суббота, 7 сентября 2013 г.

დეკანოზ კორნელი კეკელიძის მოხსენებები საეკლესიო კრებაზე


ეკლესიის ისტორია

აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე (1879-1962) საეკლესიო მწერლობის, თეორიისა და პრაქტიკის უბადლო მცოდნე გახლდათ. იგი დიაკვნის ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, თბილისის სასულიერო სემინარია და კიევის სასულიერო აკადემია. ეს უკანასკნელი კი მთელ მსოფლიოში აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ლიტურგიათა ყველაზე ავტორიტეტულ კვლევით ცენტრად ითვლებოდა. იქ მოღვაწეობდა დიდი მართლმადიდებელი პროფესორი და საყოველთაოდ აღიარებული ლიტურგისტი ა. დმიტრიევსკი, რომელიც კ.კეკელიძეს საყვარელ და საუკეთესო შეგირდად მიიჩნევდა. მისი რეკომენდაციით და ხელმძღვანელობით კ.კეკელიძემ დაამუშავა თემა „ქართული ლიტურგიული ძეგლები სამამულო წიგნსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა“, რის საფუძველზეც კიევის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭომ მას 1908 წელს ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი მიანიჭა.
აღნიშნული აკადემიის ხელმძღვანელობამ კ.კეკელიძეს ლიტურგიკის კათედრის გამგის თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ მან სამშობლოში სამსახური არჩია. 1905 წლის იანვარში იგი სასულიერო პირი გახდა, დეკანოზი ხარისხით შეიმოსა და საქართველოში, ქუთაისში, სასულიერო-პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას შეუდგა. 1916-1918 წლებში დეკ. კ.კეკელიძე თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო, ამ დაწესებულების პირველი ქართველი რექტორი.
კ.კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თეორიული და პრაქტიკული საკითხების განხილვას, განსაკუთრებით, მის ავტოკეფალურ უფლებათა კანონიკური საფუძვლების წარმოჩენის საქმეს, რის გამოც იგი სრულიად კათალიკოს-პატრიარქმა, წმ. კირიონმა (საძაგლიშვილმა) მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელ პირთა და პროფესორთა სიაში კ.კეკელიძე მოხსენიებულია როგორც „მიტრაშემოსილი დეკანოზი“. ეს ჯილდო წმ.კირიონმა თავისი აღსაყდრების დღეს, 1917 წლის 1(14) ოქტომბერს (სვეტიცხოვლობას), გაიღო, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ახლადდადგინებულმა მწყემსმთავარმა. აწ საეკლესიო სინოდის განჩინებით წმინდანად კანონიზებულმა, პირველი და უპირატესი ყურადღრება მის მიმართ გამოავლინა. ამ ნაბიჯით მან მიანიშნა, რომ ეთანხმება და იწონებს იმ მიმართულებას და პოზიციას, რომელზეც კ.კეკელიძე დგას.
სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლისთანავე კ.კეკელიძე იმ განათლებულ და საერო პირთა გვერდით დადგა, რომლებიც საეკლესიო პრაქტიკის დახვეწისათვის, მისი გამარტივებისა და გათანამედროვეობისათვის ზრუნავდნენ.
მათგან პირველ რიგში წმ. ამბროსი, ლეონიდე, კალისტრატე, ეპ.პეტრე, არქ.პიროსი, პროფესორი იუსტინე აბულაძე და პროფესორი სერგი გორგაძე უნდა დავასახელოთ. მათ ჩამოყალიბებული ჰქონდათ ბიბლის ქართული თარგმანისა და სამღვდელმსახურო წიგნების ჩამასწორებელი კომიტეტი, რომლის მიზანი ტექსტოლოგიის ჩარჩოებს შორდებოდა და ლიტურგიის სფეროში გარკვეული რეფორმების ჩატარებას მოიცავდა. ეს იდები არეკლილია კოლექტიურ წერილში „კურთხევანის დაბეჭდვის გამო“ რომლის სტრიქონებს შორის საეკლესიო ცხოვრების განახლების სურვილი და სულისკვეთება იგრძნობა (ამაზე შედარებით ვრცლად ვსაუბრობთ წერილებში კ-პ კალისტრატე ცინცაძის შესახებ; საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1982 წლისა; „მრავალთავი“ №13).


საქართველოს პირველი საეკლესიო კრება, რომელიც 1917 წლის 8-17 სექტემბერს შედგა თბილისში. საეკლესიო ცხოვრების განახლებისა და რეფორმაციის სულით აღიბეჭდა, რასაც ის ფაქტიც ცხადყოფს, რომ კრების სხდომებს ერისკაცები, ცნობილი საზოგადო მოღვწენი:გიორგი ჟურული, ტრიფონ ჯაფარიძე და სპირიდონ კედია უძღვებოდნენ. ასევე იყვნენ წარმოდგენილნი საერო კრების პრეზიდიუმში და საკათალიკოსო საბჭოშიც. დეპუტატთა მთელი კორპუსი (გამონაკლისის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს) ეკუმენური იდეებით იყო განმსჭვალული, რომელთა რეალიზაციას კეთილმეზობლური და ძმური ურთიერთობის დამყარება უნდა მოჰყოლოდა არა მარტო მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის, არამედ სხვა აღმსარებლობის ქრისტიანულ ეკლესიებს შორისაც.
დეკ. კორნელი კეკელიძე I საეკლესიო კრების ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტიური მონაწილე იყო. იგი, როგორც თავმჯდომარე, ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკლესიის ორგანიზაციის (სტატუსის) კომისიას, აქტიურად ებმებოდა დებატებში და ორი მოხსენება წარმოადგინა: პირველი საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის საკითხებს ეხებოდა, მეორე - რეფორმებს ლიტურგიასა და სამღვდელო პირთა ყოფაცხოვრებაში.
ტექსტი, რომელსაც ქვემოთ ვაქვეყნებთ, დეკანოზმა კ.კეკელიძემ კრებას მოხსენების სახით 15 სექტემბერს საღამოს სხდომაზე წარუდგინა. თამამდ შეიძლება ითქვას, რომ ეს დოკუმენტი და მისი განხილვის პროცესი კრების მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო მხარეა. აქ მკაფიოდ და გაბედულადაა ნათქვამი შემდეგი: ბევრი რამ, რაც ბევრს, განათლებულს თუ გაუნათლებელს მართლმაიდებელი ეკლესიის არსება ჰგონია, არ არის მართლმადიდებლობა; ის, რისი ძირძველობა თითქოს სადავო არ უნდა იყოს, სინამდვილეში ახალია და რაღაც გაუგებრობათა შედეგი, ანდა პრაქტიკულ მოტივთა და მოსაზრებათა ნაყოფია; ის, რაც მორმწუნეთა საზოგადოების დიდ ნაწილს ზოგჯერ დოგმატის რანგში აჰყავს, რეალურად მეორეხარისხოვანი მოვლენაა და ცვალებადობის კანონს დაქვემდებარებული. ასეთია: 1) ტიბიკონი ანუ საეკლესიო ღვთისმსახურების წესი და რიგი; 2) საეკლესიო-საღვთისმსახურო ანუ ლიტურგიკული წიგნების ანბანი და ენა, ამ წიგნების რედაქიცები; 3) სამღვდელოთა საგანგებო შესამოსელი: აუცილებელია თუ არა, რომ სასულიერო პირებმა წირვაზე, წესების შესრულების დროს და, მით უმეტეს, ჩვეულებრივ ყოფა-ცხოვრებაში საგანგებო სამოსელი ატარონ? 4) საჭიროა თუ არა, რომ მღვდლებმა წვერი მოუშვან? თითოეულ საკითხზე პასუხი წყაროთმცოდნეობის თანამედროვე დონეზე, ამომწურავად და მართლმადიდებელი სარწმუნოების პოზიციიდანაა გაცემული, ამასთანავე, მარტივად, ლაკონურად და პოპულარულად, რაც ავტორის ცოდნის სიღრმესა და ხელოვნებაზე მიგვანიშნებს.

იმდროინდელი პრესა („სახალხო საქმე“, 1917, 19.IX, №54) და ისტორიკოსი ევსევი ნიკოლაძე, რომელიც აღნიშნული კრების მონაწილე იყო, გვაუწყებენ, რომ დეკანოზ კ.კეკელიძის დებულებები ანუ რეკომენდაციები (1) წირვა-ლოცვის შემოკლების, (2) საღვთო და სამღვდელო წიგნების მხედრულად დაბეჭდვის, (3) ერში სასულიერო პირების ანაფორის გარეშე სიარულისა და  (4) მათ მიერ წვერის გაპარსვის შესახებ კრებამ დაადასტურა; ამაზე კრება თანახმა გახდაო (ე.ნიკოლაძე, საქართველოს ეკლესიის ისტორიამ ქუთაისი, 1918, გვ.249).

„სახალხო გაზეთს“ დამოწმებულ და მის მომდევნო ნომრებში გამოქვეყნებულია ვრცელი კორესპონდენცია, რეპორტაჟები, რომელთაც ხელმოწერა არ ახლავთ. ამიტომ სავარაუდოა, რომ ისინი რედაქტორ-გამომცემელ სიმონ ფირცხალავას ეკუთვნის და შეფასებითი მომენტები, რომლებიც აქა-იქ გვხვდება, გაზეთის საერთო პოზიციას გამოხატავს. კერძოდ, დეკ. კ.კეკელიძის მოხსენებაა, რომელიც მეცნიერული ხასიათი არის, აღსავსეა საყურადღებო ცნობებით და ამიტომ კრების ინტერესებსაც აკმაყოფილებს...“ ირკვვევა, რომ სხდომაზე პაექრობაც ყოფილა. მაგალითად დეკ. ნიჟარაძეს (ბესარიონს?) მომხსენებლისათვის ასეთი კითხვა დაუსვამს „ახალ ქალთა ემანსიპაციაა. თუ მღვდლები პიჯაკ-შლიაპებით მოირთვებიან, რატომ მონაზონ ქალებს არ უნდა შეეძლოთ საერო ტანსაცმლის ჩაცმა?“ მომხსენებელს უპასუხია „მაგას განსაკუთრებით არ შევხებივარ. მაინც პასუხს მოგახსენებთ ორიოდე სიტყვით. ღვთისმშობლისა და წმ.ნინოზე უმაღლესი ქალწული მე სხვა არ მეგულება. თუ იგინი დაიარებოდნენ იმავე სამოსით, როგორითაც სხვა მათი თანამედროვე ქალნი, ჩვენი მონაზონებიც უფლებამოსილნი არიან ისევე ჩაიცვ-დაიხურონ, როგორც სხვებმა. მით უფრო, რომ სარწმუნოება გარეგნობაში არ გამოიხატება“. ეპ. ანტონს უთქვამს, „მოუმზადებელნი ვართ, კანონებს ვარღვევთ, სავსებით არ ვიცავთ და ნუ ავჩქარდებით“. დეკ.კ.კეკელიძეს კი მიუგია: „პირიქით, მე მეექვსე კრების ორი მუხლი მოვიყვანე თმის ტარების აკრძალვის შესახებ“.
მცირე, მაგრამ კონსტრუქციული კამათის მიუხედავად, კრების მონაწილეთა უმრავლესობას, მათ შორის, არა ერთსა და ორ ისეთ სასულიერო თუ საერო პირს, რომლებიც დღეს წმინდანთა თანა მოიხსენებიან, დეკ.კეკელიძის გამოსვლისათვის მაღალი შეფასება მიუცია და მის ძირითად დებულებებსაც დასთანხმებიან.
რაც შეეხება მეორე მოხსენებას, ჩანს, იგი უფრო ინფორმაციული ხასიათის იყო. ეს მოხსენება აქვს მხედველობაში სერგო ვარდოსანიძეს, რომელიც წიგნში „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1917-1927 წლებში“ (თბ., 2000) აღნიშნავს: საეკლესიო კრებაზე ცხარე კამათი წარმოიშვა დეკანოზ კორნელი კეკელიძეს გამოსვლის გამო, რომელიც აღნიშნავდა, რომ კათალიკოს-პატრიარქისა და ეპისკოპოსისათვის ბერობა აუცილებელი პირობა არ უნდა ყოფილიყო. კრების მონაწილეთა უმრავლესობამ არ გაიზიარა კ.კეკელიძის ეს მოსაზრება. კრებამ შესაძლებლად მიიჩნია, მიეცათ უფლება სასულიერო პირთათვის შეკრეჭისა და სხვ.“ (გვ.10). მკვლევარის მიერ წყარო ასეა დამოწმბული: „გაზ. „სახალხო საქმე“, №58, 1918“.

პირველ რიგში, შევნიშნავთ, რომ დამოწმება არასწორია. „სახალხო საქმის“ 53-ე ნომერი 1918 წელს უკვე დიდ ხნის გამოსული იყო. ეს ნომერი 1917 წლის 17 სექტემბერს გამოიცა, ე.ი. იმ დროს, როდესაც თბილისის სიონში კრების სხდომები იმართებოდა. აღნიშნულ ნომერში (ე.ი. „სახალხო საქმე“, 1917, 17.IX, №53) დაბეჭდილია ინფორმაცია სათაურით „სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება. 12 სექტემბერი“. ამდენად, ამ სტატიაში მოცემულია მიმოხილვა 12 სექტემბრის სხდომისა, საიდანაც ირკვევა, რომ დეკ.კ.კეკელიძეს ამ დღეს წაუკითხვას მოხსენება „მართვა-გამგეობის (დებულებების) მე-11 პარაგრაფის შესახებ“. ეს პარაგრაფი კი საკათოლიკოსოს საბჭოს წევრთა განათლების ცენზს ეხებოდა. რეპორტაჟიდან ვგებულობთ, რომ კრებას მიზანშეწონილად არ მიუჩნევია საკათალიკოსო საბჭოს წევრობისათვის განათლების ცენზის დაწესება (კრებას საკითხი გამორკვეულად მიაჩნია და ხმის უმრავლესობით სწყვეტს პარ. 11-ში გამოტოვებულ იქნას სიტყვები ცენზის შესახებ“). რაც შეეხება თეთრი ანუ მსოფლიო (ცოლიან) სამღვდელოთა მღვდელმთავრობის, ე.ი. მათ ეპისკოპოსად ხელდასმის საკითხს, ჩვენთვის უცნობია წყარო, რის საფუძველზეც მკვლევარი აცხადებს: კრების მონაწილეთა უმრავლესობამ არ გაიზიარა მოსაზრება ეპისკოპოსებისათვის ბერობის არააუცილებლობის შესახებ (მკვლევარისაგან მინიშნებულ წყაროში ამ საკითხზე საუბარი არაა).
სამაგიეროდ ცნობილია თავად დოკუმენტი - „საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებანი, მიღებული სრულიად საქართველოის 1917 წლის საეკლესიო კრებაზედ,“ რომელიც თბილისში იმავე წელს დაისტამბა. იქ კი მკაფიოდაა ნათქვამი: „საკათალიკოსო კანდიდატისათვის ბერობის მიღება სავალდებულო არაა“ (პარ. 10 - კათალიკოზი); საეპისკოპოზო კანდიდატისათვის ბერად შედგომა სავალდებულო არ არის“. (პარ. 16-ეპისკოპოზი). შესაძლებელია ს.ვარდოსანიძეს აქვს სხვა წყარო (რომელიც აღნიშნულ წიგნში რაღაცა მიზეზის გამო დამოწმებული არ არის), სადაც ნათქვამი იქნება: კრების მონაწილეთა უმრავლესობამ კ.კეკელიძეს ეს დებულება არ გაიზიარა. ასეთ შემთხვევაში დაისმის კითხვა: თუკი კრების უმრავლესობა საეპისკოპოსო კანდიდატისათვის ბერობას სავალდებულოდ მიიჩნევდა, რატომ დაამტკიცა იმავე კრებამ ის პროექტი, რომელშიც საწინააღმდეგო პოზიციაა გატარებული და წარმოდგენილი?
დავძენთ: ქვემოთ წარმოდგენილი სტატია დაბეჭდილია საკათალიკოსო საბჭოს ყოველთვიურ ჟურნალში „სვეტიცხოველი“ (1917, №4, რედაქტორი პ.ინგოროყვა), მაგრამ მას კვლავ ვაქვეყნებთ ორი მოსაზრების გამო:
1) პრობლემები, რომლებსაც თეოლოგი მეცნიერი განიხილავს, დღეს კიდევ უფრო აქტუალურია ჩვენს საეკლესიო სარბიელზე ობსკურანტულ-შავრაზმულ და ფუნდამენტალისტურ-ნაციონალურ შეხედულებათა მოძალების გამო. სავარაუდოა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის დღევანდელ მესვეურებს დააფიქრებს. ვიმედოვნებთ, ისინი (და, მათთან ერთად მთავრობა და ხელისუფლება) გააცნობიერებენ აღნიშნული შეხედულებების პრობლემატურობას, მათ რეალურობას, მავნებლობასა და სიმწვავეს, რის გამოც გამოსავალის გზათა ძიებას შეუდგებიან. წინამდებარე სტატია მათ რჩევა-დარიგებებსა და იმ საღვთისმეტყველო-თეორიულ საფუძვლებს სთავაზობს, რითაც მომავალში უნდა იხელმძღვანელონ, თუკი ისინი კაცთა შორის ჭეშმარიტების განმტკიცების, გამარჯვებისა და ამ ჭეშმარიტების ზეიმისთვის აღიძვრებიან.
2) მითითებული ჟურნალის ეგზემპლარები ამჟამად მხოლოდ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში ინახება და, ამდენად, მკითხველთა ფართო წრისთვის ხელმიუწვდომელია. სტილი, ორთოგრაფია და პუნქტუაცია, ორიოდე გამონაკლისის გარდა, ხელუხლებლად დავტოვეთ.


The National Library of Georgia


ზღვარი 2005 №1(5)
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий