არალეტალური ენერგეტიკული იარაღის ბიოლოგიური ეფექტების ზემოქმედების შესწავლაზე აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალები მილიონობით დოლარის დახარჯვას გეგმავენ.
კვლევის მიზანია არალეტალური მიკროტალღური და აკუსტიკური გამომსხივარის გამოყენების აქამდე უცნობი შედეგების გამოვლენა. რთული სათქმელია, თუ რატომ დაინტერესდნენ ასე ამერიკელი სამხედროები ამ თემით. სავარაუდოდ, ისინი მსგავსი იარაღის გამოყენებას გეგმავენ უფრო ფართოდ, ვიდრე ადრე, ამიტომ მისი ყველა თავისებურების დეტალურად შესწავლა სურთ. აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების განაცხადში აღნიშნულია, რომ კვლევა მოემსახურება როგორც თავდასხმითი, ისე თავდაცვითი ხასიათის მიზნებს.
სულ ადამიანის ორგანიზმზე არალეტალური დასხივების მოლეკულურ დონეზე გავლენის შესწავლის პროექტზე 49 მილიონი დოლარის დახარჯვაა დაგეგმილი. სამხედროებს სურთ, შეამოწმონ "მიმართული ენერგიის, არეულობასთან ბრძოლის საშუალებების, ფართოზოლიანი შუქის, ხმოვანი და ტრავმატული საშუალებების" იარაღი, ანუ პრაქტიკულად ყველაფერი ის, რაც კი შექმნილია დაზიანების არალეტალურ საშუალებათა სფეროში. ლაბორატორიული კვლევა და საველე ექსპერიმენტები 7 წელი გაგრძელდება. ამასთანავე, საველე ტესტები მოხალისეებსა და ცხოველებზე ჩატარდება.
არალეტალური იარაღის შესწავლის პროგრამით დაგეგმილია პროტეომური, გენომური და მეტაბოლური კვლევების ჩატარება, რამაც უნდა გამოავლინოს უმნიშვნელოვანესი ბიოქიმიური და მოლეკულური ცვლილებები არალეტალური იარაღის გამოყენების შედეგად. მეცნიერებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვას: ხომ არ იწვევს არალეტალური იარაღის, განსაკუთრებით – მიკროტალღურის, გამოყენება ადამიანის ორგანიზმში შეუქცევად ცვლილებებს, მაგალითად, ცილების, დნმ-ის ან მეტაბოლიტების დაზიანებას.
მიკროტალღური არალეტალური იარაღი მასობრივი არეულობის და დემონსტრაციების აღსაკვეთად
არალეტალური იარაღი კვლავინდებურად რთულ თემად რჩება. ამერიკელებმა უკვე გაგზავნეს ავღანეთში მიკროტალღური გამომსხივარი Active Denial System, რომელიც იწვევს კანის აუტანელ წვას. თუმცა, პენტაგონის განცხადებით, რეალურ ბრძოლაში აღნიშნული მოწყობილობა არასოდეს გამოყენებულა. მიუხედავად ამისა, ბენგაზიში საელჩოზე თავდასხმის შემდეგ, რომლის დროსაც ამერიკელი დიპლომატები მოკლეს, აშშ-ში განიხილება საელჩოების არალეტალური დაცვის საშუალებით აღჭურვის გეგმა. გამორიცხული არ არის, რომ ამ იარაღის ზეგავლენის შესწავლა სწორედ ამ გეგმის მიზნებსაც ემსახურება.
Комментариев нет:
Отправить комментарий