среда, 22 апреля 2015 г.

ახალი წარმართობა — უკან მომავლისაკენ




"არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ." — მეორე მცნება. ბიბლია. გამ. 20. 4–5 

 

ავტორი
ბექა მინდიაშვილი 
ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა ჩემთვის სინონიმებია, თუმცა შეიძლება თუ არა ასე მოვიხსენიოთ ის, რასაც დღეს საქართველოში მართლმადიდებელი იერარქების ნაწილი ქადაგებს? დოგმატურად თითქოს ყველაფერი რიგზეა, რიტუალურადაც, მაგრამ მრევლის მამობილიზებელი იდეა იესო ქრისტესა და ადამიანის შეხვედრა კი არა, ლინგვისტური სიმულაციაა, რომელსაც პატრიარქი „ზეციური საქართველოს” მეტაფორით გამოხატავს ხოლმე. ამ მიზნის მისაღწევად ეკლესია ირაციონალური, მითოპოეტური ქრონოტოპის – პარალელური სივრცის ფორმირებითაა დაკავებული, რომლის მეშვეობით მრევლს მთავარი პოსტულატი მიეწოდება – წმინდა სამეფოს აღდგენის უტოპიური იდეა.  მართლმადიდებლური მონარქიის განახლება კი, თავის მხრივ, ბიბლიური „ათასწლიანი სამეფოს” პოლიტიკური კალკია, რადგან მის დანიშნულებას წუთისოფელში ანტიქრისტეს შეკავება წარმოადგენს. ქართული აპოკალიპტური ნარატივის მიხედვით, ივერია ბოლო ჟამს გაბრწყინდება და აქ ვერ გაბატონდება „მხეცი იგი”, ოღონდ ამას წინ უნდა უძღოდეს ბაგრატიონთა მეფობის აღდგენა.
წმინდა მიწის სივრცე
ქართული სამეფოს იდეა ზეციური საქართველოს მიწიერი ეკვივალენტია. ქრისტეს რელიგიისგან განსხვავებით იგი წარსულზეა ორიენტირებული. ამავდროულად, ქრისტიანობასავით გლობალური და უნივერსალური კი არ არის, არამედ კონკრეტული ადგილითა და ეთნიკური გარემოთი შემოიფარგლება. მისი სამყარო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული „ძირძველი” ქართული მიწაა, რომელიც იდეაში ათონის მთასაც მოიცავს. სამეფოს გეოპოლიტიკური მდებარეობა არც აღმოსავლეთშია და არც დასავლეთში, არამედ ერთიანი ევრაზიული სივრცის ცენტრშია მოქცეული. ივერია ევრაზიის რელიგიური საზრისია, მაგრამ მის კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრს, თავისი სიდიდის, სიძლიერისა და ერთმორწმუნეობის გამო, წმინდა რუსეთი წარმოადგენს. რუსეთის ფუნქცია იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც მას დასავლეთთან საქართველოს ინტეგრაციის აღკვეთა აქვს ღვთის მიერ დავალებული. 
ამ  მეტაპერსპექტივაში ისტორია აპოკალიპტური დრამის სახით თამაშდება. იგი კონკრეტულ სივრცეში მიმდინარეობს, რომელიც ერთგვაროვანი კი არა, დანაწევრებულია, დაყოფილია საკრალურ და პროფანულ ტერიტორიებად. პროფანული დასავლეთი აღქმულია როგორც მორალური და რელიგიური დეგრადაციის ადგილი, ქაოსი, ღმერთის სადამსჯელო ოპერაციების პოლიგონი. ეს უსაზრისო და უწმინდური სამყარო მეორედ მოსვლის წინ საბოლოო ომს უცხადებს ივერიის წმინდა სამეფოს და მისი გარყვნა სურს, რათა ამით ღმერთს ჩაუშალოს  მართლმადიდებლობის გადარჩენის  გეგმა. ამ ომში კეთილი და ბოროტი ეჭიდებიან ერთიმეორეს. შეთქმულები და ბოროტები არიან ანტიქრისტეს აგენტები, მასონები, სექტანტები და  ლიბერალები. ისინი წმინდა სამეფოს მშენებლობას თავისუფალი სექსის ქადაგებით  უთხრიან ძირს, ქალიშვილობის ინსტიტუტს სპობენ, კაცებს „აპიდარასტებენ”, ქალებს აბოზებენ, ხელს კრავენ ტრადიციულ სუფრას და მამაპაპურ ადათებს ბღალავენ – სულიერ ოკუპაციას ახორციელებენ.
პროფანული დასავლეთი დეჰუმანიზებული ადგილია; უდაბნოა, რომელიც, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება წმინდა ჰყო ქართული ეპარქიების გავრცელების მეშვეობით. იგი უცხო, ამორფული გრძლიობაა, ჩამოყალიბებული რელიგიური სტრუქტურისა და მორალური ორიენტირების გარეშე. ამ უდაბნოში გასული ადამიანი ჰკარგავს თავის ონტოლოგიურ სუბსტანციას, ქართველობას, მორალურ იერსახეს და ქაოსშია გაზავებული. ამიტომაა, რომ მშობლიური მიწის მიტოვება სულიერი სიკვდილის ტოლფასია. სწორედ აქედან გამომდინარეობს აკრძალვა სამუშაოდ ან სასწავლებლად საქართველოდან უცხოეთში წასვლაზეც. პროფანულისგან განსხვავებით საკრალურ სივრცეში არა მარტო ჭეშმარიტი რელიგიური, მორალური, იდეოლოგიური და სქესობრივი ორიენტაციებია თავმოყრილი, არამედ არსებობს მკაფიო ორიენტირიც – სამყაროს ცენტრი. axis mundi, ჩვენს შემთხვევაში, პატრიარქის მითოლოგიზებული მონუმენტური ფიგურაა.
წმინდა მიწის სულიერი და ხორციელი ორიენტირები
პატრიარქი სამყაროს მასაკრალიზებელი, წმინდამყოფელი ძალაა, სამყაროს ჭიპია. მისი გავლენა უნაპიროა. მის წინაშე იშლება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საზღვრები და ენა ყოველი მისსა ხმობს აღსარებასა. იგი მთელ სამყაროს მოიცავს თავისი ეპარქიების ქსელით, რომლებიც უდაბნოში სულიერების ოაზისებს წარმოადგენენ. პატრიარქი ყოველი ქართველის მამა და ყოველი მესამე ან მეოთხე შვილის ნათლიაა. იგი გამოთქვამს კარგისა და კარგზე უკეთესის, ცუდისა და ცუდზე უარესის რაობას. მას აქვს შავი წიგნი, რომელშიც ერისა და ეკლესიის  მოღალატეების სახელებს იწერს. იგი დინჯია და მომთმენი, მისი მტრები კი მდინარეს ჩამოაქვს. 
ის ლომი უფროა ვიდრე ადამიანი. მზის მიმოსვლასავითაა მისი მოძრაობა და მზერა მისი დროის მიღმა გატყორცნილი სხივია, გული მისი მოწყალეა და განსჯა – სამართლიანი; მისი ხმა სიბრძნეა, წინაპართა გულებთან ნასაუბრალი, ხოლო პირი მისი წარმოთქვამს სასჯელს და ნება პატიობს ცოდვებს. ის სამშობლოსთვის ჯვარს ეკვრის და განსაზღვრავს წმინდა ერის გზებსა და მისიას. დღეცა და ღამეც მღვიძარებს იგი და ქართველობის ხსნაზე წერილებს გზავნის ზეციურ საქართველოში და იტალიაში, წმინდა ნიკოლოზის საფლავზე. კონფლიქტების გადაჭრა, მუსიკისა და ლექსების წერა, ხატვა და წმინდა დეფილეების მოწყობაც კი ხელეწიფება მას. დღეგრძელია მისი სახელი და კურთხეულია მისი საგვარეულო შტო. 
პატრიარქი ბერმუხასავით დგას და აკავშირებს მიწიერ სამეფოს ზეციურთან, ცოცხლებს კი გარდაცვლილთა სულებთან ალაპარაკებს. იგი ერის სულიერი ცხოვრების ხატია და მშვიდობის გარანტია მსოფლიო მასშტაბით. მისი პატრიარქობა, თვითშეფასების თანახმად, მზიანი ღამეა. და რადგან ამ სიმბოლოთი მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტე შეიძლება გამოიხატებოდეს, პატრიარქი თავად გამოდის მიწიერი ღმერთი, მწყემსი კეთილი, რომელიც ცხვრის ფარას ზეციური საქართველოსკენ მიერეკება შეძახილით: ქართველნო, ერთად ღვთისაკენ. ერთი სიტყვით, იგი უწმინდესია და უნეტარესია.  
უწმინდესი და უნეტარესი, ცხადია, პოლიტიკურ და სოციალურ ბიწიერებაზე ამაღლებულია, მაგრამ წმინდა ივერიაში სწორედ ის არის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი წყობის მშობელი. მის წინაშე მოდრეკილია ყველა ქედი და ყველა მუხლი მონარქისა და ქვეშევრდომისა, აზნაურისა და უაზნოსი, მდიდრისა და ღატაკისა. აქ, მეფე თუ ბიზნესმენი, გლეხი თუ პედაგოგი, ჟურნალისტი თუ პოპ-ვარსკვლავი სულიერად პატრიარქში იშვებიან, მის მიერ არიან ცხებულნი და დალოცვილნი. იგი მათ საერო უფლებამოსილებებს უწესებს და პროფესიული ქცევის ნორმებსაც უდგენს. 
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პატრიარქი მარტოდმარტო მიწიერი ძალაუფლების წყაროა და არა თავად ეს ძალაუფლება. აქედან გამომდინარე, ქართული უტოპიის პოლიტიკური მოწყობა ჰიბრიდულია – წმინდა ივერია საპატრიარქო მონარქიაა, რომელიც, ბიბლიის თანახმად, წარმართული ანუ რეალურად მამა-პაპური წყობილებიდან იღებს სათავეს. პატრიარქთან მეფეს საპატრიარქო ტახტის დაცვისა და ეროვნული აპოკალიპსის – ანტიქრისტეს შეკავების მისია აერთიანებს. მაგრამ პატრიარქისგან განსხვავებით, წმინდა მეფე მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ერის ხორციელი ცხოვრების ხატია, რადგან მას ამქვეყნიური წყურვილები შეიძლება მოეძალოს ხოლმე და გაშმაგდეს.
წმინდა მიწის საზოგადოება
წმინდა მიწის საზოგადოების მთავარი ფუნქცია იზოლაციის უზრუნველყოფა, უწმინდური დასავლეთისგან თავისა და მამულის დაცვაა. ამ კოლექტივის ეროვნული საგანძური – ქალიშვილობის ინსტიტუტია, რომელიც ერს საღვთო სასჯელებს – მიწისძვრებსა და ცუნამებს არიდებს, ამიტომ მას, ქალწულებაში დარჩენილი რაინდები, გრაალივით, დღედაღამ დარაჯობენ. ამ მიწის შვილებს აქვთ ერთი, ყველასგან გამორჩეული გენეტიკური კოდი –  სიყვარულისა და მართლმადიდებლობის ნიჭი, რაც, საბოლოო ჯამში, განაპირობებს კიდეც იმას, რომ მეორედ მოსვლის წინ მხოლოდ ივერიის ტერიტორიაზე ვერ შემოაბიჯებს ანტიქრისტე.  
ივერიის იდეალური მოქალაქე დედითა და მამით ქართველი და მართლმადიდებელი ჩოხოსანი კაცია. ხოლო ქალი, ან, უკეთ რომ ვთქვათ, დედაკაცი – კრძალვით პირმომცინარი, მანდილით თავდაბურული და იდეალური ჩოხოსნის მორჩილი არსებაა. სამეფოს სკოლებში ბავშვებს ცუდ ნიშნებს არ უწერენ და რჯულს, ადათ-წესებს, ხრიდოლსა და ქართული ნაციონალური ბალეტის ილეთებს ასწავლიან. საფეხბურთო გუნდები მატჩის წინ აქ ცოდვებს ინანიებენ და მარხულობენ, ხოლო ეროვნული ტელევიზიით, ბოლო ჟამის ქრონიკის გარდა, უმანკო საბჭოთა ფილმები და  ნანა ჩაჩუას ფსიქოანალიტიკური სეანსებიც გადაიცემა. 
აქაური პოლიციელები ქურდებს კი არ დასდევენ, არამედ ცოდვილებსა და სექტანტებს თავპირისმტვრევით ამხელენ და ნათლავენ ხოლმე. ციხეები ივერიაში დანგრეულია, მათ მაგივრად კი ტაძრებია აშენებული. ზრდასრული ივერიელები მართვის გამოცდის ნაცვლად სადღეგრძელოების თანმიმდევრობას აბარებენ, ხოლო შეზარხოშებულები ქუჩა-ქუჩა დადიან  და ხალხურ სიმღერებს მღერიან. სამეფოს დედაქალაქი უსჯულოთა შემოსევისაგან საიმედოდაა დაცული, რადგან მის გარშემო საღორე მეურნეობებია გაშენებული. აქ ყველა დასაქმებულია, მაგრამ დაუსაქმებლები და სხვებიც, თოჯინებს თლიან და ჭერში აწყობენ.  
მოქალაქეებს (მეფის გარდა) ვნებები შეკავებული აქვთ, რადგან თითოეული მათგანის ცხოვრებას პატარა მამაოების მეშვეობით დიდი მამა – უწმინდესი და უნეტარესი აკონტროლებს. ივერიაში ყველაფერი ნაკურთხია, მათ შორის სამართლებრივი და სქესობრივი აქტებიც, რომლის დროსაც მხარეები ლოცვას აღავლენენ და გამჩენისგან პატიებას ითხოვენ. ამ მადლიანი მიწის ყოველი გოჯი, ყოველი სულდგმული და მოსახლეობის მთელი ავლადიდება ჯვარდასმულია და საპატრიარქოს განკარგულებაშია გადასული. ამიტომ აქაური მდიდარი ღარიბია და აქაური ღარიბი – მდიდარი.
და რაც მთავარია, ივერიის სამეფო ყველაზე იზოლირებული ადგილია დედამიწაზე, რადგან პატრიარქიც და მეფეც, ერიც და ბერიც ყოველცისმარე ერთსა და იმავე წმინდა რიტუალს ასრულებენ: მზის ამოსვლამდე პირს ჩრდილოეთისკენ მიაქცევენ ხოლმე და ასე ღაღადებენ: „ღმერთმა ქნას ჩვენი იზოლაცია იყოს ყოველთვის, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყოთ იზოლირებული დიდი კედლით, რაც შეიძლება დიდი იზოლაცია გვქონდეს, რაც შეიძლება ძლიერი კედლები იყოს ჩვენს გარშემო აგებული, ეს იზოლაცია დიდ შედეგს მოგვცემს, ღმერთმა სამოთხემდე მიგვიყვანოს ამ იზოლაციით!”. 
წმინდა მიწის დრო
საპატრიარქოს ქონგურებიანი გალავნის კარიბჭეს მსხვილი ასომთავრული წარწერა ამშვენებს. პატრიარქმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების აბრებზე სამივე ქართული ანბანით: მხედრულით, ხუცურით და ასომთავრულით უნდა იყოს შესრულებული წარწერები. საპატრიარქო სივრცეში ძველი საეკლესიო კალენდარი, ძველქართული ენა და არქაული დამწერლობა დავით გარეჯის მონასტრის რემონტთან და ბაგრატის ტაძრის აღდგენასთან ერთად, იმაზე მიგვანიშნებს, რომ დრო აქ უკუღმა – აწმყოდან  წარსულისკენ – მიედინება. აქაურობისთვის თანამედროვე საერო კალენდარი, ენა, ანბანი და არქიტექტურა ისტორიის ხარვეზია, რომელიც უნდა გამოსწორდეს. წარსული, უნდა მობრუნდეს და მყოფადად გადაიქცეს.   
წმინდა წარსული რამდენიმე შრისგან შედგება. პირველი და უახლოესი ფაზა ვარდების რევოლუციამდელი პერიოდია, რომელშიც ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო ქართული გაგება, მუშაობდა ჯიგრობის, ვაჟკაცობისა და ნათესაობის ინსტიტუტები, ხოლო კანონიერი ქურდები და ჩინოვნიკები მაყუთს აკეთებდნენ და ნაწილს ტაძრებისა და საეპისკოპოსო რეზიდენციების მშენებლობაში დებდნენ. ამ  ხანის შემდეგ დიდი შეცდომილი ძის – სტალინის ეპოქა მოდის, რომელიც ფარულად დაუბრუნდა მართლმადიდებლობას და საქართველოს საპატრიარქო განადგურებისგან, ხოლო მთელი ეს უზარმაზარი ევრაზიული სივრცე დასავლეთის სულიერი ექსპანსიისგან დაიცვა. წმინდა დროის მომდევნო ეტაპია რევოლუციამდელი მართლმადიდებელი რუსეთი, რადგან მასში ღვთივცხებული იმპერატორი წმ. ნიკოლოზ მეორე ზეობდა, ქვაზე იდგა და ლოცულობდა სერაფიმ საროველი, ხოლო ილია ჭავჭავაძე წმინდა ილია მართალი იყო. ამ მიჯნის  მიღმა ბოლო კარი იღება და უშუალოდ ოქროს ხანა – წმინდა მეფეების, დედოფლების, ბერებისა და მოწამეების ჟამი დგება. ოქროს შუა საუკუნეები ქართული მართლმადიდებლური სამეფოს აბსოლუტური რელიგიური და პოლიტიკური არქეტიპია, რომელსაც პატრიარქის, მეფისა და მრევლის ძალისხმევით მომავალში ხელმეორედ უნდა შეესხას ხორცი. 
წარსულის ამ დიდ შემობრუნებამდე კი ივერიის კურთხეულ მიწაზე ადამიანები და დინოზავრები ერთად ცხოვრობენ, მღვდლები საკრალურ გზებზე ტოიოტასა და ლექსუსის ჯიპებით მიმოქრიან, ხოლო მრევლს ეს ავტომანქანები ვირები და ჯორები ჰგონია. აქ ყველაფერი კარგადაა, მით უმეტეს, რომ უფალი ჩვენგან სადღაც შორს მრისხანებს და იმ ქვეყნის იავარქმნითაა დაკავებული, რომელშიც ქალიშვილობის ინსტიტუტი ბოლომდე ყოფილა გაუქმებული.
წარმართული და ქრისტიანული დრო-სივრცე
პაულ ტილიჰი წერდა, რომ წარმართული სამყარო შეიძლება განისაზღვროს როგორც კონკრეტული სივრცის ზღვრული ფასეულობა, რომელიც საკრალური შინაარსითაა დატვირთული. პოლითეიზმი ტომის, ეთნოსის, რასის რელიგიაა თავისი ლოკალური  ღვთაებებით, რადგან მათი სამოქმედო არეალი ამა თუ იმ ტერიტორიით მკაცრადაა შემოსაზღვრული. მაგალითად, ზევსი ოლიმპოს მთის მკვიდრია, ხოლო ოკეანეში პოსეიდონი ბატონობს. ამიტომ წარმართული სივრცე დაყოფილია წმინდა და არაწმინდა, პროფანულ და საკრალურ ტოპოსებად. დრო წარსულისკენაა შეტრიალებული და წრეზე ბრუნავს. მისთვის უცხოა უნიკალურობა და ისტორიზმი, რადგან ოქროს ხანა წარსულშია, რომელსაც ბედისწერა და რიტუალი ისევ დააბრუნებს. 
ქრისტიანობა პირიქით, დროზე, ისტორიულ განუმეორებლობასა და უნივერსუმზეა ორიენტირებული. იგი აცხადებს, რომ მის ღმერთს არც რაიმე ადგილი აქვს დაკავებული და არც რომელიმე ეთნოსი ჰყავს ამოჩემებული. მისი დრო წარსულიდან აწმყოს გავლით მომავლისკენ მიემართება, რომელიც საბოლოოდ სამოთხეს, ოქროს ხანას კი არ აღადგენს, არამედ სრულიად ახალ სინამდვილეს, ახალ ცასა და ახალ მიწას ქმნის – სასუფეველს. როცა ქრისტეს ეკითხებიან, სადაა სასუფეველი, ის პასუხობს, რომ ეს განზომილება სადმე კი არა, ადამიანთა შორისაა. ამიტომ ქრისტიანობის ღმერთი დროსა და სივრცეს უკეთესად და უარესად არ ყოფს, არამედ ნებისმიერ დროსა და ადგილას კონკრეტული ადამიანების ისტორიაში, მათ ურთიერთობაში, თანაზიარებაში მონაწილეობს. 
აქედან გამომდინარე, თანამედროვე ქართული მართლმადიდებლობა, ნამყო დროსა და სივრცეზე ორიენტაციის გამო, ალბათ უფრო ორთოპაგანიზმად უნდა მოვიხსენიოთ. როგორც ჩანს, მისთვის კონკრეტული ადამიანი კი არა, ერი, მიწა და დიადი წარსულია საკრალურობის მატარებელი ფენომენები. ამით აიხსნება, რომ პატრიარქი სამების ტაძარს ქართველთა ავტოპორტრეტს უწოდებს; რელიგიური მნიშვნელობით ტვირთავს ივერიის მიწაწყალს, არქაულ ანბანს, ენასა და კალენდარს; რწმენის საკითხებად კი ისეთ წარმოსახვით მოცემულობებს გვაწვდის, როგორიცაა ქართული  ღირებულებები და ბაგრატიონთა მონარქია. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ეროვნული მესიანიზმის ანტურაჟებიცაა, რომლის რადიკალური ვარიანტი ისევ კონკრეტულ სივრცესაა ჩაჭიდებული – ამ მესიანისტური წარმოდგენის თანახმად, მაშინ, როცა მეორედ მოსვლა დაიწყება, ავლაბარში, ელიას მთაზე, სამების ტაძარში იესო ქრისტე დაჯდება, რათა ცოდვილი კაცობრიობა ქართულ ენაზე გაასამართლოს.




წყარო


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий