ჩვენი ყოველი ლოცვა მადლიერებით უნდა იყოს გამსჭვალული. თუ ჩვენი მცნება ახლობელთათვის ლოცვაა, არამარტო მართალთათვის, არამედ არამართალთათვისაც, მაშინ დაუფიქრდი, რა დიდი ბოროტებაა ძმათა წყევლა. რას ამბობ შენ? ის გიქადაგებს მტრებისთვის ილოცო და შენ ამ დროს ძმის წყევლას მოჰყვები? მას კი არ სწყევლი, არამედ საკუთარ თავს, რადგან შენ თავზე იტეხ ღვთის რისხვას ამ უჯერო სიტყვების წარმოთქმით: “მაშ უჩვენე მას, ასე მოექეცი, გაანადგურე ის, სამაგიერო მიუზღე”. ასეთებს უნდა ერიდონ ქრისტეს სათნო და მორჩილი მოწაფენი. მათი ბაგეებიდან, ვინც ასეთ საიდუმლოს მიეახლა, არ უნდა ამოვიდეს არაფერი მწარე, ენა, რომელიც ქრისტეს ეზიარა, არაფერ უსიამოვნოს არ წარმოთქვამს.. ის უნდა შევინახოთ სისპეტაკეში მისი მეშვეობით ნუ წარმოვთქვამთ წყევლას. თუ ცათა სასუფეველს ვერ მოიპოვებენ მაგინებელნი, მით უმეტეს ვერც მაწყევარნი ეღირსებიან მას, რამეთუ ვინც იწყევლება, ის უცილობლად შეურაცხყოფს კიდეც. ხოლო გმობა და ლოცვა ერთმანეთისგან შორს დგას, -- აქედან გამომდინარე, ლოცვაც ძლიერადაა დაშორებული წყევლისგან, რადგან გმობა და ლოცვა ასევე დიდი მანძილით არიან დაშორებულნი.
შენ ლოცულობ ღვთის წინაშე, რათა მან მოწყალება მოიღოს შენზე, - და ამავე დროს სხვას წყევლი! თუ შენ არ შეუნდობ არც შენ შეგინდობს უფალი; ხოლო შენ არამარტო თავად არ შეუნდობ, არამედ კიდევაც სთხოვ ღმერთს, რომ არც მან შეუნდოს? ხედავ, როგორ გაბოროტებულხარ? თუ არ ეპატიება იმას, ვინც თავად არ შეუნდობს, მაშინ როგორღა შეენდობა იმას, ვინც ღმერთს სთხოვს, რომ მანაც არ შეუნდოს? მოყვასს კი არ ვნებ ამით, არამედ საკუთარ თავს. როგორ? ისე, რომ, თუ ლოცვა, რომელსაც საკუთარი თავისათვის აღავლენ, შეიძლება შესმენილი ყოფილიყო, ახლა კი ეს ვეღარ მოხდება, რადგან წაბილწულ ბაგეთაგან წარმოითქმება. ჭეშმარიტად ბილწი და უწმინდურია ასეთი პირი, სავსე ყოველგვარი სიმყრალითა და ყოველგვარი უწმინდურობით. უნდა კანკალებდე შენი ცოდვების გამო, ყოველგვარი ძალისხმევით ეცადო რომ გეპატიოს, შენ კი მიდიხარ ღმერთთან იმ მიზნით, რომ ის აამხედრო შენი ძმის წინააღმდეგ? არ გეშინია? არ ზრუნავ საკუთარ თავზე? ვერ ხედავ, რას ჩადიხარ? ბავშვებს მაინც მიბაძე, რომლებიც სასწავლებელში დადიან. როცა ისინი ხედავენ, რომ მათ ამხანაგებს სთხოვენ ანგარიშს იმაზე, რაც ისწავლეს, და სიზარმაცის გამო აზღვევინებენ, რომ თითოეულს მთელი სიმკაცრით სთხოვენ და როზგებით სჯიან, მაშინ ისინი შიშით კვდებიან, და, რომელიმე მოსწავლემ ბევრჯერაც რომ დაარტყას, მათ აზრადაც არ მოუვათ გაბრაზება, შიშით შეპყრობილნი არიან და ვერ ბედავენ მასწავლებელთან ჩივილს, მხოლოდ ერთ რამეზე არიან გამეცადინებული, როგორმე მივიდნენ სასწავლებელში და დაბრუნდნენ სახლში ისე, რომ სასჯელს თავი აარიდონ, მოუთმენლად ელიან დროის გასვლას, და, როცა სასწავლებლიან გამოდიან, სულ ერთია დასჯილები თუ დაუსჯელები, სიხარულისგან აზრადაც არ მოუვათ გაბრაზდნენ. შენ კი, ლოცვაზე მყოფი, და შენს შენი ცოდვებით დამწუხრებული, ნუთუ არ ძრწი სხვა ადამიანთა ცოდვების გახსენებით? და როგორ გყოფნის თავხედობა ღმერთს ამგვარი თხოვნით მიმართო? როცა ითხოვ ღვთისგან მართლმსაჯულებას მოყვასისთვის, მაშინ ამით უფრო ამძიმებ საკუთარ ცოდვებს და არ ანებებ შენ მოგიტევოს. ის გეტყვის: თუ შენ გსურს, რომ მე ვიყო შენ წინააღმდეგ ჩადენილ გადაცდომათა მკაცრი მსაჯული, მაშინ როგორ მთხოვ შევიწყნარო იმის გამო, რაც ჩემ წინაშე შესცოდე? ამიტომ ოდესმე ვისწავლით როგორ ვიყოთ ქრისტიანები! თუ ჩვენ ლოცვა არ შეგვიძლია, რაც ადვილი და მოსახერხებელია, მაშინ სხვა რამეს როგორ შევიმეცნებთ? ვისწავლოთ ლოცვა, როგორც ქრისტიანებმა. წარმართები თავისებურად ლოცულობენ, ასევე იუდეველებიც. ქრისტიანთა ლოცვებს კი საპირისპირო თვისებები აქვს: (მათი მეშვეობით მართებულია) მიტევების თხოვნა, დავიწყება იმისა, რაც სხვებს ჩვენდამი ცოდვა მიუძღვის. “ჩვენ გვძრახავენ, ამბობს მოციქული, “ჩვენ ვლოცავთ; გვდევნიან, ჩვენ ვითმენთ, (1 კორ. 4;12). მოუსმინე, რას ამბობს სტეფანე: “ღმერთო! შეუნდე ცოდვა ( 7:60). არათუ წყევლიდა, არამედ ლოცულობდა კიდეც; შენ კი გარდა იმისა, რომ არ ლოცულობ, წყევლი კიდეც. ამიტომ რამდენადაც ის გვაკვირვებს, იმდენად დამნაშავე ხარ შენ. ვინ არის საოცარი, მითხარი, ისინი, ვისზედაც ის ლოცულობს თუ ის, ვინც ლოცულობს? რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი. და თუ ჩვენ მიგვაჩნია ასე მით უმეტეს, ღმერთს. გინდა მტერი დაამარცხო? ილოცე მისთვის, მაგრამ არა იმ აზრით და არა იმისთვის, რომ ის დაისაჯოს: ეს თავისთავად მოხდება, მაგრამ ამ მიზანს ნუ დაისახავ. გარდა ამისა, ეს ნეტარი სტეფანე ყველაფერს ბრალის გარეშე დაითმენდა, და ამასთანავე ლოცულობდა თავის მტრებზე. თუკი ის, ვინც უსამართლოდ იტანჯებოდა, ვერ ბედავდა არ ელოცა (თავისი მტრებისთვის), სასჯელის ღირსნი ვართ ჩვენ, როცა დამსახურებულად ვიტაჯებით, არათუ არ ვლოცულობთ, არამედ კიდეც ვიწყევლებით? შენ ფიქრობ, რომ ჭრილობას აყენებ (შენს მტრებს), სინამდვილეში კი შენი თავისკენ მიმართავ მახვილს, რადგან არ აძლევ საშუალებას მსაჯულს მიმტევებელი იყოს შენი ცოდვების მიმართაც, როცა ცდილობ მასში გააღვიძო სხვებისადმი რისხვა. “რამეთუ რომელი განკითხვითა განიკითხავდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ (მათე 7: 2). ამრიგად, ვიყოთ მიმტევებელნი, რომ ჩვენც ასევე შევიძინოთ ღმერთი.
Комментариев нет:
Отправить комментарий