воскресенье, 15 сентября 2013 г.

Панцирь-С1 - თვითმავალი საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო დანადგარი


Панцирь-С1 რუსული წარმოების თვითმავალი საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო დანადგარია. მასზე მუშაობა, 1990-იანი წლების დასაწყისში, ტულის მოწყობილობათა მშენებელმა საკონსტრუქტორო ბიურომ დაიწყო. ხოლო მისი წარმოება რუსეთის ქალაქ ულიანოვსკში მდებარე „ულიანოვსკის მექანიკურ ქარხანაში“  მიმდინარეობს.
საზენიტო დანადგარი ახლო მოქმედებისაა და მის დანიშნულებას სამოქალაქო და სამხედრო სტაციონარული ობიექტების, (მაგალითად, სამეთაურო პუნქტების, აეროდრომების, სამხედრო ბაზების, ამუნიციისა და საწვავის მარაგებისა და ა.შ.) ასევე შორ და საშუალო მანძილზე მოქმედი საზენიტო დანადგარებისა (მაგალითად, ისეთის როგორიც არის С-300/400-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი) და პოლკის დონის მოტორიზებული და მექანიზებული ქვეითების ჰაერიდან მომდინარე საფრთხისაგან დაცვა წარმოადგენს.
ახლო მოქმედების საზენიტო დანადგარი  Панцирь-С1-ს  წარმატებით შეუძლია ებრძოლოს როგორც დაბალ სიმაღლეზე მფრენ თვითმფრინავებს,  ვეულმფრენებს თუ ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებსა, ისე უპილოტო საფრენ აპარატებსა და „ჰაერი-მიწა“ ტიპის მაღალი სიზუსტის საბრძოლო საშუალებებს. გარდა ამისა, თვითმავალ საზენიტო დანადგარს თავისი ავტომატური ქვემეხების გამოყენებით ასევე წარმატებით შეუძლია მსუბუქად შეჯავშნული სახმელეთო სამხედრო ტექნიკისა თუ ქვეითების განადგურება.
ახალი რუსული საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო კომპლექსის პირველი პროტოტიპი 1994 წლისათვის დამზადდა, ხოლო  საზენიტო დანადგარი პირველად 1995 წელს ქალაქ ჟუკოვსკში გამართულ საერთაშორისო საავიაციო-კოსმოსურ სალონ МАКС-1995-ზე იქნა დემონსტრირებული. ამის შემდეგ კომპლექსმა მარავალგზის განიცადა მოდერნიზება, მისი ერთ-ერთი უკანასკნელი მოდერნიზებული ვარიანტი 2007 წელს გამართულ МАКС-2007-ზე იქნა დემონსტრირებული.
2010 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში პირველი სერიულად წარმოებული „პანცირები“ იქნა მიღებული. შემქმნელი საკონსტრუქტორო ბიუროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ უახლოეს მომავალში Панцирь-С1-ები მთლიანად ჩაანაცვლებენ ამჟამად რუსეთის არმიის შეიარაღებაში მყოფ Тунгуска-ს ტიპის საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო დანადგარს.
Панцирь-С1 სწორედ Тунгу́ска-ს ტიპის ასევე თვითმავალ საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო კომპლექსის ბაზაზეა დაფუძნებული და მის ერთგავრ ღრმად მოდერნიზებულ ვარიანტს წარმოადგენს. ახალი საზენიტო დანადგარი „ტუნგუსკსაგან“  განსხვავებით 8х8 თვლებისფორმულიან მაღალი გამავლობისКамАЗ-6560-ის ტიპის სატვირთო მანქანის შასიზეა ბაზირებული.  თვლიანი შასი მისი შედარებით სიიაფის გამო შეირჩა.
პროტოტიპი
Панцирь-С1-ის საბრძოლო მოდულზე სულ თორმეტი ერთეული საზენიტო რაკეტების გამშვები მოწყობილობებია დაყენებული. რაკეტების გამშვები მოწყობილობები სამ-სამ ბლოკად არის გაერთიანებული.  მოდულის თითოეულ მხარეს ორ-ორი ასეთი ბლოკია დამონტაჟებული. საბრძოლო მოდულის ორივე გვერდზე ასევე დაყენებულია ორი 30-მმ-იანი ავტომატური ქვემეხიც. მოდულის წინა ნაწილში, რაკეტების ბლოკებსა და ქვემეხებს შორის კი სამიზის აღმომჩენი და რაკეტების სამიზნეზე გამყვანი რადიოლოკაციური სადგურია დამონტაჟებული. რადარების გარდა მოდული ასევე აღჭურვილია სამიზნის აღმომჩენი ოპტიკურ-ელექტრონული სისტემითაც.
საზენიტო დანადგარ „პანცირს“ 1 000 მ/წმ-ზე მეტის სიჩქარით მოძრავი საჰაერო სამიზნის განადგურება შეუძლია, მაქსიმალურ 20 000 მეტრის სიშორესა და 15 000 მეტრის სიმაღლეზე. საზენიტო დანადგარს ერთდროულად ოთხი სხვადასხვა სამიზნესთან შეუძლია ბრძოლა. ჩვეულებრივ კი ერთ სამიზნეს ერთდროულად ორ რაკეტას ესვრიან.
მიუხედავად იმისა, რომ თვილიანი შასი მუხლუხასთან შედარებით გაცილებით უფრო იაფი იყო, მას ერთი დიდი ნაკლი აღმოაჩნდა , სახელდობრ, გაირკვა, რომ საზენიტო დანადგარს მოძრაობის დროს ცეცხლის გახსნა არ შეეძლო. ამის შემდეგ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კომპლექსისადმი ინტერესი დაკარგა, ამას თან დაერთო იმ პერიოდში რუსეთში არსებული რთული ეკონომიკური პირობებიც, რის გამოც საზენიტო კომპლექსზე მუშაობა შეწყდა.
„პანცირის“ პროგრამა დახურვისაგან არაბთა გაერთიანებულმა საამიეროებმა იხსნა, რომელთაც 2000 წელს რუსული საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო კომპლექსით დაინტერესება გამოთქვეს და მისი გაუმჯობესება მოითხოვეს. „პანცირზე“ მუშაობა გაგრძელდა და მას ღრმა მოდერნიზება ჩაუტარდა.
მოდერნიზების ფარგლებში შეიცვალა საზენიტო დანადგარის რაკეტები – უწინდელი 9М335-ის ტიპის საზენიტო რაკეტების ნაცვლად, რომელიც „ტუნგუსკას“ საზენიტო რაკეტების მოდერნიზებულ ვარიანტს წარმოადგენდა, „პანცირის“ მოდერნიზებულ ვარიანტზე ახალი, 57Э6-Е-ს ტიპის ბიკალიბრული, ორსაფეხურიანი, მყარსაწვავიანი, რადიომართვადი საზენიტო რაკეტები დაყენდა. ამ რაკეტას გაუუმჯობესდა მოქმედების სიშორე და სიმაღლე, რამაც, შესაბამისად, 20 კმ და 15 კმ შეადგინა.
წინა მოდელის რაკეტების მსგავსად ახალი რაკეტაც ბიკალიბრული სქემით შეიქმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაკეტის საფეხურებს ერთმანეთისაგან განსხვავებული კალიბრი გაანიათ. რაკეტის პირველი საფეხური ამაჩქარებელია და ის რაკეტისათვის მაღალი საწყისი სიჩქარის მინიჭებას ფრენის საწყისი პირველი ორი წამის განმავლობაში  უზრუნველყოფს, ამის შემდეგ ამაჩქარებელი რაკეტას ცილდება რის შემდეგაც რაკეტა სამარშო რეჟიმში გადადის. რაკეტა სამიზნესთან უშუალო კონტაქტისას ან მასთან მიახლოებისას ფეთქდება. მისი საბრძოლო ქობინი კი მავთულის ღეროებს შეიცავს, რომლებიც აფეთქებისას იფანტება და სამიზნის დაზიანებას განაპირობებს.
ბიკალიბრული სქემით შექმნილი 57Э6-Е-ს ტიპის რაკეტის შემთხვევაში პირველი საფეხურის დიამეტრი 170 მმ-ია, ხოლო მეორე საფეხურის – 90 მმ. რაკეტა 74.5 კგ-ს იწონის, საიდანაც 16 კგ საბრძოლო ქობინზე მოდის.  რაკეტის მაქსიმალური სიჩქარე 1 300 მ/წმ-ს შეადგენს და, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მას მაქსიმალური 1 000 მ/წმ სიჩქარით მოძრავი სამიზნისათვის შეუძლია გზის გადაჭრა. ამ რაკეტების მიერ სამიზნის დაზიანების ალბათობა 75%-დან 95%-მდეა. მათი შენახვის ვადა კი სპეციალურ ჰერმეტულად დალუქულ კონტეინერში 15 წელიწადს შეადგენს.
მოდერნიზებულ ვარიანტზე ასევე შეიცვალა საქვემეხო შეიარაღება, „პანცირზე“ 2A72-ის ტიპის 30-მმ-იანი ქვემეხების ნაცვლად, რომელიც ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-3-ის ქვემეხის მსგავსი იყო იმავე კალიბრის, თუმცა 2A38М-ის ტიპის ორლულიანი ავტომატური საზენიტო ქვემეხებით შეიცვალა, რომლებიც „ტუნგუსკაზე“ დაყენებული ქვემეხის მოდერნიზებულ ვარიანტს წარმოადგენს.
2A38М-ის ტიპის ქვემეხის სროლის ტემპი წუთში 1950 – 2500 გასროლას შეადგენს, ჭურვის საწყისი სიჩქარე კი 960 მ/წმ-ია. საზენიტო დანადგარის საბრძოლო კომპლექტი თითოეულ ქვემეხზე 700 – 700 ერთეულ ჭურვს შეადგენს. ქვემეხების კვება საერთო ლენტიდან ხდება. ლენტში ყოველი მეხუთე ჭურვი მსხვრევად-მგეზავია, ხოლო დანარჩენი ჭურვები მსხვრევად-ფუგასურ-ცეცხლგამჩენი ტიპის. ქვემეხებიდან ცეცხლის წარმოების ეფექტური სიშორე 4 კილომეტრს, ხოლო სიმაღლე 3 კილომეტრს შეადგენს.
მოდერნიზება ასევე შეეხო Панцирь-С1-ის ცეცხლის მართვის სისტემასაც, რის შედეგადაც მასზე სამიზნის აღმოჩენისა და მიდევნების  ფაზირებულცხაურიანი რადიოლოკაციური სადგური დამონტაჟდა, რომელსაც სამიზნის აღმოჩენა 32 – 36 კილომეტრის სიშორეზე, ხოლო მიდევნება 24-28 კილომეტრზე შეუძლია. რადარი ახორციელებს არა მხოლოდ სამიზნის, არამედ გასროლილი საზენიტო რაკეტის მიდევნებასაც და მის სამიზნეზე გაყვანას უზრნველყოფს.ახალ რადიოლოკაციურ სადგურს 36 კილომეტრის სიშორეზე მყოფი ყველა იმ საჰაერო ობიექტის აღმოჩენა შეუძლია, რომელთა გაფანტვის ეფექტური ზედაპირი მინიმუმ 2სმ2-დან 3სმ2-მდეა.
გარდა სამიზნის აღმომჩენი რადიოლოკატორისა მოდერნიზაცია ასევე შეეხო სამიზნის აღმომჩენ ოპტიკურ-ელექტრონულ სისტემასაც. მოდერნიზების შედეგად მისი მოქმედების სიშორე 18 კილომეტრამდე გაიზარდა.  სამიზნის აღმოჩენის ორი დამოუკიდებელი საშუალებას – რადარსა და ოპტიკურ-ელექტრონული სისტემას ერთდროულად ოთხი სამიზნის გაცილება შეუძლია.
საზენიტო დანადგარის კაბინაში დაყენებული მოძველებული მონიტორები თანამედროვე მულტიფუნქციური თხევად-კრისტალური დისპლეებით ჩანაცვლდა. ასევე დაყენდა ახალი ცენტრალური კომპიუტერი, რომელმაც არსებითად შეამცირა რეაქციისათვის საჭირო  დრო. ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით საიარაღო მოდულის სრული ზომა თითქმის სამჯერ, ხოლო სისტემის სრული წონა ორჯერ შემცირდა. ამასთანავე გამოსწორდა თვითმავალი საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო კომპლექსის ძირითადი ნაკლიც – მოდერნიზებულ ვარიანტს რაკეტების გასროლა უკვა მოძრავ მდგომარეობაშიც შეუძლია.
ყოველივე ამის შემდეგ 2000 წლის მაისში არაბთა გაერთიანებულმა საამიერობმა ტულის მოწყობილობათმშენებელ საკონსტრუქტორო ბიუროსთან  50 ერთეული „პანცირის“ ტიპის საზენიტო სისტემების მიწოდების შესახებ კონტრაქტი გააფორმა. კონტრაქტის ღირებულებამ 734 მილიონი დოლარი შეადგინა. სისტემები გაერთიანებულ საამიროებს 2007 – 2009 წლებში უნდა გადაცემოდა. ამასთანავე 50-დან 24 ერთეული საზენიტო დანადგარი КамАЗ-6350-ის ტიპის სატვირთო მანქანის თვლიან შასიზე, ხოლო დანარჩენი 26 ერთეული სისტემა ГМ352М1Е-ს ტიპის მუხლუხა შასიზე უნდა ყოფილიყო ბაზერებული. მოგვიანებით არაბეებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და ყველა სისტემის MAN SX 45-ის ტიპის 8×8 თვლების ფორმულის მქონე მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილებზე დამონტაჟება მოითხოვეს.
საზენიტო დანადგარის მოდულური პრინციპი მის ნებისმიერი ტიპის შასიზე დამონტაჟების შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის უკვე შეიარაღებაში არსებულ საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო სისტემა Тунгуска-ს მუხლუხა შასიზეც.
Панцирь-С1-ის ტიპის საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო სისტემის ეკიპაჟი სამი კაცისაგან: მეთაურის, ოპერატორისა და მძღოლ-მექანიკოსისაგან შედგება. თვითმავალი საზენიტო დანადგარის სამარშო მდგომარეობიდან საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანად 5 წუთი სავსებით საკმარისია, ხოლო რეაქციის დრო 4 – 6 წუთს შეადგენს. კომპლექსის სრული წონა დაახლოებით 30 ტონაა.
არაბთა გაერთინებული საამიროების გარდა ახალი რუსული საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო სისტემებით სირიელებიც დაინტერესდნენ და მათაც ასევე 50 ერთეული საზენიტო სისტემა შეუკვეთეს, რომელთა მიწოდებაც 2008 წელს დაიწყო. საზენიტო კომპლექსი ასევე იმყოფება ალჟირის, ირანის, მაროკოსა და ომანის შეიარაღებაშიც. „პანცირების“ შესყიდვაზე კონტრაქტი ასევე გააფორმა იორდანიამაც, თუმცა მათ მიერ შესყიდულ სისტემათა შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მოიპოვება.


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий