკო) წერეთელი, იოსებ ჯუღაშვილი და სხვ.) იძულებულნი გახდნენ ან არალეგალურ საქმიანობაზე გადასულიყვნენ, ან სამშობლოდან გადახვეწილიყვნენ. დაიხურა მრავალი პერიოდული გამოცემა, გამკაცრდა ცენზურა, თავისუფალი აზრი შეიზღუდა. ხელისუფლების მხრიდან მკაცრ რეპრესიულ ღონისძიებებს პოლიტიკურმა პარტიებმა (სოციალ-დემოკრატებმა, ესერებმა) ტერორით უპასუხეს. ყოველ ტერორისტულ აქტს ხელისუფლების მხრიდან ახალი რეპრესიები მოჰყვებოდა ხოლმე.
   პოლიტიკური რეაქცია თავს დაატყდათ ქართველ ავტოკეფალისტებს. 1908 წელს თბილისში მოკლეს თავისი ანტიქართული საქმიანობით ცნობილი ეგზარქოსი ნიკონი. რუსი ეგზარქოსის მკვლელობა პოლიტიკური მოსაზრებით ქართველ სამღვდელოებას – ავტოკეფალისტებსა და მათ ლიდერს ეპისკოპოს კირიონს (გიორგი საძაგლიშვილს) – გადააბრალეს. პასუხისგებაში მისცეს და დასაჯეს რამდენიმე ათეული ავტოკეფალისტი.
   პოლიტიკური რეაქცია, ცხადია, რევოლუციური მოძრაობის განადგურებასთან ერთად ქართული ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგაც იყო მიმართული. ეროვნული მოძრაობის მრავალი ცნობილი მოღვაწე იძულებული გახდა საქართველოდან გადახვეწილიყო.
   1907 წლის 30 აგვისტოს დღემდე ბოლომდე ამოუცნობ საიდუმლო ვითარებაში სოფელ წიწამურთან მოკლეს ნახევარი საუკუნის მანძილზე ეროვნული მოძრაობის უცვლელი ლიდერი, ერის სულიერი მამა, ქართველობისა და საქართველოს გადარჩენისათვის მუხლჩაუხრელი მებრძოლი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი, საქართველოს უგვირგვინო მეფე – ილია ჭავჭავაძე. ილიას სიკვდილი აუნაზღაურებელი დანაკლისი იყო ქართველი ერისათვის. ეს ფაქტი იყო მკვლელობა არა ერთი პიროვნებისა, თუნდაც დიდი მოაზროვნისა და პოლიტიკური მოღვაწისა, არამედ ეს იყო შეთქმულება მთელი საქართველოს, ქართველი ერის წინააღმდეგ. ილია ჭავჭავაძის მკვლელობა გამიზნული იყო იმ პროცესის შეწყვეტისათვის, რომელიც საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის 60-იანი წლების დამდეგიდან დაიწყო და რომელიც უნდა მისულიყო ლოგიკურ დასასრულამდე – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე.
   1910 წლიდან პოლიტიკური რეაქცია თანდათან შენელდა. თუმცა როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე ცალკეული პოლიტიკური მოღვაწეების დევნა მაინც გრძელდებოდა.
2. საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარება
(1907-1914წწ.)
   1905-1907 წლების რევოლუციის დამარცხების მიუხედავად, შეუძლებელი იყო რუსეთის ძველი სოციალ-ეკონომიკური სისტემის ხელუხლებლად დატოვება. რევოლუციამ რუსეთის საიმპერატორო კარს ცხადად დაანახა, რომ თუ სოფლად აგრარული ურთიერთობები არ მოგვარდებოდა, ახალი რევოლუციური აფეთქება გამორიცხული არ იყო. ხელისუფლება იძულებული გახდა 1905 წელს სანახევროდ შეემცირებინა, ხოლო 1907 წელს სრულებით გაეუქმებინა სანადელო მიწების გამოსასყიდი გადასახადი. ცხადია, ეს დათმობა გარკვეულწილად ამსუბუქებდა გლეხთა მდგომარეობას, მაგრამ სოფლად სოციალური ვითარება კვლავ დაძაბული რჩებოდა. რუსეთში ბატონყმობის გაუქმების შემდეგაც შემორჩა მიწაზე სათემო საკუთრება. გლეხს უფლება არ ჰქონდა მის სარგებლობაში არსებული მიწა გაესხვისებინა (გაეყიდა, გაეჩუქებინა), ხოლო თემიდან წასვლის შემთხვევაში მიწაზე ყოველგვარ უფლებას კარგავდა. ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის პეტრე სტოლიპინის აზრით, შექმნილ ვითარებაში სასოფლო თემი თავის დანიშნულებას ვეღარ ასრულებდა, იგი უნდა დაშლილიყო და მიწაზე სათემო საკუთრებაც გაუქმებულიყო. თემში შემავალ ყოველ ოჯახს მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრებაში უნდა გადასცემოდა. პეტრე სტოლიპინის ინიციატივით შემუშავებულ იქნა 1906 წლისა და 1910 წლის კანონები, რომელთა ძალითაც გლეხობამ უფლება მიიღო სასოფლო თემიდან გასულიყო და სანადელო მიწა კერძო საკუთრებაში დაემტკიცებინა. აგრარულმა რეფორმამ დააჩქარა ბურჟუაზიული ურთიერთობების დამკვიდრება სოფლად. მისი არსი გამოიხატებოდა სასოფლო თემის ძალდატანებით დაშლასა და გლეხობისათვის მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემაში, რაც ფერმერული მეურნეობის განვითარების საფუძველი უნდა გამხდარიყო.
   პეტრე სტოლიპინის აგრარული რეფორმის ძირითადი ნაწილი საქართველოს არ შეჰხებია. 1912 წლის კანონით საქართველოში მცხოვრებმა დროებით ვალდებულმა გლეხებმა უფლება მიიღეს გამოესყიდათ თავიანთი მიწები. მართალია, გლეხს ნადელის გამოსყიდვა ადრეც შეეძლო, მაგრამ მაშინ ეს მემამულის სურვილზე იყო დამოკიდებული, 1912 წლის კანონით კი გამოსყიდვა სავალდებულო გახდა.
   1912 წლის კანონის ცხოვრებაში გატარება ძალზე გაჭიანურდა. მოსამზადებელი სამუშაოები მხოლოდ 1913 წელს დაიწყო. დროებით ვალდებული გლეხების მიერ მიწების გამოსყიდვა შეაფერხა 1914 წელს დაწყებულმა პირველმა მსოფლიო ომმა. საბოლოოდ საქართველოში ნადელების გამოსყიდვა დროებით ვალდებული გლეხების მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა.
   1913 წელს ხელისუფლებამ განიზრახა ხიზანთა ფენის ლიკვიდაცია. ხიზნები თავისუფალ გლეხობასთან უნდა გაეთანაბრებინათ. ამავე დროს, სავალდებულოდ უნდა ქცეულიყო ხიზნების მიწების გამოსყიდვა. ხიზნების შესახებ კანონპროექტის მიღება გაჭიანურდა, ხოლო პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ საკითხის განხილვა საერთოდ შეწყდა.
   რუსეთის საიმპერატორო კარი საქართველოში აგრარული რეფორმის შეზღუდული სახით გატარებასთან ერთად სხვა მხრივაც ართულებდა აგრარულ ურთიერთობებს. საქართველოში გაძლიერდა უცხოტომელთა ჩამოსახლება და ისედაც მცირემიწიან ქვეყანაში დამატებითი სირთულეები შეიქმნა. 1908-1915 წლებში საქართველოში ჩამოსახლებულ იქნა 66 ათასი რუსი, რომელთაც დიდი რაოდენობით მიწები გამოუყვეს. 1912 წლამდე საქართველოში შეიქმნა ასამდე ახალი რუსული დასახლება. ხელისუფლება რუს კოლონისტებს დიდ დახმარებას უწევდა მეურნეობის მოწყობის საქმეში.
   საქართველოს მრეწველობის განვითარების საქმეს რევოლუციის შემდგომ წლებში დიდი ცვლილება არ განუცდია. ნელ-ნელა აღდგა ფაბრიკებისა და ქარხნების ნორმალური მუშაობა. განსაკუთრებით ეს შეეხება თბილისსა და ბათუმს. თბილისში მთელი სიძლიერით ამოქმედდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სახელოსნოები, თამბაქოსა და ფეხსაცმლის ფაბრიკები, ბათუმში – ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. გარკვეული ძვრები მოხდა ჭიათურის მანგანუმისა და ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელ საწარმოებში, ასევე ალავერდისა და ახტალის მაღაროებში. გამოცოცხლდა სარკინიგზო ტრანსპორტი. სამრეწველო საწარმოების სრული დატვირთვით ამოქმედებას გარკვეულწილად აფერხებდა პროფესიონალი მუშების დეფიციტი. მათი ნაწილი რევოლუციის დროს დაიღუპა, ნაწილი ციხეებსა და გადასახლებაში იმყოფებოდა. მრეწველობის განვითარებას სხვა მიმართულება მისცა პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ.
3. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ძალთა განლაგება რევოლუციის დამარცხების შემდეგ. ეროვნული მოძრაობა (1907-1914 წწ.)
   1905-1907 წლების რევოლუციის დამარცხების შემდეგ საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ძალთა განლაგება ასეთ სურათს იძლეოდა: ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალას კვლავ სოციალ-დემოკრატები წარმოადგენდნენ. რევოლუციის დამარცხების შემდეგ საქართველოში ძალზე შესუსტდა ბოლშევიკების გავლენა. ყველა მნიშვნელოვანი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია მენშევიკების ხელში გადავიდა. ასე გაგრძელდა 1917 წლამდე. რევოლუციის დამარცხების შემდეგ ქართველი სოციალ-დემოკრატებიდან (მენშევიკებიდან) აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას აგრძელებენ: ნოე ჟორდანია, ისიდორე რამიშვილი, აკაკი ჩხენკელი, ნოე რამიშვილი, კარლო ჩხეიძე, ევგენი გეგეჭკორი და სხვ. ქართველი მენშევიკები კარლო ჩხეიძე და ევგენი გეგეჭკორი დიდ როლს თამაშობდნენ რუსეთის მესამე სახელმწიფო სათათბიროს (1907-1912 წწ.) მუშაობაში. მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები (1912 წ.) საქართველოში ისევ სოციალ-დემოკრატების გამარჯვებით დამთავრდა. სულ არჩეულ იქნა სამი დეპუტატი: ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე (სოციალ-დემოკრატი), აკაკი ჩხენკელი (სოციალ-დემოკრატი), ვარლამ გელოვანი (სოციალისტ-ფედერალისტი).

   საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია. რევოლუციის დამარცხების შემდეგ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას აგრძელებდნენ: არჩილ ჯორჯაძე, გიორგი ზდანოვიჩი, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი ლასხიშვილი, სამსონ ფირცხალავა, კიტა აბაშიძე და სხვ. ეროვნულ საკითხზე დაპირისპირება, რომელიც სოციალისტ-ფედერალისტებსა და სოციალ-დემოკრატებს შორის რევოლუციის წლებში დაიწყო, კიდევ უფრო გამწვავდა მომდევნო წლებში. კომპრომისის მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა.
   1905-1907 წლების რევოლუციის დამარცხების შემდეგ უფრო მეტ ძალას იკრებდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმდინარეობა. 1909-1910 წლებში ეროვნულ-დემოკრატთა ერთი ჯგუფი აქტიურ მოღვაწეობას აჩაღებს. ამ ჯგუფში შედიოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, მიხეილ (მიხაკო) წერეთელი, გიორგი გვაზავა, ვალერიან გუნია, ფილიპე გოგიჩაიშვილი და სხვ. ზემოთ ხსენებული მოღვაწეები შემოკრებილნი იყვნენ ჟურნალ «ერის გარშემო, რომელსაც პეტრე სურგულაძე რედაქტორობდა. 1910 წელს «ერის გარშემო შემოკრებილი ეროვნულ-დემოკრატები ხელისუფლების მხრიდან მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მოექცნენ. პეტრე სურგულაძე იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. იმავდროულად აქტიურ მოღვაწეობას აჩაღებს ეროვნულ-დემოკრატთა მეორე ჯგუფი. 1912 წელს რევაზ გაბაშვილის, დავით (დათა) ვაჩნაძისა და შალვა ქარუმიძის ინიციატივით დაარსდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმდინარეობის ჟურნალი «კლდე. ჟურნალის რედაქციაში თავი მოიყარა მომავალი პარტიის ბირთვმა. დაიწყო საპროგრამო საკითხების დამუშავება.
   რევოლუციის დამარცხების შემდეგ ქართველი ანარქისტები ორად გაყოფილნი აღმოჩნდნენ. ერთი ჯგუფი (კომანდო გოგელია, შალვა გოგელია და სხვ.) კოსმოპოლიტიზმის პოზიციაზე დარჩნენ, ხოლო მეორე ჯგუფი (ვარლამ ჩერქეზიშვილი, მიხეილ წერეთელი და სხვ.) კვლავინდებურად მხარს უჭერდნენ საქართველოს ავტონომიის მოთხოვნას. ამავე პერიოდისათვის უმნიშვნელო ძალად რჩებოდნენ ქართველი ესერები (რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ქართული ფრაქცია).
   ეროვნული საკითხი რევოლუციის დამარცხების შემდეგ ძალზე პოპულარული გახდა. ყველა პოლიტიკური მიმდინარეობა და პარტია ცდილობდა ეროვნული საკითხისა და მისი გადაჭრის გზებზე საკუთარი პოზიცია გამოემუშავებინა. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია არჩილ ჯორჯაძის წერილების სერია სათაურით «სამშობლო და მამულიშვილობა (1908 წ.), ნოე ჟორდანიას «ქართველი ხალხი და ნაციონალიზმი (1908 წ.), მიხეილ (მიხაკო) წერეთლის «ერი და კაცობრიობა (1910 წ.), აკაკი ჩხენკელის «კაცობრიობა თუ ერი? (1912 წ.), იოსებ ჯუღაშვილის (სტალინის) «მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი (1913 წ.). სამწუხაროდ, ეროვნულ საკითხში პოლიტიკურ მიმდინარეობათა და პარტიათა შეთანხმება ვერ მოხერხდა. მართალია, სოციალისტ-ფედერალისტებისა და ეროვნულ-დემოკრატების შეხედულება საქართველოს ავტონომიის საკითხზე ძირითადად ერთმანეთს ემთხვეოდა, მაგრამ ეროვნულ-დემოკრატებისა და სოციალისტ-ფედერალისტების დაახლოებას ხელს უშლიდა ამ უკანასკნელთა ერთგულება სოციალისტური დოქტრინისადმი. ეროვნულ საკითხზე უთანხმოება დაიწყო თვით ქართველ სოციალ-დემოკრატთა (მენშევიკთა) შორის. ცნობილმა ქართველმა სოციალ-დემოკრატმა ვლადიმერ (ლადო) დარჩიაშვილმა 1908 წელს საჯაროდ გაილაშქრა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ეროვნული პროგრამის წინააღმდეგ. ვლადიმერ დარჩიაშვილის აზრით, რსდმპ ეროვნული პროგრამა მიუღებელი იყო რუსეთის იმპერიაში შემავალი მცირერიცხოვანი ერებისათვის. ნოე ჟორდანია და ქართველი სოციალ-დემოკრატების უმრავლესობა გაემიჯნა ვლადიმერ დარჩიაშვილს. მიუხედავად ამისა, ვლადიმერ დარჩიაშვილს პოზიცია არ შეუცვლია. მალე სოციალ-დემოკრატიაში ეროვნული საკითხის ტრადიციული გაგების წინააღმდეგ გამოვიდა აკაკი ჩხენკელი.
   ეროვნულ საკითხში საქართველოში არსებული პოლიტიკური მიმდინარეობებისა და პარტიების შეთანხმება სცადა არჩილ ჯორჯაძემ. 1909 წელს მან გამოაქვეყნა ნაშრომი «შეთანხმების იმედი. არჩილ ჯორჯაძე ავითარებდა იმ აზრს, რომ დაპირისპირების მიუხედავად, ეროვნულ საკითხში შეთანხმება მაინც შესაძლებელი იყო. არჩილ ჯორჯაძის ცდას შედეგი არ გამოუღია. ქართულმა ეროვნულმა და სოციალურმა მოძრაობამ ერთიანი პროგრამა ვერ შეიმუშავა.
   საქართველოს საკითხი სულ უფრო პოპულარული ხდებოდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში. 1912 წლის 10 დეკემბერს მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატმა დეპუტატმა აკაკი ჩხენკელმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის კოლონიური პოლიტიკა. აკაკი ჩხენკელმა საქართველოსათვის ეროვნულ-კულტურული ავტონომიის მინიჭება მოითხოვა. 1912 წლის 13 დეკემბერს სოციალისტ-ფედერალისტების დეპუტატმა ვარლამ გელოვანმა სახელმწიფო სათათბიროში წარმოთქმულ სიტყვაში წამოაყენა საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნა. აკაკი ჩხენკელისა და ვარლამ გელოვანის გამოსვლები რუსეთის მეოთხე სახელმწიფო სათათბიროში ეროვნული მოძრაობის უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენდა.
   1912 წელს ეროვნულმა ძალებმა შექმნეს ორგანიზაცია «ქართველი ხალხის უფლებების დაცვის კავშირი. მისი მიზანი იყო გეორგიევსკის ტრაქტატის (1783 წ.) პირობებზე დაყრდნობით ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობის ისტორიული უფლებების პროპაგანდა ევროპის ქვეყნებში და ამ გზით საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევისათვის ხელის შეწყობა. «ქართველი ხალხის უფლებების დაცვის კავშირის შექმნის ინიციატორები იყვნენ: არჩილ ჯორჯაძე, გერონტი ქიქოძე, კიტა აბაშიძე, პეტრე სურგულაძე და სხვ. კავშირის წარმომადგენლები, საზღვარგარეთ მყოფი მიხაკო წერეთელი და ვარლამ ჩერქეზიშვილი აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო კონფერენციებში და ცდილობდნენ საქართველოს საკითხი დიდი სახელმწიფოების წინაშე დაესვათ.
4. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისი და საომარი ოპერაციები კავკასიის ფრონტზე
(1914-1916 წწ.)
   პირველი მსოფლიო ომი (1914-1918 წწ.) დიდ სახელმწიფოთა შორის არსებულმა წინააღმდეგობებმა წარმოშვა. ეს წინააღმდეგობები კანონზომიერი შედეგი იყო მსოფლიოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარებისა.
   უკვე მეცხრამეტე საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან დაიწყო სახელმწიფოების გაერთიანება სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებში. 1879 წელს სამხედრო-პოლიტიკური კავშირი დაიდო გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთს შორის. 1882 წელს ამ ხელშეკრულებას შეუერთდა იტალია. ასე შეიქმნა ევროპაში პირველი სამხედრო-პოლიტიკური კავშირი – სამხედრო ბლოკი (გერმანია, ავსტრია-უნგრეთი, იტალია), რომელსაც «სამთა კავშირს უწოდებდნენ. იმავდროულად მიმდინარეობდა საფრანგეთ-რუსეთის დაახლოება. 1891-1892 წლებში დადებული ხელშეკრულებებით გაფორმდა საფრანგეთ-რუსეთის კავშირი. ეს სამხედრო-პოლიტიკური კავშირი გერმანიის წინააღმდეგ იყო მიმართული. 1904-1907 წლებში დაიდო ინგლის-საფრანგეთისა და ინგლის-რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულებები. ასე შეიქმნა ევროპაში მეორე სამხედრო-პოლიტიკური კავშირი – სამხედრო ბლოკი (საფრანგეთი, ინგლისი, რუსეთი), რომელსაც «ანტანტას (გულითად კავშირს) უწოდებდნენ. მოგვიანებით სამთა კავშირს შეუერთდა თურქეთი. პირველი მსოფლიო ომის მსვლელობის დროს – 1915 წელს – იტალია სამთა კავშირიდან გამოვიდა და ანტანტას შეუერთდა, ხოლო 1917 წელს ამერიკის შეერთებული შტატებიც ანტანტის მხარეზე ჩაება ომში. სამთა კავშირის ქვეყნების ინტერესები უპირისპირდებოდა ანტანტის ქვეყნების ინტერესებს და, პირიქით.
   საკმაოდ ხანგრძლივმა პერიოდმა პირველი მსოფლიო ომის წინ ცხადი გახადა, რომ დიდ სახელმწიფოებს ერთმანეთს შორის არსებული წინააღმდეგობების მოგვარება მშვიდობიანი გზით არ სურდათ. ომი გარდუვალი გახდა. ომისათვის ყველაზე უკეთ გერმანია მოემზადა. გერმანიის საიმპერატორო კარი თვლიდა, რომ შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში სამთა კავშირი შეძლებდა ანტანტის დამარცხებას.
   პირველი მსოფლიო ომის საბაბი გახდა ქ. სარაევოში ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრის ფრანც-ფერდინანდის მკვლელობა, რასაც შედეგად მოჰყვა ე. წ. «ბოსნიის კრიზისი და ავსტრია-უნგრეთის მიერ სერბიისათვის ომის გამოცხადება. ავსტრია-უნგრეთის მხარეზე ომში ჩაება გერმანია, ხოლო სერბიის მხარეზე – რუსეთი. რუსეთის იმპერია პირველ მსოფლიო ომში 1914 წლის 1 აგვისტოს ჩაება.
   ევროპაში სამთა კავშირსა და ანტანტას შორის გაჩაღებული ომის პარალელურად საომარი ოპერაციები დაიწყო ამიერკავკასიაში. 1914 წლის აგვისტოში თურქეთმა ომში ნეიტრალიტეტის შესახებ დეკლარაცია გამოაქვეყნა, მაგრამ ეს მხოლოდ დიპლომატიური ნაბიჯი იყო. სინამდვილეში თურქეთი გამალებით ემზადებოდა რუსეთთან ომისათვის. 1914 წლის ოქტომბერში თურქეთის სამხედრო ფლოტმა სევასტოპოლი და შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე რუსეთის სხვა ქალაქები დაბომბა. 2 ნოემბერს რუსეთმა ომი გამოუცხადა თურქეთს. საქართველო ფრონტისპირა ქვეყნად იქცა.
   ომის დაწყებისთანავე ამიერკავკასიიდან დასავლეთ ფრონტზე გადაყვანილ იქნა ორი საარმიო კორპუსი და კაზაკთა ხუთი დივიზია. მათი ადგილი სათადარიგო ნაწილებმა დაიკავეს. ამ ნაწილების საბრძოლო მომზადების დონე დაბალი იყო. ეს გარემოება ძალზე ასუსტებდა კავკასიის არმიას. არადა, კავკასიის არმიას უმნიშვნელოვანესი საბრძოლო ამოცანა უნდა შეესრულებინა – მას უნდა დაეცვა ბაქო-ვლადიკავკაზის რკინიგზა და თბილისი-ვლადიკავკაზის სამხედრო გზა. თურქეთის არმიის შეტევა სწორედ ამ მიმართულებით იყო მოსალოდნელი.
   საომარი ოპერაციები კავკასიაში თურქეთის მიერ ომის გამოცხადებისთანავე დაიწყო. 1914 წლის ნოემბერში რუსეთის ჯარებმა შეუტიეს ერზრუმის, ოლთისისა და ერევნის მიმართულებით. სამივე ფრონტზე რუსებმა დიდი წარმატებები მოიპოვეს, თუმცა მალე გაირკვა, რომ რუსეთის არმიის შეტევა ჯეროვნად არ იყო მომზადებული. ზურგის ნაწილები მოწყდნენ შეტევაზე გადასულ ჯარებს, რითაც ისარგებლა თურქეთის სარდლობამ და შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ ძლიერი შეტევა განავითარა. თურქთა მოწინავე რაზმები ბათუმის სანაპირო რაიონებშიც კი შეიჭრნენ. რუსეთის კავკასიის არმიის სარდლობამ ბათუმის მიმართულებით შეტევაზე გადმოსული თურქეთის ჯარების შეჩერება შეძლო. თურქეთის სარდლობამ ერზრუმში დიდ ძალებს მოუყარა თავი. აქ დისლოცირებული თურქეთის მესამე არმიის სარდლობა თვით სამხედრო მინისტრმა ენვერ-ფაშამ იკისრა. ენვერ-ფაშა ვარაუდობდა ძლიერი შეტევის დაწყებას სარიყამიშის რაიონში და ბათუმის მიმართულებით. სარიყამიშის ბრძოლები 1914 წლის დეკემბერში მიმდინარეობდა. თურქეთის ჯარებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს. უფრო მეტიც, თავდაცვითი ბრძოლების შემდეგ რუსეთის ჯარები შეტევაზე გადავიდნენ და თურქეთის მესამე არმია მთლიანად გაანადგურეს. სარიყამიშის ბრძოლებში თავი ისახელა კორპუსის სარდალმა გენერალმა ვასილ გაბაშვილმა.
   რუსეთის კავკასიის არმიის წინააღმდეგობა თურქეთმა ვერც 1915-1916 წლებში გატეხა. 1916 წლის დასასრულისათვის შექმნილი ვითარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თურქეთის სამხედრო-პოლიტიკურმა გეგმებმა საქართველოსა და, საერთოდ, ამიერკავკასიაში მარცხი განიცადა.
5. საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა პირველი მსოფლიო ომის წლებში. ეროვნული საკითხი
   პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური პარტია და მიმდინარეობა ცდილობდა შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში გარკვევას და, შესაბამისად, სამოქმედო გეგმის დასახვას.
   ეროვნულ-დემოკრატიული მიმდინარეობის აქტიურობა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე შეინიშნებოდა. პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წასულმა ეროვნულ-დემოკრატებმა ჟენევაში გააგრძელეს მოღვაწეობა. პეტრე სურგულაძემ, ლეო კერესელიძემ, გიორგი კერესელიძემ, ნესტორ მაღალაშვილმა და სხვებმა 1913 წელს ჩამოაყალიბეს ჯგუფი «თავისუფალი საქართველო და გამოსცეს ჟურნალი «თავისუფალი საქართველო. ამავე ჯგუფის აქტიური წევრები იყვნენ გიორგი მაჩაბელი და მიხეილ (მიხაკო) წერეთელი. ჟენევაშივე ჩაეყარა საფუძველი «საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ 1914 წელს «საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი ჟენევიდან ბერლინში გადავიდა და იქ გააგრძელა მოღვაწეობა.
   «საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი თავისი მოღვაწეობის მიზნად თვლიდა: ა) საქართველოსთან დაკავშირებას, ქართული პოლიტიკური ძალების მისწრაფების გაცნობას; ბ) დამოუკიდებლობის იდეის პროპაგანდას სამშობლოში; გ) იარაღის შემოტანას საქართველოში; დ) გერმანიაზე ორიენტირებული პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას ევროპაში; ე) ქართული ლეგიონის ჩამოყალიბებას თურქეთში შემდგომში მისი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გამოყენების მიზნით.
   «საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა 1915 წელს საქართველოში მოავლინა თავისი წარმომადგენელი გიორგი მაჩაბელი და ადგილობრივ პოლიტიკურ ძალებს გერმანიის დახმარებით რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა შესთავაზა. სპეციალურად გამართულ თათბირზე გიორგი მაჩაბელი შეხვდა წამყვანი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს: ნოე ჟორდანიას, ევგენი გეგეჭკორს (სოციალ-დემოკრატები), გრიგოლ რცხილაძეს, სამსონ ფირცხალავას (სოციალისტ-ფედერალისტები), რევაზ გაბაშვილსა და შალვა ამირეჯიბს (ეროვნულ-დემოკრატები). გიორგი მაჩაბელმა თათბირის მონაწილეებს გააცნო «საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ გერმანიასთან, ავსტრია-უნგრეთსა და თურქეთთან დადებული ხელშეკრულებები. ეს სახელმწიფოები ქართველების აჯანყებისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებას კისრულობდნენ. ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა გერმანიის დახმარებით საქართველოდან რუსეთის განდევნა არარეალურად მიიჩნიეს. ნოე ჟორდანია აჯანყების დაწყების წინააღმდეგ შემდეგ მოსაზრებათა გამო გამოვიდა. ჯერ ერთი, არ არსებობდა არავითარი გარანტია იმისა, რომ მსოფლიო ომის ფრონტზე შექმნილი ვითარება გერმანიას საქართველოსათვის დახმარების გაწევის საშუალებას მისცემდა; მეორეც არ არსებობდა არავითარი გარანტია იმისა, რომ საქართველოდან რუსეთის ჯარების განდევნის შემთხვევაში თურქეთი არ მოახდენდა საქართველოს ოკუპაციას. «საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის გეგმა გერმანიის დახმარებით რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების დაწყებისა ვერ განხორციელდა.
   ეროვნული მოძრაობის საყურადღებო მოვლენას წარმოადგენდა მიხაკო წერეთლის მოხსენება მცირერიცხოვან ერთა  მესამე კონგრესზე ქ. ლოზანაში (შვეიცარია), 1916 წლის ივლისში. მოხსენების თემა იყო «ქართველი ერის უფლებანი. მიხაკო წერეთელმა განათლებულ კაცობრიობას მოუწოდა, დახმარებოდა ქართველ ერს რუსეთის მიერ დარღვეული 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების აღდგენაში.
   სოციალ-დემოკრატების მსოფლმხედველობამ პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ომის წლებში ძალზე პოპულარული გახდა ლოზუნგი ერთა თვითგამორკვევის (თვითგანსაზღვრის) შესახებ. მრავალეროვანი სახელმწიფოების პირობებში ერთა თვითგამორკვევა პრაქტიკულად ნიშნავდა შემდეგს: ა) ყველა ერის სრულ თანასწორუფლებიანობას; ბ) ცალკეული ერებისათვის ავტონომიის შექმნის უფლებას; გ) მრავალეროვანი სახელმწიფოებიდან ერების ცალკე გამოყოფისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნის უფლებას. ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში საქართველოს ავტონომიის მოთხოვნას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატების აზრით, საქართველო ვერ იქცეოდა უშუალოდ რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალ ავტონომიურ ერთეულად. საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს უნდა შეექმნათ ამიერკავკასიის ავტონომია, რომელიც შევიდოდა რუსეთის სახელმწიფოში ცალკე ავტონომიურ ერთეულად. ამავე დროს, 1917 წელს ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა მიიღეს საიდუმლო გადაწყვეტილება: ხელსაყრელი სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შექმნის შემთხვევაში, მხარი დაეჭირათ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის. ამ გადაწყვეტილების საიდუმლოდ დაცვა მოტივირებული იყო იმით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის საჯარო პროპაგანდა რუსეთის მხრიდან საპასუხო რეაქციას გამოიწვევდა – რუსეთი საქართველოს დასჯას არ დააყოვნებდა.
   სოციალისტ-ფედერალისტები პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგაც ერთგულნი დარჩნენ თავიანთი საპროგრამო მოთხოვნებისა. რუსეთთან დამოკიდებულებაში ისინი წინააღმდეგნი იყვნენ რადიკალური პოლიტიკური კურსისა. რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების დაწყება მათაც ავანტურად მიაჩნდათ და არჩევდნენ პარტიის სამოქმედო გეგმა შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე შეემუშავებინათ.
   პირველმა მსოფლიო ომმა საქართველოს დიდი სამეურნეო ნგრევა მოუტანა. სოფლად შემცირდა ნათესების საერთო რაოდენობა, დიდად დაზარალდა მესაქონლეობა. ნედლეულის უქონლობის გამო გაჩერდა ზოგიერთი საწარმო, მოიშალა სარკინიგზო ტრანსპორტი. სურსათის ნაკლებობის გამო ძალზე გაძვირდა ცხოვრება ქალაქებში. მიუხედავად ამისა, მუშათა და გლეხთა მღელვარებები და ჯარისკაცთა გამოსვლები დიდ სოციალურ აფეთქებაში არ გადაზრდილა.
თავი  მეოთხე
   საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა (1917-1918 წწ.)

1. პოლიტიკური ვითარება საქართველოში რუსეთის
1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ
   რუსეთის 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციამ, რომელსაც მოჰყვა იმპერიის ნგრევა, ხელსაყრელი პირობები შექმნა იმპერიაში მცხოვრები «ნებაყოფლობით~ შეერთებული თუ დაპყრობილი ერების თვითგანსაზღვრისათვის. ამავე დროს, კერძოდ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლას რამდენიმე ფაქტორი ართულებდა.
   ა) მსოფლიო ომის მესამე წელსაც კი არ შეიძლებოდა იმის პროგნოზირება, თუ როგორ შეიცვლებოდა სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია, როგორ განვითარდებოდა საომარი ოპერაციები მსოფლიო ომის ფრონტებზე. აქედან გამომდინარე, შეუძლებელი იყო რამდენადმე რეალური საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შემუშავება, საიმედო, ძლიერი მოკავშირის პოვნა, რის გარეშეც წარმოუდგენელი იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
   ბ) რუსეთის სახელმწიფოს ინტერესები რუსეთის იმპერიის ნებისმიერი სამართალმემკვიდრისაგან (კონკრეტულ შემთხვევაში – რუსეთის დროებითი მთავრობისაგან) აუცილებლად მოითხოვდა კავკასიის გეოპოლიტიკურ რეგიონში პოზიციების დაცვას. კავკასიის დაკარგვით რუსეთის სახელმწიფო კარგავდა პოზიციებს მახლობელ აღმოსავლეთში.

   გ) კავკასიის გეოპოლიტიკურ რეგიონში თავისი სასიცოცხლო ინტერესები ჰქონდა ორ ისლამურ სახელმწიფოს – თურქეთსა და ირანს. ირანი 1917 წლისათვის არ წარმოადგენდა სერიოზულ ძალას (თუმცა საქართველოსათვის მაინც საშიში იყო). რაც შეეხება თურქეთს, მსოფლიო ომის სამმა წელმა აშკარა გახადა მისი აგრესიული მისწრაფებანი ამიერკავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში. ცხადი გახდა ბრძოლის ის ფორმებიც, რომლითაც თურქეთი აპირებდა რეგიონში დამკვიდრებას.
   დ) მსოფლიო ომის პირობებში ევროპის ქვეყნები კავკასიის გეოპოლიტიკურ რეგიონში რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში ვერ ერეოდნენ, ამ დაპირისპირებაში წონასწორობის გარანტად ვერ გამოდიოდნენ. მეორე მხრივ, საქართველოს წონასწორობის დარღვევის არც ერთი ვარიანტი (რუსეთის ან თურქეთის სასარგებლოდ) არ აძლევდა ხელს. რუსეთის წასვლა ამიერკავკასიის რეგიონიდან  თურქეთის უცილობელ და საფუძვლიან დამკვიდრებას ნიშნავდა, ხოლო თურქეთის პოზიციების შესუსტება, ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა რუსეთს აქტიური პოლიტიკის წარმოებისათვის.
   ე) მოვლენათა იდეალური სცენარით განვითარების შემთხვევაშიც კი (რუსეთისა და თურქეთის ერთდროული წასვლა   ამიერკავკასიიდან) საქართველო დიდი სიძნელეების წინაშე დგებოდა. დიდი სახელმწიფოების წასვლა რეგიონიდან დაუყოვნებლივ ბიძგს მისცემდა აქ მცხოვრები ერების ჰეგემონისტურ მისწრაფებებს, სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარელობის ხალხების დაპირისპირებას – პოლიტიკურ, რელიგიურ და ეთნიკურ კონფლიქტებს, სეპარატისტულ მოძრაობებს. ყველა ერი შეეცდებოდა თავისი ისტორიული ტერიტორიის საზღვრების მოხაზვას, რაც უმეტეს შემთხვევაში, თუ შეუძლებელი არა, წარმოუდგენლად ძნელი იყო, რადგან რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობის შემდეგ დემოგრაფიული სიტუაცია აქ კარდინალურად შეიცვალა. ძნელი იქნებოდა იმ კრიტერიუმების შემუშავებაც, რომლებიც საფუძვლად დაედებოდა კავკასიაში ეროვნულ-სახელმწიფოებრივ გამიჯვნას.
   ვ) შეუძლებელი იყო იმისი პროგნოზირებაც, თუ საბოლოოდ როგორ დამთავრდებოდა ომი, რა სახეს მიიღებდა მსოფლიოს პოლიტიკური რუკა, როგორი იქნებოდა ომის შემდგომი პოლიტიკური სიტუაცია.
   1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის გამარჯვებით არსებობა დაასრულა კავკასიის სამეფისნაცვლომაც. რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლების სამართალმემკვიდრემ – რუსეთის დროებითმა მთავრობამ (თავმჯდომარე გიორგი ლვოვი) ამიერკავკასიის მართვა-გამგეობა ჩააბარა სამხარეო ხელისუფლების ორგანოს – ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტს (ოზაკომი), რომელიც დაკომპლექტდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კავკასიელი დეპუტატებით. ოზაკომის თავმჯდომარედ დაინიშნა კადეტი ვ. ხარლამოვი. ოზაკომის ქართველი წევრები იყვნენ სოციალისტ-ფედერალისტი კიტა აბაშიძე და სოციალ-დემოკრატი აკაკი ჩხენკელი. ოზაკომი თბილისში პრაქტიკულად მოღვაწეობას 1917 წლის 18 მარტს შეუდგა.
   1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ თბილისში ფუნქციონირებდა რევოლუციური ხელისუფლების ორგანოები: თბილისის მუშათა (ცოტა მოგვიანებით მუშათა და ჯარისკაცთა) დეპუტატების საბჭო (თავმჯდომარე ნოე ჟორდანია), ამიერკავკასიის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოს სამხარეო ცენტრი (თავმჯდომარე ნოე ჟორდანია) და რუსეთის კავკასიის არმიის ჯარისკაცთა დეპუტატების სამხარეო საბჭო (თავმჯდომარე დიმიტრი დონსკოი).
   რუსეთში კანონიერ (დროებით მთავრობას) და რევოლუციურ ხელისუფლებას (სხვადასხვა დონის დეპუტატთა საბჭოებს) შორის მუდმივი დაპირისპირება და კონფლიქტი არსებობდა, რაც დამთავრდა 1917 წლის 25 ოქტომბერს ბოლშევიკების მიერ განხორციელებული კონტრრევოლუციური სახელმწიფო გადატრიალებით. ამიერკავკასიაში, კერძოდ, საქართველოში, ოფიციალური და რევოლუციური ხელისუფლების (ოზაკომისა და დეპუტატთა საბჭოების) დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, უთანხმოებები, როგორც წესი, მშვიდობიანი გზით გვარდებოდა. კონფრონტაციის თავიდან აცილებაში დიდი როლი შეასრულეს ნოე ჟორდანიამ, აკაკი ჩხენკელმა, ევგენი გეგეჭკორმა და სხვა ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა.
   თბილისში 1917 წლის აპრილის დამდეგიდან ფუნქციონირებას იწყებს ეროვნული ხელისუფლების ორგანოს ჩანასახი – «საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო~ (თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი). თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლის სათავეებთან სწორედ საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო იდგა.
   1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ საქართველოში აშკარად შეიმჩნეოდა ანტირუსულ განწყობილებათა შესუსტება, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. ჯერ ერთი, რუსეთის იმპერიის აღსასრული გარკვეული შვება იყო იმპერიაში მცხოვრები დაპყრობილი ერებისათვის; მეორეც, რუსეთის დროებითი მთავრობა – თავის ხასიათით დემოკრატიული მთავრობა – სულაც არ აპირებდა კოლონიური მხარეების ძველი პრინციპებით მართვას. ამის მაგალითს საქართველოში ცხადად იძლეოდა ოზაკომი, რომლის შედარება კავკასიის სამეფისნაცვლოს ადმინისტრაციასთან მართლაც არ შეიძლებოდა. წარსულს ჩაბარდა ჟანდარმერიისა და ოხრანკის თარეში, საგანგებო მდგომარეობებისა და დამსჯელი ექსპედიციების ხანა. წარსულს ჩაბარდა რუსიფიკაციაც მრავალნაირი გამოვლინებით. გაუქმდა ცენზურა. საქართველოში ანტირუსულ განწყობილებას გარკვეულწილად ისიც ასუსტებდა, რომ რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალზე დიდ როლს ასრულებდნენ ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე და ირაკლი წერეთელი. კარლო ჩხეიძე არჩეულ იქნა პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ, ხოლო ცოტა მოგვიანებით სრულიად რუსეთის საბჭოების პირველმა ყრილობამ (1917 წლის ივნისი) იგი აირჩია სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. რაც შეეხება ირაკლი წერეთელს, იგი რუსეთის კოალიციური დროებითი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მინისტრი იყო. ყველაფერი ეს ქმნიდა იმის ილუზიას, რომ დემოკრატიული რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს ავტონომიის სახით დარჩენა შესაძლებელი იყო. დაახლოებით იგივე მდგომარეობა და განწყობილება იყო თითქმის ყველა ყოფილ კოლონიურ ქვეყანაში. სწორედ ასეთ სიტუაციაში იწყებდა მოღვაწეობას საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და მიმდინარეობათა ნებაყოფლობითი გაერთიანება საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო. ინტერპარტიული საბჭო იყო პირველი პოლიტიკური გაერთიანება (ორგანიზაცია), სადაც ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები, ყველა პოლიტიკური პარტიისა და მიმდინარეობის წარმომადგენლები, შეიკრიბნენ და საჯაროდ, არა ჟანდარმერიისა და ოხრანკისაგან მალულად, არამედ საქვეყნოდ დაიწყეს მსჯელობა საქართველოს ბედზე.

   საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს პირველი კრება 1917 წლის აპრილის დამდეგს გაიმართა. კრებას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი. დამსწრეთა პერსონალური შემადგენლობა ცნობილი არ არის, ცნობილია მხოლოდ, რომ პირველ კრებას დაესწრნენ სოციალ-დემოკრატთა, სოციალისტ-ფედერალისტთა და ეროვნულ-დემოკრატთა წარმომადგენლები. საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს პირველმა კრებამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა შორის შეთანხმებას. კრებაზე განხილულ საკითხთა შორის უმთავრესი იყო «ეროვნულ საკითხში შეთანხმება”. ეროვნული საკითხი ორად იქნა გაყოფილი: ა) საქართველოს ტერიტორია, ბ) ეროვნული სეიმის კომპეტენცია. პირველ საკითხზე – საქართველოს ტერიტორია – მსჯელობა პირველსავე კრებაზე დასრულდა. მეორე საკითხი – ეროვნული სეიმის კომპეტენცია – მეორე კრებისათვის გადაიდო.
   საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს პირველ კრებაზე საქართველოს ტერიტორიის შესახებ სოციალ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები და ეროვნულ-დემოკრატები ძირითადად შეთანხმდნენ – ზოგადად მოიხაზა საქართველოს საზღვრები, თუმცა მისი ყველა ნაწილი ჩამოთვლილი და განსაზღვრული არ ყოფილა. საქართველოს ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო: უდავო და სადავო ტერიტორია. უდავო ტერიტორიად მიჩნეულ იქნა ის ტერიტორია, სადაც ქართველობა უმრავლესობას შეადგენდა. სადავო ტერიტორიად აღიარებულ იქნა ის ტერიტორია, სადაც ქართველობა უმრავლესობას არ შეადგენდა. კრებამ აზრი გამოთქვა საქართველოს სადავო ტერიტორიის საკითხის გადაჭრის თაობაზე. სადავო ტერიტორიის საქართველოში შესვლის საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყვეტილიყო. ქალაქ თბილისის შესახებ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი შეთანხმდა: ქალაქი თბილისი უდავო ტერიტორიის საზღვრებში იქნა შეტანილი.
   საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს პირველი კრების მიერ საქართველოს ტერიტორიის საკითხის დასმა, ანუ საქართველოს საზღვრების მოხაზვის ცდა, შემთხვევითი არ ყოფილა. საქართველოს საზღვრების დადგენა ყველა შემთხვევაში აუცილებელი იყო. თუ საქართველო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას დააპირებდა, წინასწარ უნდა ყოფილიყო დადგენილი მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვრები, უნდა განსაზღვრულიყო ის ტერიტორია, რომლის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებასაც აპირებდნენ. საქართველოს საზღვრების დადგენა აუცილებელი იყო იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველო რუსეთში ფედერაციული ან ავტონომიური ერთეულის სახით დარჩებოდა. მაგრამ რა პრინციპები უნდა დასდებოდა საფუძვლად საქართველოს ისტორიული ტერიტორიის განსაზღვრას? საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს პირველმა კრებამ სერიოზული პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, როდესაც საქართველოს ე. წ. სადავო ტერიტორიის საქართველოს შემადგენლობაში შესვლა-არშესვლის საკითხის გადასაწყვეტად რეფერენდუმის გზა აირჩია. საერთოდ, შეცდომა იყო საქართველოს ტერიტორიის ორ ნაწილად – უდავო და სადავო ტერიტორიად გაყოფა. საქართველოს, ანუ ქვეყნის, რომელსაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაკარგული ჰქონდა, საზღვრების დადგენისას, ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს პირველ კრებას ისტორიული პრინციპით უნდა ეხელმძღვანელა, სხვა სიტყვებით – საქართველოს საზღვრებად მიეჩნია ის საზღვრები, რომლებიც არსებობდა სამეფო-სამთავროებად დაშლამდე – მეთხუტმეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე. რა თქმა უნდა, ამ პრინციპის დაცვას თავისი სირთულეები ჰქონდა, მაგრამ იგი ყველა შემთხვევაში ასამოქმედებელი იყო. არსებობდა საქართველოს საზღვრების დადგენის მეორე პრინციპიც – საფუძვლად რუსული ადმინისტრაციული დაყოფის მიღება: საქართველოს ტერიტორიად უნდა ჩათვლილიყო ის ტერიტორია, რომელიც რუსეთის იმპერიაში შედიოდა თბილისის გუბერნიისა და მისდამი დაქვემდებარებული ზაქათალის ოკრუგის, ქუთაისის გუბერნიისა და მისდამი დაქვემდებარებული სოხუმის ოკრუგისა და ბათუმის ოლქის, ყარსისა და არტაანის ოლქების სახით, აგრეთვე შავი ზღვის გუბერნიის ნაწილი. ორივე შემთხვევაში საქართველო არც ერთი სხვა ხალხის ინტერესებს არ შელახავდა – ქართველ ერს პრეტენზია მხოლოდ თავის ისტორიულ ტერიტორიაზე ექნებოდა. საწინააღმდეგოდ ამისა, საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს პირველმა კრებამ საქართველოს ტერიტორია, როგორც ითქვა, უდავო და სადავო ნაწილებად გაყო, რითაც არაქართველ მოსახლეობას ფაქტობრივად სეპარატიზმისაკენ უბიძგა.
   საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს მეორე კრება გაიმართა 1917 წლის 16 აპრილს. კრებას დაესწრნენ: ეროვნულ-დემოკრატები: გიორგი გვაზავა, გიორგი ჟურული, დავით (დათა) ვაჩნაძე, გრიგოლ ვეშაპიძე (ვეშაპელი), სპირიდონ კედია, ბ. ასათიანი; სოციალისტ-ფედერალისტები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, იოსებ ბარათაშვილი, სიმონ მდივანი, სამსონ ფირცხალავა, სამსონ დადიანი, შალვა მესხიშვილი; სოციალ-დემოკრატები: აკაკი ჩხენკელი, ნოე რამიშვილი, გიორგი (გოგიტა) ფაღავა, გრიგოლ გიორგაძე, პავლე საყვარელიძე. კრებაზე აგრეთვე იმყოფებოდნენ მ. მაჩაბელი და ვ. თუმანიშვილი. საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს მეორე კრებას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, მდივნობდა პავლე საყვარელიძე.
   როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს მეორე კრებას უნდა განეხილა საკითხი – ეროვნული სეიმის კომპეტენცია. კრების გახსნისას აკაკი ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ეროვნული სეიმის კომპეტენციის საკითხი, კამათის ნაყოფიერების მიზნით, შეიძლებოდა სამ ქვესაკითხად გაყოფილიყო: ა) საქართველოს ტერიტორიული ერთეულის კომპეტენცია; ბ) საქართველოს ტერიტორიული ერთეულის დამოკიდებულება ამიერკავკასიის ტერიტორიულ ერთეულებთან; გ) საქართველოსა და ამიერკავკასიის ტერიტორიული ერთეულების დამოკიდებულება სრულიად რუსეთის ცენტრთან. ეროვნულ-დემოკრატების (გიორგი გვაზავა) აზრით, საქართველოსა და რუსეთს შორის დამოკიდებულებას განსაზღვრავდა თვით რუსეთის სახელმწიფოს შინაარსი: 1) თუ რუსეთში ფედერაციული წყობილება დამყარდებოდა, მაშინ საქართველოს უნდა მოეთხოვა ფართო ეროვნული ავტონომია; 2) თუ რუსეთი უნიტარულ რესპუბლიკად გამოცხადდებოდა, მაშინ საქართველოსა და რუსეთს შორის დამოკიდებულებას საფუძვლად უნდა დასდებოდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები. რუსეთის სახელმწიფოს, ასევე საქართველოსაც ეყოლებოდა თავისი პრეზიდენტი. უფლებები მათ შორის მკაცრად გაიმიჯნებოდა. სოციალ-დემოკრატები (ნოე რამიშვილი) არ დაეთანხმნენ ეროვნულ-დემოკრატებს. მათ მხარი დაუჭირეს რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში საქართველოს ფართო ეროვნული თვითმმართველობის შექმნას. ამასთან, ამიერკავკასიის ერები უნდა გაერთიანებულიყვნენ ერთ ფედერაციულ ერთეულად საკუთარი სეიმით, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა სამეურნეო საკითხებში გარკვეული ავტონომიური უფლებებით. რაც შეეხება კულტურის საკითხებს, იგი ამიერკავკასიის სეიმის კომპეტენციაში არ შევიდოდა. კულტურის საკითხები ცალკეული ერების (ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები) თვითმმართველობებს უნდა გადაეწყვიტათ.
   ამრიგად, საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს არც პირველ და არც მეორე კრებაზე (1917 წლის აპრილი) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი არ დასმულა.
2. ეროვნული მოძრაობის აღმავლობა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მომზადება
   საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო პოლიტიკურ პარტიათა ნებაყოფლობითი გაერთიანება იყო. იგი ქართველი ერის მიერ არ ყოფილა არჩეული და, ამდენად, იურიდიულად უფლება არ ჰქონდა ერის სახელით გამოსულიყო. სიტუაციიის თავისებურებას კარგად გრძნობდნენ თვით ინტერპარტიული საბჭო და მისი თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი. გარდა ამისა, აუცილებლად გასათვალისწინებელი იყო, საერთოდ, სამხედრო-პოლიტიკური ვითარება, რომელიც უაღრესად რთული იყო. ყველაფერი ეს აუცილებელს ხდიდა ისეთი უფლებამოსილი ორგანოს შექმნას, რომელიც ქართველი ერის სახელით იმოქმედებდა. ასე ჩაისახა საქართველოს ეროვნული ყრილობის მოწვევის იდეა.
   საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოში იყო აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოს ეროვნული ყრილობის დელეგატები აერჩიათ ინტერპარტიული საბჭოს მიერ დამტკიცებული საარჩევნო კანონის საფუძველზე. ამ შემთხვევაში ეროვნული ყრილობა სავსებით უფლებამოსილი იქნებოდა ყოფილიყო ქართველი ერის ბედის გამგებელი, როგორც დემოკრატიულ საფუძველზე არჩეული ორგანო. მაგრამ, სხვადასხვა მოსაზრების გამო, ინტერპარტიულ საბჭოს საარჩევნო კანონი აღარ მიუღია და საქართველოს ეროვნული ყრილობის მოწვევა თავს იდო უშუალოდ ინტერპარტიულმა საბჭომ.
   1917 წლის ზაფხულის ბოლოდან ეროვნული ყრილობის მოწვევისათვის მზადება დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა. ნოე ჟორდანია, რომელიც ინტერპარტიული საბჭოს მუშაობაში აქტიურად არ მონაწილეობდა, პოლიტიკურ პარტიათა თხოვნით სათავეში ჩაუდგა ყრილობის მოწვევის საქმეს. მანვე შეიმუშავა ყრილობის დელეგატთა არჩევის წესი, განსაზღვრა საარჩევნო კვოტები და ა. შ. ინტერპარტიულ საბჭოში შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ეროვნული ყრილობა აირჩევდა ეროვნულ საბჭოს, რომელიც შეიმუშავებდა საარჩევნო კანონს საქართველოს დამფუძნებელი კრებისათვის. ქართველი ერის წინაშე მდგარი ყველა მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ დამფუძნებელ კრებას უნდა გადაეწყვიტა. დამფუძნებელი კრების მოწვევის იდეას თავგამოდებით იცავდა აკაკი ჩხენკელი, რაც შეეხება ნოე ჟორდანიას, იგი დამფუძნებელი კრების მოწვევის წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ თვლიდა, რომ ამ იდეას რეკლამირება ჯერჯერობით არ იყო მიზანშეწონილი.
   საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის გახსნის წინა ხანებში პოლიტიკური სიტუაცია რუსეთში კარდინალურად შეიცვალა, რამაც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა ქართველი პოლიტიკოსები. 1917 წელს 25 ოქტომბერს რუსეთში ბოლშევიკებმა განახორციელეს კონტრრევოლუციური სახელმწიფო გადატრიალება და დაამხეს კანონიერი დროებითი მთავრობა (თავმჯდომარე ალექსანდრე კერენსკი). საქართველოს სამმა ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალამ (სოციალ-დემოკრატებმა, სოციალისტ-ფედერალისტებმა და ეროვნულ-დემოკრატებმა) არ ცნო საბჭოთა რუსეთის მთავრობა. ბოლშევიკური რეჟიმი ასევე არ ცნეს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭომ და ამიერკავკასიის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოს სამხარეო ცენტრმა. განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო ის ფაქტი, რომ საბჭოთა რუსეთის მთავრობა არ ცნო არც რუსეთის კავკასიის არმიის ჯარისკაცთა დეპუტატების სამხარეო საბჭომ და არც კავკასიის არმიის სარდლობამ.
   რუსეთის დროებითი მთავრობის დამხობასთან ერთად უფლებამოსილება დაკარგა მის მიერ დანიშნულმა ამიერკავკასიის სამხარეო ხელისუფლების ორგანომ – ოზაკომმა.
   ყველასათვის ცხადი იყო, რომ საბჭოთა მთავრობა შეეცდებოდა თავისი ძალაუფლება გაევრცელებინა ამიერკავკასიაზეც. ამ პირობებში, ქართველი სოციალ-დემოკრატების ინიციატივით, ამიერკავკასიის პოლიტიკურმა ძალებმა დაასწრეს საბჭოთა რუსეთს – 1917 წლის 15 ნოემბრიდან თბილისში ფუნქციონირება დაიწყო სამხარეო ხელისუფლების ორგანომ – ამიერკავკასიის კომისარიატმა (მთავრობამ).
   ამიერკავკასიის კომისარიატი შემდეგი შემადგენლობით შეუდგა მუშაობას: ე. გეგეჭკორი – ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე, შრომისა და საგარეო ურთიერთობათა სამინისტროების კომისარი; ა. ჩხენკელი – შინაგან საქმეთა სამინისტროს კომისარი; დ. დონსკოი – სამხედრო და საზღვაო სამინისტროების კომისარი; ხ. კარჩიკიანი – ფინანსთა სამინისტროს კომისარი; შ. ალექსი-მესხიშვილი – სახალხო განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების კომისარი; მ. ჯაფაროვი – ვაჭრობისა და მრეწველობის კომისარი; ხ. მელიქ-ასლანოვი – გზათა სამინისტროს კომისარი; ა. ნერუჩევი – მიწათმოქმედების სამინისტროს კომისარი; გ. ტერ-გაზარიანი – სურსათის საქმეთა სამინისტროს კომისარი; ა. ოგანჯანიანი – მზრუნველობის სამინისტროს კომისარი; ხ.-ბ. ხას-მამედოვი – სახელმწიფო კონტროლის კომისარი.
   ამიერკავკასიის კომისარიატის შექმნა პოლიტიკურად სავსებით სწორი გადაწყვეტილება იყო – ხელისუფლების ახალი სამხარეო ორგანოს შექმნით ამიერკავკასია ოფიციალურად გაემიჯნა საბჭოთა რუსეთს. ამავე დროს გამოცხადდა, რომ ამიერკავკასიის კომისარიატი ხელისუფლების სამხარეო ორგანოს როლში გამოვიდოდა რუსეთში კანონიერი ხელისუფლების აღდგენამდე, ე. ი. ხაზი გაესვა იმას, რომ ამიერკავკასია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცხადდებოდა. შექმნილ სიტუაციაში ესეც სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში რუსეთის კავკასიის არმია ფრონტის ხაზიდან მოიხსნებოდა. უკეთეს შემთხვევაში რუსეთის არმია ამიერკავკასიას დატოვებდა, რაც ხელ-ფეხს გაუხსნიდა თურქეთის აგრესიულ მისწრაფებებს; უარეს შემთხვევაში კი იგი თავად მოახდენდა ამიერკავკასიის ოკუპაციას. მოვლენათა განვითარების ორივე მოსალოდნელი ვარიანტი ხელს აძლევდა საბჭოთა რუსეთს – ამიერკავკასიის ერების (ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები) ბრძოლა სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის დიდი ხნით შეფერხდებოდა.
   აღსანიშნავია, რომ ასეთ რთულ სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში ორიენტირება საკმაოდ ძნელი იყო. ქართველი პოლიტიკოსები, ისევე როგორც ბევრი ცნობილი მოღვაწე მთელს მსოფლიოში, ვარაუდობდნენ, რომ საბჭოთა წყობილება რუსეთში მალე დაემხობოდა. თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ დემოკრატიული საარჩევნო კანონის საფუძველზე არჩეული რუსეთის დამფუძნებელი კრება, როგორც რუსი ხალხის ნების გამომხატველი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, თავის ხელში აიღებდა ძალაუფლებას და რუსეთიც დემოკრატიზაციის გზით განვითარდებოდა. სწორედ ამიტომ არ გადაზრდილა ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ანტიბოლშევიკური და ანტისაბჭოთა განწყობილება ანტირუსულ განწყობილებაში. ამ ნიშნით ჩაიარა საქართველოს პირველმა ეროვნულმა ყრილობამ (1917 წლის 19-24 ნოემბერი).
   საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა გაიხსნა 1917 წლის 19 ნოემბერს თბილისში. ყრილობას ესწრებოდა 324 დელეგატი გადამწყვეტი ხმით, 19 დელეგატი სათათბირო ხმით. 324 დელეგატიდან პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენელი იყო 67 დელეგატი, მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოსი – 15, ქალაქების თვითმმართველობების – 33, საგუბერნიო, სამაზრო და სასოფლო აღმასრულებელი კომიტეტების – 89, ქართული ჯარის – 20, კოოპერატივების – 8, მასწავლებელთა კავშირის – 9, ქართული პრესის – 9, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების – 35, ვაჭარ-მრეწველთა და ბანკების – 26, თავადაზნაურობის – 20, სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ქართული საზოგადოებების – 6, საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოსი – 1, სხვადასხვა დაწესებულებათა – 8, ქართველ მაჰმადიანთა და ქართველ კათოლიკეთა – 7, საქართველოში მცხოვრები ებრაელების – 3, აფხაზებისა – 2. ყრილობას დაესწრო საქართველოს კათოლიკოსი კირიონ  მეორე, უცხო სახელმწიფოთა და მეზობელი ერების წარმომადგენლები, ამიერკავკასიის კომისარიატი სრული შემადგენლობით, რუსეთის კავკასიის არმიის მთავარსარდალი გენერალი პრჟევალსკი და სხვები.
   საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა ინტერპარტიული საბჭოს სახელით გახსნა აკაკი ჩხენკელმა. ყრილობის თავმჯდომარედ არჩეული იყო ნოე ჟორდანია. 20 ნოემბერს ყრილობაზე ინტერპარტიული საბჭოს დავალებით მოხსენება გააკეთა ნოე ჟორდანიამ. მოხსენების თემა იყო – «დღევანდელი მომენტი და ქართველი ერის პოლიტიკური მდგომარეობა.» მოხსენების შემდეგ ყრილობას უნდა მიეღო რეზოლუცია. საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის რეზოლუცია დიდმნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნებოდა, ამიტომაც რეზოლუციის პროექტის შემუშავების მიზნით ყრილობამ შექმნა ეროვნულ-პოლიტიკური სექცია. ეროვნულ-პოლიტიკურ სექციაში შევიდნენ: სოციალ-დემოკრატები: ნოე ჟორდანია, გრიგოლ გიორგაძე, ვლადიმერ (ვალიკო) ჯუღელი, გრიგოლ ურატაძე, კონსტანტინე გვარჯალაძე, მიხეილ კლიმიაშვილი, გიორგი (გოგიტა) ფაღავა, დავით ონიაშვილი; სოციალისტ-ფედერალისტები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ გველესიანი, იასონ ბაქრაძე, იაკობ ფანცხავა, სამსონ ფირცხალავა, დიმიტრი უზნაძე, აკაკი ფაღავა; სოციალ-დემოკრატი ალიონელები: პავლე საყვარელიძე, დავით სულიაშვილი, ლეო შენგელაია, ნიკოლოზ ქარცივაძე; სოციალისტ-რევოლუციონერები: ივანე გობეჩია, იოსებ გობეჩია, პარმენ საბაშვილი; ეროვნულ-დემოკრატები: გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, ვასილ წერეთელი, ირაკლი ამირეჯიბი, ტიციან ტაბიძე, ლევან ჯაფარიძე, დავით გურამიშვილი, შალვა ამირეჯიბი. სექციის თავმჯდომარედ ყრილობის მიერ არჩეულ იქნა ივანე გობეჩია, მდივნად სექციამ აირჩია აკაკი ფაღავა.
   ეროვნულ-პოლიტიკური სექციის სხდომა დაიწყო იმით, რომ ნოე ჟორდანიამ წაიკითხა მის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი:
   «ქართული ეროვნული ყრილობა, მოისმინა რა მოხსენება ნ. ჟორდანიასი შესახებ დღევანდელი მომენტისა და ქართველი ერის პოლიტიკური მდგომარეობისა, ადგენს:
   1. ქართველი ერი, როგორც ამ ასი წლის განმავლობაში, სდგას რუსეთის ორიენტაციის ნიადაგზე.
   2. ქართველ დემოკრატიამ დღიდან თავისი პოლიტიკური არსებობისა, თავისი სვებედი მჭიდროდ დაუკავშირა რუსეთის დემოკრატიას და მასთან ერთად მოქმედებით ფიქრობს თავისი პოლიტიკური, ეკონომიური და ნაციონალური მისწრაფებანი განახორციელოს.
   3. რუსეთის შუაგულში გაჩაღებული სამოქალაქო ომის მეოხებით დღეს არ არსებობს ერთი ცენტრალური რევოლუციური მთავრობა, ცნობილი მთელი რევოლუციური რუსეთის მიერ. ამ გარემოებამ აიძულა ყველა განაპირა ქვეყნები და მათ შორის ამიერ-კავკასიაც თავისი შინაური საქმეები თავისივე ძალ-ღონით მოაგვარონ და შესაფერი დაწესებულებანი შექმნან.
   4. ყრილობა მხარს უჭერს ამიერკავკასიის ახლად შემდგარ მმართველობის დროებით ორგანოს «ამიერკავკასიის კომისარიატს».
   5. ადგილობრივი მიმდინარე კითხვების სათანადო გადაწყვეტა და ცხოვრებაში გატარება აუცილებლად ხდის ამიერ-კავკასიის წარმომადგენელთა კრების მოწვევას იმ დეპუტატებისაგან, რომელნიც ახლად ირჩევიან რუსეთის დამფუძნებელ კრებისათვის. რიცხვი დეპუტატებისა უნდა იქმნას გამრავლებული თანახმად პროპორციულად მიღებული ხმებისა სხვადასხვა პარტიების მიერ.
   6. ყრილობა საჭიროდ სცნობს ამიერ-კავკასიის სეიმში შესდგეს ქართველ დეპუტატებისაგან ქართული ეროვნული საბჭო ნაციონალურ კითხვათა და საჭიროებათა გასარკვევათ, გასაძღოლათ და ცხოვრებაში გასატარებლად.
   7. ყველა ამ ადგილობრივ ძალთა თავის მოყრა არა კმარა ყველა მიმდინარე საჭიროებათა დასაკმაყოფილებლათ. განსაკუთრებით საჭიროებანი კავკასიის ფრონტის შენახვისა, კითხვა ომისა და ზავისა, სასურსათო, ფინანსებისა და სხვ. ჩვენი ძირითადი ინტერესები მოითხოვენ დაუყოვნებლივ აღდგენილ იქმნას რუსეთის რევოლუციური მთავრობა (დროებითი მთავრობა – ავტ.) და მოწვეული დამფუძნებელი კრება.
   8. რუსეთის დამფუძნებელ კრებას ჩვენ მოვთხოვთ შექმნას ისეთი ნაციონალური ნორმებისას ქართველი ერისათვის, რომელიც მას მისცემს საშვალებას თავისუფალ კულტურული განვითარებისას. ასეთ ნორმად მიგვაჩნია საქართველოს ტერიტორიის სრული თვითმმართველობა საკუთარი საკანონმდებლო კრებით ადგილობრივ კითხვებზე. ტერიტორიის საზღვრები გაიმიჯნებიან დაინტერესებულ მოსაზღვრე ერების თანხმობით. საქართველოში მომწყვდეული ნაციონალური უმცირესობანი მიიღებენ სრულ უფლებრივ გარანტიას კულტურული განვითარებისას. ყრილობა საჭიროთ აღიარებს ამ მთავარ კითხვაში მოხდეს შეთანხმება ამიერ-კავკასიის ერთა შორის საერთო ნაციონალური პლატფორმით დამფუძნებელ კრების წინაშე წარსადგომათ.
   9. თუ რუსეთის სამოქალაქო ომი გაგრძელდება და დამფუძნებელი კრების მოწვევა ახლო მომავალში ვერ მოხერხდება, უნდა იქმნას მოწვეული ადგილობრივი კრებები, რომელიც ურთიერთის თანხმობით დაამყარებენ შესაფერ დემოკრატიულ და ნაციონალურ წესწყობილებას, როგორც თვითოეულ ეროვნულ ტერიტორიულ ერთეულში, ისე მთელ ამიერ-კავკასიაში.
   10. საქართველოს დამფუძნებელ კრებაზე ზრუნვა და მისი მოწვევა ევალება ეროვნულ საბჭოს».
   რეზოლუციის პროექტი, შემუშავებული ნოე ჟორდანიას მიერ, პრორუსული პოლიტიკური ორიენტაციის აშკარა გამოხატულებას წარმოადგენდა. ამავე დროს, იგი ცხადად მიანიშნებდა იმაზე, რომ საბჭოთა რუსეთთან საქართველოს არანაირი კავშირის დაჭერა არ სურდა, სხვა სიტყვებით – პოლიტიკური ორიენტაცია აღებული იყო დემოკრატიულ რუსეთზე. რეზოლუციის პროექტში ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთში დემოკრატიული წყობილების დამყარების შემთხვევაში საქართველო რჩებოდა რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შემდეგი პირობით – «საქართველოს ტერიტორიის სრული თვითმმართველობა საკუთარი საკანონმდებლო კრებით ადგილობრივ კითხვებზე», ე. ი. ავტონომიური ერთეულის სახით. მართალია, ნოე ჟორდანიას პროექტში არაფერი ყოფილა ნათქვამი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაზე, მაგრამ რუსეთში დემოკრატიული წყობილების აღდგენის დაგვიანების შემთხვევაში საქართველოს დამფუძნებელი კრების მოწვევის მოთხოვნა მაინც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ მისწრაფებად უნდა მივიჩნიოთ.
   ნოე ჟორდანიას მიერ შემოთავაზებული რეზოლუციის პროექტის მწვავე კრიტიკით გამოვიდნენ ეროვნულ-დემოკრატები: გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, ირაკლი ამირეჯიბი და შალვა ქარუმიძე. მათ მიუღებლად მიიჩნიეს პრორუსული ორიენტაცია და მოითხოვეს დასავლეთევროპული პოლიტიკური ორიენტაციის აღიარება.
   საბოლოოდ ეროვნულ-პოლიტიკურმა სექციამ ხმების უმრავლესობით მაინც მიიღო ნოე ჟორდანიას მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტის პირველი მუხლი. ამასთან, გადაწყდა პირველი და მეორე მუხლის გაერთიანება.
   ამრიგად, ეროვნულ-პოლიტიკურმა სექციამ, ეროვნულ-დემოკრატების წინააღმდეგობის მიუხედავად, პრორუსული პოლიტიკური ორიენტაცია მართებულად მიიჩნია. იგივე დაადასტურა საქართველოს პირველმა ეროვნულმა ყრილობამაც.


 შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიას მიერ წაკითხული მოხსენების – «დღევანდელი მომენტი და ქართველი ერის პოლიტიკური მდგომარეობა», – შემდეგ მისაღები რეზოლუციის პროექტის განხილვამ ეროვნულ-პოლიტიკურ სექციაში ცხადად გვიჩვენა ქართული პოლიტიკური ელიტის სიმწიფე, რთულ სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში ორიენტაციის უნარი.
   რა თქმა უნდა, არც ეროვნულ-პოლიტიკურ სექციასა და არც საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობას არ შეეძლო აბსოლუტურად ყველა კითხვაზე ცალსახად პასუხის გაცემა. ობიექტურად არ შეიძლებოდა ყველაფრის ზუსტად გათვლა, ყველა პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა. აშკარაა, რომ ამას ქართველი პოლიტიკოსები კარგად გრძნობდნენ, ამიტომაც ძალზე ფრთხილობდნენ, იტოვებდნენ საშუალებას, სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში, ახალი პოლიტიკური კურსის შესამუშავებლად.
   საქართველოს პირველმა ეროვნულმა ყრილობამ 1917 წლის 22 ნოემბერს აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო. ეროვნული საბჭოს პერსონალური შემადგენლობის (წევრები და კანდიდატები) პროექტი ნოე ჟორდანიამ შეადგინა, თუმცა პროექტმა შემდეგ გარკვეული ცვლილებები განიცადა. საბოლოოდ, საქართველოს ეროვნულ საბჭოში არჩეულ იქნა 66 წევრი და 61 კანდიდატი. 6 კაცი ეროვნულ საბჭოში არჩეულ იქნა სათათბირო ხმით. ეროვნული საბჭოს წევრთა პარტიული კუთვნილება ასეთი იყო: სოციალისტ-ფედერალისტები – 10 კაცი (გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, შალვა მესხიშვილი, სამსონ ფირცხალავა, დიმიტრი უზნაძე და სხვა.), რადიკალ-დემოკრატები – 1 კაცი (დავით ჩიქოვანი), სოციალისტ-რევოლუციონერები – 7 კაცი (კონსტანტინე მესხი, ვლადიმერ გობეჩია, გრიგოლ ნათაძე, იოსებ გობეჩია, ივანე გობეჩია და სხვა.), ეროვნულ-დემოკრატები – 9 კაცი (ნიკო ნიკოლაძე, გიორგი გვაზავა, სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი და სხვ.), უპარტიონი – 2 კაცი (კონსტანტინე აფხაზი, კონსტანტინე მაყაშვილი), ალიონელები – 4 კაცი (პავლე საყვარელიძე, ნიკოლოზ ქარცივაძე და სხვ.), სოციალ-დემოკრატები – 28 კაცი (ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ევგენი გეგეჭკორი, ნოე რამიშვილი და სხვ.), გარდა ამისა, ეროვნულ საბჭოში არჩეულ იქნენ: სამაჰმადიანო საქართველოს (აჭარის) წარმომადგენლები – 3 კაცი (მემედ-ბეგ აბაშიძე, ჯემალ-ბეგ ხიმშიაშვილი, რეჯებ-ბეგ ნიჟარაძე), ზაქათალის ოლქის (საინგილოს) წარმომადგენელი – 1 კაცი (რაფიელ ივანიცკი) და სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი – 1 კაცი (გიორგი გაგლოევი).
   საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნოე ჟორდანია, რომელიც ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედაც აირჩიეს.
   საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე ეროვნულ-დემოკრატების ბრძოლა რუსული პოლიტიკური ორიენტაციის წინააღმდეგ პროდასავლური ორიენტაციისათვის ბრძოლას ნიშნავდა. ამ პოლიტიკური კურსის მომხრეებს პირდაპირ ცივი წყალი გადაასხა ანტანტის (ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია) დიპლომატების ვიზიტმა საქართველოში. 1917 წლის 8 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში მიიღეს ანტანტის ქვეყნების დიპლომატები, აგრეთვე გენერალი შორი. ქართველთა მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, კონსტანტინე მესხი, ვლადიმერ გობეჩია, გრიგოლ ვეშაპელი, ნოე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, პავლე საყვარელიძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნიკოლოზ ქარცივაძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, ალექსანდრე ფარნიაშვილი, გიორგი ლასხიშვილი, ევგენი გეგეჭკორი, დავით ნახუცრიშვილი. ანტანტის ელჩებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ისინი ცნობდნენ ერთ, მთლიან და განუყოფელ რუსეთს და მის დროებით მთავრობას, ხოლო ცალკეულ ერებს განიხილავდნენ რუსეთის ნაწილებად. გარდა ამისა, ანტანტის დიპლომატები ქართველებისა და სომხებისაგან მოითხოვდნენ მობილიზაციის გამოცხადებას, არმიის შექმნასა და თურქეთის მოსალოდნელი შეტევის შეჩერებას. ამასთან, ისინი იმიზეზებდნენ მიმდინარე მსოფლიო ომით შექმნილ სირთულეებს და შეიარაღებითა და ჯარით დახმარებაზე უარს ამბობდნენ.
   სულ მალე მოვლენათა განვითარებამ არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო რუსული ორიენტაციის დამცველები. 1918 წლის იანვრის დამდეგსა და შუა ხანებში საბჭოთა რუსეთმა საქართველოსა და მთელი ამიერკავკასიის ოკუპაცია სცადა კავკასიის ფრონტიდან მოხსნილი სამხედრო შენაერთების გამოყენებით. კავკასიის ფრონტიდან დაძრულ სამხედრო შენაერთებს, რომლებიც ვითომდა სამშობლოში (რუსეთში) ბრუნდებოდნენ, უნდა ეთხოვათ თბილისის გავლით, რკინიგზით, შავი ზღვის ნავსადგურებისაკენ გატარება. შემდეგ, როდესაც სამხედრო ეშელონები სარკინიგზო მაგისტრალებზე გავიდოდნენ, დაიწყებოდა შეიარაღებული გამოსვლა და რუსეთის ჯარის ხელში ერთბაშად აღმოჩნდებოდა თბილისი, ბათუმი, აგრეთვე სხვა ქალაქები და მთელი სარკინიგზო ხაზი თბილისიდან ბათუმამდე. 1918 წლის იანვრის დამდეგს ბოლშევიკთა გავლენის ქვეშ მოქცეულმა, დემორალიზებულმა სამხედრო შენაერთებმა ფრონტის ხაზი დატოვეს და თბილისისაკენ დაიძრნენ. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მანევრი ამოიცნო და სამხედრო ეშელონები თბილისში არ შეუშვა, ბაქოსაკენ გაატარა. ზოგიერთმა სამხედრო შენაერთმა ძალით სცადა თბილისისკენ გაჭრა, მაგრამ ახლად შექმნილმა ქართულმა კორპუსმა და სახალხო გვარდიის ნაწილებმა მძიმე ბრძოლებში სადგურ შამქორთან და სხვა ადგილებში სასტიკი მარცხი აგემა რუსეთის არმიას და იძულებული გახადა ბაქოს მიმართულებით დაეხია. საბჭოთა რუსეთის გეგმები საქართველოს მიმართ სავსებით ცხადი გახდა. ქართულ პოლიტიკურ ელიტას ადრეც არ ეპარებოდა ეჭვი ბოლშევიკთა აგრესიულ, დიდმპყრობელურ მისწრაფებებში, მაგრამ 1918 წლის იანვრის ამბები მაინც ძალზე დამაფიქრებელი იყო.
   1918 წლის იანვარში რუსეთში კანონიერი ხელისუფლების აღდგენის, დემოკრატიული წყობილების მომლოდინე ქართველ პოლიტიკოსებს იმედი საბოლოოდ გაუცრუვდათ: 6 იანვარს ბოლშევიკებმა რუსეთის დამფუძნებელი კრება გარეკეს. რუსეთის დემოკრატიულმა ძალებმა დიდი დარტყმა განიცადეს. ყველამ დაინახა, რომ ბოლშევიკები ძალაუფლების დათმობას არ აპირებდნენ, დიქტატურა რუსეთში ძალას იკრებდა, ტოტალიტარული რეჟიმი გადაჭრით დაუპირისპირდა განვითარების დემოკრატიულ ხაზს.
   ახალი რეალიების, უკანასკნელი მოვლენების ანალიზის საფუძველზე ამიერკავკასიის კომისარიატმა ახალი პოლიტიკური კურსი შეიმუშავა. 1918 წლის 10 თებერვალს ამიერკავკასიის კომისარიატმა მოიწვია ამიერკავკასიის სეიმი. სეიმი რუსეთის დამფუძნებელ კრებაში არჩეული ამიერკავკასიელი დეპუტატებისაგან შედგებოდა. თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე.
   ამიერკავკასიის კომისარიატმა სეიმის მოწვევით ხაზი გაუსვა ამიერკავკასიის გამოყოფას საბჭოთა რუსეთისაგან, თუმცა იურიდიულად ეს ცოტა მოგვიანებით გაფორმდა.
   მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისის, გახრწნილი, დემორალიზებული არმიის უძლურების პირობებში ვლადიმერ ლენინმა გერმანიასა და მის მოკავშირეებთან სეპარატიული ზავი დადო, რაც საბჭოთა წყობილებას გადარჩენის უკანასკნელ შანსს აძლევდა. 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში გერმანიასა და მის მოკავშირეებთან დადებული სეპარატიული ზავის პირობებით გერმანიის მოკავშირემ – თურქეთმა მიიღო ბათუმის, ყარსისა და არდაგანის (არტაანის) ოლქები.
   ამიერკავკასიის კომისარიატისათვის ბათუმის, ყარსისა და არდაგანის (არტაანის) ოლქების თურქეთისათვის გადაცემა არავის შეუთანხმებია, რადგან ამიერკავკასიის დამოუკიდებლობას არც რუსეთი, არც გერმანია და არც თურქეთი არ სცნობდა, მიუხედავად იმისა, რომ 1918 წლის 3 მარტისათვის ამიერკავკასია ფაქტობრივად გამოყოფილი იყო რუსეთისაგან. ამიერკავკასიის კომისარიატმა პროტესტი განაცხადა, მაგრამ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ეს პროტესტი სათანადოდ არგუმენტირებული არ იყო. ამიერკავკასიის კომისარიატის არგუმენტებიდან მთავარი ის იყო, რომ ქართული და სომხური მიწები თურქეთს გადასცეს ქართველ და სომეხ ხალხთა დაუკითხავად, მათი სურვილისა და დასტურის გარეშე.
   თურქეთი მაშინვე შეუდგა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით მინიჭებული უფლებების რეალიზებას – მოითხოვა ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქების დაცლა. 1918 წლის 10 მარტს თურქეთმა მოთხოვნა კვლავ გაიმეორა. 11 მარტს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთის მოთხოვნა უარყო. ამიერკავკასიის კომისარიატსა და სეიმს კარგად ესმოდა, რომ ომი თურქეთთან ადვილი არ იყო, ამიტომ დიპლომატიური გზით სცადეს კონფლიქტის მოგვარება. 14 მარტს ქ. ტრაპიზონში დაიწყო ამიერკავკასია-თურქეთის საზავო მოლაპარაკება. ამიერკავკასიის დელეგაციას აკაკი ჩხენკელი მეთაურობდა. აკაკი ჩხენკელის ცდებს ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები მთლიანად ან ნაწილობრივ შეენარჩუნებინათ, შედეგი არ მოჰყოლია – თურქეთის დელეგაცია კატეგორიულად მოითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობების შესრულებას. თურქეთის არმიამ საომარი მოქმედებები დაიწყო: 1918 წლის 8-9 აპრილს მტერი ამიერკავკასიის საზღვრებში შემოიჭრა. შეიქმნა კრიზისული სიტუაცია. 12 აპრილს აკაკი ჩხენკელმა ევგენი გეგეჭკორს სთხოვა თურქეთის წინააღმდეგ საომარი ოპერაციების შეჩერება. 13 აპრილს ამიერკავკასიის კომისარიატისა და ამიერკავკასიის სეიმის ფრაქციათა გაერთიანებულმა კრებამ ერთხმად მიიღო ირაკლი წერეთლის რეზოლუცია ტრაპიზონიდან ამიერკავკასიის დელეგაციის გამოწვევის შესახებ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ომი გრძელდებოდა. 9 აპრილს არაოფიციალურად დაწყებული ომი 13 აპრილს ოფიციალური ხდება. თურქეთის არმიის შემაჩერებელი ძალა საქართველოს არ ჰყავდა. 15-21 აპრილს თურქეთის ჯარებმა დაიკავეს ბათუმი, ოზურგეთი, მთელი მესხეთი თითქმის ბორჯომამდე. თურქეთის შეჩერება ქართულმა ჯარმა მხოლოდ მდინარე ჩოლოქზე შეძლო.
   ასეთ მძიმე სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში 1918 წლის 22 აპრილს შეიკრიბა ამიერკავკასიის სეიმი. სხდომა გახსნა მისმა თავმჯდომარემ კარლო ჩხეიძემ. ამიერკავკასიის კომისარიატსა და სეიმში უკვე მომწიფებული იყო აზრი ამიერკავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ. დღის წესრიგიც ამით განისაზღვრა: 1) ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის შესახებ; 2) თურქეთ-ამიერკავკასიის საზავო მოლაპარაკებაზე წარგზავნილი დელეგაციის მოხსენება; 3) ამიერკავკასიის მთავრობის განცხადება ახალი ხელისუფლების ორგანიზების შესახებ.
   ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის შესახებ მოხსენებით გამოვიდა სეიმის წევრი, სოციალ-დემოკრატი დავით ონიაშვილი. ხანგრძლივი კამათის შემდეგ ამიერკავკასიის სეიმმა მიიღო დადგენილება: «გამოცხადდეს ამიერკავკასია დამოუკიდებელ დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკად».
   ამიერკავკასიის სეიმმა იმავე სხდომაზე მოისმინა საზავო დელეგაციის მოხსენება და მიიღო დადგენილება საზავო მოლაპარაკების გაგრძელების შესახებ.
   სეიმის დადგენილებით, ამიერკავკასიის დემოკრატიულ-ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის შექმნა დაევალა აკაკი ჩხენკელს. 1918 წლის 26 აპრილს აკაკი ჩხენკელმა სეიმს დასამტკიცებლად წარუდგინა მთავრობის შემადგენლობა. სეიმმა უცვლელად დაამტკიცა აკაკი ჩხენკელის მიერ წარდგენილი პროექტი. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა ასეთი შემადგენლობით შეუდგა მუშაობას: აკ. ჩხენკელი მთავრობის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი; ნ. რამიშვილი – შინაგან საქმეთა მინისტრი; ა. ხატისოვი – ფინანსთა მინისტრი; ხ-ბ. მელიქ-ასლანოვი – გზათა მინისტრი; ფ-ხ. ხოისკი – იუსტიციის მინისტრი; გრ. გიორგაძე – სამხედრო მინისტრი; ნ. ხომერიკი – მიწათმოქმედების მინისტრი; ნ-ბ. უსუბეკოვი – სახალხო განათლების მინისტრი; მ. გაჯინსკი – ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი; ა. სააკიანი – სასურსათო საქმეთა მინისტრი;    რ. კაჩაზნუნი – სახელმწიფო მზრუნველობის მინისტრი; ა. ერზინკიანი – შრომის მინისტრი; ი-ბ. ჰაიდაროვი – სახელმწიფო კონტროლიორი.
   ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკას შექმნის დღიდან გადაუჭრელ პრობლემად ექცა საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია. გერმანოფილური საქართველოს, ანგლოფილური სომხეთისა და თურქოფილური აზერბაიჯანის ერთ სამოკავშირეო სახელმწიფოში არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რაც ცხადი გახდა იმთავითვე. გარდა საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციისა, ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს სიმტკიცეს დიდად ვნებდა ტერიტორიის გამიჯვნის საკითხი – ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს მწვავე სასაზღვრო დავა ჰქონდათ.   მიუხედავად ამისა, ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები თვლიდნენ, რომ შექმნილ უმძიმეს სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნა ერთადერთ სწორ ნაბიჯს წარმოადგენდა.
   ამიერკავკასიის ახლად შექმნილი სამოკავშირეო სახელმწიფოს მესვეურები ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად თვლიდნენ კონსტიტუციის შემუშავებას. გადაწყდა, უნდა შემუშავებულიყო საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის კონსტიტუციები და ამიერკავკასიის დემოკრატიულ-ფედერაციული რესპუბლიკის კონსტიტუცია. 1918 წლის 2 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა დაამტკიცა ამიერკავკასიის დემოკრატიულ-ფედერაციული რესპუბლიკის საკონსტიტუციო კომისიის ქართველი წევრები. სულ ამიერკავკასიის საკონსტიტუციო კომისიაში უნდა აერჩიათ 24 კაცი, აქედან ხუთ-ხუთ წევრს ირჩევდნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეროვნული საბჭოები, ხოლო დანარჩენ ცხრას ნიშნავდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა. ამიერკავკასიის საკონსტიტუციო კომისიის ქართულ წევრებად არჩეულ იქნენ: გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე, შალვა მესხიშვილი, რაჟდენ არსენიძე, ვლადიმერ გობეჩია.
   1918 წლის 9 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს მეთოთხმეტე კრება. დღის წესრიგში იდგა ორი საკითხი: 1) საქართველოს კონსტიტუციის შედგენა; 2) ამიერკავკასიის ერების გადამიჯვნა. კრების გახსნისას მისმა თავმჯდომარემ გიორგი ლასხიშვილმა აღნიშნა, რომ შესადგენია ორი კონსტიტუცია – ამიერკავკასიისა და საქართველოსი. ამ საკითხზე კრების წინაშე მოხსენებით წარდგა სოციალისტ-ფედერალისტი გრიგოლ რცხილაძე. მოხსენების შემდეგ გამართული კამათიდან, რომელშიც მონაწილეობდნენ რევაზ გაბაშვილი, სერგო ჯაფარიძე, პავლე საყვარელიძე, შალვა მესხიშვილი, შალვა ქარუმიძე, ალექსანდრე ლომთათიძე და სხვები, აშკარა გახდა, რომ ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფო ძალზე რთული პრობლემების წინაშე იდგა – ძნელი იყო ცალკეული ერების ინტერესების შეთანხმება.
   1918 წლის 12 მაისს შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს მეთხუტმეტე კრება. კრებაზე საქართველოს კონსტიტუციის პროექტის შესახებ მოხსენებით გამოვიდა სერგო ჯაფარიძე. მოხსენების განხილვისას ცხადი გახდა, რომ ეროვნულ-დემოკრატებსა და მათ თანამოაზრეებს (გიორგი გვაზავა, კონსტანტინე აფხაზი, მიხეილ მაჩაბელი, შალვა ქარუმიძე, გრიგოლ ვეშაპელი და სხვ.) არ სურდათ საქართველოს დარჩენა ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოში, ისინი პირდაპირ აყენებდნენ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების საკითხს. პოლემიკა გაგრძელდა ეროვნული საბჭოს მეთექვსმეტე კრებაზე 1918 წლის 14 მაისს.
   სოციალ-დემოკრატებმა და მათმა თანამოაზრეებმა ფაქტობრივად ვერაფერი დაუპირისპირეს ეროვნულ-დემოკრატების მოსაზრებებს. კამათი ვერც საქართველოს ეროვნული საბჭოს მეთექვსმეტე კრებაზე დასრულდა.

3. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა
   საქართველოს ეროვნული საბჭო, ვიდრე ამიერკავკასიისა და საქართველოს კონსტიტუციების შესახებ მსჯელობდა, სამხედრო-პოლიტიკური ვითარება სულ უფრო კატასტროფული ხდებოდა. 1918 წლის 11 მაისს ბათუმში განახლდა ამიერკავკასია-თურქეთის საზავო კონფერენცია. ამიერკავკასიის დელეგაციას აკაკი ჩხენკელი მეთაურობდა. პირველსავე შეხვედრაზე გაირკვა, რომ თურქეთი პოზიციას არ ცვლიდა, პირიქით – უფრო მეტს მოითხოვდა. 1918 წლის 12 მაისს ბათუმიდან გამოგზავნილ საიდუმლო წერილში აკაკი ჩხენკელი საქართველოს ეროვნულ საბჭოს აცნობებდა: 1) თურქეთი ითხოვს ახალციხეს, ახალქალაქსა და ერევნის გუბერნიის თითქმის ყველა მაზრას; 2) თურქეთი თავის თავზე იღებს წესრიგის დაცვას ამიერკავკასიაში; 3) თურქეთი ითხოვს ომის შემთხვევაში ამიერკავკასიის რკინიგზით სარგებლობის უფლებას. ამავე წერილში აკაკი ჩხენკელი იმედს გამოთქვამდა, რომ გერმანია მხარს დაუჭერდა ამიერკავკასიის დელეგაციას, თუმცა გამორიცხული არ იყო საწინააღმდეგოც. იმავე დღეს, 1918 წლის 12 მაისს, აკაკი ჩხენკელი მეორე საიდუმლო წერილს აგზავნის ბათუმიდან. აკაკი ჩხენკელი მთელი კატეგორიულობით აფრთხილებდა საქართველოს ეროვნულ საბჭოს: საქართველოსათვის თურქეთთან ომის წარმოება დამღუპველი იყო.
   აკაკი ჩხენკელის ორი წერილი ბათუმიდან შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის უაღრესად ზუსტ ანალიზს იძლეოდა. ამ წერილებში აკაკი ჩხენკელი საქართველოს ეროვნულ საბჭოს ფაქტობრივად სთავაზობდა გერმანოფილურ საგარეო-პოლიტიკურ კურსს, როგორც ერთადერთ რეალურ გამოსავალს შექმნილი კატასტროფული სიტუაციიდან. ამავე დროს, ისიც ცნობილი იყო, რომ თურქოფილური აზერბაიჯანი და ანგლოფილური სომხეთი გერმანიაზე ორიენტირებულ საგარეო-პოლიტიკურ კურსზე უარს იტყოდნენ.
   ბათუმიდან აკაკი ჩხენკელის ორი წერილის მიღების შემდეგ, 1918 წლის 14 მაისს, საღამოს შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ: გიორგი ლასხიშვილი, გიორგი გვაზავა, ვლადიმერ გობეჩია, გრიგოლ ვეშაპელი, ნოე ხომერიკი, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ რცხილაძე, სილიბისტრო ჯიბლაძე. აღმასკომის წევრების გარდა, სხდომას ესწრებოდნენ: შალვა მესხიშვილი, გერონტი ქიქოძე და აკაკი პაპავა. თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი, მდივნობდა დავით ნახუცრიშვილი. საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 14 მაისის სხდომამ ოფიციალურად დაადასტურა გერმანიის ფაქტორზე დაფუძნებული საგარეო-პოლიტიკური კურსი. აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადგინა, რომ ბათუმში აკაკი ჩხენკელს სახელმძღვანელოდ გაგზავნოდა შემდეგი მითითებები:
   «1. ეცნობოს გერმანიის საზავო დელეგაციის თავმჯდომარეს გენერალ ფონ ლოსოვს, რომ საქართველოს ეროვნული საბჭოს სურვილი და თხოვნაა, ყოველნაირად ხელი შეუწყოს გერმანიამ საქართველოს პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ საკითხების რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადაწყვეტას.
   2. ეთხოვოს გენერალ ლოსოვს მიიღოს სათანადო ღონისძიება, რომ გერმანიის ჯარმა განაგრძოს სვლა ჩრდილო-კავკასიაში, რათა იმდენად დაუახლოვდეს საქართველოს საზღვრებს, რომ შესაძლებელი იყოს მასთან კონტაქტის დაჭერა და საქართველო უზრუნველყოფილ იქნეს გარედან მოსალოდნელი რაიმე საფრთხისაგან.
   3. ეთხოვოს გენერალ ლოსოვს, ხელი შეუწყოს გერმანიაში მყოფ ქართველ სამხედრო ტყვეების, რაც შეიძლება მალე სამშობლოში სამხედრო წესით დარაზმულად დაბრუნებას.
   4. ეთხოვოს გენერალ ლოსოვს, ვიდრე ეს საქმე მოხერხდებოდეს, დასტოვოს საქართველოში მყოფი გერმანელი ტყვეები და   მიანდოს გერმანიის ოფიცერთ მათი სამხედრო ორგანიზაცია, რათა საქართველოს მთავრობას შეეძლოს საჭირო შემთხვევაში გამოიყენოს ეს ჯარი შინაურ წესრიგის დასაცავად და ანარქიასთან საბრძოლველად».
   აკაკი ჩხენკელს ხელ-ფეხი გაეხსნა და ენერგიულად შეუდგა გერმანიის დახმარებით საქართველოს ხსნის გეგმის რეალიზებას. 1918 წლის 15 მაისს ბათუმიდან გამოგზავნილ საიდუმლო წერილში იგი არწმუნებდა საქართველოს ეროვნულ საბჭოს, რომ ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს გადარჩენა შეუძლებელია. აკაკი ჩხენკელი იმასაც იტყობინებოდა, რომ ინგლისის დახმარებით თურქეთის შეჩერება არარეალურია. 15 მაისის წერილში აკაკი ჩხენკელმა კატასტროფიდან თავის დაღწევის ერთადერთ გზად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება დასახა.
   მომდევნო დღეებში აკაკი ჩხენკელისა და გენერალ ფონ ლოსოვის თანამშრომლობა უფრო მჭიდრო ხდება. ფონ ლოსოვმა აკაკი ჩხენკელს ბევრი ძვირფასი ინფორმაცია მიაწოდა, ბევრ რთულ პრობლემაში გაარკვია. როგორც ჩანს, სწორედ ფონ ლოსოვმა აცნობა აკაკი ჩხენკელს თურქეთისა და რუსეთის მოსალოდნელი საიდუმლო ალიანსის შესახებ, რაც დაღუპვით ემუქრებოდა საქართველოს.
   საქართველო-გერმანიის დაახლოებას რეალური საფუძველი ჰქონდა. საქართველოს გერმანია სჭირდებოდა თურქეთის აგრესიისაგან თავდაცვისათვის, ხოლო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ – დამოუკიდებლობის გარანტად. გერმანიას საქართველო სჭირდებოდა თავისი აღმოსავლური პოლიტიკის ფორპოსტად. საქართველოს მნიშვნელობას გერმანიისათვის ისიც ზრდიდა, რომ ინგლისზე ორიენტირებული სომხეთი და თურქეთზე ორიენტირებული აზერბაიჯანი ეწინააღმდეგებოდნენ გერმანიის დამკვიდრებას ამიერკავკასიაში. გერმანიას სუსტი პოზიციები ჰქონდა აღმოსავლეთში და ამ რეგიონში წარმატების მოპოვება გარკვეულწილად გაუადვილდებოდა საქართველოში მტკიცე პოზიციების შექმნით.
   აკაკი ჩხენკელის დაჟინებულმა მტკიცებამ, რომ ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შენარჩუნება შეუძლებელია, ხოლო საქართველოს ხსნა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებაშია, ეროვნულ-დემოკრატების პოზიციები მნიშვნელოვნად გააძლიერა. სოციალ-დემოკრატებს არ შეიძლებოდა ანგარიში არ გაეწიათ აკაკი ჩხენკელის მოსაზრებებისათვის. ასეთ ვითარებაში 1918 წლის 16 მაისს, საღამოს შვიდ საათზე, შეიკრიბა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, გიორგი ლასხიშვილი, ნოე ხომერიკი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, ჰაიდარ-ბეგ აბაშიძე, პავლე საყვარელიძე, ვლადიმერ გობეჩია, კონსტანტინე მესხი; მოწვეულები – იასონ ლორთქიფანიძე და შალვა მესხიშვილი. თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია, მდივნობდა დავით ნახუცრიშვილი. აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე განსახილველი საკითხი ასე იყო ფორმულირებული: «წინადადება პ. საყვარელიძისა, რომ მიენდოს აღმასრულებელ კომიტეტს ან ცალკე კომისიას საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის მოამზადოს ყოველნაირი ნიადაგი».
   აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე აზრთა გაზიარების შემდეგ გადაწყდა: აღმასკომის პრეზიდიუმის წევრებს ნოე ჟორდანიას, გიორგი ლასხიშვილსა და გრიგოლ ვეშაპელს დაევალოთ, დაასახელონ დამოუკიდებლობის მოსამზადებელი კომისიის სამი წევრი. საქართველოს დამოუკიდებლობის მოსამზადებელი კომისია დამტკიცდა შემდეგი შემადგენლობით: ნოე რამიშვილი, დავით (დათა) ვაჩნაძე და შალვა მესხიშვილი. აღმასრულებელმა კომიტეტმა ახლად შექმნილ კომისიას დაავალა: 1) ზომების მიღება საქართველოში ლტოლვილთა, მათ შორის შეიარაღებულ ლტოლვილთა, შემოსვლის შესაჩერებლად; 2) ქართულ ჯართან და საქართველოს ეროვნულ საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სამხედრო სექციასთან კონტაქტის დამყარება; 3) აცნობოს სომხეთის ეროვნულ საბჭოს თუ რა სირთულეებს ქმნის სომეხი ლტოლვილების შემოსვლა საქართველოში და გაარკვიოს რა ზომების მიღებას აპირებს სომხეთის ეროვნული საბჭო გართულების თავიდან ასაცილებლად.
   საქართველოს დამოუკიდებლობის მოსამზადებელი კომისია ენერგიულად შეუდგა მუშაობას. მოსაგვარებელი იყო უამრავი საკითხი. 1918 წლის 17 მაისს შეიკრიბა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი. სხდომას დაესწრნენ: გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, ასევე მოწვეულები – დავით (დათა) ვაჩნაძე, შალვა მესხიშვილი, გენერალი ვასილ გაბაშვილი, პოლკოვნიკი ვასილ კარგარეთელი და პოდპოლკოვნიკი ალექსანდრე ზაქარიაძე. პრეზიდიუმის სხდომაზე განსახილველი იყო საკითხი: «მოხსენება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების სამთა კომისიის   მოქმედების შესახებ». სამთა კომისიამ პრეზიდიუმის სხდომას გადასაწყვეტად წარუდგინა შემდეგი საკითხები: 1) ვის ჩააბარონ თბილისის დაცვა, 2) რომელი ორგანო უხელმძღვანელებს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმმა დაადგინა:
   1. ქალაქ თბილისში გამოცხადდეს სამხედრო (ან საალყო) წესები.
   2. თბილისის კომენდანტად და გარნიზონის უფროსად დაინიშნოს გენერალი ახმეტელი, მის თანაშემწედ – პოლკოვნიკი ნაქერელიძე. გენერალმა ახმეტელმა და პოლკოვნიკმა ნაქერელიძემ იმოქმედონ ქართული კორპუსის მეთაურის გენერალ ვასილ გაბაშვილის ხელმძღვანელობით.
   3. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ხელმძღვანელ ორგანოდ ითვლება იგივე სამთა კომისია, რომელმაც უნდა იმოქმედოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის ხელმძღვანელობით.

   ვიდრე თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის ემზადებოდნენ, თურქი დიპლომატები და სამხედროები დროს არ კარგავდნენ. 1918 წლის 18 მაისს თურქებმა დაიკავეს ალექსანდრეპოლი. 18 მაისს ბათუმში თურქეთის დელეგაციის მეთაურმა აკაკი ჩხენკელს გადასცა მემორანდუმი, რომელშიც აღნიშნული იყო:
   1. თურქეთი არავითარ შემთხვევაში არ ცნობს ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ;
   2. თურქეთმა კიდეც რომ ცნოს ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თურქეთი უარს ამბობს ტერიტორიულ პრეტენზიებზე;
   3. ამიერკავკასია არ წარმოადგენს ბრესტ-ლიტოვსკის ზავზე ხელის მომწერ მხარეს, უფრო მეტიც, ამ ზავის დადებისას ის არც წარმოადგენდა დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ამიტომ ამიერკავკასიის დემოკრატიულ-ფედერაციულ რესპუბლიკას უფლება არა აქვს გამოთქვას შენიშვნები ზავის პირობებზე, ან ამ პირობების სისრულეში მოყვანის წესზე.
   თურქეთის დელეგაციის მემორანდუმი მძიმე მდგომარეობაში აგდებდა ამიერკავკასიის დელეგაციას. მოლაპარაკება აზრს კარგავდა. 1918 წლის 19 მაისს აკაკი ჩხენკელმა მიიღო გენერალ ფონ ლოსოვის წერილი. ფონ ლოსოვი აკაკი ჩხენკელს აცნობებდა თავის მზადყოფნას, ამიერკავკასია-თურქეთის მოლაპარაკებაში შუამავლის როლი შეესრულებინა. იგი, ამავე დროს, სთხოვდა აკაკი ჩხენკელს გაერკვია, თანახმა იყო თუ არა ამიერკავკასიის დემოკრატიულ-ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაცია გერმანიის შუამავლობაზე. აკაკი ჩხენკელმა ფონ ლოსოვის წერილის მიღებისთანავე, 19 მაისს საღამოს, შეკრიბა ამიერკავკასიის დელეგაცია და გარკვეული დებატების შემდეგ დაითანხმა იგი ეცნოთ გერმანიის შუამავლობა. ამიერკავკასიის დელეგაციის დადებითი პასუხი 19 მაისსვე ეცნობა გენერალ ფონ ლოსოვს. გერმანია თურქეთის მოკავშირე და ბრესტ-ლიტოვსკის ზავზე ხელის მომწერი მხარე იყო, ამიტომ გენერალ ფონ ლოსოვის შუამავლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ამიერკავკასიის დელეგაციისათვის.
   1918 წლის 22 მაისს ბათუმიდან საქართველოს ეროვნული საბჭოსადმი გამოგზავნილ საიდუმლო წერილში აკაკი ჩხენკელი დაბეჯითებით სთხოვდა საქართველოს ეროვნულ საბჭოს დაუყოვნებლივ გამოეცხადებინა საქართველოს დამოუკიდებლობა. წერილი ასეთი სიტყვებით მთავრდებოდა: «ურისკოდ არაფერი არ კეთდება. სახელმწიფო ვის დაუარსებია ურისკოდ! საჭიროა გამბედაობა და კიდევ გამბედაობა!»
   თურქეთის დიპლომატია კარგად ხედავდა, რომ გერმანიის შუამავლობა ამიერკავკასია-თურქეთის მოლაპარაკებაში მისი მოქმედების თავისუფლებას ზღუდავდა, მაგრამ ერიდებოდა გერმანიასთან ურთიერთობის გამწვავებას: მსოფლიო ომი ჯერ კიდევ გრძელდებოდა და არავინ იცოდა სად და როდის დასჭირდებოდა თურქეთს გერმანიის პოლიტიკური თუ სამხედრო მხარდაჭერა.
   1918 წლის 23 მაისს აკაკი ჩხენკელი საქართველოს ეროვნულ საბჭოს კიდევ ერთ საიდუმლო წერილს უგზავნის. წერილში მოცემული იყო გერმანიის მფარველობით საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გეგმა.
   საქართველოს ეროვნული საბჭო, მისი აღმასრულებელი კომიტეტი და პრეზიდიუმი მთელი დატვირთვით მუშაობდნენ. თბილისში ფრეილინის (დღევანდელი სულხან-საბას) ქუჩაზე საქართველოს ეროვნული საბჭოს რეზიდენციაში დიდი გამოცოცხლება შეიმჩნეოდა.
   საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მზადების პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს პოზიციას. 1918 წლის 24 მაისს შედგა თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელზეც მოხსენებით – «ბათუმის საზავო მოლაპარაკების შესახებ» გამოვიდა ნოე ჟორდანია. მომხსენებელმა დაახასიათა შექმნილი სიტუაცია და აღნიშნა, რომ თურქეთში ამიერკავკასიასთან ზავზე სამი შეხედულება არსებობს: 1) ზავის დადება ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების საფუძველზე; 2) თურქეთისათვის ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით მინიჭებული ტერიტორიის გაფართოება; 3) მთელი ამიერკავკასიის დაპყრობა. ნოე ჟორდანიას მოხსენებიდან აშკარად ჩანდა, რომ იგი მთლიანად ეთანხმებოდა აკაკი ჩხენკელის შეხედულებებს და, თავის მხრივ, ცდილობდა დაერწმუნებინა თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი იმაში, რომ ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს არავითარი პერსპექტივა აღარ ჰქონდა. «ამიერკავკასია ამჯერად უკანასკნელ დღეებს ითვლის» – ნოე ჟორდანიას ამ დასკვნას კამათი არ გამოუწვევია.

   ბათუმის მოლაპარაკებაზე ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. თურქეთი სულ უფრო მეტად ეურჩებოდა თავის მოკავშირეს – გერმანიას. 1918 წლის 25 მაისს გენერალმა ფონ ლოსოვმა აცნობა აკაკი ჩხენკელს, რომ იგი უარს ამბობდა თურქეთ-ამიერკავკასიის მოლაპარაკებაში შუამავლის როლის შესრულებაზე.
   1918 წლის 23 მაისს აკაკი ჩხენკელის მიერ ბათუმიდან გამოგზავნილი წერილი საქართველოს ეროვნულ საბჭოში 24 მაისს მიიღეს. 25 მაისისათვის დაინიშნა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა. სხვადასხვა მიზეზის გამო სხდომის დაწყება დაგვიანდა. საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა დაიწყო 1918 წლის 25 მაისს, ღამის 11 საათზე, თბილისში, ფრეილინის ქუჩაზე მდებარე ეროვნული საბჭოს რეზიდენციაში.
   აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას, მისი წევრების გარდა, გამოჩენილი მოღვაწეებიც ესწრებოდნენ. კერძოდ, სხდომას დაესწრნენ: ნოე ჟორდანია, გიორგი ლასხიშვილი, პავლე საყვარელიძე, კონსტანტინე გვარჯალაძე, ნოე ხომერიკი, ალექსანდრე ლომთათიძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, შალვა მესხიშვილი, კონსტანტინე მესხი, ნოე რამიშვილი, იასონ ლორთქიფანიძე, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი ჟურული, ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი, დავით (დათა) ვაჩნაძე, გიორგი გვაზავა, ირაკლი წერეთელი, ევგენი გეგეჭკორი, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, ვლადიმერ გობეჩია. თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია, მდივნობდა დავით ნახუცრიშვილი.
   აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა იმით დაიწყო, რომ ნოე ჟორდანიამ დამსწრეთ გააცნო 23 მაისს ბათუმიდან აკაკი ჩხენკელის მიერ გამოგზავნილი წერილი, რომელშიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, აკაკი ჩხენკელი მთელი კატეგორიულობით ითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ გამოცხადებას. ნოე ჟორდანიამ აღნიშნა, რომ 25 მაისს, ღამის 10 საათზე, უნდა შეკრებილიყო ამიერკავკასიის სეიმი, რომელიც, როგორც ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს გამოაცხადებდა დაშლილად, ხოლო თვითონ მოიხსნიდა უფლებამოსილებას. ამის შემდეგ საქართველოს ეროვნულ საბჭოს უნდა გამოეცხადებინა საქართველოს დამოუკიდებლობა. როგორც ნოე ჟორდანიამ აღნიშნა, სეიმის სხდომა არ შედგა იმიტომ, რომ მუსავატელთა და დაშნაკთა ფრაქციებმა უარი განაცხადეს სეიმის სხდომაში მონაწილეობაზე. აზერბაიჯანელებმა განაცხადეს, რომ მათ საკითხი ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს დაშლის შესახებ ჯერ არ განუხილავთ და აზრი არ შეუმუშავებიათ, თუმცა წინააღმდეგნი არ არიან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა. სომხებმა სეიმის სხდომის მეორე დღისათვის გადადების მოთხოვნა იმით დაასაბუთეს, რომ შესამუშავებელი ჰქონდათ განცხადება. ნოე ჟორდანიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ქართველებს სურვილი ჰქონდათ სომხებთან და აზერბაიჯანელებთან თანხმობით ემოქმედათ, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ეს არ მოხერხდა: ამიერკავკასიის სეიმის სხდომა 25 მაისს აღარ შედგება, ამიტომ ქართველებმა ცალკე უნდა განიხილონ საკითხი. ნოე ჟორდანიამ აღმასკომის წევრებს აცნობა, რომ 26 მაისს 12 საათზე შედგებოდა ამიერკავკასიის სეიმის სხდომა, სხდომის შემდეგ საქართველოს ეროვნული საბჭო გამოაცხადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას.
   ნოე ჟორდანიას გამოსვლის შემდეგ გაიმართა მსჯელობა იმის შესახებ, თუ როდის გამოეცხადებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა. აღმასრულებელი კომიტეტის ზოგიერთი წევრი თვლიდა, რომ, რადგან დამოუკიდებლობის გამოცხადება სასწრაფოა, დაუყოვნებლივ, იმავე დღეს – 25 მაისს გამოეცხადებინათ აქტი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ. ნოე ჟორდანიამ განმარტა: ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლამდე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება გაურკვევლობას შექმნიდა, რადგან იარსებებდა ორი მთავრობა – ამიერკავკასიისა და საქართველოსი. აქედან გამომდინარე, ნოე ჟორდანია ითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების გადადებას მეორე დღისათვის – 26 მაისისათვის. შეთანხმება ვერ მოხერხდა, ამიტომ კენჭისყრაზე დადგა საკითხი: «საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდეს დღეს თუ ხვალ». 25 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა 6 კაცმა, 26 მაისს გამოცხადებას – 4 კაცმა. გადაწყდა: აქტი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ გამოცხადებულიყო 25 მაისს. კენჭისყრის შემდეგ განცხადება გააკეთა ნოე ჟორდანიამ. საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე პასუხისმგებლობას იხსნიდა მოსალოდნელ შედეგებზე.
   1918 წლის 25 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მაინც ვერ მოხერხდა. კენჭისყრიდან სულ მცირე ხანში გაირკვა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ჯერ შემუშავებული არ იყო, რამაც თავისთავად გამოიწვია დამოუკიდებლობის გამოცხადების გადადება 26 მაისისათვის. ნოე რამიშვილის წინადადებით გადაწყდა: 26 მაისს დილით 10 საათზე შეკრებილიყო ამიერკავკასიის სეიმი, ხოლო 12 საათზე – საქართველოს ეროვნული საბჭო.
   აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის ბოლოს წაიკითხეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პროექტი, რომელიც კომისიამ შეიმუშავა. აქტის ტექსტის მიმართ გამოითქვა შენიშვნები. ამ შენიშვნების მიხედვით დამოუკიდებლობის აქტის ტექსტის შესწორება დაევალა ნოე ჟორდანიას.
   1918 წლის 25 მაისს თბილისის საქალაქო თვითმმართველობამ მოწოდებით მიმართა თბილისის მოქალაქეებს. მიმართვაში მოკლედ იყო დახასიათებული შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია, მინიშნებული იყო იმ დიდ საფრთხეზე, რომელიც საქართველოსა და თბილისს ემუქრებოდა თურქეთის მხრიდან. საქალაქო თვითმმართველობა მოუწოდებდა თბილისელებს მზად ყოფილიყვნენ მტრისათვის საკადრისი პასუხის გასაცემად.
   ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა გაიმართა 1918 წლის 26 მაისს. მათ წევრებს კარგად ესმოდათ, რომ ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს აღსასრული გარდუვალი იყო. მიუხედავად ამისა, ფუჭი პოლემიკა კარგა ხანს გაგრძელდა. ნაშუადღევის 3 საათზე სეიმმა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა, ხოლო თვითონ უფლებამოსილება მოიხსნა. ამიერკავკასიის სეიმის ეს გადაწყვეტილება თითქმის ერთხმად იქნა მიღებული, წინააღმდეგი იყო სეიმის მხოლოდ ორი წევრი. სეიმის სხდომის შემდეგ კარლო ჩხეიძემ მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს ტელეგრამით ამცნო მომხდარის შესახებ.
   საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა 1918 წლის 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევის 4 საათსა და 50 წუთზე გაიხსნა კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში გოლოვინის (დღეს რუსთაველის) გამზირზე, იმავე დარბაზში, სადაც თავისი უკანასკნელი სხდომა გამართა ამიერკავკასიის სეიმმა.
   ეროვნული საბჭოს სხდომას ესწრებოდა 42 წევრი და 36 კანდიდატი.
   საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია. პრეზიდიუმში იყვნენ: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე. მდივნის მოვალეობას ასრულებდა ეროვნული საბჭოს მდივანი ილია ზურაბიშვილი.
   ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვა წარმოთქვა ნოე ჟორდანიამ. სიტყვის დამთავრების შემდეგ ნოე ჟორდანიამ წაიკითხა «საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი». აქტის პირველი მუხლი გვაუწყებდა:
   «ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა».
   დამოუკიდებლობის აქტით საქართველოს პოლიტიკურ სისტემად აღიარებულ იქნა დემოკრატიული რესპუბლიკა (მუხლი მეორე). დამოუკიდებელმა საქართველომ საერთაშორისო ომიანობაში მუდმივი ნეიტრალიტეტი გამოაცხადა (მუხლი მესამე). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ესწრაფოდა კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონოდა ყველა სახელმწიფოსთან, განსაკუთრებით მოაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან (მუხლი მეოთხე). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა უზრუნველყოფდა ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებას, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა (მუხლი მეხუთე). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნიდა მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს (მუხლი მეექვსე). დამფუძნებელი კრების მოწვევამდე საქართველოს მართვა-გამგეობას განახორციელებდა ეროვნული საბჭო. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელი იქნებოდა ეროვნული საბჭოს წინაშე (მუხლი მეშვიდე).
   საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად, ყოველგვარი შესწორების გარეშე, მიიღო და დაამტკიცა «საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი».
   დამოუკიდებლობის აქტის მიღების შემდეგ ნოე ჟორდანიამ ეროვნულ საბჭოს წარუდგინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კოალიციური მთავრობის შემადგენლობა:
   1. ნოე რამიშვილი – მთავრობის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი.
   ბ) აკაკი ჩხენკელი – საგარეო საქმეთა მინისტრი.
   გ) გრიგოლ გიორგაძე – სამხედრო მინისტრი.
   დ) გიორგი ჟურული – ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი.
   ე) გიორგი ლასხიშვილი – სახალხო განათლების მინისტრი.
   ვ) ნოე ხომერიკი – მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი.
   ზ) შალვა მესხიშვილი – იუსტიციის მინისტრი.
   თ) ივანე ლორთქიფანიძე – გზათა მინისტრი.

   ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა.
   საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა დამთავრდა ნაშუადღევს 5 საათსა და 55 წუთზე.
   საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ ნოე რამიშვილმა მსოფლიოს სახელმწიფოთა მთავრობებს ტელეგრამით ამცნო ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაბადება.
   საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით წარმატებით დასრულდა ქართველი ერის ხანგრძლივი ბრძოლა თავისუფლებისათვის. ქართველმა ერმა, რომელმაც საკაცობრიო კულტურა და ცივილიზაცია გაამდიდრა მრავალი მიღწევით, კვლავ მოიპოვა უფლება, დამდგარიყო მსოფლიოს სუვერენულ სახელმწიფოთა გვერდით და თვითონ განეგო თავისი სვე-ბედი.

თავი  მეხუთე
   საქართველოსდემოკრატიულირესპუბლიკა
(1918-1921 წწ.)

1. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობა
   1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ აღადგინა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობის აქტით სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარებულ იქნა დემოკრატიული რესპუბლიკა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია დაეკისრა ეროვნულ საბჭოს, რომლის თავმჯდომარედაც ნოე ჟორდანიას ნაცვლად არჩეულ იქნა ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე. ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისსვე კოალიციურ საწყისებზე დაამტკიცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა შემდეგი შემადგენლობით: სოციალ-დემოკრატი ნოე რამიშვილი (მთავრობის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი), სოციალ-დემოკრატი აკაკი ჩხენკელი (საგარეო საქმეთა მინისტრი), სოციალ-დემოკრატი გრიგოლ გიორგაძე (სამხედრო მინისტრი), სოციალ-დემოკრატი გიორგი ჟურული (ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი), სოციალისტ-ფედერალისტი გიორგი ლასხიშვილი (განათლების მინისტრი), ნოე ხომერიკი (მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი), სოციალისტ-ფედერალისტი შალვა მესხიშვილი (იუსტიციის მინისტრი), სოციალისტ-რევოლუციონერი ივანე ლორთქიფანიძე (გზათა მინისტრი). 1918 წლის ივნისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობაში მოხდა ცვლილება. მთავრობის თავმჯდომარე ნოე რამიშვილის ნაცვლად გახდა ნოე ჟორდანია, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად აკაკი ჩხენკელის ნაცვლად დაინიშნა ევგენი გეგეჭკორი.
   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს – ეროვნულ საბჭოს – 1918 წლის 8 ოქტომბერს ეწოდა საქართველოს პარლამენტი. საქართველოს პარლამენტი დათხოვნილ იქნა დამფუძნებელი კრების არჩევნებთან დაკავშირებით (1919 წ.).
   1919 წლის დამდეგს დემოკრატიული საარჩევნო კანონის საფუძველზე ჩატარდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელი კრების – არჩევნები. არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს სოციალ-დემოკრატებმა. დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიხსნა 1919 წლის 12 მარტს. დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ არჩეულ იქნა კარლო ჩხეიძე. პირველსავე სხდომაზე დამფუძნებელმა კრებამ დაადასტურა 1918 წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს მიერ დამტკიცებული «საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. დამფუძნებელმა კრებამ 1919 წლის 21 მარტს დაამტკიცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთპარტიული (სოციალ-დემოკრატიული) მთავრობა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. ახალი მთავრობის შემადგენლობა ასეთი იყო: ევგენი გეგეჭკორი – საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრი, ნოე რამიშვილი – შინაგან საქმეთა, სამხედრო და სახალხო განათლების მინისტრი, ნოე ხომერიკი – მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი, კონსტანტინე კანდელაკი – ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი. მთავრობის თავმჯდომარე ამავე დროს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენელი. საქართველოს დამფუძნებელი კრება ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციას ასრულებდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობამდე (1921 წლის მარტი), თუმცა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია დამფუძნებელ კრებას არც ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ მოუხსნია.
   საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესში, მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის (გერბი, დროშა, ჰიმნი) შემუშავება. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა და გერბი შემუშავებულ იქნა იაკობ ნიკოლაძისა და იოსებ შარლემანის მიერ ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით. 1918 წლის სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო დროშად დამტკიცდა სამფეროვანი (შვინდისფერი, შავი, თეთრი) დროშა, ხოლო სახელმწიფო გერბად თეთრი გიორგი შვიდი მნათობით. სახელმწიფო ჰიმნის სტატუსი შეიძინა კოტე ფოცხვერაშვილის «დიდებამ.
   ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებულ ზოგიერთ კანონსა და დადგენილებას. მათ შორის აღსანიშნავია დებულება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეობის ანუ ქვეშევრდომობის შესახებ (1918 წლის ივლისი), კანონი მოქალაქეობის შესახებ (1919 წლის მაისი), კანონი ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების შესახებ (1918 წლის ოქტომბერი). კანონის მიხედვით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქედ ითვლებოდა ის, ვინც მიწერილი იყო რესპუბლიკის ტერიტორიის რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულზე 1914 წლის 19 ივლისამდე (პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე). დადგინდა საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი. კანონში საქართველოს სახელმწიფო ენის შესახებ ჩაწერილი იყო: «საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო ენა არის ქართული ენა.
   შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში აუცილებელი იყო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება. სწორედ ამას ისახავდა მიზნად კანონი საქართველოს რესპუბლიკის გვარდიის შესახებ (1918 წლის ივლისი) და დებულება საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მმართველობის შესახებ (1918 წლის აგვისტო). კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო კანონი საქართველოს რესპუბლიკის რეგულარული არმიის ორგანიზაციის შესახებ (1918 წლის აგვისტო) და ძირითადი დებულება საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო ბეგარისა და მუდმივი ჯარის შევსების შესახებ (1918 წლის აგვისტო). კანონის მიხედვით საქართველოს შეიარაღებული ძალები შედგებოდა მუდმივი (რეგულარული) ჯარისა და ლაშქრისაგან. მუდმივ ჯარში გაწვევა უნდა წარმოებულიყო უწყვეტად, ხოლო ლაშქარში – შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე (სამხედრო საფრთხის გაძლიერებისა და ომის შემთხვევაში). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყველა მოქალაქე ოციდან ორმოც წლამდე ვალდებული იყო მუდმივ ჯარში სამსახურით პირადად მოეხადა სამხედრო ბეგარა (ვალდებულება).

   ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესში სათანადო ყურადღება დაეთმო სასამართლო რეფორმას. ძველი სასამართლო გაუქმდა. 1918 წლის სექტემბერში შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის დროებითი საგანგებო სასამართლო. რესპუბლიკის დროებითი საგანგებო სასამართლოს გარდა, თბილისში მოქმედებდა თბილისის გუბერნიისა და ზაქათალის ოლქის საგანგებო სასამართლო, ქუთაისში – ქუთაისის გუბერნიის საგანგებო სასამართლო, სოხუმში – სოხუმის ოლქის (აფხაზეთის) საგანგებო სასამართლო. 1918 წლის სექტემბერში შეიქმნა სამომრიგებლო სასამართლო. საქართველო დაიყო სამომრიგებლო ოლქებად. მომრიგებელ მოსამართლეთა თანამდებობა არჩევითი იყო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლო დანიშნულებას თავდაპირველად ასრულებდა თბილისის სასამართლო პალატა. 1919 წლის ივლისში შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო – სენატი.
   უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანიზებასთან ერთად აუცილებელი იყო ადგილობრივი მმართველობის სისტემის განსაზღვრა. 1918 წლის აგვისტოში მიღებული კანონის საფუძველზე საქართველო დაყოფილ იქნა შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებად: თბილისის გუბერნია შვიდი მაზრით, ქუთაისის გუბერნია შვიდი მაზრით, სოხუმის ოლქი, ზაქათალის ოლქი. 1920 წლის ივლისიდან ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოიყო ბათუმის ოლქი. გუბერნიაში უმაღლესი ადმინისტრაციული მოხელე იყო გუბერნიის კომისარი, ოლქში – ოლქის კომისარი, მაზრაში – მაზრის კომისარი. გუბერნიის, ოლქისა და მაზრის კომისარიატებს ჰქონდათ თავიანთი აპარატი. 1918 წელსვე ადგილობრივი მმართველობის რეფორმიდან გამომდინარე გაუქმდა საქართველოს დაყოფა გუბერნიებად, რის შემდეგაც ყველა მაზრაში ჩატარდა საერობო კრების არჩევნები. 1919 წლისათვის საქართველოს მაზრებში ჩამოყალიბდა მრავალპარტიული საერობო კრებები. საერობო კრებების აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენდა გამგეობები. სამაზრო თვითმმართველობების (ერობების) შექმნის შემდეგ გატარდა საქალაქო თვითმმართველობის რეფორმა. არჩეულ იქნა მრავალპარტიული საქალაქო სათათბიროები და მისი გამგეობები. საბოლოო ჯამში, საქართველოში ჩამოყალიბდა დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული ადგილობრივი მმართველობის სისტემა.

   მაზრების ერობებისა და ქალაქების სათათბიროების არჩევნებში უმრავლესობა სოციალ-დემოკრატებმა მოიპოვეს.
   საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქვეყნის ფულად-საფინანსო სისტემის შექმნასა და მის გამართულ ფუნქციონირებას. 1919 წლის ივლისში გამოიცა დეკრეტი საქართველოს რესპუბლიკის ბონების გამოცემის შესახებ. დეკრეტის ძალით საქართველოს მთავრობას უფლება მიეცა გამოეცა სამასი მილიონი მანეთის ღირებულების ბონი. ბონს უნდა ემოქმედა დროებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულის გამოშვებამდე. ქართული ბონი მოქმედებდა რუსული ფულის ნიშნებსა და ამიერკავკასიის კომისარიატის ბონთან ერთად. ქართულ ბონს იმხანადაც და შემდგომ წლებშიაც საკმაოდ მყარი კურსი ჰქონდა. იგი ბრუნვაში იყო 1923 წლამდე. 1919 წლის დეკემბერში შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ბანკი.
   სოციალურ ურთიერთობათა სფეროში მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენდა 1920 წლის აგვისტოში მიღებული კანონი შრომითი ხელშეკრულების შესახებ. კანონმა განსაზღვრა მშრომელთა დაქირავების წესი, დაქირავებულისა და დამქირავებლის უფლება-მოვალეობანი, ხელფასის ანაზღაურების წესი და სხვ. ძალზე მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე 1920 წლის ივლისში მიღებული კანონი ჯანმრთელობის დეპარტამენტის დაარსების შესახებ. დეპარტამენტის მოვალეობას შეადგენდა ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მუშაობის წარმართვა.
   ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესში სათანადო სახსრების სიმცირის პირობებშიც კი, დიდი ყურადღება ექცეოდა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას. 1918 წლის 3 სექტემბერს თბილისის უნივერსიტეტი გარდაიქმნა სახელმწიფო უნივერსიტეტად. იმავდროულად დამტკიცდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დროებითი ძირითადი დებულება. 1918 წლის სექტემბერში თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი, ასევე სემინარიები გამოცხადდა სახელმწიფო სკოლებად. ღირსშესანიშნავ ღონისძიებას წარმოადგენდა 1919 წლის აგვისტოში მიღებული დეკრეტი, რომლის ძალითაც გაუქმდა კავკასიის მუზეუმი და მის ბაზაზე თბილისშივე დაარსდა საქართველოს მუზეუმი. 1920 წლის მარტში შეიქმნა საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა. ქართული კულტურის შემდგომი ბედისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 1920 წლის მაისში მიღებულ დეკრეტს, რომელიც კრძალავდა საქართველოდან ხელოვნების ნიმუშებისა და სხვა ისტორიული ფასეულობის მქონე ნივთების გატანას. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზების თვალსაზრისით, საყურადღებო იყო 1920 წლის აპრილში მიღებული კანონი საქართველოს ცენტრალური სამეცნიერო არქივის დაარსების შესახებ. კანონის მიღების შემდეგ დაიწყო საქართველოს ისტორიის შესწავლისათვის აუცილებელი მასალების თავმოყრა და დამუშავება.
   საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სწორი ეროვნული პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებას. საქართველო მრავალეროვანი ქვეყანა იყო. აქ მცხოვრები ხალხები სხვადასხვა აღმსარებლობას განეკუთვნებოდნენ, ამავე დროს, ისინი სხვადასხვა პოლიტიკურ ორიენტაციას აღიარებდნენ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას უნდა დაეძლია ის დაპირისპირება და უნდობლობა, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ერებს შორის რუსეთის კოლონიური რეჟიმის პირობებში წარმოიშვა. ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნება და განმტკიცება.
   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სწორი ეროვნული პოლიტიკა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდან იღებს სათავეს. დამოუკიდებლობის აქტის მეხუთე მუხლში აღნიშნული იყო: «საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორათ უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალურ მდგომარეობისა და სქესისა. მეექვსე მუხლი კი გვაუწყებდა: «საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ყველა ერს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბოლომდე ერთგული დარჩა დამოუკიდებლობის აქტით აღიარებული პრინციპებისა.
   საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შეივსო საქართველოს ეროვნული საბჭოს შემადგენლობა. 1918 წლის 13 სექტემბრის კანონით საქართველოში მცხოვრებმა სხვადასხვა ერის წარმომადგენელმა უფლება მიიღო ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში – ეროვნულ საბჭოში – აერჩიათ 26 წარმომადგენელი. ეროვნული საბჭოს წევრის 26 ადგილი ასე განაწილდა: სომხებმა მიიღეს 10 ადგილი, თათრებმა (აზერბაიჯანელებმა) – 4, აფხაზებმა – 3, რუსებმა – 2, ოსებმა – 2, ქართველმა ებრაელებმა – 2, ებრაელებმა – 1, ბერძნებმა – 1, გერმანელებმა – 1. კანონში აღნიშნული იყო, რომ ცალკეული ერების წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ საბჭოში უნდა აერჩიათ ამ ერების ეროვნულ საბჭოებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით პარლამენტის წევრები სიტყვას წარმოთქვამდნენ სახელმწიფო ენაზე – ქართულ ენაზე. ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელს, რომელმაც ქართული არ იცოდა, უფლება ეძლეოდა პარლამენტში სიტყვა წარმოეთქვა მშობლიურ ენაზე, ან რომელიმე ეროვნული უმცირესობის ენაზე, თუ ეს ენა იცოდა პარლამენტის პრეზიდიუმის ერთმა წევრმა მაინც. საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაში ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვას დაეთმო მთელი თავი. კონსტიტუციაში აღნიშნული იყო: «არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს რესპუბლიკის რომელიმე ეროვნული უმცირესობის თავისუფალი სოციალ-ეკონომიკური და კულტურული განვითარება, განსაკუთრებით მისი დედა-ენით სწავლა-აღზრდისა და ეროვნულ-კულტურულ საქმეთა შინაური მართვა-გამგეობა. კონსტიტუცია ეროვნული უმცირესობისაგან შემდგარ ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებს (თემი, ერობა, ქალაქი) ეროვნული კავშირების დაარსების უფლებას აძლევდა. ეროვნული კავშირები უნდა გასძღოლოდნენ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმეებს. ისინი თავიანთ მოღვაწეობაში ხელმძღვანელობდნენ კონსტიტუციითა და შესაბამისი კანონებით.
   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს ყოველგვარი პირობა შეექმნათ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში შეუზღუდავი მონაწილეობისათვის.
   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ძალზე მცირე დრო ჰქონდა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობის ურთულესი პრობლემების გადასაჭრელად. ამასთან ერთად, სახელმწიფო აღმშენებლობა მიმდინარეობდა მეტად მძიმე სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში, ურთულეს საშინაო და საერთაშორისო ვითარებაში. მიუხედავად ამისა, მოპოვებულ იქნა უმნიშვნელოვანესი წარმატებები.
   საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესში მოპოვებული წარმატებები დაგვირგვინდა კონსტიტუციით, რომელიც საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა 1921 წლის 21 თებერვალს. საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია ქართული პოლიტიკური აზრის დიდი მონაპოვარია. იგი შემუშავებულ იქნა იმდროინდელი მსოფლიოს მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით. კონსტიტუცია შედგება 17 თავისა და 149 მუხლისაგან. კონსტიტუციის პირველსავე მუხლში აღნიშნულია: «საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო. მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. კონსტიტუციამ ქართული ენა გამოაცხადა სახელმწიფო ენად.
   კონსტიტუციის ძალით საქართველოს მოქალაქეობის მიღება შეიძლებოდა «წარმოშობით, ქორწინებითა და ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქე ვალდებული იყო, პირადად მოეხადა სამხედრო ბეგარა. საქართველოს მოქალაქეს შეეძლო, უარი ეთქვა ქვეყნის მოქალაქეობაზე მხოლოდ სახელმწიფოებრივი მოვალეობის შესრულების შემდეგ.
   საქართველოს კონსტიტუციამ გააუქმა სიკვდილით დასჯა. ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორი იყო და მისი დასჯა შეეძლო მხოლოდ სასამართლოს.
   1921 წლის კონსტიტუციით ხელისუფლების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენდა პარლამენტი, რომელიც უნდა არჩეულიყო საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული საარჩევნო კანონით. უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნოდა მთავრობას. მთავრობის თავმჯდომარე, ამავე დროს, იყო ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი.
   საქართველოს კონსტიტუციამ გამოაცხადა სასამართლოს სრული დამოუკიდებლობა. კონსტიტუციაში აღნიშნულია: «სასამართლო დამოუკიდებელია და მხოლოდ კანონს ემორჩილება. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოს წარმოადგენდა სენატი.
   კონსტიტუცია აკანონებდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევას საყოველთაო, თანასწორი, ფარული და პროპორციული საარჩევნო კანონით. ადგილობრივი თვითმმართველობის დადგენილებებისა და განკარგულებების შეჩერების უფლება ჰქონდა ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებს, მაგრამ მისი გაუქმება მხოლოდ სასამართლოს წესით შეიძლებოდა.
   1921 წლის კონსტიტუციით საქართველოს განუყოფელ ნაწილებს – აფხაზეთს (სოხუმის ოლქს), აჭარასა (ბათუმის ოლქს) და საინგილოს (ზაქათალის ოლქს) მიენიჭათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა.
   კონსტიტუციამ დააკანონა საყოველთაო, სავალდებულო და უფასო დაწყებითი განათლება. კერძო პირთა დაარსებული სკოლა უნდა დამორჩილებოდა საერთო-სასკოლო კანონს.
   მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა კონსტიტუციით იყო გარანტირებული. კონსტიტუციაში ვკითხულობთ: «რესპუბლიკა ზრუნავს თავის მოქალაქეთა ღირსეული არსებობისათვის. კონსტიტუცია იცავდა საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა ინტერესებს. არ შეიძლება საქართველოში უპირატესობით ესარგებლა რომელიმე რელიგიას.
   მართალია, საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციას პრაქტიკულად არ უმოქმედია, მაგრამ მას ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი ერის ისტორიაში. 1918 წლის 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და 1921 წლის კონსტიტუცია იყო ის იურიდიული საფუძველი, რომელსაც ემყარებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა მომდევნო ათწლეულებში.
   ამრიგად, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესმა საანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სწორად განსაზღვრა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობის ძირითადი მიმართულებანი და დროის სიმცირის მიუხედავად, მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა.
2. ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის
   საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ხელყოფა დაიწყო ჯერ კიდევ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე 1917-1918 წლებში. აფხაზეთში სეპარატისტულ მოძრაობას აქეზებდა და მხარს უჭერდა საბჭოთა რუსეთი, ასევე თურქეთი. შიდა ქართლში მცხოვრები ოსი სეპარატისტების უკან ასევე რუსეთი იდგა. სამცხე-საათაბაგოსა და აჭარაში სეპარატიზმს აღვივებდა თურქეთი. ირანისა და თურქეთის აგენტურა სეპარატისტული მოძრაობის გაჩაღებას ცდილობდა საინგილოში (ისტორიულ ჰერეთში). საბჭოთა რუსეთი და თურქეთი ცდილობდნენ სეპარატისტული მოძრაობისათვის ხან ეთნიკური, ხან რელიგიური და ხან აგრარული ხასიათი მიეცათ. სინამდვილეში მათ მიზანს შეადგენდა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დანაწილება, რაც შეაფერხებდა ქართველი ერის სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენის შემთხვევაში – ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მშენებლობას.

   აფხაზი სეპარატისტების გააქტიურება შეინიშნებოდა უკვე 1917 წლის შემოდგომიდან. 1918 წლის თებერვალში აფხაზეთის სახალხო საბჭომ საქართველოს ეროვნულ საბჭოს შესთავაზა საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობის მოგვარების საკუთარი პროექტი. აფხაზეთის სახალხო საბჭო თვლიდა, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის უნდა დამყარებულიყო კეთილმეზობლური ურთიერთობა, როგორც ორ თანასწორ მხარეს შორის. ქართულმა მხარემ ეს პროექტი უარყო. 1918 წლის 9 თებერვალს თბილისში საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტსა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე აფხაზეთი რჩებოდა საქართველოს შემადგენლობაში. ამასთან, აფხაზეთს ენიჭებოდა შინაურ საქმეებში ფართო ავტონომია. საქართველო ვალდებულებას იღებდა დახმარებოდა აფხაზეთს იმ ტერიტორიის (გაგრის რაიონი და სხვ.) დაბრუნებაში, რომელიც 1904 წელს სოხუმის ოკრუგს ჩამოაცილეს და შავი ზღვის გუბერნიას შეუერთეს. ცხადია, საკითხის ასეთმა გადაწყვეტამ არ დააკმაყოფილა არც აფხაზი სეპარატისტები და არც საბჭოთა რუსეთი. 1918 წლის მარტში სოხუმის ოკრუგში რუსეთის მხარდაჭერით გააქტიურდნენ აფხაზი ბოლშევიკები. მათ მოითხოვეს აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება და აფხაზეთის საბჭოთა რუსეთთან შეერთება. აფხაზი სეპარატისტები კი აფხაზეთის დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. საბჭოთა რუსეთის დახმარებით აფხაზმა ბოლშევიკებმა შექმნეს აფხაზეთის სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი, ჩამოაყალიბეს წითელი რაზმი, დაიკავეს სოხუმი და აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. აფხაზეთის სამხედრო-რევოლუციურმა კომიტეტმა დახმარება სთხოვა საბჭოთა რუსეთს. აფხაზეთში შევიდა ყუბანელ კაზაკთა 2-ათასიანი წითელი რაზმი. კაზაკებმა გუდაუთასთან დაამარცხეს ქართული ჯარის ნაწილები და სოხუმში შევიდნენ.
   აფხაზმა სეპარატისტებმა ისარგებლეს 1918 წლის აპრილ-მაისში აჭარაში შექმნილი მძიმე მდგომარეობით. მაშინ, როდესაც ბათუმის დაკარგვის შემდეგ ქართული ჯარი და სახალხო გვარდია ძლივს აკავებდა თურქეთის ჯარების შემოტევას მდინარე ჩოლოქზე, აფხაზი სეპარატისტები აძლიერებდნენ ბრძოლას საქართველოდან აფხაზეთის გამოყოფისათვის. ბათუმში თავს იყრიდა თურქეთის დესანტი, რომელიც აფხაზეთში უნდა გადაესხათ. 1918 წლის მაისში საქართველოს სახალხო გვარდიამ ვალიკო ჯუღელის მეთაურობით სამურზაყანოდან (ოჩამჩირის რაიონიდან) სოხუმს შეუტია და აფხაზ სეპარატისტებსა და მათ დასახმარებლად ბათუმიდან მოსულ თურქეთის დესანტს სასტიკი მარცხი აგემა. აფხაზმა სეპარატისტებმა ჯერ გუდაუთისაკენ, ხოლო შემდეგ გაგრისაკენ დაიხიეს. სახალხო გვარდიას შეეძლო განევითარებინა შეტევა, მაგრამ საქართველოს ეროვნული საბჭო ზედმეტ სისხლისღვრას მოერიდა. თანაც ცნობილი გახდა, რომ ტუაფსეში საბჭოთა რუსეთმა დიდ ძალებს მოუყარა თავი.
   სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ცდილობდა აფხაზეთის საკითხი სისხლისღვრის გარეშე გადაეჭრა. 1918 წლის 8 ივნისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგს: 1) საქართველოს მთავრობაში მოწვეული იქნებოდა აფხაზეთის წარმომადგენელი – აფხაზეთის საქმეთა მინისტრი; 2) აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის (თვითმმართველობის) ფუნქცია ეკისრებოდა აფხაზეთის სახალხო საბჭოს; 3) წესრიგის დაცვისა და ხელისუფლების განმტკიცების მიზნით აფხაზეთში უნდა გაგზავნილიყო საქართველოს სახალხო გვარდიის ნაწილები; 4) აფხაზეთში სოციალურ რეფორმებს გაატარებდა აფხაზეთის სახალხო საბჭო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად და ადგილობრივ თავისებურებათა გათვალისწინებით; 5) აფხაზეთის სახელმწიფოებრივ სტატუსს განსაზღვრავდა აფხაზეთის სახალხო ყრილობა, რომელიც, რაც შეიძლებოდა მალე უნდა მოეწვიათ.
   აფხაზი სეპარატისტებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა 1918 წლის 8 ივნისის შეთანხმება. აფხაზეთის სახალხო საბჭოს ლიდერებმა აფხაზეთის სრული დამოუკიდებლობის მოპოვება განიზრახეს. ამდენად, აფხაზეთის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარება შეუძლებელი გახდა. საომარი მოქმედებები განახლდა. ქართულმა ჯარმა და სახალხო გვარდიამ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სარდლობით ყუბანიდან შემოსული კაზაკთა წითელი რაზმი და აფხაზ სეპარატისტთა ძალები დაამარცხა და 1918 წლის ივნისში სოხუმი დაიკავა. 22 ივნისს სახალხო გვარდია შევიდა გაგრაში, 2 ივლისს აღებულ იქნა ადლერი, 6 ივლისს – სოჭი, 26 ივლისს – ტუაფსე. აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის აღდგენას მტრულად შეხვდა საბჭოთა რუსეთი. რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ (1918 წლის გაზაფხული) ქვეყნის სამხრეთში საბჭოთა ხელისუფლება დაემხო. რეგიონში რეალურ ძალას წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილი რუსეთის მოხალისეთა არმია გენერალ ალექსეევის სარდლობით. სამხრეთ რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ყუბანის რესპუბლიკა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ხედავდა, რომ აფხაზეთის საკითხის გადაჭრა აუცილებელს ხდიდა ურთიერთობის მოგვარებას მოხალისეთა არმიის სარდლობასა და ყუბანის რესპუბლიკასთან. საქართველოს მთავრობამ წინადადებით მიმართა ყუბანის რესპუბლიკის მთავრობას, რათა დაეწყოთ მოლაპარაკება საზღვრების დადგენის მიზნით. მოლაპარაკება დაიწყო 1918 წლის 25 სექტემბერს. რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებას ესწრებოდნენ მოხალისეთა არმიის სარდლობის (გენერალი ალექსეევი, გენერალი დენიკინი და სხვ.), ყუბანის რესპუბლიკისა (ბიჩი, ვორობიოვი) და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლები – საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. მოხალისეთა არმიის სარდლობამ და ყუბანის რესპუბლიკამ ფორმალურად აღიარეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, მაგრამ, ამასთან ერთად, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ბრალი დასდეს რუსეთის ტერიტორიის მიტაცებაში. რუსები საქართველოს ტერიტორიასაც (სოჭისა და გაგრის რაიონები) კი რუსეთის ტერიტორიად თვლიდნენ. ქართულმა მხარემ დაასაბუთა ტერიტორიული პრეტენზიების უსაფუძვლობა, თუმცა რუსებს აზრი მაინც არ შეუცვლიათ.
   1918 წლის ოქტომბრის დამდეგს რუსეთის მოხალისეთა არმიის მხარდაჭერით აფხაზეთში იყო ცდა გადატრიალების მოხდენისა, რომლის მიზანს შეადგენდა საქართველოდან აფხაზეთის ჩამოცილება. აფხაზეთის სახალხო საბჭოში სულ უფრო ძლიერდებოდა ანტიქართული განწყობილება. 1918 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, დაითხოვა აფხაზეთის სახალხო საბჭო და დანიშნა ახალი არჩევნები. ცხადია, საქართველოს მთავრობის ასეთი ნაბიჯით უკმაყოფილო დარჩა რუსეთის მოხალისეთა არმიის სარდლობა. ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთის მოხალისეთა არმიას შორის სულ უფრო მწვავდებოდა. 1918 წლის დეკემბერში მოხალისეთა არმიის სარდალმა გენერალმა ანტონ დენიკინმა ტუაფსეს რაიონში თავი მოუყარა მოხალისეთა არმიის ნაწილებს და აფხაზეთში შემოჭრისათვის მოემზადა. საქართველომ დახმარებისათვის ინგლისის მთავრობას მიმართა. ქართული მხარე მზად იყო სოჭის რაიონიდან ჯარები გაეყვანა თუ ინგლისი მისცემდა იმის გარანტიას, რომ იქ რუსეთის მოხალისეთა არმია არ შევიდოდა. მძიმე სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში ინგლისმა ანტიქართული პოზიცია დაიკავა – საქართველო არდაიცვა. როგორც კი სოჭის რაიონი ქართულმა ჯარმა დატოვა, იქ მოხალისეთა არმიის ნაწილები შევიდნენ. ინგლისის ანტიქართული პოზიციით წახალისებულმა დენიკინმა 1919 წლის დამდეგს საბრძოლო ოპერაციები გაგრის რაიონში გადმოიტანა. რუსები ცდილობდნენ აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციას მდინარე ბზიფამდე. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. 1919 წლის 14 ივნისს პარიზის საზავო კონფერენციაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციის მეთაურმა კარლო ჩხეიძემ წერილით მიმართა კონფერენციის თავმჯდომარესა და დიდ სახელმწიფოებს. კარლო ჩხეიძე დიდი სახელმწიფოების მთავრობებს სთხოვდა, მიეღოთ საჭირო ზომები, რათა მოხალისეთა არმიას პატივი ეცა საქართველოს სახელმწიფო საზღვრებისათვის.
   1919 წლის გაზაფხულზე საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და ფარული საარჩევნო კანონის საფუძველზე არჩეულ იქნა აფხაზეთის სახალხო საბჭო (თავმჯდომარე არზაყან ემუხვარი). 1919 წლის 20 მარტს აფხაზეთის სახალხო საბჭომ მიიღო აქტი საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის შესახებ, რომელიც დაამტკიცა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ. აფხაზეთს ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობის უფლება მიანიჭა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციამ.
   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას ისახავდა მიზნად სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭო, რომელიც 1917 წელს შეიქმნა. ოსი სეპარატისტები იმთავითვე დაადგნენ საქართველოს ეროვნულ საბჭოსთან კონფრონტაციის გზას. ისინი რუსეთის დახმარებით აპირებდნენ ისტორიული შიდა ქართლის (ე. წ. სამხრეთ ოსეთის) შეერთებას ჩრდილოეთ ოსეთთან, ე. ი. ფაქტობრივად რუსეთთან. ცხადია, ამ გეგმას მხარს უჭერდა საბჭოთა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ოსი სეპარატისტები განსაკუთრებით გააქტიურდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ოს სეპარატისტთა გამოსვლები, მათ შორის შეიარაღებული გამოსვლებიც, წარმოებდა, ვითომდა, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მიზნით. 1918 წელს საქართველოს სახალხო გვარდიამ და ქართულმა ჯარმა შეძლო ოსთა სეპარატისტული ამბოხების ჩახშობა შიდა ქართლში. ჩრდილო კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების დამხობისა და 1919 წელს იქ დენიკინის მოხალისეთა არმიის შესვლის შემდეგ, ოსი სეპარატისტები დენიკინის დახმარებით აპირებდნენ თავიანთი გეგმების განხორციელებას. ოსი სეპარატისტები ასევე ცდილობდნენ, 1919-1920 წლებში, საქართველოში მყოფი ინგლისის ჯარების სარდლობის ანტიქართული განწყობილების გამოყენებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. შიდა ქართლის ოსთა სეპარატისტულ მოძრაობას 1918-1920 წლებში ფულითა და შეიარაღებით ეხმარებოდა ამიერკავკასიის რუსთა ეროვნული საბჭო და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა.
   ოსი სეპარატისტების მოძრაობამ განსაკუთრებით ფართო მასშტაბები მიიღო 1920 წელს, მას შემდეგ, რაც საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ დენიკინის მოხალისეთა არმია დაამარცხა და ამიერკავკასიის საზღვრებს მოუახლოვდა. რუსეთი შეუდგა თავისი ჰეგემონისტური გეგმების განხორციელებას კავკასიაში. 1920 წლის იანვარში რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) კავკასიის სამხარეო კომიტეტმა რეგიონის მშრომელებს მოუწოდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მიზნით აჯანყების დაწყებისაკენ. 1920 წლის 15 მარტს რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტმა კავკასიის მშრომელთა სახელით თხოვნით მიმართა საბჭოთა რუსეთის მთავრობას. თითქოს კავკასიის მშრომელები დახმარებას ითხოვდნენ საბჭოთა ხელისუფლებისათვის ბრძოლაში. 1920 წლის 23 მარტს რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტმა მიიღო დადგენილება სამხრეთ ოსეთში (ისტორიული შიდა ქართლის ნაწილში) საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებისა და სამხრეთ ოსეთის რევოლუციური კომიტეტის (რევკომის) შექმნის შესახებ. 1920 წლის 6 მაისს სამხრეთ ოსეთის რევკომმა, რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის მითითების თანახმად, მიიღო დადგენილება ჯერჯერობით მხოლოდ როკის რაიონში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადების შესახებ. იმავე დადგენილებაში აღნიშნული იყო, რომ სამხრეთ ოსეთი (ისტორიული შიდა ქართლის ნაწილი) უერთდებოდა რუსეთს, რის შესახებაც საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინათ საბჭოთა რუსეთისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობები.
   სამხრეთ ოსეთის რევკომის დადგენილება წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშ ხელყოფას. ცხადია, ოს სეპარატისტთა ასეთი ნაბიჯი წინასწარ იყო შეთანხმებული საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და პირადად ვლადიმერ ლენინთან. ამ პერიოდისათვის მოსკოვში უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის დაპყრობის შესახებ. მზადდებოდა სომხეთისა და საქართველოს დაპყრობა. 1920 წლის 7 მაისს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულების შემდეგ, რუსეთი იძულებული გახდა დროებით, ხელსაყრელი სიტუაციის შექმნამდე, თავი შეეკავებინა საქართველოს წინააღმდეგ აშკარა სამხედრო აგრესიისაგან. სამაგიეროდ, რუსეთი უარს არ ამბობდა ოსი სეპარატისტების მხარდაჭერაზე. შიდა ქართლში დაწყებული აჯანყების პროცესში ოსმა სეპარატისტებმა მასიურად დახოცეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სახალხო გვარდიის მებრძოლები, გაუსწორდნენ თბილისიდან სხვადასხვა დავალებით ჩასულ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ამის საპასუხოდ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ შიდა ქართლში ოს სეპარატისტთა წინააღმდეგ გაგზავნა სახალხო გვარდიისა და რეგულარული ჯარის ნაწილები. მართალია, საბჭოთა რუსეთი აშკარად ვერ ერეოდა შიდა ქართლში დაწყებულ შეიარაღებულ გამოსვლებში, მაგრამ ოსი სეპარატისტები შეიარაღებას ჩრდილო კავკასიაში განლაგებული საბჭოთა რუსეთის ჯარებისაგან (კავკასიის ფრონტისაგან) იღებდნენ. კავკასიის ფრონტის სარდლობა შიდა ქართლში აგზავნიდა სამხედრო სპეციალისტებსა და ინსტრუქტორებს. გარდა ამისა, 1920 წლის 17 მარტს საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა გიორგი ჩიჩერინმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას გამოუგზავნა ნოტა, რომელშიც გამოთქმული იყო შეშფოთება შიდა ქართლში საქართველოს სახალხო გვარდიისა და რეგულარული ჯარის გაგზავნის გამო. ნოტაში ჩიჩერინი აღნიშნავდა, რომ ოსეთს უნდა ჰქონოდა ისეთი ხელისუფლება, როგორიც ოსებს სურდათ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ შიდა ქართლში ოს სეპარატისტთა ამბოხების ჩასახშობად სამხედრო ძალის გაგზავნას რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი სხვის შინაურ საქმეებში ყოვლად გაუმართლებელ ჩარევად მიიჩნევდა. ცხადია, ასეთი ნოტით საბჭოთა რუსეთი ოს სეპარატისთა აშკარა მხარდაჭერას გამოხატავდა. 1920 წლის 28 მაისს ოსმა სეპარატისტებმა მიიღეს ე. წ. «მშრომელი სამხრეთ ოსეთის მემორანდუმი. მემორანდუმში, რომელიც მოსკოვში გაიგზავნა, აღნიშნული იყო, რომ ოსეთი (ე. ი. ისტორიული შიდა ქართლი) საბჭოთა რუსეთის განუყოფელი ნაწილი იყო. ოს სეპარატისტთა აზრით, სამხრეთ ოსეთი უშუალოდ უნდა შესულიყო რუსეთის შემადგენლობაში, ხოლო რაც შეეხება მთლიანად საქართველოს, იგი რუსეთის შემადგენლობაში უნდა შესულიყო თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების სახით. საკითხის ასეთი დაყენება საბჭოთა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიციას გამოხატავდა. აშკარა იყო, რომ ოსი სეპარატისტები მოსკოვიდან მიღებული მითითებებით მოქმედებდნენ.
   საქართველოს სახალხო გვარდიისა და ქართული რეგულარული ჯარის ნაწილებმა 1920 წლის ზაფხულში ჩაახშვეს ოს სეპარატისტთა შეიარაღებული აჯანყება შიდა ქართლში. სამხედრო ოპერაციების უნარიანად წარმართვაში თავი გამოიჩინა ვალიკო ჯუღელმა. შიდა ქართლში მთლიანად აღდგა საქართველოს იურისდიქცია. რუსეთმა დროებით უკან დაიხია.
   ჯერ კიდევ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე ძალზე გართულდა ვითარება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. როგორც აღვნიშნეთ, 1918 წლის 3 მარტს ხელმოწერილი ბრესტ-ლიტოვსკის ზავით საბჭოთა რუსეთმა ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები თურქეთს დაუთმო. ამიერკავკასიის კომისარიატმა და ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ ვერც დიპლომატიური და ვერც სამხედრო საშუალებებით თურქეთის შეჩერება ვერ შეძლო. 1918 წლის 1 აპრილს თურქებმა ბათუმი დაიკავეს. თურქების შეტევის შეჩერება მხოლოდ მდინარე ჩოლოქზე გახდა შესაძლებელი. თბილისის მიმართულებით შეტევაზე გადმოსულმა თურქებმა დაიკავეს ტერიტორია თითქმის ბორჯომამდე. 1918 წლის 26 მაისისათვის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი თურქეთის მიერ იყო ოკუპირებული. იმხანად საქართველოს თურქეთთან ომის წარმოება არ შეეძლო. 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და თურქეთს შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულების ძალით სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და თურქეთს შორის გადიოდა მდინარე ჩოლოქზე, აბასთუმნისა და აწყურის სამხრეთით. ამრიგად, სამხრეთ-დასავლეთ საქართველო (ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები), ასევე სამხრეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი, თურქეთმა მიიტაცა. თურქეთი ამით არ დაკმაყოფილდა. 1918 წლის ივლისში თურქეთის მთავრობამ, ვითომდა, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქების) მოსახლეობის ნების გამოსავლენად, რეფერენდუმი ჩაატარა. რეფერენდუმი ჩატარდა იმხანად მიღებული საერთაშორისო ნორმების დარღვევით, დაშინების, შანტაჟისა და გაძლიერებული ანტიქართული აგიტაციის პირობებში. თურქეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგების მიხედვით ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები თურქეთის შემადგენლობაში რჩებოდა. 1918 წლის ივლისში თურქები შეიჭრნენ ზაქათალის ოლქში (საინგილოში) და დაიწყეს აგიტაცია საქართველოდან საინგილოს ჩამოშორების მიზნით.
   ამიერკავკასიაში თურქეთის ჰეგემონისტურ მისწრაფებებს ზღვარი დაუდო მისმა მარცხმა პირველ მსოფლიო ომში. 1918 წლის 30 ოქტომბერს ომში დამარცხებულ თურქეთსა და ინგლის-საფრანგეთს შორის დაიდო მუდროსის დროებითი ზავი. ზავის თანახმად, თურქეთმა დატოვა ამიერკავკასიაში ოკუპირებული ტერიტორიები.
   მუდროსის ზავის თანახმად, აჭარაში თურქების ნაცვლად, 1918 წლის დეკემბერში, ინგლისის ჯარები შევიდნენ. ინგლისელთა საოკუპაციო რეჟიმი 1920 წლის ივლისამდე გაგრძელდა. როგორც თურქები, ასევე ინგლისელები აჭარაში ძალზე ავიწროებდნენ ქართული ორიენტაციის ძალებს. ამ ძნელბედობის ჟამს ქართული ინტელიგენციის ძალების დარაზმვაში უდიდესი როლი შეასრულა ცნობილმა პოლიტიკურმა მოღვაწემ მემედ-ბეგ აბაშიძემ. ამ დიდ ეროვნულ საქმეში მემედ-ბეგ აბაშიძეს მხარში ედგნენ ასლან-ბეგ აბაშიძე, ზია-ბეგ აბაშიძე და მრავალი სხვა პატრიოტი. მემედ-ბეგ აბაშიძის ინიციატივითა და წინამძღოლობით 1919 წლის 31 აგვისტოს, ბათუმში, შედგა ქართველ მაჰმადიანთა წარმომადგენლების ყრილობა. ყრილობამ მოითხოვა აჭარის დედასამშობლოსთან  – საქართველოსთან – შეერთება. ეს იყო საერთო-ქართული საქმის დიდი გამარჯვება.

   აჭარაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იურისდიქციის აღდგენის შემდეგ (1920 წლის ივლისი), ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების გამო, ქართული ორიენტაციის ძალები მაინც არახელსაყრელ პირობებში აგრძელებდნენ მოღვაწეობას. მიუხედავად ამისა, მემედ-ბეგ აბაშიძემ და მისმა თანამოაზრეებმა შეძლეს ის, რომ აჭარა შეუნარჩუნეს დედასამშობლოს.
   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთლიანობის ხელყოფა სცადა სომხეთის რესპუბლიკამ. მოლაპარაკება საზღვრების თაობაზე საქართველოსა და სომხეთს შორის დაიწყო 1918 წლის 18 ოქტომბერს. სომხეთი საქართველოსაგან მოითხოვდა ძირძველი ქართული ტერიტორიების დათმობას როგორც სამხრეთ საქართველოში (ჯავახეთი), ისე ქართლსა (თბილისი, გორი) და აჭარაში (ბათუმი). საქართველოს დელეგაციამ დამაჯერებლად უარყო სომხეთის მოთხოვნები. სომხეთის მთავრობამ დრო იხელთა და როგორც კი მუდროსის ზავის თანახმად თურქეთის ჯარებმა ლორეს რაიონი დატოვეს, იქ სომხეთის ჯარი შეიჭრა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა იძულებული გახდა იარაღის ძალით დაეცვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. 1918 წლის ნოემბრის ბოლოს საქართველოსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეჯახება მოხდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ცდებს, მშვიდობიანი გზით გადაეჭრა სასაზღვრო კონფლიქტი, შედეგი არ მოჰყოლია. 1918 წლის 9 დეკემბერს სომხეთის ჯარები ბორჩალოს მაზრაში შეიჭრნენ. ქართულმა ჯარმა და სახალხო გვარდიამ ბრძოლებით დაიხია მდინარე ხრამამდე. სომხეთის მთავრობა საქართველოს მთავრობისაგან ულტიმატუმის ფორმით მოითხოვდა ტერიტორიის დაცლას თბილისითურთ, ვიდრე გორამდე. 1918 წლის 17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მოიწონა მთავრობის პოზიცია სომხეთის აგრესიის სამხედრო საშუალებებით აღკვეთის შესახებ. 1918 წლის 20 დეკემბერს ქართული რეგულარული ჯარი და სახალხო გვარდია შეტევაზე გადავიდა. სომხეთის ჯარმა დიდი დანაკარგებით უკან დაიხია. სომხეთი დიდი სამხედრო და პოლიტიკური კატასტროფისაგან ინგლისმა იხსნა. ამიერკავკასიაში ინგლისის სამხედრო მისიის შუამდგომლობის შემდეგ, 1918 წლის 25 დეკემბერს, საქართველოსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებები შეწყდა. საქართველოსა და სომხეთის ჯარებმა დატოვეს სადავო ტერიტორია. დაიწყო მოლაპარაკება ნეიტრალური ზონის შექმნის შესახებ. ამრიგად, სომხეთის მთავრობამ კარგად გამოიყენა ინგლისის მთავრობის ანტიქართული განწყობილება და წაგებული ომის მიუხედავად, სასაზღვრო კონფლიქტი მაინც საქართველოს საზიანოდ გადაწყდა. შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას არ შეეძლო ანტანტის ნების წინააღმდეგ გამოსვლა და ამიტომაც დათანხმდა ინგლისის სამხედრო მისიის წინადადებას ლორეს ნეიტრალური ზონის შექმნის შესახებ. საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე ლორეს ნეიტრალურ ზონაში მორიგეობით უნდა მდგარიყო ქართული და სომხური ჯარი.
   თურქეთის აგენტურის ანტიქართული საქმიანობა სამხრეთ საქართველოში (ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში) ჯერ კიდევ 1917 წლიდან დაიწყო. 1919 წლის სეპარატისტულ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა სერვერ-ბეგი (ათაბაგი), რომლის ზურგს უკან თურქეთი და ინგლისი იდგა. სერვერ-ბეგმა შექმნა ე. წ. «სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მთავრობა. სერვერ-ბეგის ჯარებმა 1919 წლის დამდეგს დაამარცხეს ქართული ჯარის ნაწილები, რომელთაც ბორჯომისაკენ დაიხიეს. მალე ქართული ჯარი გენერალ გიორგი კვინიტაძის სარდლობით შეტევაზე გადავიდა და ახალციხე და ახალქალაქი გაათავისუფლა. 1919 წლის 20 აპრილს ქართული ჯარი არტაანში შევიდა. სერვერ-ბეგის მარცხი დიდი დარტყმა იყო სეპარატისტული ძალებისადმი, რომელთაც ამის შემდეგ მფარველად ამიერკავკასიაში ინგლისის სამხედრო მისია მოევლინა.
   ამრიგად, ურთულეს სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ზოგიერთი ტერიტორიული დანაკარგის მიუხედავად, მაინც შეძლო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება.
3. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა
   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკაზე ბევრად იყო დამოკიდებული ახალგაზრდა სახელმწიფოს ბედი. საქართველოს მთავრობის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა მიზნად ისახავდა მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესების დაცვას. ამდენად, ეს პოლიტიკა ორიენტირებული არ ყოფილა რომელიმე კლასზე, იგი მიზნად არ ისახავდა მხოლოდ ერთი რომელიმე კლასის ინტერესების დაცვას. აქედან გამომდინარე, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა გულისხმობდა კერძო, სახელმწიფო და კოოპერატიული სექტორების თანაბარ, პროპორციულ განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის წამყვან პოლიტიკურ ძალას სოციალისტები წარმოადგენდნენ, დაუშვებლად იყო მიჩნეული კერძო სექტორის შეზღუდვა ან ლიკვიდაცია სახელმწიფო სექტორის სასარგებლოდ. ასეთი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გამხდარიყო საფუძველი არა მარტო ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისა, არამედ სამოქალაქო მშვიდობისა, რაც თავისთავად განაპირობებდაწარმატებას დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში.
   პირველი მსოფლიო ომის შემდგომი ეპოქის დაძაბულმა სოციალურმა ვითარებამ და მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ, სირთულეებმა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, უაღრესად გაართულა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზაცია.
   ეკონომიკური კრიზისის პირობებში იხურებოდა ბევრი საწარმო, სამუშაო ადგილებს კარგავდნენ მუშები, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის სოციალურ მშვიდობასა და პოლიტიკურ სტაბილურობას. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტმა შექმნა სალიკვიდაციო კომისია. კომისიას ევალებოდა, შეესწავლა ცალკეული საწარმოების შეკვეცის ან მთლიანად გაჩერების და ამასთან დაკავშირებით მუშათა დათხოვნის მიზეზები. საწარმოების კერძო მფლობელებსა და დამქირავებლებს აეკრძალათ მუშა-მოსამსახურეთა სამუშაოდან დათხოვნა სალიკვიდაციო კომისიის თანხმობის გარეშე. მოგვიანებით სალიკვიდაციო კომისიები თბილისის გარდა შეიქმნა სხვა დიდ ქალაქებშიც. როგორც გაირკვა, მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებში შეუძლებელი იყო უმუშევრობის თავიდან აცილება ან მისი არსებითი შემცირება.
   საქართველოში არსებული სამრეწველო სიმძლავრეების ამოქმედება შინაგან რეზერვებზე დაყრდნობით შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა იძულებული გახდა უცხოური კაპიტალი მოეზიდა. თავდაპირველად აქცენტი საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ მოკავშირეზე – გერმანიაზე – გაკეთდა. 1918 წლის ზაფხულიდან გერმანული კაპიტალის დახმარებით დაიწყო ჭიათურის მანგანუმის ამოღება და ექსპორტი. ქართველ მრეწველთა ინტერესები რომ არ შეელახათ, მალე მთავრობის ინიციატივით შეიქმნა ქართულ-გერმანული სააქციონერო საზოგადოება, რომელსაც მიეცა ჭიათურის მანგანუმის ექსპორტის მონოპოლიური უფლება 30 წლის ვადით. პირველ მსოფლიო ომში, გერმანიის მარცხის შემდეგ, ქართულ-გერმანულმა სააქციონერო საზოგადოებამ არსებობა შეწყვიტა. 1919 წელს ქართველმა მრეწველებმა ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით ჩამოაყალიბეს ჭიათურის მანგანუმის ახალი სააქციონერო საზოგადოება. რადგან საქართველოში წიაღისეული მადანი და, კერძოდ, მანგანუმის საწარმოები ნაციონალიზებული იყო, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მანგანუმის ექსპორტი სახელმწიფო მონოპოლიად გამოაცხადა და ექსპორტის უფლება გადასცა სპეციალურად შექმნილ «ჭიათურის მანგანუმის საექსპორტო საზოგადოებას. საზოგადოებას მოგების 35 პროცენტი სახელმწიფო ბიუჯეტისათვის უნდა გადაეცა. მარტო 1920 წელს მანგანუმის საექსპორტო საზოგადოებამ საზღვარგარეთ 10 მილიონ ფუთზე მეტი მანგანუმი გაიტანა. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ საზღვარგარეთ მანგანუმზე მოთხოვნილება ძალზე დიდი იყო, რაც იძლეოდა ექსპორტის მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას.
   1918-1919 წლებში მიმდინარეობდა ქვანახშირის მოპოვება ტყიბულის საბადოებში. მოპოვებული ქვანახშირი საშინაო ბაზრისათვის იყო გამიზნული. 1920 წელს ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელმა სააქციონერო საზოგადოება «ნახშირმა თავი ვეღარ გაართვა ქვანახშირის მოპოვებაში შექმნილ სიძნელეებს. გამოსავალი მთავრობამ ტყიბულის ქვანახშირის საბადოების ნაციონალიზაციაში დაინახა, რაც განხორციელდა კიდეც.
   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკაში მიმდინარე კრიზისმა მნიშვნელოვნად შეამცირა საგარეო ვაჭრობის მოცულობა. შესაბამისად იკლო საგარეო ვაჭრობიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულმა თანხამ.
   ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ცხადია, ძნელი იყო ბიუჯეტის შესრულება. დავალიანება სულ უფრო იზრდებოდა. 1918 წლის მაისიდან განვლილ 7 თვეში სახელმწიფო შემოსავალმა შეადგინა 96 მილიონი მანეთი, გასავალმა – 342 მილიონი მანეთი. ამ კრიტიკულ სიტუაციაშიც კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა თავს იკავებდა საგარეო ვალის აღებისაგან. ბიუჯეტის დეფიციტი დაიფარა ბონების გამოშვებით.
   საქართველოს ეკონომიკას მძიმე მდგომარეობაში აგდებდა ის გარემოებაც, რომ არასტაბილური პოლიტიკური ვითარების გამო უცხოელი კაპიტალისტები ერიდებოდნენ საქართველოს მრეწველობაში კაპიტალის დაბანდებას. რისკზე არ მიდიოდა არც ადგილობრივი ბურჟუაზია. კერძო კაპიტალის პასიურობის პირობებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დასახა მრეწველობისა და ვაჭრობის გამოცოცხლების გზები. 1920 წელს ჩამოყალიბდა «საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ეკონომიკური საბჭო. მის ფუნქციას შეადგენდა ეკონომიკის განვითარების ახალი ფორმების შემუშავება; სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი სექტორების საქმიანობის კოორდინირება; ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთიანი გეგმის შემუშავება; სახელმწიფო ფინანსების მოწესრიგება და ბიუჯეტის შედგენის ხელმძღვანელობა.
   1919 წლის ბოლოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ შეადგინა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მონახაზი. 1919 წლის 1 ივნისიდან 1920 წლის 1 ივნისამდე ბიუჯეტის შემოსავალს უნდა შეედგინა თითქმის 2 მილიარდი მანეთი. ჯერ ბიუჯეტის განხილვა არც კი დამთავრებულიყო, რომ ინფლაციის მზარდი ტემპის პირობებში შემოსავალ-გასავლის გათვლა არარეალური გახდა. მთავრობის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა ვერ გააუმჯობესეს მდგომარეობა.
   ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარება სულ უფრო აუარესებდა ცხოვრების დონეს. კატასტროფულად იზრდებოდა ფასები პირველადი მოხმარების საქონელზე, რასაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ხელფასის ზრდის ტემპი. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ცხოვრების დონის დაცემა შეინიშნებოდა დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში. ამ თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობა შეიქმნა რუსეთში და რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე აღმოცენებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში. ცხადია, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა.
   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა აგრარულ რეფორმას. აგრარული საკითხის მოგვარება ჯერ კიდევ ოზაკომმა სცადა. 1917 წლის 16 მარტს შეიქმნა ამიერკავკასიის საადგილმამულო კომისია, რომელსაც დაევალა შეღავათიან პირობებში გლეხობისათვის საიჯარო და სახაზინო მიწების გადაცემა, საუფლისწულო მამულების მოვლა-პატრონობა და ექსპლოატაცია, საძოვრებით სარგებლობის მოწესრიგება, ტყის მასივების დაცვა და სხვ. 1917 წლის 21 ივლისს ოზაკომის დადგენილებით შეიქმნა საოლქო, საგუბერნიო და სამაზრო კომიტეტები, რომელთაც დაევალათ აგრარული რეფორმის მომზადება. 1917 წლის 16 დეკემბერს ამიერკავკასიის კომისარიატმა გამოსცა დეკრეტი მიწის შესახებ. ამ დეკრეტმა ვერ გადაჭრა აგრარული საკითხი. საჭირო იყო უფრო რადიკალური აგრარული რეფორმა. სწორედ ამ გარემოებათა გათვალისწინებით იქნა შემუშავებული ახალი კანონი, რომელიც ამიერკავკასიის სეიმმა 1918 წლის 7 მარტს დაამტკიცა. კანონის ძალით ყოფილი სახაზინო, საუფლისწულო, საეკლესიო და სამონასტრო მიწები, ასევე იურიდიულ და კერძო პირთა მიწები განსაზღვრული ნორმის ზემოთ (7 დესეტინიდან 14 დესეტინამდე) უნდა გადასცემოდა საადგილმამულო კომიტეტებს.
   რთული საშინაო და საგარეო ვითარების პირობებში აგრარული რეფორმის გატარება გაჭიანურდა, რასაც მტკივნეულად განიცდიდა გლეხობა. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა შეუდგა სერიოზული აგრარული რეფორმის გატარებას. აგრარული რეფორმის გატარებას აფერხებდა ბევრი გარემოება. პირველი. რეფორმას პირველ რიგში უნდა მოესპო ბატონყმობის გადმონაშთები (საქართველოში ბოლომდე ვერ გატარდა 1912 წლის კანონი დროებით ვალდებული და სახელმწიფო გლეხებისათვის მიწების გადაცემის შესახებ); მეორე. საქართველო მცირემიწიანი ქვეყანა იყო და ძალზე ძნელდებოდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით გლეხობის დაკმაყოფილება; მესამე. აგრარული რეფორმა უნდა გატარებულიყო ისე, რომ მსხვილ მიწათმფლობელებსა (მემამულეებს) და გლეხობას შორის სამოქალაქო ომი არ დაწყებულიყო.
   1919 წლის იანვარში საქართველოს პარლამენტმა რესპუბლიკის ფარგლებში არსებული რომანოვების სამეფო გვარის კუთვნილი მიწები სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა. 1919 წლის 28 იანვარს საქართველოს პარლამენტმა მიიღო უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელიც სახელმწიფო საადგილმამულო ფონდებიდან კერძო საკუთრებაში მიწის გაცემას ითვალისწინებდა. კანონში აღნიშნული იყო: «მიწა მიეცემა საკუთრებად იმ უმიწაწყლო და მცირედი მიწის მქონე სოფლელთ, რომელთა არსებობის მთავარ წყაროს შეადგენს სასოფლო-სამეურნეო შრომა. ამ კანონს ფერმერული მეურნეობის აღმავლობისათვის უნდა შეეწყო ხელი. ფერმერული მეურნეობის აღმავლობას უწყობდა ხელს 1919 წლის 28 იანვარს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული მეორე კანონიც, რომელიც ყოფილ სანადელო, სახაზინო და სხვა მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებდა. კანონის ძალით ის სანადელო მიწები, რომლის კერძო საკუთრებაში დამტკიცება ვერ მოასწრეს ყოფილმა დროებითმა ვალდებულმა და სახელმწიფო გლეხებმა, გამოცხადებულ იქნა გლეხობის კერძო საკუთრებად.
   საქართველოში აგრარული რეფორმის გატარებაში დიდი როლი შეასრულეს სამაზრო ერობებმა, რომელთაც დაევალათ ადგილებზე აგრარული რეფორმის გატარება. აგრარული რეფორმის გატარების პერიოდში ძველ მფლობელებს ჩამოერთვათ და გლეხობას გადაეცა 340 000 დესეტინა მიწა. მიწების ნაწილი სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა. სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა 2 000 000 დესეტინა ტყე, 756 046 დესეტინა საზაფხულო და საზამთრო საძოვარი.
   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის აგრარული პოლიტიკა ისე იყო გააზრებული, რომ იგი აუცილებლად გამოიწვევდა ქვეყანაში ფერმერული მეურნეობის აღმავლობას, რაც ხელს შეუწყობდა საერთო ეკონომიკურ წინსვლას.
   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკით გათვალისწინებული ბევრი ღონისძიება დროის სიმცირის გამო ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, ვერ განხორციელდა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმა.
4. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა
   საქართველოს დამოუკიდებლობის აქტით განისაზღვრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრინციპები, კერძოდ: «საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა» და შემდეგ: «საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.» ცხადი გახდა, რომ უაღრესად რთულ საერთაშორისო ვითარებაში მყოფი ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფო თავის დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამდა არა საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ვიწრო გაგებით (მაგალითად, ან რუსეთი, ან დასავლეთი), არამედ საქართველოს, როგორც უაღრესად მგრძნობიარე გეოპოლიტიკური სივრცის დამოუკიდებელი სუბიექტის მომავლის სრული გააზრებითა და პრაგმატული პოლიტიკით.

   1. საქართველოს საკითხი პარიზის (ვერსალის) საზავო კონფერენციაზე. მსოფლიო დიდი ომი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. ევროპის ქვეყნებში დაწყებული რევოლუციური მოძრაობა კიდევ უფრო აფერხებდა და გაურკვეველს ხდიდა საერთაშორისო მშვიდობის დამყარებას. ეს, ცხადია, უარყოფით გავლენას ახდენდა ამიერკავკასიის რეგიონზე და, კონკრეტულად, დამოუკიდებელი საქართველოს მდგომარეობაზე. ომის საშიშროება არამცთუ შორდებოდა, არამედ სულ უფრო უახლოვდებოდა საქართველოს და მისი ტერიტორია მონაცვლეობით ხდებოდა დიდ სახელმწიფოთა ფარული თუ აშკარა პოლიტიკური და სამხედრო დაპირისპირების ასპარეზი. აქ ერთმანეთს ენაცვლებოდა გერმანიის, ინგლისის, იტალიის, ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთისა და რუსეთის ინტერესები. 1918 წლის მიწურულიდან კავკასიაში გააქტიურდა ანტანტის სახელმწიფოთა პოლიტიკა. კავკასიის ახლებურად მოწყობის პრინციპთა შემუშავებისას კი გამოიკვეთა ინგლისის ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა: ერთი მხრივ, ანტანტა მხარს უჭერდა დენიკინის ბრძოლას საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ «ერთიანი და განუყოფელი» რუსეთის აღსადგენად, მეორე მხრივ კი, ხელს უწყობდა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკების ხელისუფალთა ოფიციალურ თხოვნას – განემტკიცებინა პოზიციები კავკასიაში. ინგლისს სურდა გაყოფილიყო გავლენის სფეროები საბჭოთა რუსეთსა და ინგლისს შორის და კავკასიის რეგიონში დამყარებულიყო ინგლისის პროტექტორატი. ცოტა მოგვიანებით ლოიდ ჯორჯმა საქართველო საიდუმლოდ დაუთმო იტალიას. იტალიის პრემიერი ორლანდო თავგამოდებით იცავდა საქართველოში ჯარების გაგზავნის გეგმას, მაგრამ მრავალ გარემოებათა გამო, იტალიამ ვერ მიიღო ეს უფლება. ამავე მიმართულებით აქტიურად იღვწოდა ამერიკის შეერთებული შტატებიც. მაშინდელი დიდი პოლიტიკის ფარული დეტალები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისათვის ძირითადად (თუ მთლიანად არა) უცნობი იყო და მისი ყურადღებაც იმედის თვალით იყო მიპყრობილი პარიზის (ვერსალის) საზავო კონფერენციისაკენ, რომელიც მსოფლიო გლობალურ პოლიტიკაში ძალთა და ინტერესთა ახალი გადანაწილების ამ ეტაპზე განმსაზღვრელ როლს თამაშობდა. პარიზში უნდა დასმოდა წერტილი პირველ მსოფლიო ომს, საფუძველი უნდა ჩაჰყროდა საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის უნივერსალურ ორგანიზაციას – ერთა ლიგას, უნდა გადანაწილებულიყო გავლენის სფეროები მსოფლიოში, უნდა დადგენილიყო მსოფლიოს ახალი წესრიგის შეთანხმებული პრინციპები, უნდა ჩამოყალიბებულიყო მსოფლიო ახალი პოლიტიკური რუკა.
   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ პარიზში ოფიციალური დელეგაცია მიავლინა კარლო ჩხეიძის მეთაურობით. სამთავრობო წარმომადგენლობითმა დელეგაციამ ევროპაში 1919 წლის მარტიდან 1920 წლის დეკემბრამდე დაყო. 1919 წლის 14 მარტს პარიზის (ვერსალის) კონფერენციას საქართველოს დელეგაციამ გადასცა მემორანდუმი, რომელშიც დასაბუთებული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების თხოვნა საქართველოს საერთაშორისო სამართალსუბიექტად აღიარების შესახებ.
   ევროპის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეები: ჟორჟ კლემანსო, მარშალი ფოში, ჟიულ კამბონი, გენერალი ბერტელო (საფრანგეთი), ლოიდ ჯორჯი, ლორდი კერზონი, უინსტონ სპენსერ ჩერჩილი, გენერალი ჰენრი ვილსონი (ინგლისი), ფრანჩესკო ნიტი, სკიალოჯა (იტალია) და სხვანი დიდხანს განიხილავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო სამართალსუბიექტად აღიარების შესაძლებლობის საკითხს. ერთდროულად და კომპლექსურად აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი, მაგრამ წინააღმდეგობრივი საკითხი განიხილებოდა.
   ევროპისათვის ყველაზე საინტერესო იყო ერთადერთი სტრატეგიული საკითხი, კერძოდ, საკითხი საქართველოს, როგორც ბუნებრივი გეოგრაფიული დერეფნისა, ანუ მისი სატრანზიტო ფუნქციისა. კონფერენციის სამუშაო ჯგუფებში თავი მოიყარეს სხვადასხვა ევროპული მისიის მოხსენებითმა ბარათებმა. სხვადასხვა ვარიაციით ევროპის ქვეყნების პოზიცია შემდეგი შინაარსისა იყო: ამიერკავკასია მისი გეოგრაფიული მდებარეობით მზადაა ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისათვის იყოს გზა ევროპას, ცენტრალურ და წინა აზიას შორის. ამ თვალსაზრისით, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეუძლია დიდი მისია შეასრულოს. კონფერენციის დოკუმენტებში აღნიშნული იყო, რომ მიუხედავად საქართველოს არც ისე დიდი ტერიტორიისა, მისი ეკონომიკური რესურსები მეტად მნიშვნელოვანია, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობა, მდიდარი ტყეები, მადნეულები, წყლის უხვი ენერგია, ხელსაყრელი კლიმატი. ნავსადგურები –  ფოთი და ბათუმი შავ ზღვას აკავშირებენ ევროპასთან, სპარსეთსა და ცენტრალურ აზიასთან. მაგრამ აღნიშნულ სტრატეგიულ ინტერესებთან ერთად განიხილებოდა სხვაც, არანაკლებ მთავარი და ევროპის მოკავშირე სახელმწიფოთა მიერ არანაკლებ ანგარიშგასაწევი საკითხი. კერძოდ: ა) საბჭოთა რუსეთის რეალური ინტერესები ამიერკავკასიაში და ინტერესთა და ძალთა თანაფარდობა ამ მიმართულებით; ბ) კავკასიის ქვეყნების არასტაბილური ვითარება. ეს ორი ფაქტორი აიძულებდა ევროპის სახელმწიფოებს თავი შეეკავებინათ საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებისაგან.
   არსებული ურთულესი საერთაშორისო რეალიების გამო, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და დამფუძნებელი კრება კიდევ უფრო პრიორიტეტულს ხდიდა საგარეო პოლიტიკას და აფართოებდა ოფიციალურ სამთავრობო წარმომადგენლობით დელეგაციებს ევროპაში. 1918 წელს აკაკი ჩხენკელი ბერლინში გაემგზავრა ნიკო ნიკოლაძისა და ზურაბ ავალიშვილის თანხლებით. 1920 წლის სექტემბრიდან ოფიციალურ სამუშაო ვიზიტად ევგენი გეგეჭკორიც გაემგზავრა ევროპაში.
   2. ევროპელ სოციალისტთა დელეგაცია საქართველოში. საქართველოს საერთაშორისო აღიარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დასავლეთ ევროპის სოციალისტთა დელეგაციის სტუმრობას 1920 წლის სექტემბერში. იმხანად განსაკუთრებული მნიშვნელობა სტუმართა პოლიტიკურ-მსოფლმხედველობრივ მიმართულებასა და პარტიულ კუთვნილებას კი არ ენიჭებოდა, არამედ უფრო მთავარს – დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების პროდასავლურ ორიენტაციასა და საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებისათვის ბრძოლას. დელეგაციაში შედიოდნენ ცნობილი სოციალ-დემოკრატები: კარლ კაუცკი, რამზეი მაკდონალდი, ტომას შოუ, სნოუდენი, პიერ რენოდელი, ემილ ვანდერველდე, ჰიუსმანსი, დე ბრიუკერი და სხვანი.
   1920 წლის 15 სექტემბერს ევროპელთა დელეგაციას შეხვდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და გაიმართა დამფუძნებელირების საგანგებო სხდომა სტუმართა მონაწილეობით.
   ევროპელ სოციალისტთა ვიზიტი საქართველოში მაშინდელი ქართული პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. ეს ის დრო იყო, როდესაც ევროპაში წარგზავნილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაცია უაღრესად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა საქართველოს საერთაშორისო აღიარების მოპოვების თვალსაზრისით. უფრო მეტიც, ამ დროს უკვე გავრცელებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ბეინბრიჯ ქოლბის ოფიციალური ნოტა, რომელშიც უარყოფილი იყო საქართველოს ეროვნული სუვერენული უფლებები და საბჭოთა რუსეთს სრულ «კარტ-ბლანშს აძლევდა, რათა რომანოვების იმპერიის საზღვრებში აღედგინა თავისი უფლებამოსილება.
   აღსანიშნავია, რომ ევროპელი სოციალისტების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში სახელისუფლო წრეებისათვის მხოლოდ ქვეყნის შიგნით კამპანიურ პოლიტიკურ მხარდაჭერას არ ნიშნავდა. სამშობლოში დაბრუნებისთანავე, სხვადასხვა მიმართულების ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით, სწორედ ევროპელმა სოციალისტებმა გააცნეს ფართოდ ევროპას საქართველოს ისტორია, კულტურა და ტრადიციები, მისი იმჟამინდელი პოლიტიკური სტრუქტურა, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა. ეს არ იყო მარტო პროპაგანდა. ევროპელი სოციალისტები აქტიურად განაგრძობდნენ მუშაობას ინგლისის, საფრანგეთის, ბელგიისა და ევროპის სხვა სახელმწიფოთა მთავრობებსა და პარლამენტებთან საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების მიზნით. საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დაისვა სოციალისტური ინტერნაციონალისა და დემოკრატიული მოძრაობების სხვადასხვა საერთაშორისო თავყრილობებზე.
   3. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-ფაქტო აღიარება. ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც დე-ფაქტო დასტური მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, თურქეთი იყო (1918 წლის 3 ივნისი). თურქეთმა თავისი პოლიტიკური განზრახვა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-იურე აღიარებითაც დაადასტურა. შემდგომი სახელმწიფო, რომელმაც საქართველო დე-ფაქტო აღიარა, გერმანია იყო (1918 წლის 10 ივნისი). 1918 წლის 28 მაისს კი ფოთში საქართველოსა და გერმანიის მთავრობის მანდატით აღჭურვილმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ შეთანხმებას. 1919 წლის მარტში გერმანელთა სამხედრო მისიამ საქართველო დატოვა. ისტორიულად ამ მოკლე ვადაშიც კი საინტერესო ეტაპი შეიქმნა საქართველო-გერმანიის ურთიერთობების ისტორიაში.
   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ფაქტობრივი აღიარების საკითხის განხილვისას სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები, გამოკვეთილად კი ინგლისი, პირდაპირ მიანიშნებდა საქართველოს უმძიმეს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე და სრულიად გაურკვეველ სამართლებრივ ურთიერთობაზე ყოფილ მეტროპოლიასთან და ამჯერად მეზობელ რუსეთთან. ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდი კერზონი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ, თუ საქართველოს მტრული დამოკიდებულება ექნება რუსეთთან, ინგლისი ვერ ცნობდა საქართველოს.
   1920 წლის 7 მაისს გაფორმდა ცნობილი ხელშეკრულება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის. ამ სამართლებრივი აქტით რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა დე-ფაქტო და იქვე აღიარა იგი საერთაშორისო სამართალსუბიექტადაც. რუსეთმა ხელშეკრულების ძალით უარი თქვა თავის ყველა უფლებაზე საქართველოს მიმართ. რუსეთი ვალდებულებას იღებდა, რომ არ ჩაერეოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო და საშინაო საქმეებში. ხელშეკრულებას მოჰყვა დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარება და ორ ქვეყანას შორის ელჩების გაცვლა. 1920 წლის 14 ნოემბერს საქართველოსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა კიდევ ერთ ხელშეკრულებას – «სატრანზიტო და სავაჭრო ურთიერთობების შესახებ». ეს ფაქტი ევროპის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.
   1920 წლის 12 იანვარს ვერსალის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო აღიარების შესახებ. ეს იყო სერიოზული საერთაშორისო წარმატება საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.
   სულ, საქართველოს დამოუკიდებლობა დე-ფაქტო ცნეს შემდეგმა სახელმწიფოებმა: თურქეთი (1918 წლის 3 ივნისი), არგენტინა (1919 წლის 15 სექტემბერი), იტალია (1920 წლის 12 იანვარი), საფრანგეთი (1920 წლის 12 იანვარი), დიდი ბრიტანეთი (1920 წლის 12 იანვარი), იაპონია (1920 წლის 7 თებერვალი), ბელგია (1920 წლის 26 აგვისტო), რუსეთი (1920 წლის 7 მაისი), გერმანია (1918 წლის 10 ივნისი), ავსტრია (1918 წლის 18 ივნისი), ჩეხოსლოვაკია (1920 წლის 8 აპრილი), პოლონეთი (1921 წლის 28 იანვარი).
   4. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-იურე აღიარება. საკითხი საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობის შესახებ 1920 წლის დეკემბერში პირველად საფრანგეთმა აღძრა ვერსალის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა წინაშე. ინგლისმა და იტალიამ საკითხის გადადება მოითხოვეს, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკითხის განხილვა პრაქტიკულად უარყო. 1921 წლის იანვრის დასაწყისში საფრანგეთმა კვლავ დააყენა საკითხი საქართველოს დამოუკიდებლობის  დე-იურე აღიარების შესახებ. მიუხედავად აზრთა ადრინდელი დაპირისპირებისა და მწვავე წინააღმდეგობისა, 1921 წლის 24 იანვარს წინადადება მოკავშირე სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურთა თათბირზე განიხილეს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-იურე აღიარება გადაწყდა 1921 წლის 26 იანვარს. გადაწყვეტილების ოფიციალური დასტური კი 1921 წლის 27 იანვარს ეცნობა იმჟამად პარიზში მყოფ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ევგენი გეგეჭკორსა და საქართველოს მთავრობას.
   სულ საქართველოს დამოუკიდებლობა საერთაშორისო დე-იურე აღიარეს შემდეგმა სახელმწიფოებმა: თურქეთი (3 ივნისი, 1918 წელი), რუსეთი (7 მაისი, 1920 წელი), გერმანია (24 სექტემბერი, 1920 წელი), შვეიცარია (1920 წელი), ბელგია (27 იანვარი, 1921 წელი), საფრანგეთი (27 იანვარი, 1921 წელი), ინგლისი (27 იანვარი, 1921 წელი), იტალია (27 იანვარი, 1921 წელი),  იაპონია (27 იანვარი, 1921 წელი), ავსტრია (17 თებერვალი, 1921 წელი), რუმინეთი (18 თებერვალი, 1921 წელი), ლუქსემბურგი (23 თებერვალი, 1922 წელი), ჰაიტი (9 მარტი, 1921 წელი), ლიბერია (28 მარტი, 1921 წელი), მექსიკა (14 აპრილი, 1921 წელი), პანამა (26 აგვისტო, 1921 წელი), სიამი (20 ნოემბერი, 1921 წელი).
   მაშასადამე, 1918-1921 წლების მანძილზე საქართველოს დამოუკიდებლობა ფაქტობრივად და იურიდიულად აღიარა მსოფლიოს მრავალმა სახელმწიფომ.
   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ცდილობდა დიპლომატიური ურთიერთობა დაემყარებინა სხვადასხვა ქვეყნებთან. 1918-1921 წლებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ჰყავდა შემდეგ ქვეყნებში: აკაკი ჩხენკელი – საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში (საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში); ვლადიმერ ახმეტელაშვილი – საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში; ალექსანდრე სუმბათაშვილი – დიპლომატიური წარმომადგენელი შვეიცარიაში; სიდამონ ერისთავი – საქართველოს ელჩი პოლონეთში; გაბრიელ ხუნდაძე – საქართველოს ელჩი რუსეთში, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკაში; გრიგოლ ალშიბაია – საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში; სვიმონ მდივანი – საქართველოს დროებითი რწმუნებული სომხეთში 1918 წლის დეკემბრის შუახანებამდე, ხოლო 1921 წლიდან – ელჩი თურქეთში; გერასიმე მახარაძე – საქართველოს სრულუფლებიანი დიპლომატიური წარმომადგენელი რუსეთში 1920 წლის ოქტომბრიდან; მიხეილ წერეთელი – დიპლომატიური წარმომადგენელი სკანდინავიის ქვეყნებში; დავით ღამბაშიძე – საქართველოს წარმომადგენელიამერიკაში; ვიქტორ თევზაია – საქართველოს ელჩი უკრაინის დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1920 წლამდე; ივანე როსტომაშვილი – საქართველოს მთავრობის დროებითი რწმუნებული შორეულ აღმოსავლეთსა და იაპონიაში; ზურაბ ავალიშვილი – საქართველოს წარმომადგენელი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამთავრობო დელეგაციების მუდმივი წევრი ევროპაში.
   გარდა ამისა, საქართველოს, საერთაშორისო სამართლის აქტებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა სამეურნეო და სავაჭრო-ეკონომიკური ფუნქციების შესასრულებლად, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვის მიზნით გახსნილი ჰქონდა საკონსულოები, რომელთაგან ზოგიერთი (მაგალითად, რომში) დიპლომატიური წარმომადგენლობის ფუნქციასაც ასრულებდა.
   საქართველოს საკონსულოების სისტემაში კონსულების ოთხივე კლასი მოქმედებდა. გენერალური საკონსულოები მოქმედებდნენ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში – ვლადიკავკაზსა და სტავროპოლში, ასევე ოდესასა და ბაქოში; საკონსულოები – ხარკოვში, ეკატერინოდარში (კრასნოდარში), ერევანში, პეტროგრადში, კონსტანტინოპოლსა და რომში; ვიცე-კონსულები – არმავირში, ნოვოროსიისკში; საკონსულო აგენტები კი აღსტაფასა (შემდგომ განჯაში) და ალექსანდროპოლში.
   1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსულების მოვალეობას ასრულებდნენ: ე. უშვერაძე – გენერალური კონსული ოდესაში; ლევან თუმანიშვილი – გენერალური კონსული ბაქოში; ალექსანდრე ჩერქეზიშვილი – კონსული პეტროგრადში; ირ. ფანჩულიძე – გენერალური კონსული ვლადიკავკაზში; ს. პაიჭაძე – გენერალური კონსული სტავროპოლში და სხვ.
   5. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ აღიარებული სამხედრო ნეიტრალიტეტისა და გამოკვეთილი პროდასავლური საგარეო-პოლიტიკური კურსის განხორციელებისათვის ბრძოლის პერიოდში გამოიკვეთა როგორც ევროპის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები ამიერკავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში.
   1918 წლის 14 დეკემბერს ბათუმს ამერიკის შეერთებული შტატების მისიის წარმომადგენელი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის რექტორი, საერთაშორისო სამართლის დოქტორი ჯედსონი ეწვია და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს დიომიდე თოფურიძეს შეხვდა. ამ ნახევრადოფიციალური შეხვედრის განსჯის თემას წარმოადგენდა, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური სტრუქტურები და საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის დაზუსტება; მეორე მხრივ, მსოფლიო ახალი წესრიგისა და დიდ სახელმწიფოთა შორის მსოფლიოს ახალი გადანაწილების პრინციპები და ყოფილი კოლონიების შესაძლო პერსპექტივები.
   1919 წლის მარტის შუა რიცხვებში მორიგი ამერიკული მისია ეწვია საქართველოს სმიტისა და მურის შემადგენლობით. ამჯერად, ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი წარმოადგენდნენ. წინამორბედისაგან განსხვავებით, ამერიკელ დიპლომატთა საუბარი კიდევ უფრო კონკრეტული იყო. კერძოდ, ამერიკელები საქართველოს მთავრობის წევრებს ყოველგვარი შეფარვის გარეშე მიუთითებდნენ ამიერკავკასიის ერთიანი პოლიტიკური და ეკონომიკური სივრცის შექმნის აუცილებლობაზე და მასზე ინგლისის ან ამერიკის შეერთებული შტატების პროტექტორატის ტიპის მანდატის აღების გარდუვალობაზე. ამერიკელ დიპლომატთა ამ წინადადებას ქართული მხარე არც მთლად სკეპტიკურად, მაგრამ დიდი სიფრთხილით შეხვდა.
   1919 წლის 2 ოქტომბერს ვუდრო ვილსონის ადმინისტრაციამ მორიგი დელეგაცია აწვია თბილისს გენერალ ჯეიმს ჰარბორდის ხელმძღვანელობით. ეს უკვე ამერიკის მეორე ოფიციალური ექსპედიცია იყო, რომელიც ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში მოგზაურობდა. ექსპედიციის შედეგები და დასკვნები კი პრეზიდენტ ვილსონს განსახილველად და დასამტკიცებლად კონგრესისათვის უნდა წარედგინა. ამ პერიოდში ცხადი გახდა, რომ ერთადერთი რეალური ძალა, ვისაც უნარი შესწევდა ინგლისი შეეცვალა ამიერკავკასიაში, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ეს განსაკუთრებით ცხადი გახდა მას შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ იტალიის ახალი მთავრობა უარს ამბობდა საქართველოსა და აზერბაიჯანის მანდატზე და მოკავშირეთა უმაღლეს კომისრად კავკასიაში ამერიკელი პოლკოვნიკი ჰასკელი დაინიშნა. ვუდრო ვილსონი, სომხეთზე დაყრდნობით, რეგიონის მანდატის აღების ჭეშმარიტი ენთუზიასტი იყო, მაგრამ ამის განხორციელება არც მთლად იოლი გამოდგა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო-პოლიტიკური ინიციატივების წინააღმდეგ სენატსა და კონგრესში საკმაოდ სერიოზული ოპოზიცია ჩამოყალიბდა და პრეზიდენტ ვილსონის ყოველი მცდელობა ამ მიმართულებით მარცხით დასრულდა.
   1920 წლის 10 თებერვალს პარიზის (ვერსალის) კონფერენციაზე წარგზავნილმა საქართველოსა და აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაციის მეთაურებმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საფრანგეთში გაუგზავნეს წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ამიერკავკასიის ორი რესპუბლიკა – საქართველო და აზერბაიჯანი – მოკავშირე სახელმწიფოებმა, ანუ ანტანტის უმაღლესი საბჭოს სამმა წევრმა – საფრანგეთმა, ინგლისმა და იტალიამ, აგრეთვე ბელგიამ და იაპონიამ, აღიარეს დე-ფაქტო (1920 წლის 12 იანვარი), ხოლო უფრო გვიან საბჭოთა რუსეთმა ცნო როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ეს აღიარება კი აქამდე არ დადასტურებულა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. 1920 წლის 10 აგვისტოს მთელს ევროპაში გავრცელდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ბეინბრიჯ ქოლბის ნოტა იტალიის მთავრობისადმი, სადაც სხვა საკითხებთან ერთად უარყოფილი იყო პოლიტიკური დამოუკიდებლობისაკენ საქართველოს მისწრაფების კანონიერება. კერძოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა მოეწონებინა მოკავშირე სახელმწიფოების უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება «ეგრეთ წოდებული» რესპუბლიკების – საქართველოსა და სომხეთის ცნობის შესახებ და შესაბამისი ინსტრუქცია მისცა თავის წარმომადგენელს სამხრეთ რუსეთში. ამას, ბუნებრივია, ქართული მხარის ოფიციალური პროტესტი მოჰყვა.
   ცხადია, მსოფლიო დიდი პოლიტიკური თამაშის წესებსა და მსოფლიოს გადანაწილების პრინციპებს დიდი სახელმწიფოები ადგენდნენ, მაგრამ ერთი რამ ნათელია: ქართულმა დიპლომატიამ 1918-1921 წლებში სწორედ ვერ განსაზღვრა ამერიკის შეერთებული შტატების როლი და ვერ შეძლო გაეცნო პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის ადმინისტრაციისათვის საქართველოს რეალობა და ისტორიული ფუნქცია. ყოველივე ეს იმდროინდელი ქართული დიპლომატიის ნაკლად უნდა ჩაითვალოს.

   6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ერთა ლიგა. ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის მსვლელობის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა წამოაყენა უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის იდეა. ეს ორგანიზაცია მოწოდებული იქნებოდა განემტკიცებინა სახელმწიფოებს შორის მშვიდობა, დაემყარებინა მათ შორის კეთილმეგობრული დამოკიდებულება და ყველა დავა-კონფლიქტი გადაეჭრა მოლაპარაკებათა გზით. იდეას აქტიურად დაუჭირა მხარი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ლოიდ ჯორჯმა. ომის დასრულებამ კიდევ უფრო დააჩქარა ამ მიმართულებით მოღვაწეობა. ერთგვარი პოლიტიკური დამაჩქარებლის როლი უდავოდ შეასრულა რუსეთში მომხდარმა ბოლშევიკურმა გადატრიალებამ მისი მოსალოდნელი უმძიმესი შედეგებით. 1919 წლის 28 აპრილს ვერსალის სასახლის სარკეებიან დარბაზში პარიზის კონფერენციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს საბოლოო შეთანხმებას ერთა ლიგის დაფუძნების შესახებ და დაამტკიცეს მისი წესდება.
   საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ პოლიტიკური გეზი ახლად შექმნილი საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაციისაკენ აიღო. ევროპაში წარგზავნილმა საქართველოს დელეგაციამ 1919 წლის 21 მაისს საქართველოს მთავრობის სახელით მიმართა ერთა ლიგის აღმასრულებელ კომიტეტს და საერთო კრებას. 1920 წლის პირველ სექტემბერს კარლო ჩხეიძემ სპეციალური მემორანდუმით კვლავ გაიმეორა საქართველოს მთავრობის თხოვნა ერთა ლიგის წევრად საქართველოს მიღების შესახებ. ერთა ლიგაში მიღების შესახებ თხოვნა გაიმეორა 1920 წლის სექტემბერში დასავლეთ ევროპაში საგანგებოდ მივლინებულმა საქართველოს კიდევ ერთმა სამთავრობო დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჭკორის მეთაურობით. ერთა ლიგისადმი ევგენი გეგეჭკორის მემორანდუმი უფრო არგუმენტირებული იყო. 1919 წლის 7 დეკემბერს საქართველოში შეიქმნა ერთა ლიგის საქართველოს ასოციაცია, რომელიც საგანგებო მანდატით აღჭურვილ პირთა მეშვეობით პირდაპირ ურთიერთობას ამყარებდა ერთა ლიგის სხვადასხვა მოქმედ სტრუქტურებთან. ერთა ლიგის ქართული ასოციაციის ძალისხმევით 1920 წლის 12-16 ოქტომბერს მილანში გამართულ ერთა ლიგის საერთაშორისო ასოციაციების მეოთხე კონგრესზე საქართველოს საკითხი სერიოზული მსჯელობის საგანი გახდა. კონგრესზე ერთა ლიგის საქართველოს ასოციაცია ერთხმად იქნა მიღებული ერთა ლიგის მსოფლიო ასოციაციის წევრად. ამ პოლიტიკური წარმატების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ კიდევ უფრო გაააქტიურა მოღვაწეობა ერთა ლიგის სრულუფლებიანი წევრობის მოსაპოვებლად.
   1920 წლის 15 ნოემბერს ჟენევაში მუშაობა დაიწყო ერთა ლიგის პირველმა სესიამ. დღის წესრიგის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო რიგ სახელმწიფოთა, მათ შორის საქართველოს, გაერთიანება ლიგაში. ეს საკითხი დაევალა მეხუთე განსაკუთრებულ კომისიას 36 წევრის შემადგენლობით. კომისია მუშაობდა ჩილელი დელეგატის ანტონიო ჰონელუსის თავმჯდომარეობით. კომისიამ წარმოადგინა ერთა ლიგაში ახალ სახელმწიფოთა გაწევრიანების საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები. საქართველოს საკითხი, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, უკრაინასა და კოსტა-რიკასთან ერთად, განსახილველად მესამე ქვეკომისიას გადაეცა. მკაცრი განხილვის შედეგად, მეხუთე განსაკუთრებულმა კომისიამ დაადგინა ერთა ლიგაში, ბალტიის სახელმწიფოებთან ერთად, საქართველოს მიღების საკითხი 1920 წლის 16 დეკემბრამდე გადაედო. ერთა ლიგაში საქართველოს მიღებას ხმას აძლევდა 24 სახელმწიფო, არჩევისათვის კი საჭირო იყო მხოლოდ 16 დელეგატის ხმა. საქართველოს სასარგებლოდ ხმა მისცეს: სამხრეთაფრიკამ, ბოლივიამ, კოლუმბიამ, იტალიამ, ნორვეგიამ, პარაგვაიმ, სპარსეთმა, პორტუგალიამ, შვეიცარიამ და ჩილემ; წინააღმდეგი გამოვიდნენ: ავსტრალია, კანადა, კუბა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, ზელანდია, ნიდერლანდები, ჩეხოსლოვაკია, დანია; თავი შეიკავეს: ბელგიამ, პოლონეთმა, შვეციამ, რუმინეთმა. მაშასადამე, 1920 წლის 16 დეკემბერს ერთა ლიგის წევრად საქართველოს მიღებას ხმა მისცა ათმა სახელმწიფომ. საქართველო ერთა ლიგის წევრი ვერ გახდა. თავშეკავების ძირითად მიზეზად კი ერთა ლიგის წესდების მეათე მუხლი სახელდებოდა, რომლის თანახმადაც ლიგას მეტად გაუძნელდებოდა ახალი წევრების ტერიტორიების თავდასხმისაგან დაცვა და მათი საერთაშორისო უფლებების უზრუნველყოფა.
   ამრიგად, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული გარკვეული წარმატებების მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ვერ გახდა საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი.

5. ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები საქართველოში
   საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მტრულად შეხვდა საბჭოთა რუსეთი. სამოქალაქო ომისა და უცხოეთის სამხედრო ინტერვენციის პირობებში რუსეთს არ შეეძლო 1918-1920 წლებში საქართველოს საშინაო საქმეებში უშუალოდ ჩარევა. სწორედ ამიტომ მოსკოვი შეუდგა საქართველოში რუსეთის მეხუთე კოლონის ორგანიზებასა და მის ამოქმედებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ. რუსეთის მეხუთე კოლონის ძირითად დამრტყმელ ძალას წარმოადგენდნენ ქართველი ბოლშევიკები. რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აქტიურად იყენებდა აფხაზ და ოს სეპარატისტებს, საქართველოში მცხოვრებ რუსი და სომეხი ეროვნების მოსახლეობას. საქართველოში რუსეთის მეხუთე კოლონის საქმიანობას კონტროლს უწევდა რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) კავკასიის სამხარეო კომიტეტი (შეიქმნა 1917 წლის ოქტომბერში), ხოლო შემდეგ რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო (შეიქმნა 1920 წლის აპრილში). სამხარეო კომიტეტისა და კავკასიის ბიუროს ანტიქართულ მოღვაწეობაში აქტიურ როლს ასრულებდნენ ფილიპე მახარაძე, სერგეი კიროვი, სტეფანე შაუმიანი, სერგო ორჯონიკიძე და სხვ. რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტისა და რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს საქმიანობა უშუალოდ ვლადიმერ ლენინთან ან იოსებ სტალინთან თანხმდებოდა.
   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას დიდი ინტენსივობით აწარმოებდა თავისი ანტიქართული განწყობილებით ცნობილი ამიერკავკასიის რუსთა ეროვნული საბჭო, რომლის ცენტრალური მმართველობა თბილისში იმყოფებოდა. ამიერკავკასიის რუსთა ეროვნულ საბჭოს ანტიქართულ მოღვაწეობაში დიდ დახმარებას უწევდა საქართველოს, განსაკუთრებით, თბილისის რუსი სამღვდელოება. ამიერკავკასიის რუსთა ეროვნული საბჭოს ფილიალებს წარმოადგენდა ასევე თავისი ანტიქართული საქმიანობით ცნობილი ბათუმისა და სოხუმის რუსთა ეროვნული საბჭოები. ამიერკავკასიის რუსთა ეროვნული საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობდა ყველა ანტიქართულ ძალასთან.
   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ პირველი სერიოზული ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლის ორგანიზება საბჭოთა რუსეთმა 1918 წლის ზაფხულში შეძლო დუშეთის მაზრაში. აქ შეიარაღებული გამოსვლა ერთობლივად დაგეგმეს რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტმა და რუსეთის კავკასიის არმიის სამხედრო-რევოლუციურმა საბჭომ. რუსეთის კავკასიის არმიის სარდლობამ დუშეთის მაზრაში შემოგზავნა სამხედრო ინსტრუქტორები, შემოტანილ იქნა დიდი რაოდენობით იარაღი (შაშხანები და ტყვიამფრქვევები). ქართველმა ბოლშევიკებმა დუშეთის მაზრის ზოგიერთ სოფელში მიიმხრეს გლეხობის (ძირითადად, პირველი მსოფლიო ომის ფრონტებიდან დაბრუნებული ჯარისკაცების) ნაწილი. ბოლშევიკებმა ასევე მიიმხრეს დუშეთის მაზრის ოსი და სომეხი მოსახლეობა. აჯანყებულებმა რამდენიმე სოფელში დახოცეს სოფლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და გვარდიელები. აჯანყების დაწყების მომენტისათვის დუშეთის მაზრაში ქართული რეგულარული ჯარისა და სახალხო გვარდიის ძალზე მცირე ძალები იმყოფებოდა. ამით ისარგებლეს ბოლშევიკებმა და მათმა შეიარაღებულმა რაზმებმა და დუშეთი დაიკავეს. 1918 წლის 25 ივნისს დუშეთის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა. ჩრდილო კავკასიიდან დარიალის ხეობით დუშეთისაკენ დაიძრა სპეციალურად მომზადებული რაზმი ბოლშევიკ საშა გეგეჭკორის მეთაურობით. მზადყოფნაში იყო რუსეთის კავკასიის არმია, რომელიც დარიალის ხეობით, აჯანყებულთა დახმარების საბაბით, დუშეთში უნდა შემოჭრილიყო, ხოლო შემდეგ თბილისი დაეკავებინა. თბილისის დაკავებისთანავე მთელ საქართველოში საბჭოთა წყობილება გამოცხადდებოდა. საბჭოთა რუსეთის გეგმები ჩაშალა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ენერგიულმა მოქმედებამ. ქართული რეგულარული ჯარისა და სახალხო გვარდიის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციების შედეგად აჯანყებულთა რაზმები გაიფანტნენ და საბოლოოდ ჩრდილო კავკასიას შეაფარეს თავი. სასტიკად დამარცხებულ და უკუგდებულ იქნა საშა გეგეჭკორის რაზმი.
   1919 წლის დამდეგიდან რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტი შეუდგა საქართველოში ახალი აჯანყების ორგანიზებას. აჯანყებისათვის მზადება გადამწყვეტ ფაზაში შევიდა 1919 წლის ივლის-აგვისტოში. ქართველი ბოლშევიკები გაძლიერებულ აგიტაციას ეწეოდნენ არმიიდან დემობილიზებულ გლეხობაში, ასევე არაქართულ მოსახლეობაში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ გადამჭრელი ზომებით აჯანყება საწყის ეტაპზე აღკვეთა. 1919 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს აჯანყების ხელმძღვანელი ცენტრი, თუმცა ქართველმა ბოლშევიკებმა საქართველოს სხვადასხვა რაიონში მაინც მოახერხეს შეიარაღებული გამოსვლების მოწყობა. შეიარაღებულ გამოსვლებს ადგილი ჰქონდა ლაგოდეხში, სიღნაღში, ფოთში, გორში, სენაკში, სამტრედიაში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ახალქალაქში. ბოლშევიკები ცდილობდნენ მათ მიერ პროვოცირებული გამოსვლები საბჭოთა ხელისუფლებისათვის ბრძოლად გამოეცხადებინათ. ბოლშევიკებმა ვერ შეძლეს შეიარაღებული აჯანყებისათვის საყოველთაო ხასიათის მიცემა. ლოკალური აჯანყებების ლიკვიდაცია საქართველოს მთავრობას არ გასჭირვებია.
   1920 წელს ქართველმა ბოლშევიკებმა ბრძოლის ტაქტიკა შეცვალეს. რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის მითითების თანახმად, მათ აქცენტი გლეხობიდან მუშათა კლასზე გადაიტანეს. საქართველოს მუშათა კლასის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას უჭერდა მხარს, რის გამოც ბოლშევიკებმა მუშების დარაზმვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ ვერ შეძლეს.
   ქართველმა ბოლშევიკებმა ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობა კიდევ უფრო გააძლიერეს საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დადების შემდეგ. ხელშეკრულების ძალით საქართველოში ბოლშევიკების საქმიანობა ლეგალური გახდა. სწორედ ამ პერიოდიდან ახალი ძალით გაიშალა საქართველოში რუსეთის მეხუთე კოლონის ორგანიზება. 1920 წლის ბოლოსათვის რუსეთის მეხუთე კოლონა საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენდა.
6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობა საბჭოთა რუსეთის მიერ
   სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდეგ საბჭოთა რუსეთმა დაიწყო მზადება ამიერკავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფოების დასაპყრობად. იმთავითვე გადაწყდა, რომ აშკარა აგრესია შენიღბულიყო, ვითომდა, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებით. 1920 წლის მარტში ვლადიმერ ლენინმა რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელს სერგო ორჯონიკიძეს ბაქოს აღება დაუსახა მიზნად. 1920 წლის აპრილის დამლევს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკა დაიპყრო და იქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. აზერბაიჯანის დაპყრობის შემდეგ რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო, პირადად სერგო ორჯონიკიძე და მე-11 წითელი არმიის სარდლობა შესაძლებლად მიიჩნევდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობასაც. საჭირო იყო საბაბი საქართველოში შეჭრისათვის. ასეთ საბაბად იქცა 1920 წლის 1-2 მაისს ღამით ქართველი ბოლშევიკების მიერ მოწყობილი შეიარაღებული თავდასხმა იუნკერთა სამხედრო სასწავლებელზე თბილისში. 2 მაისს აზერბაიჯანში დაბანაკებულმა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი გადმოლახა და თბილისისაკენ დაიძრა. რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო და მე-11 წითელი არმიის სარდლობა თბილისის აღებას 15 მაისისათვის ვარაუდობდა. ამის შესახებ ორჯონიკიძემ აცნობა კიდეც მოსკოვს. საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული აგრესია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ფაქტობრივად 2 მაისს დაიწყო. ეს აგრესია საქართველო-რუსეთის ფართომასშტაბიან ომში იმხანად იმიტომ არ გადაიზარდა, რომ მოსკოვში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება წარმატებით დამთავრდა და 1920 წლის 7 მაისს ორ სახელმწიფოს შორის ხელშეკრულებაც დაიდო. საბჭოთა რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს დაპყრობის საკითხიც გარკვეული ხნით გადაიდო.
   საბჭოთა რუსეთი ამიერკავკასიის დაპყრობის გეგმებზე, ცხადია, ხელს არ იღებდა. აზერბაიჯანის შემდეგ 1920 წლის ნოემბერში მე-11 წითელმა არმიამ სომხეთის რესპუბლიკა დაიპყრო. საქართველოს მდგომარეობა კიდევ უფრო საგანგაშო გახდა.
   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ომის სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით მომზადებასთან ერთად საბჭოთა რუსეთის დიპლომატია დიდ მუშაობას ეწეოდა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის მიზნით. ლენინს სურდა, გამოერიცხა საქართველოსთან ომის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ თურქეთისა და ანტანტის გამოსვლის შესაძლებლობა. რუსეთის დიპლომატიამ ამ რთულ ამოცანას წარმატებით გაართვა თავი. 1920 წელი აღინიშნა რუსეთისა და თურქეთის დაახლოებით. თურქეთს რუსეთი ესაჭიროებოდა, როგორც სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე ანტანტის წინააღმდეგ. მოკავშირეობის საფასურად რუსეთმა თურქეთს ამიერკავკასიის დათმობა მოსთხოვა, რაზეც თურქეთი დათანხმდა კიდეც. შექმნილ საერთაშორისო ვითარებაში ანტანტის ქვეყნებმა ინგლისის ინიციატივით მიიღეს გადაწყვეტილება, წინ არ აღდგომოდნენ საბჭოთა რუსეთის აგრესიას საქართველოში. ამ პერიოდისათვის ინგლისი დაადგა საბჭოთა რუსეთთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გზას. პირველი მსოფლიო ომისაგან დანგრეული ევროპისათვის აუცილებელი იყო რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა. ამრიგად, რუსეთთან მოსალოდნელ ომში საქართველო მარტო რჩებოდა.
   საბჭოთა რუსეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ომს ყოველმხრივ და გულდასმით ამზადებდა. რუსეთი საქართველოს ბრალს სდებდა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევაში. რუსეთის ოფიციალური სახელმწიფო ორგანოები ავრცელებდნენ ხმებს იმის შესახებ, რომ საქართველოში თავს იყრიდნენ ისეთი ძალები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ რუსეთსა და სხვა საბჭოთა რესპუბლიკებს. ვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ახშობდა მუშებისა და გლეხების ბრძოლას საბჭოთა ხელისუფლებისათვის, თითქოს აჯანყებული მშრომელები ითხოვდნენ საბჭოთა რუსეთისაგან დახმარებას. ამის პარალელურად სულ უფრო ძლიერდებოდა საქართველოსთან ომისათვის გამიზნული სამხედრო ძალა აზერბაიჯანში, სომხეთსა და ჩრდილო კავკასიაში. 1920 წლის იანვარში მოსკოვში საბოლოოდ დაზუსტდა საქართველოსთან ომის გეგმა. 1920 წლის 26 იანვარს, მოსკოვში, ლენინის ინიციატივით მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ომის დაწყების შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო და რუსეთის მე-11 წითელი არმიის სარდლობა, პირადად ორჯონიკიძე და კიროვი შეუდგნენ მის რეალიზებას. გადაწყდა, მე-11 წითელი არმია საქართველოს საზღვრებში შემოჭრილიყო, ვითომდა, აჯანყებული მშრომელების დასახმარებლად. აჯანყების ინსცენირება კი უნდა მომხდარიყო ლორეს რაიონში (ბორჩალოს მაზრა). ამ ნეიტრალურ ზონას შერეული (ქართულ-სომხური) ადმინისტრაცია განაგებდა. 1920 წლის 13 ნოემბერს საქართველოსა და სომხეთის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ ლორეს ნეიტრალურ ზონას სამი თვით მთლიანად საქართველოს ჯარები დაიკავებდნენ. თუ სამი თვის განმავლობაში საქართველო და სომხეთი ვერ მოახერხებდნენ სადავო ტერიტორიის გამიჯვნას, მაშინ საქართველოს ჯარი დატოვებდა ნეიტრალურ ზონას და იქ აღდგებოდა შერეული ადმინისტრაციის მმართველობა. ამ შეთანხმების შემდეგ სომხეთი საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო და საბჭოთა სომხეთის მთავრობამ, მოსკოვის მითითების თანახმად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ლორეს ნეიტრალური ზონიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა. საქართველოს მთავრობამ, სასაზღვრო კონფლიქტის მოგვარების მიზნით, სომხეთის მხარეს მოლაპარაკების დაწყება შესთავაზა. საბჭოთა სომხეთის მთავრობა, ისევ მოსკოვის მითითების თანახმად, მოლაპარაკების დაწყებას აჭიანურებდა. ლორეს ნეიტრალური ზონა სწორედ შესაფერისი ადგილი იყო აჯანყების ინსპირირებისათვის. მაგრამ მდგომარეობას ართულებდა ის, რომ 1921 წლის 13 თებერვალს ლორეს რაიონში ქართული ჯარის ყოფნის ვადა იწურებოდა, რის გამოც აჯანყების ინსცენირება სწორედ 13 თებერვლამდე უნდა მომხდარიყო. ლორეს რაიონში აჯანყების მოწყობა რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურომ, პირადად ორჯონიკიძემ სომხეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალურ კომიტეტს დაავალა. «საქართველოს მშრომელთა აჯანყება ბორჩალოს მაზრაში მცხოვრები რუსი კოლონისტების სოფლებში უნდა დაწყებულიყო.
   1921 წლის 11-12 თებერვლის ღამით ბორჩალოს მაზრის რუსი კოლონისტების სოფლებში, ასევე სომხურ სოფლებში დაიწყო «აჯანყება, რომელიც საბჭოთა პროპაგანდამ «საქართველოს მშრომელთა აჯანყებად მონათლა. ფაქტობრივად, ეს იყო სომხეთში დაბანაკებული საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმიის თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე.
   1921 წლის 12 თებერვალს დაიწყო საომარი ოპერაციები საქართველოსა და რუსეთს შორის. ომის პირველ დღეს ლორეს რაიონში მე-11 წითელმა არმიამ დაამარცხა ქართული ჯარის ნაწილები. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ამ რაიონში დამატებითი ძალები გაგზავნა.
   14-15 თებერვალს, ღამით, მოსკოვში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც მე-11 წითელ არმიას თბილისის დაპყრობის ამოცანას უსახავდა. 15 თებერვალს სტალინმა მოსკოვიდან რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელს ორჯონიკიძეს აცნობა, რომ მე-11 არმიას დაუყოვნებლივ უნდა დაეკავებინა თბილისი. ყოველივე ეს, ცხადია, უაღრესად საიდუმლოდ ხდებოდა. მოსკოვი მაინც ამჯობინებდა, შეენიღბა აშკარა აგრესია დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ გადაწყდა, აჯანყებული საქართველოს მშრომელების სახელით მოსკოვში გაგზავნილიყო თხოვნა დახმარების თაობაზე. ეს თხოვნა შულავერში ორჯონიკიძის ინიციატივით შექმნილმა «საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა (რევკომმა) მოსკოვში მხოლოდ 1921 წლის 16 თებერვალს გაგზავნა, მაშინ, როცა 12 თებერვალს რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უკვე საქართველოს საზღვრებში იყვნენ შეჭრილი და ომიც მიმდინარეობდა, ხოლო 15 თებერვალს მოსკოვში მიღებული იყო გადაწყვეტილება თბილისის დაკავების შესახებ.
   1921 წლის 12 თებერვალს დაწყებული საქართველო-რუსეთის ომი თავდაპირველად რუსების უპირატესობით მიმდინარეობდა. 19 თებერვალს თბილისის მისადგომებთან ქართულმა ჯარმა და სახალხო გვარდიამ მე-11 წითელ არმიას ძლიერი დარტყმა მიაყენა და აიძულა უწესრიგოდ დაეხია უკან. ქართველებმა ათასი ტყვე იგდეს ხელთ. 20 თებერვალს კოჯრის რაიონში მე-11 წითელი არმიის ნაწილებმა კვლავ მარცხი იწვნიეს, ბრძოლის ველზე ზარბაზნები და ტყვიამფრქვევები მიატოვეს და უკან დაიხიეს.
   სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიიდან მე-11 წითელი არმიის შეტევის პარალელურად საქართველოზე თავდასასხმელად მტერს მზად ჰყავდა მე-8 წითელი არმიის ნაწილები, რომლებიც სოჭის რაიონიდან აფხაზეთში უნდა შეჭრილიყვნენ. მზადყოფნაში იყო წითელი არმიის ნაწილები ჩრდილო კავკასიაში, რომლებიც საქართველოში უნდა შემოსულიყვნენ ვლადიკავკაზიდან დარიალის ხეობით და მამისონის გადასასვლელიდან რიონის ხეობით.
   ცხადია, თბილისის დაცვის საქმეს ძალზე გაართულებდა საომარი ოპერაციები აფხაზეთში. ქართული ჯარი ამ რაიონებიდან გამოყვანილ იქნა.
   1921 წლის 24 თებერვლის საღამოსათვის სამხედრო-სტრატეგიული მდგომარეობა ასეთი იყო: საქართველო-რუსეთის ომის ფრონტის ხაზი კახეთიდან მანგლისამდე 90 კილომეტრზე გადაჭიმულიყო, რომლის დაცვა რეზერვების სიმცირის გამო შეუძლებელი ხდებოდა. თბილისის მისადგომები ზოგ რაიონში საერთოდ დაუცველი იყო. ასეთი ვითარებით მტერმა მაშინვე ისარგებლა. რუსების კავალერია სოფელ დიღომის გავლით ქართული ჯარის ზურგში შეიჭრა. იმავდროულად მტერმა კოჯრიდან საბურთალოსაკენ შეუტია. მე-11 წითელი არმიის სარდლობა ცდილობდა ვაზიანიდანაც შეჭრილიყო ქართული ჯარის ზურგში. იქმნებოდა იმის რეალური საფრთხე, რომ მტერი ავჭალაში შეიჭრებოდა და ქართულ ჯარს უკან დასახევ გზას მოუჭრიდა. ასეთ ვითარებაში 24 თებერვალს, საღამოს 10 საათზე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გენერალმა გიორგი კვინიტაძემ მიიღო გადაწყვეტილება მცხეთის მიმართულებით უკან დახევისა და ახალი გამაგრებული ხაზის შექმნის შესახებ. თბილისის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას წინ აღუდგა გენერალი გიორგი ოდიშელიძე, მაგრამ მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ მხარი გენერალ გიორგი კვინიტაძეს დაუჭირა. ქართული ჯარი და სახალხო გვარდია შექმნილ სამხედრო-სტრატეგიულ სიტუაციაში თბილისის დაცვას მართლაც ვერ შეძლებდა. თუმცა ცხადი იყო ისიც, რომ თბილისის დატოვება მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა იქნებოდა ჯარისა და მოსახლეობისათვის. 1921 წლის 24 თებერვალს, ღამის 12 საათზე, დაიწყო ქართული ჯარისა და სახალხო გვარდიის ნაწილების უკანდახევა მცხეთის მიმართულებით. 25 თებერვალს თბილისში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ.
   თბილისის დატოვების შემდეგ ქართულმა ჯარმა და სახალხო გვარდიამ მტერს ძლიერი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია. ქართული ჯარების წინააღმდეგობას უპერსპექტივოდ ხდიდა მამისონის უღელტეხილიდან რიონის ხეობით ქუთაისისაკენ დაძრული და აფხაზეთში სოხუმის მიმართულებით შეტევაზე გადასული რუსეთის ჯარების მოქმედება. ბრძოლების გაგრძელებას აძნელებდა თურქეთის მთავრობის ანტიქართული პოლიტიკაც. არტაანისა და ართვინის დაკავების შემდეგ თურქეთის მთავრობამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას აცნობა, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის აღარ არსებობდა სადავო საკითხები. ამავე დროს, თურქეთის მთავრობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას სთავაზობდა თურქეთის ჯარებით ბათუმის დაცვას რუსეთის მოსალოდნელი აგრესიისაგან. ფაქტობრივად ეს იყო თურქეთის აგრესიული გეგმების შენიღბული გზით განხორციელების ცდა, რასაც რუსეთთან ომში ჩაბმული საქართველო წინ ვეღარ აღუდგა. ბათუმში შესვლის შემდეგ თურქებმა განაცხადეს, რომ, თურქეთის დიდი ეროვნული კრების დადგენილების თანახმად, უნდა მოეხდინათ ბათუმისა და მისი ოლქის ანექსია. შესაბამისად, თურქეთის ჯარმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ. ამასთან ერთად, თურქებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ულტიმატუმის სახით მოსთხოვეს ბათუმსა და ბათუმის ოლქში მყოფი ქართული ჯარის განიარაღება, რაზეც უარი მიიღეს. ბათუმში ქართულ ჯარსა და თურქეთს შორის დაიწყო ცხარე ბრძოლები. ქართველებმა თურქები კი განდევნეს ქალაქიდან, მაგრამ, ცხადია, რუსეთისა და თურქეთის წინააღმდეგ ორ ფრონტზე ბრძოლა საქართველოს არ შეეძლო. შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში არც სურამის ქედზე და არც ქუთაისის მისადგომებთან ბრძოლების გამართვას აზრი არ ჰქონდა. მთავრობა ბათუმში გადავიდა.
   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ და დამფუძნებელმა კრებამ ბოლომდე შეასრულეს მოვალეობა და, კატასტროფული სამხედრო-პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საბჭოთა რუსეთის წინაშე კაპიტულაციას მაინც არ დასთანხმდნენ. ლენინსა და სტალინს დიდი სურვილი ჰქონდათ, ნოე ჟორდანიას გამოეცხადებინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა, ხოლო დამფუძნებელ კრებას მოეხსნა უფლებამოსილება. ამ შემთხვევაში საქართველოს რევოლუციური კომიტეტის მიერ ქვეყანაში სახელმწიფო ძალაუფლების აღება, რუსეთის მხრიდან აშკარა სამხედრო აგრესიის მიუხედავად, მაინც კანონიერ სახეს იძენდა, საქართველოს ახალი ხელისუფლება ძველის სამართალმემკვიდრედ იქცეოდა. სწორედ მოვლენების ამგვარი განვითარების თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად ბათუმში გამართული საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომა, რომელმაც დაადგინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაციაში წასვლა და იქიდან ბრძოლის გაგრძელება რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველოს განთავისუფლების მიზნით. თვით დამფუძნებელ კრებას, როგორც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, თავისი უფლებამოსილება არ მოუხსნია. ამრიგად, სამართლებრივი თვალსაზრისით, საქართველო გახდა რუსეთის ინტერვენციის მსხვერპლი, რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.
   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ გაითვალისწინა, რომ რუსეთის ჯარები უმოწყალოდ გაუსწორდებოდნენ ქართული ჯარისა და სახალხო გვარდიის მებრძოლებს, მთელ მოსახლეობას. ამიტომ მან ბათუმიდან თავისი რწმუნებული გრიგოლ ლორთქიფანიძე გაგზავნა ქუთაისში საქართველოს რევოლუციური კომიტეტის რწმუნებულთან მამია ორახელაშვილთან მოსალაპარაკებლად. ეს მოლაპარაკება 1921 წლის 17-18 მარტს გაიმართა ქუთაისში. იგი საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლის აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით მიმდინარეობდა. მიღწეული შეთანხმების თანახმად, საომარი ოპერაციები შეწყდა. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ბათუმი დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა. თურქებმა სცადეს შექმნილი ვითარების თავის სასარგებლოდ გამოყენება და ბათუმის დაკავება მოინდომეს. ქართული ჯარისა და სახალხო გვარდიის ნაწილებმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით, რუსეთის წითელი არმიის ნაწილების თანადგომით შეძლეს თურქების უკუგდება.
   ამრიგად, საქართველო-რუსეთის ომი 1921 წლის თებერვალ-მარტში დასრულდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემითა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამყარებით.

თავი მეექვსე
   ქართული კულტურა მეოცე  საუკუნის პირველ ოცწლეულში

განათლება
   მეოცე  საუკუნის დასაწყისში სამრეწველო კრიზისმა და სოფლად დიდმა მოუსავლიანობამ განსაკუთრებით გაამწვავა საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. რევოლუციურ აღმავლობას, ხალხის მასობრივ პროტესტს რუსეთის საიმპერატორო კარმა კოლონიური ჩაგვრის შემდგომი გამკაცრებით უპასუხა. რეაქციის შეტევა ახალი ძალით დაატყდა თავს ქართულ კულტურასაც, განსაკუთრებით ეროვნულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს. მრავალსაუკუნოვან და თვითმყოფად კულტურაში ხედავდნენ რუსიფიკატორები ქართველი ხალხის ეროვნული მოძრაობის ძირითად საზრდოს და მიზანმიმართულად აწარმოებდნენ კულტურული მემკვიდრეობის დათრგუნვის პოლიტიკას. განათლების სრული რუსიფიკაცია და სკოლებიდან ქართული ენის გამოდევნა ამ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო. ქართული ენის შევიწროება ხორციელდებოდა როგორც საერო სკოლებში, ისე სასულიერო სასწავლებლებშიც. 1902 წელს დეკანოზმა ვოსტორგოვმა სასწავლო ოლქის მზრუნველთან და ეგზარქოსთან შეთანხმებით საეკლესიო-სამრევლო სკოლებისათვის შეადგინა ახალი სასწავლო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ყველა სახის სკოლაში სწავლების ენად აღიარებულ იქნა რუსული ენა. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან ითხოვდნენ «ნაციონალისტ მასწავლებლებს და მათ ადგილს რუსი და სხვა არაქართველი მასწავლებლები იკავებდნენ. განათლების სფეროზე რუსიფიკატორთა ფართო შემოტევამ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოსახლეობის დიდი აღშფოთება გამოიწვია. სამეგრელოში, აჭარაში, იმერეთში და ა. შ. საპროტესტო გამოსვლებსაც კი ჰქონდა ადგილი. ბევრგან მოსწავლეები უარს ამბობდნენ საგნების რუსულად სწავლებაზე და ტოვებდნენ სკოლებს. მოთხოვნილება ეროვნულ სკოლებზე კიდევ უფრო იზრდებოდა.
   ქართული სკოლისათვის ბრძოლის სათავეში, როგორც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, ახლაც «წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო მოღვაწენი იდგნენ. იაკობ გოგებაშვილის, ილია წინამძღვრიშვილის, ნიკო ცხვედაძისა და სხვათა ტრადიციებს აგრძელებდა ქართველ მასწავლებელთა ახალი თაობა.
   თბილისის ქართულ გიმნაზიაში 1906 წლიდან აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ლუარსაბ ბოცვაძე (1865-1919), რომელიც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა მშობლიურ ენაზე აღზრდის საქმეს. მისი ხელმძღვანელობით 1908 წელს თბილისში გამოსვლას იწყებს პირველი ქართული სამეცნიერო-პედაგოგიური და სალიტერატურო ჟურნალი «განთიადი, რომელიც აკრიტიკებდა რუსიფიკატორულ საგანმანათლებლო სისტემას, ფართო პროპაგანდას ეწეოდა ეროვნული პედაგოგიკის პრინციპების დასანერგად.
   თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, შემდეგ კი თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში მოღვაწეობდა არისტო ქუთათელაძე (1850-1912), რომლის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოები («საზოგადო გეოგრაფია, «კონსპექტი საქართველოს ისტორიიდან) იმ დროისათვის დიდი მოწონებით სარგებლობდა. 1901-1903 წლებში ახალსენაკის ქართულ გიმნაზიაში, 1903 წლიდან კი თბილისის გიმნაზიაში ქართულ ენას, ლიტერატურასა და ისტორიას ასწავლიდა უნიჭიერესი პედაგოგი და მეცნიერი სერგი გორგაძე (1876-1926). მის მიერ შედგენილი სასკოლო სახელმძღვანელოები და მეთოდოლოგიური ლიტერატურა განსაკუთრებულ როლს ასრულებდა როგორც ახალგაზრდობის ეროვნული სულისკვეთებით აღზრდის, ასევე მთლიანად განათლების სფეროს სრულყოფის საქმეში.
   თბილისის სათავადაზნაურო სკოლასა და ქართულ გიმნაზიაში მოღვაწეობდა დავით კარიჭაშვილი (1862-1927). პედაგოგიური საქმიანობის (ასწავლიდა ფრანგულ ენასა და საქართველოს ისტორიას) პარალელურად იგი დიდ საზოგადოებრივ და სამეცნიერო მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1905 წელს დავით კარიჭაშვილმა შეადგინა «წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავის ფონდების სრული აღწერილობა, დააარსა ბიბლიოთეკა და მუზეუმი. იგი იყო «ვეფხისტყაოსნის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებისა და ალექსანდრე ყაზბეგის ერთტომეულის გამომცემელი. დავით კარიჭაშვილის კალამს ეკუთვნის ნაშრომები: «საქართველო მეთოთხმეტე საუკუნეში, «წიგნის ისტორია, «საქართველოს მოკლე ისტორია, «ქართული ენის გრამატიკა, «ხუცური ანბანი და ა. შ.
   ქართული სკოლის რეფორმატორად, ე. წ. «ახალი სკოლის იდეოლოგად გვევლინება ცნობილი პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე და პედაგოგი ივანე როსტომაშვილი (1865-1919). თბილისში 1901-1911 წლებში გამომავალი ჟურნალ-გაზეთები ფართოდ აშუქებდნენ ივანე როსტომაშვილის მიერ შემუშავებული «ახალი სკოლის პრინციპებს. ივანე როსტომაშვილი პროტესტს უცხადებდა არსებულ სკოლას, როგორც ბიუროკრატიულ დაწესებულებას, სადაც მხოლოდ «წიგნიური სწავლა იყო გაბატონებული და მოითხოვდა «ცხოვრების შესაფერისად სწავლა-აღზრდის მოწყობას, ე. ი. სამეურნეო-სატექნიკო საგნების სწავლებასა და სკოლაში შრომის პროცესის დანერგვას.
   ქართული ეროვნული სკოლების დაარსების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა მწერალმა და პუბლიცისტმა ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისამ (1849-1932). მისი პედაგოგიური ხასიათის წერილები ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებში იბეჭდებოდა გაზ. «დროებაში. ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისას სახელთანაა დაკავშირებული 1902 წელს თბილისში ქალთა დაწყებითი სკოლის გახსნა, 1908 წელს კი ქალთა ახალი საზოგადოების, «განათლების დაარსება.
   ქართველი ახალგაზრდობის ეროვნული სულისკვეთებით აღზრდისა და სკოლის გაეროვნულების საქმეში ასევე დიდი ღვაწლი მიუძღვით თბილისის მეხუთე გიმნაზიის პედაგოგსა და თბილისის ქალთა საოსტატო სემინარიის დამაარსებელს იაკობ ზედგენიძეს (1859-1943), გორის ვაჟთა პროგიმნაზიის ინსპექტორს მიხეილ ზაალიშვილს (1865-1920), ცნობილ ისტორიკოსსა და პედაგოგს თედო ჟორდანიას (1854-1916) და სხვ.
   ქართული განათლების სისტემის სრულყოფის საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანეს ქუთაისის პედაგოგიური სკოლის წარმომადგენლებმა. 1900 წელს «წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ქუთაისში გახსნილი ქართული სკოლის ხელმძღვანელობა დაავალა გამოჩენილ პედაგოგსა და მოღვაწეს იოსებ ოცხელს (1865-1919). 1905 წელს აღნიშნული სკოლა კერძო გიმნაზიად გადაკეთდა. იოსებ ოცხელს მხარში ედგნენ ბრწყინვალე პედაგოგები, რომელთა დიდი ძალისხმევის შედეგად გიმნაზია იმდენად პოპულარული გახდა, რომ კლასიკური გიმნაზიის მაგივრად თავადაზნაურთა შვილებიც კი აქ ამჯობინებდნენ სწავლას. ქართული გიმნაზიის ინსპექტორად მოღვაწეობდა მოსწავლეთა უსაყვარლესი პედაგოგი სილოვან ხუნდაძე (1860-1928), რომელიც «ნაციონალისტური შეხედულებების გამო მეფისნაცვლის ბრძანებით სამსახურიდან იქნა დათხოვნილი. ამავე სასწავლებელში გეოგრაფიის მასწავლებლად მუშაობდა გერასიმე ცაგარეიშვილი (1864-1927), ქართული ენის მასწავლებლად – იასონ ნიკოლაიშვილი (1865-1941), ფრანგულ ენას, ქართულ ლიტერატურასა და საქართველოს ისტორიას ასწავლიდა სიმონ ქვარიანი (1868-1946).
   ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა შემდგომში დიდმა ქართველმა მეცნიერმა, ექსპერიმენტული პედაგოგიური მიმდინარეობის ფუძემდებელმა დიმიტრი უზნაძემ (1886-1951). 1905 წელს რევოლუციაში მონაწილეობისათვის ხელისუფლებამ დიმიტრი უზნაძე სასწავლებლიდან დაითხოვა. იმავე წელს იგი მიემგზავრება გერმანიაში, სადაც ოთხი წლის შემდეგ იცავს სადოქტორო დისერტაციას და უკვე სახელმოხვეჭილი მეცნიერი კვლავ მშობლიურ გიმნაზიას უბრუნდება. გიმნაზიაში დიმიტრი უზნაძე ასწავლიდა მსოფლიო ისტორიასა და ფილოსოფიას. 1912 წელს გამოქვეყნდა დიმიტრი უზნაძის შესანიშნავი ნაშრომი «ექსპერიმენტული პედაგოგიკის შესავალი, 1914-1918 წლებში – «პირველყოფილი კულტურა და «აღმოსავლეთისა და საბერძნეთის ძველი და ახალი ისტორია.
   პირველი მსოფლიო ომის წინ ნათელი გახდა, რომ ცარიზმის რუსიფიკატორულმა პოლიტიკამ, რომელსაც იმპერიის განაპირა მხარეებში ახორციელებდნენ, საერთო მარცხი განიცადა. რეაქციის უკანდახევა დაადასტურა სრულიად რუსეთის სახალხო მასწავლებელთა პირველმა ყრილობამაც, რომელიც 1913 წლის დეკემბერსა და 1914 წლის იანვარში მიმდინარეობდა. აღნიშნული ყრილობის მუშაობაში მონაწილე ქართველ პედაგოგთაგან არსებული საგანმანათლებლო სისტემის მკაცრი კრიტიკით გამოვიდნენ ივანე გომართელი და დიმიტრი უზნაძე. იმპერიის მოწინავე ინტელიგენციის ძალისხმევის შედეგად ყრილობამ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც დაწყებით და საშუალო სკოლებში სწავლება ეროვნულ ენაზე უნდა წარმართულიყო.
   1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ შესაძლებელი გახადა განათლების სფეროში ფართომასშტაბიანი ღონისძიებების განხორციელება. ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენდა 1917 წლის 19 ნოემბერს საქართველოს  პირველი ეროვნული ყრილობის მიერ მიღებული დადგენილება «სკოლის სრული ნაციონალიზაციის შესახებ. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, მოგვიანებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ სკოლის ნაციონალიზაციისა და დემოკრატიზაციისათვის შექმნა «სახალხო განათლების სისტემის სარეფორმო კომისია, რომლის თავმჯდომარედაც დიმიტრი უზნაძე დაინიშნა. სკოლა, რომელიც შეიცავდა რვაწლიან საზოგადო კურსს, ხდებოდა საყოველთაო და სავალდებულო, უფასო. გათვალისწინებულ იქნა ცნობილი პედაგოგის ივანე როსტომაშვილის «ახალი სკოლის პრინციპებიც, კერძოდ, შრომის საფუძველზე სწავლების დამკვიდრება, სასკოლო მეცადინეობების ლაბორატორიებსა და სახელოსნოებში გადატანა. 1920 წლიდან შემოღებულ იქნა სამსაფეხურიანი სწავლება, რომლის შემდეგაც მოსწავლეს უფლება ჰქონდა სწავლა გაეგრძელებინა უმაღლეს სასწავლებელში.
   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში მკვეთრად იმატა როგორც პირველდაწყებითი სკოლების რიცხვმა, ასევე მოსწავლეთა რაოდენობამაც. 1915 წელს მთელ საქართველოში არსებობდა 835 დაწყებითი სკოლა 75000 მოსწავლით, 1920 წელს – 1745 სკოლა 150000 მოსწავლით. დიდი ყურადღება მიექცა სასკოლო პროცესის ორგანიზაციულ მხარესაც. 1919 წელს შემუშავდა პირველდაწყებითი სახალხო სკოლების დროებითი პროგრამები (ავტორი ლუარსაბ ბოცვაძე). დიდი ყურადღება ექცეოდა სახელმძღვანელოების შექმნისა და გამოცემის საკითხსაც. იაკობ გოგებაშვილის «დედაენის, «ბუნების კარის@ გარდა სკოლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა შემდეგი სახელმძღვანელოები: იოსებ ოცხელის «ქრესტომათია, მიხეილ ზაალიშვილის «ბუნების მოკლე სახელმძღვანელო – ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია, დიმიტრი უზნაძის «ძველი საბერძნეთი და «რომის ისტორია, ილია ფერაძის «საქართველოს მოკლე ისტორია, სიმონ ქვარიანის «საქართველოს ისტორია, შემოკლებული ანუ ეპიზოდური კურსი, სიმონ ხუნდაძის «ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელო, გიორგი ახვლედიანის «რუსული ენის გრამატიკა, ალექსანდრე ჯანელიძის «დაწყებითი ფიზიკა და ა. შ.
   1918 წელს წარმატებით დაგვირგვინდა ქართული უნივერსიტეტის დაარსების საშვილიშვილო საქმე. თბილისში უნივერსიტეტის გახსნის მოთხოვნით, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში, გამოდიოდნენ თერგდალეულები ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, მაგრამ ცარიზმი არათუ ეროვნული, არამედ რუსული უნივერსიტეტის გახსნის სასტიკი წინააღმდეგიც კი იყო. უნივერსიტეტის გახსნის იდეა მუდამ ცოცხლობდა ქართველი ერის გონებაში, 1906 წელს დამთავრებული ქართული გიმნაზიის შენობაც ჩაფიქრებული იყო როგორც საუნივერსიტეტო შენობა. 1917 წლის თებერვალში რუსეთის თვითმპყრობელობის დამხობამ ქართული ინტელიგენციის მოწინავე ნაწილს საშუალება მისცა პრაქტიკულად განეხორციელებინა დიდი ხნის ნანატრი ოცნება – დაეარსებინა ეროვნული უნივერსიტეტი. 1917 წლის მარტში პეტერბურგში მყოფმა ივანე ჯავახიშვილმა საკუთარ ბინაში მოიწვია ქართველ მეცნიერთა ჯგუფი (იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, შალვა ნუცუბიძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, სიმონ ყაუხჩიშვილი და სხვანი), რომელთაც გააცნო თავისი მოსაზრება. ივანე ჯავახიშვილის ინიციატივითვე პეტერბურგში გაიმართა ქართული სათვისტომოს კრება, რომელსაც ზურაბ ავალიშვილი თავმჯდომარეობდა. კრებამ ერთხმად დაადგინა, მოლაპარაკებოდნენ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს და დაუყოვნებლივ შესდგომოდნენ თბილისში უნივერსიტეტის გახსნისათვის სამზადისს. უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებით საქართველოში არაერთგვაროვანი აზრი არსებობდა. თბილისის საბჭო დროებითი მთავრობის წინაშე სვამდა საკითხს, რათა თბილისში გადმოეტანათ ევაკუირებული იურიევის (ტარტუ) უნივერსიტეტი. ამიერკავკასიის კომისარიატი მომხრე იყო თბილისში პოლიტექნიკური სასწავლებლის გახსნისა. საზოგადოების ერთი ნაწილი კი, მათ შორის აკადემიკოსი ნიკო მარიც, ნაადრევად მიიჩნევდა ეროვნული უნივერსიტეტის გახსნას, რასაც ქართული სამეცნიერო კადრების სიმცირით ასაბუთებდა. ნიკო მარი შიშს გამოთქვამდა, რომ თბილისში უნივერსიტეტის გახსნა დაასუსტებდა პეტერბურგის ქართველოლოგიურ სკოლას, ამიტომ იგი მხარს უჭერდა რუსულენოვანი «კავკასიის პოლიტექნიკური ინსტიტუტის» შექმნას. ისინი ამიერკავკასიის კომისარიატისაგან ითხოვდნენ ქალთა უმაღლესი კურსების ბაზაზე სხვადასხვა ეროვნებათა წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული უნივერსიტეტის შექმნას. არსებული წინააღმდეგობების მიუხედავად, თბილისში დაბრუნებულმა ივანე ჯავახიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა – პეტრე მელიქიშვილმა, ექვთიმე თაყაიშვილმა, კორნელი კეკელიძემ, ფილიპე გოგიჩაიშვილმა, დიმიტრი უზნაძემ, აკაკი შანიძემ, იუსტინე აბულაძემ, იოსებ ყიფშიძემ, შალვა ნუცუბიძემ და გიორგი ახვლედიანმა – რამდენიმე თვეში შეძლეს ყველა საორგანიზაციო საკითხის მოგვარება და ეროვნული საბჭოს მხარდაჭერით, 1918 წლის 26 იანვარს, ქართული გიმნაზიის შენობაში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ქართული უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ივანე ჯავახიშვილის წინადადებით უნივერსიტეტის პირველ რექტორად აირჩია ცნობილი ქართველი მეცნიერი, ქიმიკოსი პეტრე მელიქიშვილი. ივანე ჯავახიშვილმა განსაზღვრა უნივერსიტეტის სტატუსიც, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტს ჰქონდა სრული ავტონომია, თვითონ ირჩევდა რექტორს, ფაკულტეტების დეკანებს, პროფესორებს.
   უნივერსიტეტი თავდაპირველად კერძო უმაღლესი სასწავლებელი იყო. უნივერსიტეტში არსებობდა ერთადერთი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი, რომელშიც შედიოდა ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, ფილოსოფიის, ეკონომიკისა და იურიდიული განყოფილებები. შემდეგში მას დაემატა საბუნებისმეტყველო, მათემატიკური და აგრონომიული ფაკულტეტები. უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ შესანიშნავი მეცნიერები: ივანე ჯავახიშვილი (საქართველოს ისტორია, სამართლისა და ეკონომიკის ისტორია), კორნელი კეკელიძე (ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია), გრიგოლ წერეთელი (ძველი საბერძნეთისა და რომის ისტორია), აკაკი შანიძე (ქართული ენის გრამატიკა), გიორგი ახვლედიანი (ზოგადი ენათმეცნიერება), მიხეილ წერეთელი (ძველი აღმოსავლეთის ენები და ისტორია), გიორგი ჩუბინაშვილი (ქართული ხელოვნების ისტორია), ექვთიმე თაყაიშვილი (არქეოლოგია), შალვა ნუცუბიძე (ლოგიკა და ფილოსოფია), ფილიპე გოგიჩაიშვილი (ეკონომიკა), დიმიტრი უზნაძე (ფსიქოლოგია), ანდრია რაზმაძე (მათემატიკა)  და სხვანი.
2. მეცნიერება
   მეოცე  საუკუნის დასაწყისში ცარიზმი ხელოვნურად ზღუდავდა ეროვნული მეცნიერების განვითარებას. ხელისუფლების მხრიდან შექმნილი ბარიერების მიუხედავად, ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები, განსაკუთრებით ეროვნული მოძრაობის აღმავლობა, სტიმულს აძლევდა ეროვნული მეცნიერების, კერძოდ, მეცნიერების ჰუმანიტარული დარგების განვითარებას. ეს პროცესი ქართველი ერის სულიერი მოთხოვნითაც იყო განპირობებული.
   «ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით დაარსებული საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მიერ შეგროვებულ იქნა უნიკალური ხელნაწერები, ნაბეჭდი წიგნები, ნუმიზმატიკური კოლექცია და ეთნოგრაფიული მასალა, რაც ენათმეცნიერების, ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის დარგში შემდგომი კვლევისათვის შესანიშნავ ბაზას წარმოადგენდა. საისტორიო წყაროებისა და ძველი ქართული მწერლობის უნიკალური ძეგლების გამოვლენა-აღწერის საქმეში მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა 1902 წელს ნიკო მარისა და ივანე ჯავახიშვილის მოგზაურობა საბერძნეთში, პალესტინასა და სირია-იორდანიაში. აღსანიშნავია, რომ მათ მიერ უამრავ ხელნაწერს შორის იერუსალიმის ჯვრის მონასტერში აღმოჩენილ იქნა ძველი ქართული მწერლობის უნიკალური ძეგლი, გიორგი მერჩულეს «გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება.
   ამ პერიოდში ქართული ისტორიოგრაფიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს შესანიშნავმა მეცნიერებმა: თედო ჟორდანიამ (1852-1916), ექვთიმე თაყაიშვილმა (1863-1953), მოსე ჯანაშვილმა (1855-1934) და სარგის კაკაბაძემ (1886-1968). თედო ჟორდანიამ ორ წიგნად გამოსცა «ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა. ექვთიმე თაყაიშვილმა შეადგინა «საქართველოს სიძველენის სამტომეული. მასვე ეკუთვნის «ქართლის ცხოვრების ახალი, მარიამ დედოფლისეული ვარიანტის გამოცემაც. მოსე ჯანაშვილმა აღმოაჩინა «ქართლის ცხოვრების ე. წ. ჯანაშვილისეული ნუსხა, რომელიც 1907 წელს «ახალი ქართლის ცხოვრების სახელწოდებით გამოსცა. 1904 წელს მან გამოაქვეყნა ვახუშტი ბატონიშვილის «საქართველოს გეოგრაფიის ქართული ტექსტი და რუსული თარგმანი, 1909 წელს – ბასილ ზარზმელის «სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება. მოსე ჯანაშვილს ეკუთვნის წყაროთმცოდნეობითი ნაშრომი «ფარსადან გორგიჯანიძე. სარგის კაკაბაძემ შეადგინა და გამოსცა სიგელ-გუჯრების კრებული. მნიშვნელოვანი ნაშრომები შექმნეს: სერგი გორგაძემ («ეკლესია და სახელმწიფო ძველ საქართველოში, «ჩვენი მწერლობა), დავით კარიჭაშვილმა («საქართველო მეთორმეტე საუკუნეში, «წიგნის ისტორია), კიტა აბაშიძემ («ეტიუდები მეცხრამეტე საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან), არჩილ ჯორჯაძემ («მასალები ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიისათვის) და ა. შ.
   საქართველოს ისტორიის, ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობისა და საზოგადოებრივი აზროვნების საკითხების მეცნიერულ შესწავლაში უდიდესი წვლილი შეიტანეს რუსეთის უნივერსიტეტებში მოღვაწე ქართველმა მკვლევრებმა. ამ მხრივ ფასდაუდებელია პეტერბურგის უნივერსიტეტში შექმნილი ქართველოლოგიური სკოლის ღვაწლი, რომლის სათავეებთან იდგნენ თეიმურაზ ბაგრატიონი, მარი ბროსე და დავით ჩუბინაშვილი. მათ მიერ დაწყებული საქმე განაგრძო ალექსანდრე ცაგარელმა (1844-1929). იგი პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრას 1871 წლიდან განაგებდა. მას უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქართული ხელნაწერებისა და სხვა ისტორიული წყაროების შეგროვებასა და გამოცემაში, ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებითი შესწავლის საქმეში. პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური სკოლის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულა ალექსანდრე ცაგარლის მოწაფემ – ნიკო მარმა (1864-1934). ნიკო მარმა დიდი ამაგი დასდო ქართული სასულიერო და საერო მწერლობისა და ქართული კულტურის საკითხების შესწავლას, საქართველოს ისტორიის კვლევას.
   პეტერბურგის ქართველოლოგიურმა სკოლამ აღზარდა არაერთი გამოჩენილი ქართველოლოგი.
   1902 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში მოღვაწეობა დაიწყო დიდმა ქართველმა ისტორიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა (1876-1940), რომლის ფუნდამენტალურმა გამოკვლევებმაც სათავე დაუდო ქართული ისტორიული მეცნიერების ახალ ეტაპს. ივანე ჯავახიშვილმა კომპლექსურად გააშუქა ჩვენი ქვეყნის წარსული, მისი სოციალ-ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი და კულტურული ასპექტები. ივანე ჯავახიშვილის მიერ პეტერბურგში დაწერილი ნაშრომებიდან აღსანიშნავია «ქართველი ერის ისტორია (პირველი წიგნი გამოვიდა 1908 წელს, მეორე – 1914 წელს), 1916 წელს გამოცემული «ძველი ქართული საისტორიო მწერლობა ( მეხუთე-მეთვრამეტე სს.). ივანე ჯავახიშვილმა 1908 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა ქართული სამეცნიერო წრე, რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ აკაკი შანიძე, იოსებ ყიფშიძე და სხვები.
   მეოცე  საუკუნის დამდეგი ქართული ფილოლოგიური აზრის დიდი აღმავლობით აღინიშნა. ძველი ქართული მწერლობის ფუნდამენტურ კვლევას საფუძველი ჩაუყარა კორნელი კეკელიძემ (1879-1962). ქართული და ქართველური ენების შესწავლის საქმეს დიდი ღვაწლი დასდეს იოსებ ყიფშიძემ (1882-1919) და აკაკი შანიძემ (1887-1988).
   საქართველოში ეროვნულ-სამეცნიერო დაწესებულებათა არარსებობის გამო ქართველ ბუნებისმეტყველ მეცნიერთა უმრავლესობა წარმატებით მოღვაწეობდა რუსეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. დიდი რუსი მეცნიერის ივანე სეჩენოვის გარდაცვალების შემდეგ პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ფიზიოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი ივანე თარხნიშვილი (1846-1908). იგი იყო ელექტროფიზიოლოგიისა და, საერთოდ, ფიზიოლოგიური პროცესის ექსპერიმენტული კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ოდესის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა შესანიშნავი მეცნიერი, აგროქიმიკოსი ვასილ პეტრიაშვილი (1845-1908), რომელიც სიცოცხლის ბოლოს (1907 წ.) ამავე უნივერსიტეტის რექტორადაც კი აირჩიეს. მისმა ნაშრომებმა მერძევეობასა და მეღვინეობაში ქართული მეცნიერული ტექნოლოგიის დამკვიდრება განაპირობა. ოდესის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა მეორე დიდი ქიმიკოსი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის პრემიის ლაურეატი, ფრანგული საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი პეტრე მელიქიშვილი (1850-1927). მან შექმნა ახალი მიმართულება ფიზიკურ და ორგანულ ქიმიაში. პეტრე მელიქიშვილის უაღრესად დიდმა სამეცნიერო ავტორიტეტმა განაპირობა თბილისის უნივერსიტეტის პირველ რექტორად მისი არჩევა.
   საქართველოში მეცნიერების აღორძინების თვისებრივად ახალი ეტაპი იწყება თბილისის უნივერსიტეტის დაარსების დღიდან. უნივერსიტეტი არა მარტო ქართველოლოგიური მეცნიერებების კერას წარმოადგენდა, არამედ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კვლევის ცენტრადაც გადაიქცა. მის წიაღში აღმოცენდა შემდგომში საქვეყნოდ ცნობილი სამეცნიერო სკოლები: მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ფიზიოლოგიისა და სხვა დარგების. ქართული მეცნიერების განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ეროვნული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებას. 1919 წელს ივანე ჯავახიშვილი დაინიშნა «სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარედ, რომელმაც ცნობილი მეცნიერებით დააკომპლექტა შემდეგი დარგობრივი კომისიები: 1. საზოგადო ისტორიის (შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ ნათაძე და ა. შ.); 2. საქართველოს ისტორიის (ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე და ა. შ.); 3. ქართული ენისა და ლიტერატურის (აკაკი შანიძე, ვუკოლ ბერიძე, გიორგი ახვლედიანი და ა. შ.); 4. უცხო ენებისა და ლიტერატურის (იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი და ა. შ.); 5. მათემატიკის (ანდრია რაზმაძე, გიორგი ნიკოლაძე და ა. შ.); 6. ფიზიკა-ქიმიის (ანდრია დიდებულიძე, ალექსანდრე ჯავახიშვილი და ა. შ.); 7. ბიოლოგიური დარგებისა და ჰიგიენის (ზურაბ ყანჩაველი, დიმიტრი გედევანიშვილი, გიორგი ნათიშვილი და ა. შ.); 8. ფილოსოფიური დარგების (შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, სერგი დანელია და ა. შ.); 9. სპეციალური ტექნიკური დარგების (ილია ყიფშიძე, ანდრია დიდებულიძე და ა. შ.).
   მეცნიერების შემდგომი განვითარებისათვის უდავოდ დიდ მოვლენას წარმოადგენდა კავკასიის მუზეუმის გარდაქმნა საქართველოს მუზეუმად და საქართველოს ცენტრალური სამეცნიერო არქივის დაარსება.
3. პრესა და და პუბლიცისტიკა
   მეოცე  საუკუნის პირველი ოცწლეული ქართული პრესისა და პუბლიცისტიკის განსაკუთრებული აღმავლობის ხანა იყო. წინა პერიოდთან შედარებით ჟურნალ-გაზეთების რიცხვი თითქმის ათჯერ გაიზარდა. მრავალფეროვანი გახდა მათი ჟანრობრივ-თემატური ხასიათი. გამოდიოდა არა მარტო საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურულ-ლიტერატურული, არამედ სამეცნიერო, საისტორიო, პედაგოგიური, ეკონომიკური, სამედიცინო, თეატრალური, საბავშვო, რელიგიური, სატირულ-იუმორისტული ხასიათის პერიოდული გამოცემები.
   წამყვან როლს პოლიტიკური პარტიების პრესა ასრულებდა, რომელთაგან გამოირჩეოდა სოციალ-დემოკრატიული, სოციალ-ფედერალისტური, მოგვიანებით კი ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ბეჭდვითი ორგანოები. ამ პერიოდის პარტიული ჟურნალ-გაზეთები საზოგადოებრივ-პოლიტიკურთან ერთად კულტურულ-ლიტერატურულ ორგანოებსაც წარმოადგენდნენ.
   1898 წლიდან ქართველი სოციალ-დემოკრატების ორგანოს წარმოადგენდა გაზეთი «კვალი, რომლის გამოცემა 1904 წელს შეწყდა. 1905 წლიდან მენშევიკი სოციალ-დემოკრატები მრავალ ჟურნალ-გაზეთს გამოსცემდნენ. ბევრი მათგანი მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში გამოდიოდა და შემდეგ სხვა სახელწოდებით აგრძელებდა მოღვაწეობას. ასეთთა რიცხვს განეკუთვნებოდნენ: ჟურნალი «სოციალ-დემოკრატი; გაზეთები: «სხივი, «წინ, «გზა, «გრიგალი, «ზარი, «ლამპარი, «ნაპერწკალი, «ჩვენი ცხოვრება, «შიკრიკი. 1907 წლიდან 1917 წლამდე მენშევიკები გამოსცემდნენ გაზეთებს: «ლახვარი, «ცისკარი, «წყარო, «აზრი, «ალიონი, «ახალი დროება, «ჩვენი აზრი, «მომავალი , «ახალი საქმე, «სიმართლის ხმა და სხვ.
   შედარებით მცირე რაოდენობის ჟურნალ-გაზეთებს გამოსცემდნენ ბოლშევიკები. 1901 წელს ბოლშევიკებმა გამოსცეს არალეგალური რევოლუციური ორგანო «ბრძოლა; 1902 წელს – «ბრძოლის ფურცელი; 1903-1905 წლებში – «პროლეტარიატის ბრძოლა და «პროლეტარიატის ბრძოლის ფურცელი. რუსეთის პირველი რევოლუციის წლებში მენშევიკებთან ერთად ბოლშევიკები თანამშრომლობდნენ ჟურნალ «მოგზაურში (1905 წ.), რომელმაც განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ილია ჭავჭავაძის საწინააღმდეგო ცილისმწამებლური მასალის ბეჭდვით. მოგვიანებით გამოდიოდა ბოლშევიკური გაზეთები: «ელვა, «განთიადი, «ახალი ცხოვრება და «ჩვენი ცხოვრება. რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკებმა მხოლოდ რამდენიმე გაზეთის გამოცემა მოახერხეს, ისიც მცირე ხნით: «თბილისის პროლეტარი (1908 წ.); «მგზავრი, «თბილისის პროლეტარის ფურცელი (1910 წ.); «ჩვენი წყარო (1913 წ.).
   საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდნენ ეროვნულ-პოლიტიკური მიმართულების გაზეთები. ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სოციალისტ-ფედერალისტური პარტიული პრესის დამსახურება. 1900 წლის დეკემბრიდან 1906 წლამდე ქართველ ფედერალისტთა პარტიის ცენტრალურ ორგანოს გაზეთი «ცნობის ფურცელი წარმოადგენდა. როგორც ფორმატის მოცულობით, ისე ჟანრული მრავალფეროვნებით «ცნობის ფურცელი ქართული ჟურნალისტიკის მაღალ დონეს მოწმობდა. გაზეთის დახურვის შემდეგ «ცნობის ფურცლის მემკვიდრეობას აგრძელებდნენ: «შრომა, «გლეხი (1906 წ.); «მეგობარი, «მიწა (1906-1908 წწ.), «ისარი (1907-1908 წწ.); «ამირანი (1908 წ.); «დროება (1908-1910 წწ.). 1910 წლიდან ფედერალისტურმა პრესამ უფრო სტაბილური ხასიათი მიიღო: 1910-1914 წლებში გამოდიოდა «სახალხო გაზეთი; 1914-1917 წლებში – «სახალხო ფურცელი და სხვ.
   1910-იანი წლებიდან ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას შეემატა ეროვნულ-დემოკრატიული პრესა. 1912-1915 წლებში გამოდიოდა ჟურნალი «კლდე; 1915 წლიდან კი გამოსვლას იწყებს ეროვნულ-დემოკრატიული მიმდინარეობის ფლაგმანი – გაზეთი «საქართველო.
   1905-1907 წლების მონაკვეთი ანარქისტული პრესის ხანმოკლე ბუმით აღინიშნა. ზედიზედ გამოვიდა მცირე ფორმატისა და ტირაჟის რამდენიმე ანარქისტული ორგანო: ჟურნალი «ნობათი, გაზეთები: «მუშა, «ქარიშხალი, «წინ, «ცის ნამი. 1906 წელს «პატარა გაზეთის ოთხი ნომრის გამოცემა მოახერხეს ქართველმა ესერებმაც.
   1900-1917 წლების განმავლობაში რამდენიმე სხვა მიმართულების ჟურნალ-გაზეთიც გამოდიოდა. უპარტიო ეროვნულ პრესას განასახიერებდა ილია ჭავჭავაძისეული «ივერია, თუმცა მასში ილია კვლავინდებურ მონაწილეობას აღარ იღებდა.
   ხალხის სოციალური ინტერესების დაცვას ემსახურებოდნენ პროფესიული გაზეთები: «სავაჭრო გზა (1908 წ.); «მოსავალი (1909-1917 წწ.); «თემი (1911-1915 წწ.); «კოოპერაცია (1911-1919 წწ.); «სასოფლო გაზეთი (1912-1917 წწ.) და სხვ. გამოდიოდა სატირულ-იუმორისტული ჟანრის რამდენიმე ათეული ორგანო: «კოღო (1906 წ.); «ეშმაკი, «მასხარა (1907 წ.); «მათრახი , «დიპლიპიტო, «ზურნა, «ჭინჭარი და მრავალი სხვ. ჟურნალ-გაზეთები გამოდიოდა არა მარტო თბილისში, არამედ, ასევე, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ახალ სენაკში, სამტრედიაში, ზესტაფონსა და სიღნაღში. მეოცე  საუკუნის პირველი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში მრავალრიცხოვანი რუსული, სომხური და აგრეთვე სხვა უცხოენოვანი პრესაც არსებობდა. ასევე ქართული ჟურნალ-გაზეთები გამოიცემოდა საზღვარგარეთაც. 1903-1905 წლებში პარიზში გამოდიოდა ეროვნულ-პოლიტიკური მიმართულების გაზეთი «საქართველო.
   მეოცე  საუკუნის დამდეგის ქართულ პრესაში, იდეური ინტერესების არაერთგვაროვნების მიუხედავად, მოღვაწეობდა ბევრი შესანიშნავი პუბლიცისტი, როგორც ძველი თაობის წარმომადგენლები: იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყიფშიძე და სხვანი, ასევე ახალი თაობის მოღვაწეები: ნოე ჟორდანია, ფილიპე მახარაძე, არჩილ ჯორჯაძე, კიტა აბაშიძე, გიორგი ლასხიშვილი, რევაზ გაბაშვილი, გერონტი ქიქოძე, გრიგოლ რობაქიძე, ვარლამ ჩერქეზიშვილი, მიხაკო წერეთელი და სხვანი.
   ქართული პრესა თავისუფალი და მრავალფეროვანი გახდა 1917 წლიდან, განსაკუთრებით კი 1918 წლიდან. ამ პერიოდში ბეჭდვითი სიტყვა გათავისუფლდა იმპერიული ცენზურისაგან და საშუალება მიეცა თავისუფლად ეღვაწა ეროვნული სახელმწიფოსა და ქართველი ერის ინტერესებისათვის.
   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში წამყვან პოზიციებს ინარჩუნებდნენ სოციალ-დემოკრატიული («ერთობა), ფედერალისტური («სახალხო საქმე) და ეროვნულ-დემოკრატიული («საქართველო) პრესის ორგანოები. ამავე დროს გამოდიოდა მთავრობის გაზეთი – «საქართველოსრესპუბლიკა.
   1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მოსპობასთან ერთად დასრულდა ქართული მრავალპარტიული და თავისუფალი პრესის ეპოქაც.
4. ლიტერატურა
   მეოცე  საუკუნის დასაწყისში ქართული კულტურის განვითარებისა და ქართველი ერის ზნეობრივი აღზრდის საქმეში კვლავ დიდ როლს ასრულებდა მწერლობა. თვითმპყრობელობასთან ბრძოლაში ქართველი ხალხის სულიერ მეგზურად კვლავ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და  ვაჟა-ფშაველა გვევლინებიან. ისინი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობასთან ერთად ეწევიან აქტიურ სამწერლო და პუბლიცისტურ მოღვაწეობას, კვლავ ამკვიდრებენ ჩვენი ლიტერატურის მთავარ მიმდინარეობას – საქართველოში მეცნიერების აღორძინების თვისებრივად ახალი ეტაპი იწყება თბილისის უნივერსიტეტის დაარსების დღიდან. უნივერსიტეტი არა მარტო ქართველოლოგიური მეცნიერებების კერას წარმოადგენდა, არამედ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კვლევის ცენტრადაც გადაიქცა. მის წიაღში აღმოცენდა შემდგომში საქვეყნოდ ცნობილი სამეცნიერო სკოლები: მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ფიზიოლოგიისა და სხვა დარგების. ქართული მეცნიერების განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ეროვნული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებას. 1919 წელს ივანე ჯავახიშვილი დაინიშნა «სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარედ, რომელმაც ცნობილი მეცნიერებით დააკომპლექტა შემდეგი დარგობრივი კომისიები: 1. საზოგადო ისტორიის (შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ ნათაძე და ა. შ.); 2. საქართველოს ისტორიის (ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე და ა. შ.); 3. ქართული ენისა და ლიტერატურის (აკაკი შანიძე, ვუკოლ ბერიძე, გიორგი ახვლედიანი და ა. შ.); 4. უცხო ენებისა და ლიტერატურის (იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი და ა. შ.); 5. მათემატიკის (ანდრია რაზმაძე, გიორგი ნიკოლაძე და ა. შ.); 6. ფიზიკა-ქიმიის (ანდრია დიდებულიძე, ალექსანდრე ჯავახიშვილი და ა. შ.); 7. ბიოლოგიური დარგებისა და ჰიგიენის (ზურაბ ყანჩაველი, დიმიტრი გედევანიშვილი, გიორგი ნათიშვილი და ა. შ.); 8. ფილოსოფიური დარგების (შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, სერგი დანელია და ა. შ.); 9. სპეციალური ტექნიკური დარგების (ილია ყიფშიძე, ანდრია დიდებულიძე და ა. შ.).
   მეცნიერების შემდგომი განვითარებისათვის უდავოდ დიდ მოვლენას წარმოადგენდა კავკასიის მუზეუმის გარდაქმნა საქართველოს მუზეუმად და საქართველოს ცენტრალური სამეცნიერო არქივის დაარსება.
3. პრესა და და პუბლიცისტიკა
   მეოცე  საუკუნის პირველი ოცწლეული ქართული პრესისა და პუბლიცისტიკის განსაკუთრებული აღმავლობის ხანა იყო. წინა პერიოდთან შედარებით ჟურნალ-გაზეთების რიცხვი თითქმის ათჯერ გაიზარდა. მრავალფეროვანი გახდა მათი ჟანრობრივ-თემატური ხასიათი. გამოდიოდა არა მარტო საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურულ-ლიტერატურული, არამედ სამეცნიერო, საისტორიო, პედაგოგიური, ეკონომიკური, სამედიცინო, თეატრალური, საბავშვო, რელიგიური, სატირულ-იუმორისტული ხასიათის პერიოდული გამოცემები.
   წამყვან როლს პოლიტიკური პარტიების პრესა ასრულებდა, რომელთაგან გამოირჩეოდა სოციალ-დემოკრატიული, სოციალ-ფედერალისტური, მოგვიანებით კი ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ბეჭდვითი ორგანოები. ამ პერიოდის პარტიული ჟურნალ-გაზეთები საზოგადოებრივ-პოლიტიკურთან ერთად კულტურულ-ლიტერატურულ ორგანოებსაც წარმოადგენდნენ.
   1898 წლიდან ქართველი სოციალ-დემოკრატების ორგანოს წარმოადგენდა გაზეთი «კვალი, რომლის გამოცემა 1904 წელს შეწყდა. 1905 წლიდან მენშევიკი სოციალ-დემოკრატები მრავალ ჟურნალ-გაზეთს გამოსცემდნენ. ბევრი მათგანი მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში გამოდიოდა და შემდეგ სხვა სახელწოდებით აგრძელებდა მოღვაწეობას. ასეთთა რიცხვს განეკუთვნებოდნენ: ჟურნალი «სოციალ-დემოკრატი; გაზეთები: «სხივი, «წინ, «გზა, «გრიგალი, «ზარი, «ლამპარი, «ნაპერწკალი, «ჩვენი ცხოვრება, «შიკრიკი. 1907 წლიდან 1917 წლამდე მენშევიკები გამოსცემდნენ გაზეთებს: «ლახვარი, «ცისკარი, «წყარო, «აზრი, «ალიონი, «ახალი დროება, «ჩვენი აზრი, «მომავალი, «ახალი საქმე, «სიმართლის ხმა და სხვ.
   შედარებით მცირე რაოდენობის ჟურნალ-გაზეთებს გამოსცემდნენ ბოლშევიკები. 1901 წელს ბოლშევიკებმა გამოსცეს არალეგალური რევოლუციური ორგანო «ბრძოლა; 1902 წელს – «ბრძოლის ფურცელი; 1903-1905 წლებში – «პროლეტარიატის ბრძოლა და «პროლეტარიატის ბრძოლის ფურცელი. რუსეთის პირველი რევოლუციის წლებში მენშევიკებთან ერთად ბოლშევიკები თანამშრომლობდნენ ჟურნალ «მოგზაურში (1905 წ.), რომელმაც განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ილია ჭავჭავაძის საწინააღმდეგო ცილისმწამებლური მასალის ბეჭდვით. მოგვიანებით გამოდიოდა ბოლშევიკური გაზეთები: «ელვა, «განთიადი, «ახალი ცხოვრება და «ჩვენი ცხოვრება. რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკებმა მხოლოდ რამდენიმე გაზეთის გამოცემა მოახერხეს, ისიც მცირე ხნით: «თბილისის პროლეტარი (1908 წ.); «მგზავრი, «თბილისის პროლეტარის ფურცელი (1910 წ.); «ჩვენი წყარო (1913 წ.).
   საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდნენ ეროვნულ-პოლიტიკური მიმართულების გაზეთები. ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სოციალისტ-ფედერალისტური პარტიული პრესის დამსახურება. 1900 წლის დეკემბრიდან 1906 წლამდე ქართველ ფედერალისტთა პარტიის ცენტრალურ ორგანოს გაზეთი «ცნობის ფურცელი წარმოადგენდა. როგორც ფორმატის მოცულობით, ისე ჟანრული მრავალფეროვნებით «ცნობის ფურცელი ქართული ჟურნალისტიკის მაღალ დონეს მოწმობდა. გაზეთის დახურვის შემდეგ «ცნობის ფურცლის მემკვიდრეობას აგრძელებდნენ: «შრომა, «გლეხი (1906 წ.); «მეგობარი, «მიწა (1906-1908 წწ.), «ისარი (1907-1908 წწ.); «ამირანი (1908 წ.); «დროება (1908-1910 წწ.). 1910 წლიდან ფედერალისტურმა პრესამ უფრო სტაბილური ხასიათი მიიღო: 1910-1914 წლებში გამოდიოდა «სახალხო გაზეთი; 1914-1917 წლებში – «სახალხო ფურცელი და სხვ.

   1910-იანი წლებიდან ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას შეემატა ეროვნულ-დემოკრატიული პრესა. 1912-1915 წლებში გამოდიოდა ჟურნალი «კლდე; 1915 წლიდან კი გამოსვლას იწყებს ეროვნულ-დემოკრატიული მიმდინარეობის ფლაგმანი – გაზეთი «საქართველო.
   1905-1907 წლების მონაკვეთი ანარქისტული პრესის ხანმოკლე ბუმით აღინიშნა. ზედიზედ გამოვიდა მცირე ფორმატისა და ტირაჟის რამდენიმე ანარქისტული ორგანო: ჟურნალი «ნობათი, გაზეთები: «მუშა, «ქარიშხალი, «წინ, «ცის ნამი. 1906 წელს»პატარა გაზეთის ოთხი ნომრის გამოცემა მოახერხეს ქართველმა ესერებმაც.    1900-1917 წლების განმავლობაში რამდენიმე სხვა მიმართულების ჟურნალ-გაზეთიც გამოდიოდა. უპარტიო ეროვნულ პრესას განასახიერებდა ილია ჭავჭავაძისეული»ივერია, თუმცა მასში ილია კვლავინდებურ მონაწილეობას აღარ იღებდა.   ხალხის სოციალური ინტერესების დაცვას ემსახურებოდნენ პროფესიული გაზეთები:»სავაჭრო გზა (1908 წ.); «მოსავალი (1909-1917 წწ.); «თემი (1911-1915 წწ.); «კოოპერაცია (1911-1919 წწ.); «სასოფლო გაზეთი (1912-1917 წწ.) და სხვ. გამოდიოდა სატირულ-იუმორისტული ჟანრის რამდენიმე ათეული ორგანო: «კოღო (1906 წ.); «ეშმაკი, «მასხარა (1907 წ.); «მათრახი, «დიპლიპიტო, «ზურნა, «ჭინჭარი და მრავალი სხვ. ჟურნალ-გაზეთები გამოდიოდა არა მარტო თბილისში, არამედ, ასევე, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ახალ სენაკში, სამტრედიაში, ზესტაფონსა და სიღნაღში. მეოცე  საუკუნის პირველი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში მრავალრიცხოვანი რუსული, სომხური და აგრეთვე სხვა უცხოენოვანი პრესაც არსებობდა. ასევე ქართული ჟურნალ-გაზეთები გამოიცემოდა საზღვარგარეთაც. 1903-1905 წლებში პარიზში გამოდიოდა ეროვნულ-პოლიტიკური მიმართულების გაზეთი «საქართველო.
   მეოცე  საუკუნის დამდეგის ქართულ პრესაში, იდეური ინტერესების არაერთგვაროვნების მიუხედავად, მოღვაწეობდა ბევრი შესანიშნავი პუბლიცისტი, როგორც ძველი თაობის წარმომადგენლები: იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყიფშიძე და სხვანი, ასევე ახალი თაობის მოღვაწეები: ნოე ჟორდანია, ფილიპე მახარაძე, არჩილ ჯორჯაძე, კიტა აბაშიძე, გიორგი ლასხიშვილი, რევაზ გაბაშვილი, გერონტი ქიქოძე, გრიგოლ რობაქიძე, ვარლამ ჩერქეზიშვილი, მიხაკო წერეთელი და სხვანი.
   ქართული პრესა თავისუფალი და მრავალფეროვანი გახდა 1917 წლიდან, განსაკუთრებით კი 1918 წლიდან. ამ პერიოდში ბეჭდვითი სიტყვა გათავისუფლდა იმპერიული ცენზურისაგან და საშუალება მიეცა თავისუფლად ეღვაწა ეროვნული სახელმწიფოსა და ქართველი ერის ინტერესებისათვის.
   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში წამყვან პოზიციებს ინარჩუნებდნენ სოციალ-დემოკრატიული («ერთობა), ფედერალისტური («სახალხო საქმე) და ეროვნულ-დემოკრატიული («საქართველო) პრესის ორგანოები. ამავე დროს გამოდიოდა მთავრობის გაზეთი – «საქართველოს რესპუბლიკა.
   1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მოსპობასთან ერთად დასრულდა ქართული მრავალპარტიული და თავისუფალი პრესის ეპოქაც.
4. ლიტერატურა
   მეოცე  საუკუნის დასაწყისში ქართული კულტურის განვითარებისა და ქართველი ერის ზნეობრივი აღზრდის საქმეში კვლავ დიდ როლს ასრულებდა მწერლობა. თვითმპყრობელობასთან ბრძოლაში ქართველი ხალხის სულიერ მეგზურად კვლავ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და  ვაჟა-ფშაველა გვევლინებიან. ისინი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობასთან ერთად ეწევიან აქტიურ სამწერლო და პუბლიცისტურ მოღვაწეობას, კვლავ ამკვიდრებენ ჩვენი ლიტერატურის მთავარ მიმდინარეობას – რიტიკულ რეალიზმს. თერგდალეულთა ტრადიციებს აგრძელებენ მწერლები: დავით კლდიაშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, ვასილ ბარნოვი, შიო არაგვისპირელი, მიხეილ ჯავახიშვილი, შალვა დადიანი და სხვანი. მართალია, ამ პერიოდში ასპარეზზე გამოდის რევოლუციონერ მწერალთა ჯგუფიც (იროდიონ ევდოშვილი, ჭოლა ლომთათიძე, ნოე ჩხიკვაძე, გიორგი ქუჩიშვილი და სხვანი), მაგრამ ეს მიმდინარეობა ვერ ცვლის ქართული მწერლობის თვითმყოფადობასა და ეროვნული კონცეფციის ილიასეულ ხაზს. იგივე შეიძლება ითქვას რუსეთის პირველი რევოლუციის დამარცხების შემდეგ, ე. ი. საყოველთაო დაბნეულობის პერიოდში ქართულ მწერლობაში მოდადქცეული სიმბოლისტური მიმდინარეობების შესახებაც.
   ვასილ ბარნოვი (ბარნაველი) (1857-1934) დაიბადა სოფელ კოდაში. თბილისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი მიემგზავრება მოსკოვში, სადაც პირველ წელს ქართული გვარის გამო უარს ეუბნებიან სასულიერო აკადემიაში მიღებაზე. 1878 წელს ბარნოვის გვარით იგი ჩაირიცხა სასულიერო აკადემიაში, რომლის წარმატებით დამთავრების შემდეგ უარს ამბობს რუსეთის ერთ-ერთ ეპარქიაში სამსახურზე და სამშობლოში დაბრუნებისთანავე, ილია ჭავჭავაძის რჩევით, პედაგოგიურ საქმიანობას იწყებს. ვასილ ბარნოვი ასწავლიდა სენაკის, გორის, თბილისისა და თელავის სასულიერო სასწავლებლებში.  თანამშრომლობდა ილიას «ივერიაში, გაზეთ «მწყემსში. სისტემატურად აქვეყნებდა ეთნოგრაფიულ, ბიბლიოგრაფიულ და რელიგიური ხასიათის წერილებს. მეცხრამეტე საუკუნის 90-იანი წლებიდან ვასილ ბარნოვი დიდ სამწერლო ასპარეზზე გამოდის. ჟურნალ «ჯეჯილში და «კვალში აქვეყნებს თავის პირველ მოთხრობებს («სესე, «პაპუნა, «პატარა ლევანი, «სვიმონი). 1901 წლიდან მწერლის შემოქმედებაში წამყვან ადგილს იკავებს ღრმად ფილოსოფიური ისტორიული რომანი. მეოცე  საუკუნის პირველ მეოთხედში იწერება: «ისნის ცისკარი, «სახიფათო სიყვარული, «მიმქრალი შარავანდედი, «ტრფობა წამებული, «ხაზართა სასძლო, «არმაზის მსხვრევა, «გიორგი სააკაძე, «დედოფალი ბიზანტიისა, «თამარ მრწემი, «პირიმზე, «ისკანდერი. აღნიშნული ნაწარმოებებით ვასილ ბარნოვი ქართულ ლიტერატურაში მხატვრულ-ისტორიული პროზის დამამკვიდრებლად გვევლინება. მწერალი უდიდეს მისიას აკისრებს დადებით გმირსა და მის სიყვარულს, როგორც სიკეთის საწყისს, რომელიც ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას – სატანურ საწყისს.
   დავით კლდიაშვილი (1862-1930). ქართული რეალისტური მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ქართულ პროზაში ტრაგიკულ-დრამატული და კომიკური სახეების შექმნის უბადლო ოსტატი, დაიბადა იმერეთის სოფელ სიმონეთში, ღარიბი აზნაურის ოჯახში. მომავალი მწერალი ადრე დაობლებულა და მეზობელი გლეხის დათიკა გიორგაძის დახმარებით დაუმთავრებია ქუთაისის ორკლასიანი სასწავლებელი. ათი წლისა სხვა ქართველ თანატოლებთან ერთად გაუგზავნიათ კიევში, სადაც ჩარიცხულა მილიუტინის სამხედრო სასწავლებელში. 1880 წელს დავით კლდიაშვილი შედის მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში, რომელსაც პორუჩიკის ჩინით ამთავრებს და სამსახურს იწყებს ბათუმის გარნიზონში. ბათუმში დავით კლდიაშვილმა თითქმის საუკუნის მეოთხედი გაატარა. დედასამშობლოსთან ახლად შემოერთებულ ბათუმში იგი ხვდებოდა იმ პერიოდის ქართული ინტელიგენციის შესანიშნავ წარმომადგენლებს, აქ ყალიბდებოდა მისი ეროვნული მსოფლმხედველობა, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა მწერლის შემოქმედებითი პოზიცია. თავის მოთხრობებში დავით კლდიაშვილი გვიხატავს სოციალურ სინამდვილეს, წვდება ამ სინამდვილის მსხვერპლთა შინაგან სულიერ მდგომარეობას, ქმნის ღრმად ფსიქოლოგიურ ხასიათებს. მისი მხატვრული ოსტატობა განსაკუთრებული სისრულით გამოვლინდა გაღარიბებულ აზნაურთა ყოფის ამსახველ მოთხრობებსა და პიესებში («სოლომან მორბელაძე, «ირინეს ბედნიერება, «ქამუშაძის გაჭირვება, «დარისპანის გასაჭირი, «სამანიშვილის დედინაცვალი, «ბაკულას ღორები და ა. შ.). ამ ნაწარმოებებში ავტორმა «შემოდგომის აზნაურის სახით დახატა ფუნქციადაკარგული მთელი სოციალური წოდება. «შემოდგომის აზნაურში იგი მარტო კომიკურ პერსონაჟს როდი ხედავდა, მასში საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ურთიერთობასთან შეუგუებელ, გაუბედურებულ ადამიანთა დრამასაც ასახავდა. აქედან გამომდინარე, დავით კლდიაშვილის იუმორის წყარო ცალკეული ადამიანი კი არ არის, არამედ თვით ცხოვრებაა.
   შიო არაგვისპირელი (დედაბრიშვილი) (1867-1926) დაიბადა ღარიბი მღვდლის ზაქარია დედაბრიშვილის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო დუშეთის სამოქალაქო სასწავლებელში. მამის სიკვდილის შემდეგ გადაიყვანეს ჯერ თბილისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი სასულიერო სემინარიაში. 1890 წელს შიო არაგვისპირელი შედის ვარშავის საბეითლო (ვეტერინარული) ინსტიტუტში. ვარშავაში სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად შიო არაგვისპირელმა შექმნა პატრიოტული ორგანიზაცია – «საქართველოს თავისუფლების ლიგა. «ლიგაში აქტიური მოღვაწეობისათვის იგი დააპატიმრეს და ცხრა თვე საპყრობილეში გაატარა. 1895 წელს მომავალი მწერალი სამშობლოში ბრუნდება და სპეციალობით იწყებს მუშაობას. თვითონაც სიღატაკეში გაზრდილი კიდევ უფრო ახლო ეცნობა სოფლად არსებულ სინამდვილესა და ქართველი გლეხკაცის ავბედით ცხოვრებას. სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება მისი მსოფლმხედველობისათვის მისაღები სამწერლო თემატიკა: გაარკვიოს ადამიანის რაობისა და საზოგადოებასთან მისი ურთიერთობის საკითხები და ასახოს დაბეჩავებული გლეხკაცის ცხოვრება. შიო არაგვისპირელი თავის თანამედროვე მწერალთა შორის ერთადერთია, რომელმაც შემოქმედების ძირითად ჟანრად აიღო ნოველა, რომელიც ახალ საფეხურზე აიყვანა.   













Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий