четверг, 25 июня 2015 г.

ძმები სული წმიდაში


გუშინ ინტერნეტში გავრცელდა გამოცემა "17 მაისის" რედაქტორისა და თეოლოგის (როგორც ის ტელეარხ "მაესტროზე" იყო წარდგენილი), თეო(ნა) გიგაურის სტატია -  "გეი ქორწინების კურთხევის პრაქტიკა ქრისტეს ეკლესიაში"

სტატიაში ავტორი ავითარებს აზრს, თითქოსდა ქრისტიანული ეკლესია ოდითგანვე  ტოლერანტული იყო ჰომოსექსუალიზმის მიმართ და, ვითომდა, ჰომოსექსუალური წყვილების ქორწინების პრაქტიკაც მასში ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა. ამის მაგალითად მას მოჰყავს წმინდა მოწამეთა სერგისა და ბაქოსის VII ს-ის ცნობილი ხატი სინის მთიდან და მათი "ცხოვრება", სადაც ისინი, ავტორის სიტყვებით, მიჯნურებად (ბერძნული "ერასტაი" - Ἐρασταί) იწოდებიან.
უნდა ითქვას, რომ თეო(ნა) გიგაურის მთელი ეს მსჯელობა ეყრდნობა ერთადერთი ავტორის, სკანდალურად ცნობილი კათოლიკე პროფესორის (იელის უნივერსიტეტი), ჯონ ბოსუელის (John Boswell) წიგნს - Same-Sex Unions in Premodern Europe (1994), რომელიც დღემდე ქრისტიანული თეოლოგიის მარგინალურ ნიმუშად რჩება. ამ წიგნში სხვადასხვა ისტორიული, თეოლოგიური თუ ლიტურგიკული ფაქტი უკიდურესად ტენდენციურდაა ინტერპრეტირებული და, შედეგად, მიღებულია ავტორისთვის წინასწარგანზრახული და სასურველი დასკვნა. თავად ბოსუელი 1994 წელს, წიგნის გამოცემისთანავე, შიდს-ით გარდაიცვალა.

ახლა ვნახოთ, რამდენად შეეფერება სიმართლეს იმის მტკიცება, რომ, თითქოსდა, ჰომოსექსუალური „ორიენტაცია და ურთიერთობა არამხოლოდ აღიარებული, არამედ სრულად მიღებული იყო ადრეული ქრისტიანული ეკლესიის მიერ, რომელიც ბევრად უფრო ტოლერანტული იყო, ვიდრე თანამედროვე“ ეკლესია.
გადაჭრით უნდა ითქვას, რომ ქრისტიანობას, მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში, არასდროს შეუცვლია წარმოდგენა ჰომოსექსუალობაზე, როგორც ცოდვაზე (აქ ვგულისხმობ არამარტო მართლმადიდებელ ეკლესიას, არამედ რომის კათოლიკურ ეკლესიას, ძველაღმოსავლურ ეკლესიებსა და ზოგიერთ პროტესტანტულ ეკლესიასაც). ვნახოთ როგორაა ეს საკითხი გაშუქებული წმ. წერილში, ეკლესიის
მამებთან და საეკლესიო და ქრისტიანულ საერო კანონიკაში.

ძველი აღთქმა
დაბადების წიგნის თანახმად, ჰომოსექსუალური ცოდვის გამო დაისაჯა სოდომი და გომორი (დაბ. 19: 4-11, 24-25) და ამ ბიბლიური ისტორიიდნ გამომდინარე, ტერმინი „სოდომია“ ქრისტიანულ ლიტერატურაში უკვე VI ს-დან დამკვიდრდა ყოველგვარი მრუშობის აღმნიშვნელად.
ლევიტელთა წიგნის განჩინებით, ჰომოსექსუალურ ურთიერთობაში მონაწილე ორივე მხარე სიკვდილით უნდა დაისჯოს: "და წულისა თანა არა დასწვე საწოლითა დედებრითა, რამეთუ საძაგელ არს" (ლევიტ. 18: 22) და "რომელი დაწვეს წულისა თანა საწოლითა დედებრ, რამეთუ საძაგელი ქმნეს ორთავე, სიკუდილით მოწყდენ, რამეთუ თანამდებ არიან" (ლევ. 20: 13)

ახალი აღთქმა
ახალი აღთქმის წიგნებში, ძველი აღთქმისგან განსხვავებით, ჰომოსექსუალობის, ისევე როგორც სხვა ცოდვების მიმართ, სულიერ სასჯელზეა გამახვილებული ყურადღება და არა სამართლებრივზე.
პავლე მოციქულის თანახმად, ჰომოსექსუალები, სხვა ცოდვების ჩამდენთა მსგავსად, სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. იგი ჩამოთვლის ამ რიგის ცოდვებს: "ანუ არა უწყითა, რამეთუ ცრუთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ? ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანგაჰართა, არცა მპარავთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკჳდრონ" (1კორ. 6: 9-10). რომაელთა მიმართ ეპისტოლეში მოციქული ჰომოსექსუალურ აქტს ბუნების საწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევს: "ამისთჳს მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა, რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა-ბუნებად. ეგრეთცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაჲ, განჴურდეს გულის თქუმითა მათითა ურთიერთარს. მამანი მამათა თანა სარცხჳნელსა იქმოდეს, და კუალად-საგებელი იგი, რომელ ჯერ-არნ საცთურისა მათისაჲ, ურთიერთას მიიღიან" (რომ. 1: 26-27). მამათმავლობას მოციქული უშჯულოებად, ცოდვად, უღირსებადა და ბილწებად მოიხსენიებს: "უწყი ესე, რამეთუ მართალსა შჯულ არა უც, არამედ უშჯულოთა და ურჩთა, უმსახურებელთა და ცოდვილთა, უღირსთა და ბილწთა, მამის მაგინებელთა და დედის მაგინებელთა, კაცის-მკლველთა, მეძავთა, მამათმავალთა, კაცის მსყიდელთა, მტყუართა, ცრუფიცთა და სხუაჲ, რომელ რაჲმე სიცოცხლისა ამის მოძღურებას უჴდების" (1ტიმ. 1: 9-10).
იუდა მოციქულის თანახმად, სოდომ-გომორის ცოდვის მიმდევართ ცეცხლის საუკუნო სასჯელი მოელით: "ვითარცა სოდომოჲ და გომოროჲ და გარემოჲს მათსა ქალაქები იგი, რომელნი მათდავე სახედ ისიძვიდეს და მიდევნებულ იყვნეს შედგომად ჴორცსა უცხოსა, წინა სხენან სახედ, ცეცხლისა საუკუნოჲსა სასჯელი მიუღებიეს" (იუდ. 1: 7).

ეკლესიის მამები და მასწავლებელნი
ეკლესიის მამათა და მასწავლებელთა თხზულებებშიც ჰომოსექსუალიზმი განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და მძიმე ცოდვა (იხ. დიდაქე 2,2; თეოფილე ანტიოქელი, წერილი ავტოლიკესადმი  I 14; კლიმენტი ალექსანდრიელი, სტრომატა III 18; მაკარი მეგვიპტელი II 4. 22; თეოფილაქტე ბულგარელი, რომაელთა 1. 26-27 და 1 კორინთელთა 6. 9-10- ის განმარტებები; თეოფანე დაყუდებული, 1 კორინთელთას განმარტებები და სხვა).
იოანე ოქროპირი წერს: "...ყველა ვნება უპატიოა, მაგრამ კაცებისადმი გიჟური სიყვარული განსაკუთრებით უპატიოა, რადგან სული ამ ცოდვებში უფრო მეტად ზიანდება და ეცემა, ვიდრე - სხეული ავადმყოფობაში" (Ioan. Chrysost. In Rom. 4. 1). მისივე თქმით, მამათმავლობა უფრო მეტი უმსგავსოებაა, ვიდრე მრუშობა: "მრუშებთან აღრევა მართალია უკანონობაა, მაგრამ ბუნებრივია, ხოლო მამათმავლობა უკანონობაცაა და ბუნების საწინააღმდეგოც. რომ არ ყოფილიყო ჯოჯოხეთი და სასჯელის მუქარა, ეს (მამათმავლობა) იქნებოდა ყველაზე დიდი სასჯელი. და თუკი ისინი ამით სიამოვნებას ეძლევიან, ეს მხოლოდ სასჯელის აღმატებულებაზე მეტყველებს". უფრო მეტიც, იოანე ოქროპირი მამამთმავალს მკვლელზე უარესად მიიჩნევს: "მკვლელი სულს აშორებს სხეულს, ეს (მამათმავალი) კი სულს სხეულთან ერთად კლავს. რა ცოდვაც უნდა დაასახელო, ვერცერთი გაუტოლდება მას თავისი უკანონობით" (Ioan. Chrysost. In Rom. 4. 2).

საეკლესიო კანონიკა
იგივე ვითარებაა საეკლესიო კანონიკაშიც.
ბასილი დიდის მიხედვით, მამათმავლები იმავე საეკლესიო სასჯელს იმსახურებენ, რასაც მემრუშენი: "ვაჟთა და პირუტყვთა განმხრწნელნი, კაცისმკვლელნი, მომწამვლელნი, მრუშები და კერპთმსახურნი - ყველა ერთსა და იმავე სასჯელს იმსახურებს" (მე-7 კანონი); ეს ცოდვა 15 წლით უზიარებლობით ისჯება: "ვინც მამათა აღრევის უშვერება ჩაიდინოს, მრუშობისთვის დაწესებული სასჯელი მოიხადოს იმავე სახით" (62-ე კანონი).
გრიგოლ ნოსელის თანახმადაც, მამათმავლობა ბუნების საწინააღმდეგო მრუშობაა:  "სიძვა ეწოდება თავისი ვნების დაკმაყოფილებას ძალადობისა და ვისიმე განაწყენების გარეშე. მრუშობა ეწოდება ძალადობით და მიხვეჭით სხვათა კავშირის დარღვევას. ამასვე ეკუთვნის ცხოველებთან და ყრმებთან ცოდვიანი კავშირიც, რომელიც არის კაცობრივი ბუნების წინაშე ჩადენილი  მრუშობა, რადგან ეს ბუნებისათვის უცხო და მის წინააღმდეგ ჩადენილი უსამართლო და უწესო ვნებაა" (გრ. ნოს. მე-4 კანონი).
იოანე მმარხველის "ნომოკანონის" 30-ე კანონის თანახმად, ჰომოსექსუალები სასულიერო ხარისხში აყვანილი ვერ იქნებიან: "ვინმე, ვინც ჯერ კიდევ როგორც ბვშვი, ვინმეს მიერ გახრწნილ იქნა (გადმოცემულია ტერმინით - παιδοφθορία), ის ვერ ვერ შევა სასულიერო დასში, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მას, როგორც არასრულწოლოვანს, თავად არ შეუცოდავს, მისი სხეული მაინც შეიბილწა და ღვთის მსახურებისთვის უვარგისი შეიქნა".

ქრისტიანული ხანის სამოქალაქო კანონმდებლობა 
342 წელს, იმპერატორებმა კონსტანციუს II-მ და კონსტანტმა შემოიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, მამათმავლობა სიკვდილით ისჯებოდა.
390 წელს, იმპერატორებმა ვალენტინიან II-მ და თეოდოსი I დიდმა საჯაროდ კოცონზე დაწვით დასაჯეს მამაკაცები, რომლებიც „დედაკაცის როლს თამაშობდნენ“.
ისუტინიანე I-ის 538 და 544 წლების კანონების თანახმად, სიკვდილით ისჯებოდა ყველა მამაკაცი, რომელიც ჰომოსექსუალურ აქტში მიიღებდა მონაწილეობას, ამასთან დაკავშირებით, იუსტინიანეს კანონები სოდომისა და გომორის ბიბლიურ ისტორიაზე აკეთებდნენ მინიშნებას.

როგორც ვხედავთ, თეო(ნა) გიგაურის სტატიაში მოყვანილი ყველა მტკიცება, ისტორიული თვალსაზრისით, არის სრული სიცრუე და არავითარ მყარ ფაქტებს არ ეფუძნება. ახლა ვნახოთ, თუ ქრისტიანობის რომელ პრქტიკას მიიჩნევს, არცოდნითა თუ შეგნებულად, თეოლოგი გიგაური (უფრო სწორად კი ჯონ ბოსუელი)  ჰომოსექსუალური წყვილების ქორწინების პრაქტიკად.

ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში არსებობს წიგნი, რომელშიც აღწერილია საზოგადო და კერძო ღვთისმსახურების სხვადასხვა წესები და მათთან დაკავშირებული ლოცვები. ასეთ წიგნს ქართულად „კურთხევანი“ ეწოდება, ბერძნულად „ევხოლოგიონი“ (Εὐχολόγιον), სლავურად - „ტრებნიკ“ (Требник). როგორც ცნობილია, XI ს-ში წმ. გიორგი მთაწმინდელმა ქართულად თარგმნა „დიდნი კურთხევანი“, რომელიც, რუის-ურბნისის კრების სნქცირებით, XVIII ს-ის დასაწყისამდე ქართულ ღვთისმსახურებაში გაბატონებული იყო. სწორედ გიორგი მთაწმიდლის რედაქციის კურთხევანებში გვაქვს წესი, რომელსაც ეწოდება „განგებაჲ ძმობილობისა“ (იხ. Кекелидзе К. Литургические грузинские памятники в отечественных книгохранилищах и их научное значение. Тифлис, 1908, с. 143-144, 189). ეს არის დაძმობილების, ანუ ხალხური ტერმინით - „ძმადნაფიცობის“ წესი. ძმადნაფიცობის ინსტიტუტი, მეტ-ნაკლებად მსგავსი ფორმით, არსებობდა ყველა ძველი ხალხების ყოფასა და სამართალში და მისი აღსრულება გარკვეული რიტუალების მეშვეობით ხდებოდა.

ქრისტიანობაში დაძმობილების წესი ძველი ძმადნაფიცობისა და ქრისტიანული ხელოვნური დანათესავების პრაქტიკის - ნათელ-მირონობისა და ქორწინების წესების შერწყმით გაჩნდა. სწორედ ამით აიხსნება ის ფორმალური მსგავსება, რაც დაძმობილებას ამ ორ წესთან აკავშირებს. ბერძნულში დაძმობილების წესს „ადელფოპოესის“ (᾿Αδελφοποίησις) ეწოდება, ლათინურში - სულიერი ძმობა (fraternitas spiritualis). ასეთი ძმობის საღვთისმტეყველო საფუძველი თავად წმ. წერილშია მოცემული. მართალია, ყველა ქრისტიანი ერთმანეთის ძმა არის, როგორც ერთი მამის (ანუ ღვთის) შვილი, მაგრამ „მარტო ყოფნას სჯობს ორნი იყვნენ, რადგან კეთილად მიეზღვებათ მათ საშრომელში“ (ეკლეს. 4: 9). თავად მაცხოვარი მოციქულებს საქადაგებლად ორ-ორად წარავლინებს: „და მოუწოდა ათორმეტთა მათ და იწყო წარვლინებად მათა ორ-ორისა“ (მარკ. 6: 7); ასევეა სამოცდაათი მოციქულის წარგზავნის შემთხვევაშიც: „გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა“ (ლუკ. 10: 1). შემდგომში ეკლესიაშიც არაერთი წყვილი წმინდანი იქნა განდიდებული: სერგი და ბაქოსი, კვიროს და იოანე, კოზმა და დამიანე... როგორც ნეტარი იერონიმე იტყოდა: „სიყვარული არა ჰგიეს ერთისა თანა“.

დაძმობილებას, რომელიც განსაკუთრებით რომის იმპერიის აღმოსავლეთ რეგიონებში იყო გავრცელებული, თავისი სოციალური საფუძველი ჰქონდა. პირდაპირი მემკვიდრის არარსებობის შემთხვევაში, ერთ-ერთი ძმობილის მემკვიდრეობა მეორეზე გადადიოდა. რომის საერო კანონმდებლობა დაძმობილებას კანონიერად თვლიდა უცხოელების შემთხვევაში, მაგრამ  - არა რომის მოქალაქეთა შორის. ამ უკანასკნელთათვის კანონიერად მხოლოდ მემკვიდრეობის შვილობილზე გადასვლა ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, დაძმობილება, ისევე, როგორც სულიერი ნათესაობის სხვა შემთხვევებიც (ნათლობა, შვილება, სულიერი მამობა), ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებად ითვლებოდა (Macrides. Kinship by Arrangement. p. 110). როგორც ჩანს, დაძმობილების საეკლესიო პრაქტიკად ჩამოყალიბება VIII-IX საუკუნეში უნდა მომხდარიყო, რადგან უკვე თეოდორე სტუდიელი (759-826) კრძალავს ამგვარ პრაქტიკას მონაზონთა შორის, რადგან მონაზონს, როგორც ამა სოფლიდან განრიდებულს, ამისთვის არავითარი სოციალური საფუძველი არ უნდა ჰქონოდა (Theod. Stud. Epist. 10. PG. 99. Col. 941C; Testamentum // PG. 99. 1820B).

ანტიკურ ტრადიციაში ძმადნაფიცობის რიტუალის აღსრულება ხდებოდა სისხლის შერევით (შესაძლო იყო ერთმანეთის სისხლის შესმაც), ასევე, სახელების, იარაღის და ტანსაცმლის გაცვლით. მათი ანალოგიით, ქრისტიანულ რიტუალში ჯვრების გაცვლა დამკვიდრდა. იოანე ოქროპირის დროს, ძმური კავშირის განმტკიცება ერთობლივი ზიარებით ხდებოდა (Ioan. Chrysost. In Matth. 79(80). 1. PG. 58. Col. 718C; In Hebr. 25. 3 // PG. 63. Col. 177A). დროთა განმავლობაში, ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური ლოცვები, ეკტენია, საკითხავები წმ. წერილიდან, საგალობლები, რის შედეგადაც მივიღეთ რთული, სრულფასოვანი ქრისტიანული რიტუალი. სულიერი არსი ქრისტიანული დაძმობილების/ძმადნაფიცობისა, გადმოცემულია სწორედ ამ ლოცვებში, სადაც იხსენიებიან წყვილად განდიდებული წმინდანები: ფილიპე და ბართლომე, პეტრე დ პავლე, იაკობი და იოანე, სერგი და ბაქოსი, კოზმა და დამიანე და სხვა წმინდანები, რომლებიც, ამ ლოცვების სიტყვებით, ძმები იყვნენ "არა ბუნებითი (ხორციელი) კანონით, არამედ სული წმიდაში და სარწმუნოებაში".

მიუხედავად ამ ამაღლებული დანიშნულებისა, როგორც ჩანს, იყო შემთხვევები, როდესაც დაძმობილების რიტუალის ბოროტად გამოყენება ხდებოდა ამორალური მიზნებისთვის, რაზეც მეტყველებს კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ათანასე I-ის († დაახ. 1315 წ.) ორი დადგენილება. XVI-XVII საუკუნის სლავური კანონთა კრებულის მეშვეობით დგინდება, რომ დაძმობილების აკრძალვის ერთ-ერთი მიზეზი მასში წარმართული ჩვეულების, სისხლის შესმის პრაქტიკის შემოსვლა იყო. ელადის ეკლესიამ XIX საუკუნეში სამი ცირკულარი გამოსცა, რომლითაც საბოლოოდ აიკრძალა დაძმობილების საეკლესიო პრაქტიკა. მიუხედავად ამისა, დაძმობილების პრაქტიკა აქა-იქ შემორჩა ბალკანეთის ქვეყნებში, სადაც ამ ტრადიციამ თურქული ბატონობის საწინააღმდეგო მნიშვნელობა შეიძინა. მეტიც, ზოგიერთი კურთხევანი შეიცავს დაძმობილების აპოლოგიასაც, სათაურით: "სიტყვა იმის შესახებ, თუ როგორ შექმნა უფალმა ძმობილება" (Слово како сътвори Господь побратимство. Hološnjaj B. Zajkovski Trebnik N. 960 der Nationalbibliothek «Hl. Kirill und Methodij» in Sofia (Bulgarien): Diss. R., 1995).  

დავუბრუნდეთ ისევ ჯონ ბოსუელის წიგნს, რომელიც თეო(ნა) გიგაურის სტატიის მთავარი წყაროა. წიგნში მოცემული თეზისები და დასკვნები არ გაუზიარებია არცერთ სერიოზულ მედიევისტს და ქრისტიანულ სიძველეთა მკვლევარს. წიგნი ბევრმა სპეციალისტმა გააკრიტიკა, მაგრამ ყველაზე საფუძვლიანი კრიტიკა ეკუთვნის კალიფორნიის უნიოვერსიტეტის პროფესორს, კლაუდია რაპს (Claudia Rapp. "Ritual Brotherhood in Byzantium" Traditio 52 (1997): 285-326). რაპმა დ ბოსუელის სხვა კრიტიკოსებმა ნათლად აჩვენეს, რომ ბოსუელმა არასწორად და ტენდენციურად თარგმნა ზოგიერთი ბერძნული და სლავური ტექსტი, რომლებიც, თითქოსდა, მისი დასკვნების სასარგებლოდ მეტყველებდნენ. ტერმინოლოგიური შეცდომებია ასევე დაფიქსირებული სერგის და ბაქოსის "ცხოვრების" ბოსუელისეულ ინგლისურ თარგმანშიც.
გარდა ამისა, ჯონ ბოსუელი თავისი თეზისის ერთ-ერთ მტკიცებულებად მიიჩნევდა იმას, რომ დასავლურ-ლათინურ ტექსტებში არ არსებობდა დაძმობილების რიტუალთან დაკავშირებული წესი, მაგრამ ბრიტანელმა ისტორიკოსმა და თავად ლგბტ უფლებათა დამცველმა ალან ბრაიმ თავის წიგნში "მეგობარი" (Alan Bray. "The Friend", University of Chicago Press, 2002) გამოაქვეყნა დაძმობილების ლათინური წესის ტექსტი და მისი თარგმანი - «Ordo ad fratres faciendum» (განგება დაძმობილებისა. სიტყვა-სიტყვით: ძმად ქმნისა).

ყველაფერი ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ დაძმობილების საეკლესიო პრაქტიკის შერაცხვა გეი ქორწინებად, აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რადგან ის ეწინააღმდეგება არამხოლოდ წმინდა წერილის წარმოდგენებს ჰომოსექსუალიზმზე, არამედ ყველა დროის საეკლესიო კანონიკას, ისევე, როგორც საერო დადგენილებებსა და კანონებს. შესაბამისად, ჰომოსექსუალური ურთიერთობების რაიმე სახით ლეგალიზება ქრისტეს ეკლესიის მიერ, მისი მთელი ისტორიის განმავლობაში, ყოვლად გამორიცხულია. 

რაც შეეხება სიტყვას - "მიჯნურობა", რომელიც თეო(ნა) გიგაურს წმინდა სერგისა და ბაქოსის ჰომოსექსუალობის უეჭველ მტკიცებულებად მოაქვს, ამჯერად, მასთან დაკავშირებით, მხოლოდ რუსთაველის ცნობილ სტროფს შევახსენებ:

მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:
იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,
ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა, გესმას ჩემი ნაუბარი! 

ნიკო ნიკოლოზიშვილი
22 ივნისი, მოწამეთა - თეკლას, მართას და მარიამის ხსენების დღე.


წყარო


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий