понедельник, 18 января 2016 г.

ზელიმხან უძილაური - წარმართობა, მაგია, მანდალა, მართლმადიდებლობა…



წარმართობის’ ეტიმოლოგია უკავშირდება ზოგჯერ ნეგატიურ, ზოგჯერ კი ნეიტრალურ სიტყვათა მარაგს: სხვა, უცხოთესლი, არაქრისტიანი და მსგავსი. ებრაულად ‘გოიმი’, მხოლობითში ‘გოი’. ლათინური ‘პაგუს’ უბრალოდ ადგილს ნიშნავს, თანამედროვე ევროპულ ენებში ფეხმოკიდებული ‘ჰიდდინ’, ‘ჰაიდენ’ შესაძლებელია სომხური ‘ჰეტანოს’ – იდან მოდინარეობდეს, რაც ბერძნულ ეთნოსს ენათესავება. აღსანიშნავია, რომ ადრექრისტიანულ ხანაში ‘წარმართებად’ მოიხსენიებდნენ პაულიანურ, არაიუდო-ქრისტიანულ ჯგუფებსაც. შუასაკუნეების ევროპაში ‘წარმართი’ იყო ყველა არაქრისტიანი, არაიუდეველი, არამაზდეანი… ამრიგად, სიტყვა დრეკადი და განვრცობადია.

სიტყვის გენეზისი და ისტორია ამ შემთხვევაში ნაკლებად გვაღელვებს. უფრო მნიშვნელოვანია ამ სიტყვის ‘მოქართულება’. დავიწყებ ძველი მაგალითით: 90 – იან წლებში, როცა ეკლესიური მართლმადიდებლობა ინკუბაციის პერიოდს გადიოდა, სემინარია-აკადემიის რექტორმა ერთი სტუდენტი ყველას თვალწინ გაჯორა: წარმართებთან რატომ ისაუბრე ჩვენ პრობლემებზე, აქვე უნდა გეთქვა ყველაფერიო. ‘წარმართი’ მისთვის იყო ყველა ქართველი, მართლმადიდებლურად მონათლულებიც მათ შორის, მორწმუნე თუ ურწმუნო, ვინც კი ეკლესიაში არ დადიოდა და მის  შინაეტიკეტს არ იცნობდა ან არ ცნობდა.
მიჭირს დღესაც გავიგო, თუ რა იგულისხმება, წარმოიდგინება ამ სიტყვით. ცხადია, რომ ამჟამინდელი ლიანგური მორწმუნისათვის ეს სიძულვილის ენაა. მაგრამ მე გამკვირვებია პროგრესული პუბლიცისტების, კვალიფიციური თეოლოგების, რომლებიც ეკლესიას აკრიტიკებენ და ‘წარმართობით’ აშინებენ თუ ამუნათებენ. ანუ იქ რაც ცუდია, ეს წარმართობისკენ დაბრუნებაა მათი აზრით ან წარმართული გავლენა. ‘წარმართი’ ცალსახად ცუდის და გადაგვარებულის ეპითეტად ქცეულა. აი ერთი მაგალითი ამასწინათ ლიბერალში გამოქვეყნებული სტატიიდან: “სტიქიური ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, წარმართული ანდა ქრისტემდელი სამყაროს კუთვნილებაა, იქნება ეს შუამდინარეთი, ბერძნულ-რომაული პანთეონი და სხვა.” ამას ერუდირებული ფილოლოგი წერს. მე პირადად წარმართული სამყაროს კუთვნილება გილგამეშის ეპოსი, ჰომეროსი და ფიდიასი, სოკრატე და ევრიპიდე, ვერგილიუსი და პლოტინი მეგონა… აზროვნების კლასიკა, რასთან ზიარებამაც ქრისტიანობა კულტურულ რელიგიად აქცია.
რატომაა შურისგება ოდენ ოლიმპიელი ღმერთების ვნებიანი თავგადასავლების ნაწილი, ხოლო რელიგიური ომები ევროპაში, ან თუნდაც რუსეთში ‘ნოვგოროდული ერესის’ 500 მიმდევარის ცოცხლად დაწვა კი არა? იქაც ხდებოდა რელიგიის სახელით მსგავსი, მაგრამ რაც ქრისტიანობამ ჩაიდინა შურისძიების წყურვილით, ხომ აუწყავია? მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა იმპერიულ რელიგიად გამოცხადდა, ახალ დრომდე, მთელ საქრისტიანოში ერთადერთი იულიანე იყო, ვინც ებრაელებს სინაგოგა აუშენა და ისაც ‘განდგომილი’ გამოდგა… ეს ისე, შესახსენებლად, თორემ შემიძლია ქრისტიანობაც დავიცვა, თუკი მას უსამართლოდ დააკნინებენ…
არც კი მინდა დავიმოწმო, მაგრამ ‘წარმართი’ იქცა იარაღად, რომელსაც ერთმანეთს ესვრიან; რადიკალ-ლიანგურები ეკლესიის კრიტიკოსებს, ხოლო ესენი კი უკანვე უბრუნებენ, როგორც ქრისტიანობის დამმახინჯებლებს ანუ ‘წარმართებს!’ კი, წარმართებია, სულ პლატონ-პლოტინებია ერთნიც, მეორენიც!  :)
ამმხრივ ისინი ტყუპებია.
რატომ ვეძებთ გარეთ ნეგატიურ კონოტაციას? აკი ძალადობრივი ისლამისთვის მოიძებნა ‘ისლამიზმი’? მაშ რატომ არ გვინდა მსგავსადვე,    ცუდსაც ქრისტიანობაში, ‘ქრისტიანიზმი’ ვუწოდოთ, რაც უკვე არაერთხელ მიღაღადია: – საქართველო ქრისტიანიზმის გზით!
რადიკალებზე ღაღადი აღარც მიღირს, მომწყინდა, ამჯერად მე თანამოაზრეებს მივმართავ. ჩვენ ხომ ევროპულ სტანდარტებს ვამკვიდრებთ. ევროპაში ხომ დღეს შესამჩნევია ნეოპაგანური კულტის ზრდა, ახალშამანობა და მსგავსი? იქ რომელიმე ნორმალური ჟურნალი დაბეჭდავს წარმართობის, შამანობის ან ნებისმიერი სპირიტუალური  გზის, რელიგიური ალტერნატივის აუგად, დამამცირებლად  მოხსენიებას? არა და არა!
ახლა ‘მაგიის’ თაობაზედ. მაგია ხომ ‘მთლად საშინელებაა’, “ეკლესია მაგიამდე დავიდა” და მსგავსი. მე ხელთ მაქვს გერმანული კრებული კრებული Magie, გამომც. G. Kippenberg. დაინტერესებულ პირს შეუძლია იპოვოს და გაეცნოს მაგიური ცნობიერების საფუძვლებს. ამ წიგნში ან მისთვის მისაწვდომ ენაზე. აქ არაერთი სახელოვანი ეთნოლოგი თუ რელიგიოლოგი წერს. შეიძლება რაღაც არ იცოდეს კაცმა, მეც ბევრი რამ არ ვიცი (რახანია,რელიგიაზე ვწერ, მაგრამ გუშინწინღა ამოვიკითხე, რომ ლამაისტურ-ტანტრისტულ პრაქტიკაში კანიბალიზმიც არ გამოირიცხება!), მაგრამ სანამ უარყოფით კონტექსტში გამოვიყენებდე, ხომ შეიძლება ელემენტარული ინფორმაცია მოვიძიო : Paganism, Magie და გავეცნო? ამას თავი დავანებოთ, ჩვენთან ხომ მალინოვსკი ისწავლება, ხომ იციან მისი ‘თანამონაწილე დამკვირვებლის’ მეთოდის თაობაზედ? ხომ გაუგონიათ, რომ მაგია და რელიგია კოექსისტენციურია. ერთადაა დღესაც და პრაქტიკულად არ მოიპოვება სუფთა სახის რელიგია. ‘სუფთა რელიგიის’ მცდელობაა ვაჰაბიზმი, მეტი კი არაფერი. ასევე ფუნდამენტალისტურ-პროტესტანტულ-ამერიკული  ზილოტიზმი თუ რაცაა.
გასაგებია პრინციპი: “ჯოჯოხეთი ისეთი რამაა, რაც ყოველთვის სხვისთვისაა. ხოლო მაგია კი ყოველთვის სხვისი რელიგიაა”. მაგრამ ეს არაა ევროპული აზროვნების სტანდარტი.
შეიძლება დღეს პრაქტიკულად ანიმიზმი, წარმართობა და მაგია სახარების ქრისტიანობას ჭარბობდეს ‘ქართულ’ მართლმადიდებლობაში, მაგრამ რა ვქნათ? ეს რელიგიური კონფესია თავისი ორგანიზებული სახით თხემით ტერფამდე ფუფუნების მაგიად იქცა, მაგრამ მაგია, ჯადოსნობა, ქადაგ-მკითხავობა, ტრანსი და მაგიურ-რელიგიური ირაციონალიზმი, როგორც თავისთავადი მოცემულობა, ზოგად ანთროპოლოგიურ გენეზისში დევს და იქნებ ჯობდეს პასუხისმგებლობა ავიღოთ იმაზე, რაც კონკრეტულად ჩვენია, ქრისტიანიზმია და სიტუაციის გამოსწორებაც აქედან დავიწყოთ?!
მაგია – წარმართობას რომ თავლაფს ასხამენ ეს არც ლიბერალიზმია, არც თანამედროვე თეოლოგიის სტანდარტებს შეესაბამება და ვერც ევროპული ინტელექტუალის მისაღებ თემად გამოდგება.
მე ჩემი ვთქვი, ვცადე, კიდევ ერთხელ შეგახსენეთ…
აი კიდევ ერთი ძველი მცდელობაც აქვეა, თუ ვინმე მისმენს:

რელიგიის საზღვრები უკიდეგანოა და მაგიასთან დაუდგენელი; აი ნიმუშიც, მანდალა, ბუდისტური მაგია-რელიგია ერთად:  

Mandala1_detail







წყარო: ზელიმხან უძილაურის ბლოგი





Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий