вторник, 28 апреля 2015 г.

უძველესი ქართული ტექსტი?



გოჩა კუჭუხიძე
ძვ. წ-ის IV-III სს-ით დათარიღებულ ხეთურ რელიგიურ ტექსტებს შორის შემორჩენილია ხეთურ კერპთა აღწერილობანი, რომლებიც ქართულად აკად. გრიგოლ გიორგაძემ თარგმნა (1,149-151). ტექსტებს იმ მიზნით წერდნენ, რომ ზუსტად ჰქონოდათ დადგენილი, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ამა თუ იმ კერპის იკონოგრაფია, რომელი მასალისაგან უნდა დაემზადებინათ ეს კერპი, განსაზღვრულიყო საკულტო ინვენტარი, კერპის ადგილმდებარეობა და სხვა, რათა „საჭიროების შემთხვევაში აღედგინათ დანგრეული ტაძრები და ძველი კერპები“ (1,148). ამ ტექსტებს „აღწერილობანი“ კ. გ. ბრანდეშტაინმა და ლ. იაკობ-როსტმა უწოდეს (იქვე).

გრ. გიორგაძემ გაარკვია, რომ ხეთურ კერპთა აღწერილობანი თითქმის იდენტურია „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-სა და „ქართლის ცხოვრებაში“ შემონახულ არმაზის, გაცისა და გას აღწერათა ტექსტებისა (1,151-156), რომ ერთნაირია ხეთურ და ქართულ კერპთა აღწერილობების სტრუქტურა. ორივე შემთხვევაში გამოიყოფა „აღწერილობის ძირითადი კომპონენტები: კერპის ანთროპომორფულობა და სქესი, მისი პოზა, მასალა, რომლითაც იგი დამზადდა, ღვთაების ატრიბუტები, ღვთაების ბუნება, მისი ჩაცმულობა, კერპის თანმხლები ღვთაების არსებობა“ (1,153). შეიძლება თამამად ითქვას, რომ გრ. გიორგაძის დაკვირვებები საეტაპო მნიშვნელობისაა ქართული წარმართობის ისტორიის კვლევისათვის.
ხეთურ კერპთა აღწერილობები მრავალრიცხოვანია. მსგავსება მართლაც უდავოა. აი, ხეთური ტექსტების გრ. გიორგაძისეული თარგმანის ერთი ნაწილი:
„ღვთაება იშთარი (მკვლევარის აღნიშვნით, მისი ხეთური სახელი უცნობია, - გ. კ. - 1,149): [ქალღვთაება], მჯდომარე. მხრებიდან [ფრთები გამოსდის]; მარჯვენა ხელში ოქროს თასი [უპყრია, მარცხენა ხელში] აქვს ოქროს „სიკეთე“ (მთარგმნელის თქმით, - ეს რომელიღაც სიმბოლოა, გ. კ. - იქვე). მის ქვემოთ საყრდენია, მოვერცხლილი, [რომლის ქვეშ] დევს ლომის გამოსახულება, მოვერცხლილი. ლომის ფრთების მარჯვნივ [და მარცხნივ] ქალღვთაება ნინათა (და) ქალღვთაება ქულითა დგანან. ისინი ვერცხლისაა, მათი თვალები მოოქრულია“ (1,149).
„ღვთაება იშთარი „ძახილისა“: ოქროს ქანდაკება, მდგომარე მამაკაცი. მხრებიდან ფრთები გამოსდის. მარჯვენა ხელში ოქროს ცული უპყრია, მარცხენა ხელში კი ოქროს „სიკეთე“ აქვს; დგას კუდიან ლომზე, მოვერცხლილზე, რომლის მკერდი მოოქრულია. ფრთებიდან მარჯვნივ და მარცხნივ ქალღვთაება ნინათა და ქალღვთაება ქულითა დგანან“ (იქვე).
შევადაროთ ეს აღწერილობები ქართულ კერპთა აღწერებს:
„კაცი ერთი სპილენძისაჲ და ტანსა მისსა ეცუა ჯაჭჳ ოქროჲსაჲ და ჩაფხუტი ოქროჲსაჲ და სამჴარნი ესხნეს ფრცხილი და ბივრიტი და ჴელსა მისსა აქუნდა ჴრმალი ლესული, რომელი ბრწყინვიდა და იქცევოდა ჴელსა შინა [...] და მარჯულ მისა დგა კერპი ოქროჲსაჲ და სახელი მისი გაცი, და მარცხლ მისა კერპი ვეცხლისაჲ და სახელი მისი გა“ (2,21).
„კაცი ერთი სპილენძისა, ტანსა მისსა ეცუა ჯაჭჳ ოქროსი, და თავსა მისსა ჩაბალახი მყარი, და თუალნი ესხნეს ზურმუხტი და ბივრიტი, და ჴელთა მისთა აქუნდა ჴრმალი ბრწყინვალე, ვითარცა ელვა და იქცეოდა ჴელთა შინა [...], და კუალად იყო მარჯუენით მისსა კაცი ოქროსი და სახელი მისი გაცი და მარცხენით მისსა უდგა კაცი ვეცხლისა, და სახელი მისი გაიმ“ (4,89).
გრ. გიორგაძის აზრით, ხეთების სამეფოს განადგურების შემდეგ (დაახლ. ძვ. წ-ის 1200 წ.) ჭოროხისა და ზემო ევფრატის ტერიტორიიდან მუშქების ნაწილი ჩრდილოეთისაკენ, ნაწილი სამხრეთისაკენ უნდა გადანაცვლებულიყო და მათ ისტორიულ ქართლში უნდა გადმოეტანათ ანატოლიასთან, - ხეთების სამეფოსთან დაკავშირებული რელიგიური ტრადიციებიც, რომლებიც ძვ. წ-ის III ს-მდე, ე.ი ფარნავაზის მიერ საკულტო რეფორმის გატარებამდე იარსებებდა (1,157); ე.ი უნდა ვივარაუდოთ, რომ, როგორც ამაზე ქართული წყაროები მიგვანიშნებს, ქართველთა ზოგიერთ ტომს, გრ. გიორგაძის თქმით, - „ყოველ ეჭვს გარეშე, ისტორიული ქართლის უფრო სამხრეთით მდებარე“ (1,157) „არიან ქართლიდან“ მოუტანია კერპები, რომლებიც ხეთურ კერპებთან ამჟღავნებდა სიახლოვეს (იქვე)...
გვინდა ჩვენი მოსაზრება გამოვთქვათ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რა მიზეზები უნდა განაპირობებდეს ხეთურ და ქართულ კერპთა აღწერილობების ტექსტოლოგიურ სიახლოვეს.
ხეთურ და ქართულ ტექსტებზე დაკვირვებიდან აშკარად ჩანს, რომ მათ შორის უშუალო კავშირი არსებობს; ტრადიციის თანახმად, კერპები წმიდა ნინოს უნახავს და იგი ხილულს აღგვიწერს; „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ II ნაწილში, ე.ი „წმიდა ნინოს ცხოვრებაში“ თხრობა პირველ პირშია. ეს ნაწარმოები ლეონტი მროველს თავის „მეფეთა ცხოვრებაში“ ჩაურთავს და ნინოსეული თხრობა მესამე პირში გადაუტანია. თუ ქართული ტექსტებიდან ამოვიღებთ ზოგიერთ ზმნას („ეცუა“, „ესხნეს“, „აქუნდა“...), რომლებიც წარსულ დროშია ჩაყენებული და რომელიც ბუნებრივ, თხრობით კილოს ანიჭებს „წმიდა ნინოს ცხოვრების“ ამ ადგილს, ან თუ ამ ზმნებს აწმყო დროში გადავიყვანთ, მაშინ ჩვენს წინაშე წარმოჩნდება ზუსტად ისეთივე მკაფიო სტრუქტურით ჩამოყალიბებული ტექსტი, როგორიც ხეთურია და რომელიც, როგორც ჩანს, ლაკონურად განსაზღვრავს კერპთა იკონოგრაფიას, ატრიბუტიკას, დასამზადებელ მასალას, კერპთა ადგილმდებარეობას; აშკარად ჩანს, რომ ხეთურ და ქართულ „აღწერილობებს“ შორის სიახლოვე შემთხვევითი არ არის და რომ არმაზის, გაცისა და გას აღწერებიც ე.წ. „საინვენტარო ტექსტებს“ წარმოადგენს.
ბოლო დროის გამოკვლევებით აშკარად ირკვევა, რომ „წმიდა ნინოს ცხოვრება“ IV ს-თან დაკავშირებული ძეგლია (რევაზ სირაძე, მარინა ჩხარტიშვილი, რევაზ ბარამიძე, ლელა პატარიძე, გურამ ნარსიძე, მაია ნაჭყებია... 5; 6; 7; 8...); ცხადია, გადაწერისას ამ ნაწარმოებს გარკვეული ცვლილებები აქვს განცდილი, თუმც, სათანადო მუშაობის შემდეგ მისი არქეტიპის აღდგენა, ვფიქრობთ, შესაძლებელი გახდება. ეს ნაწარმოები მართლაც თავად წმიდა ნინოსა და ძეგლში მოხსენიებული, - მოვლენათა სხვა თვითმხილველების მონათხრობის საფუძველზე უნდა იყოს შექმნილი. მონათხრობის ჩამწერი, ერთ-ერთი რედაქტორი (ოღონდ არა - ავტორი), როგორც ნაწარმოებიდან ჩანს, არის სალომე უჯარმელი.
ამ რამდენიმე წლის წინ შესრულებულ ნაშრომში ჩვენ აღვნიშნავდით, რომ „წმიდა ნინოს ცხოვრებაში“ კერპების აღწერა გაუქმებული წარმართული ტაძრიდან გამოტანილი ტექსტის მიხედვით უნდა იყოს გაკეთებული (9,133-134); ჩანს, რედაქტირებისას წმიდა ნინოსეული მონათხრობი ამ ტექსტის მიხედვით დაუზუსტებიათ. „წმიდა ნინოს ცხოვრება“ იმ დროს იწერება, როცა კერპები უკვე დანგრეულია და კერპთა ზუსტი აღწერისათვის რედაქტორები „აღწერილობათა“ ტექსტით ისარგებლებდნენ. „წმიდა ნინოს ცხოვრებაში“ ჩართვისას „აღწერილობების“ ტექსტში ზმნებს წარსულ დროში გადაიყვანდნენ, ან ზოგს ამოიღებდნენ, რათა „ცხოვრებაში“ ჩართულ ამ ტექსტს თხრობითი სახე მიეღო და ნაწარმოების საერთო სტილს მისადაგებოდა.
ფარნავაზ მეფე აარსებს კერპ არმაზს, რომელიც ჰგავს როგორც ირანულ აჰურამაზდას, ისე ბერძნულ-რომაულ ზევსსა და იუპიტერს, ოღონდ, მხოლოდ ჰგავს, მაგრამ დამოუკიდებელი, თავისთავადი სახის მქონეა. ჩანს, რეფორმამდე კერპთა ტრიადა უკვე არსებობდა, ოღონდ მასში არმაზის ადგილი ხეთურ-ლუვიურ არმას ეკავა (ამ საკითხებზე ვრცლად ვმსჯელობთ წერილში - 10).
ფარნავაზის, როგორც რელიგიური რეფორმატორის, მოღვაწეობა, ვფიქრობთ, კულტმსახურების ენობრივ მხარესთან მჭიდროდ იქნებოდა დაკავშირებული. ფარნავაზმა „განავრცო ენაჲ ქართული“, მისი მოღვაწეობის შემდეგ „არღარა იზრახებოდა სხუაჲ ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა“, მან „შექმნა მწიგნობრობა ქართული“; ფარნავაზის სახელმწიფოში არმაზული ტაძარი, ცხადია, იდეოლოგიის ცენტრი იყო, - ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ქვეყანაში, სადაც, ქართულის გარდა, სხვა ენა არ „იზრახებოდა“, კულტმსახურების ენა ქართული არ ყოფილიყო, რომ ქართლის წარმართული ტაძარი არ იყო ქართულენოვანი.
ფარნავაზის ისტორია ლეონტი მროველმა შემოგვინახა; მას თავის „მეფეთა ცხოვრებაში“, „წმიდა ნინოს ცხოვრების“ გარდა, ჩართული უნდა ჰქონდეს, როგორც რევაზ ბარამიძე მიიჩნევს, - ფარნავაზ მეფის ცხოვრების ახლო პერიოდში შექმნილი ძეგლი - „ფარნავაზიანი“ (11) და, ასევე, - „მირიანის ცხოვრება“...
ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებაშიც“ ფარნავაზ და მირიან მეფეებზე საუბრისას აშკარად იგრძნობა, რომ ფარნავაზის მიერ დაარსებული კერპი „ქართულენოვანი“ იყო და რომ მირიან მეფეც ქრისტიანობაზე მოქცევამდე ქართულ ენასთან დაკავშირებულ კერპებს ემსახურებოდა. დავუკვირდეთ ლეონტი მროველისეულ ტექსტს:
ფარნავაზის შესახებ ჯერ ნათქვამია, რომ მან „განავრცო ენა ქართული“ და „შექმნა მწიგნობრობა ქართული“ და შემდეგ წერია: „მოკუდა ფარნავაზ და დაფლეს წინაშე არმაზისა კერპისა“... კონტექსტიდან აშკარად იგრძნობა, რომ არმაზი ქართულენოვან სამყაროსთან დაკავშირებული კერპია; ამ კონტექსტით, - ფარნავაზმა ქართული ენის განვრცობით, „ქართული მწიგნობრობის“ შექმნით, დიდი ღვაწლი გასწია და ამ დიდი ეროვნული ამაგის გამღები მეფე ბოლოს თავისი კერპის წინაშე ვალმოხდილი „დაემარხა“; როცა ნაჩვენებია, რომ „ქართული მწიგნობრობის“ შექმნით ქართველთა ღვთაების წინაშე აღსრულდა ვალი, ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთაება ქართულენოვანი რელიგიური სამყაროს „წარმომადგენელია“, საფიქრებელია, რომ ტექსტში კერპისადმი ერთგვარი სიმპათიის გამოვლენა ძველი წყაროდან მომდინარეობს, - ლეონტი მროველი, შესაძლოა, ოდნავ ცვლის ტექსტს, მაგრამ ამ წყაროს საერთო განწყობილება „მეფეთა ცხოვრებაშიც“ ისახება...
მირიანი „მეფეთა ცხოვრებაში“ წარმოშობით ირანელადაა წარმოჩენილი; ირანის შაჰი ქართლის დიდებულებს ამ პირობას უდებს: „იყოს შვილი ჩემი ორსავე სჯულსა ზედა, მამათა ჩუენთა ცეცხლსმსახურებასა და თქუენთა კერპთასა“... შემდეგ ნათქვამია, რომ მირიანი აღიზარდა „მსახურებასა შვიდთა მათ კერპთასა და ცეცხლისასა. ხოლო შეიყუარნა ქართუელნი და დაივიწყა ენა სპარსული და ისწავა ენა ქართული. და ჰმატა შემკობა კერპთა და ბომონთა, კეთილად იპყრნა ქურუმნი კერპთანი. და ყოველთა მეფეთა ქართლისათა უმეტეს აღასრულებდა მსახურებასა მას კერპთასა. და შეამკო საფლავი ფარნავაზისი. ხოლო ესე ყოველი ქართუელთა სათნოებისათვის ჰქმნა. და კეთილად იპყრნა ქართუელნი ნიჭითა და ყოვლითა დიდებითა. და შეიყუარნეს იგი ყოველთა ქართუელთა უმეტეს ყოველთა მეფეთასა“ (4,62-65). აქ აშკარად ერთმანეთთან არის დაპირისპირებული, ერთი მხრივ, ცეცხლისმსახურება და სპარსული ენა და, მეორე მხრივ, კერპები და ქართული ენა; მირიანი სპარსულ ენასა და მაზდეანობას შორდება, ქართულ ენასა და ქართველთა ღვთაებებს კი ითავისებს. კონტექსტიდან იგრძნობა, რომ, თუ ქართლში მაზდეანობის ენა სპარსულია, ქართული კერპებისა - ქართული... ჩვენ წინამდებარე წერილში მირიანის ეროვნებაზე არ ვმსჯელობთ, არ ვიკვლევთ, მართლა ირანელი შაჰის ძე იყო იგი თუ არა („მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მატიანეს მიხედვით, იგი ქართველთა მეფის ძეა), მაგრამ ვხედავთ, რომ განხილული ქართული წყაროების თანახმად, მირიანი ორ რელიგიურ სამყაროს შორის დგას და ბოლოს იგი ირჩევს ქართლის კერპებს, რომლებიც ქართულენოვან სამყაროსთან დაკავშირებულად აღიქმებიან...
მცხეთის კერპები ლეონტი მროველის მიერ „გაქართულებული“ არ არის. ქართლის წარმართული რელიგიის ქართულენოვნად წარმოჩენა მროველის ფანტაზიის ნაყოფს რომ წარმოადგენდეს, მას ყალბი ისტორიის შექმნის სურვილი რომ ჰქონდეს, მაშინ გარკვევით, მკაფიოდ, ცხადად იტყოდა, რომ ქართლში წარმართული კულტმსახურება ქართულ ენაზე აღევლინებოდა, რომ ამ კერპებზე ქართულად ლოცულობდნენ, მაგრამ ტექსტში ამგვარი ცნობები არ მოიპოვება, აქედანაც ცხადი ხდება, რომ ლეონტი მროველი მართლაც სხვა წყაროებით სარგებლობდა, - ისეთით, რომლებშიც კერპები „ქართულენოვნად“ იყო წარმოდგენილი... წყაროები აშკარად მიგვანიშნებენ, რომ ქართლში წარმართული კულტმსახურება ქართულ ენაზე სრულდებოდა.
არმაზული რელიგია, როგორც ჩანს, ე.წ. „მწიგნობრული რელიგია“ იყო. არმაზის ტაძარში რელიგიური ტექსტები ყოფილა შენახული („ტაძარს“ ამ სიტყვის არა მხოლოდ ზოგადი, არამედ, შენობის მნიშვნელობითაც ვხმარობთ. ამ საკითხებთან დაკავშირებით, საინტერესოა, თავად კერპები ღია ცის ქვეშ ედგათ, როგორც ამას გარკვეულ პერიოდში ხეთები აკეთებდნენ, თუ უშუალოდ შენობაში ინახებოდა, როგორც ეს, ხეთების შემთხვევაში, „ახალი სამეფოს“ შექმნის პერიოდიდან ხდებოდა, - 1,151... ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ შეიძლება დაახლოებით მაინც გაირკვეს, კონკრეტულად ხეთების რომელი ხანის სამეფოსთან იყო დაკავშირებული ქართველი ტომი... უნდა ზუსტად დადგინდეს, - ხომ არ არის საფიქრებელი, რომ არმაზი, გაცი და გა დღესასწაულისას ტაძრიდან გარეთ გამოჰქონდათ ხოლმე... რაც შეეხება ტექსტებს, ცხადია, ისინი ყველა შემთხვევაში შენობაში იქნებოდა დაცული); ჩანს, რომ საკულტო შენობაში ე.წ. „საინვენტარო ტექსტებიც“ ინახებოდა.
ქართლის მთავარი კერპების „აღწერილობა“ ქართლის წარმართულ ტაძარში დაცული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექსტი იქნებოდა და საეჭვოა, რომ იგი რომელიმე სხვა ენაზე ყოფილიყო დაწერილი.
„მატიანე შემეცნებათა“-ს მიხედვით, ქართველ ქურუმებს ჯერ კიდევ ფარნავაზამდე ჰქონდათ ქართული ანბანი (12,122-127); ხსენებულ ძეგლში ლაპარაკი უნდა იყოს იმის შესახებ, რომ ეს იყო მხოლოდ პერგამენტზე საწერი ანბანი, რომელიც ფარნავაზს წარმართული ტაძრიდან საერო ხმარებისათვის გამოუტანია (13)... თუ ქართველი ქურუმები ფარნავაზის რეფორმამდე უკვე იყენებდნენ ქართულენოვან ტექსტებს, მაშინ უნდა მივიჩნიოთ, რომ ფარნავაზის რეფორმა მხოლოდ თავად კერპებს შეეხებოდა და ქართული „აღწერილობანი“ ქართულ ენაზე ფარნავაზამდე გაცილებით ადრეულ პერიოდში ჩამოყალიბებულა. ასეთ შემთხვევაში საფიქრებელი ხდება, რომ „აღწერილობანი“, რომელსაც ანატოლიასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ქართველი ტომი ისტორიულ ქართლში მოსვლამდე იყენებდა, ფარნავაზის რეფორმის დროს მხოლოდ შინაარსობრივად შეიცვალა, - კერპების იკონოგრაფიის შეცვლასთან ერთად გადასხვაფერდებოდა „აღწერილობა“, მესამე კერპის სახელი, თუმც, „აღწერილობის“ ძირითადი სქემა უცვლელი დარჩებოდა; თუ მივიჩნევთ, რომ ფარნავაზმა, როგორც რელიგიურმა და ეროვნულმა რეფორმატორმა, ენობრივი რეფორმები ტაძარშიც განახორციელა, რომ მან არა მხოლოდ საერო ცხოვრებაში, არამედ უპირველესად წარმართულ ტაძარში „განავრცო ენაჲ ქართული“ და მასში დანერგა „მწიგნობრობა ქართული“, თარგმნა ტექსტები, მაშინ ქართულენოვანი „აღწერილობა“ ჩვ. წ-მდე III ს-ით უნდა დათარიღდეს.
დღეს ჩვენს ხელთ არსებული ტექსტი, მისი ცალკეული სიტყვები, გადაწერისას ამა თუ იმ დროის ენობრივი ნორმების შესაბამისადაც შეცვლილი სახით იქნება მოღწეული (თუ რამდენად არის შემორჩენილი „აღწერებში“ ნაწარმოების მთელი ტექსტიდან გამორჩეული არქაული ფორმები, ეს საკითხი ენათმეცნიერთა კვლევის სფეროა)...
თუ ეს ტექსტი ანატოლიასთან დაკავშირებულმა ქართველმა ტომმა ფარნავაზზე გაცილებით ადრე შექმნა, მაშინ, ბუნებრივია, რომ, თავდაპირველ ტექსტს, რომელიც ქართველი ტომის ხეთურ რელიგიასთან კავშირის პერიოდში, შესაძლოა, ერთ-ერთ ქართველურ ენაზე იყოს აღმოცენებული, ენობრივი ცვლილებები გაცილებით ბევრჯერ ექნება განცდილი (საერთოდ, ქართველ ტომთა კულტმსახურებაში ტექსტების არსებობის, შემორჩენილი ქართული აღწერების წერილობითი გზით მომდინარეობის სასარგებლოდ, ხეთური და ქართული აღწერების ზუსტი ტექსტოლოგიური მსგავსების გარდა, დამატებით სხვა გარემოებაც მიგვანიშნებს: - თუ ერთ-ერთი ქართველი ტომისწარმართული სარწმუნოება უშუალოდ ხეთურს უკავშირდებოდათუ ამ ხალხთა კერპები მსგავსი იყო,მაშინ არაფერია უჩვეულო იმაშირომ ქართველ ტომებსაც ადრიდანვე ჰქონოდათ ხეთების მსგავსიტექსტები, რომ მსგავსი ყოფილიყო კულტმსახურებაც).
უძველესი ტექსტი ჩვენამდე მოღწევამდე ენობრივ ცვლილებებს უთუოდ განიცდიდა, მაგრამ ეს გარემოება ხელს არ უშლის იმ მოსაზრების არსებობას, რომლის თანახმად, ქართულენოვანი ტექსტი ჩვ. წ-მდე III ს-ში, ან გაცილებით ადრეულ პერიოდში უნდა იყოს შექმნილი.
დამოწმებული ლიტერატურა: 1. გრიგოლ გიორგაძე, ხეთურ-არმაზული „ტრიადები“, „მნათობი“, №5, 1985. 2. ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა, ექვთიმე თაყაიშვილის გამოცემა, ტფ. 1891. 3.ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, 1963. 4. ქართლის ცხოვრება, I, სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა, 1955. 5. რევაზ სირაძე, „ნინოს ცხოვრება“ და დასაწყისი ქართული მწერლობისა, ჟ. „განთიადი“, №2, 1989; მისივე - „წმინდა ნინოს ცხოვრება“ და დასაწყისი ქართული აგიოგრაფიისა, 1997. 6. მარინა ჩხარტიშვილი, ქართული ჰაგიოგრაფიის წყაროთმცოდნეობითი შესწავლის პრობლემები, „ცხოვრება წმიდისა ნინოჲსი“, 1987. 7. რევაზ ბარამიძე, ქართული მწერლობის სათავეებთან, ლიტერატურული ძიებანი, IV, 2003. 8. მაია ნაჭყებია, მასალები „წმინდა ნინოს ცხოვრების“ დათარიღებისათვის, - საერთაშორისო სიმპოზიუმი - ქრისტიანობა: წარსული, აწმყო, მომავალი (მოხსენებათა მოკლე შინაარსები), 2000. 9. გ. კუჭუხიძე, კიდევ ერთხელ „წმიდა ნინოს ცხოვრების“ დათარიღებისათვის, - ლიტერატურული ძიებანი, ჟჟ, 1999. 10. გ. კუჭუხიძე, ქართველი არმაზიანები ქრისტეანული ეპოქის ზღურბლზე,- ჟ. „რელიგია“, № 1-2-3, 2000. 11. რევაზ ბარამიძე, „ფარნავაზმა ძლიერჰყო ქუეყანა თვისი“, 1992. 12. გურამ შარაძე, თეიმურაზ ბაგრატიონი, ცხოვრება, 1972. 13. გ. კუჭუხიძე, თეიმურაზ ბაგრატიონის ერთი ცნობა და ქართული ანბანის წარმოშობის საკითხი, - კრებ.: ლიტერატურული მედიტაციების სამყაროში, 2001. 14. ლევან ჭილაშვილი, წინაქრისტიანული ხანის ქართული წარწერა ნეკრესიდან, - კრებ.: ქართველოლოგია, VII, 2000.
Gocha Kutsukhidze
Ancient Georgian text?
There is expressed a thought in the article, that in the hagiographical works “ST. Ninos Life'' is reached Georgian text, as clears, that it was created early before convert christianity.This text in which it is described Georgian idol is nearly identific by created religion texts in heth royal B. C XIV-XIII.
_______________




The National Library of Georgia





Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий