20 მაისი საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია, რამდენადაც 18 წლის წინ, ამ დღეს, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ (სმე) ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (ემს) დატოვა.
ამ გადაწყვეტილებას წინ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საზოგადოებაში არსებული ანტიეკუმენური განწყობები უძღვოდა, რაც ერთგვარად ქვეყანაში აზვირთებული რელიგიური ნაციონალიზმის შედეგი იყო.
პატრიარქმა ილია მეორემ სინოდის ამ გადაწყვეტილების შესახებ, შემდგომში – ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წარმომადგენლების ვიზიტის დროს, რომელიც 2000 წლის 25-28 მაისს გაიმართა, აღნიშნა, რომ ამით მან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სქიზმისგან იხსნა. მან, ასევე, ეკლესიასა და საზოგადოებაში არსებულ განათლების პრობლემაზეც ისაუბრა და ამ კუთხით ვითარების გამოსწორების პირობა დადო.
ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (World Council of Churches) 1948 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაარსდა. დაარსებას წინ ხანგრძლივი პროცესი უძღვოდა, რომელშიც კონსტანტინოპოლის პატრიარქი აქტიურობდა. მასვე ეკუთვნოდა ეკუმენური დიალოგის დაწყების ინიციატივაც. საბჭოში მსოფლიოს 125 ქვეყნიდან, დაახლოებით, 345 ეკლესია ერთიანდება, რომლებიც როგორც მართლმადიდებელ, ისე პროტესტანტულ დენომინაციებს წარმოადგენენ. ეს წარმომადგენლობა, ჯამში, მსოფლიო ქრისტიანობის თითქმის ნახევარს – 550 მილიონ ქრისტიანს აერთიანებს. საბჭოს მიზანი ქრისტიანულ დენომინაციებს შორის დიალოგი და მსოფლიო მშვიდობისათვის ერთობლივი მუშაობაა. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს სახელს მსოფლიო მნიშვნელობის არაერთი საქმის წამოწყება უკავშირდება, შეიარაღებული კონფლიქტების მოგვარების პროცესში ჩართულობით დაწყებული, ეკოლოგიური საკითხებით დამთავრებული.
საქართველო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრი 1962-1997 წლებში იყო. საბჭოში გაწევრიანება საქართველოს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1 წლით დაასწრო და დღემდე მის წევრად რჩება. ილია მეორე, პატრიარქად აღსაყდრებიდან მესამე წელს, 1979 წელს, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს თანაპრეზიდენტადაც იყო არჩეული და ამ პოზიციას 1983 წლამდე იკავებდა. ილია მეორეს ემს-ს თანაპრეზიდენტად არჩევას მაშინდელი ქართული სამღვდელოება აღფრთოვანებით შეხვდა და ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა.
1994 წლისთვის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში უკვე ყველა მართლმადიდებელი ეკლესია ერთიანდებოდა. თუმცა, 1997 წლის 20 მაისს საქართველომ ემს დატოვა და ამით ეს მთლიანობაც დაირღვა. 1998 წელს იგივე ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გააკეთა. თუმცა, საბჭოსთან ურთიერთობა დამკვირვებლის სტატუსით გააგრძელა განსხვავებით საქართველოსგან, რომელმაც ემს-სთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა.
“17 მაისი“ გთავაზობთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 1997 წლის 20 მაისის სხდომის ოქმს, რომელზეც ემს-ს დატოვებისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში სქიზმის შემომტანი სასულიერო პირების დასჯის გადაწყვეტილებაა ასახული:
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი
საქართველოს საპატრიარქო,
თბილისი, 20 მაისი, 1997 წელი
დღის წესრიგი: რამდენად მიზანშეწონილია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგი წევრობა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში.
განხილვა სასულიერო და საერო პირთა ჯგუფის ანტიეკლესიური და ანტიეროვნული ქმედებისა, რომელთაც გაწყვიტეს ევქარისტიული კავშირი საქართველოს მართლმადიდებელ და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა იმსჯელა ეკუმენური მოძრაობის შესახებ. აღინიშნა, რომ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს დაარსების შემდეგ, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანდა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიები. 1962 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გახდა წევრი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსი, 1979 წელს კი ევროპის ეკლესიათა კონფერენციაში გაწევრიანდა.
ვითვალისწინებთ, რომ უკანასკნელ წლებში ეკლესიათა საბჭოს მხრიდან ადგილი აქვს მიანიჭოს ეკლესიოლოგიური ხასიათი თავად ეკლესიათა საბჭოს, რაც ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის მრწამსს. ამ ეკუმენურ ორგანიზაციებში ნაკლებად არის გათვალისწინებული მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესები. ამიტომ, მართლმადიდებელ ეკლესიებში წარმოიშვა აზრი ამ ორგანიზაციიდან გამოსვლისა. 1995 წლის სექტემბერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე გამოითქვა აზრი ეკუმენური მოძრაობიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესაძლო გამოსვლის შესახებ და ითქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი მიიღებს ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა გაითვალისწინა ყოველი ზემოთქმული და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებიდან გამომდინარე
გ ა ნ ა ჩ ი ნ ა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უარს ამბობს ეკუმენურ მოძრაობაში მონაწილეობაზე და გამოდის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან და ევროპის ეკლესიათა კონფერენციიდან.
საქართველოს მართლმადიებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა იმსჯელა იმ სასულიერო და საერო პირთა შესახებ, რომელთაც გაწყვიტეს ევქარისტიული კავშირი საქართველოს და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან იმ საბაბით, რომ ისინი არიან ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრნი, რითაც ეკლესიაში განხეთქილების შემოტანა სცადეს. განხეთქილების შეტანას ეკლესიაში ეწოდება სქიზმა, რომელიც არის იმდენად მძიმე ცოდვა, რომ წმინდა მამების სწავლებით, ეს ცოდვა ვერ განიბანება მოწამეობრივი სისხლითაც კი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა
გ ა ნ ა ჩ ი ნ ა
შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი – არქიმანდრიტი გიორგი (ბარიშვილი) გათავისუფლდეს მონასტრის წინამძღვრის მოვალეობიდან და აეკრძალოს მღვდელმოქმედება; შიომღვიმის მონასტრის არქიმანდრიტ იოანეს (შეყლაშვილი)აეკრძალოს მღვდელმოქმედება; მღვდელ ნიკოლოზ შუშტაკაშვილს აეკრძალოს მღვდელმოქმედება; შიომღვიმის ბერსკირიონს აეკრძალოს წმინდა ზიარების მიღება; შიომღვიმის მონასტრის მორჩილს – ბესარიონს აეკრძალოს წმინდა ზიარების მიღება; შიომღვიმის მონასტრის მორჩილს – გურამს აეკრძალოს წმინდა ზიარების მიღება; დავით გარეჯის მონასტრისწინამძღვარი არქიმანდრიტი გრიგოლი (კობახიძე) განთავისუფლდეს მონასტრის წინამძღვრის მოვალეობიდან და აეკრძალოს მღვდელმოქმედება; დავით გარეჯის მონასტრის მორჩილს – ზურაბს აეკრძალოს წმინდა ზიარების მიღება;ბეთანიის მონასტრის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი ანგია (ჩოხელი) განთავისუფლდეს მონასტრის წინამძღვრის მოვალეობიდან და აეკრძალოს მღვდელმოქმედება; ბეთანიის მონასტრის ბერს – ევტიქის აეკრძალოს წმიდა ზიარების მიღება; ბეთანიის მონასტრის ბერს – გაბრიელს აეკრძალოს წმინდა ზიარების მიღება; ზარზმის მონასტრის წინამძღვარი –არქიმანდრიტი გიორგი (ხაბეიშვილი) განთავისუფლდეს მონასტრის წინამძღვრის მოვალეობიდან და აეკრძალოს მას მღვდელმოქმედება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი ზემოაღნიშნულ პირებს მოუწოდებს სინანულისაკენ.
მოუნანიებლობის შემთხვევაში მათ დაედებათ საეკლესიო სასჯელი.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი
კონსტანტინე – მარგველი მიტროპოლიტი; ათანასე – რუსთავის მიტროპოლიტი; კალისტრატე -ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი; თადეოზი – ბოლნისისა და დმანისის მთავარეპისკოპოსი; ვახტანგი – მთავარეპისკოპოსი სამთავისისა და გორისა; ზოსიმე – მთავარეპისკოპოსი წილკნელი; გიორგი – მთავარეპისკოპოსი ჭყონდიდელი; იობი – მთავარეპისკოპოსი ურბნისისა და რუისის; დანიელი – მთავარეპისკოპოსი ცხუმ – აფხაზეთის; დავითი – მთავარეპისკოპოსი ალავერდელი; აბრაამი – მთავარეპისკოპოსი საგარეჯოს და გურჯაანის; სერგი – მთავარეპისკოპოსი ახალციხელი; იოსები – ეპისკოპოსი შემოქმედელი; ისაია – ეპისკოპოსი ნიქოზისა და ცხინვალის; სერაფიმე – ეპისკოპოსი ბორჯომისა და ახალქალაქისა; ელისე – ეპისკოპოსი ნიკორწმინდელი; გრიგოლი – ეპისკოპოსი ფოთის; ნიკოლოზი – ეპისკოპოსი ცაგერისა და სვანეთის; თეოდორე – ეპისკოპოსი ბოდბელი; საბა – ეპისკოპოსი ხონის; დიმიტრი – ეპისკოპოსი ბათუმისა და სხალთის; ანტონი – ეპისკოპოსი ვანისა და ბაღდადის.
სინოდის სხდომის ოქმის წყარო – გაზეთი „მადლი“, #6-7, გვ. 2, 1 ივლისი, 1997 წელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий