მომხმარებლების მიმართვის საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაციამ “საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი” ლაბორატორიული გზით მაღაზია “მონასტრის ბარაქიდან” რძის პროდუქტების რამდენიმე სახეობა შეამოწმა.
“რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ შეძენილი პროდუქტი კარაქს საერთოდ არ შეიცავდა.”
გადამოწმების მიზნით ლაბორატორიული კვლევა განმეორებით რამდენიმე დღის შემდეგაც ჩატარდა.
“2014 წლის 23 იანვარს შევიძინეთ იმავე მაღაზიაში “მონასტრის ბარაქა” კვლავ იგივე დაფასოების “კარაქი” და დამატებით ერთჯერად ჭიქებში ჩამოსხმული პროდუქტი, რომელსაც ჰქონდა წარწერა “არაჟანი”, და აგრეთვე ასაწონი “ხაჭო”. შეძენილი კარაქი შესამოწმებლად ჩავაბარეთ სამ სხვადასხვა ლაბორატორიას. ერთ-ერთ ლაბორატორიას კი აგრეთვე ვთხოვეთ შეემოწმებინა შეძენილი არაჟანი და ხაჭო,”- წერია ორგანიზაციის განმარტებაში.
- პროდუქტში “კარაქი” რძის ცხიმის შემცველობა 0-%-დან 10%-მდე მერყეობს (ლაბორატორია “მომავალი საუკუნის” დასკვნა , ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, ლაბორატორია “ნორმას” დასკვნა),
- არაჟნის ცხიმში რძის ცხიმის მასიური წილი 2,5%-ს შეადგენს;
- ხაჭოს ცხიმში კი რძის ცხიმის მასიური წილი 1%-ს შეადგენს.
მიღებული შედეგები ნიშნავს, რომ იმ დროისთვის არც ერთ პროდუქტში ნატურალური რძის პროდუქტი არ აღმოჩნდა.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ შეძენილი პროდუქტების შესყიდვის დოკუმენტებიდან შეუძლებელია დადგინდეს იურიდიული პირი, რომელიც განაგებს სიონის ტაძრის ეზოში მდებარე მაღაზია “მონასტრის ბარაქას” (ასეთი დასახელების იურიდიული პირი სამეწარმეო რეესტრში არ იძებნება) და ჩვენთვის უცნობია, გააჩნია თუ არა ამ მაღაზიას რაიმე სამართლებრივი კავშირი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, მისი დასახელებისა და მდებარეობიდან გამომდინარე ჩვენ თხოვნით მივმართეთ საქართველოს საპატრიარქოს, გააკონტროლოს იგი და არ დაუშვას ამ და მსგავსი მაღაზიების მიერ მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა. ვფიქრობთ, რომ ეკლესიასთან არსებულ მაღაზიაში მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა ქართული ეკლესიისთვის ისეთივე მიუღებელია, როგორც ჩვენთვის, და ვიმედოვნებთ, რომ საპატრიარქოს რეაქცია აღწერილ ფაქტზე სათანადო იქნება,”- წერია ორგანიზაციის განმარტებაში.
საქართველოს საპატრიარქოში ნეტგაზეთს დაუდასტურეს, რომ “მონასტრის ბარაქა” ნამდვილად საპატრიარქოს მფლობელობაშია, თუმცა იქ აღმოჩენილი არანატურალური პროდუქციის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვთ და საკითხში გაერკვევიან.
“მონასტრის ბარაქა” 2009 წლის მაისში პატრიარქმა გახსნა.
Комментариев нет:
Отправить комментарий