вторник, 22 апреля 2014 г.

სახარებისეული გზა – მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I




სახარებისეული გზა
მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოს I
მათეს სახარების ერთერთ იგავში (მათ25:31-46) ჩვენ პირდაპირ გვეუბნებიან, რომ არ განვისჯებით იმისდამიხედვით, თუ რამდენად ხშირად ვლოცულობდით, რამდენად მძიმედ ვმარხულობდით, რამდენი პროზელიტი* მოვაქციეთ ჭეშმარიტ რწმენაზე ან რამდენი ფორმალური „კეთილი საქმე“ გავაკეთეთ. და რაღათქმაუნდა ჩვენ არ გვკითხავენ  იმაზე თუ რას  მივაღწიეთ ამ ქვეყანაზე, როგორი რეპუტაცია მოვიპოვეთ,   ავედით თუ არა მაღალ კარიერულ საფეხურზე, რამდენად ვიყავით წარმატებულნი.  ჩვენ დაგვისვამენ მხოლოდ ერთ კითხვას:  გავუზიარეთ სხვას, ის რაც გაგვაჩნდა? გამოვკვებეთ თუ არა მშიერი, შევმოსეთ თუ არა შიშველი?  ჩვენი ღვთისადმი სიყვარული გამოიხატება ახლობლისადმი სიყვარულით. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.„თუ ვინმე ამბობს ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს ცრუა, ვინაიდან თუ თავისი ძმა არ უყვარს, რომელსაც ხედავს როგორღა შეიყვარებს ღმერთს რომელსაც ვერ ხედავს? „ (1იოან 4:20)
საინტერესოა, რომ იმავე იგავში ქრისტე საუბრობს ყველა ადამიანზე, ვინც საჭიროებს დახმარებას და თანადგომას,  „მე ვიყავი მშიერი“; „ მე ვიყავი შიშველი,  სნეული, საპყრობილეში“. გამოდის ტანჯული ადამიანის თვალებიდან ღმერთი გვიყურებს. როგორ შეგვიძლია ზურგი შევაქციოთ მას? საშინელებაა ამის გახსენება განსაკუთრებით დღესდღეისობით, როდესაც  მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქების ქუჩები სავსეა მშიერი და უსახლკარო ადამიანებით, როცა ქალები და ბავშვებიც კი გაბმულნი არიან პროსტიტუციის მახეში,  როცა ამდენი ადამიანი ჩვენს გარშემო იტანჯება განუკურნებელი ჭრილობებით, მიყენებული   გაუმაძღრობით ჩვენი საზოგადოების. ეს ხალხი არის ღმერთი ჩვენ შორის.  ისინი გვანახებენ ჩვენ  ჯვარცმული ქრისტეს ტანჯვას; შეიძლება ითქვას, რომ ქრისტე თავად დადის ჩვენს ქალაქებში. მისი ჭრილობები ჩვენი სასამართლოა. შევძლებთ კი ჩვენ ვაგოთ ამაზე პასუხი? ან საერთოდაც – ვამჩნევთ კი ჩვენ ამ ჭრილობებს?
ახალი აღთქმის სხვა იგავში იესო ჰყვება გლახაკ ლაზარეზე, რომელიც მდიდარი ადამიანის ჭიშკართან იწვა. „ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მიდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ“ (ლუკ 16:21). მდიდარმა არცერთხელ არ მიიპატიჟა ლაზარე თავისთან.  უარესი ის იყო რომ, ის უბრალოდ  ვერ ამჩნევდა ლაზარეს, მშიერსა და ავადმყოფს,  მის ჭიშკართან მწოლიარეს. ზოგჯერ საკუთარ თავს ვეკითხები: ვამჩნევთ კი ჩვენ, რაც ხდება ჩვენს გარშემო? და რისი გაკეთება შეგვიძლია, თუ ვერ ვხედავთ, არ ვიცით, ვერ ვაცნობიერებთ? რამდენ ადამიანს ვეპატიჟებით  ჩვენთან ერთად ტრაპეზის გასაყოფად? რამდენად ვართ მზად გავუნაწილოთ სხვას ის რაც გაგვაჩნია? მსგავსი საკითხები – სიღარიბე, მშვიდობა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის უფლებები – ვართ კი მზად ჩვენი ცხოვრების მაგიდაზე დავდოთ? რამდენად ღიაა ან დახურულია მაგიდა, რომლის გარშემოც ჩვენ ავირჩიეთ ჯდომა?
ჩემი მსახურება როგორც  ძველი და ისტორიული ეკლესიის პატრიარქისა, მოიცავს კავშირს თანამედროვეობის ძალიან რთულ და მძიმე პრობლემებთან  -სიღარიბე, რასიზმი, ფუნდამენტალიზმი, საერთაშორისო კონფლიქტები. ამ პრობლემებს  მე  ყოველდღე ვაწყდები, ურთიერთობა მაქვს უბრალო ადამიანებთან აგრეთვე რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერებთან. ამისგარდა არსებობს მრავალი სხვა პრობლემა, ჩვენთან ახლოს მყოფი, ჩვენს ყოველდღიურობაში, რომელიც ასევე წინ უნდა წამოვწიოთ და გადავჭრათ; უმეტეს შემთხვევაში მას ჩვენზე ძლიერი გავლენა აქვს. ესენია, საშუალო განათლების ყველასათვის ხელმისაწვდომობა,  სათანადო ხელფასი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. განსაკუთრებით აქტუალური ხდება მოხუცების ღირსეული მოვლის პრობლემა.  არ უნდა დაგვავიწყდეს შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის სრულფასოვანი ცხოვრების შექმნა. აგრეთვე ლტოლვილთა და უმცირესობების მდგომარეობა. ქალებისა და ბავშვების შრომის ექსპლუატაცია,   ქალთა და ბავშვთა პროსტიტუციის ბოროტება – დღეს ასე გავრცელებული მთელს მსოფლიოში. შეიძლება გავიხსენოთ კიდევ მრავალი პრობლემა, რომელიც უკავშირდება ყველაზე წმინდას ადამიანის ცხოვრებას – დაბადებიდან  გარდაცვალებამდე.  მათი დიაპაზონი ფართოა – დაწყებული დელიკატური საკითხებიდან, დაკავშირებული სექსუალურ ცხოვრებასთან, დამთავრებული  მძიმე და სადავო საკითხით, როგორიცაა სიკვდილით დასჯა. მსგავს სოციალურ და მორალურ თემებზე არარსებობს რაიმე  ერთიანი პოზიცია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია  თავგამოდებით დაიცავდა. როგორც წესი, ჩვენ თავს ვიკავებთ უხეში დოგმატური განჩინებებით სოციალურ და მორალურ საკითხებზე. მაგრამ ყველა შემთხვევაში ეკლესია ხაზს უსვამს ყველაზე წმინდას -  ადამიანს; შექმნილს ღვთის ხატად და მსგავსად.
ეს ბოლო წლებია , ხალხში დაიწყო კრიტიკული გამოღვიძება და ინტერესი არსებული გარემოს დაცვის მიმართ, შესაბამისად იცვლება დამოკიდებულება ჩვენი პლანეტის მომავლისადმი. თუმცა, მიუხედავად იმისა რომ, ჩემი  პატრიარქობის პერიოდში ჩვენმა ეკლესიამ მიიღო ძალიან ბევრი ჯილდო,  2005 წელს  გაერომ  მოგვანიჭა „მიწის დამცველი“ -ს წოდება, მე თავმდაბლურად ვაღიარებ, რომ ჩვენი მუშაობა შორს არის სრულყოფილებისაგან. ეს არცერთ შემთხვევაში არ არის ცრუ თავმდაბლობა; ეს რეალობაა. მთელი ამ დროის განმავლობაში ვიბრძოდით, რათა გაეცნობიერებინათ მსოფლიოს მოქალაქეებს ამ საკითხის მნიშვნელობა, ის რომ მათ გაიგონ საშიშროება, წყლის რომელსაც ჩვენ ვსვამთ, ჰაერს რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ, და მიწას რომელსაც ვამუშავებთ. მე ძალიან  კარგად მესმის, ჩვენ გვჭირდება რადიკალური ცვლილება ადამიანების ცხოვრების ქცევასა და წესში, მაგრამ იქამდე ჯერ ძალიან შორია. მთელ მსოფლიოში ადამიანები უფრო კარგად აცნობიერებენ წყლის დაბინძურების გლობალურ პრობლემას. მაგრამ ჩვენ პირდაპირ თუ არაპირდაპირ კვლავ ვადგავართ მისი მოხმარებისა და განაწილების   ეგოისტურ გზას – რამაც დააყენა ჩვენი სამყარო თვითგანადგურების გზაზე. ცხადია, ჩვენ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავლახავთ თუ რადიკალურად შევცვლით საკუთარ თავს და შემდგომში უკვე მსოფლიოს.


*პროზელიტი* – ბერძნული სიტყვაა და მომდინარეობს ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანიდან (,,სეპტუაგინტადან”). პროზელიტი ბიბლიაში აღნიშნავს იმ ადამიანს, რომელიც არ არის მკვიდრი ანუ წარმოშობით იუდაელი (ებრაელი), მაგრამ ცხოვრობს მის საზოგადოებაში, მიღებული აქვს წინდაცვეთა და ასრულებს მოსეს რჯულს. ერთხანს იგი და მისი შთამომავლები ინარჩუნებენ თავიანთი წარმოშობის ხსოვნას, რომ ისინი სისხლით და ხორცით არე კუთვნიან ისრაელიანებს, მაგრამ დროთა ვითარებაში ხსოვნა იკარგება და საბოლოოდ, ხდება მათი ინტეგრაცია ხალხის სხეულთან და სულთან.

წყარო:   Приобщение к таинствуПравославие в третьем тысячелетии;
Всесвятейший Вселенский ПатриархВАРФОЛОМЕЙ


თავისუფალი თარგმანი –  შოთა კინწურაშვილი

 4/21/2014



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий