среда, 28 августа 2013 г.

აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალები: ორი წლის შემდეგ ლაზერები და საბრძოლო თევზები გვექნება


აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა გახსნეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის ექნებათ სამხედრო მეზღვაურებს გემის ლაზერული ზარბაზნები, უახლესი რობოტები და უპილოტო წყალქვეშა ნავები.

ამერიკული ფლოტის სამხედრო-საზღვაო კვლევის უფროსმა, კონტრ-ადმირალმა მეტიუ კლანდერმა განაცხადა, რომ ამერიკული ფლოტის სამხედრო გემები ლაზერული იარაღით აღიჭურვება არა ოთხი წლის შემდეგ, როგორც ეს ადრე იყო გაცხადებული, არამედ უკვე ორი წლის შემდეგ.
ეს სერიულ ნიმუშთან მაქსიმალურად მიახლოებული პროტოტიპი იქნება. „აქამდე ლაზერული იარაღი სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდ ითვლებოდა, თუმცა დღეს ამ იარაღთან დაკავშირებული ფუნდამენტური საკითხები უკვე გადაწყვეტილია, – აღნიშნა მეტიუ კლანდერმა. – ვაპირებთ ზარბაზნის შექმნას სხვადასხვა არსებული ტექნოლოგიის ინტეგრაციის ხარჯზე, რომელიც საკმარისად დახვეწილია და იძლევა გემზე მისი გამოყენების საშუალებას".
საინტერესოა მეტიუ კლანდერის მიდგომა იმ პრობლემისადმი, რომელიც მიჩნეულია ლაზერული ზარბაზნის ფართო დანერგვის ძირითად შემაფერხებელ მიზეზად: ესაა გემის გენერატორების არასაკმარისი სიმძლავრე ლაზერის ენერგიით უზრუნველსაყოფად. კლანდერის თქმით, ეს პრობლემა გადაწყვეტადია და შესაძლებელია ლაზერული ზარბაზნის ან რელსოტრონის შექმნა ყოველი კონკრეტული გემისათვის – ამისათვის საჭიროა მხოლოდ კვებასა და გაბარიტებთან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინება. სამხედროს თქმით, დღეს მიმდინარეობს გემის ლაზერის გამოცდა, რომელიც კარგ შედეგს იძლევა. კერძოდ, ლაზერული ზარბაზანი უპილოტო საფრენ აპარატებს წარმატებით ანადგურებს.
მეტიუ კლანდერი სხვა პერსპექტიულ პროექტებსაც შეეხო. კერძოდ, მან აღნიშნა რობოტი-თევზი BIOSwimmer, რომელიც შეძლებს მრავალი სხვადასხვა ამოცანის შესრულებას: რეიდზე გემის დაცვიდან ნაღმის თუ მებრძოლი-მცურავის აღმოჩენამდე.
დიდ იმედებს ამყარებენ უპილოტო წყალქვეშა ნავებზე ავტონომიურობით არა ნაკლებ 60 დღე-ღამისა. 2016 წელს ასეთი წყალქვეშა ნავის პირველი პროტოტიპი უკვე საცდელ პილოტირებას დაიწყებს. ამასთანავე, 30 დღე-ღამის ავტონომიურობის მქონე უპილოტო წყალქვეშა ნავი უკვე მიმდინარე წელს გამოჩნდება. ყოველივე ეს ამერიკული ფლოტის შესაძლებლობებს სერიოზულად გაზრდის, განსაკუთრებით წყალქვეშა ნავებთან დაპირისპირების სფეროში. როგორც ცნობილია, მსოფლიოში მძლავრი ბირთვული ფლოტი აქვს მხოლოდ ორ ქვეყანას – აშშ-სა და რუსეთს. შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის ძირითადი ბირთვული იარაღის (ბალისტიკური რაკეტები სუბმარინაზე) ნეიტრალიზაცია სერიოზულად დაარღვევს ძალთა სტრატეგიულ ბალანს პლანეტაზე.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий