суббота, 25 марта 2017 г.

საქ. ეკლესიის განთავისუფლებაზე (ნიკიტა თალაქვაძის დღიურიდან)



ერთმა ჯგუფმა: ეპ. ანტონიმ (გიორგაძე), დეკ. ნ. თალაქვაძემ, თედო სახოკიამ, სოსიკო მერკვილაძემ, დეკ. ვ. კარბელაშვილის, იპ. ვართაგავას, პ. ბარათაშვილის მონაწილეობით, შექმნა `12 მარტის აქტი~ მცხეთაში. ამ `აქტის~ მოგვარება განსაკუთრებით დამუშავდა დეკ. თალაქვაძის ბინაზე, სადაც 8 მარტს მოწვეულ იქნა თათბირზე ნოე ჟორდანია _ ის მოიყვანა სოსიკო მერკვილაძემ; მოვიდა დარიის მონასტრიდან ანტონ ეპისკოპოზი. ამ მცირე კრებაზე მივიღეთ ნ. ჟორდანიასაგან პოლიტიკური დირექტივები ეკლესიის დამოუკიდებლობის გამოცხადების საქმეში.

წინა დღეებში დასავლეთ საქართველოში გაიგზავნა თ. სახოკია, კახეთში პ. ბარათაშვილი, ტფილისი დაიმუშავა დეკ. თალაქვაძემ...
12 მარტისთვის ეპ. კირიონმა ვერ მოგვისწრო რუსეთიდან (ვიტებსკიდან). შეიკრიბნენ ყველა მღვდელ მთავრები. დიდ-ძალი ხალხის თანადასწრებით, სვეტი-ცხოველში გამოვაცხადეთ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალობის აღდგენა, რაც ეუწყა დეპეშით პეტერბურგის `დროებით მთავრობას~, სინოდს და ამიერკავკასიის კომისარიატს!
ნოე ჟორდანიამ მცხეთაში გაგვატანა, თავის მაგივრად, ალექსანდრე ლომთათიძე, რომელმაც მცხეთის ეზოში პირველი სიტყვით მიმართა ზღვა ხალხს, ხოლო მეორე (ვრცელი) სიტყვით _ დეკ. ნ. თალაქვაძემ (დაიბეჭდა `საქართველოში~, ორ ნომერში). 

შესდგა დროებითი მმართველობა საქართველოს ეკლესიისა ეპ. ლეონიდის თავმჯდომარეობით (ის ჩამოვიდა ფოთიდან)...
მეტად უთავ-ბოლოდ სწარმოებდა ახალ აღდგენილი ეკლესიის აპპარატის გამომუშავება! ექსარხოსების დროის ოინბაზები აქაც გაბატონდენ! მოინდომეს თავიანთი ბატონობისა და პრივილეგიების შენარჩუნება... გაიმართა შუღლი კათალიკოზობაზე. საზოგადოებრივი აზრი კათალიკოზად სახავდა და აშკარად ასახელებდა ეპ. კირიონს (საძაგლიშვილი), ექსარხოსების ყოფილი დამქაშები კი გარს ეხვიენ და ხელთ იგდეს ლეონიდი! ეს ერჩიათ ამათ კირიონს და ლეონიდის `სასარგებლოდ~ იღვწოდენ!

საეკლესიო კრება
ამავ წლის ენკენისთვეში (8-ს) მოწვეულ იქმნა პირველი საეკლესი კრება, რომელმაც მიიღო ეკლესიის მართვა-გამგეობის `დებულებანი~, ხოლო 17-ს _ დღისით აირჩიეს კათალიკოსი _ ხმის უმეტესობით (12) არჩეულ იქმნა ეპ. კირიონ, რამაც მეტად გააწიწმატა ლეონიდის მომხრეები და თვით ლეონიდიც!.. მაგიერში, იმავე დღეს საღამოთი, აირჩიეს საკათ. საბჭოს წევრნი. ამათში ორი მესამედი (12-დან) სულ კირიონის მოწინააღმდეგენი! არჩევა მოხდა მეტად არეულ სხდომაზე, სიით, ხელის აშვერით!
ამიტომ საკათ. საბჭოში გადავიდა `საარჩევნო ბრძოლის~ გაგრძელების პროცესი, რამაც, ტფილელი მიტროპოლიტის მეთაურობით, დიდი განხეთქილება შეიტანა ეკლესიის ცხოვრებაში! ეს განხეთქილება დაგვირგვინდა მარტყოფის ტრაგედიით 26-27 ივნისს (1918 წ.), როდესაც ერთი ტყვიით განგმირულ იქმნა კათალიკოზი კირიონი II!.. ის დაასაფლავეს სიონის ტაძარში 7 ივლისს, 1918 წელს... იმავ წლის ენკენისთვის 18-ს მოსწამლეს ქუთათელი მიტროპროლიტი ანტონი...
მეტად გახრწნილი აღმოჩნდა სინოდალური რეჟიმისაგან ტფილისის სამღვდელოება...

სურათზე: კათალიკოს პატრიარქი კირიონი (ერისკაცობაში გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი (1855-1918)


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий