20 ივლისი გრეგორ მენდელის დაბადების დღეა. მენდელის დამსახურება კაცობრიობის წინაშე - და მის მიერ აღმოჩენილი კანონების გავლენა თანამედროვეობაზე - არანაკლებია, ვიდრე ნიუტონისა და დარვინის თეორიებისა. ამ გარემოების მიუხედავად, ნიუტონისა და დარვინისგან განსხვავებით, მენდელის გარდაცვალების დღეს (1884 წლის 6 იანვარი) მისი წვლილი მეცნიერებაში ჯერ კიდევ შორს იყო საყოველთაო აღიარებისგან.
ამ სტატიის მიზანია მკითხველს მოუთხროს როგორც მენდელის სამეცნიერო ღვაწლის (რაც მეტ-ნაკლებად ცნობილია), ისე მისი ცხოვრების შესახებ. სავარაუდოდ, მენდელის ცხოვრების დეტალების გაცნობა საინტერესო იქნება, რადგან ჭეშმარიტად იშვიათია ადამიანი, რომლის ცხოვრება, კარიერა და სამეცნიერო მოღვაწეობა ასე სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. ამასთან, მენდელის პიროვნული თვისებების საფუძველზე ადვილი ასახსნელია მისი აღმოჩენებიც და, ზოგადად, მისი ბედიც. თანამედროვენი აღნიშნავენ, რომ ამ თვისებათა შორის გამოირჩეოდა მიზანსწრაფულობა, თანმიმდევრულობა, ნათელი აზროვნება, სიმართლისა და სამართლიანობის პატივისცემა, თავის კეთილისმყოფელთა ერთგულება და რეალობის პრაქტიკული შეფასების უნარი.
იოჰან მენდელი (ეს იყო მისი სახელი ერისკაცობაში) დაიბადა 1822 წლის 20 ივლისს სილეზიაში (მაშინ - ავსტრიის სამფლობელო, ამჟამად ჩეხეთი). მენდელის დაბადების ადგილთან დაკავშირებით საბჭოთა პროპაგანდაში საინტერესო მასალა დაგროვდა: გენეტიკის მოძულების დროს, ამ მეცნიერების (იმდროინდელი ტერმინოლოგიით - ცრუმეცნიერების) დამფუძნებლად "ავსტრიელი ბერი მენდელი" მოიხსენიებოდა; გენეტიკის "რეაბილიტაციის" შემდეგ, ამავე მეცნიერების მამამთავრად "ჩეხი მეცნიერი მენდელი" აღიარეს.
მენდელის მამა, ანტონ მენდელი, მოიჯარადრე იყო, მაგრამ, თავისი ნიჭის წყალობით, ფერმის მფლობელი გახდა. მას ყველაზე მეტად ხეხილის ბაღში მუშაობა უყვარდა, რაც თავის შვილს იოჰანსაც შეასწავლა. ასე რომ, მენდელის ინტერესს ბოტანიკისა და, კერძოდ, მებაღეობის მიმართ ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში ჩაეყარა საფუძველი. მეცნიერული ნიჭი კი, შესაძლოა, მენდელმა დედის (როზინა შვირტლიხის) ოჯახიდან მიიღო: ცნობილია, რომ ბიძამისი, ანტონ შვირტლიხი, კერძო სკოლის დამფუძნებელი იყო იმავე სოფელში, სადაც იოჰან მენდელი დაიბადა. ამ სკოლაში ის ბავშვები სწავლობდნენ, რომლებიც ჯერ საკმარისად არ წამოზრდილიყვნენ იმისთვის, რომ მეზობელ სოფელში არსებულ სამრევლო სკოლაში ევლოთ. როგორც ამბობენ, თვით მენდელი ხშირად აღნიშნავდა, რომ მის წინაპრებს შორის მასწავლებლებიც იყვნენ.
ჯერ კიდევ დაწყებითი განათლების მიღებისას, მენდელის ერთ-ერთმა მასწავლებელმა (ავგუსტინელთა ორდენის წევრმა) შეამჩნია მისი უდავო მეცნიერული ნიჭი და ურჩია, რომ სამეცნიერო კვლევებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გარემო წყნარი სამონასტრო ცხოვრება იყო. 1841-1843 წლებში მენდელი სწავლობდა გიმნაზიაში, რაც ბერების განათლებისთვის აუცილებელ ეტაპად ითვლებოდა. ერთი იმდროინდელი შემთხვევა კარგად წარმოაჩენს მის მადლიერების გრძნობას და პასუხისმგებლობას: აღმოჩნდა, რომ ოჯახის მიერ გამოყოფილი ფინანსები საკმარისი არ იყო სწავლის საფასურის გადასახდელად და მენდელის ერთ-ერთმა დამ დარჩენილი გადასახადი თავისი მზითვიდან გაიღო. ამ დახმარების მიღება მენდელის მიზანსწრაფულობაზეც მეტყველებს - მას სურდა, აუცილებლად დაესრულებინა სწავლა. მადლიერების ნიშნად, მოგვიანებით მენდელმა თავისი ხარჯებით დააფინანსა სამივე დისშვილის როგორც დაწყებითი, ისე საუნივერსიტეტო განათლება.
1843 წელს მენდელი მიიღეს ქალაქ ბრუნის (ამჟამად ბრნო, ჩეხეთი) ავგუსტინელთა ორდენის მონასტერში, სადაც ის მორჩილი გახდა. ერთადერთ დაბრკოლებად ითვლებოდა ჩეხური ენის არცოდნა (მენდელი ხომ გერმანულენოვან ოჯახში დაიბადა), მაგრამ იქვე გამოთქვეს იმედი, რომ ამ ენის შესწავლას ნიჭიერი ახალგაზრდა დიდ დროს არ მოანდომებდა.
მომდევნო სამი წელი მენდელმა თეოლოგიის შესწავლას დაუთმო. 1846 წლის 26 დეკემბერს ის ბერად აღიკვეცა და სახელად მიიღო "გრეგორი". 1847 წელს მენდელი მღვდლად აკურთხეს, 1848 წლის 26 ივლისს კი ბრუნის მრევლის პასტორი გახდა. მომდევნო წლებში (1849-1850) ადგილობრივ გიმნაზიასა და ტექნიკურ სკოლაში ასწავლიდა ბერძნულ ენას, ფიზიკასა და ბუნებისმეტყველებას. 1851-ში კი, როდესაც მენდელი ოცდამეათე წელში გადადგა, ბოლოს და ბოლოს, აღსრულდა მისი ოცნება, მიეღო მეცნიერული ექსპერიმენტული მუშაობისთვის აუცილებელი წვრთნა: ბრუნის მონასტერმა მენდელი თავისი ხარჯით გაგზავნა ვენის უნივერსიტეტში, სადაც ის ესწრებოდა ლექციებს ბოტანიკაში, ზოოლოგიასა და ფიზიკაში. მან ასევე შეისწავლა ექსპერიმენტული ფიზიკის კურსიც. ამასთან, ცდილობდა შეევსო თავისი ცოდნა საბუნებისმეტყველო მუზეუმებისა და ლაბორატორიების დათვალიერებით, ისევე როგორც მეცნიერებთან საუბრებით. ობიექტურობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ვენაში ყოფნისას მან ორჯერ სცადა სამეცნიერო ხარისხის მოპოვება - ორჯერვე წარუმატებლად.
მართალია, მენდელმა ვენის უნივერსიტეტი ხარისხის გარეშე დატოვა, იქ მიღებული ცოდნა ექსპერიმენტულ მუშაობაში მას, როგორც ცნობილია, შემდგომში ძალიან გამოადგა: მენდელის ექსპერიმენტებმა დაამტკიცა, რომ მას ბრწყინვალედ ჰქონდა ათვისებული როგორც მეცნიერული მეთოდოლოგია, ისე რაციონალური ანალიზის პრინციპები.
ვენიდან დაბრუნებისას, მენდელმა მუშაობა დაიწყო ბუნებისმეტყველების მასწავლებლად "ბრუნის თანამედროვე სკოლაში", სადაც მან 14 წელი გაატარა. სწორედ ამ ხნის განმავლობაში ჩაატარა მენდელმა მისი - აწ უკვე სახელგანთქმული - ექსპერიმენტები ბარდის ნიშან-თვისებების მემკვიდრეობით გადაცემის შესწავლის მიზნით. ეს ექსპერიმენტები ჩატარდა ბრუნის მონასტრის ბაღში.
იმდროინდელ ევროპელ მეცნიერებს განსაკუთრებით იტაცებდა ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნების საკითხი და ამ მრავალფეროვნების საფუძვლების ახსნა უმნიშვნელოვანეს და ურთულეს ინტელექტუალურ გამოწვევად ითვლებოდა. ზოგიერთები ცდილობდნენ, ევოლუციის ახსნა იმ "შუალედურ ფორმებში" მოენახათ, რომლებიც მონათესავე სახეობების შეჯვარების შედეგად წარმოიშობოდა. თუმცა ისიც ნათელი იყო, რომ ამგვარი შუალედური ფორმების შთამომავლობა ხშირად საწყისი ორგანიზმების (შუალედური ორგანიზმების მშობლების) მსგავსი ხდებოდა, ამიტომ ახლონათესაური სახეობების შეჯვარება ევოლუციის პროცესში წარმოქმნილი მრავალფეროვნების ასახსნელად არ გამოდგებოდა. ჩარლზ დარვინი კი შეეცადა, ბუნებრივი პროცესებისთვის მიესადაგებინა ხელოვნური სელექციის დარგში დაგროვილი შედეგები და ბუნებრივი გადარჩევის თეორია შექმნა. როგორც ცნობილია, ამ თეორიამ დროის გამოცდას გაუძლო და ბუნებრივი გადარჩევა თანამედროვე მეცნიერების თვალსაზრისითაც ევოლუციის ერთ-ერთ უმთავრეს წარმმართველ ძალად ითვლება.
მენდელმაც სცადა გაერკვია, შესაძლებელია თუ არა ახალი ფორმების (და, მაშასადამე, ცვალებადობის) მიღება ორი განსხვავებული ახლონათესაური ორგანიზმის შეჯვარების შედეგად. ორწლიანი ექსპერიმენტების შემდეგ მან დაასკვნა: "ცხადია, რომ ამ გზით ბუნება ვერ მიაღწევდა პროგრესს ახალი სახეობების წარმოქმნის თვალსაზრისით. სავარაუდოა, რომ სხვა [უფრო დახვეწილი] მექანიზმები არსებობს".
ამ პრობლემის მკაფიო ანალიზი მენდელის მიერ შესანიშნავადაა წარმოჩენილი მისი კლასიკური ნაშრომის "ექსპერიმენტები მცენარეთა ჰიბრიდებზე" (Versuche uber Pflanzen-Hybriden, 1866 წ.) წინასიტყვაობაში: "...დღემდე არც ერთი ექსპერიმენტი არ ჩატარებულა ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ჰიბრიდების შთამომავლობის სხვადასხვა ფორმების რაოდენობის განსაზღვრა, ანდა ამ ფორმების რაოდენობების ურთიერთშეფარდების რიცხობრივი გაანგარიშება. ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება უაღრესად რთულია და დიდ [მეცნიერულ] თავდადებას მოითხოვს, მაგრამ ეს ერთადერთი შესაძლო გზაა, რომ პასუხი გაეცეს არცთუ უმნიშვნელო კითხვას ორგანული ფორმების ევოლუციური ისტორიის შესახებ. წინამდებარე ნაშრომი სწორედ ასეთი დეტალური ექსპერიმენტის აღწერას გთავაზობთ. იგი შეგნებულადაა დაგეგმილი, როგორც მცენარეთა მცირე ჯგუფის ანალიზი და, რვა წლის შრომის შედეგად, თითქმის დასრულებულია". ამ ციტატაში, პრობლემის გამოკვეთის შესაშური სიცხადის გარდა, კიდევ ორი გარემოებაა შესანიშნავი: "მცენარეთა მცირე ჯგუფი" 21 ათას (თუ წინასწარ ექსპერიმენტებს ჩავთვლით, 29 ათას) ინდივიდუალურ მცენარეს შეიცავდა. ამასთან, თითოეული მცენარის ანალიზი 7 სხვადასხვა ნიშან-თვისების მემკვიდრეობით გადაცემის შესწავლას ითვალისწინებდა.
არა მარტო ექსპერიმენტის გულმოდგინე დაგეგმვა მენდელის მიერ, არამედ საცდელ ობიექტად ბარდის (ლათ. Pisum sativum, ინგლ. pea, რუს. горох) არჩევანიც მის მეცნიერულ შორსმჭვრეტელობასა და დეტალებისადმი უზადო ყურადღებას წარმოაჩენს. მენდელი მოქმედებდა არა უეცარი შთაგონების ზეგავლენით, არამედ ყოველმხრივ დახვეწილი გეგმის მიხედვით. მისივე განსაზღვრებით, ბარდა არჩეულ იქნა შემდეგი ფაქტების გათვალისწინებით: 1) ბარდის სხვადასხვა ჯიშები ავლენდნენ თვისებებს, რომლებიც მათთვის დამახასიათებელი იყო და ადვილად განირჩეოდა სხვა ჯიშების თვისებებისგან; 2) ხელოვნური დამტვერვის მეთოდი ამ მცენარის შემთხვევაში შედარებით მარტივი იყო და სანდო, ადვილად განმეორებად შედეგებს იძლეოდა; 3) ჰიბრიდებისა და მათი შთამომავლობის ნაყოფიერება არ მცირდებოდა როგორც ჰიბრიდიზაციის (ანუ ჯვარედინი დამტვერვის), ისე თვითდამტვერვის შედეგად.
მენდელის ექსპერიმენტების თავისებურება - და უპირატესობა - სხვა მკვლევარების მიერ ჩატარებულ ცდებთან შედარებით, უმთავრესად შემდეგი გარემოებით განისაზღვრება: მენდელი შეჯვარებისთვის იყენებდა ახლონათესაურ ფორმებს (ერთი სახეობის სხვადასხვა ჯიშებს) და ამ შეჯვარების შედეგად მიღებული ჰიბრიდები გამოირჩეოდნენ ისეთივე ნაყოფიერებით, როგორც მათი მშობლები. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ შვიდი სხვადასხვა ნიშან-თვისებიდან მენდელი თითოეული ნიშნის მემკვიდრეობით გადაცემას სხვა ნიშნებისგან დამოუკიდებლად იკვლევდა.
ამ დებულებების საილუსტრაციოდ, მართებული იქნება იმ ნიშან-თვისებების ჩამოთვლა, რომლებსაც მენდელი აკვირდებოდა ბარდის მცენარეებზე. როგორც აღვნიშნეთ, სულ 7 თვისების მემკვიდრეობითი გადაცემა შეისწავლებოდა: ღეროს სიგრძე (გრძელი ან მოკლე), ყვავილების განლაგება ღეროზე (მის გასწვრივ ან კენწეროში), პარკის ფორმა (მსხვილი ან დანაოჭებული) და ფერი (ყვითელი ან მწვანე), მარცვლის ფორმა (გლუვი ან დანაოჭებული) და ფერი (ყვითელი ან მწვანე), ყვავილის ფერი (თეთრი ან იასამნისფერი). როგორც ეს ჩამონათვალი ცხადყოფს, ყველა ნიშანი ადვილი დასადგენია და მკვეთრად გამოირჩევა თავისი "მეწყვილისგან": თითქმის შეუძლებელია ყვითელი და მწვანე მარცვლების, თეთრი და იისფერი ყვავილების, ან თუნდაც გრძელი და მოკლე ღეროს ერთმანეთში არევა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია დიდი მასშტაბის ანალიზისთვის.
თითოეული ნიშნის დამოუკიდებელი ანალიზი კი ნიშნავს, რომ თუ ყვითელი გლუვი მარცვლების მქონე მცენარეს მწვანე დანაოჭებულმარცვლებიან მცენარესთან აჯვარებდნენ, მენდელი ცალკე აღნუსხავდა მარცვლის ფერის მემკვიდრეობით გადაცემის სტატისტიკას და ცალკე - მარცვლის ფორმის მემკვიდრეობის ამსახველ შედეგებს. ესეც მეტად მნიშვნელოვანი მეთოდი იყო, რადგან მან მენდელის ანალიზს დამატებითი დამაჯერებლობა და სიცხადე შესძინა.
თვით მენდელის კანონებს (რომლებსაც იგი, მისთვის დამახასიათებელი თავმდაბლობით, "პრინციპებად" მოიხსენიებდა - უარყოფდა მათ აყვანას "კანონის" რანგში და უფრო ზოგადი საფუძვლების სტატუსს ანიჭებდა) აქ მხოლოდ მოკლედ შევეხებით:
1) სეგრეგაციის (დათიშვის) კანონის თანახმად, ნებისმიერ ნიშან-თვისებას განსაზღვრავენ "ფაქტორები", რომლებიც უცვლელად გადაეცემიან შთამომავლობას. ეს ფაქტორები (თანამედროვე ტერმინოლოგიით მათ "გენებს" ვუწოდებთ) შეიძლება არ გამოვლინდნენ ორგანიზმში, მაგრამ ხდება მათი შენარჩუნება და მემკვიდრეობით გადაცემა, სადაც კვლავ შესაძლოა მათი გამოვლინება. ყოველ ორგანიზმს რომელიმე ნიშან-თვისების განმსაზღვრელი გენის ორი ასლი აქვს, რომლისგანაც ერთს დედისგან იღებს, მეორეს კი - მამისგან. მაგალითად, ყვითელი და მწვანე მარცვლებიანი მცენარეების შეჯვარების შედეგად მიღებულ ყველა მცენარეს ყვითელი მარცვლები აქვს: მართალია, ისინი შეიცავენ როგორც ყვითელი, ისე მწვანე ფერის განმსაზღვრელ გენებს, მათგან მხოლოდ ყვითელი გამოვლინდება. ასეთი მცენარეების თვითდამტვერვის შედეგად მიღებული შთამომავლობიდან ზოგიერთს მწვანე ფერის მარცვლები უვითარდება. ეს იმიტომ ხდება, რომ, როგორც აღვნიშნეთ, პირველ თაობაში ყველა მცენარეს აქვს როგორც ყვითელი, ისე მწვანე ფერის განმსაზღვრელი გენი ("ფაქტორი", მენდელის ტერმინოლოგიით), ამ თაობის თვითდამტვერვისას ეს ფაქტორები ერთმანეთისგან დაითიშება და შთამომავლობას თითოეული მშობლისგან ან მხოლოდ ყვითელი ფერის განმსაზღვრელი გენი გადაეცემა, ან - მხოლოდ მწვანე ფერისა. ამის შედეგად შესაძლოა ისეთი მცენარეების წარმოქმნა, რომლებშიც ორივე გენი მწვანე ფერის განმსაზღვრელია და სწორედ მათში ვითარდება მწვანე მარცვლები.
2) ნიშან-თვისებათა დამოუკიდებლად გადაცემის კანონი. ამ კანონის თანახმად, ყოველი ფაქტორი (გენი) სხვა ფაქტორებისგან დამოუკიდებლად გადაეცემა მემკვიდრეობით. მენდელის ექსპერიმენტის შემთხვევაში ეს მართლაც ასე იყო: მაგ., მარცვლის ფერი და ფორმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გადაეცემოდა შემდეგ თაობას. გავიხსენოთ, რომ მენდელი 7 ნიშან-თვისების მემკვიდრეობითობას იკვლევდა; ყველა შემთხვევაში მან ისეთი სტატისტიკური შედეგები მიიღო, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მემკვიდრეობითობით აიხსნებოდა. აქ აუცილებელია აღინიშნოს ერთი გარემოება: ბარდას 7 წყვილი ქრომოსომა აქვს და, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მენდელის არჩეულ ყველა ნიშანზე თითო ქრომოსომა "მოდიოდა" (ესე იგი, ამ ნიშნების განმსაზღვრელი გენებიდან ყველა ცალ-ცალკე ქრომოსომაზე იყო განლაგებული). მენდელს რომ თავისი ანალიზისთვის ნებისმიერი მერვე ნიშანი დაემატებინა, მაშინ, სულ ცოტა, ორი გენი ერთსა და იმავე ქრომოსომაზე აღმოჩნდებოდა და არა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, არამედ ერთად (ე.წ. შეჭიდულობის პრინციპის თანახმად) გადაეცემოდა შემდეგ თაობებს.
ამ ანალიზის შედეგები, რომლებიც მენდელმა ბრუნის საბუნებისმეტყველო საზოგადოებას 1864 წლის 8 თებერვალს წარუდგინა, საფუძვლად დაედო ყველა მომდევნო შრომას მემკვიდრეობითობის შესახებ. თუმცა მენდელის შრომებს მყისიერი აღიარება არ ერგო და დასანანია, რომ ეს აღმოჩენები დარვინის თვალთახედვის მიღმა დარჩა: დარვინისა და მენდელის იდეების შერწყმა (როგორც ეს თანამედროვე მეცნიერებაში ხდება) ევოლუციის თეორიას განავითარებდა და სრულყოფას მიუახლოებდა.
შემდგომში მენდელი შეეცადა, თავისი ექსპერიმენტების შედეგები სხვა ცოცხალ ორგანიზმებზე (როგორც მცენარეებზე, ისე ცხოველებზე) შეემოწმებინა. ამ კვლევების შედეგები ნაკლებად წარმატებული იყო, ალბათ იმის გამო, რომ კვლევის ობიექტებს არ ჰქონდათ ის თვისებები, რომლებიც მენდელმა ბარდის ანალიზის დროს დიდი გულმოდგინებით შეარჩია.
1868 წელს მენდელი მონასტრის აბატად აირჩიეს. ადმინისტრაციული სამუშაოს მოზღვავებამ იგი აიძულა, ექსპერიმენტებისთვის თავი დაენებებინა. მენდელი მონასტრისგან თავს დავალებულად თვლიდა და ამ ვალდებულების გამო ის თავს უფლებას ვერ მისცემდა, ახალი თანამდებობის მოვალეობები, თუნდაც ნაწილობრივ, უგულებელეყო. აბატად არჩევა იმის ნიშანიც იყო, რომ მენდელს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ბრუნის მოქალაქეთა შორის. მენდელის აბატად ყოფნის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ეპიზოდია მის მიერ იმ გადასახადზე უარის თქმა, რომელიც ბისმარკის მთავრობამ კათოლიკურ მონასტრებს 1873 წელს დაუწესა. ისტორიკოსთა აზრით, მენდელს მშვენივრად ესმოდა ასეთი უარის უაზრობა (საბოლოოდ მთავრობამ სამონასტრო ქონებას ყადაღა დაადო), მაგრამ მისთვის ეს პრინციპული პოზიციის გამოხატულება იყო, რადგან ამ გადასახადებს უსამართლოდ თვლიდა. მაშინაც კი, როდესაც მთავრობის წარმომადგენლებმა მას კომპრომისის სანაცვლოდ სენატორობა შესთავაზეს, მენდელმა უარი განაცხადა და უსამართლო გადასახადის წინააღმდეგ ბრძოლისთვის თავი არ დაუნებებია. საბოლოოდ ამ ხანგრძლივმა კონფლიქტმა მის ჯანმრთელობასაც დაასვა დაღი - 1884 წლის 6 იანვარს გრეგორ იოჰან მენდელი ქრონიკული ნეფრიტის შედეგად გარდაიცვალა.
მენდელის ცხოვრების თითქმის ყველა ეტაპს გმირობის კვალი ატყვია: ჭაბუკობის წლებში, სიღარიბის პირობებში, სწრაფვა განათლების შესაძენად; მოწიფულობისას - უაღრესად რთული ექსპერიმენტების ჩატარება და დასრულება, დაბრკოლებებისა და იმედგაცრუების მიუხედავად; სიცოცხლის ბოლო ათწლეულის განმავლობაში - ბრძოლა უსამართლო დაბეგვრის წინააღმდეგ სამონასტრო ქონების დასაცავად. გრეგორ მენდელის გარდაცვალებისას, მისი როგორც მეცნიერის სახელი უცნობი იყო. მხოლოდ გარდაცვალებიდან 35 წლის შემდეგ მიეგო მას საკადრისი პატივი: მენდელის კანონები ხელახლა იქნა აღმოჩენილი. გენეტიკური კვლევების შედეგად მეცნიერებმა მრავალი ახალი კანონზომიერება დაადგინეს და არაერთი მოლეკულური მექანიზმი განსაზღვრეს, მაგრამ ბიოლოგიის ამ დარგის დამფუძნებლის წოდება ურყევადაა დაკავშირებული გრეგორ მენდელის სახელთან. თვითონ მენდელი კი, თანამედროვეთა მოგონებების მიხედვით, თავისი შრომების მნიშვნელობაში სრულიად დარწმუნებული იყო და მეგობრებთან საუბრისას ხშირად ამბობდა: "ჩემი დროც მოვა". მალე მისი აღმოჩენიდან 150 წელი შესრულდება. მენდელის წვლილი გენეტიკის როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ასპექტებში (გენური ინჟინერია, გენმოდიფიცირებული ორგანიზმები) ჭეშმარიტად განუზომელია.
Комментариев нет:
Отправить комментарий