რამდენიმე წლის წინ სადოქტორო დისერტაციის წერა დავიწყე თემაზე: კულტურული მეხსიერების საშუალებით საკუთარი იდენტობის შექმნისას, უცხოსგან გამიჯვნის პროცესში, ისტორიის გააზრებისას, მრუდე აღქმის შემთხვევები საქართველოში. ნაშრომი, უმეტესად, ქართული კულტრული მეხსიერების კონკრეტულ მაგალითებს ეხება. ბუნებრივია, ვერ გავექცეოდი ამ მხრივ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარადოქსს: სტალინის კულტს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში.. სწორედ ამიტომ, ჩემს ნაშრომში ამ საკითხის კვლევასაც დავუთმე ადგილი. აქ კი ჩიხში მოვექეცი, რადგან ამ თემაზე მეცნიერული გამოკვლევები თითქმის არ არსებობს. უფრო მეტიც: კულტუროლოგიური თვალსაზრისით, საქართველოში ყველაზე ნაკლებად სწორედ საბჭოთა პერიოდია შესწავლილი. ამდენად, ამ საკითხზე ნებისმიერი მასალის მოძიება აბზაც-აბზაც მიხდებოდა. რადგან სხვა ქვეყანაში ვიმყოფები, საქართველოში საბჭოთა ნოსტალგიის ახლადგამოღვიძებულ პროცესს, რომელიც ჩვენ თვალწინ ძლიერდება, ციფრული მედიასაშუალებების დახმარებით ვადევნებ თვალს. როდესაც მორიგ ჯერზე, ამა წლის 22 თებერვალს, სოციალურ ქსელ ფეისბუქში „ვიქექებოდი“, თვალი მოვკარი მატია უნგერის (Matthias Unger) მიერ გაზიარებულ ბმულს გიორგი მაისურაძისა და ფრანცისკა თუნ-ჰოჰენშტაინის ახალი წიგნის გამოსვლის თაობაზე: „Sonniges Georgien. Figuren des Nationalen im Sowjetimperium“ („მზიური საქართველო – ნაციონალურის ფიგურები საბჭოთა იმპერიაში“). პარადოქსულია, რომ მემარცხენე ავტორის წიგნის ჩემთვის ოპერატიული მოწოდება სწორედ კაპიტალისუტრმა სისტემამ უზრუნველყო. ახლა კი ხამს, თავად წიგნზე გადავიდე. ამჯერად მხოლოდ ორიოდე სიტყვით შევაფასებ. ვინაიდან ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი გასაბჭოებას და, მთლიანად კომუნიზმსაც (საკმაოდ სამართლიანადაც), ისტორიულ ტრაგედიად, ქვეყნის დაპყრობის აქტად აღიქვამს, ამ ეპოქის ობიექტურად, ავთენტურ კონტექსტში შესწავლა ან დანახვა იშვიათად ხერხდება. ეს წიგნი სწორედ ხსნებული ბარიერის გადალახვის ბრწყინვალე მაგალითს წარმოადგენს. ხშირად სტალინის, თუ ზოგადად საბჭოეთის, საქართველოში არსებული კულტის მხოლოდ ძალიან გამოკვეთილ გამოვლინებზე ვაკეთებთ ხოლმე აქცენტს, ან ეს პრობლემა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში განიხილება. არადა გადამწყვეტი სწორედ ის მექანიზმებია, რომლებიც იმ ფართომასშტაბიანმა ლიტერატურულმა თუ სხვა სახის საქმიანობამ ჩვენს კულტურულ მეხსიერებაში დატოვა. წიგნში ეს დეტალურადაა აღწერილი და გაანალიზებული. ცოტას თუ ახსოვს, რომ ყოფილი სემინარისტის და შემდეგში დიდი დიქტატორის, იოსებ სტალინის კონცეპტები ნაციონალიზმის სპეციფიური ფორმის შექმნის შესახებ (შინაარსით სოციალისტური, ფორმით ნაციონალური), ან კიდევ საბჭოთა მთავრობის მიერ განხორციელებული ე. წ. „გაფესვიანების“ (Коренизация) პოლიტიკა საქართველოს კულტურული მეხსიერების რაობასა და ჩვენი საზოგადოების თვითაღქმას დღემდე განსაზღვრავს. წიგნში სწორედ ის პროცესია ზედმიწევნით აღწერილი და გაანალიზებული, რომლის დროსაც ლიტერატურის, პანთეონის შექმნის, ბელადის კულტისა და საქართველოს შესახებ ახლად კონსტრუირებული მითების დახმარებით, ნაციონალობის მანამდე არსებულ (დიდწილად ეკლესიური ყაიდის) თვითაღქმას ახალი, საბჭოთა ხასიათის მქონე თვითაღქმა ჩაენაცვლა. ანუ კულტურულ მეხსირებაში პარადიგმა შეიცვალა. წიგნში წარმოდგენილი და გაანალიზებული მასალები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ეთნონაციონალიზმი საბჭოთა წარმომავლობისა და ყაიდისაა. ნაციონალიზმის თვით ის ფორმაც კი, რასაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პროპაგირებს და რომელსაც ხშირად რელიგიურ ნაციონალიზმად ნათლავენ, სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა მზიურობის, ბელადის კულტისა და რუსეთთან თანამოძმეობის შესახებ კონცეფციები. უბრალოდ, ამჯერად ისინი შუასაუკენეების მითებითა და თანემდროვე ფობიებითაა შეზავებული. სანამ ქართველი მკითხველი თარგმანს იხილავს, გერმანული ენის მცოდნეებს წინ უამრავი საინტერესო სიახლის გაგებით გამოწვეული სიამოვნება ელოდება. თუმცა ფრაზა, რომლითაც საბოლოოდ წიგნს შევაფასებ, ყველასთვის ერთნაირად გასაგებია: Das ist fantastisch !
Sonniges Georgien. Figuren des Nationalen im Sowjetimperium
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий