вторник, 25 февраля 2014 г.

ვერ სწავლობს თუ არ სწავლობს სტუდენტი?


ზურაბ კიკნაძე
ეტყობა ინგლისური ჯერ არ გამხდარა მეორე სახელმწიფო ენა, რომ ვერა და ვერ ხერხდება ოკეანისგაღმიდან მოსული ტექსტების ზუსტი გაშიფრვა. ისევ და ისევ ეჭვები - რაღაც არასწორად არის ნათარგმნი... რამდენი ასეთი შემთხვევა ყოფილა! გავიხსენოთ თუნდაც ტალიავინის ყბადაღებული დასკვნა. აქ ჰერმენევტიკას უნდა მივმართოთ, მან უნდა ამოიცნოს ტექსტის ობიექტური საზრისი, რისი თქმა სურდა ავტორს, ან რისი აშკარად თქმა არ სურდა, ან სხვას ფიქრობდა და მის განკარგულებაში არსებული სიტყვებით მხოლოდ ის მოახერხა, რაც ტექსტშია. 


ავტორის სათქმელი რომ გავიგოთ, ორი რამ მაინც არის აუცილებელი: ტექსტის ენის ცოდნა (ეს პირველი აუცილებელი საფეხურია) და ამ ენით დაწერილის სწორად გაგება. როგორც ჩანს, ჩვენში ეს ორივე დონე მოიკოჭლებს. არც ენა გვესმის სათანადოდ და არც დაწერილის აზრი, თუმცა ენა თუ არ გვესმის, აზრის გამოტანაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. თუმცა ენაც გვესმის და აზრიც, მაგრამ ყველას თავისებურად. როცა ადამიანი ზოგადად ლაპარაკობს და არაფერს აკონკრეტებს, ჰერმენევტიკოსი თავისუფალია ტექსტის ინტერპრეტაციაში: რაც სურს, იმას ამოიკითხავს. გინდა პოეზიასთან ჰქონია საქმე, გინდა ფილოსოფიურ ტექსტთან, გინდა დიპლომატიურ ენასთან. ერთი და იგივე ტექსტი ყველას, ჩვენს შემთხვევაში, ორ დაპირისპირებულ მხარეს, თავის სასარგებლოდ ესმის. და ამაზე იტეხენ თავს, რა თქვა ობამამ, რა უთხრა თავის მოსაუბრეს, როგორი გამომეტყველება ჰქონდა მთქმელს და როგორი - მომსმენს. ეს ყველაფერი თამაშს ჰგავს, სადაც მოთამაშეთა გონებამახვილობა ვლინდება, როგორც საზრიანთა კლუბში. ჰერმენევტიკის არსებობას ავტორის არყოფნა განაპირობებს, ანუ ის შემთხვევა, როცა ნათქვამის საზრისი ავტორთან ერთად არის დამარხული. მაგრამ თუ ავტორი ცოცხალია, როცა იქნება, უნდა თუ არ უნდა, მაინც გათქვამს თავისი ნათქვამის საზრისს. დაველოდოთ. თუმცა ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნებზე ჩამოგდებული სიტყვა ბუნებრივად ბადებს კითხვას - რატომ? რა მიზნით? ან ეს ”ხელისუფლების გადაცემა”, თუნდაც განყენებულად აღებული, თუნდაც კონტექსტს (თუმცა ყველამ იცის ეს კონტექსტი) მოწყვეტილი, ახლა, ამ დროს ნათქვამი, არაფერს გვაუწყებს? 

”აშშ-ის მხრიდან საქართველო აღიარებულია დემოკრატიულ ქვეყნად და არჩევნებს ისე ჩაატარებს, როგორც დემოკრატიული ქვეყნებისთვის არის მიზანშეწონილიო”, – ამბობს ერთგან ერთი მაღალჩინოსანი. ამ თითქოს დღესავით ნათელ წინადადებასაც ესაჭიროება ჰემენევტიკა. უნდა ჯერ ვიკვლიოთ, რას გულისხმობს ”დემოკრატიულ ქვეყანაში” მაღალჩინოსანი ავტორი. მერე ის, თუ როგორ ტარდება არჩევნები ამ ”დემოკრატიულად აღიარებულ ქვეყნაში”. მესამე, ზემოთ მოყვანილი წინადადების პირველ ნაწილში გამოთქმული აზრიდან (”და” კავშირამდე) სრულებითაც არ გამომდინარეობს მეორე ნაწილში (”და” კავშირის შემდეგ) გამოთქმული აზრი. ანუ: აშშ რომ საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად აღიარებს, ეს არ არის იმის გარანტია, რომ საქართველოში ”სამართლიანი და თავისუფალი” არჩევნები ჩატარდება. დიდი ალბათობით, თუ deus ex machina არ შემოიჭრა, საქართველოში ისეთივე დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, როგორი დემოკრატიული ქვეყანაც არის. 
ცოტა არ იყოს, დაუჯერებელია აშშ-ისგან საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად სერიოზულად აღიარება, უფრო რეალურად მეჩვენა ბ-ნ არჩილ გეგეშიძის დაკვირვება, რომ აშშ ”დემოკრატიის საკითხებში ჯერ კიდევ სტუდენტებად აღგვიქვამენ”. ნამდვილად ასე უნდა იყოს. მაგრამ, ჩვენდა სავალალოდ, ამ სტუდენტს ოცი წლის მანძილზე არაფერი უსწავლია: ან არ უნდოდა სწავლა, ან ვერ სწავლობდა. და არის ასე დღემდე ძველი იდილიური დროის მარადი სტუდენტის (вечный студент) სტატუსით. რას ელოდება? კიდევ ერთ ”ჩათვლას”, რომლითაც მან თურქმენბაშის ქვეყანას გაუსწრო? 
ახლა ვიკითხოთ, საიდან ჩანს, რომ აშშ საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევს? იქიდან ხომ არა, რომ მოგვიწოდებენ, დემოკრატიული არჩევნები ჩაატარეთო? არამც და არამც. განა ასე მოგიწოდებდა, დემოკრატიულ ქვეყნად რომ მიაჩნდე და წინამავალი არჩევნები დემოკრატიული ყოფილიყო? ეს ხომ ისეთი წამოცთენაა, რომელიც ამხელს ჩვენი მასწავლებლის ნამდვილ შეხედულებას ქვეყანაზე. გეუბნება: ასე მოიქეცი და გახდი დემოკრატიული ქვეყანა. მაგრამ თუ უკვე ”აღიარებულია”, რა ნიშნები დაინახა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ასე რომ ფიქრობს: სამართლებრივი მდგომარეობა, პოლიტიკური თავისუფლების უსაფრთხოება თუ სხვა რამ, რომელიც ჩვენს დემოკრატიულობაზე ღაღადებს? რომელი ნიშანი ამხელს ჩვენს დემოკრატიულობას? ნუთუ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ შეერთებული შტატების მესვეურთ, ”დემოკრატიის შუქურის” ხელისუფალთ, რომლებიც თავიანთი სტრატეგიული პარტნიორის ბედით და მდგომარეობით არიან დაინტერესებულნი, ერთპარტიული ხელისუფლება დემოკრატიად, ტერორი - პოლიტიკურ ბრძოლად ეჩვენებათ? ან იქნებ ამ ყველაფერს, რომელიც ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის, მარტო ჩვენ ვამჩნევთ და მსოფლიოში ვერავინ ხედავს? ამ გლობალურ სამყაროში, სადაც საზღვრები ღიაა, სადაც ყველაფერი გამჭვირვალეა? ესენიც ხომ არაფერს მალავენ, ღიად იქცევიან ამ უკანასკნელ ხანს, რა რომ ახალი მეტოქე გამოჩნდა. ბოლოს და ბოლოს (გავიმეორებთ ყბადაღებულ კითხვას), რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი - როგორი ვჩანვართ სხვის თვალში თუ როგორები ვართ ჩვენსავე თვალში?

მივუბრუნდეთ „ხელისუფლების გადაცემას”, ე. წ. ტრანსფერს. თუ მოითხოვს ეს მართლაც დღესავით ცხადი შესიტყვება ჰერმენევტიკას? ქართულ, ეჭვი არაა, ინგლისურ ენაზეც ასე უნდა იყოს: გადაცემის საპირისპირო მოქმედება დატოვებაა. ხელისუფლების გადაცემა ნიშნავს გადაცემას სხვა ხელში, ხელისუფლების დატოვება კი - მის დატოვებას იმავე ხელში (როგორ წარმოვიდგინოთ რამის გადაცემა ვინმესათვის, ვისაც ეს რამე ხელში უჭირავს?). როგორც უნდა ვუტრიალოთ ამ formal transfer-ს, ”ფორმალური გადაცემა” სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა არსებული ხელისუფლების შეცვლას, როგორც მომხდარა და ხდება დღემდე დემოკრატიულ, საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებში. და ეს არ უნდა იყოს ქვეყნისთვის დაქცევა, ხოლო არსებული ხელისუფლებისთვის კატასტროფა. 

როდემდის უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, თავისუფალ საზოგადოებას, ქვეყანას, თუ ადამიანს არ ექნება იმის იმედი, რომ მისი ხმა, მისი, როგორც მშვიდობიანი მოქალაქის, ერთადერთი იარაღი, რომელსაც, უკვე ორი ათეული წელია, ფასი აქვს დადებული, არ დაიკარგება, არ გაუფასურდება. რომ ფასობს, სწორედ ამიტომაც მიდის მასზე ნადირობა ყველა შესაძლებელი ხერხით და საშუალებით - დაშინებით, მოტყუებით, დაბეჩავებით, ღირსების შელახვით, მოსყიდვით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, ბოლოს, უხილავი თვალით, რომელიც ხმის მიცემის კაბინაში შეყვება ამომრჩეველს. მოქალაქე, რომელსაც კონსტიტუციამ ხმის უფლება მიანიჭა, იმდენად დათრგუნულია, რომ კაბინაში, ამ ოთხ კედელს შუა, სადაც მას ეკუთვნის ეს ვიწრო სივრცე და დროჟამის რამდენიმე წუთი, სადაც და როცა ის თავის სინდისთან უნდა იყოს განმარტოებული, თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. 
ნურაფრის შეგეშინდება, - გავამხნევოთ ის, - არ არსებობს უხილავი თვალი. შენი სინდისის გეშინოდეს, ნუ გაიმრუდებ ნებას, რომ არ შეგრცხვეს, როცა იმ კაბინიდან გამოხვალ!

7days.ge
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий