среда, 1 марта 2017 г.

რუსული დეზინფორმაცია და კრემლის ტროას ცხენი




დეზინფორმაცია ერთ-ერთი მთავარი მეთოდია, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმები მიმართავენ მოსახლეობაზე გავლენის მოსაპოვებლად. აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო საშიში ხდება, თუ პირველ რიგში რუსეთი და მსგავსად სხვა ავტორიტარული რეჟიმები ამ სტრატეგიას იყენებენ საერთაშორისო არენაზე, ამავე მიზნის მისაღწევად.

რუსეთის მცდელობა გავლენა მოახდინოს ამერიკასა და ევროპაში მიმდინარე პროცესებზე აქტიური განხილვის საგანია მკვლევარებს, მიმომხილველებსა და ჟურნალისტებს შორის. კრემლი ამ პროცესში სხვადასხვა მეთოდებს მიმართავს, ისეთს როგორიცაა მედია საშუალებები (Russia Today, Sputnik), კიბერ შეტევები, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, ეკონომიკური ზეწოლა და პოლიტიკური კავშირების დამყარება ადგილობრივ პარტიებთან. 28 თებერვალს, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში რუსულ დეზინფორმაციაზე შეხვედრა გაიმართა, სადაც კრემლის სტრატეგიაზე საუბრობდნენ და განიხილავდნენ, თუ როგორი უნდა იყოს დასავლეთის პასუხი ამ ქმედებების წინააღდეგ. შეხვედრაზე მომხსენებელთა თქმით, რუსეთს მთავარი მიზანი დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებისას არის დასავლეთის დესტაბილიზაცია, უთანხმოების გამოწვევა და დასავლური ლიბერალური ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრა.

„რუსეთი ცდილობს დეზინფორმაციის კამპანიის მეშვეობით ევროპაში კონსენსუსისთვის ძირის გამოთხრას. ის ცდილობს წაშალოს ზღვარი იმას შორის, თუ რა არის ფაქტი და რა არის ფიქცია, ეს რუსეთის ომის ნაწილია. თუ ნახავთ გერასიმოვის 2013 წლის დოქტრინას, ის პირდაპირ საუბრობს, რომ რუსეთი გამოიყენებს არაპირდაპირ და ასიმეტრიულ მეთოდებს გავლენის მოსაპოვებლად“ - ამბობს ალინა პოლიაკოვა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის მკვლევარი.

მას შემდეგ რაც რუსეთის სათავეში ვლადიმირ პუტინი მოვიდა, საინფორმაციო ომი და პროპაგანდა, კრემლის ერთ-ერთი მთავარი ხერხია გავლენის მოსაპოვებლად. მოსკოვი ამ ტაქტიკას მის სამეზობლოშიც, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში მიმართავს. ის მხარს უჭერს ანტი-დასავლურ პოლიტიკურ ძალებს და ორგანიზაციებს, ცდილობს ენერგო-რესურსების გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის და ავრცელებს დეზინფორმაციას მისი დაფინანსებული მედიის მეშვეობით. კრემლი ცდილობს იმის წარმოჩენას, რომ დასავლეთი „გარყვნილია“, თავად კი „ტრადიციული მორალის დამცველი.“ გარდა პოსტ-საბჭოთა სივრცისა, დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებას მოსკოვი, ევროპასა და ამერიკაშიც ცდილობს. რეგიონისგან განსხვავებით, აქ კრემლის მიზანი ევროკავშირის და NATO-ს დასუსტება და ინსტიტუციებისადმი ნდობის გაქრობაა. ეს საკითხი, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ვაშინგტონში აქტიურად განიხილება, მას შემდეგ რაც ამერიკის არჩევნებზე კრემლმა გავლენის მოპოვება კიბერ-შეტევების მეშვეობით სცადა.

„თუ დავაკვირდებით, მაშინ როდესაც დემოკრატიული რეჟიმები თვლემენ, ავტორიტარული მთავრობები იყენებენ ამას როგორც უპირატესობას... დეზინფორმაცია ტერმინია, რომელიც ბევრ ელემენტს მოიცავს. ისინი ცდილობენ ნარატივის გავრცელებით, მედიის კონტროლით, არა მარტო მედიის დაფინანსებით და შექმნით (როგორიცაა „Russia Today” ანდა „სპუტნიკი“), არამედ სახელმწიფო მედიის მეშვეობით, ამასთანავე ინტერნეტ ტროლების, ბოტების და კვლევით ინსტიტუტებზე დაყრდნობით, რომლებიც სამეზობლოში და მის მიღმა, მათ შორის ამერიკაში ახერხებენ შეღწევას. ჯგუფები ერთმანეთთან ნაკლებ კავშირშია და ერთმანეთისგან განსხვავება, თუმცა ისინი კრემლის მიზნებისკენ მუშაობენ. იგივე გვხვდება თეირანისა და პეკინის შემთხვევაში“, - განაცხადა კრისტოფერ ვოკერმა, NED-ის ვიცე პრეზიდენტმა კვლევების და ანალიზის მიმართულებით.

გავლენის გაძლიერების მიზნით, კრემლი იმ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობს, რომლებიც მოსკოვის დღის წესრიგის გასწვრივ მოქმედებენ. ევროკავშირის მოწინააღმდეგე პარტიები ევროპის შიგნით მოსკოვთან ახლო კავშირში არიან. რუსულმა ბანკმა, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე, ეროვნული ფრონტის ლიდერს, მარინ ლე პენს, სესხიც კი მისცა. ამ ძალების პოლიტიკური კაპიტალი ადგილობრივ უკმაყოფილებებზეა აგებული, რომლის წარმოჩენასაც და ხაზგასმასაც კრემლი ცდილობს და ეს პუტინის სტრატეგიულ ხედვას ეხმარება, რომელიც იმაზეა დაფუძნებული, რომ ევროპის შიგნით კონსენსუსი დაანგრიოს. ევროპაში ისეთ პარტიები, როგორიცაა „ფლანდრიული ინტერესი“ ჰოლანდიაში, ავსტრიის თავისუფლების პარტია, ალტერნატივა გერმანიისთვის, იობიკი უნგრეთში და ა.შ. პრო-რუსულ პოზიციებს იჭერენ სხვადასხვა საკითხებზე. „და ეს რუსეთს ბევრი არ უჯდება“, - ამბობს პოლიაკოვა.
რუსეთი დასავლეთის პრულარისტური გარემოს გამოყენებას ახერხებს საკუთარი მიზნებისთვის. რასაც ამას Russia Today „ალტერნატიულ ხედვას“ უწოდებს. ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით, მედიის და ტროლების გამოყენებით და სხვა ორგანიზების მეშვეობით ის საკუთარი ნარატივით დასავლურ დემოკრატიულ საზოგადოებაში აღწევს.
„ცალკეული შემთხვევები არ არის პრობლემა, პრობლემაა გლობალური ტრენდი და გამოსავალი აქედან არის თავის დაცვა, მდგომარეობის იმ მიმართულებით, წაყვანა საითაც შენ გინდა“, - ამბობს ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი ალისტერ მისკიმონი.
მაშინ, როდესაც ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავიდა, რაც გაერთიანების იდეას ვნებს, მედიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ მსოფლიოს გარშემო ნდობა მცირდება, ამერიკის არჩევნების შედეგად ჯერ ნათელი არაა თუ როგორი იქნება დონალდ ტრამპის პოლიტიკა რუსეთისადმი, და ცრუ ინფორმაციის გავრცელება ასე ადვილი არასდროს ყოფილა, მიმომხილველთა თქმით, მნიშვნელოვანია ვაშინგტონი და ბრიუსელმა გაანალიზონ, რომ მათ ტერიტორიაზე ათწლეულების მანძილზე მიღწეული პროგრესი რუსული გავლენისგან დაცვას საჭიროებს.
პროფესორ ო’ლოგლინის მიხედვით, რუსული დეზინფორმაციის თავიდან აცილება ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში.

„მნიშვნელოვანია სად იქნება ამერიკა, იქნება ის ლიდერი თუ არა. ეს ქმნის შესაძლებლობას რუსეთისთვის არსებულ ვაკუუმში შეეცადოს გავლენის მოპოვებას. რამდენხანს გაგრძელდება ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად გაირკვევა, თუ როგორი პოლიტიკა ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებს“, - აღნიშნა პროფესორმა ბენ ო’ლოგლინმა, ლონდონის უნივერსიტეტიდან.

ამერიკის ხმა


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий