среда, 3 февраля 2016 г.

სასამართლო სხდომის ოქმი


თბილისი, 4 თებერვალი, 2017 წელი
სხდომა დაიწყო: 10:20 საათზე, დამთავრდა: 11:05 საათზე
სასამართლო შემადგენლობა შემოდის სხდომის დარბაზში. თავმჯდომარემ სასამართლოს სხდომა გახსნილად გამოაცხადა, მოახსენებს სხდომაზე განსახილველ საქმეს:

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მოქალაქე ილია (მართალი) ჭავჭავაძე ავრცელებს დედამიწის ზურგზე ყველაზე მართალი რწმენის შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და დასცინის მშობლიურ მართლებს; ის აგრეთვე საჯაროდ გამოხატავს სიძულვილს ღვთისმსახურთა მიმართ.
ყოველივეს ადასტურებს წარმოდგენილი ნივთმტკიცებულებები:
1. ,,...დღეს სამღვდელოებას თითქმის დავიწყებული აქვს ჩვენი უწინდელი სამღვდელოების ღვაწლი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე; დღეს ყოველი საკუთარი სტომაქისათვის იღვწის და საკუთარი სარგებლის დევნაშია გართული“ – წმ. ილია (მართალი) ჭავჭავაძე (VI, 171-172).
წამოძახილი დარბაზიდან: ღმერთო ჩემო, სტომაქისთვისო!
2. ,,...ვიმეორებ, ყოველივე ეს ჩვენი სამღვდელოების, განუვითარებლობისა და გაუნათლებლობის აუცილებელი შედეგია. უცოდინარობა გონების სიბრმავეა, თვალის სიბრმავეზე უარესი და ბრმა სხვას თვალს ვერ აუხელს, წინ ვერ გაუძღვება – წმ. ილია (მართალი) ჭავჭავაძე (VII, 17-22)
ყვირილი დარბაზიდან: ბრმაო, უვიციო, Oh my God!
3. ,,ერთი უმთავრესი მიზეზი ჩვენი სამღვდელოების გონებითი დაცემულობისა მასში მდგომარეობს, რომ ჩვენი სასულიერო წოდების ცოლები სრულიად მოკლებულნი არიან განათლებას... ეს უმეცრება მღვდელს გონებას უმდაბლებს და ჩქარა ავიწყებს განათლების იმ ნაგლეჯებს, რომელიც სასულიერო სემინარიაში მიიღო” – წმ. ილია (მართალი) ჭავჭავაძე (VI, 241-262)
ბღავილი დარბაზიდან: ჩემი დეე, განათლების ნაგლეჯებსო, ბოიშვილივიყო!
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ჯაჭვლიანი-ბესელიას კანონით, ჰეი, გედევანჩო ბალანჩოს გაპრავების 3-ე მუხლითა და ლედი ლობოტომიას აცრემლებული მიმინოს 666-ე მზერით და 
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რელიგიური გრძნობების მრავალგზის შეურაცხყოფისთვის, მოქალაქე ილია (მართალი) ჭავჭავაძეს დაეკისროს ჯარიმა 600 ლარის ოდენობით და, როგორც კლასიკოსსა და წმინდანს, მხოლოდ ერთი თვით პატიმრობა... ხოლოოოოოო მის უკან მდგომ – მოქირქილეს, ცინიკოსსა და სურრეალისტს გენოს (გენადი) ორპირელს: 1. უმანკოებისა და უბიწოების განუხრელი დაცვა, სამუდამო ცელიბატის აღთქმის დადებით; 2. სახაზინო კდემამოსილთან ერთად სამწლიანი პატიმრობა
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა ამოიწურა.
კომისიის სხდომა გამოცხადდა დასრულებულად.
ბორკილებდადებული პატიმრები გაყავთ სასამართლო დარბაზიდან. ილია დუმს... სურრეალისტი გენო არ ცხრება და მიმართავს მასებს: უვიცობა – მსოფლიოში საუკეთესო მეცნიერებაა, იგი უშრომელად მოგვეცემა და არ აღონებს სულს!
შემდეგ იწყებს სიმღერას: ,,ავანტი პოპოლო, ალა რისკოსა, ბანდერა როსა, ბანდერა როსა...“.
ნაროდი იტაცებს მისამღერს: ,,ბანდერა როსა, ბანდერა როსა“.
იწყება დიდი ამბოხი...

ზურა ოდილავაძე. 2016 წელი, თებერვალი

წყარო


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий