четверг, 28 мая 2015 г.

სანიკიძე ლევან - სამას ათი ქართული სირცხვილი.




სირცხვილი 1–4.

1 ქრისტეშობამდე III საუკუნის II მეოთხედი, მცხეთაში საქართველოს სამეფო ტახტზე ზის საურმაგ, ძე დიდი ქართველი ხელმწიფის ფარნავაზისა,
გამეფებისთანავე საურმაგსქვეყნის შიგნითვე ქართველი ერისთავები ასჯანყებოდნენ, აჯანყების მოტივი ასეთი ყოფილა ჩვენთვის, ერისთავებისთვის სასიკეთო არ არის, რომ ჩვენ ქართველები ჩვენსავე ნათესავ ქართველს ვემსახუროთო, ამას ის გვირჩევნია ვინმე უცხო მოვიდეს, ხარკი ვაძლიოთ და ისევ იმან იბატონოსო და გადაეწყვიტათ ქართველებს ქართველი მეფის მოკვლა.


2 ამ გასაოცარ და გაუგონარ მამულიშვილურ განაზრახს საურმაგ მეფემაც შესატყვისი მამულიშვილობითა და პატრიოტობით უპასუხა, სასწრაფოდ ჩრდ კავკასიაში გადაფრინდა, იქიდან დურძუკები და ოსები გადმოიყვანა და ქართველებს მიუსია, მიუსია და ვერვინ წინ აღუდგამათ და მოსრნა განდგომილნი მისნი.

3 ქვეყანა რომ ასე დააწყნარა საურმაგმა სამომავლოდაც დაამდაბლნა ქართლოსიანნი და მათ ნაცვლად აღამაღლა და დაიახლოვა უცხოელნი, «განმრავლებულნ ჰყვნა დურძუკნი ნათესავნი კავკასიისნი».

4 ბოლოს საურმაგმა საკუთარ ნათესავ ქართველთაგან თავი რომ სამუდამოდ მშვიდად დაეგულებინა მთელი ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ნახევარი «ყოველთა კავკასიის ნათესავთა ნახევარნი საქართველოს სამანებს გადმოღმა გადმოიყვანა და დიდოეთ-მთიანეთიდან ეგრის-სვანეთამდე ქართულ მიწებზე დაასახლა მისანდობელად თვისად» და ამიერიდან მეფობდა მშვიდად მეფე საურმაგ სირცხვილითა სირცხვილისა დამთრგუნველი გვირგვინოსან-სირცხვილოსანი.

სირცხვილი 5.

ქრისტეშობითგან წელიწადი 502, უკანასკნელი ბრძოლა დიდი ვახტანგ გორგასალისა,
სპარსეთის შაჰი კავად I შემოჭრილიყო ივრის ხეობაში უთვალავი მხედრობით, თავისი ძეც წამოეყვანა შაჰს უფლისწული ბარტამ, ვახტანგ მეფეც სასწრაფოდ გასულიყო იორზე ქართული ლაშქრით,
პეტრე კათალიკოსმა დალოცა მეფე და ჯარი ბრძოლის წინ, მეფემაც ბრძანა სალაშქრო სიტყვა, დაასრულა და იერიშიც ბრძანა და «შეიბნენ იორსა ზედა და სამ დღე ყოველთა დღეთა ბრძოდეს და დაეცემოდა ორთავე სპათაგან ურიცხვი», 3 დღე წონასწორად ქანაობდა უთანასწორო ბრძოლის სასწორი, 3 დღე-ღამე ისმოდა სპარსელთა ისტერიული ყივილი დურაზ გორგასალ-მოერიდეთ თავსა მგლისასა, მეოთხე გადამწყვეტი შეტევისათვის შეკრა და შეამჭიდროვა გორგასალმა ქართველთა შეთხელებული რიგები, ისევ დალოცა მეფე და ჯარი პეტრე კათალიკოსმა, საგანგებოდ გააფრთხილა მღვდელთმთავარმა გვირგვინოსანი თავს მოუარეო, თორემ არა მარტო ქართლი დაიღუპება არამედ იერუსალიმიც ზედ მიჰყვება შენი იმედის დამკარგველიო,
მეფემ იერიში ბრძანა, სპარსელებიც მედგრად დაუხვდნენ ქართველთა შეტევას, მაინც შეუკავებლად მიარღვევდა ქართველი მეფე შაჰის გვარდიას, აი კიდევაც მიეჭრა იგი მტრის შუაგულს სადაც იდგა თვითონ კავად შაჰი, სპარსთა ხელმწიფე შეუშინდა ქართველ გოლიათს და ის იყო კიდეც გასაქცევად ცხენი შეატრიალა, რომ მისი ძე ბარტამი გამოიჭრა წინ და მახვილის მოქნევაც პირველმა მოასწრო, ვახტანგმაც მარცხენა ხელით ფარი აიქნია, სპარსი უფლისწულის მახვილი აისხლიტა და მარჯვენითაც უმალ მახვილი დაჰკრა თავში მოპირდაპირეს, მაგრამ მეფეს აღარც უხილავს როგორ გადმოეშვა ცხენიდან მისი დანაკრავი თავგაპობილი სპარსელი, სწორედ მაშინ როცა ფარიანი მარცხენა ხელი ზე აღეტყორცნა წამით მოშიშვლებულ მარცხენავე იღლიაში ისარი მოხვედროდა მეფეს, ხოლო ისარი იგი ქართველი კაცის ხელით ყოფილიყო ნატყორცნი, მეფის უახლოეს კარისკაცთაგან თუ მსახურთაგან ყოფილიყო და ახლა ბრძოლაში ქართველ ხელმწიფეს იღლია ისრით ისე შეუმუსრა რომ ისარი შეღწეულიყო ფილტვად,
დღის დასასრულამდე მაინც იომა დაჭრილმა მეფემ, მტერიც გააქცია ბრძოლის ველიდან, დასასრულ უჯარმის სასახლეში მიბრუნდა და იქ აღესრულა იმ ნაღალატევი ჭრილობისაგან დიდი ხელმწიფე ვახტანგ გორგასალი, იალბუზის გმირი, ლომი ლომთა და გოლიათი გოლიათთა, ათთა მეფეთა მეფე ახოვანი, ღალატით აღესრულა მისივე ნათესავი ქართველის ღალატით.

სირცხვილი 6.

დგას IX საუკუნე, საქართველო დაშლილია საქართველოებად ქართლი, კახეთი, აფხაზეთი დასავლეთ საქართველო და ტაო-კლარჯეთი,
ტაო-კლარჯეთში ქალაქ არტანუჯს ტახტზე ზის ქართველი მეფე ბაგრატიონი აშოტ დიდი კურაპალატი,
აშოტი თავგამოდებით იბრძოდა არაბთა უღლისაგან ქართული მიწა-წყლის გასათავისუფლებლად და სრულიად საქართველოს გასაერთიანებლად, მაგრამ მისი სამამულიშვილო განზრახვანი თურმე შინაურ ღალატს უნდა შესწირვოდა,
826 წელს ამიერკავკასიას არაბები შემოესივნენ ხალიფ იბნ იაზიდის ხელმძღვანელობით, ჯერ სომხეთი ააოხრეს, მერე ჰერეთსა და ქართლში დადგნენ, ნიგალის ხევს იყო აშოტი სასწრაფოდ აღიკაზმა და აწვია ლაშქარი, წვეულთაგან მოღალატენი და შინაგამცემნი აღმოჩნდნენ ვიღაც ოროზ მოროზის ძენი, აშოტი არტანუჯისკენ მოისწრაფოდა, ამალად მოსდევდნენ მოღალატენი, ნაწილი მტერსაც მოუძღოდა ანაზდაითი თავდასხმისათვის, მეფემ არტანუჯს მოატანა და მაშინღა მიხვდა ღალატს, გვიანღა იყო, ხელშიშვლად შეხვდა მტერს, გამობრუნდა და ტაძარს მიაშურა, მოღალატენი კვალში ჩაუდგნენ, ტაძარში შევარდა მეფე, ტაძარი ყველა ხალხისთვის, ყველა დროისთვის წმინდათა წმინდა, ხელშეუხებელი ღვთისაგან ხელდადებული იყო, მაგრამ იქაც დაუხვდნენ შინაგამცემნი, ყოველის მხრიდან შემოესივნენ საკურთხეველზე ზურგით მიყრდნობილ გვირგვინოსანს, სწორედ ზურგიდან დასცა პირველად რომელიღაცამ, ჩაიჩოქა კურაპალატმა, სალტედ შემოერტყნენ და დაუშინეს, ყელი გამოსჭრეს ძირს დაცემულს, ხელმწიფის სისხლით განიბანა საკურთხეველი,
ხალხმა არ აპატია მოღალატეებს, ჭოროხის სათავეებამდე სდიეს, შეიპყრეს და ყველას ყელები დასჭრეს, ასე დაიღუპა პირველი ბაგრატიონი ხელმწიფე 826 წლის 29 იანვარს, არტანუჯს დაკრძალეს დიდი პატივით და სიმძიმილით.

სირცხვილი 7.

იყო 967 წელი, მოკვდა აფხაზეთის მეფე ლეონ III, რომელსაც დარჩა 2 ძე დემეტრე და თეოდოსი,
მამის სიკვდილის ჟამს თეოდოსი კონსტანტინეპოლს იყო და აფხაზთა სამეფოს ტახტი დაიჭირა დემეტრემ,
თეოდოსი ძმის გამეფებას არ შეურიგდა და ბიზანტიიდან სასწრაფოდ წამოემართა ქუთათისისკენ, სამცხეში ჩამოვიდა და მესხ აზნაურებს მოუხმო შემწედ, მესხებიც აჰყვნენ, მაგრამ სამცხიდან გასვლაც ვერ მოასწრეს, რომ იქვე მიუხდნენ დემეტრესაგან წარგზავნილი მოლაშქრენი,
თეოდოსიმ სიკვდილს გამოასწრო, ქართლს ჩამოვიდა და ძამის ციხის ძლიერ ფეოდალს ადარნასეს შეეხიზნა,
3 თვე ადგა დემეტრე მეფის ლაშქარი ძამის ციხეს, მერე თეოდოსი სიცოცხლის გარანტიით ძამადან გამოვიდა და ისევ სამხ საქართველოში გადაიხვეწა,
მაინც არ იქნა და არ შეურიგდა ის თავის უიღბლო წილხვედრს, ერთხელ კიდევ სცადა ბედი, ამჯერად იგი კახეთში ჩავიდა კვირიკე ქორეპისკოპოსთან, მაშინ დემეტრემ შეუთვალა კვირიკეს რაკი ჩემი ძმა ბიზანტიიდან ჩამოვიდა ჩვენს შორის ბრძოლა არ დაილევა ავ კაცთა ავი სიტყვებისაგანო, ამიტომ გთხოვ  ჩემი ძმა შენი შუამდგომლობით მე მომანდე და სიტყვას გაძლევ ჩვენ თვითონ თანასწორად გავიყოფთ ჩვენს სამეფოსო,
კვირიკემ შუამდგომლობა იკისრა, თეოდოსის უთხრა «მე ვიყო მეძიებელი შენი სისხლისაო» და გადასცა იგი დემეტრეს, ორივე მხარემ საჯაროდ დაიფიცა მცხეთაში,სვეტიცხოვლის წინაშე კათალიკოსის, მღვდელთმთავართა და წარჩინებულთა საკრებულოს თანდასწრებით, ხოლო დემეტრემ რაკი მეტოქე ძმა ხელში ჩაიგდო ფიცის გატეხვა არად ჩააგდო და თეოდოსის თვალები დასთხარა, ამის შემდეგ ფიცის გამტეხ მეფეს დიდხანს აღარ უცოცხლია, 975 წელს იგი ისე გადაეგო არც შვილი დარჩენია, არც ძირი, აფხაზეთის სამეფო უსინათლო და უმწეო თეოდოსის დარჩა.

სირცხვილი 8.

საქართველოს ტახტზე ქუთათისში 1027 წ მეფედ დაჯდა 9 წლის ბაგრატ IV, ახალი მეფის მცირეწლოვნობით ისარგებლეს ტაოელმა დიდებულებმა და მათგან რომელნიმე ციხოვანნი და რომელნიმე უციხონნი კონსტანტინეპპოლს გაიქცნენ, ბიზანტიის კეისარ კონსტანტინე VIII-ს ეთაყვანენ და ამ რჩეულმა ქართველებმა თავი ქართველი მეფისაგან განდგომილად გამოაცხადეს,
ყველანი იყვნენ დიდებულნი, მაგრამ ამ მოღალატეთა შორის ყველაზე დიდნი მაინც იყვნენ საეროთაგან ვაჩე კარიჭისძე და სამღვდელოთაგან იოანე ბანელი, ბანას ეპისკოპოსი.

სირცხვილი 9.

ბიზანტიის კეისარმა კონსტანტინე VIII-მ 1028 წ საქართველოს ასაოხრებლად ნიკიტა პარაკიმენონი გამოგზავნა «მიუწვდომელითა ძალითა ლაშქრითა თვისითა და განძითა ურიცხვითა», ამჯერად კიდევ ორმა ქართველმა დიდებულმა შეირცხვინა თავი ღალატით ჩანჩახა მთვალელმა და არჯევან ჰოლოლას ძემ, პირველმა გარყლობის ციხე ჩააბარა შემოჭრილ მტერს, მეორემ წერეფთის ციხე,
ქართველებმა ბიზანტიელები დაამარცხეს და უკუაქციეს, მოღალატე ქართველებსაც ისღა დარჩენოდათ უკუქცეულ უცხოელებს უცხოეთშივე წაჰყოლოდნენ შერცხვენილი სიცოცხლის იქვე დასასრულებლად.

სირცხვილი 10-15.

10  1040 წლის მახლობლად მეფე ბაგრატ IV მაშინ განდგომილი კახეთის შემოსაერთებლად წარემართა, წარმატებებიც დიდი ჰქონდა და ის იყო საქართველოს ეს აღმოსავლეთი მხარეც ერთიანი ქართული ტახტის მფლობელობაში უნდა მოქცეულიყო, რომ ამ დიდ სამამულიშვილო საქმეს ხელი შეეშალა კლდეკარის ძლიერი ერისთავის ლიპარიტ ბაღვაშის ღალატით,
ლიპარიტს ბიზანტიიდან გამოეწვია ბაგრატის ტახტის მოცილე მისი ნახევარძმა დემეტრე, რომელიც მამამისს მეფე გიორგი I-ს ოსის ქალისაგან ჰყავდა უკანონოდ შეძენილი «და ჩამოვიდა დემეტრე ბიზანტიური ლეგიონებით საქართველოში, ლიპარიტიც შეუერთდა კლდეკარის საერისთაოს ლაშქრით, კახელებიც შეუერთდნენ აჯანყებულ კლდეკარელსა და უცხოური კოჰორტებით მოვლენილ ტახტის მაძიებელს, ატენს მოადგნენ და ატყდა აქ ბრძოლა მომხვდურებსა და დამხვდურებს შორის.

11 აქ კიდევ ორმა ერისთავმა უღალატა ბაგრატ მეფეს ფარსმან თმოგველმა და ბეშქენ ჯაყელ-თუხარისელმა, მაგრამ ბიზანტიელებმა და მათმა მოკავშირე ანუ მეფის მოღალატე ქართველებმა ატენის ციხე ვერ აიღეს და ბრძოლაც წააგეს,
ბიზანტიელები და მათი მეთაური ქართველი ტახტის მაძიებელი უკანვე კონსტანტინეპოლს გაბრუნდნენ.

12 ამის შემდეგ 1046 წ ტფილისელმა ქრისტიანებმა ბაგრატ მეფე ტფილისის გასანთავისუფლებლად მიიწვიეს, ბაგრატიც მივიდა, ქალაქში შევიდა, თუმცა ისანი გაუძალიანდა, ისანზეც მეფემ იერიში მიიტანა, მაგრამ ზურგიდან ლიპარიტ კლდეკარელმა ისევ აღმართა ღალატის მახვილი, მეფე იძულებული გახდა ტფილისი მიეტოვებინა და ჯავახეთისკენ დაძრულიყო.

13 გზაზედ აწყურთან მაწყვერელმა ეპისკოპოსმა მესხთა ჯარი აახლა მეფეს, მაგრამ რა, როგორც კი ლიპარიტი გამოჩნდა მაწყვერელმაც მეფეს უღალატა და ისიც მოღალატე ერისთავს შეერთო და შეეზრახა, ძმათაშორისი ომი და სისხლისქცევა ამჯერად ნაადრევმა ზამთარმა და საშინელმა ქარბუქმა ჩაშალა,
მომდევნო 1047 წ კი ბრძოლა განახლდა.

14 ლიპარიტ ბაღვაშს ისევ გამოეხმო კონსტანტინეპოლიდან დემეტრე, რომელსაც დიდძალი ბიზანტიური მხედრობა და ძვირფასი განძეული ჩამოჰყვა თან, მაგრამ ბრძოლის დაწყების წინ მოულოდნელად მოკვდა დემეტრე, ბრძოლა მაინც შედგა თავსა სასირეთის ჭალისასა, ბაგრატ მეფე დამარცხდა, ბევრი მისი მომხრე დიდებული ტყვედ ჩაიგდო ლიპარიტმა, დამარცხებულმა მეფემ გამარჯვებულ ქვეშევრდომთაგან შერიგება სცადა, მაგრამ ქვეშევრდომმა ახლოსაც არ გაიკარა, მაშინ იმავე 1047 წ სულა კალმახის ერისთავმა, გრიგოლ არტანუჯის ერისთავმა და სვა მესხმა აზნაურებმა მეფე ისევ შეაგულიანეს და ლიპარიტის წინააღმდეგ ახალ ომში გაიწვიეს, ბაგრატი ქუთათისიდან გაემართა რკინის ჯვარი გაიარა და ერთგულ აზნაურებს არყის ციხესთან შეუერთდა, უგრძნეულად დაეცა ლიპარიტ ბაღვაში არყის ციხეს და ბრძოლაც მაშინვე მოიგო, ბევრი ტყვედ წაიყვანა და მათ შორის ორივე ერისთავი სულა კალმახელი და გრიგოლ არტანუჯელი,
მაღლა და მაღლა მიიწევდა ლიპარიტ ბაღვაში, ბიზანტიის სასახლის კარი ზურგს უმაგრებდა, კეისარი თავის მოკავშირედ და ერთგულ მეგობრად თვლიდა, თითქოს ბაგრატ მეფე აღარც არსებობდა ამ ქვეყნად,
იმავე 1047 წ ლიპარიტმა კეისრის საამებლად დვინი დალაშქრა, მეზობლები ააწიოკა და თანამემამულეთა სისხლის დაქცევასაც არ მოერიდა,
1048 წ თურქ-სელჩუკთა სარდალი იბრაჰიმ ალიმიანი წამოვიდა დიდი ლაშქრით, სომხეთი სრულიად დაიპყრო და ააოხრა, ბასიანში შეეტაკნენ მას კეისრის ლეგიონები, ლიპარიტ ლიპარიტის ძე აწვია ლაშქრად იმპერატორმა, თითქოს ბაგრატ მეფე არც არსებობდა ამ ქვეყნად, თურქებმა გაიმარჯვეს, კეისრისა და ლიპარიტის ჯარები გააქციეს, თვითონ ლიპარიტი ტყვედ აიყვანეს და ხვარასანს სულტან თოღრულ ბეგს მიართვეს,
ბაგრატმა ლიპარიტის ტყვეობით გაიხარა, სანამ გვიან არ იყო გაურჩებული აზნაურები სასწრაფოდ დაემორჩილენ მეფეს, დაასწრეს და მეფეს მფარველობა სთხოვეს თვითონ ლიპარიტის ვაჟებმა ივანემ და ნიანიამ, რომლებიც მაშინ უფლისციხეს იდგნენ,
ბაგრატმა უფლისციხე აიღო, ივანე გაათავისუფლა, ხოლო ნიანია მძევლად დაიტოვა,
ისევ მიიწვიეს ტფილისელებმა ბაგრატი ქალაქის დასაკავებლად, ისევ შევიდა ქართველი ხელმწიფე საოცნებო სატახტოში და იყო სიხარული და მშვიდობა დიდი,
დიდხანს მაინც არ გაგრძელებულა ეს სიხარული და მშვიდობა, კეისარმა არ მოისვენა სანამ ლიპარიტი ტყვეობიდან არ გამოიხსნა.

15 დაბრუნდა ლიპარიტი, ანუ კვლავ მეფისა და ქვეყნის განდგომას დაუბრუნდა, მისმა დაბრუნებამ ბაგრატს ტფილისი ისევ დააკარგვინა, მოღალატე ერისთავი პირდაპირ კონსტანტინეპოლს ჩავიდა და კეისარს ახალი საომარი ძალები გამოსთხოვა ბაგრატის დასაკნინებლად, დიდი საფრთხე შეექმნა ბაგრატ IV-ს ხელმწიფობას, ქართლი და სამხ საქართველო სავსებით წაერთმია მისთვის კლდეკარის ერისთავს,  რაკი მეტი საშველი აღარ ჰქონდა ბაგრატი თვითონაც შეუდგა კონსტანტინეპოლის გზას,
1054 წ ბიზანტიის სატახტოში ერთმანეთს შეხვდნენ კეისარი კონსტანტინე IX მონომახოსი და ბაგრატ IV, ბაგრატმა კეისარს საყვედური უთხრა «ამოდენა ხელმწიფე ხარ, ჩემთან ასევე ხელმწიფესთან მოცემული პირობა დამირღვიე და ვიღაც კერძო კაცი და ჩემი მონა დაიახლოვეო», ეს ცოტა მკაცრად იყო ნათქვამი და იქვე დასძინა, «კარგი იქნება თუ მე და ლიპარიტს შეგვარიგებო», კეისარმა მართლაც შეარიგა და დააზავა მეფე და მისი ქვეშევრდომი, ლიპარიტს ბაგრატის ხელმწიფობა და უფლობა უნდა ეცნო, ხოლო ლიპარიტი მესხეთის მთავრად ცხადდებოდა სიკვდილამდე, მეფეს მძევლობიდან უნდა გამოეშვა ნიანია ლიპარიტის ძე,
კონსტანტინეპოლს წასვლის წინ ბაგრატმა ქუთათისის ტახტზე მეფედ დასვა თავისი მცირეწლოვანი ძე გიორგი, თვითონ ბაგრატს ეგონა ბიზანტიიდან მალე დაბრუნდებოდა, მაგრამ კონსტანტინეპოლის სასახლის კარმა ისევ ლიპარიტ ბაღვაშისადმი ანგარიშის გაწევით ბაგრატი 3 წელი არ გამოუშვა საქართველოში,
ხოლო ბაგრატის სამწლოვანი დიდსა დიდებასა და პატივსა შინა ბიზანტიაში ყოფნის ჟამს ლიპარიტ ბაღვაში ახალ პოლიტიკურ ხვანჯებს ხლართავდა საქართველოში.
მან იცოდა, რომ საქართველოს მეფის გვირგვინს მას ქართველი ფეოდალები არასგზით არ დაანებებდნენ, ამიტომ მოსისხლე და ენერგიული ბაგრატის ნაცვლად სამეფო ტახტზე ისევ მცირეწლოვანი გიორგი არჩია, არჩია, ისურვა და სურვილიც აღისრულა, მის დაჟინებით თხოვნას ბაგრატის მეუღლე დედოფალი ბორენაც დაეთანხმა და უკვე მეფედ მირონცხებული უფლისწული გიორგი ქუთათისიდან რუისს გადმოიყვანეს და იქვე ტაძარში საზეიმოდ სრულიად საქართველოს მეფედ აკურთხეს,
მცირეწლოვან მეფეს ხალისიან, უზრუნველ და ნებაზე დამყყოლ ყრმას მზრდელად თვითონ ლიპარიტ ერისთავი დაენიშნა და საეჭვოდ არავის დარჩენია, რომ ლიპარიტ ბაღვაში საქართველოს ფაქტიურ გამგებლად იქცა,
მაშინ აზვავდა ბაგრატიონთა სასახლის კარი, აზვავდნენ თვისსწორი აზნაურის აღზევებით აღშფოთებული დიდებულები, მეფის დაი გურანდუხტი ჩაუდგა სათავეში გაზულუქებული კლდეკარელის ალაგმვას, ქალი სრული და უნაცვალო სახითა სიბრძნითა, სიუხვითა, ღვთისმსახურებითა და ყოვლითა სიკეთითა და გურანდუხტის მოთავეობით კეისარ მიხეილ VI-ს დაჟინებით გამოსთხოვეს ბაგრატის გამოშვება, კეისარმაც აღარ დააყოვნა და გამოისტუმრა ბაგრატი დიდითა დიდებითა ნიჭითა და განძითა მიუწვდომელითა,
ამჯერად ლიპარიტ ერისთავს ვეღარ უშველა ვეღარც ბიზანტიის კეისარმა და ვეღარც სულტანმა თოღრულ ბეგმა, რომელთან დამეგობრება ტყვეობის ჟამსა მოუხერხებია ხერხიან ერისთავს,
ბაგრატის მობრუნებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ მისი ერთგული ერისთავი სულა კალმახელი მისებრ ერთგული აზნაურების თანადგომით თავს დაეცა დლივში მყოფ ლიპარიტსა და მის ვაჟებს, ლიპარიტი და ივანე შეიპყრეს, ხოლო ნიანია გაექცათ,
კლდეკარს მივარდა ნიანია, მაგრამ იქ მეციხოვნეებმა არ შეუშვეს და ანის შემდეგ გადაიხვეწა იქ მდგარ ბიზანტიელებთან,
სულა კალმახელმა ბორკილგაყრილი ლიპარიტი და ივანე კალმახის ციხეში  მიიყვანა და სასწრაფოდ ბაგრატს აცნობა მომხდარი ამბავი, ბაგრატი ახალქალაქს ჩავიდა და იქ ჩაიბარა ძვირფასი ტყვეები,
სულა კალმახელმა ტყვეებთან ერთად მეფეს გადასცა ლიპარიტისაგან ჩამორთმეული სამხრეთული ციხენი, თვითონ კლდეკარს კი ჯერ კიდევ ლიპარიტის მწიგნობართუხუცესი ანანური იცავდა, მაგრამ ისიც გატყდა, როცა მეფის ბრძანებით კლდეკარელთა თვალსახილველად ლიპარიტი და ივანე ძელებზე გაჰკიდეს და განწირეს სასიკვდილოდ,
ანანურმაც განწირულთა სიცოცხლის დანარჩუნება ითხოვა და სანაცვლოდ ციხე-სიმაგრის კლიტენი მოართვა მეფეს, ლიპარიტმა შეჰფიცა მეფეს, რომ ამიერიდან სიკვდილამდე მისი ერთგული იქნებოდა, თან შეჰვედრა ძე თვისი ივანე, მეფემაც არგვეთი უბოძა ივანე ლიპარიტის ძეს, ბაღვაშთა ძველი საგვარეულო მამული, თვითონ ძლეულმა ერისთავმა ისევ მეფის დიდსულოვნური დასტურით კლდეკარის ხაზინიდან გამოიღო თავისი ხუასტაგნი, ჩაიცუნა ჩოხანი და ვვითარცა ბერი და მონაზონ-ფიჩოსანი სამუდამოდ განშორდა მისგანვე ეგრერიგად აშლილ პოლიტიკურ საასპარეზოს, დაირქვა ანტონი და ბიზანტიას მიაშურა, იქვე მოკვდა, სიკვდილის წინ ანდერძად საქართველოში დამარხვა უნებებია, ასედაც აღუსრულეს, დიდითა დიდებითა ერთგულთა და გაზრდილთა მისთა მოიყვანეს და დამარხეს კაცხს სამარხავთა მამათა მათთასა.

სირცხვილი 16-21.

16 ბაგრატ IV-ს შემდეგ მისი ძე გიორგი II მეფობდა საქართველოში 1072-89 წ, გამეფების მეორე წელსვე ერთდროულად 3 დიდი ფეოდალი აუჯანყდა გიორგის ნიანია ქვაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი,
ადრე სამივე ნებით თუ უნებლიედ ერთგულობდა ბაგრატ IV-ს, ახლა კი როგორც ეტყობა გიორგის სისუსტე იგრძნეს და კიდევაც აუშალეს ქვეყანა,
ივანემ კახელები მეშველ ძალად მოირთო და ქსნის ხეობა დაიჭირა, ნიანია შიგ სატახტო ქუთათისში შეიჭრა საჭურჭლეები ხელთ იგდო და იქვე ჩადგა ბანაკად,
ვარდან ერისთავმა სვანები სამეგრელოს შეუსია და საშინლად ააოხრა,
გაუხტა ახალგაზრდა მეფფე აჯანყებულებს და სამივე დაამარცხა ზედიზედ, მაგრამ სამივესადმი არამც თუ სასჯელი უბრალოდ ძვირუხსენებელი იქმნა, უფრო მეტიც კადნიერი მოღალატენი უხვადაც დააჯილდოვა, ივანეს რუსთავი გამოართვა და აღსართან კახთა მეფეს მისცა, სამაგიეროდ ივანეს სამშვილდე და ლოწობანი მიართვა, ნიანიას თმოგვი და სხვანი საქონელნი რჩეულნი, ხოლო ვარდან ერისთავს ასკალანა აჩუქა,
გიორგის ბავშვური გულწრფელობით სჯეროდა, რომ დიდსულოვნებით დაიწყნარა მეფობა თვისი.

17 მაგრამ იმ წელსვე ისევ განუდგა კლდეკარის ერისთავი, გიორგი ქუთათისიდან სასწრაფოდ სამცხეს გადავიდა, მესხთა ჯარიც აიყოლია და სამშვილდეს მიადგა, აქვე მას შეუერთდა აღსართან კახთა მეფე, რომელსაც ამჯერად ივანესთან კავშირს გიორგის თანადგომა უმჯობინებია,
ივანე ლიპარიტის ძემ შეტაკება უიმედოდ ჩათვალა, ციხიდან იდუმალ გაიპარა და სამხრეთისკენ მთებს შეეხიზნა, გიორგიმ ადრე გაჩუქებული ლოწობანიც დაიჭირა და ჯავახეთს გადავიდა, აქ ეკრანთის ციხეში ივანე ბაღვაში თავის ფეხით მივიდა და მეფეს შენდობა და შერიგება სთხოვა, ისევ უმტყუნა ნებისყოფამ მეფეს, კადნიერი დიდკაცისაგან მხოლოდ ფიცი იკმარა და ისევ დაუმტკიცა კლდეკარი და სამშვილდე.

18 არ გასულა დიდი დრო და ამჯერად კიდევ უარესი კადნიერება ჩაიდინა ივანე ბაღვაშმა, გაგის ციხე გიორგი მეფის მეციხოვნეებს გამოსტყუა და განძის ამირას მიჰყიდა ფადლონს, ქართველთა დაუძინებელ მტერს,
გიორგიმ გათავხედებული ქვეშევრდომის წინააღმდეგ გამოსვლაც ვერ მოასწრო რომ საქართველოს სამხრეთ სამანებს მალიქ-შაჰი მოადგა თურქ-სელჩუკთა დიდი სულტანი, ივანემ სულტანს მაშინვე თავისი ძე ლიპარიტი შეაგება და ქვეშევრდომობა შესთავაზა, შაჰი დიდად ნასიამოვნები დარჩა და ახალგაზრდა ლიპარიტი თავისთან დაიტოვა, ეს უკვე მძევლობას ნიშნავდა, ლიპარიტიც ხერხიანი გამოდგა და მალიქ-შაჰს გამოეპარა, გაჯავრებული შაჰი ანაზდაითად სამშვილდეს დაეცა და ივანე ლიპარიტის ძე თავისი ცოლით, შვილიშვილითა და ქვეშევრდომთა სახლეულობით ტყვედ წაიყვანა, სამშვილდიდან სელჩუკები ქართლის სოფელ-ქალაქებს მოედვნენ და გაძარცვეს და წავიდნენ საქართველოდან, შემდეგ მალიქ-შაჰი განძას მიადგა აიღო და მის გამგებად ერთი თავისი სარანგი-სარდალი დატოვა 48 000 მეომრით, სარანგმა განძის ამირა ფადლონს ბორკილები გაუყარა და 1074 წ ადრიან გაზაფხულზე თავისი მხედრობა ისევ საქართველოს შემოუსია,
გიორგიც გაეშურა მტერთან შესახვედრად, ბრძოლა მოხდა ფარცხისს, ქართველებმა გაიმარჯვეს და მტერი საქართველოს სამანებიდან განდევნეს, ეს იყო ჭეშმარიტად დიდი ძლევა გიორგი II-სი, მაგრამ ეს იყო და ეს, გიორგის ამის შემდგომ აღარ გაუმარჯვია, თურქთა შემოსევები დიდი თურქობანი ყოველწლიურ უბედურებად იქცა საქართველოში, ბოლოს გიორგი სულტან მალიქ-შაჰს ეწვია, მისი უღელი ცნო და ყოველწლიური ხარკის გადახდაც იკისრა,
სამაგიეროდ სულტანმა გიორგის კახეთის დაპყრობის ნება დართო და საამისოდ თურქული ჯარიც გამოაყოლა.

19 გიიორგი ქართველთა და თურქთა ჯარებით კახეთში შეიჭრა და ვეჟინის ციხეს ალყად შემოეწყო, ვეჟინის ალყა დაიწყო ჟამსა სთვლისასა, მთელი შემოდგომაც მიიწურა, ზამთარიც დადგა და ალყაც მხოლოდ ალყად დარჩა, თოვა დაიწყო თუ არა გიორგიმ მთელი თანამედროვე და მომავალი ისტორია გააკვირვა უცნაური ახირებულობით, რაკი მოეხსენა აჯამეთის ტყეში ნადირობის ჟამი დადგაო, იმანაც არც აცივა არც აცხელა ახლავე სანადიროდ უნდა წავიდეო აჯამეთს, თქმა და ქმნა ერთი იყო, ვეჟინს ალყა მოხსნა, თურქთა ჯარი ივრის ხეობას საძარცვავად მიუსია და თვითონ იმერეთს გადავიდა აჯამეთის ტყეებში სანადიროდ, თურქებმა საშინლად მოაოხრეს ივრის ხეობა.

20 ახლა აღსართან კახთა მეფემ მტრის ხელით მტრობა აგრე არ უნდაო და თვითონაც ეწვია სულტან მალიქ-შაჰს, ქრისტიანობა მოიშორა, მაჰმადის რჯული მიიღო, წინადაიცვითა და კახეთიც თურქთა ძალებით უკან დაიბრუნა.

21 მეფე გიორგის შეჭირვებამ ღალატის გუნებაზე დააყენა ძლიერი არაგვის ერისთავი ძაგან აბულეთისძე, რომელმაც ირწმუნა, რომ მეტოქეობის სასწორი საბოლოოდ კახთა მეფისკენ გადაიხარა, გიორგისაგან ნაბოძები ციხეები მუხნარი და ზედაზენი აღსართანს გადასცა და თვითონაც მის ბანაკში გადაბარგდა,
ანაზდაითად ბუნებაც საოცარი სისასტიკით შემოსწყრა ადამიანთაგან ამოგდებულ ქართველთა ქვეყანას 1088 წ მანამდე გაუგონარმა მიწისძვრამ დააქცია საქართველო, მთელი წლის მანძილზე ირყეოდა დედამიწა, ინგრეოდნენ და საფლავდებოდნენ სოფლები,  ქალაქები, ეკლესიები, სასახლენი, ჩამოქცეულ თმოგვის ციხის კედლებს ქვეშ ცოლთან ერთად დაიმარხა ერისთავი კახაბერ ნიანიას ძე, თითქოს ღმერთი გასწყრომოდა საქართველოს და 1089 წ გიორგი II-მ გადადგა ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი საქართველოს სამეფო გვირგვინი მოიხადა და თავზე დაადგა მის ერთადერთ ძეს 16 წლის დავითს.

სირცხვილი 22-30.

თითქოს სირცხვილსაც ბოლო უნდა მოღებოდა, რაკი ტახტზე ასულიყო დავით აღმაშენებელი, მაგრამ ამ საოცარი ხელმწიფის მეფობაც სწორედ მის ნათესავ ქართველთა მუდმივ ამოუწურავ სირცხვილეულთა დაძლევასთან იყო დაკავშირებული.

22 დავითის აღმაშენებლობის უპირველესი მომტერე და მოღალატე აღმოჩნდა კვლავაც კლდეკარის ერისთავთ-ერისთავი ლიპარიტ ივანეს ძე ბაღვაში, შვილიშვილი იმ ლიპარიტისა ადრე დავითის პაპას ბაგრატ IV-ს რომ უმწარებდა წუთისოფელს,
ამ ახალმა ლიპარიტმა კვლავაც მისი მოღალატური ჯიშით იწყო მათვე მამულ-პაპულთა კვალთა სვლა და განუდგა დავით მეფეს, ზაკვიდა წინაშე მისდა მოპოვნებად უსჯულოებისად.

23 ჭაბუკმა ხელმწიფემ ღალატის გზაზე შემდგარი თანამემამულის გამობრუნება ჯერ მშვიდობიანი შეგონებით სცადა, მაგრამ არაფერიც არ გამოვიდა, ლიპარიტმა არ შეისმინა სიტყვა პატრონისა, არა ინება გულისხმისყოფა კეთილისა და განუხრელად დაადგა ყოველსა გზასა არაკეთილსა,
რაკი არ დაიშალა დავითმა ინება გაწურთვნა მოღალატისა და მისი ბრძანებით ლიპარიტი შეიპყრეს და დილეგში ჩააგდეს და იყო ასე პყრობილი კლდეკარის ერისთავთ-ერისთავი ჟამ რაოდენიმე იმდენ ხანს რამდენი ხანიც კვა უნდა ყოფილიყო განსწავლულად გონიერსა ვისიმე, თითქოს მართლა განისწავლა ლიპარიტი, უკვე პატიება შესთხოვა მეფეს, ღმერთი შუამდგომელად დაიყენა, ერთგულება ეფიცა და ასე მომტკიცებული მრავალთა და მტკიცე ფიცთაგან დაჯერებულმა დავითმა გამოუშვა საპყრობილედან ლიპარიტი, არამც თუ გაათავისუფლა დაკლებითაც არაფერი დაუკლია, ისევე ხელუხლებლად დაუბრუნა მისი კლდეკარის საერისთაოც, ერისთავთ-ერისთავის თიკუნიც და სხვა ყოველი პატივი რაის მფლობელიც კი ბრძანდებოდა.

24 მაგრამ ძალიან მალე ამაო აღმოჩნდა დიდსულოვნება ახალგაზრდა მეფისა, თურმე პყრობილი იგი არცა განისწავლა და არცა გაიწვრთნა სიკეთისკენ, მან აშკარად განაცხადა მტრობა და უკეთურება მეფისადმი, აღარც ფიცი გახსენებია, ისე ვითარცა ძაღლი მიექცა ნათხევარსა და ვითარცა ღორი ინწუბა სამგორელსა მწვირისასა და დარწმუნდა დავითი რომ მართლაც თურმე მართლაცდა კუდი ძაღლისა არა განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს და კვლავ შეიპყრო მეფემ ეს ღალატსა და უკეთურებაზე ჯიშით და საწოლითვე წრთობილი დიდაზნაური, 2 წელი კიდევ ამყოფა საპყრობილეში, სასიკვდილოდ მაინც ვერ გაიმეტა და ექსორიად ჰყო ბიზანტიაში გაასახლა, იქვე უცხოობაში დაასრულა თავისი ავ-წუთისოფელი კლდეკარის ავმა ბატონმა, დარჩა ძე ერთი სახელად რატი, რომელიც დავითს მამის ადგილას დაესვა კლდეკარის საერისთაოს საბატონოდ, იქნებ ამ ერთს მაინც რატი ლიპარიტის ძეს მოეხერხებინა ერთგულება მეფისა.

25 მეორე დიდი ფეოდალი, რომელიც მეფისა და ქვეყნის ღალატის გზას დაადგა იყო არაგვის ერისთავი ძაგან აბულეთისძე, კაცი შემაწუხებელი ღვთისა და მძლავრებით ღვთისათა არა მრიდი, ძაგანმა მარტო თვითონ კი არა ძმაც აიყოლია და შეიკავშირა ყოველ ქართველთა გამაერთიანებელი ტახტის წინააღმდეგ საბრძოლველად, თანაც ეს უბრალოდ სისხლიერ ძმათა კავშირი როდი იყო, არამედ მთავარი ის გახლდათ, რომ ძაგანის მოკავშირე ძმა სახელად მოდისტოს ერთი ფრიად გავლენიანი სასულიერო მოხელე ბრძანდებოდა ეპისკოპოსი, ასე რომ დავით მეფეს ერთად ამხედრებოდნენ ეს 2 ფეოდალი საეროც და სამღვდელოც, ძალიან სწრაფადაც ამოქმედებულან მეფის მოღალატენი, სანამ თვითონ დავითი შეიტყობდა ძაგან ერისთავმა ერთბაში დაცემით ხელთ იგდო მცხეთის, წილკნისა და შიომღვიმის მამულები და საეკლესიო საბატონოდ მისცა თავის ძმას მოდისტოსს, მაგრამ ცუდად გაუთავდათ ძმებს ასეთი კადნიერება, მეფე მოიჭრა ელვასავით, ძაგანი გაიქცა და შიომღვიმის მონასტერში შევარდა თავშესაფარად, მეფეც მიჰყვა თუმცა დიდი გარჯა არ დასჭირვებია, თვითონ მღვიმის მონაზონ-მოწესეებმა მთავარ მამათა შიოსა და მიქაელის მეთაურობით შეიპყრეს მათთან შელტოლვილი ძაგანი ღვთისა არამრიდი და შებორკილი მიართვეს მეფეს,
ძაგანის ძმა მოდისტოსიც შეიპყრეს ღმერთისადმი განკუთვნილი ეკლესიების თვისად მიმტაცებელი და ორივე ძმა საპყრობილეში ჩაჰყარა დავითმა, ერისთავობაც წაართვამ, ერისმამობაც, სხვა ყოველი პატივიც და დიდებაც.

26 მასვე ჟამს მოკვდა კლდეკარის ერისთავი რატი ლიპარიტის ძე, სწორედ ის რატი რომელსაც მეფემ ტახტის მოღალატე მამის საქართველოდან გაძევებული ლიპარიტის მემკვიდრეობა უკლებლივ მიართვა, მაგრამ ამაოდ, რატიც აღმოჩნდა  კაცი ორგული და ნანდვილვე ნაშობნი იქედნესი, ის აღმოჩნდა უკანასკნელი  ბაღვაში განმამწარებელი, აკი გვარიც მათი ეს იყო ბაღვივაშ-სახლი განმამწარებელთა, ახლა იმ გეოგრაფიულ ცაზეთზე კლდეკარი რომ ერქვა ცით მოვლენილი მეფე იდგა.

27 მარტო საერო დიდგვაროვანთა თავგასულობის აღკვეთა არ ჩანდა საკმარისი მეფის ერთიანი სახელმწიფოებრივი მმართველობის განმტკიცებისათვის, უარესი უზნეობა და განუკითხაობა სუფევდა სასულიერო-საეკლესიო ცხოვრებაში, დავითის წინარე მეფეთა ზეობათა ჟამს მკვიდრად ჩამოყალიბებულიყო საეკლესიო მმართველობისა და წესწყობილების ზნეობრივად მახინჯი პრინციპები, სამმართველო და საწინამძღვრო იერარქიის ყოველ საფეხურზე დანიშვნა ხდებოდა წოდებრიობის, გვაროვნების, ნათლიმამობის (ნეპოტიზმი) და ნივთიერი დოვლათიანობის მიხედულობით და არავითარი ყურადღება არ ექცეოდა ადამიანის პირად ღირსებებს, ნიჭიერებას, პატიოსნებას, საქმის ცოდნას, განათლებას, სიქველეს, მამულიშვილობას,
საქართველოს ეკლესია სახარებაში გაკიცხულ ავაზაკთა ქვაბს ემსგავსებოდა, წმინდანი ეკლესიანი სახლნი ღვთისანი ქვაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნენ და უღირსთა და უწესოთა მამულობით უფროს ვიდრე ღირსებით დაეპყრნეს უფროსნი საეპისკოპოსნი, ვითარცა ავაზაკთა და მათნივე მსგავსნი ხუცესნი, ქორეპისკოპოსნი დაედგინეს, რომელნი ნაცვლად სჯულთა საღვთოთა უსჯულოებათა აწვრთუიდეს მათ ქვეშეთა ყოველთა და თვის სახლითა უფლისათ და მღვდელთაგან გამოვიდოდა ყოველი უსჯულოება და ცოდვა, თუნდაც აწ მოხსენიებული და ავად სახსენებელი მოდისტოს ეპისკოპოსი ძმა მისებრ მობოროტე ძაგან ერისთავისა ტიპიური მაგალითი იყო უმაღლეს საეკლესიო წინამძღვართა და მესვეურთა ზნედაცემულობისა, ერთი სიტყვით ქართული ეკლესია იყო დიდთა წყლულებათა შინა სამართლებრივად უსამართლო, ზნეობრივად უზნეო და სჯულიერად უსჯულო,
პატივმოყვარეობითა და ანგარებისმოყვარეობით ნაშობნი ზნედაცემულობა საერო არისტოკრატიასაც აკი არა ჰყავდა მაშინდელ საქართველოში, მაგრამ სასულიერო-საეკლესიო მოწესეთა უწესობა უფრო დიდ ცოდვად და უზნეობად ინათლებოდა თუნდაც თვითონ საეკლესიო მორალური კანონიკით, თუნდაც ასეთი წერილობითი შეგონებით არასწორი არს ცოდვა მღვდელისა და მხედრისა, არცა ერისა და მღვდელთმთავრისა,
სამღვდელოსაგან ჩადენილი ცოდვა უფრო მძიმე იმიტომ არის, რომ მან საღვთო სჯულიერებისა და სინდისიერებისა გაცილებით მეტი იცის ყოველ შემთხვევაში უნდა იცოდეს ვიდრე საერომ, ამიტომ სამღვდელო შეცოდებისთვის უფრო უნდა დაისაჯოს ვიდრე საერო მწყემსი, უფრო მკაცრად იგვემოს ვიდრე სამწყსონი მისნი  ანუ რომელმან იცოდის ნება უფლისა თვისისა და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა იგუემოს ფრიად,
მაშ გადაუდებლად საჭირო ყოფილა გაწმენდა ტაძრისა ამ ავაზაკთა  ქვაბად  გარდასახულისა,  აკი ადრეც 40 წლის წინათ სულკურთხეულმა წმ გიორგი ათონელმა მოუწოდა და მოსთხოვა მეფე ბაგრატ IV-ს ქართული ეკლესიისა და საერთოდ საქართველოს სულიერ-სჯულიერი და კანონ-სამართლებრივი რეფორმების გატარება, მაგრამ ამაოდ გაწბილდა მაშინ წმინდანი იგი, გაწბილდა რადგან ბაგრატ IV არ აღმოჩნდა იმ ძალმოსილების მქონე გვირგვინოსანი, რომელიც ეგზომ მძიმე ტვირთის აზიდვას შეძლებდა,
ბაგრატი დიახაც დიადი მეფე იყო მაგრამ როგორც ეტყობოდა ამ შემთხვევაში თურმე სიდიდეც არ კმაროდა, თურმე ასეთი ტვირთის ზიდვას სიდიდე კი არა სიდიადე სჭირდებოდა, სიდიადე კი თურმე მის შვილიშვილ დავითს უნდა მოჰყოლოდა ზეცითა მონაბერითა და აი ახლა დიადი შვილიშვილი დავით აღმაშენებელი შესდგომოდა ტვირთის განზიდვას, იდგა 1103 წ დავითს რუისსა და ურბნისში დიდი საეკლესიო ყრილობა დაენიშნა, შეყრილიყო ერი მრავალნი, სამღვდელონი ყოველნი სიმაღლისა, მრავლად საეროთაგან მოძღვარი და მეცნიერნი, თავყრილობა ვიდოდა დიდხანს და ცხოველმყოფელად, ძნელი უნდა ყოფილიყო ბრძოლა უღირსად გამოჩინებულთა წინააღმდეგ, რომელთაგან უმეტესნი იყვნენ კაცნი მთავართა და წარჩინებულთა შვილნი ამიტომ უნდა გაძნელებულიყო ამ ხელუხლებელთა დაქვეითება და განპატიჟება, მაგრამ კვლავაც უმტკიცესი აღმოჩნდა ნება დავით მეფისა, მისი წინამძღოლობით კრებაზე ჯერ ყოველი ცთომა განმართეს, კეთილი და სათნო Eღვთისა წესი ყოველი დაამტკიცეს, მას უკან იქვე უღირსად გამოჩინებულნი განკვეთეს და შეაჩვენეს და მათ ადგილებზე მაშინვე ჭეშმარიტნი მწყემსნი და სათნონი ღვთისანი დაადგინეს, ასეთი იყო ამ კრების აზრი და არსი, იქვე გაფორმდა ძეგლი შვენიერი  ჭეშმარიტი სარწმუნოებისა.

28 დავით მეფეს 1117 წ განუდგნენ ჰერეთის ერისთავები ასათ და შოთა გრიგოლისძენი, ჰერეთი ცალკე საბატონოდ დაიჩემეს და თავის დამოუკიდებელ სატახტოდ ქ გიში გამოაცხადეს,
სასწრაფოდ წარემართა დავითი ჰერეთს, მისვლისთანავე აიღო გიში, განდგომილი გრიგოლისძენი ტყვედ აიყვანა და ბორკილგაყრილნი გამოირეკა, ჰერეთი კვლავაც საქართველოს აღმოსავლეთ მხარმკლავად დაემტკიცა.

29 XI ს 90-ან წლებში კონსტანტინეპოლში ბიზანტიის საერო და სასულიერო საჭეთმპყრობელობამ ერესად გამოაცხადა და დევნა დაუწყო ნეოპლატონურ ფილოსოფიურ სკოლას, დევნილთა შორის აღმოჩნდა ქართველი ფილოსოფოსი იოანე, რომელმაც კონსტანტინეპოლი დააგდო და თავი Aშეაფარა პეტრიწონს, ბულგარეთს სადაც ადრე ქართული კოლონია და სავანე დაეარსებინა ბიზანტიაში მოღვაწე ცნობილ ქართველ სამხედრო პოლიტიკურ თავკაცს გრიგოლ ბაკურიანისძეს, იქ დაემკვიდრა საცხოვრებლად იოანე, იქედანვე დაერქვა მას პეტრიწი, პეტრიწონელი, თითქოს აქ ქართველთა შორის უნდა ეპოვნა მას სიკვდილამდე მყუდრო თავშესაფარი და დაჰყო აქ მან დაახლოებით 10 წელი და ვაი ამისთანა დაყოფას, იყო კვლავ დაუსვენარი და დევნილიც ვიდრე იქ კონსტანტინეპოლში სადაც დევნიდნენ ბერძნებიც,ქართველებიც, აქ კი პეტრიწონში მხოლოდ ქართველები, ბოლოს დავით აღმაშენებელმა იხსნა იოანე, გელათს მიიწვია და დაუმკვიდრა სამოღვაწოდ.

30 ერთხელ რომელიღაც ციხისათვის ბრძოლის დროს შუადღის სიცხეში მეფე პერანგის ამარად გამოვიდა კარვიდან, მკერდზე მცირე ოქროს ხატი უბრწყინავდა მთავარანგელოზისა, ზედ ქართული ასომთავრულით ეწერა «ღმერთო ყოვლისა დამბადებელო  ადიდე შენს მიერ გვირგვინოისანი დავით აფხაზთა, ქართველთა, ჰერთა და კახთა მეფე-მზე წქრისტიანობისაი ამინ», კართან შედგა და უეცრად სადღაიცა ნასროლმა ქეიბურმა გაიზუზუნა, მეფის შიშველ მკერდს წივილით დააცხრა ისარი და თითქოს პიტალომ აისხლიტაო ძირს დაეცა ისარი იგი ჭვინმოქცეული, ისარი სწორედ იმ ხატს მოხვედროდა, სიკვდილს ხელი მოსცაროდა.

სირცხვილი 31-32.

31 წელი იდგა 1135, მეფე დემეტრე I-ს დასამხობად შეთქმულება გაწყობილიყო,  მეთაური შეთქმულებისა ივანე აბულეთისძე, განზრახული იყო დემეტრეს ტახტიდან ჩამოგდება და ნაცვლად მისივე ნახევარძმის ვახტანგის, ცუატას გამეფება.

32 დემეტრემ შეთქმულება გახსნა, ივანე აბულეთისძეს თავი გააგდებინა, მეტოქე ძმას ჯერ თვალები დასთხარა, მალე კიდევაც მოაკვლევინა.

სირცხვილი 33-35.

33 მეფე გიორგი III ტახტზე ასვლიდან 10 წლის 1156-65 წ ზედიზედ ამარცხებდა სამხრეთიდან მოწოლილ მუსლიმანობას, ქართველთა ძლევამოსილება და მდიდრული ნადავლიანობა თითქოს ჩვევად და წესად ქცეულიყო,ამიტომ ქართველებს თურმე კიდევაც ეუხერხულათ როცა ქართული შემმართებლობით დაშინებულმა მტერმა ქართული სამანების შეწუხებაზე ხელი აიღო, ომი ქართველისთვის შემოსავლისა და გამდიდრების წყარო თითქოს ახალ სამეურნეო დარგად ქცეულიყო, გუშინდელი საკუთარის დამცველი დღეს უკვე სხვათა მძარცველის როლში გამოსვლას მიესწრაფვოდა და შეუჩდნენ ქართველები მათ მეფეს გიორგი III-ს, არა არს ღონე დარჩომისა ჩვენისად თვინიერ ლაშქრობისა და რბევისა, ლაშქრობისა და ძარცვა-რბევის გარეშე რა გაგვაძლებინებს და ისევ გაგვიყვანე სალაშქრო-საძარცვავ გზაზეო მოითხოვდნენ მეფისაგან ქვეშევრდომნი,
გიორგისაც ბევრი ხვეწნა არ დასჭირვებია და მაშინვე დააწყო ქართველობა იმის მიხედვით რომელი კუთხის ქართველობას რომელ მხარეში უნდა ელაშქრა და ერბია უფრო მოხერხებულად და ასე განისაზღვრა ეს უცხო ლაშქრობანი, 1166 წ ტაოელებმა, კლარჯელებმა და შავშელებმა დაარბიეს ოლთისი და ბანა, მესხებმა და თორელებმა კარი და აშორნია, ქვემო ქართლელებმა რანი, იმერლებმა და შუა ქართლელებმა განძა და ხლათი, კახელებმა და ჰერებმა შირვანი, სწორედ უცნაური, მანამდე გაუგონარი რამ იყო ეს ქართველთა ბუნებისათვის, ქართველი დამცველი უკვე ქვეყანას თავს აცნობდა ვითარცა ქართველი მძარცველი.

34 იდგა 1177 წ, მეფე გიორგი III-ს წინააღმდეგ შეთქმულება მოწყობილიყო, მეფე უნდა მოეკლათ და მისი ძმისწული დემნა, დემეტრე დავითის ძე ბატონიშვილი გაემეფებინათ, შეთქმულებას სათავეში ჩასდგომოდა ამირსპასალარი ივანე ორბელი, რომლის ასული ცოლად ჰყავდა დემნა ბატონიშვილს, სიძე-სიმამრს მიემხრნენ ყველა ორბელის გვარისანი, სამცხელნი, ჰერნი, კახნი და სადაცა ნათესავი და ნატამალი მსმენარი მათდა იყო, ამათ გარდა შეთქმულებს შეუერთდნენ ქართლის ერისთავი და ამილახორი ლიპარიტ სუმბატის ძე, მეჯინიბეთუხუცესი ქავთარ ივანეს ძე, ანანია დვინელი, ივანე ვარდანისძე, გრიგოლ ასათის ძე, შოთა ძე ართავაჩოსძისა, კახა ჯავახიშვილებითურთ, დიდი გამრეკელი მემნა ჯაყელი, გრიგოლ ანელი აპირატისძე და ძმები სარგის და ვარამ მხარგრძელნი თავიანთი ვაჟებით, სარგისის ძენი ზაქარია და ივანე ვარამის ძენი ზაქარია და სარგისი, ასე დაიწყო დემნა ბატონიშვილის ამბოხი, მეფე მაშინ სახატეს იდგა არხეინი გასუენებით, აქვე შეიტყო ავი ამბავი შეთქმულებისა, სასწრაფოდ ტფილისს მივიდა და ლაშქრის შეყრას შეუდგა, განდგომილნი რომლებიც ლორეში გამაგრებულიყვნენ 30 ათასზე მეტ მეომარს მოითვლიდნენ, ხოლო მეფეს ჯერჯერობით მცირე ამალა ახლდა, მაინც ჩვეული სიმტკიცით, გულუძვრელობითა და წინდახედულობით შეხვდა გიორგი უმძიმეს განსაცდელს, სასწრაფოდ წვევაზე 500 მხედრით პირველი მოიჭრა ყუბასარ ნაყივჩაყარი, მას ძლიერი ჯარით მოჰყვა ჭიაბერიც, მეფის ფიცხელმა საომარმა სამზადისმა დააბნია შეთქმულთა მეთაურებიც, ზოგიერთმა სანამ გვიან არ იყო განდგომილთა ბანაკი კიდევაც მიატოვეს და სინანულის ცრემლითა თხევით მეფეს ეახლნენ, ასე მოიქცა ჯერ დიდი გამრეკელი, შემდეგ გრიგოლ ანელი და ყველა მხარგრძელნი მუდამ მიეთ-მოეთნი პოლიტიკოსნი, მეფემ ყველა დიდსულოვნებით შეიწყნარა და უხვადაც დაასაჩუქრა,
როცა შეთქმულთა ძალა საგრძნობლად შემცირდა, ხოლო მეფის ბანაკი გამძლავრდა გიორგი ტფილისიდან ჯიქურ გავიდა, განდგომილი ტაშირი მოარბია, მეამბოხენი აოტნა, გააქცივა, შეიხვეწნეს ციხესა ლორისასა, მეფემ აგარას დაიბანაკა და ლორეზე საიერიშოდ ჭიაბერი გაგზავნა, ლორედან ლიპარიტ სუმბატის ძე, ქავთარ ივანეს ძე და ანანია დვინელი შაჰარმენთან გაქცეულიყვნენ შემწეობის სათხოვრად, მაგრამ დაასწრო გიორგიმ, ახალი ძალები მოირთო ჰერეთიდან, ლეკეთიდან და სხვანი კავკასიითგან და ფიცხელი კუეთებით ერთხელ კიდევ დაამარცხა მეამბოხენი,
ამ შეტაკებისას შეთქმულთაგან დაიღუპა გრიგოლ ასათის ძე, ხოლო ივანე ვარდანისძე და შოთა ძე ართავაჩოს ძისა გიორგის მეომრებმა ტყვედ წაიყვანეს, მეფის ბრძანებით ორივეს თავები დააყრევინეს,
დემნა და ივანე ორბელი გადარჩენილი ძალებით ისევ ლორეს ციხეში ჩაიკეტნენ, მეფე უმტკიცეს სალტედ შემოერტყა მოღალატეთა თავშესაფარს, მალე სასოწარკვეთად და სრულებით დაუღოლოვდეს ლორეს შინა მდგომნი, ვეღარ გაუძლო თვითონ მთავარმა გმირმა დემნა ბატონიშვილმა, ღამით სიმამრისა და სხვათაგან იდუმალ თოკით ჩამოეშვა ციხის კედელზე, ბიძა-ხელმწიფეს მიეახლა, მუხლებზე დაეცა და საწყალობლად აქვითინებულმა პატიება და სიცოცხლის შენარჩუნება სთხოვა,
მეორე დღეს ივანე ორბელი მისი უკანასკნელი თანამებრძოლებით ბორკილდადებული გამოიყვანეს ციხიდან, გიორგიმ სასტიკი განაჩენი განაჩინა, ივანეს ჯერ თვალები დათხარა, მერე თავი გააგდებინა, ასევე დანარჩენ განდგომილ ორბელთაგან ყველა სიკვდილით დასაჯა, ზოგიერთ მოღალატეს სამშობლოდან გაძევება აკმარა.

35 ავად მოეპყრო გიორგი მეფე ძლეულ ძმისწულს, ერთხანს კლდეკარის ციხეში იყო ჩაკეტილი დემნა, მერე ჯალათები მიადგნენ, ერთმა თვალები დაუშრიტა, მეორემ ლაჯებში სამართებელი დაადო და დაასაჭურისა, დემნა ჭკუაზე შეცდა, დიდხანსაც აღარ უცოცხლია, უფრორე სირცხვილით სიმძიმილმა მოინელა ზროშვენიერი ჭაბუკი, გელათის სამეფო საგოდებელი არ აღირსეს და მცხეთას დაფლეს მისი ცხედარი.

სირცხვილი 36-40.

36 გამეფებიდან 1 წლის შემდეგ 1185 წ 18 წლის თამარს ქართველმა დიდებულებმა ქმრად შერთეს რუსი უფლისწული გიორგი ანუ იური ძე სუზდალის მთავრის ანდრია ბოგოლიუბსკისა, ქორწინება ხდებოდა თითქმის იძულებით, თვითონ თამარის დაუკითხავად და მისი აზრისა და სურვილის განუკითხავად, ამაოდ იბრძოდა ქალი-ხელმწიფე, ეს რა საკადრისიაო კაცნო ჩემს შეუტყობინებლად ასეთი საქმის გადაწყვეტა, ანდა რა ვიცით ამ უცხო კაცის ხასიათი, საქმე და საქციელი, არა ვიცით რა მისი არცა მხედრობა, არცა ბუნება, არცა რა ქცევა, მანამ მაინც მაცალეთო სანამ მის სიკეთეს თუ სისუსტეს რასმე შევიცნობდეთ და შევიტყოდებთო ბორგნეულად იძახდა თამარი, მაგრამ არ ეშვებოდნენ, ჭირვეულად ეტანებოდნენ და ეძალებოდნენ, წინ რუსუდანი გაემძღვარებინათ მისი მამიდა, რომლისადმი ვითარცა დედისადმი ესოდენი ხათრი და რიდი ჰქონდა თამარს, ჩასჩიჩინებდნენ სამეფო სახლი უნაყოფოდ გარდაეგებაო, უკეთუ ტახტის მემკვიდრე დროზე არ მოგვევლინებაო, მხედრობა კიდევ მხედართუფროსს საჭიროებსო და სხვა მისთანანი, ბოლოს და ბოლოს რასღა მრავალს ვიტყოდით შემდგომად მრავლისა ცილობისა გატყდა თამარი,
ამგვარად თვინიერ ნებისა თამარისა ყვეს ქორწილი.

37 გავიდა 2 წელი და სავსებით მოულოდნელად დამანგრეველი მეხის სიმძლავრით გავარდა უცხო რამე და უმსგავსი საქმე, შეუმსგავსებელი და დაუჯერებელი კაცთა გონებისაგან, თამარის ქმარს ყოვლად შეუწყნარებელი ჩვევები აღმოაჩნდა, განუზომლად სვამდა, უზომოდ მთვრალი მეფისათვის უკადრის სახედ ლაზღანდარობდა და ჯამბაზობდა, შფოთსა და აყალმაყალს სტეხდა, შიმუნვარ ქალებს ებღლარძუნებოდა და ელაციცებოდა,
ყველაზე უარესი მაინც მისი სოდომური ცოდვა ყოფილა და ამის შეწყნარება უკვე სრულიად შეუძლებელი იყო,
თამარი ორწელიწადნახევარს იბრძოდა ნაძალადევი მეუღლის გამოსასწორებლად და განსაკურნავად, ეს იყო ბრძოლა იდუმალი და თავგანწირული, ითმენდა თამარი ვითარცა გულდემალი, ყველაფერი ამაო გამოდგა, ბოლოს გიორგის უმძიმესად უზნეო მანკიერების ამბავი მეფე-დედოფლის მტკიცედ დაგმანული კარიდანაც გამოიჭრა და საყოველთაოდ საცნაური შეიქმნა,
სასახლის კარს თავზარი დაეცა, ატყდა ყრუ დრტვინვა, მითქმა მოთქმა, სირცხვილით ალანძული დააბოტებდნენ სადარბაზოში თამარის უიღბლო ქორწინების მოთავენი, ახლა აშკარად პირდაპირ მიუჩინა თამარმა გიორგის მკურნალი და მწვრთნელნი გამზრდელნი, მაგრამ რუსი არავის იკარებდა და უსმენდა, მოძალებულ მწვრთნელებს აგინებდა,სცემდა და ასოთა აღმოგდებით სტანჯავდა, ბოლოს ბიბლიურ იერემიას სიტყვებით ამცნეს თამარს უკურნებლობა მისი ქმრისა «ვკურნებდით ბაბილონსა და არა განიკურნა», თამარსაც უკვე აღარ შეეძლო მეტის დათმენა,
დარბაზის ერი შეჰყარა, ტახტზე დაბრძანდა და მის წინ მდგარ გიორგის საჯაროდ განუცხადა, «თუმცა საღვთო სჯული გვასწავლის არა განეშოროთ პირველსა საწოლსა, მაგრამ რაკი მე არა მიძლავს განმართვა მრუდე ხის აჩრდილისა უბრალოდ განვიყრი მტვერსაცა რომელი აღმეკრა მე შენ მიერ», ეს ბრძანა, მაშინვე ფეხზე წამოდგა და სადარბაზოდან გავიდა,
ვაზირები, ერისთავები და ეპისკოპოსები კარგა ხანს მდუმარედ შესცქეროდნენ გიორგის, რომელსაც თითქოს სავსებით გასცლოდა ნიშატი სიცოცხლისა, ბოლოს რუსუდან დედოფლის წარდგინებით დარბაზის ერმა გადაწყვიტა გიორგის გაძევება საქართველოდან, საქართველოს მეფეთა მეფე მაინც ქალი იყო და ვითარცა ქალმა ცრემლმდინარებასა შინა გამოიტირა თავისი უიღბლო ჯვარისწერა, მისმა მცირე ამალამ მიაცილა გიორგი შავი ზღვის პირამდე, ჩასვეს ხომალდში, რომელიც თამარის ბრძანებით წინასწარ აევსოთ აურაცხელითა ლარითა, სიმდიდრითა და საჭურჭლითა, წავიდა უბედური გიორგი და დარჩა უბედური თამარი, დარჩა ვითარცა ათენა სიბრძნისა და მეომრული რომანტიკის მეუფე ღმერთქალი მარად ქალწული პართენონს.

38  1189 წ 23 წლის თამარი მეორედ დაქორწინდა დავით სოსლანზე, გაძევებულ გიორგი რუსს კი ქართული ტახტისა და მასზე დაბრძანებული უმშვენიერესი დედოფლის დაბრუნება განუზრახავს და საამისოდ ქართველ დიდებულთა შორის მოკავშირეებიც გაუჩენია,
გიორგის პირველი მიემხრო გუზან ტაო-კლარჯეთისა და შავშეთის პატრონი, მას მიჰყვა სამცხის ერისთავი და სპასალარი ბოცო ჯაყელი, მათვე მიერთო მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი მთელი თავისი დასავლურ-ქართული სამფლობელოებით ლიხთიქით ნიკოფსიამდის, ასევე დადიანმა დას საქართველოს ყველა საერისთაოთა მფლობელნი დააფიცა გიორგი რუსისადმი ერთგულებაზე, საომარი ძალები გეგუთში შეჰყარა დადიანმა, გიორგი და გუზანი გამოუძღვნენ იმერთა, ტაოელთა, კლარჯთა და შავშელთა ლაშქარს და მოვიდნენ სამცხეს, აქ მათ შეუერთდა ბოცო ჯაყელი, სამცხიდან ყველა ერთად წამოემართნენ და მოვიდნენ გეგუთს სადაც მათ ვარდან დადიანი ელოდებოდათ იმერთა მთავარი ძალებით,
რაოდენ მოულოდნელი, საოცარი და საკვირველი შეიქმნა თამარისათვის მისგან დიდსულოვნებით განტევებული ნაქმრევის გამოხტომა და განსაკუთრებით სამტრო ბანაკში ნახევარი საქართველოს ჩადგომა, მაგრამ მალე გამოერკვა ადამიანთა უმადურებითა და მზაკვრობით გულშეძრული მეუფე-ქალი, სასწრაფოდ უხმო ყოველთა ერისთავთა ერთგულთა, ფრთამალედ მოიჭრნენ ამირსპასალარი გამრეკელ-თორელი, ჰერეთის ერისთავი ასათ გრიგოლის ძე, კახეთის ერისთავი ბაკურ ძაგანის ძე, ქართლის ერისთავი რატი სურამელი და ქვემო ქართლიდან 4 მხარგრძელი ზაქარია და ივანე სარგისის ძენი და ზაქარია და სარგისი ვარამის ძენი,
მხარგრძელებმა იცოდნენ, რომ პოლიტიკური ამინდი ისევ თამარისთვის იდგა, სამცხიდანაც მოვიდნენ მოლაშქრენი რომელნიც მათ ხელისუფალს ბოცო ჯაყელს არ გაჰყოლიან თამარის  სამტრო ბანაკში, ყველამ ერთგულება შეჰფიცა მეფეს,
თამარმა მაინც სცადა ძმათაშორისი სისხლისღვრის თავიდან აცილება, ჯერ კათალიკოსი თეოდორე და ანტონ ქუთათელი ერთადერთი ერთგული ლიხთიმერით მიუგზავნა აჯანყებულთ, მერე სხვა სამღვდელონი, ეჯიბნი და მესტუმრენი, მაგრამ ვერაფერს გახდა თამარი, უსისხლოდ საქმის გათავება არ მოხერხდა,
ეს დიპლომატიური წიაღსვლები ჯერ არ დასრულებულიყო, რომ გეგუთის ბანაკი საომრად აღიმართა, მისი ერთი ნაწილი, რომელსაც თვითონ გიორგი რუსი მოჰყვებოდა ლიხზე გადმოვიდა, გორ-ნაჭარმაგევამდის ქართლის დასახლებანი გააოხრა, მეორე ნაწილი დადიანისა და ბედიანის წინამძღოლობით სამხრეთით წარემართა, გაიარეს რკინის ჯვარი, ციხის ჯვარი და გადასწვეს ქ ოძრხე, აქ ისევე შეიყარნენ ბჭობად დადიანი, ბედიანი, ბოცო ჯაყელი და გუზან ტაოელი, დაადგინეს აეღოთ ჯავახეთი, თმოგვი, ახალქალაქი,, თრიალეთი და სომხითი, აქ სომხითში ქვემო ქართლი დიდი იმედები ელოდათ, თამარს გადასდგომია გაგის პატრონი ივანე ვარდანისძე, კაეწონის პატრონი მაყა, მეტის დათმენა შეუძლებელი იყო,
თამარმა უბრძანა ამირსპასალარ გამრეკელ-თორელს და იმანაც დასძრა ლაშქარი, ჯავახეთისკენ გაეშურნენ გულდაგულ, ჯავახეთის ერთგული მესხები შემოეგებნენ და შეუერთდნენ, მტკვარს მიადგნენ მარცხენა მხრიდან, ხიდს მიაშურეს და მეორე მხარეს მომტერეთა ბანაკიც გამოჩნდა, ისინი წამოიშალნენ და წამოიმართნენ, ზედ ხიდზე  დაეძგერნენ, დაღამდა, გაიყარნენ,
გული შედრკომიათ მეამბოხეთ თამარის მოყმეთა თავზეხელაღებული შემოტევით დამფრთხალთ უთქვამთ აღარ ძალგვიძს წინ აღვუდგეთ მხეცქმნილობასა თამარის ლაშქრისასა, ამიტომ მივრიდოთ სიმაგრისაკენ და იქედან ვეცადოთ ღალატსა და ძლევასა, დილით გამრეკელმა გადაიყვანა ლაშქარი ხიდზე, მეამბოხეებიც აიყარნენ და მიაშურეს მთასა ტორნაძიათ სახელდებულსა ღონედ სიმაგრესა საძებნელად, მაგრამ ვერც იქ შეიმაგრეს კვალდაკვალ მომდინარე ლაშქარი თამარისა და მდ ხინგრისაკენ გაუტიეს,
აქ თმოგვსა და ერუშეთს შორის ნიალის ველზე ისევ შეიბნენ, ბრძოლა დასრულდა თამარის დროშის გამარჯვებით, გუზან ტაოელის, ბოცო ჯაყელისა და ვარდან დადიანის კისერზე იწვა ქართველთა სისხლი, გამარჯვებულნი აღარ გამოედევნენ დამარცხებულთ და გაქცეულთ, თამარს ნაჭარმაგევს მოახსენეს ყოველი, მალე თვითონ მეამბოხენი გამოჩნდნენ ყელზე თოკშებმულნი მოდიოდნენ, თამარს ფეხებში უცვიოდნენ, შეწყალებას ევედრებოდნენ, უფრო მძიმე დამნაშავენი პირადად წარდგომას ვერა ბედავდნენ და თამართან შესარიგებლად შუამდგომლობას დედოფალ რუსუდანს, კათალიკოს თევდორეს ან მანდატურთუხუცეს ჭიაბერს სთხოვდნენ და არც ამჯერად განცუდებიათ იმედი თამარის დიდსულოვნებისა, მან ბრძანა პირობა არავის სიცოცხლეს, მათ შორის თვით გიორგი რუსის სიცოცხლეს არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა, მაშინ კი გაბედეს მოღალატეებმა თამარის წინაშე გამოცხადება, რუსიც წინ წარიმძღვარეს და ისე ეახლენ მეფეს, თამარმა ყველას სიცოცხლე აჩუქა, თავისი უბედური ქმარყოფილიც ისევ გაუშვა კონსტანტინეპოლს, მისცა სვეუბედურსა გზასა.

39 თამარმა თვითონ გულმხურვალე წმინდა ქრისტიანმა და ზნემაღალმა ქალმა-ხელმწიფემ გამეფებისთანავე საგანგებო ყურადღება მიაქცია ქართულ ქრისტიანულ ეკლესიას, რომლის ზედა ფენაში კვლავ გამოჩენილან პატივმოყვარე და კარიერისტი, გარყვნილი გულხარბი ანგარიშმადევარნი, თვით სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი მიქაელ მირიანისძე ყოფილა უწესობათა მაგალითი, რადგან მან წინაუკმო რამე იწყო წესთაგან ეკლესიისათა და ჭყონდიდელ-მაწყვერლობა და მწიგნობართუხუცესობა მოივერაგა უფლისაგან, თამარს საეკლესიო ღონისძიებით სურდა თავგასული მღვდელთმთავრისათვის ერთდროულად ერთიც ჩამოერთვა და მეორეც, ამისათვის და სხვა უპატიურ საეკლესიო პირთა განსაპატიჟებლად მოიწვია სეკლესიო კრება, იერუსალიმიდან ჩამოიყვანა განთქმული საეკლესიო მოღვაწე ნიკოლოზ გულაბერისძე, რომელსაც ადრე საქართველოს კათალიკოსობაზე უარი უთქვამს და უბრალო ბერული Xჩოხით პალესტინას გადახიზნულა,
თამარმა ნიკოლოზ გულაბერისძეს შეახვედრა ანტონ საღირისძე ქუთათელი ეპისკოპოსი დიდად განთქმული სათნოებასა შინა და ძლიერი საქმით და სიტყვით, ეს 2 წმინდა ბერი უმეთაურა თამარმა საეკლესიო კრებას გარყვნილი მიქაელ კათალიკოსის საპირისპიროდ,
წინასწარ თვითონ დამოძღვრა თამარმა ქრისტიანი მოძღვარნი, ყოველივე კეთილად გამოიძიეთო, სიმართლე დაადგინეთ და გულბოროტნი განაძევეთო, ეკლესიიდან, თუ მართალი არ ვიყო ნურც მე მომერიდებით, რადგან ეს გვირგვინი მეფობისთვის მაქვს და არა ღმერთბრძოლობისთვისო, მთავართა წინაშე სიმდიდრისთვის ნუ იმლიქვნელებთ და გლახაკთა ზედა სიმცირისათვის უპატიურად ნუ მოიქცევითო, სიტყვა იყოს თქვენი და საქმე ჩემი, თქვენ გვასწავლეთ, ჩვენ ვისწავლით, ხელი ხელს მიცვცეთო სჯულიერების დასადგენად თქვენ ვითარცა მღვდელნი ხოლო მე ვითარცა მეფე, თქვენ ვითარცა მნენი მე ვითარცა ობეკურნი, ასე ბრძანა თამარმა, მერე ადგა გულაბერისძისაგან და ქუთათელისაგან კურთხევა მიიღო და წარვიდა პალატას თვისად,
საეკლესიო კრება კი შფოთიანად წარიმართა, კათოლიკოსი მიქაელი გააფთრებით იცავდა თავსაც და თავისიანთა თავგასულობასაც, ბოლოს საქმე იმით გათავდა, რომ უღირსი ეპისკოპოსები გადააყენეს, მათ ნაცვლად ღირსეულნი დაადგინეს, მაგრამ თვითონ მიქაელს ვერც კათალიკოსობა დააგდებინეს, ვერც ჭყონდიდელობა და მწიგნობართუხუცესობა,
1189 წ მიქაელი გარდაიცვალა და არავინ შეწუხდა მისთვის არცა დიდი და არცა მცირე რამეთუ ყოველნი სძულობდეს,
თამარის ნებით საქართველოს კათალიკოს-ჭყონდიდელთუხუცეს-მწიგნობართუხუცესი შეიქმნა ანტონი გნოლისთავისძე.

40  1191 წ თამარის კარზე ისევ მოიჭრა ხმა შინაური ღალატისა, არ იქნა და არ დაისვენა გუზან ტაოელმა, ტაოსკარი, ვაშლოვანი და სხვა ციხენი საქართველოს მოსისხლე შაჰარმენს გადასცა, ხოლო თვითონ მისებრ მოღალატე აზნაურებით კოლას მთებში გაიქცა და იქიდან ავაზაკობდა მალვით, ნასწრაფევად ფეხამოკვეთილ მოღალატეს ცოლ-შვილი ტაოში დარჩა, შაჰარმენს ლაშქარი გამოართვა, თავის ვაჟს ჩააბარა და ტაოსკენ გამოუშვა, გუზანის ძეს ტაოს ციხეებში თურქთა ციხიონები უნდა ჩაეყენებინა და ოჯახიც როგორმე საქართველოს გადაღმა გაეტაცნა,
თამარის ბრძანებისთვისაც არ დაუცდიიათ ისე აღეკაზმნენ ფანასკერტის პატრონი ზაქარია ასპანისძე, კახა სამძივარი და კალმახელი აზნაურები,
ბრძოლა იყო უთანასწორო, დიდძალი თურქობა ახლდა გუზანის ძეს, დიდად დაჭირვებული ომი გადაიხადა მცირერიცხოვანმა ქართულმა მხედრობამ და ბოლოს მაინც გასტეხეს მტერი, ხელთ იგდეს გუზანის ცოლ-შვილი, მერე გუზანისგან გაყიდულ ციხეებს შემოუბრუნდნენ და ყველგან თამარის ერთგული ციხიონები აღადგინეს, თამარის წინაშე წარდგნენ გამარჯვებულნი, მეფემაც მიჰფინა ნათელი წყალობისა ერთგულ მოყმეებს, ხოლო კოლას სამხრეთით ტაოსა და კარნიფორას განსადრეკელზე მთიან საძოვრებზე მთიბავმა გლეხებმა თვალი დაადგეს სამხრეთისკენ გამალებით მლტოლვარე კაცს, საეჭვო კაცად მიიჩნიეს და შეიპყრეს, გუზან ტაოელი აღმოჩნდა, მაშინვე ფანასკერტისკენ გაუყენეს და ზაქარია ასპანისძეს მიჰგვარეს მოღალატე, ფანასკერტელმა ცხენზე შემოიგდო ძვირფასი დავლა და საქართველოს სატახტოსკენ გაქუსლა, კარგად იცოდა ზაქარიამ თამარის გულმოწყალების ამბავი, ვაითუ ახლაც აპატიოსო მოღალატეს, ამიტომ პირდაპირ დავით-სოსლანს მიჰგვარა ტყვე, დავითსაც კარგად სცოდნია რომ თამარი პატიებით შეეცდებოდა მარად გაუმართავი მოღალატის შემორიგებას, ამიტომ ისწრაფა დავითმა, სანამ თამარი შეიტყობდა მანამ ბრძანა თვალების დათხრა გაუსწორებელი მოღEღალატისა და უზანი ვითარცა მოღალატე ისტორიაში შევიდა ვითარცა ერთადერთი დასჯილი კაცთაგანი თამარის დროისა.

სირცხვილი 41.

მეფე გიორგი IV ლაშა ძე დიდი თამარისა თავაწყვეტილი მონადირე, მონადიმე და მოაშიკე იყო, ღამღამობით უბრალოდ ჩაცმული აიყოლიებდა თანატოლ მეინახეებს, პოეტებს, მსახიობებს, მომღერლებსა და მოცეკვავეებს და მათთან ერთად მთელი ღამე ღრეობდა, თვითონაც სვამდა, მელექსეობდა, მღეროდა, ცეკვავდა, ჯამბაზობდა მერე რინდებთან მიდიოდა, მისტიკოს ფილოსოფოსებთან, მათთან გულმიჯრით მსჯელობაში ცდილობდა მეფე აეხსნა ის რაიც მარადიულ აუხსნელად აწამებს კაცობრიულ მოდგმასა და ჯიშს, არსი სიცოცხლისა და სიკვდილისა, ყოფნისა და არყოფნისა, ხორცის კვდომისა და სულის გარდავლენისა, ზენაარისა და ქვენაარისა და სხვა მრავალი მისთანანი საფილოფოსონისანი, ერთხელ მთვრალი მეფე უარესად მთვრალმა რინდებმა ვერ იცნეს, გუნდად მიესივნენ და საშინელ მუშტი-კრივში თვალი მძიმედ დაუშავეს,
ყველაფერი ეს დასჩემდა გიორგი მეფეს თავისი ხელმწიფობის ბოლო წლებში განსაკუთრებით, ამაოდ ცდილობდნენ მისი კარისკაცნი ვაზირნი და მღვდელთმთავარნი გონს მოეყვანათ მეფე მათი, ქალისადმი ტრფიალებამ ხომ საბოლოოდ დასცა მისი ავტორიტეტი იმჟამინდელ მაღალ მორალისტთა თვალში,
ერთხელ ლაშა კახეთს იყო სოფ ველისციხეში, იქ ერთი გათხოვილი ქალი ნახა ძალზე ლამაზი, ფრიად ქმნულ-კეთილი, უსაზღვროდ შეუყვარდა მეფეს და არად ჩააგდო ის, რომ ქალს ქმარი ჰყავდა, არც ის რომ მეფისათვის ასეთი საქციელი ყოვლად უღირს საქმედ უნდა მიჩნეულიყო, დაავლო ხელი და წამოიყვანა ქალი იგი სატახტოში, ცოლად უნდა შეერთო მაგრამ ვითარცა მეფეს ნება არ ჰქონდა ქვეშევრდომი ქალი დედოფლად გამოეცხადებინა, მას აუცილებლად რომელიმე სამეფო საგვარეულოდან უნდა შეერთო ცოლი,
არც ამის გამო აიღო ხელი გიორგიმ თავის გატაცებაზე, ის ქალი არასგზით არ მოიშორა თავიდან, რაკი მასზე დაქორწინების ნებას არ აძლევდნენ ცოლის შერთვაზეც საერთოდ გამოაცხადა უარი,
ქალი მალე დაორკეცდა და მალე ვაჟიც შეეძინა სახელად დავითი დაარქვეს, გიორგი ბედნიერი შეიქმნა, ერთ დღეს უკანასკნელი იერიში მიიტანეს საქართველოს მესვეურებმა, მეფეს ეწვივნენ ორივე მღვდელთმთავარი ქართლისა და აფხაზეთისა და მოახსენეს ყოვლად დაუშვებელია ღვთივგვირგვინოსანს მხევალი გიჯდესო ცოლად, პავლე მოციქული გვასწავლისო ქორწილი წმინდა არს და საწოლი შეუგინებელ, ხოლო მსიძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმან,
მაგრამ მეფემ მოსმენაც არ ისურვა ისე თქვა ცივი უარი იმ ქალის განტევებაზე, მაშინ უმაღლესმა სამღვდელოებამაც არ დასთმო თავისი მტკიცე მოთხოვნა, გიორგის ის ქალი წაართვეს და ველისციხეში წარგზავნეს თავის ქმართან, ხოლო ყრმა დავითი უკანონო უფლისწული დანაღვლიანებული გიორგის თხოვნით მისმა დამ რუსუდანმა აიყვანა აღსაზრდელად, თვითონ მეფემ კი საბოლოოდ უარი სთქვა ცოლის შერთვაზე.

სირცხვილი 42-58.

42 გიორგი-ლაშას სიკვდილის შემდეგ 1122 წ საქართველოს სამეფოს გვირგვინი თავზე დაიდგა მისმა დამ რუსუდანმა, რომელსაც სახელოვანი დედისაგან მხოლოდ სხეულებრივი მშვენიერება დაჰყოლოდა, გულითაც კეთილი და მოწყალე იყო, მაგრამ ნებიერი ცხოვრება უყვარდა და დროსტარებაში მის ძმას გიორგისაც არ ჩამორჩებოდა,
რუსუდანი ცოლად შეერთო კარნუ-ქალაქის (არზრუმის) სულტნის ტოღრილ შაჰის ძეს მოღის ედ დინს, რომელმაც ქართველი დედოფლის წინაშე წინასწარი პირობისამებრ ისლამი უარყო და ქრისტიანად მოინათლა,
რუსუდანს მისგან შეეძინა ჯერ ასული სახელად თამარი, შემდეგ ძე სახელად დავითი,
1225 წ ხვარაზმშაჰი ჯალალ ად დინი დაძრულიყო საქართველოსკენ, მას შეუერთდნენ დას ირანის ქალაქები, ეყმო ადარბადაგანის ათაბაგი უზბეგი,
ჯალალედინი ჯერ სომხეთს შეესია, ქართველებმაც შეჰყარეს ჯარი, მათ ივანე ათაბაგი სარდლობდა, რომელიც უკვე მოხუცებული იყო და მისთვის შორს გადაესწრო შალვა ახალციხელს,
1125  წ გარნისთან შეებნენ ერთურთს მომხდურნი,
მტერს მეწინავენი თორ ჯავახელნი შეეგებნენ პირველად სულ 4000 კაცი შალვა ახალციხელის მეთაურობით, რომელმაც დახმარების თხოვნით სამჯერ მიმართა მთავარსარდალ ივანე მხარგრძელს, თუმცა უშედეგოდ,
შურით შეპყრობილმა ივანემ შალვა და ქართველთა მეწინავენი გასწირა, ივანე მთიდან მოსხლეტილმა ლოდმა მოკლა, ხოლო შალვა მტერმა ტყვედ იგდო ივანე ათაბაგი კი ხელუხლებელი ძალებით გაშორდა ბრძოლის ველს, გაიქცა ბიჯნისს და იქ ჩაიკეტა ციხეში, ეს იყო ყველაზე დიდი საბედისწერო ღალატი, რომელიც კი იმ დღემდე განეცადა საქართველოს.

43 ბიჯნისში ჩაკეტილ ივანე მხარგრძელს უეცარმა სიკვდილმა უწია და ფეხდაფეხ მიდევნებული უცხო მტრის წინაშე ლაჩრულ მუხლის მოყრას საფლავში ჩასწრებით გადაურჩა,
1126 წ ზამთარს ჯალალადინი მოადგა ტფილისს, რუსუდანმა ქალაქის დაცვის მეთაურობა ორ ძმა ჯაყელს ჩააბარა მემნას და ბოცოს, ხოლო რუსუდანი თავისი შვილებით დას საქართველოში გაიქცა და თავი ქუთაისს შეაფარა.

44 ჯალალადინი მტკვრის მარცხენა ნაპირს გამოჰყვა და თბილისის ახლოს დასცა ბანაკი, პირველი უძილო ღამე გაათია საქართველოს სატახტომ მტრის პირისპირ, II დილით ჯალალმა ბანაკიდან 3000 ხვარაზმელი მხედარი აარჩია და ქალაქის კედლებისკენ გამოსწია, მემნა და ბოცო ჯაყელებიც ციხიონის ერთი ნაწილით ქალაქის აღმ კარიბჭიდან , განჯის კარი გამოიჭრნენ და მტერს გულდაგულ ეკვეთნენ და იქმნა ძლიერი ბრძოლა და ბრწყინვალე ბრძოლა აჩვენეს  ქართველთა, ღამემ მოკავშირედ მოუსწრო დამარცხებულ ჯალალს, მძიმე საფიქრალს მიეცა სულტანი, იქნებ გაცლა სჯობდესო ფიქრობდა,  და მოულოდნელი მხრიდან გამოუჩნდა კეთილი მეკვლე ხვარაზმშაჰს თვითონ ტფილისიდან, ისევ ღალატის გზით უნდა მისცემოდა უწყალო მტერს საქართველოს დედაქალაქი, ტფილისში მცხოვრები მუსლიმანები შეთქმულან თვითონ ტფილისის დასამხობად, მათ იმ ღამეს კაცი მიუგზავნეს ჯალალს და დაარწმუნეს, როგორც კი შენ ქალაქს შემოუტევ ჩვენ შიგნიდან კარს გაგიღებთ და ქალაქში შემოგიშვებთო, დილით მთელი მხედრობით წამოემართა ჯალალი, განძის კართან გაჩნდნენ ძმები ჯაყელები ლაშქრით, მცველთა შორის მუსლიმანები სჭარბობდნენ, როგორც კი იერიშზე წამოვიდნენ ხვარაზმელნი მემნა და ბოცო მუზარადებს გადასწვდნენ, ბოცომ მოასწრო მუზარადის დახურვა, ხოლო მემნამ კი ვერა, მას მიეჭრა ტფილისელი მუსლიმი და ორივე ხელით შიშველ თავზე უხეთქნა ხმალი, უსულოდ გადმოეშვა მემნა უნაგირიდან, ერთურთს მიესივნენ მუსლიმანები და ქრისტიანები, იმძლავრეს მუსლიმანებმა და განახვნეს კარნი განძისა, გრიგალივით შემოიჭრა ხვარაზმელთა ურდო ტფილისში, მცირერიცხოვანმა ციხიონმა ვეღარ შეაკავა ისინი და ისნის ციხეში შეხიზნა ქართველნი ბოცომ, დაიწყო ხალხის აწიოკება, უამრავი ქრისტიანი გაწყვიტეს რუსუდანის ბრძანებით ბოცომ ისნის ციხე ჩააბარა მტერს სიცოცხლის შენარჩუნების პირობით, ქართულმა ციხიონმა ტფილისი დატოვა, რუსუდანის ქმარმა მოღისმა მაჰმადიანობა დაიბრუნა და მტერს დანებდა, სიონის გუმბათზე ჯალალმა თავისი საჯდომი აღამართვინა 100 000 ტფილისელის სიცოცხლე შეეწირა უცხოელთა მახვილებს, ხვარაზმელებმა მაჰმადიანებიც გაძარცვეს, ასეთ დღეში ჩავარდა ტფილისი შედეგად  მისსავე ტფილისური ღალატისა.

45 ჯალალადინი 1231 წ ერთი ვინმე ქურთი მწყემსის ხელით მოიკლა, რუსუდანმაც დრო დაიცა და ქუთათისიდან ტფილისს დაბრუნდა, მაგრამ ახლა მონღოლ-თათართა გამოლაშქრების ამბავი შეიტყო და  ისევ ქუთათისს გადაიხიზნა.

46 გაქცევის წინ რუსუდანმა ტფილისის დაცვა მუხასძეს ჩააბარა და ბრძანებაც ასეთი მეფური და გმირული დაუტოვა თუ თათრებმა დმანისამდე მოატანონ ტფილისი ცეცხლს მიეცი და შენც თავს უშველეო.

47 მონღოლ-თათრები კი ჩაღატა ნოინის მეთაურობით ლორეს მოადგნენ, ლორეში მაშინ შანშე ზაქარიას ძე მხარგრძელი იდგა საქართველოს მადატურთუხუცესი შანშემაც აღარც აცივა აღარც აცხელა და როგორც კი მონღოლთა მოახლოება შეიტყო ციხე-ქალაქის დაცვა თავის სიმამრს მიანდო ხოლო თვითონ ცოლ-შვილს ხელი წამოავლო, ლორედან გაიქცა და სადღაც მთებში ერთ მიუვალ გამოქვაბულში  შეძვრა, მალე იქიდანაც გამოძვრა და აჭარაში გადაიხვეწა, მონღოლებმა ლორე აიღეს, გაძარცვეს და დმანისისკენ გამოქანდნენ.

48 მუხასძემაც თავისი გაქცეული ხელმწიფის ნათელი ბრძანება პირნათლად შეასრულა, სრულიად თბილისი ხანძარს მისცა და თვითონაც გადაიხვეწა, მონღოლებმა დმანისიც დაიჭირეს, სამშვილდეც მიაყოლეს და ნახანძრალ ტფილისშიც უბრძოლველად შევიდნენ და დამკვიდრდნენ, აქედან კი რაკი ქვეყანას პატრონი და მეთაური აღარ დარჩენოდა მონღოლებსაც შეეძლოთ სავსებით თავისუფლად ეთარეშათ ამ მდიდარ ქვეყანაში,
ტფილისიდან ნოინებმა ჯარები გაუსიეს ქართლს, თრიალეთს, სომხითს, ჯავახეთს, სამცხეს, შავშეთს, კლარჯეთს, ტაოს, კოლას, არტაანს, ანისს და მოსრეს მთელი ქვეყანა ბევრი მოკლეს, ბევრიც გაიქცა და მთას შეაფარა რთავი.

49 მაშინ საქართველოს ამირსპასალარი და ათაბაგი ავაგ მხარგრძელი იყო, ძე იმ ივანე მხარგრძელისა შალვა ახალციხელისადმი შურით და ღალატით რომ დაღუპა საქართველო გარნისის ბრძოლაში და ახლა ათაბაგი ავაგი იმის ნაცვლად, რომ ასეთი უზენაესი რწმუნებანი მას ავალებდა მის მწყალობელ მეფესთან ერთად სათავეში ჩასდგომოდა მტრის წინააღმდეგ გადამჭრელი ბრძოლის ორგანიზაციას, ავაგი სხვა დანარჩენ ერისთავთა და ვაზირთა მსგავსად ცალკე ციხეში ჩაკეტილიყო და სრულიად დაბნეული ელოდა იმას რასაც ბედისწერა წყალობად მიუგდებდა,
ის კაენის ციხეში იჯდა, მონღოლებიც გაეშურენ ციხისკენ დუღადა ნოინის მეთაურობით და ციხე ალყაში მოაქცია, კაცი შეაგზავნა შიგ და ამირსპასალარს დანებება მოსთხოვა, მხარგრძელმა მონღოლებთან გამოსვლა და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ვერ გაბედა და სამაგიეროდ შვილი გაიმეტა და მტერს საკუთარი ასული და ძღვენიც გამოუგზავნა, დუღადამაც მიიღო ორივე და ავაგს უფრო მკაცრად შემოუთვალა პირადად შენ უნდა მეახლოო.

50 ავაგი სულ დაჩიავდა და დამუნჯდა, ხოლო სანამ იგი ეგზომ შერცხვენილი სიცოცხლის გადარჩენაზე ფიქრში ათენ-აღამებდა ქალაქში შიმშილ-წყურვილმა დაისადგურა, მაშინ მხარგრძელმა ბრძანა მოალყეებისათვის ხარ-ძროხის ჯოგი გაეგზავნა და სამაგიეროდ გარედან წყლის შეტანის უფლება ითხოვა, თათრებმაც თანხმობით უპასუხეს და როცა კაენელი მამაკაცები წყლის ასაღებად ქალაქგარეთ გამოვიდნენ მონღოლნი მიცვივდნენ, შეიპყრეს და უბრძანეს ახლა თუ სიკვდილი არ გინდათ თქვენი ცოლებიც გამოიძახეთ და ჩაგვაბარეთო.

51 შეპყრობილებმაც სიკვდილს სირცხვილი ამჯობინეს და მონღოლთა ბრძანება უყოყმანოდ აღასრულეს, როცა ქალები გამოცხადდნენ თათრებმა წყალი გაიღეს, მაგრამ ქალთაგან ვინც თვალში მოუვიდათ თავისთან დაიტოვეს და მათი ქმრები კი დახოცეს, დანარჩენები კი ვისი ცოლიც  არად ჩააგდეს გაათავისუფლეს.

52 ბოლოს ავაგმა თავისი ეროვნული ღვაწლი უკიდურესად პირადი დამცირებითა და ქვეყნის ღალატით დაასრულა, მან თავისი სახლთუხუცესი გრიგოლი გაგზავნა ჩარმაღან ნოინთან რომელსაც მაშინ ანისი აეღო და  ბანაკად გელაქუნს დამდგარიყო და მივიდა გაგზავნილი ბანაკში და მოახსენა მონღოლთა ბელადს «ჩემს ბატონს ავაგ ათაბაგს შენთან შეხვედრა სურს რათა მორჩილება გამოგიცხადოს და ხარაჯის გადახდაც იკისროს სამაგიეროდ კი ის შენგან ფიცსა და სიმტკიცეს ითხოვსო, ჩარმაღანმაც მისცა ფიცი მონღოლური წესით, წყალში ოქრო ამოავლეს სამჯერ და ის ოქრონალევი წყალი ერთად შესვეს ორივემ მონღოლმა და ქართველმა, ამის შემდეგ ავაგიც ეახლა თათარს, სადაც მას ოთხივე ნოინი დახვდა ჩარმაღანი, ჩაღატა, იოსურ და ბიჩოი, ავაგმაც მათ წინაშე ხარკის ძლევა და მორჩილება დაიკისრა და სამუდამო ერთგულება აღუთქვა, ნოინებმა კი ავაგის ციხეებში თავიანთი ჯარი შეაყენეს.

53 რაკი ავაგმა გმირობა ესე ჩაიდინა მასზე ნაკლები მხარგრძელი არც შანშე უნდა ყოფილიყო და ისიც აჭარის სამალავებიდან გამოძვრა მტერს დაემონა, დაეხარკა, სამაგიეროდ ოქროცურვილი წყალი დაიგემოვნა და ქართველ მეფეთაგან ბოძებულ ქალაქებში თათრული ციხიონები შეუშვა.

54 შანშეს კვალდაკვალ ვარამ გაგელი დაემონა მონღოლებს.

55 მხარგრძელთა ლაჩრობასა და სიმდაბლეს მიჰყვნენ გამრეკელ-თორელი და.

56 სარგის თმოგველი, კაცი სწავლული და ფილასოფოსი და მრავალღონე.

57 ერთხანს ოქრონავლევი წყლის დალევაზე უარს ამბობდა მეჭურჭლეთუხუცესი ივანე-ყვარყვარე ჯაყელი-ციხისჯვარელი, მაგრამ როცა ჩაღატა ნოინი უაღრესი მძვინვარებით შეიჭრა სამცხეს და იქ მოსრა და ტყვედ ქმნა სული მრავალი ყვარყვარემ რუსუდანს სთხოვა ნება მომეც სამცხე იმით მაინც გადავარჩინო მონღოლებს დავემორჩილოო და რუსუდანსაც რაღა ახლა აღმოაჩნდებოდა მტერთან შეურიგალი სული, ასე რომ სამცხის პატრონიც ეყმო თათართა ბატონობას.

58 ჯერ კიდევ 1230 წ მაშინ როცა აღმ საქართველოში ჯალალადინის სისხლის წვიმების დროც მთლიანად არ დასრულებულიყო ქუთათისში რუსუდანმა თანამოსაყდრედ დაისვა თავისი 5 წლის ძე დავითი, არავინ  აღმოსავლეთ ქართველთაგან მის კურთხევას არ დასწრებია, ამიტომ რუსუდანმა კურთხევაზე მოუწოდა დადიან-ბედიანს, რაჭის ერისთავს, კათალიკოსს აფხაზეთისას და ასე ნასწრაფევად გვირგვინი თავს დაადგეს ახლადფეხადგმულ ბიჭუნას, ჩქარობდა რუსუდანი შვილის გახელმწიფებას, რადგან ქვეყნად ცოცხლობდა სხვა დავითიც მისი ძმისწული, რომელიც იმ დროს 15 წლის იყო, იგი მან თავიდანაც მოიშორა და თავის სიძეს რუმის სულტან ყიას ად დინ II-ს სთხოვა თავის სამეფოში წაეყვანა და იქ დილეგში ჩაეგდო დავით ლაშას ძე,
1245 წ რუსუდანი გარდაიცვალა და ტახტის პრეტენდენტებად გამოცხადდა 2 დავითი.

სირცხვილი 59-73.

1252 წ დავით ულუ ბათო-ყაენმა გაიწვია ოქროს ურდოში, თბილისის სასახლეში ქმრის მოლოდინში დარჩა უშვილო დედოფალი ჯიგდა-ხათუნი წარმოშობით მონღოლი, მეფეს დედოფლის გვერდით სახელმწიფოს განმგებლად  დაუტოვებია მესტუმრე ჯიქური, რომელსაც ულუმ სახელმწიფო მმართველობა ჩააბარა, ჯიქური სახელმწიფოს განაგებდა განგებითა დიდითა, მან ლაგამი ამოსდო ზოგი ფეოდალის თავგასულობას, საღრჩობელის საშუალებით აღკვეთა ქურდობა და ავაზაკობა, ისანში სასახლე აღაშენა, ეხმარებოდა ღატაკებს და ქვრივ-ობლებს.

59 მხოლოდ ეს იყო თორღვა პანკისელს ვერაფერი მოუხერხა ჯიქურმა, თორღვას ულუსაგან კახეთი ჰქონდა სამმართველოდ ნაბოძები, ხოლო როცა ახლა მეფეს უცხოობაში შეაგვიანდა თორღვამ გადაწყვიტა მეფე ცოცხალი ვეღარ დაბრუნდებაო, პანკისში გამაგრდა და კახეთი თავის დამოუკიდებელ საკუთრებად გამოაცხადა, მაგრამ ნაადრევად გაუმჟღავნდა ავი ნაფიქრალი გულზვიად ერისთავს, ულუ ურდოდან დაბრუნდა, ბათო ყაენს იგი დიდის პატივით ჰყოლია თავის გვერდით და ირანის მბრძანებელი ჰულაგუსათვის ბათოს შემოუთვლია ქართველთა მეფე განსაკუთრებულ პატივში იყოლიე,
ჰერეთის საზღვარზე მოტანებულ ულუს ყველა თავადი და ერისთავი მიეგება,მათ შორის იყო თორღვა პანკელიც,
თბილისს მივიდა მეფე და ახლა იქ მიიწვია განდგომილი ერისთავი, ახლა კი ვერ გაბედა თორღვამ მისვლა სიკვდილის შიშით.

60 მაშინ მესტუმრე ჯიქურმა ბერი ხორნაბუჯელი იხმო, ეთათბირა და გაუშვა პანკისს, მივიდა ხორნაბუჯელი და შეუჩმნდა პანკელს მე მომენდე და მტკიცე ფიცს გაძლევ მეფე არაფერს გავნებსო, ყოყმანის შემდეგ თორღვამ უპასუხა ალავერდის წმ გიორგის წინაშე შემომფიცე და მაშინ მოგენდობიო, ხორნაბუჯელი დათანხმდა, თორღვამ უთხრა რასაც მე მიზამ ხორნაბუჯელო იგივეს მოგიზღავდესო წმ გიორგი ესე, მე მარტოხელა უშვილძირო კაცი ვარ და უმემკვიდროდ გადავეგები, დაე შენც და შენი ოჯახიც ჩემებრ უშვილძიროდ გადაეგოს თუ ჩემი ღალატი გულში გედოსო, ხორნაბუჯელმა შეჰფიცა ერთგულება და წამოიყვანა თორღვა, ღამით ტაბახმელას მივიდნენ სადაც იდგა მეფის სასახლე, ჯიქური უკვე ნათათბირები იყო ჯიგდა ხათუნთან, ყველაფერი მანამ უნდა მოეთავებინათ სანამ მეფე შეიტყობდა რაიმეს, სასწრაფოდ ჯიქურის ბრძანებით შეიპყრეს თორღვა წარიყვანეს კლდეკარსა და იქედან გადასჩეხეს, ბერი ხორნაბუჯელს კი აუხდა თორღვას ნაწყევარი ერთადერთი შვილი ჰყავდა შალვა, კაცი სიკეთეაღმატებული, ჯერ შალვას დაეხოცნენ შვილები, მერე თვითონაც დაიღუპა თათრებთან შეტაკებაში და ამნაირად უმკვიდრო იქმნა სახლი ბერი ხორნაბუჯელისა.

61 იმ წელს რა წელსაც თორღვა პანკელი მოკლეს მოკვდა დედოფალი ჯიგდა-ხათუნიც და დავით ულუმ ცოლად შეირთო რაჭის ერისთავის ასული გვანცა, მაშინ ქვრივი, ავაგ ათაბაგის ცოლყოფილი,
მოვიდა თუ არა გვანცა დედოფალმა ავად დაუწყო ცქერა სასახლის კარზე განდიდებულ მესტუმრე ჯიქურს, მალე მტერ იყვნეს ერთმანეთის და ისარგებლეს გააზნაურებული მდაბიოსაგან შევიწროვებულმა დიდგვარიანებმა, ერთხელ სუმბატ ორბელმა აუწყა მეფეს მესტუმრე ჯიქური მონღოლ არღუნ ნოინთან არის იდუმალ კავშირში, მისი საშუალებით ყაენს ატყობინებს ვითომ შენ დიდძალი საგანძური გადაგინახავს და ვითომ მონღოლთაგან განდგომისთვისაც ემზადებოდეო,
უსაზღვრო რისხვამ შეიპყრო ბუნებით მალემრწმენი მეფე, მაშინვე ჯიქურის მოყვანა ბრძანა, ღამით დაეცნენ თავზე ჯიქურს, სახლ-კარი დაუქციეს და თვითონ მხარგაკრული მოიყვანეს ისნის სასახლეში, მეფე აივანზე იჯდა და მტკვარს გადასცქეროდა, როგორც კი ჯიქური მოიყვანეს მისკენ არც გაუხედავს ნიშანი მისცა და წამსვე მტკვარში ისროლეს ჯიქური,
დილით ტფილისელები გაოცებით ათვალიერებდნენ მდინარის ნაპირზე გარიყულ ცხედარს, დამმარხავიც არავინ ჩანდა უშვილძიროდ გადაგებული ადამიანისა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ყოვლისშემძლე პირველ კაცად ითვლებოდა მეფეთა შემდგომ, მაგრამ მაინც გამოუჩნდა ჭირისუფალი განწირულ ჯიქურს, ეს იყო ყველაზე დიდი ჭირისუფალი ღარიბი ხალხი, ყველა ვისზედაც თვითონ ჭირისუფლობდა ჯიქური ჟამსა აღზევებისას და აი შეკრბეს ყოველნი გლახაკნი და ობოლ-ქვრივნი, მეფეს მოციქული მიუგზავნეს და ჯიქურის გვამის დატირება-დაკრძალვის ნება ითხოვეს, მეფემ დასტური მისცა, დიდის ამბით და ზარ-ზეიმით გააპატიოსნა მდაბიო ხალხმა მისი მფარველი გმირის უსამართლოდ შერისხული გვამი, წაასვენეს იგი წმ ქალწულ ქრისტინას ტაძარში და იქ დაკრძალეს.

62 იდგა 1260 წ მონღოლთა ყაენი ჰულაგუ მისრეთს ანუ ეგვიპტეში გასალაშქრებლად ემზადებოდა და ქართველთა მეფე დავით ულუც აწვია სალაშქროდ ქართული ჯარით,
დავითი საგონებელს მიეცა, მას უკვე აღარ სურდა წინანდელი თავგამოდებითა და თავგამოჩენით წაჰყოლოდა მოსისხლე მტრებს თუმცა უარს ვერ ბედავდა, დიდხანს ყოყმანობდა წავიდე ეგვიპტეს თუ განვუდგე ყაენსაო, მერე გადაწყვიტა ისევ ხლებოდა ყაენს სალაშქროდ და ჯარიც შემოიყარა, ტფილისიდან ცოლ-შვილიც თან წაიყვანა, დედოფალი გვანცა და ძუძუთა უფლისწული დემეტრე, ისინი ბიჯნისს მიიყვანა და იქ დააბინავა, ხოლო თვითონ ლაშქრით ჯავახეთისაკენ გაეშურა სადაც მას ერისთავები ელოდნენ თავიანთი ჯარებით,
ბიჯნისიდან ჯავახეთისაკენ მიმავალსა და  მწარე ფიქრებში ჩაძირულ მეფეს აზრი ისევ შეუცვლია და თათართაგან განდგომა უკვე მტკიცედ გადაუწყვეტია, ჯავახეთს დიდებულთა სათათბირო შეჰყარა მეფემ და გასაოცრად არახელმწიფური სიტყვით მიმართა, მე გადავწყვიტეო უარი ვთქვა თათართა სამსახურზე, აღარა მნებავსო მათდამი მონება, ამიერიდან თავს ვეღარ ვიდებ ესოდენ შეურაცყოფას, ამიტომ ვისაც გსურთ ჩემთან წამოდითო თათართაგან განდგომად, ხოლო ვისაც თათრების სამსახური ნებავს მათთან წავიდეს, მისრეთსაც წაჰყვეს და როგორც ენებოს ისეთი სამსახური და მონობა გაუწიოსო მათ,
ამნაირ სიტყვას პასუხიც შესაფერისი მოჰყვა, დიდებულთაგან უმრავლესნი თათართა უღლის ერთგულად დარჩნენ და თავიანთი ჯარებით ჰულაგუ-ყაენს ეახლნენ ეგვიპტურ ლაშქრობაში მეწინავედ, ამათ შორის აღმოჩნდნენ ივანე შანშეს ძე მხარგრძელი მანდატურთუხუცესი, ქართლის ერისთავი გრიგოლ სურამელი, კახა გამრეკელი თორელი მეჭურჭლეთუხუცესი და უმრავლესნი ჰერ-კახნი, ერთადერთი ვინც მეფის ერთგულება და თანადგომა შეინარჩუნა აღმოჩნდა სამცხის ერისთავი და სპასალარი სარგის ჯაყელი-ციხისჯვრელი, მან მეფე და მისი ჯარი სამცხეს მიიყვანა, დიდის პატივით უმასპინძლა და მთელი თავისი საერისთაო მისი ნებისაებრ გამოსაზრდელად შესთავაზა, მაგრამ დანარჩენ ერისთავთაგან მოღალატურად მიტოვებულმა მეფემ არა ინება ერთგული ქვეშევრდომის ესოდენი შეწუხება და მხოლოდ  იმ ზაფხულს დარჩა სამცხეს მცირე ამალით.

63 ჰულაგუ-ყაენმა კი მონღოლ-ქართველთა მხედრობით დიდის წარმატებით ილაშქრა ეგვიპტეში, ქართველთდიდი ბრძოლა ჰყვეს აქაც და ქართული მიწისთვის დასათხევი სისხლი შორეულ ეგვიპტეში დააქციეს მეფის მოღალატეებმა.

64 ხოლო დავით ულუს ამასობაში არავითარი ღონე არ უხმარია გაბოროტებული მტრის უცილობელი შემოტევის უვნებელსაყოფად, არც საომარი სამზადისი, არც ადრე განდგომილ დავით ნარინთან ერთობლივი გამოსვლის მომზადების ცდა, არც სხვა რაიმე საქმიანი და აზრიანი მონაფიქრი, ისიც კი არ გახსენებია ეზრუნა ცოლ-შვილზე, რომელიც ბიჯნისს ჰყავდა დატოვებული განმარტოებით და მონღოლებმა სწორედ ამით დაიწყეს, ერთ დღეს საშინელი რამ ამცნეს დავით მეფეს, არღუნ-ნოინი ბიჯნისს დასცემია და გაუტაცნია გვანცა დედოფალი და მისი ორივე შვილი ხუაშაგი ავაგ მხარგრძელისაგან და ძუძუთა უფლისწული დემეტრე დავითისაგან,
ეგვიპტიდან ძლევამოსით დაბრუნებულ ჰულაგუს ურდოში დაახვედრეს ძვირფასი ტყვეები, ფიცხლავ ლაშქრობაც ბრძანა ულუ დავითის გასანადგურებლად, მან 20 000 მონღოლს ისევ არღუნი უსარდლა და ეგვიპტეში მოლაშქრე ქართველ ერისთავებსაც თანადგომა უბრძანა მათი მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში რომელთაც 16 000 მეომარი ჰყავდათ, ამრიგად არღუნი 36 000 მეომარს სარდლობდა, როგორც კი ფაიქებმა ეს ამბავი მოიტანეს ულუმ მოუწოდა მესხებს, შავშელთ  და კლარჯელთ, ეს იყო და ეს 8 000 მეომარი შეიკრიბა, მეფემ სარგისი უსარდლა, დალოცა და გაუშვა მტრის შესახვედრად თვითონ ჯარს აწყურამდე მოჰყვა და აქ დადგა ბრძოლის ბედის მოლოდინად, ჯაყელმა ჯარი აწყურის აღმოსავლეთით გაიყვანა და მტკვრის ვიწრო ხეობაში ჩააყენა, არღუნი განძა-ტფილისის გამოვლით სურამს მოვიდა, აქედან 6000 კაცი წინამბრძოლად ტაშისკარის ხეობისაკენ წარგზავნა, თვითონ შინდარას გადაინაცვლა და იქვე მახლობლად დაიბანაკა, სარგისმაც 1500 მესხი აარჩია და მზვერავად გამოუშვა მტკვრის გასწვრივ, იდგა დეკემბერი, თოვლი, არხეინად მოაბიჯებდნენ მესხები, ხოლო როცა გაშლილ მინდორზე გავიდნენ გადააწყდნენ თათართა წინაკერძს, ქართველები მტერს ეკვეთნენ და მხოლოდ მცირედმა გაასწრო თათართაგან სიკვდილს, როცა მზვერავ მესხებს დააგვიანდათ სარგისმა ბანაკი აჰყარა და მტკვრის ხეობას გამოუყვა, მალე გამარჯვებულებიც გამოჩდნენ, ჯაყელმა გაიხარა და აღარ დააყოვნა თათართა ბანაკისკენ გასწია შინდარასაკენ, თათრები გასაქცევად აიშალნენ, არღუნიც მოემზადა გასაქცევად.

67 მაგრამ თათართა ბანაკში მდგარ ქართველ ერისთავებს სასწრაფოდ გამოეყო კახა გამრეკელ-თორელი, არღუნს ცხენის ჯილავში ხელი უტაცა და უთხრა «ნუ ინებებ გაქცევას, ან რა საკადრისი და რა საჭიროა გაქცევა, ისედაც ხედავ ჩვენ თითქმის ხუთჯერ მეტი ჯარი გვყავს ვიდრე ქართველთა მეფეს, ეგეც არ იყოს  ჩვენ ქართველებმა თქვენზე უკეთ ვიცით ჩვენებურივე  ქართველობის საომარი წესები, ზნენი და შემართებანი ამიტომ ჩვენ თითქმის პირველნი მივალთ ქართველები ქართველებზე, ხოლო თქვენ არხეინად იყავით და როცა საჭიროდ ცნოთ მხოლოდ მაშინ ჩაებით ბრძოლაში ჩვენდა საშველადო, სხვა ერისთავებიც მიესივნენ არღუნს დაარწმუნეს გაქცევაზე ხელი აეღო,
ბრძოლაც დაიწყო სასტიკი და გააფთრებული, სარგისმა მოკლა მონღოლთ სარდალი ბაჰადური, ბრძოლა დამძიმდა, მონღოლნი უკუიქცნენ, გამოედევნენ ქართველები, აირივნენ, დაიფანტნენ.

66 და ისევ ჩასაფრებულ მტერთა ორმხრივი დარტყმა იგემეს ქართველებმა, ჩასაფრებული კი იყვნენ მონღოლთა შემწე ქართველი ერისთავები, არEღუნმაც მყისვე შემოაბრუნა მონღოლთა ჯარები და დაიწყო ბრძოლა მაშინ როცა ჯაყელის ქართველებს იგი უკვე დასრულებული ეგონათ, მესხები დამარცხდნენ, მონღოლთ მრავალი იგდეს ტყვედ რომელთა შორის აღმოჩნდა გურკლელი მურვან მახუნჯაგისძე, სარგისი და გადარჩენილნი ეახლენ მეფეს აწყურში.
67 მომდევნო 1261 წ ჰულაგუმ არღუნის სარდლობით ისევ წარმოგზავნა ჯარები ულუს შესაპყრობად და მესხთა ასაოხრებლად, ისევ მხარდამხარ მოსდევდნენ მოღალატე ქართველი ერისთავები მტერს, მესხეთის ზოგი დიდებულიც თათრებს შეუერთდა და დავითის გამარჯვების იმედი კიდევ უფრო დაიშრიტა, მაინც მტკიცედ დაუხვდნენ დავითისიანები მტერს, ციხისჯვარში გამაგრდნენ ჯაყელთა სატახტოში, 20 დღე აწყდებოდნენ თათრები უსაზმნოდ ციხისჯვრის კედლებს, არღუნი უკან გაბრუნდა.

68 მას შემდგომ 1262 წ ულუ და სარგის ჯაყელი მონღოლთა ყაენს შეურიგდნენ და მისი ქვეშევრდომობა აღიარეს, ამის შემდეგ ქართველები ყოველ მონღოლურ ლაშქრობაში წინამბრძოლობდნენ და თავისი სიმამაცითა და თავგანწირულობით მონღოლებსაც განაკვირვებდნენ და მონღოლთა ყოველ მომტერესაც,
1263 წ ჰულაგუ ყაენმა ყურულთაი მოიწვია ბარდავში, ულუ და სარგისიც ესწრებოდნენ მონღოლთა ამ თავყრილობას, ყაენმა გაიხსენა სარგისის გმირობა და უბოძა მას კარნუ-ქალაქი და მიმდგომი მისი ქვეყანა, ხოლო დავითის გმირობასა და თავდადებაზე კრინტიც არავის დაუძრავს, ბარემ მეფობაც მიეცით სარგის ჯაყელსო ბრაზიანად წაუჩურჩულა დავითმა მის გვერდით მჯდდომ მონღოლ სარდალს ელგონ ნოინს, მონღოლს გაუკვირდა ქართველის ეგზომ შურით აღვსილი სიტყვა და უთხრა, ყაენმა შენი ერთგულებისათვის დააჯილდოვა სარგისი, ხოლო თუ შენ გწყინს იგი უკანვე წაიღებს თავის წყალობას,
ყურულთაის შემდეგ ელგუნმა ყაენს მოახსენა დავითისგან თქმული, ჰულაგუმაც მაშინვე უარი უთხრა სარგისს კარნუ-ქალაქის მიცემაზე და ესეც დასძინა, ამის მიზეზი შენი მეფე გახლავსო, ეს საკმარისზე მეტი იყო, დავით მეფე ერთადერთი ერთგული ერისთავის სულ მალე სამუდამოდ დაეკარგა, სარგისი ასე შეიქმნა გულკლებით და ქვეგამხედვარად პატრონისაგან და სარგის წავიდა გულკლებული სამცხეს.

69 ბოღმით აღვსილი დაბრუნდა დავითი ბარდავიდან, ტფილისში ახალი საშინელი ამბავი დაახვედრეს სულმოკლე ჭორიანმა კარისკაცებმა, შენი I ვაზირი ბასილი უჯარმელ-ჭყონდიდელი მეუღლეს ესუქნის სარეცელს იყოფსო იდუმალ, გაცოფდა მეფე და როგორც სჩვეოდა უბრალო გამოძიებაც არ გახსენებია ისე ირწმუნა ყოველივე, მაშინვე მისი ბრძანებით ბასილი შეიპყრეს და მოედანზე ჩამოახრჩვეს.

70 დავით ულუს მონღოლთაგან ევალებოდა ყოველ შემოდგომასა და ზამთარს ქართული ჯარით სიბაზე მდგარიყო, სიბა მონღოლთაგან აგებული სასაზღვრო სიმაგრე იყო შირვანში თეთრიწყლის ახლო გაყოლებით, 1266 წ შემოდგომაზე მონღოლთა ახალი ყაენის აბაღას ბრძანებით უნდა წასულიყო დავითი სიბაზე, სხვებთან ერთად სარგის ჯაყელსაც ევალებოდა სიბაზე წასვლა, ამიტომ ახლა დავითი მოუთმენლად ელოდა მას, სარგისი კი 1263 წ ყურულთაის შემდეგ დავითზე გულკლებული შეიქმნა და ისევ იდროვეს შურიანმა ჯარისკაცებმა და მალემრწმენ მეფეს ადვილად ჩააგონეს სარგისი ღალატს გიმზადებსო და აი მოვიდა სარგისიც ტფილისს რათა წაჰყოლოდა სიბაზე მეფეს,ხოლო დავითის ბრძანებით მას მაშინვე მისცვივდნენ მსახურები, ხელ-ფეხი შეუკრეს და ციხედ ჩააგდეს, ფიცხლად ცხენებს მოახტნენ სარგისის მხლებელი აზნაურები და ილხანთა ირანის მონღოლთა ურდოსკენ გაქუსლეს, მივიდნენ და აცნობეს ყაენს მათი ბატონის უსამართლოდ შეპყრობისა და სასიკვდილოდ გაწირვის ამბავი, სთხოვეს თვითონ ყაენი ჩარეულიყო საქმეში, გამოეთხოვა დავით მეფისათვის სარგის ჯაყელი და პირადად განეგო მისი ბედ-იღბალი, აბაღასაც ეს უნდოდა, რათა სურდა კიდევ უფრო დაექსაქსა საქართველო, რასაც უწოდებდნენ ხასინჯუს, ხასად აყვანას ანუ ულუსიანად გადაქცევას ქართველთა თქმით, ეს გულისხმობდა ამა თუ იმ ფეოდალის და მისი საფეოდალოს აყვანას ყაენის პირად მფარველობასა და მფლობელობაში.

71 და სწორედ იმ დღეს მოიჭრა აბაღა ყაენის ელჩი ტფილისში რა დღესაც სარგისი სიკვდილით უნდა დაესაჯათ, პირადად იწვევდა ყაენი სარგისს ურდოში, სასწრაფოდ ბორკილები აჰყარეს, ცხენზე შეჯდა ამაყი მესხი, ავი ღიმილით მოავლო თვალი ტფილისის სასახლეს სადაც ტახტზე ბრაზისაგან დამუნჯებული მეფე გაქვავებულიყო და მონღოლებთან ერთად გაქუსლა სამხრეთისაკენ,
მალე ყაენის ახალი ბრძანება მოიჭრა ტფილისს, ამიერიდან სარგის ჯაყელი და მისი სამთავრო სამცხე ცხადდება ყაენის პირად ხასინჯუდ, ასე ჩამოიკვეთა საქართველოს სხეულისაგან სამცხე და დაკარგა დავით ულუმ ერთ დროს მისთვის ყველაზე ერთგული კაცი,
ულუ აღესრულა 1270 წ ხოლო დავით ნარინი არ ურიგდებოდა მონღოლურ მბრძანებლობას,
1274 წ აბაღა ყაენმა გადაწყვიტა დას საქართველოში შეჭრა და დავით ნარინის დასჯა.

72 ყაენის საგანგებო თათბირს რაჭის ერისთავი კახაბერ კახაბერისძე ესწრებოდა, შვილი იმ კახაბერისა რომელიც პირველობდა დიდი თამარის კურთხევის ჟამს და წამოიჭრა ფეხზე კახაბერისძე და შეჰღაღადა მონღოლთ საკრებულოს «უკეთუ ნებავს ყაენსა შურისგებად დავით მეფესა ზედა მე მისთვის მოვსულვარ ვიცნი გზანი შესავალნი და წარვასხამ ლაშქართა და ვგონებ რომე მეფე ხელთ ვიგდო და ღალღურცა იცის გზა და ძალა ქვეყნისა მათისა», აბაღამაც მაშინვე 30 000 მოლაშქრე გაამზადა და უსარდლა 4 სარდალი შირამუნ, ალიყან, თაიჩო და აფჩი, კახაბერისძე და ღალღური მეგზურებად ჩაუყენა და  საქართველოსკენ გამოუშვა,
თრიალეთისა და ლიხის გზებით უგრძნეულად შეიყვანა თათრის ურდო მოღალატე ერისმთავარმა დას საქართველოში, დაეცნენ ქუთათისს იმდენად ანაზდაითად, რომ მეფე აბანოში განისვენებდა მაშინ არხეინად, როცა მტრის შემოსევა აცნობეს, პერანგი გადაიცვა, ცხენს მოახტა და ქალაქიდან ბეწვზე გაასწრო,
მონღოლებმა ქალაქი გაძარცვეს ხალხი გაწყვიტეს და გაბრუნდნენ, ეს ამბები 1274-75 წ დატრიალდა,
1278 წ აბაღამ შირამუნისა და ალიყანის სარდლობით ისევ წარმოგზავნა ლაშქარი შეპყრობად მეფისა, ისევ უგრძნეულად დაეცნენ ქუთათისს, ისევ გაასწრო დავითმა, თათრები გაბრუნდნენ, გამოედევნენ ქართველნი მაგრამ უკვე გვიანღა იყო.

73 მოღალატე კახაბერისძეს დას საქართველოში და მის სამფლობელო რაჭაში დაბრუნება აღარ შეეძლო და და ქართლში დასახლდა, ატენში რომელიც მან ყაენისაგან მიიღო სამფლობელოდ, გული არ დაუდგა მას აქ მოსვენება დაკარგა, ისედაც ყველამ შეიძულა იგი და გადაწყვიტა მან ერთხელ კიდევ შემოქცეულიყო საამქვეყნიოდ, მას დავით ნარინის დიდსულოვნების იმედი ჰქონია და მოციქულები გაუგზავნა პატიებისა და რაჭას დაბრუნების თხოვნით, დავითმაც აპატია და საშინელი ფიცით დააფიცა, რომ ამიერიდან ღალატს აღარ ჩაიდენდა და საერისთაოც ისევ მიუბოძა, განვლო მცირე დრომ, ძნელი აღმოჩნდა მოღალატისათვის ღალატით მოწამლული სისხლის დაძლევა,
ლიხს გადამავალ ბილიკზე დავითის მსტოვრებმა სამხრეთისკენ მიმლტოლვარე კაცი შენიშნეს, შეიპყრეს და მეფეს მიჰგვარეს, კახაბერისძის ფაიქი აღმოჩნდა, გაჩხრიკეს, წერილი უპოვეს რომელსაც კახაბერი მონღოლ ნოინს ალიყანს უგზავნიდა და სწერდა «მოდი ლაშქრით, დაესხი მეფე რუსუდანის ძეს და ამჯერად იგი შენს ხელში აღმოჩნდებაო» და მეფის ბრძანებით მოღალატე კახაბერისძეს თვალები დასთხარეს, ცალი ხელი და ცალი ფეხი ძირში მოჰკვეთეს, მისი 2 ვაჟი ექსორიად გააძევეს კონსტანტინეპოლს, მცირე ხნის შემდეგ მოკვდა კახაბერისძე და მოისპო მისი საგვარეულოც.

სირცხვილი 74-85.

1293 წ აღესრულა დავით VI ნარინი და დას საქართველოს ტახტი დაიჭირა მისმა უფროსმა ძემ კონსტანტინემ.

74 ეს მისმა ძმამ მიქელმა იუკადრისა და რაჭას და არგვეთს დაეპატრონა, სიკვდილამდე არ მოხერხდა ძმების შერიგება, აქამდე მშვიდად მცხოვრები დას საქართველოც შინაური აშლილობის ასპარეზად იქცა,
იმავე წელს მონღოლთა ნებით აღმ საქართველოს მეფედ დაჯდა  დემეტრე II თავდადებულის ძე დავით VIII,
1297 წ მონღოლთა ყაენმა ყაზანმა დავითს შემოუთვალა ურდოში მეწვიე სასწრაფოდო, დავითი ცხენს მოახტა და ურდოს ნაცვლად ჰერეთში გაქუსლა, აქ სასწრაფოდ იხმო ჰერეთისა და კახეთის დიდებულები, უპირველეს ყოვლისა ჰერეთის ერისთავი სამადავლა, დარბაზი შეჰყარა და თქვა მეფემ «ყაენი მიბარებს ურდოში და თქვენ რას მირჩევთ წავიდე თუ არაო»ყველა მესხმა ყაენის ბრძანების აღსრულება ურჩია.

75 მაგრამ დავითი არ აღმოჩნდა მამისაებრ გმირული სულის პატრონი, მან ურდოში წასვლაზე უარი თქვა რადგან თათართა შიში ჰქონდა, სასწრაფოდ ჰერეთ-კახეთი გაიარა, ჟინვანს მივიდა და აქ თავდასაცავად სიბა შეკრა, ჯარი ჩააყენა, ხოლო თვითონ მთიულეთის მთებში გაუჩინარდა, რამდენჯერმე კიდევ წარმოგზავნა მოციქული ყაენმა შესარიგებელი მოწვევით, მაგრამ მთებში შეხიზნული მეფე მაინც ვერ ბედავდა იქიდან გამოსვლას და კვლავაც გაჩაღდა მოწყვედა საქართველოსი, გაჩაღდა თავის თავზე შეყვარებული სუსტქედიანი გვირგვინოსნის ლაჩრული ჭირვეულობის შედეგად, შემოიჭრნენ მონღოლნი ცეცხლითა და მახვილით მოაოხრეს სომხითი, ქართლი, თრიალეთი, ერწო და დადგეს მუხრანს, ხერკს, ბაზალეთს ერწოსა და თიანეთს, და არბევდა ქართლსა და ზემოდხსენებულ ქვეყანასა, უამრავი ტყვე წაიყვანეს, ბევრიც დახოცეს, უამრავ მსხვერპლად დაუჯდა საქართველოს დიდი დემეტრეს უღირსი შვილის სიცოცხლე.

76  1300 წ ხელახლა შემოიჭრა საქართველოში მონღოლთა მხედრობა ხუტლუშა ნოინის სარდლობით, მონღოლს მხარში ქართველი ამოსდგომოდა საქართველოს ამოსაწყვეტად, ეს იყო შანშე მხარგრძელი და ერთად მოაოხრეს ქართლი უბოროტესად, მერე მთიულეთს სალაშქროდ გაეშურა ხუტლუშა დავით მეფის შესაპყრობად, შანშე და ბექა ჯაყელის მესხებიც თან ახლდნენ თათრებს, გზად ოვსთა მთავარი  ბაყათარი ეახლა და შეუერთდა ლაშქრით.

77 დავით მეფის მცირე ბანაკი შეარყია მერყეობამ და გულგატეხილობამ, იგი პირველმა დატოვა შალვა ქვენიფნეველმა, სიხარულით მიიღო ხუტლუშამ შალვა და მაშინვე მეგზურად გაიძღოლა მთიულეთისაკენ, სტეფანწმინდაში ეგულებოდათ დავითი, დავითი კი თურმე ცისკარეს ციხეს აფარებდა თავს, რომელიც ვერ აიღეს,
1301 წ ისევ გამოგზავნა ყაენმა ხუტლუშა, რომელიც ტფილისს მოვიდა და მთიულეთისკენ სალაშქროდ დაიწყო მზადება.

78 ისევ უნდა დასდენოდა სისხლი ქვეყანას დავითის სიმხდალის წყალობით, ასე გაგრძელება კი აღარ შეიძლებოდა, ვინმეს ხომ უნდა ეთქვა სათქმელი  ხალხისა და ქვეყნის ასეთი განუკითხავი განწირვის ჟამს და შეიყარნენ აღმ საქართველოს ერისმთავარნი, მოსდგენ და მოსთხოვეს დავითს აიღე უვნებლობის ფიცი და გაეშურე ყაზან ყაენის წინაშე, ეს აუცილებელია, რადგან ამდენ ხანს ყაენის ბრძანების შეუსრულებლობის გამო სრულიად დაიქცა საქართველოო, ერთხანს მდუმარედ ისმინა მეფემ დიდებულთა თხოვნა და ბოლოს რაკი სხვა გამოსავალი ვეღარ იპოვა დათანხმდა ყაენთან შერიგებას და გამგზავრებას, შუამავალი შეიქმნა ივანე ბურსელი, ყაენმაც გაიხარა და მაშინვე უვნებლობის ფიციც აფრინა, ურდოში გამგზავრების დღეც დადგა და ეს მერამდენედ დავით VIII-მ უარი თქვა ყაენთან წასვლაზე, ხუტლუშა განრისხდა, ერთხელ კიდევ გამოუგზავნა ივანე ბურსელი დავითს ნოინმა, მაგრამ ამაოდ, მეფე გველეთის ციხეში ჩაიკეტა და ისევ გასწირა თავისი ხალხი აოხრებისათვის.

79 ისევ შემოენთნენ ცეცხლითა და მახვილით მონღოლები საქართველოს, დიდებულები მეფეს ეახლნენ და მოახსენეს ამდენი მოოხრების გაძლება აღარ შეგვიძლია და ნება მოგვეცი ყაენს ჩვენ მაინც შევურიგდეთო, დავითმაც უპასუხა როგორც თქვენ გენებოთ და მოგესურვოთ ისე მოიქეცითო, ერისთავთა უმრავლესობაც ყაენის მთავარსარდალთან გამოცხადდა და მორჩილება შესთავაზა მას, ხუტლუშა ნოინმა გაიხარა, მაშინვე ქვეყნის ხელახლა აწიოკება დაიწყო თუმც მთიულეთს შესვლა ვერ მოახერხა და ურდოში გაბრუნდა.

80 იმავე 1301 წ შემოდგომაზე დავით მეფე მოულოდნელად ამოქმედდა, მან განდგომილი შალვა ქვენიფნეველის დასჯა მოიფიქრა და მის სამფლობელოებს ქსნის ხეობაში ჯარი შეუსია და დაარბია ქართული მოსახლეობა, შალვამ მეფესთან შერიგება ამჯობინა და შუამავლად ამადა სურამელი მიაგზავნა, დავითმა პატიებაზე თანხმობა განაცხადა თუ შალვა ხალხის წინაშე თავზე ნაცარს დაიყრიდა და იყვირებდა ასე მიეგოს მეფის ყოველ ორგულსა და მოღალატესო, ქვენიფნეველს სხვა გზა არ ჰქონდა და აღესრულა მეფის ეს ახირებული მოთხოვნა.

81 დღე და ღამე ღალატის შიში, ეჭვები და კოშმარები სტანჯავდა დავით მეფეს, აღარავის ენდობოდა, არავის ერთგულება აღარ სჯეროდა, ყოველ ახლობელში მოღალატეს ეძებდა, მეფემ თავის ძმასაც დაადგა ეჭვიანი თვალი, ვახტანგს, რომელიც ადრე ჩრდილოეთში თოხთა ყაენთან ჰყავდა მოსალაპარაკებლად გაგზავნილი, შეიპყრო დავითმა ვახტანგი და ჟინვანის ციხეში ჩააგდო, ვახტანგი გაიქცა, ივანე ბურსელთან მივიდა და უთხრა «მე ჩემი მეფე-ძმისთვის არაფერი დამიშავებია და მაინც ასე უსამართლოდ მომექცა, მიუხედავად ამისა მე არ მივემხრობი მის მტრებს, არც ურდოში წავალ ყაენის კარზე, ოღონდ მეფესთან შემარიგე, უვნებლობის ფიცით შემაჯეროს და კვლავ მასთან მივალ ვითარცა ძმა ერთგული და მოყვარული, ბურსელმა შუამდგომლობა იკისრა და ძმები მართლაც შერიგდნენ.

82 მაგრამ დიდ დროს არ გაუვლია, რომ მეფემ ისევ აითვალწუნა ძმა, ეს მოხდა მას შემდეგ რაც ვახტანგმა ერთი წარჩინებული მონღოლი ასული შეირთო ცოლად, ვახტანგმა გაავებული ძმისგან საფრთხე დროზე იგრძნო, საქართველოდან ურდოში გაიქცა და ყაზან-ყაენს წარუდგა, ყაენსაც ეს უნდოდა და მან ვახტანგი საქართველოს მეფედ გამოაცხადა, ახალ მეფეს ტფილისში მოჰყვნენ მონღოლთა, მესხთა და ქვემო ქართლელთა ჯარები ხუტლუშა ნოინის, სარგის ბექას ძე ჯაყელისა და შანშე მხარგრძელის სარდლობით.

83 მაშ ახლა აღმ საქართველოში 2 მეფე იჯდა ვახტანგ III ტფილისში და დავით VIII მთიულეთს გველეთის ციხეში, დავით მეფე ძმის გამეფებამ და დაპირისპირებამ ძალზე შეარყია, ბევრიც აღარ უფიქრია და ისევ მონღოლებთან შერიგების გზით განიზრახა ვახტანგის ჩამოცილება, ხუტლუშა ნოინს ისევ ივანე ბურსელი მიუგზავნა, უვნებლობის ფიცი და მძევალი ითხოვა და სამაგიეროდ სამუდამო ერთგულებისა და ყაენთან წასვლის პირობა დადო, ხუტლუშა დათანხმდა, დავითმა ზავის გასაფორმებლად თავისი ცოლი დედოფალი ოლჯათი, კათალიკოსი აბრაჰამი, ივანე ბურსელი და ტფილისის ყადი გაგზავნა, ხუტლუშამ კი წარჩინებული ნოინები წარმოგზავნა, ბაზალეთთან შეხვდნენ ისინი ერთმანეთს მონღოლებმა დავითს მისცეს პირი სიმტკიცისა და ბეჭედი ყაენისა და ხელის მანდილი ვითარცა სიმბოლო ფიცის მინდობისა და ერთგულებისა, ხუტლუშას შვილი სიბუჩი მძევლად აძლიეს დავით მეფეს, მაგრამ სამაგიეროდ დედოფალი ოლჯათი დაიტოვეს, ხოლო დანარჩენი მოციქულები უკანვე გამოუშვეს ასეთი დავალებით ახლავე დავით მეფე პირობისამებრ ჩვენთან მოიყვანეთო, სანამ მოციქულები მობრუნდებოდნენ დავითს ისევ მოესწრო ხასიათის გამოცვლა და როგორც კი მობრუნებულ ელჩთა შორის ცოლი ვეღარ დაინახა მაშინვე ოლჯათის დაკავება ზავის დარღვევად მოიმიზეზა და ურდოში წასვლაზე ისევ უარის თქმა განიზრახა, მოციქულები უკანვე გაგზავნა და ხუტლუშას შეუთვალა ჯერ ჩემი მეუღლე ოლჯათი გამომიგზავნე და პირადად მერე გამოგეცხადებითო, ახლა კი ვეღარ დაიჭირა ხუტლუშამ რისხვა და ჯავრი ბურსელზე იყარა და მისი ბრძანებით მას ხერხემალი გადაუმსხვრიეს, მისი გვამი შანშე მხარგრძელმა გამოიხსნა და გაგზავნა სამარხოსა მისსა, კათალიკოსი და ყადი სიკვდილს გადაურჩნენ, ხუტლუშამ ოლჯათი ურდოს წასაყვანად გაამზადა, ხოლო ვახტანგ III საბოლოოდ დაამტკიცა მეფედ, დავითი ისევ გველეთს ჩაიკეტა, ხუტლუშა ხელცარიელი დაბრუნდა უკან მხოლოდ ოლჯათი მიჰგვარა ყაენს და მალე ის თვითონ შეირთო ცოლად, დავითმა კი ცოლად შეირთო ამადა სურამელის ასული, ქართლი კი ამდენმა შემოსევებმა ძალიან დააკნინა.
84 მცირე დრომ განვლო და 1303 წ ძმები ვახტანგ III და დავით VIII მონღოლთა წაქეზებით ერთმანეთს შეებნენ და ქართველებმა კვლავ უხვად აქცევინეს ერთმანეთს სისხლი, შედეგად კი არაფერიც არ შეცვლილა, ვახტანგი კვლავ ტფილისს იდგა და მაგრობდა, ხოლო დავითი კვლავაც გველეთს.

85 იდგა XIV ს და საქართველო მოეცვა აგონიას, მონღოლურმა უღელმა და ბასკაკობამ გააპარტახა სამეურნეო ცხოვრება, ქართველი გლეხობა იყრებოდა და მთაში იხიზნებოდა, ცარიელდბოდა საქართველოს ბარი, მოსახლეობა შემცირდა შეირყა ქართული ზნეობა, ერთმანეთს იყვნენ გადაკიდებულნი ქართველი დიდებულები და ქართული სოფლები, მაგ სოფლების ცხაოტისა და ჟამურის ბრძოლაში ერთხელ 18 ცხაოტელი ხევისბერი დახოცილა, ერთურთს აწყდებოდნენ ქსნისა და არაგვის მთიელები და ამით კარგად სარგებლობდნენ მონღოლები, ყივჩაყები, ოსები და სხვა მომტერენი და ამ დროს მოევლინა ქვეყანას მეფე გიორგი V ბრწყინვალე.

სირცხვილი 86-87.

გიორგი ბრწყინვალემ მკვდრეთით აღადგინა საქართველო იმავ საზღვრებში რაიც ადრე შეექმნა დავით აღმაშენებელს და შეენახა თამარ მეფეს ნიკოფსიით დარუბანდამდე.

86 თუმცა სირცხვილს მაინც არ ელოდნენ ქართველები,
ერთხელ გიორგი მეფემ რომ გორში საძარცვავად შემოჭრილი ოსები დაიფრინა და ისევ ჩრდილოეთისაკენ გადარეკა მდევრებად მიდევნებული ქსნისა და არაგვის მთიელი ქართველები თვითონ მიესივნენ ერთმანეთს, ცილობა კი ამაზე მოსვლიათ ოსების განდევნაში არა ჩვენ გამოვიჩინეთ უფრო მეტი ვაჟკაცობა არა ჩვენო, ვერაფერს გახდა მთაში საგანგებოდ მისული უფლისწული დავით გიორგის ძე, რომელიც უგნური სისხლდათხევისთვის გამზადებულ თანამოძმეთა შორის ჩავარდა მუხლებზე დაიჩოქა და ხატებზე აფიცა, მაგრამ არაფერმა გაჭრა, ლომისის მთაზე საშინელი ხმალთაკვეთებით ერთმანეთს შეაწყდნენ ქსნისა და არაგვის  ქართველობა, მეფემ უმკაცრესი ზომებით აღკვეთა ასეთი თავაშვებულობა, საგანგებო კანონმდებლობით ძეგლის დადება ბოლო მოუღო საქართველოში უსამართლობასა და მძლავრებულობას.

87 გიორგი ბრწყინვალემ 1335 წ დაამხო მონღოლთა ბატონობა საქართველოში, მაგრამ ამ დიდ სამამულო ომში არ მონაწილეობდნენ ქვემო ქართლის, სომხეთის და კახეთ-ჰერეთის მთავრები, უფრო მეტიც სომხითის მმართველნი მხარგრძელთა ნაშიერნი შეფარვით მონღოლთა მხარეს იჭერდნენ და გიორგიმ მონღოლებზე გამარჯვებულმა არც მოღალატენი დაივიწყა, კახეთში ცივის მმთაზე საზაფხულო სასახლეში მეფემ მთავართა და საქვეყნო გამრიგეთა დარბაზობა დანიშნა, ყველა ერთგული მოვიდა ცივის სასახლეში, ორგულებიც მოვიდნენ, დარბაზმა გამოძიებით დაამტკიცა გაუსწორებელი ღალატი სომხითისა და ჰერეთ-კახეთის მთავრებისა, მეფის ნიშანზე მისი ერთგული კარისკაცები მახვილებით მისცვივდნენ მოღალატეებს დაიქვე თავები დააყრევინეს.

სირცხვილი 88

1360 წ ბაგრატ V-ს გამეფებისას სვანეთის ერისთავი ვარდანისძე ქუთათისს დაეცა, აიღო გაძარცვა და გადასწვა, ბაგრატმა ვარდანისძე დაამარცხა, შეიპყრო, მერე შეიწყალა, მაგრამ სვანეთს აღარ გაუშვა და საერისთაოდ გურია მისცა, ხოლო სვანეთის გამგებლად გელოვანი დასვა.

სირცხვილი 89

გიორგი VII მეფობის ჟამს 1400 წ საქართველოს მეექვსედ შემოესია თემურ-ლენგი, მუხრანის ველზე დაბანაკებულ მტერს რამდენიმე ქართველი დიდაზნაური ეწვია და შეევრდომა ყურმოჭრილ მონად,  ამათ შორის იყო ვინმე ვირშელ ბურდიშვილი, რომელიც შეუჩნდა თემურს ქსნის ხეობას შევესიოთ, დიდძალ დავლასაც ავიღებთ და გიორგი მეფის ერთგულ ერისთავსაც მოვსპობთო, მართლაც დასძრა ჯარი თემურმა მოღალატე ქართველის მეგზურობით, ქსანს შეესია და შემუსრნა ყოველნი საყდარნი. და მთელი მხარე.

სირცხვილი 90-91.

90 ალექსანდრე დიდის მეფობისას 1413 წ ერთმანეთს სისხლის საქცევად მიესივნენ ოდიშ-აფხაზეთის მთავრები მამია ბედიან-დადიანი და შარვაშიძე, დადიანი აფხაზეთს შეიჭრა ჯარით, მაგრამ დამარცხდა და ბრძოლაში დაიღუპა,
ალექსანდრე სასწრაფოდ გადავიდა დას საქართველოში უგნური სისხლისღვრის შესაწყვეტად, მეფეს ჯერ შენდობის თხოვნით გამოეგება ლიპარიტი ძე მოკლული მამიასი, მეფემაც შეუნდო და დადიანის ტახტიც უბოძა, იქიდან აფხაზეთს გადავიდა ლიპარიტ დადიანის თანხლებით, შარვაშიძე გამოეგება მორჩილი და თავდადრეკილი, მეფემ შეარიგა მომტერე ფეოდალები.

91 ალექსანდრე I-ს 1415 წ განუდგა სამცხის ათაბაგი ივანე აღბუღას ძე ჯაყელი, საქმე შეტაკებამდე მივიდა, კოხტასთავთან გამართულ ბრძოლაში ათაბაგი დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა, იგი მეფეს მიჰგვარეს, ალექსანდრე სამცხეში შევიდა, ურჩი  აზნაურები ზოგი ექსორია-ჰყვნა, ზოგიც უმკვიდრო და მათ ადგილებზე ერთგულნი დაადგინა, ბოლოს დიდი ხვეწნის შემდეგ მეფემ დაუბრუნა სამცხის ათაბაგობა ივანე ჯაყელს.

სირცხვილი 92-95.

92 მეფე გიორგი VIII-მ თავისი ოცწლიანი ხელმწიფობა 1446-66 წ სამეფო ხელისუფლების განუყოფლობის დაცვასა და ფეოდალური განკერძოებულობის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია, საქართველოს ტახტისაგან განდგომა მოინდომა იმ დროს სამცხემ, ჯერ თვითონ ჯაყელები დაერივნენ თვითონ ერთმანეთს სამცხის ტახტისათვის, ათაბაგად აღბუღა ჯაყელი იჯდა, მაგრამ მას ბიძამისი ყვარყვარე ეცილებოდა ტახტს, 1447 წ აქ აშკარა ბრძოლა გაიმართა აღბუღას და ყვარყვარეს მომხრეებს შორის, გაიმარჯვა ყვარყვარემ, აღბუღამ გიორგი მეფეს მიმართა საშველად, გიორგი ჯარით გაეშურა მესხეთს, ყვარყვარე არ დაიბნა, მეფეს გამოეგება, მის წინ მუხლი მოიყარა და სრული ერთგულება შეჰფიცა, მაგრამ იმედი არ გაუმართლდა, მეფემ ათაბაგობა ისევ აღბუღას დაუბრუნა, ხოლო ყვარყვარე ტფილისში წამოიყვანა ერთგულ კარისკაცად, ყვარყვარეს გული კი ამის გამო ბოღმით აივსო.

93  1451 წ აღბუღა გარდაიცვალა და  ათაბაგობა გიორგიმ ერთგულ ყვარყვარეს უწყალობა, ამით სამცხის კაზუსი თითქოს სავსებით უმტკივნეულოდ გადაწყდა, მაგრამ მალე გამოირკვა რომ ყვარყვარე II-ს მეფისაგან ბოძებული სპასალარობა და ათაბაგობა წყალობად არ ჩაუთვლია, არც წინანდელი წყენა დაუვიწყებია, მას საქართველოსაგან სამცხის გამოყოფა ჰქონია განზრახული და მან დამოუკიდებლობის მოპოვება ეკლესიით დაიწყო,
მანამდე  ყველა ახალი მღვდელთმთავარი ჯერ მცხეთას უნდა წასულიყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისაგან ხელდასასხმელად და დასამტკიცებლად და ფიცის დასადებად და ლოცვაშიც უნდა მოეხსენიებია მეფე და კათალიკოსი, ყვარყვარემ კი სამცხის ეპისკოპოსთა დანიშვნა თვითონ ჩაიგდო ხელთ და მისგან დანიშნულნი წირვა-ლოცვისას მეფეს და კათალიკოსს აღარ იხსენიებდნენ, ამიტომ კათალიკოსი უკრძალავდა ეპისკოპოსთ თანამდებობების ყვარყვარესგან მიღებას მეფის და კათალიკოსის ნებართვის გარეშე, ამის გამო გაბოროტებულმა ათაბაგმა გამოაცხადა, რომ ამიერიდან სამცხის სამღვდელონი ხელდასხმას მიიღებდნენ აწყურს მაწყვერელთან, ეს კი სამცხის იდეოლოგიურ გამოყოფას ნიშნავდა, მაშინ კათალიკოსმა დავით III-მ ალექსანდრე I-ს ძემ შეაჩვენა მაწყვერელი და მისი მომხრე სამცხელი ეპისკოპოსები და განაკანონა, აუკრძალა ყოველნაირი მღვდელთმსახურება, ამიტომ სამცხელი სამღვდელონი დაფრთხნენ და კათალიკოსთან შერიგების გზას დაადგნენ.

94 ისევ მოინდომა განდგომა ქართული ტახტისაგან ყვარყვარე II-,მ, მეფე გიორგი VIII ამაოდ შეეცადა საქმის უომრად გადაწყვეტას, შინაომი გარდაუვალი შეიქმნა, ათაბაგმა დამხმარედ ირანის შაჰი უზუნ-ჰასანიც მოიწვია,
1462 წ შაჰი სამცხეში შემოვიდა და ყვარყვარეს შეუერთდა, ბრძოლაც იმავე წელს გაიმართა, გიორგი დამარცხდა.

95 მეფის დამარცხება არც ისე ძნელი საქმე ყოფილაო და ლაგამი აიყარეს დანარჩენმა ფეოდალებმა, ამჯერად ყველას დაასწრო ბაგრატმა, დავით ნარინის შთამომავალმა, იგი ადრე ქუთათისსა და სამოქალაქოს განაგებდა ვითარცა საქვეყნოდ განმრიგე, მაგრამ გიორგი მეფემ ორგულობა შეამჩნია და ქუთათისის გამრიგეობიდან გადააყენა, ახლა კი ბაგრატი სამცხელთაგან მეფის მარცხმა გაათამამა და მის წინააღმდეგ თვითონაც წამოიწყო აჯანყება, იგი შეეთქვა დადიანს, შარვაშიძეს, გურიელსა და სვვანთა ერისთავს დდა მათი თანადგომით ქუთათისში სამეფო ტახტის დადგმა განიზრახა,
გიორგიმ ქართლელთა და ჰერ-კახთა ჯარი შეჰყარა და იმერეთისკენ გაემართა, თან ყვარყვარეს ბრძანება გაუგზავნა სამცხელთა ჯარით ფერსათი გადმოიარე და იმერეთს შემიერთდიო,
ათაბაგმა მეფის ბრძანება არაფრად ჩააგდო და ხელიც არ გაუნძრევია,
გადამწყვეტ ჟამს ჩაურევლობის ხასიათზე დადგნენ ფეოდალები დადიანი, შარვაშიძე, გურიელი და სვანთა ერისთავი,
გიორგი და ბაგრატი ზემო იმერეთში ჩიხორთან შეებრძოლენ 1463 წ, გაიმარჯვა ბაგრატმა.

სირცხვილი 96-101.

96 იდგა 1466 წ, სამცხის ათაბაგ ყვარყვარე II ჯაყელს ტყვედ ჩაეგდო ქართლის მეფე გიორგი VIII, ქართლი მაშინვე იმერეთის მეფე  ბაგრატ VI-მ დაიჭირა, ყვარყვარეს ეს არ მოეწონა და მაშინვე გიორგი მეფე ტყვეობიდან გამოუშვა, მაგრამ გიორგიმ ქართლის ტახტი ვერ დაიბრუნა და კახეთს წავიდა და იქ ახალი თავისი ტახტი დაიდგა, სახელიც გიორგი VIII-ს ნაცვლად ახალი გიორგი I დაირქვა, ამიერიდან კახეთის სამეფო ცალკე საქართველოდ იწყებს ცხოვრებას.

97 ფიზიკური ძალდაშრეტილობის, ნივთიერი გაღატაკებისა და სახელმწიფოებრივი დაქუცმაცე ბულობის კვალდაკვალ ეცემოდა და კნინდებოდა სულიერ-ზნეობრივი სახე ქართული სამეფო კარისა, მეფე ბაგრატ VI ზნეობრივად არასრულქმნილი ადამიანი იყო, იტალიელი დესპანი ამბროზიო კონტარინი გაოცებულია რომ ქართველი მეფის კარზე მოშლილია განთქმული სტუმრისათვის თავაზიანობა, თვითონ მეფე იძლეოდა ზნეობრივ სისუსტეთა მაგალითს, მან გააჩაღა მამულებისა და თანამდებობების ყიდვა-გაყიდვა, გორის მოურაობაში ზევდგინიძეს ქრთამად 100 კოკა ღვინო გამოართვა, აახლებდა სამემკვიდრეო სიგელებს და ისევ ქრთამს ღებულობდა, კარისკაცებმა უცხოელი ელჩიც არ დაინდეს და კონტარინის ქონება აუწერეს და საუკეთესო ნივთები მეფისათვის მიართმევინეს ძღვნად, , ცალკე ძღვენის სახით მეფემ მას კიდევ 70 ოქროს ფული გამოსძალა ძღვენის სახით,ესეც ეცოტავა თურმე ბაგრატს და სასახლიდან წასულ ელჩს და მის მხლებლებს მდევარი გამოადევნა და კიდევ 36 ოქრო ძალით წაგლიჯა.

98 ბაგრატ VI-ს ხელმწიფობასთან დაკავშირებით  კიდევ უფრო შეუწყნარებელი უგნურებაა დაკავშირებული, ამ ხარბმა უზურპატორმა უეჭველად რაღაც  დიდი ანგარებით მონადირებულმა საქართველოს დაშლის კვალდაკვალ დასტური დასცა ზოგადქართული იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიური დამოუკიდებლობისა და ერთიანობის დარღვევასაც, ეს ამბავი ასე მოხდა საქართველოში ჩამოვიდა იერუსალიმისა და ანტიოქიის პატრიარქი მიხეილი საღვთო შესაწირავის შესაგროვებლად, მეფე მთავრები მღვდელთმთავრებს ეხმარებოდნენ შესაწირის შეგროვებაში ხოლო წმინდა მამები მეფე-მთავართა პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ღვთით დადგენილ სამართლიანობად აცხადებდნენ.

99 თავხედობასაც აქვს თავისი მასშტაბები, მაგრამ იერუსალიმელი პატრიარქის კადნიერებამ ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა, იგი ბაგრატ მეფესთან და, დადიან-გურიელთან ერთად შეუდგა ქართულ საეკლესიო გუჯარ-დავთარ იადგართა ჩხრეკას, რას ეძებდნენ ისინი, თურმე საჭირო გამხდარა საბუთი რომლითაც ქართლისა და აფხაზეთის კათალიკოსნი ძველთაგანვე კურთხევა-ხელდასხმას ანტიოქიის პატრიარქისგან ღებულობდნენ, მაინც რა საჭირო იყო ძველი დავთრების ძებნა, როცა ყველამ იცოდა რომ თავიდან მართლაც ასე იყო ხოლო როცა საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო ქართველ მღვდელთმთავრებსაც საქართველოს კათოლიკოსი ამტკიცებდა, მაგრამ მაინც რაღაც გამოჩხრიკეს და ერთბაშად ამოფრიალდა მცნება სასჯულო, რომელიც უეჭველად 3 ხელით იყო დაწერილი მიხეილისა, ბაგრატისა და შამადავლასი, ხოლო ეს საბუთი საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას ვითარცა ძველი წესიდან შეშლილსა და გარდაქცეულს აუქმებდა და მის ნაცვლად ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელად ისევ კანონიერ ანტიოქიის საპატრიარქოს აღადგენდა.

100 და იქვე იმავე მცნება სასჯულოს ძალით მიხეილმა ვითარცა საქართველოს ეკლესიის კანონიერმა მღვდელთმთავარმა აფხაზეთის კათალიკოსად აკურთხა ცაიშელ--ბედიელი მთავარეპისკოპოსი იოვაკიმე, ეს უგნური აქტი ღაღადებდა აფხაზეთის ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის მოსპობას და უცხო ეკლესიის იერუსალიმ-ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქატის ხელქვეით გადასვლას, ამნაირად სამმა ვიგინდარამ დაამხო იგი რაიც საქართველოს უსაჩინოესმა შვილებმა მრავალი საუკუნის მანძილზე მოიპოვეს კეთილშობილურ მამულიშვილური ბრძოლით.

101 მაგრამ დანაშაული უფრო შორსაც წავიდა, გადამთიელმა შარლატანმა ბერმა ბაგრატ VI-ს დასტურით მთელი საქართველოს სარწმუნოებრივი მთლიანობის დარღვევაც კი მოიწადინა, საამისოდ მიხეილმა თეორიული დასაბუთება წარმოადგინა წმინდა ნინომ მხოლოდ ქართლი გააქრისტიანა, ხოლო დას საქართველო დამოუკიდებლად ანდრია მოციქულმა მონათლაო, აქედან გამომდინარე ამიერიდან აფხაზეთის კათალიკოსი მთელი დას და სამხ-დას საქართველოს იმერეთის, სამეგრელოს, აფხაზეთის, გურიის,, აჭარის, შავშეთის და კლარჯეთის დამოუკიდებელი მწყემსმთავარი უნდა იყოსო, ასე და ამგვარად შუაზე იკვეთებოდა საქართველოს სარწმუნოებრივ-იდეოლოგიურ მთლიანობას, საყრდენი ეცლებოდა ქართველი ხალხის ეროვნულ ერთიანობას.

სირცხვილი 102-105.

102  1483 წ ყოვლად უგნური ბრძოლა ატყდა ყოვლად უგნური შემთხვევის საბაბით, ყვარყვარე ათაბაგის 1 ვაჭარი არეშში ჩასულა აბრეშუმის შესასყიდად და გასაყიდად და ერთ აქაურ ვაჭართან ჩხუბი მოსვლია, არეშელს სამცხელისათვის აბრეშუმი წაურთმევია, მაგრადაც უცემია და დაცინვითაც წაუძახებია «წადი შენს პატრონს შენი უბედურება აუწყე ერთბაშად სავაჭრო არ დამიქციოს და ჩემს დუქანზე ყურითაც არ მიმაჭედოსო,
გალახული ვაჭარი მართლა მისულა ყვარყვარესთან და ყველაფერი მოუხსენებია, ამპარტავანი მთავარი განრისხებულა, ეტყობა მას ქართლის დალაშქვრა ისედაც მიზანში ჰქონდა და ახლა ეს ვაჭრული ინციდენტიც საბაბად ხელთ ჩაუვარდა, ლაშქარი შეჰყარა ათაბაგმა, ფარავნის გზით დმანისს მოვიდა, ორბელიანებთან ინადიმა, იქიდან ხუნანი გადმოიარა, მტკვარი გადმოვლო და არეშს შევიდა, მეგზურად გალახული ვაჭარი მოუძღოდა, მესხებმა არეშელ ვაჭარს მიაგნეს, მისი სავაჭრო აიკლეს, თანამემამულე ვაჭარს ზარალი ამოაგებინეს და თვითონ არეშელი საკუთარი დუქნის კედელზე ყურით მიაჭედეს, მაშინ იმერეთ-ქართლის ტახტზე იჯდა კონსტანტინე II და სანამ ის ყოველივეს შეიტყობდა მანამდე შიდა ქართლში აქაურმა აზნაურებმა ზაზა ციციშვილის მეთაურობით ათაბაგს გზა გადაუღობეს და აცნობეს მეფის შეტყობინებისა და დასტურის გარეშე ვეღარ გაგიშვებთო, ყვარყვარემ კი ეს შეუთვალა «მე თქვენს მამულში არაფერი წამიხდენია, მე მხოლოდ ჩემს შეურაცმყოფელს მივუგე სამაგიერო», ციციშვილებმა მაინც არ დაიშალეს, ყოველივე მეფეს ამცნეს და მისი პასუხის დაბრუნებამდე სამცხელთა ბანაკში მროველი ეპისკოპოსი გაგზავნეს, რომელიც ათაბაგს გაესიტყვა ან ჩვენს მეფეს დაემორჩილე ვითარცა ქვეშევრდომი, ან შეგიპყრობთ და მიგგვრით მეფესო, ათაბაგმაც არ შეაწია სიტყვა მროველს, მაშინ მროველმა მიაყვირა «განა არ იცი ათაბაგო რომ ძალა აღმართსა ხნავსო», ამასობაში კონსტანტინე მეფემაც მოუსწრო, არც მეფეს და ათაბაგს შორის მოხერხდა შერიგება, ძმათაშორისი ომი  ისევ გარდაუვალი გახდა.

103 შეტაკება მოხდა სოფ არადეთთან 1483 წ 13 აგვისტოს იქმნა სასტიკი ბრძოლა და ამისთვის შემდეგ ამ ადგილს ეწოდა ცეცხლის ჯვარი, გაიმარჯვა ათაბაგმა.

104 გამარჯვებულებმა მროველი ეპისკოპოსიც არ დაინდეს და არეშელი ვაჭრისა არ იყოს სიტყვაზე დაიჭირეს, ძმათა სისხლით მორწყულ მიწაზე ათრიეს და ზედაც ბოროტი ხარხარით უძახეს რაკი ძალი აღმართსა ხნავს ახლა დაღმართი შენ დაფარცხეო.

105  1490 წ ირანელების მორიგი შემოსევა მოხდა ხალილ-ბეგის მეთაურობით, მეფე კონსტანტინე II-მ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლად გამოსვლა სთხოვა ყვარყვარე ათაბაგს და კახეთის მეფე ალექსანდრე I გიორგის ძეს, ორივემ უარი შემოუთვალა, რადგან ორივეს კონსტანტინეს დამდაბლება უფრო ენებათ ვიდრე გარეშე მტერთა მოგერიება, კონსტანტინე მარტო ქართლელთა ჯარით შეება მტერს და გაიმარჯვა.

ჩამოტვირთეთ


წყარო: უსინათლოთა და მცირე მხედველთა ასოციაცია
"უსინათლოები საზღვრებს გარეშე"








Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий