აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ დასრულდა APKWS მართვადი რაკეტისა და Fire Scout უპილოტო ვერტმფრენის ინტეგრაცია. ასეთი იყო პენტაგონის რეაქცია პირველი სერიული უპილოტო მზვერავი ვერტმფრენის გამოყენების პირველ საბრძოლო გამოცდაზე. ამ უპილოტო ვერტმფრენს შეუძლია მოქმედება როგორც გემის გემბანიდან, ისე მიწისზედა მოედნიდან.
2011 წლის ივნისში ლიბიაში ომის დროს უპილოტო ვერტმფრენი Fire Scout აფრინდა აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალთა გემის, Halyburton-ის, გემბანიდან. მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ის ჩამოაგდეს საზენიტო არტილერიის ცეცხლით. მანამდე ვერტმფრენმა წარმატებით შეასრულა 15 ფრენა, მათ შორის სამხედრო მოქმედებათა საშიშ შორეულ რაიონებში, სადაც პილოტირებული, ანუ ეკიპაჟიანი, ვერტმფრენის გაგზავნა დიდ რისკთან არის დაკავშირებული. ამის მიუხედავად, მზვერავი ჩამოაგდეს. პენტაგონში მიიჩნიეს, რომ ამას, სხვა მიზეზებთან ერთად, საბორტე შეიარაღების არარსებობამაც შეუწყო ხელი.
ახლა ვერტმფრენი MQ-8B Fire Scout შეძლებს არა მარტო მიზნის აღმოჩენას, არამედ მის გადადგურებასაც მართული რაკეტის, APKWS-ის, მეშვეობით, რომელიც შეიქმნა იაფი 70 მმ არამართვადი რაკეტის, Hydra-70-ის, ბაზაზე. APKWS რაკეტას დასაკეცი სტაბილიზატორი აქვს; ის აღჭურვილია დამიზნების ლაზერული სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ფართო, 40-გრადუსიან, მყისიერ დათვალიერების ველს. ეს მიზნის ძალიან სწრაფად, რაკეტის გაშვებიდან 0,7-0,8 წამში, განადგურების საშუალებას იძლევა. მიზანზე რაკეტის დამიზნება ხდება პროპორციული ნავიგაციის საშუალებით და უზრუნველყოფს მოხვედრას 80%-ის ალბათობით, 2 მეტრზე ნაკლები შესაძლო წრიული გადახრით. ამასთანავე, გამოცდის ჩატარებისას შენათების ლაზერული ლაქის ცენტრიდან გადახრა გაცილებით უფრო მცირე აღმოჩნდა – მხოლოდ 0,44 მეტრი, რაც სამხედროთა მოთხოვნას მნიშვნელოვნად აღმატება.
სამომავლოდ APKWS რაკეტით აღიჭურვება არა მარტო ვერტმფრენი Fire Scout (MQ-8B და უფრო მძიმე ვერსია MQ-8С); ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ამ იარაღით UH-1Y და AH-1Z ვერტმფრენის აღჭურვის მიზნით. ამას ხელი შეუწყო ავღანეთში APKWS რაკეტის წარმატებულმა გამოყენებამ, სადაც ის გამოიყენება ზემოაღნიშნულ პილოტირებულ ვერტმფრენზე 2012 წლის გაზაფხულიდან.
Fire Scout უპილოტო ვერტმფრენს დღეს უკვე ათასობით ფრენის საათი აქვს; ის გამოიყენებოდა ავღანეთში (ფრენის 2 ათასზე მეტი საათი), აშშ-ს სანაპიროსთან, აფრიკასა და სხვა რეგიონებში. Fire Scout MQ-8B-ს შეუძლია შედარებით მცირე სიმაღლეზე ფრენა, ავტომატურად ბაზაზე დაბრუნება კავშირის დაკარგვის შემთხვევაში და ჰაერში 5 საათზე ყოფნა მაქსიმალური დატვირთვით და 7 საათი – ელექტრონულ-ოპტიკური სისტემით/თბოვიზორითა და რადარით.
Комментариев нет:
Отправить комментарий