ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში რამდენიმე ნაქარგობა ინახება, რომელიც ნოტიო ლოლუას ქალთა სკოლა-პანსიონის მოსწავლეების შესრულებული უნდა იყოს. მუზეუმში დაცული ეს ნივთები და ჟურნალ-გაზეთებში გაბნეული ინფორმაცია მოგვითხრობს მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრებ ქალ განმანათლებელ, ნატო, იგივე ნოტიო, ლოლუას შესახებ.
ნოტიო ლოლუას შესახებ ინფორმაციის მოგროვება 2015 წლიდან დაიწყეს. პროექტ “ინიციატივა ცვლილებებისათვის” ფარგლებში, როდესაც მეცხრამეტე საუკუნესა და მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედამდე – საქართველოს ოკუპაციამდე, პერიოდში არსებულ სათემო ორგანიზებისა და თვითინიციატივების წარსული გამოცდილების შესახებ ცნობებს აგროვებდნენ.
პროექტი განახორციელეს სათემო განვითარების ცენტრმა, თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა, კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ.
ნოტიო ლოლუას შესახებ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ახლახან შეიტყო, მარტის – როგორც ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნის კონტექსტში, როდესაც ახლად გახსნილ ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის სახელობის ფემინისტურ კაბინეტში მის შესახებ ლექცია ჩატარდა.
1875 წელს ზუგდიდის მაზრაში დაბადებული ნოტიო ლოლუა ერთ-ერთია იმ ქართველებს შორის, რომელმაც საკუთარი წამოწყებით თემის განვითარებაში წვლილი შეიტანა. წლების განმავლობაში ქალთა სკოლა-პანსიონის მფლობელი იყო, რომელმაც არსებობის მანძილზე 500 კურსდამთავრებული გამოუშვა.
ნოტიო ლოლუას შესახებ ძირითადად პერიოდიკის – ჟურნალ-გაზეთების საშუალებითაა ცნობილი. კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგის წარმომადგენელი, მკვლევარი დიანა კაკაშვილი გვიყვება, რომ იმდროინდელ პრესაში ვხვდებით ცნობებს ნოტიო ლოლუას საქმიანობის შესახებ.
მაგალითად, 1892 წელს, როდესაც მან ფოთში გახსნა სამკერვალო კურსები, მაშინდელ პრესაში იყო დისკუსია იმის შესახებ, რომ საქართველოში ნოტიო ლოლუა ხსნიდა კურსებს, პროფესიული განათლება კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი, ქალებისთვის.
მაგალითად, 1892 წელს, როდესაც მან ფოთში გახსნა სამკერვალო კურსები, მაშინდელ პრესაში იყო დისკუსია იმის შესახებ, რომ საქართველოში ნოტიო ლოლუა ხსნიდა კურსებს, პროფესიული განათლება კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი, ქალებისთვის.
რატომ იყო მნიშვნელოვანი ნოტიო ლოლუას საქმიანობა თემისთვის
დიანა კაკაშვილი გვიყვება, რომ მაშინდელ საქართველოში ყველა კერძო სკოლა იყო ფასიანი, მათ შორის იყო ნოტიო ლოლუას სკოლაც. უცნობია, რამდენი იყო გადასახადი, ის კი ცნობილია, რომ ლოლუა ღარიბების შვილებს უფულოდ ასწავლიდა.
კაკაშვილის თქმით, ისიც ცნობილია, რომ ეს ქალები, რომლებიც სწავლობდნენ სკოლა-პანსიონში, შემდგომ მიდიოდნენ თავიანთ სოფლებში და იქაც ხსნიდნენ ასეთივე სკოლებს იმ განათლების საფუძველზე, რასაც ნოტიო ლოლუას სკოლაში იღებდნენ.
ნოტიო ლოლუა
თავად ნოტიო ლოლუასაც მსგავსი განათლება ჰქონდა მიღებული ბათუმის სკოლა-პანსიონში, რომელიც 14 წლის ასაკში დაამთავრა. სწორედ იქ მიღებული განათლების საფუძველზე შექმნა სამკერვალო სკოლა ფოთში დაბრუნების შემდეგ.
დიანა კაკაშვილი ამბობს, რომ ნოტიომ 15 თუმნად შეიძინა საქსოვი და საქარგი დაზგები. ეს თანხა კი ადგილობრივ მონაზვნისგან ისესხა. ნასესხები ფულით ჯერ სამკერვალო სკოლა გახსნა, 1897 წელს კი 6-თვიან კურსებად გადააკეთა, შემდეგ – სამწლიან სკოლა-პანსიონად.
ამ სკოლაში პრაქტიკული კურსების გარდა ასწავლიდნენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, ღვთისმეტყველებას, გალობას, მათემატიკას, ბუნებისმეტყველებას. სკოლა გამონაკლისი იყო იმითაც, რომ სამეგრელოში სწავლა მაშინ მხოლოდ რუსულ ან მეგრულ ენებზე იყო დაშვებული, ნოტიოს სკოლაში კი ქართულად ისწავლებოდა ყველა საგანი.
ამის გამო მის სკოლას არსებობის მანძილზე ბევრი წინაღობა ხვდებოდა. 1908 წელს ნოტიოს ჩამოართვეს დიპლომი, რის გარეშეც მას აღარ შეეძლო სკოლა-პანსიონის გაძღოლა და მასწავლებლობა. თუმცა ნოტიომ შეძლო დიპლომის დაბრუნება და ოკუპაციამდე აგრძელებდა თავის საქმიანობას.
“ამ სკოლას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჯერ ერთი, გათვლილი იყო ყველა ფენაზე, ძირითადად მაინც ღარიბების შვილები სწავლობდნენ. მათთვის ეს იყო შესაძლებლობა, რომ მიეღოთ როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევები. როცა ბრუნდებოდნენ თავიანთ სოფლებში თუ რაიონებში, ხსნიდნენ თავიანთ სახელოსნოებს, თავიანთ რეგიონებში ამრავლებდნენ ამ ცოდნას”, – ამბობს დიანა კაკაშვილი.
ფემინისტური გმირი?
რამდენად შეიძლება განვიხილოთ ნოტიო ლოლუა ფემინისტურ გმირად? დიანა კაკაშვილი ამბობს, რომ ცნობილი არაა, რომ ნოტიო ლოლუას ფემინისტური ნაწერები ჰქონდა, მაგრამ ჩანს, რომ იბრძოდა ქალების უფლებებისთვის, მათი საზოგადოებრივი როლის გაზრდისთვის. მეცხრამეტე საუკუნეში ძალიან ცოტა იყო სკოლები, სადაც ქალებს სრულფასოვანი განათლების მიღება შეეძლოთ, 70-იანი წლების შემდეგ კერძო სასწავლებლები იხსნება სახელმწიფო სკოლების პარალელურად.
“სეპარატიზმის გარდა, ნატო ლოლუას იმაშიც სდებდნენ ბრალს, რომ ქალების “თავისუფალი აღზრდის პრინციპი” აქვსო. “თავისუფალი აღზრდა” რას გულისხმობდა, არ არის გაშიფრული. ალბათ, ის იგულისხმებოდა, რომ ის იყო პანსიონი, ქალები ცხოვრობდნენ ოჯახებისგან მოწყვეტილად სამი წლის განმავლობაში”, – ამბობს დიანა კაკაშვილი.
მკვლევარი საუბრობს იმის შესახებ, რომ სკოლა-პანსიონში ქალები მუშაობდნენ და ჰქონდათ მცირე ეკონომიკური შემოსავალი. ღარიბების შემთხვევაში ეს შემოსავალი სკოლას ხმარდებოდა, რადგან არ იხდიდნენ სწავლის გადასახადს, მაგრამ როცა ამთავრებდნენ სკოლას და თავად უჩნდებოდათ შემოსავალი, ეს ყველაფერი იწვევდა ქალების დამოკიდებულების შეცვლას საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი.
1958 წლამდე იცოცხლა ნოტიო ლოლუამ, თუმცა ოკუპაციის შემდეგ მის შესახებ ფაქტობრივად აღარ მოიპოვება ინფორმაცია. იგი სიცოცხლის ბოლომდე ფოთში ცხოვრობდა და იქვეა დაკრძალული. ფოთში მისი ძმის, ცნობილი ლოტბარის, ძუკუ ლოლუას სახლ-მუზეუმში დაცულია მისი ნივთები.
იმდროინდელ პრესაში ასევე მითითებულია, რომ ზუგდიდის მუზეუმშიცაა დაცული მისი ნივთები, თუმცა მუზეუმის დავთარში მითითებული არაა ამის შესახებ, რაც სავარაუდოს ხდის, რომ საცავში არის მისი ნივთები, თუმცა ამას დამატებითი კვლევა სჭირდება.
ნეტგაზეთი
ნეტგაზეთი
Комментариев нет:
Отправить комментарий