воскресенье, 26 апреля 2015 г.

იოანე და პავლე: ერთობის ორი განსხვავებული და ურთიერთშემავსებელი ხედვა





პიერ დიუმულენი
ეკუმენიზმი, გაგებული როგორც მისწრაფება ეკლესიის ერთობისაკენ აღმსარებლობათა განსხვავების მიუხედავად, არ არის „შესაძლო“ არჩევანი ქრისტიანთათვის, არამედ პასუხია ღვთის ნებაზე.

ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსი, ქრისტიანული რწმენის მოკლე შეჯამება, ხანგრძლივი მსჯელობის შედეგი, დაფუძნებული წმიდა წერილზე და შთაგონებული სულიწმიდის მიერ ამტკიცებს: „გვწამს ერთი წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესია“. ამრიგად, ეკლესიის ერთობა და ერთიანობა არის ფუნდამენტური რწმენის დოგმა ყველასათვის, ვინც თავს ქრისტიანს უწოდებს. ბერძნულად და ლათინურად მტკიცება არ ნიშნავს „გვწამს ერთი ეკლესია“, სხვათაგან გამოყოფილი, არამედ „გვწამს ეკლესია, რომელიც არის ერთი, არის წმიდა, არის კათოლიკე და სამოციქულო“. ეს დოგმა არ ნიშნავს იმას, რომ „ჩემი ეკლესია“ კარგია, სხვები კი ცრუ მოძღვრებას ემყარებიან, არამედ ყველა, ვინც ქრისტეშია, ქმნის ერთ ეკლესიას, ყველა ეკუთვნის ერთ ეკლესიას, ერთ სხეულს. ერთობა არ ნიშნავს ერთფეროვნებას. ეკლესიის ერთობა სამების ერთობას ეფუძნება. ჩვენ ვამბობთ: „გვწამს ერთი ღმერთი“. და ეს არ გვიშლის ხელს ვაღიაროთ, რომ ღმერთი სამპიროვანია. ათვლის წერტილი ნათლობაა, რადგან ჩვენ „ვაღიარებთ ერთ ნათლისღებას მისატევებელად ცოდვათა“. მაშასადამე, ჩვენ ვაღიარებთ, რომ გვწამს ერთი ღმერთი, ერთი ეკლესია და ერთი ნათლისღება.
სურთ თუ არა ეს ადამიანებს, წესთა, წარმოშობის, რწმენის გამოხატვის, შინაგანი ბრძოლისა თუ ისტორიული კონფლიქტების მიუხედავად, ეკლესია ერთია. ქრისტე აერთიანებს ადამიანებს თავის სიკვდილსა და აღდგომაში. ერთობის ნიშანია „ერთი ნათლისღება მისატევებელად ცოდვათა“, ქრისტეს სიკვდილსა და აღდგომაში თანაზიარება. ეკლესია ერთია, ნიჭები კი - სხვადასხვა. დროთა განმავლობაში ამა თუ იმ ნიჭის მიღება-არმიღებამ წინააღმდეგობები წარმოშვა, მაგრამ ეს ასე არ უნდა იყოს, ამან განხეთქილებამდე არ უნდა მიგვიყვანოს.
ერთობა კონკრეტული ფაქტია, მაგრამ იგი სუბიექტურად უნდა გამოვცადოთ, რათა ჩვენი რწმენა არ იყოს თეორიული, არამედ იყოს მოწმეობა „საქმით და ჭეშმარიტებით“. ჭეშმარიტება ვლინდება ერთგულთა ერთობლივ ზრუნვაში ეკლესიასა და მათზე, ვინც ჯერ კიდევ ეკლესიის გარეთ რჩება. ეს არის ძალისხმევა, ვიცხოვროთ ერთობის მრავალფეროვნებაში, რომელსაც „ეკუმენიზმს“ ვუწოდებთ. ეს არ არის რელატივიზმი, არამედ სიყვარულის მცნების, ქრისტეს ნების აღსრულება.
ერთობის თემა გზამკვლევია მათთვის, ვინც სახარების თანახმად ცდილობს ცხოვრებას. მოწაფეთა ერთობა ქრისტეს უმთავრეს საზრუნავთაგანია. განხეთქილების პრობლემა ეკლესიის არსებობის დასაწყისშივე, მოციქულთა მიერ დაარსებულ პირველ საკრებულოებში წამოიჭრა. ეკლესია მუდამ იბრძოდა ერთობისთვის, ყოველთვის ცდილობდა შეენარჩუნებინა სიწმიდე, საყოველთაობა, მოციქულობა, და იგი დროთა აღსასრულამდე გააგრძელებს ბრძოლას, რათა შეინარჩუნოს ეს ოთხი თვისება, რომელიც მუდამ ეძლევა სულიწმიდით ქრისტეს მიერ. განხეთქილებათა დაძლევა ქრისტეს ეკლესიის ერთობის შენარჩუნებისათვის ღვთის მუდმივი მოწოდებაა. ახალი აღთქმა გვასწავლის, რომ ცხოვრება ერთობაში და სახარების თანახმად ერთი და იგივეა.
ქრისტეს მოძღვრების გადმოცემისას იოანე და პავლე მოციქულები ერთობას სიყვარულსა და ჭეშმარიტებაში ხედავენ. იოანე გადმოგვცემს სიტყვებს, რომლებიც იესოს ბაგეთაგან მოისმინა და მათზე ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ჩაწერა ახალი წელთაღრიცხვის 90-იან წლებში. პავლე არ ყოფილა იესოს თანამგზავრი პალესტინის გზებზე, მაგრამ შეხვდა მკვდრეთით აღმდგარს. მისი ეპისტოლეები იოანეს სახარებამდე დაიწერა, 50-60-იან წლებში. პავლემ აიღო კალამი, რათა მის მიერ დაარსებულ საკრებულოთა კონკრეტულ პრობლემებზე ეპასუხა. ამრიგად, დაწერის პირობები სხვადასხვაა, მაგრამ უწყების თემა ერთი და იგივე: ეკლესიის ერთობა სიყვარულის მოთხოვნაა, ღვთის ნება, რომლის მასხრად აგდება მკრეხელობაა.

1. ეკლესიის ერთობა იოანეს ნაწერებში

საიდუმლო სერობის შემდეგ იესოს სიტყვებში განსაკუთრებული სიძლიერით გაისმის მოწოდება მორწმუნეთა ერ~თობისკენ. ამგვარად, მოწაფეთა ერთობისთვის ზრუნვა გარდუვალ სიკვდილსა და ხსნის განგებულებას უკავშირდება. ერთობისთვის ბრძოლა, რომელიც პასექის შემდეგ დაიწყება, ყველა დროის მოწაფეს ეხება.
იოანე გვასწავლის, რომ ეკლესიის ერთობა ერთდროულად არის:
- იესოს სურვილი, რომელიც ვლინდება მის ლოცვაში.
 ეს უკანასკნელი სურვილი გამოხატულია მამისადმი აღვლენილ „სამღვდელო“ ლოცვაში და არის „ანდერძის“ ნაწილი, რომელსაც მოწაფეებს ვნების წინ უტოვებს:

„გთხოვ... იმათზეც, ვინც ჩემი მორწმუნენი იქნებიან თავიანთი სიტყვით. რათა ყველა ერთი იყოს“ (ინ. 17:21-22).
ქრისტეს ლოცვა მეტია, ვიდრე მცნება. მასში გვეცხადება ძის ურთიერთობა მამასთან. ამრიგად, ეკლესიის ერთობა მჭიდროდ უკავშირდება მამისა და ძის მარადიულ ურთიერთობას. ქრისტიანთა ერთობა სამების სიყვარულის გამოცხადების აუცილებელი პირობაა.

კაცთა ხსნის მისიის მოთხოვნა.

ამრიგად, მოწაფეთა ერთობაზე დამოკიდებულია რწმენა და სხვა ადამიანთა ხსნა. მორწმუნეთა ურთიერთობაში მათ მამისა და ძის ურთიერთობის „საიდუმლო“ ეცხადებათ. ეს ურთიერთობა ერთდროულად არის „მოვლინება“ და „სიყვარული“, რადგან ძე, თავის ღვთიურობაში და ადამიანურობაში, არის მარადიულად „მოვლენილი“ და „საყვარელი“ მამისა.
„...როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი - შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს სოფელმა, რომშენ მომავლინე. და დიდება, რომელიც შენ მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართერთნი. მე მათში და შენ ჩემში, რათა სრულყოფილნი იყვნენ ერთში და რათა იცოდეს სოფელმა, რომშენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე“ (ინ. 17:21-23).
მამისადმი მიმართული იესოს ეს სიტყვები ადსასტურებს იმას, რაც მან უკვე უთხრა მოწაფეებს:
„ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებთ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ“ (ინ. 13:35).
ამრიგად, ერთობა ქრისტეს მოწმეობის ნაწილი და მისიის მოთხოვნაა.

ჯვრის მსვერპლის მიზეზი

იესო მოკვდა, რათა ერთობის ცენტრი გამხდარიყო, „რომ ღვთის გაფანტული შვილები შეეკრიბა ერთად“ (ინ. 11:52).
„და როცა ავმაღლდები მიწიდან, ყველას ჩემთან მივიზიდავ.“ ამას იმის მისანიშნებლად ლაპარაკობდა,თუ როგორი სიკვდილით აპირებდა სიკვდილს“ (ინ 12,32-33).
მეოთხე სახარებაში სხვა სიმბოლოებიც მიგვანიშნებს ამ განუყოფელ ერთობაზე, ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის ნაყოფზე: უკერველი კვართი, რომლის გაყოფა ვერ გაბედეს ჯარისკაცებმა (ინ. 19:23-24), ქრისტეს ჯვარცმული, მაგრამ შეუმუსრავი სხეული, ნამდვილი კრავი პასექისა, რომელიც მსხვერპლად იწირება, მაგრამ „მისი ძვალი არ შეიმუსრება“ (ინ. 19:36), თევზით სავსე ბადე, რომელიც არ გაიხა თევზის სიმრავლის მიუხედავად (ინ. 21:11), ვაზი და მისი ლერწები - მოწაფეები (ინ. 15), „კეთილი მწყემსის“, ქრისტეს, ერთი ფარა: „მე სხვა ცხვრებიც მყავს, არა ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო და მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი“ (ინ. 10:16), ნატეხები, რომლებიც პურთა გამრავლების შემდეგ დარჩა: „მოაგროვეთ ნამუსრევი, რომ არაფერი დაიკარგოს“ (ინ. 6:12). ამ ქმედების სიმბოლიზმი განმარტებულია შემდეგ სიტყვებში: „ეს არის ნება იმისი, ვინც მე მომავლინა, რათა რაც მომცა, არაფერი დამეკარგოს, არამედ აღვადგინო უკანასკნელ დღეს“ (ინ. 6:39).
ამ უკანასკნელ სახეში გადმოცემულია ერთობის ესქატოლოგიური განზომილება: ქრისტეს ნებით მოციქულთა მიერ შეკრებილ მოწაფეთა ერთობა ზეციური იერუსალიმის, კრავის სასძლოს წინასახეა: „ვიხილე წმიდა ქალაქი ახალი იერუსალიმი, რომლიც ღვთისაგან ეშვებოდა ციდან გამზადებული, როგორც თავისი ქმრისათვის მორთული სასძლო... ისინი იქნებიან მისი ერი...“ (გამოცხ. 21:2-3).
ერთობა, რომელიც სრულად განხორციელდება მხოლოდ ახალ სამყაროში, მსგავსად წმიდა სამების ერთობისა, მრავალჯერ მტკიცდება იესოს მიერ: „მე და მამა ერთი ვართ“ (ინ. 10:30). „მე მამაში ვარ და მამა ჩემშია“ (ინ. 14:10). ამიტომ მოწაფეთა ერთობა არის, პირველ რიგში, თანაზიარება მამასთან ქრისტეში და ქრისტეს მიერ. ქრისტე მამის მხოლოდშობილი ძეა (ამრიგად, ერთია ღვთის მამობაც). ეს არის საფუძველია ქრისტიანთა ერთობისა, როგორც ნაჩვენებია ვაზის სახეში (ინ. 15): ძე ერთია, ამიტომ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ეკლესია - ქრისტეს სხეული. თანაზიარება არ არის ქრისტიანთა უბრალო კავშირი, არამედ „ქრისტეში დარჩენა“, „მის სიყვარულში დარჩენა“, ახალი მცნების, სიყვარულის მცნების დაცვა: „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ“ (ინ. 15:12). ქრისტეს არა მხოლოდ ეკლესიის წევრთა კავშირი სურს, არამედ თანაზიარება მის სიყვარულში და მასთან ერთად მამის სიყვარულის მოზიარეობა: „რათა თქვენ გქონდეთ თანაზიარება ჩვენთან, ხოლო ჩვენი მოზიარეობა არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან“ (1 ინ. 1:2-3).
იოანესთვის წევრთა თანაზიარება სამოციქულო ერთობაში ხორციელდება.
„თანაზიარება ჩვენთან“ (1ინ 1,2; მოციქულები ამის უშუალო მოწმენი არიან) ნიშნავს მორწმუნეთა თანაზიარებას მამასთან და ძესთან და ამრავლებს ეკლესიას. პირველი საკრებულოს „მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული და სული ჰქონდა“ (საქ. 4:32; იხ. 2:42-47; 5:12-16). ერთგულნი მოციქულის გარშემო იყვნენ შემოკრებილნი. იოანეს სახარებაში ამ ერთობას შვიდი მოციქული განასახიერებს. ისინი პეტრეს ნავით ტიბერიის ზღვაზე თევზაობენ. მოციქულების ერთადერთი ბადე თევზის სიმრავლის მიუხედავად არ გაიხა (ინ. 21:11). ეს ეკლესიის ისტორიის სახეა, 153 თევზი კი ყველა ერს აღნიშნავს. მათეს სახარე ბის ბოლოს იესო ეუბნება მოციქულებს: „აჰა, მე თქვენთან ვარ დღენიადაგ საუკუნის დასასრულამდე“ (მთ. 28:20). სწორედ სამოციქულო ერთობაში მყოფობს იგი ამ სამყაროში. გამოცხადებაში იოანე ადასტურებს ერთობის სამოციქულო განზომილებას არა მხოლოდ ისტორიაში, არამედ მარადიულობაშიც: „ქალაქის გალავანს ჰქონდა თორმეტი საძირკველი და მათზე იყო კრავის თორმეტი მოციქულის სახელები“ (გამოცხ. 21:14).

ამრიგად, ეკლესიის ერთობას ორმაგი საფუძველი აქვს - ღვთიური და ადამიანური. პირველი მარადიულია: ძის ვედრებაში მამის ნება აირეკლება. მეორე ისტორიაში ხორციელდება: ეს მხოლოდშობილი ძის მსხვერპლია, - იესო ჯვარს ეცვა, „რომ ღვთის გაფანტული შვილები შეეკრიბა ერთად“.
ეკლესიის ერთობას ტრინიტარული განზომილება აქვს („რათა ისინიც იყვნენ ჩვენში“ ინ. 17:21): სამების ერთობა ეკლესიის ერთობას მოითხოვს. მაგრამ მას ქრისტოლოგიური განზომილებაც აქვს („თქვენ ჩემში დარჩით“ ინ. 15:4), რადგან მხოლოდ იესოში და იესოს მიერ შეიძლება გაერთიანდეს კაცობრიობა; ხსნის განზომილებაც („რათა ირწმუნოს სოფელმა“. ინ. 17:21-23): ქრისტეს ეკლესიის ხილული ერთობა აუცილებელია თანაზიარებისკენ მოწოდებულ ყველა ადამიანთა ხსნისათვის; დაბოლოს, ესქატოლოგიური განზომილება („რათა არაფერი დამეკარგოს, არამედ აღვადგინო უკანასკნელ დღეს“ ინ. 6:39), რადგან მიწიერი ერთობა ზეციური იერუსალიმის ერთობას წარმოადგენს.
უნდა დავრჩეთ იესოს სიყვარულში („გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“) და შევინარჩუნოთ სამოციქულო თანაზიარება. ეს არის მრავალფეროვანი ერთობის საფუძველი, რომელიც იესოს სურს.

2. პავლე და კორინთოს ეკლესიის ერთობა

პავლეს ეპისტოლეები მიმართულია საკრებულოთა მიმართ და უძველესი ეკლესიის ცხოვრებას აირეკლავს. კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლის დასაწყისი ერთობის დაცვაა: ახალდაარსებულ საკრებულოში, მხოლოდ ოცი წლის შემდეგ იესო ქრისტეს აღდგომიდან, უკვე წარმოიშვა განეთქილება. ეპისტოლეს პირველ ოთხ თავში პავლე საფუძველს უყრის ეკლესიოლოგიას, (რომელსაც შემდგომში განავითარებს, - განსაკუთრებით, ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში) და გვაძლევს ერთობის ღვთისმეტყველების გასაღებს.

პავლეს პერსპექტივა იოანეს პერსპექტივისაგან განსხვავდება. განსხვავებულია სახეებიც. მაგრამ ერთობის ღვთისმეტყველება იგივეა: ერთობა ეკლესიის ცხოვრების საფუძველია.

იოანეს მსგავსად, პავლე ამტკიცებს, რომ ეკლესიის ერთობა ღვთის ნებაა, რომელიც ქრისტეში ხორციელდება: ეკლესია „მოწოდებულთა კრებულია“, ამიტომ ეკლესიაში ცხოვრება არის პასუხი ღვთის მოწოდებაზე:
„სარწმუნოა ღმერთი, რომლისგანაც იქენით მოწოდებულნი მის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთანთანაზიარებისათვის“ (1 კორ. 1:9).
ისევე, როგორც იოანე, პავლეც ხაზს უსვამს ქრისტეს მსხვერპლის მნიშვნელობას ერთობისათვის. იგი გმობს განხეთქილებას კორინთოს საკრებულოში: „განა გაიყო ქრისტე? განა პავლე ეცვა ჯვარს თქვენთვის?... ქრისტეს... მოვუვლენივარ სახარებლად - არა ბრძნული სიტყვებით, რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარი“ (1 კორ 1:13,17). ამგვარად, სწორედ ქრისტეს ჯვარია ეკლესიის ერთობის საფუძველი. იგი აბსურდულს ხდის ყოველგვარ გაყოფას.
იოანეს მსგავსად, პავლეც საუბრობს მოციქულთა კრებულის როლზე ეკლესიის ერთობის შენარჩუნებაში:
„ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი - ღვთის ყანა და ღვთის შენობა... მე საძირკველიდავუდე... არავის ძალუძს დაუდოს სხვა საძირკველი, გარდა იმისა, რაც დადებულია, რომელიც არისიესო ქრისტე“ (1 კორ. 3:9-11).
„თქვენ ხომ ქრისტესი ხართ, ქრისტე კი ღვთისაა. ადამიანმა ისე შეგვრაცხოს ჩვენ, როგორც ქრისტესმსახურნი და ღვთის საიდუმლოთა მნენი“ (1 კორ. 3:23-4,1).
რაც შეეხება ერთობის ტრინიტარულ საფუძველს, პავლესთან მეტად არის წარმოჩენილი სულიწმიდის როლი, ვიდრე იოანესთან. იგი მოქმედებს ეკლესიაში და ახორციელებს ერთობას მრავალფეროვნებაში:
„სხვადასხვაა ნიჭი, მაგრამ სული ერთია. მსახურებანიც სხვადასვანაირია, უფალი კი ერთია.მოქმედებანიც სხვადასხვანაირია, ხოლო ღმერთი ერთია, რომელიც ამოქმედებს ყველას ყველაში.მაგრამ თითოეულს ეძლევა სულის გამოვლინება სასიკეთოდ... ხოლო ყოველივე ამას აკეთებს ერთი დაიგივე სული, რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს, როგორც ნებავს“ (1 კორ. 12:4-11).
„მადლი უფლისა იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და თანაზიარება სულიწმიდისა იყოსყველასთან თქვენთან“ (2 კორ. 13:13).
მოწაფეთა ურთიერთსიყვარული განამტკიცებს ერთობას. ეპისტოლეს დასაწყისში პავლე ამბობს:„ხოლო მე შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველანი ამბობდეთ ერთსადა იმავეს და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებით და აზრით“ (1 კორ. 1:10).
ნიჭთა სიმრავლემ შეიძლება პაექრობა და განხეთქილება წარმოშვას მორწმუნეთა შორის, მაგრამ არა სიყვარულმა. სიყვარულის ჰიმნი (1 კორ. 13) წარმოგვიდგენს სიყვარულს, როგორც ფუნდამენტურ ნიჭს: „სიყვარული... არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავსბოროტს“ (1 კორ. 13:5). ეპისტოლეში კოლოსელთა მიმართ წმიდა პავლე აზუსტებს: „და ყოველივე ამასდაურთეთ სიყვარული, რაც სრულქმნილების კავშირია. ბატონობდეს თქვენს გულებში ღვთისმშვიდობა, რომლისკენაც მოწოდებულნი ხართ ერთ სხეულად და იყავით მადლიერნი“ (კოლ. 3:14-15).
მოსაკრებელი იერუსალიმის ეკლესიისათვის (1 კორ. 16) ხილული ნიშანია ერთობისა, რომელიც გულმოწყალებასა და ეკლესიათა ერთმანეთისთვის ზრუნვაში გამოვლინდება. ეს სიყვარულის სიწრფელის გამოცდაა (იხ. 2 კორ. 8:8), ნიშანი „ხელგაშლილობისათვის მათთან და ყველასთანთანაზიარებაში“ (იხ. 2 კორ 9:13).
პავლე საუბრობს ერთობის ზნეობრივ დაბრკოლებებზე, რასაც სრულებით არ ეხება იოანე. განხეთქილების მიზეზი ამპარტავნებაა:
„ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ. ვინაიდან თუ შური და დავაა თქვენს შორის, განა ხორციელნი არახართ და ადამიანისებურად არ იქცევით?“ (1 კორ. 3:3).
„არ გადახვიდეთ დაწერილს და არ გაუყოყოჩდეთ ერთმანეთს. რადგან, ვინ განგასხვავებს? რა გაქვს,რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რად იკვეხნი, თითქოს არ მიგეღოს? დიახ, უკვე გაძეხით, უკვეგამდიდრდით, ჩვენს გარეშე გამეფდით“ (1 კორ. 4:6-8).
იოანეს მსგავსად, პავლეც საუბრობს ერთობის ესქატოლოგიური მნიშვნელობის შესახებ: ერთობის საფუძველი სიყვარულია, ხოლო „სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორ. 13:8). ეპისტოლეს მეთხუთმეტე თავში (რომელსაც ვერ გამოვმიჯნავთ პირველი თავებისაგან, სადაც ერთობაზეა საუბარი) პავლე ხაზს უსვამს ესქატოლოგიურ განზომილებას: „როგორც ადამში კვდება ყველა, ასევეგაცოცხლდება ქრისტეში. და თითოეული თავისი წესით: პირველად ქრისტე, ხოლო შემდეგ ქრისტესნიმის მოსვლისას“ (1 კორ. 15:22-23).
პავლეს სახეები, იოანეს სახეთაგან განსხვავებით, უფრო თეორიულია, „აკადემიური“, ბერძნული ფილოსოფიიდან და პალესტინის ებრაელთა ყოველდღიური ცხოვრებიდან ნასესხები.

ეკლესია ერთ მთლიანობას ქმნის. მისი ერთობა ღვთის ნებაა. ეკლესია „ღვთის ყანაა“, რომელშიც მოციქულები მხოლოდ მუშაკნი არიან, დარგულის გამზრდელი კი ღმერთია (იხ. 1 კორ. 3:7). ეს სახე გვიჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს ეკლესიაში ღმერთი, სიცოცხლისა და ნაყოფიერების წყარო და წარმოგვიჩენს ეკლესიის ორმაგ „ბუნებას“, ერთდროულად ღვთიურსა და ადამიანურს.

ეკლესიას თავისი შინაგანი სტრუქტურა და ისტორია აქვს. იგი „ღვთის ტაძარია“, რომლის „ხუროთმოძღვრები“ მოციქულები არიან, საძირკველი კი ქრისტეა (1 კორ. 3:10). ამ ტაძარში სულიწმიდა მკვიდრობს: „ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში“ (1 კორ. 3:16). ეკლესიის გაყოფა ღვთის ტაძრის ნგრევაა. ამიტომ გაყოფის მქადაგებელნი მკრეხელობას სჩადიან: „თუვინმე დააზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას“ (1 კორ 3:17). პავლე ამ სახეს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეშიც მიმართავს: „თქვენ უკვე აღარა ხართ უცხოები და მდგმურები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სხეულნი, დაშენებულნი მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი, რაზედაც მთელი შენაწევრებული შენობა იზრდება უფალში წმიდა ტაძრად, რომელზეც შენდებით თქვენც ღვთის დასამკვიდრებლად სულში“ (ეფ. 2:19-22).
ეკლესია ცოცხალია და მრავალწევრი. ამიტომაც იგი შეიძლება შევადაროთ სხეულს: იგი ქრისტეს სხეულია. ამ სახეს პავლე ყველაზე ხშირად მიმართავს და თანდათან ავითარებს თავის ეპისტოლეებში.

3. ერთობა მრავალფეროვნებაში: სხეულის სახე

ამ სახეს პავლე პირველად კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს მეთორმეტე თავში მიმართავს და კვლავ უბრუნდება მას დაახლოებით ათი წლის შემდეგ რომაელთა, კოლოსელთა და ეფესელთა მიმართ ეპისტოლეებში. წლების განმავლობაში სახე დაიხვეწა, მასში უფრო მკაფიოდ წარმოჩნდა ერთობის მრავალფეროვნება, რომელიც ეკლესიის ბუნებას წარმოადგენს.
- პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ და ეპისტოლე რომაელთა მიმართ: ერთი სხეულისწევრები
ქრისტეს აღდგომის შუქზე ეს კლასიკური სახე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ქრისტეს აღმდგარი სხეული არა სახე, არამედ ურღვევი სინამდვილეა.
პავლე შეხვდა მკვდრეთით აღმდგარს დამასკოს გზაზე. მისთვის ქრისტესთან ურთიერთობა შეკითხვით დაიწყო: „სავლე, სავლე, რად მდევნი მე?“ (საქ. 9:4). პავლე უმალვე მიხვდა: როდესაც კლავდა და ტანჯავდა ქრისტიანებს, თვით ქრისტეს სხეულს ესხმოდა თავს. ამრიგად, ეკლესია გახდა პავლესთვის იესოს სხეული, „სულიწმიდით გაცოცხლებული“, განდიდებული კაცობრიობა პასექის დილისა. ქრისტეს სხეულად ყოფნა ნიშნავს შევუერთდეთ მკვდრეთით აღმდგარს, ვიქცეთ მის წევრებად (1 კორ. 6:15). მეტიც: ჩვენი სხეული უნდა იქცეს ქრისტეს განდიდებული სხეულის განუყოფელ რეალობად (1 კორ. 12:13). ამიტომ ქრისტიანს ორმაგი ზნეობრივი ვალდებულება აკისრია: ინდივიდუალური და საზოგადოებრივი, ანუ საკუთარი სხეულის სიწმიდის დაცვა და ზრუნვა ეკლესიის წევრთა ერთსულოვნებაზე: „თქვენ კი ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე - მისი ასოები“ (1 კორ. 12:27); „მრავალნი ერთ სხეულად ვართ ქრისტეში, ხოლო ერთიმეორისათვის - ასონი“ (რომ. 12:5).

ერთობის საკრამენტული მნიშვნელობა

აღმდგარ ქრისტესთან ნათლისღებით გავერთიანდებით: „ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად - იუდეველები თუ ელინები, მონები თუ თავისუფლები, და ყველას ერთი სული გვისვამს“ (1 კორ. 12:13). იგივე აზრი მეორდება ეპისტოლეში გალატელთა მიმართ: „ვინაიდან, რაკი ყველა მოინათლეთ ქრიტეში, ქრისტეში შეიმოსენით. უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართქრისტე იესოში“ (გალ. 3:27- 28).
ნათლობის შემდგომ ეკლესიის წევრთა საიდუმლო ერთობა ზიარებაში ხორციელდება: „კურთხევის სასმისი, რომელსაც ჩვენ ვაკურთხებთ, განა ქრისტეს სისხლის თანაზიარება არ არის? პური, რომელსაც ჩვენ ვტეხთ, განა ქრისტეს სხეულის თანაზიარება არ არის? ვინაიდან პური ერთია, ჩვენ კი მრავალნი - ერთი სხეული, რადგან ყველა ერთი პურიდან ვეზიარებით“ (1 კორ. 10:16-17).
ამ სიტყვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შემდეგ თავში პავლე გვახსენებს: „უფალმა იესომ იმ ღამეს, რომელსაც გაიცემოდა, აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: „მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონრად.“ ასევე ასწია სასმისიც სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონრად, რამდენჯერაც სვამდეთ... ამიტომ ვინც შეჭამს ამ პურს და დალევს სასმისს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე“ (1 კორ. 11:23-27). ამრიგად, ლიტურგიაში განდიდებული ევქარისტიული სხეული განუყოფელია ეკლესიის მისტიკური სხეულისაგან: თანამოზიარენი ერთ სხეულს შეადგენენ.

- ეპისტოლეები კოლოსელთა და ეფესელთა მიმართ: ქრისტე „ეკლესიის თავი“

კოლოსელთა და ეფესელთა მიმართ ეპისტოლეებში, რომლებიც ტყვეობაში დაიწერა, პავლეს ახალი ცნება შემოაქვს: „სხეულის თავი“ (ეფ. 1:22; 5:23; კოლ. 1:18; 2:19). სხეულის წევრთა ძმურ ურთიერთობასა და ერთობას „სხეულის თავი“ მართავს: „ის არის ეკლესიის სხეულის თავი. ის არის დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, რათა მას ჰქონდეს პირველობა ყველაფერში. რადგან მასში მოიწონა მთელი სისავსის დამკვიდრება, რათა მისით შემოერიგებინა ყოველი, დაემშვიდებინა მისი ჯვრის სისხლით მიწაზე თუ ცაში“ (კოლ. 1:18-20; იხ. 2:10).
ქრისტეში „თავმოყრის“ (anakephalaiosis, ეფ. 1:10) იდეას ეფესელთა ჰიმნშიც ვხვდებით. ამ ტერმინით პავლე ღმრთის ნების საიდუმლოს, მამის კეთილ განგებულებას გამოხატავს. ჰიმნი გადმოგვცემს ღვთის ჩანაფიქრს: ეკლესიის დაფიძნება, რომლის თავი ქრისტეა, „რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია, საკუთრების გამოსასყიდად მისი დიდების საქებრად“ (ეფ. 1:14).
ასევე, კოლოსელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე საუბრობს სხეულზე - ეკლესიაზე, რომლის თავი ქრისტეა: „რაც ქრისტეს დააკლდა, ვავსებ საკუთარი ხორცით მისი სხეულისათვის, რომელიც ეკლესიაა“ (კოლ. 1:24). „თავი, რომლისგანაც მთელი სხეული, სახსრებითა და კავშირებით შენივთებული, იზრდება ღვთისმიერი ზრდით“ (კოლ. 2:19). „მოწოდებულნი ხართ ერთ სხეულად“ (კოლ. 3:15).
ეპისტოლეში ეფესელთა მიმართ პავლეს ეკლესიოლოგია მწვერვალს აღწევს. სხეულის სახეში წარმოჩენილია ეკლესიის ერთობა, რომელიც სულიწმიდის მიერ ხორციელდება.
„რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად... მან იმოქმედა ქრისტეში... და ყოველივე დაუმორჩილა მის ფერხთა ქვეშ და დაადგინა იგი ყველაფერზე - თავად ეკლესიისა, რომელიც მისი სხეულია, სისავსე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეში“ (ეფ. 1:17-23).
„გააუქმა მტრობა თავისი ხორცით, მცნებათა რჯული - მცნებებით, რათა ორისაგან თავის თავში შეექმნა ერთი ახალი კაცი, მშვიდობისმყოფელი. და ერთ სხეულში ორივე შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით მტრობის მოკვდინებით მასში. მოვიდა და გახარათ მშვიდობა თქვენ - შორებელთ და ახლობელთ, ვინაიდან მისი მეშვეობით ორივეს გვაქვს ერთი სულით მისადგომი მამასთან“ (ეფ. 1:16-18).
„ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთ სასოებაში. ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება, ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც არის ყოველთა ზედა, ყველას მიერ და ყველა ჩვენგანში“ (ეფ. 4:4-6).
„მან დააყენა... წმიდანები მსახურების საქმისათვის - ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად, ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შეცნობას სრულ კაცად, ქრისტეს სისავსის ასაკის ზომას... ჭეშმარიტების მეტყველნი სიყვარულით, ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი - ქრისტე; ვის მიერაც მთელი სხეული... იზრდება თავისი თავის სიყვარულის აღსაშენებლად“ (ეფ. 4:11-16).
„ვინაიდან ერთიმეორის ასოები ვართ... ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის სულიწმიდას, რომლითაც თქვენ აღიბეჭდეთ გამოსყიდვის დღისათვის“ (ეფ. 4:25-30).
„ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავისი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები... არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს და უვლის მას, როგორც უფალი ეკლესიას. იმიტომ, რომ მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი“ (ეფ. 5:28-30).
ამ უკანასკნელ მონაკვეთიდან ვხედავთ, როგორ ეფუძნება ეკლესია-სხეულის სახეს კიდევ ერთი საიდუმლო - ქორწინება. ნათლობა, ზიარება, ქორწინება - ამ საიდუმლოებებში ვლინდება ეკლესიის ერთობა როგორც ერთგულთა ურთიერთობა და მათი კავშირი ქრისტესთან.
ამრიგად, პავლე თანდათან ავითარებს ეკლესიის, როგორც სხეულის, ერთობის თემას. კორინთელთა და რომაელთა მიმართ ეპისტოლეებში ხაზი ესმევა წევრთა ურთიერთდამოკიდებულებას „ერთიმეორისათვის ასონი“ (რომ. 12:5). „ეკლესიის თავის“ სახე წარმოაჩენს ქრისტეს ადამიანურობას და ეკლესიის დინამიურობას: იგი „სხეულის თითოეული ასოს ზომიერად მოქმედებით იზრდება თავისი თავის სიყვარულში აღსაშენებლად“ (ეფ. 4:16); „მთელი შენაწევრებული შენობა იზრდება უფალში წმიდა ტაძრად“ (ეფ. 2:21).
ერთობა ერთდროულად არის ნიჭი და მისია: „ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკერველით“ (ეფ. 4:3) და „ჭეშმარიტების მეტყველნი სიყვარულით, ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი - ქრისტე“ (ეფ. 4:15).
4. ერთობა როგორც რწმენის ვალდებულება

„ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაანგრია მათ შუა მდგარი ზღუდე. გააუქმა მტრობა თავისი ხორცით, მცნებათა რჯული - მცნებებით, რათა ორისაგან თავის თავში შეექმნა ერთი ახალი კაცი, მშვიდობისმყოფელი. და ერთ სხეულში ორივე შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით მტრობის მოკვდინებით მასში“ (ეფ. 2:14-16).
„ჩვენ ერთ სხეულში მრავალი ასო გვაქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე. ასევე ჩვენ, მრავალნი ერთ სხეულად ვართ ქრისტეში, ხოლო ერთიმეორისათვის ასონი“ (რომ. 12:4-5).
ერთგულთ სულის ერთობა უნდა ჰქონდეთ, მშვიდობის საკვრელით შეკრული, რადგან „ერთია სხეული და ერთია სული... ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება“ (ეფ. 4:3-5).
„იყავით მშვიდობიანად ერთმანეთში“ (1 თეს. 5:13).
„ასევე ჩვენ, მრავალნი ერთ სხეულად ვართ ქრისტეში... სიყვარული წრფელი იყოს. გძაგდეთ ბოროტი და მიეკვროდეთ კეთილს. ძმათმოყვარეობაში - ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარულით, პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით. იბეჯითეთ და ნუ დაიღლებით. სულით აღეგზენით. ემსახურეთ უფალს. იხარეთ იმედში...“ (რომ. 12:5-12).
პავლე გმობს ყოველგვარ გაყოფას, რადგან „ღმერთმა განალაგა ასოები სხეულში - თითოეული მათგანი, როგორც ნებავდა... რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში, არამედ ყველა ასო ერთნაირად ზრუნავდეს სხვაზე“ (1 კორ. 12:18-25).
„არ იყოს თქვენში შუღლი, შური, მძვინვარება, დავიდარაბა, ცილისწამება, ენატანიობა, გულზვაობა და შფოთი“ (2 კორ. 12:20).
„არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებით და აზრით“ (1 კორ. 1:10).
„დაყოფა არსებობს თქვენს შორის... რა გითხრათ? შეგაქოთ? ამისთვის არ გაქებთ!“ (1 კორ. 11:18-22).
ეპისტოლე ფილიპელთა მიმართ წარმოგვიდგენს მორწმუნეთა ერთობას როგორც ქრისტეს მიბაძვის უმაღლეს ფორმას, რადგან იგი მორჩილებას მოითხოვს. პავლე მოუწოდებს ერთგულთ: „ამრიგად, თუ არის რაიმე ნუგეშისცემა ქრისტეში, თუ არის რაიმე სალბუნი სიყვარულისა, თუ არის რაიმე თანამოზიარეობა სულისა, თუ არის რაიმე თანაგრძნობა და შეწყალება, შეავსეთ ჩემი სიხარული, რათა ერთსა და იმავეს ფიქრობდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყოთ ერთსულოვანნი და ერთაზროვანნი... თქვენშიაც იმ საფიქრალზე იფიქრეთ, რაც ქრისტე იესოშია“ (ფილლიპ. 2:1,2:5).
5. დასკვნა: ეკლესიის ერთობა და ეკუმენიზმი
ეკლესიის ერთობა ღვთის ნებაა, კაცთა ხსნის მარადიული განგებულება, - ნება, რომლის საზღაური ქრისტეს ძვირფასი სისხლია. ერთობა ერთდროულად არის ნიჭი და ვალდებულება, რომელიც ადამიანს დაეკისრა. ნიჭი რწმენის დოგმაა, რწმენა ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომისა, რათა „ღვთის გაფანტული შვილები შეეკრიბა ერთად“. „ერთობის ვალდებულება“ ახალი მცნების აღსრულებით ხორციელდება: „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ“. სიყვარული მსხვერპლია. იგი თავგანწირვას მოითხოვს. სწორედ ამ ახალ მცნებას ეფუძნება ეკუმენური მოძრაობა. ქრისტიანებმა უნდა იცხოვრონ რწმენაში და ერთობის მრავალფეროვნებაში, რათა ერთი სხეული განუყოფელი დარჩეს. ყველა აღმსარებლობის წარმომადგენლებმა უნდა შესწირონ სიყვარულის მსხვერპლი, როგორც ამას პავლე ახსენებს თავის საკრებულოებს.
ეკუმენიზმი ერთობის ძიებაა. იგი პატივს სცემს კონფესიურ განსხვავებებს. მორჩილებით, ჭეშმარიტების სიყვარულით იგი წარმართავს დიალოგს და ძმური სიყვარულით ჭეშმარიტებაში რჩება. ქრისტიანი ან ერთობის წევრია, ან ცრუმოძღვრებას აღიარებს. ღვთის სული თანაზიარებაში ვლინდება, ხოლო ეშმაკი განხეთქილებისკენ გვიბიძგებს. ვინც ეკუმენიზმს უარყოფს და გაყოფას ამჯობინებს, იმათ ჰგავს, ვის შესახებაც იუდა მოციქული გვაფრთხილებს:

„თქვენ კი, საყვარელნო, გახსოვდეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულთა მიერ წინასწართქმული... რომ უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკიცხავნი, თავიანთი უღვთო გულისთქმებით მავალნი. ესენი არიან განმყოფელნი, მიწიერნი, სულის უქონელნი“ (იუდა. 17:19).



თარგმნა რუსუდან ავალიშვილმა
The National Library of Georgia



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий