четверг, 4 февраля 2016 г.

დაუცველი გრძნობები



რა უცნაურია ეს ცხოვრება… თურმე შეიძლება ისეთ სრულიად განსხვავებულ და ერთმანეთთან დაუკავშირებელ მოვლენებს, როგორიცაა ვიოლინოს დაკვრა, რემონტის გაკეთება, დედის გინება ან ბავშვის ტირილი, რომელიც შუა ღამისას ყურის ტკივილმა გამოაღვიძა, აერთიანებდეს ერთი საზომი. და ეს საზომი ყოფილა დეციბელები. თურმე ვჩურჩულებთ 30 დეციბელზე…. ვსაუბრობთ 60 დეციბელზე…. ქუჩის ხმაური უკვე 80-90 დეციბელია…. (მეზობელი თინეიჯერის ემინემი და დრამერი შვილის მიერ გამოცემული დეციბელების დათვლა თქვენთვის მომინდვია). ახალმა კანონმა თქვა: შეგიძლია ამ საათიდან ამ საათამდე საკუთარ სახლში ამდენ დეციბელზე იხმაურო, წინააღმდეგ შემთხვევაში მეზობელი დარეკავს პატრულში და ჩაგაწყვეტინებს ხმას…. მნიშვნელობა არ აქვს შოპენს უკრავ თუ  დედას იგინები.

ძალიან ნიშანდობლივია, რომ ხმაურთან დაკავშირებულ რეგულაციების პარალელურად მიდის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონზე მსჯელობა. კანონ პროექტი ამბობს: “პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო გამეორების შემთხვევაში 1000 ლარი.”
როგორც ამ კანონიდან ჩანს, ერთადერთი საზომად რელიგიური გრძნობების შელახვისათვის მხოლოდ ჯარიმის ციფრებია მოტანილი. რამდენიმე ინტერვიუს გადავხედე და სავარაუდოდ, ერეკლე დეისაძის წიგნი დაისჯება 300 ლარით, ხოლო თუ ამ წიგნიდან ციტატას მივაწერ რომელიმე რელიგიური შენობის კედელს, მაშინ დავისჯები 500 ლარით. მაინც ბუნდოვანია… კედელზე წარწერების გაკეთების ამბავი მეტ ნაკლებად გავარკვიე (ეს ისედაც დასჯადია და ვანდალიზმად ითვლება გინდაც „მამაო ჩვენო“ მიაწერო გუდვილის კედელზე).
აი, კანონის პირველი ნაწილი ძალიან ბუნდოვანია. უფრო სწორად, ძალიანაც ცხადია. ეს კანონი რომ ძალაში იყოს შესული, მაშინ ნინია კაკაბაძეს პატრიარქის სახლის შეფასებისათვის 300 ლარით დააჯარიმებდნენ, ეკა ჭითანავას ბიუჯეტიდან მიღებული თანხების კვლევისათვის ალბათ უკვე მერამდენედ გადაახდევინებდნენ 500 ლარს… ეჭვი მაქვს, რომ ბექა მინდიაშვილის, რატი ამაღლობელის, ლაშა ბუღაძის ხელფასების დიდი ნაწილი მსგავს ჯარიმებში წავიდოდა.
მე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს, ვინ გაზომავს იმ პატარა ბავშვის რელიგიურ გრძნობებს, რომელიც იუდეველმა დედამ და პროტესტანტმა მამამ გაზარდა და თანასწორობისა და სრული ჰარმონიის ფონზე ბავშვი არ მონათლეს ჩვილობაში. ხო და, როცა ამ ბავშვთან მივა ენამიტანილი დამრიგებელი და კლასის წინაშე დააყენებს და ჰკითხავს მონათლული თუ ხარო… დამფრთხალი ბავშვი რომ მოიტყუება და მერე მასწავლებელი ჯვარს შეუმოწმებს თეთრი პერანგის ქვეშ და ბავშვი რომ კიდევ მოიტყუება, სახლში დამრჩაო…. ნეტა ვინ გამიზომავს ამ ბავშვის რელიგიურ გრძნობებს?
ნეტა როგორ უნდა შეაფასონ ჩემი რელიგიური გრძნობები, როცა „მამაო ჩვენოს“ სკანდირების ფონზე, ჩემი საყვარელი მაცხოვრის, სიყვარულისა და მშვიდობის თავადის მიერ დანატოვარი ლოცვის ფონზე იეჰოვას მოწმე ახალგაზრდას გავეშებული ბრბო თავს პარსავს… ან ბიბლიებს წვავს… ან როცა ღორის თავს აჭედებს მუსლიმი ბავშვების პანსიონზე? როგორ უნდა შეფასდეს 17 მაისს, მინებჩამსხვრეული ყვითელი მიკრო ავტობუსების იატაკზე ჩამალული ახალგაზრდების რელიგიური გრძნობები…  ვინ გამიზომავს და ვინ შემიფასებს ქრისტეს სახელით ჩადენილ საშინელებას ლარებში, დოლარებში, ვერცხლში… ?
სამაგიეროდ კარგად ვიცი, რომ ლია უკლებას თვითმკვლელ ღვთისმშობელს განადგურება დაემუქრება, პანტომიმის თეატრში ვერასოდეს გაბედავენ წმიდანის ცხოვრების დადგმას, ილია ჭავჭავაძეზე ვერავინ გაბედავს ზეაწეული, პიეტური ტონის გარეშე ლაპარაკს, რადგანაც ის არა მხოლოდ თერგდალეული საზოგადო მოღვაწეა, არამედ წმიდანი.
ბევრი წლის წინ ჟენევაში გაეროს უმცირესობების ფორუმზე ვიღებდი მონაწილეობას. მოკლე მოხსენებები მსოფლიოს ყველა ქვეყნის უმცირესობის წარმომადგენლებისაგან… უამრავი მოხსენება… თავიდან ყველას უსმენ, ხანდახან ქვეყანას გუგლავ კიდეც, რომ ზუსტად მიხვდე ვინ საუბრობს… მერე, დღის მეორე ნახევარში უკვე რთულია ყველას მოუსმინო, ყველა გაიაზრო გეოგრაფიულად, ისტორიულად, პოლიტიკურად… და მერე საკუთარ ფიქრებში არეულს გესმის ერთი კონკრეტული ფრაზა, რომელიც თითქმის ყველა გამომსვლელის სიტყვაში ფიგურირებს – Blasphemy Law….
კანონი რელიგიური გრძნობების შელახვის შესახებ სხვადასხვა სახელით ძალიან ბევრ ქვეყანაშია. როგორც წესი, ეს არის ისეთ ქვეყნებში, სადაც დიქტატურა, თეოკრატია, ტოტალიტარული რეჟიმია და მოსახლეობა იბრძვის თავისუფლებისათვის.  ეს კანონები, როგორც წესი დიდი ხნის წინ აქვთ მიღებული და ადამიანის უფლებების დამცველები, ქვეყნის პროგრესის მოსურნეები ცდილობენ როგორმე აიძულონ საკუთარი ხელისუფლება გააუქმონ კანონი, რომელიც მხოლოდ „ძლიერთა ამასოფლისათა“ ინსტრუმენტია ყველგან, რათა არასასურველი ოპონენტები მოიშორონ.
ჩვენს ქვეყანაში არ მეგულება არც ერთი რელიგიური უმცირესობა, რომელსაც ილუზია აქვს, რომ რელიგიური გრძნობების შელახვისათვის ასეთი გააფთრებული ბრძოლისას ვინმე ოდესმე მათ რელიგიურ გრძნობებს იგულისხმებს.
მოვასწრო უნდა ამ ბლოგის დაწერა, თორემ კაცმა არ იცის რომელი საზომით შეიძლება გაიზომოს და მერე, როცა კანონს მიიღებენ (და ამ ჯერად, ალბათ, უკვე მიიღებენ) შეიძლება ჯარიმა არ ამცდეს.

რუსუდან გოცირიძე

წყარო








Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий