გლობალური დათბობის მრავალრიცხოვანი კვლევის მიუხედავად, აქამდე მისი გავლენა დედამიწის ნახევარსფეროებს შორის ტემპერატურის სხვაობაზე უგულებელყოფილი იყო. არადა, ჩრდილო ნახევარსფეროში ტემპერატურა იზრდება, რამაც შეიძლება ძლიერი გავლენა მოახდინოს ნალექიანობაზე.
ახალი კვლევის თანახმად, ტროპიკული წვიმის ჩრდილოეთისაკენ მიგრაციის ტენდენცია გაძლიერდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს აზიაში სეზონური ნალექის მოცულობის ზრდა, ხოლო აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში წვიმის სეზონის გადაადგილება სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ.
ნალექს, როგორც წესი, კონკრეტულ განედზე სპეციფიკური მახასიათებლები აქვს – ისეთი, როგორიცაა კონვერგენციის ტროპიკული ზონა. კვლევამ აჩვენა, რომ დათბობა ჩრდილო ნახევარსფეროში იწვევს წვიმების ზოლის ჩრდილოეთისაკენ გადაადგილებას. ამ ცვლილებების გამო ყველაზე მეტად სწორედ უპირატესად სოფლის მეურნეობით გაკავებული რეგიონები დაზარალდება.
მეცნიერებმა გამოიყენეს კომპიუტერული მოდელი, რომელშიც აისახა საშუალო წლიური ტემპერატურისა და ნალექის მონაცემები ორივე ნახევარსფეროში 100-წლიანი პერიოდის განმავლობაში. გამოვლინდა მკვეთრი ცვლილება ნალექის მიხედვით XX საუკუნეში – ეკვატორულ ტროპიკებში ნალექის შემცირება. მაგალითად, 1960 წელს ჩრდილო ნახევარსფეროში ტემპერატურა ცელსიუსის გრადუსის ერთი მეოთხედით გაიზარდა. ეს მოვლენა დაემთხვა 30-წლიან გვალვას აფრიკის საჰელეში, რომელმაც გამოიწვია შიმშილი და გაუდაბნოება ჩრდილო აფრიკაში, აგრეთვე აღმოსავლეთ აზიასა და ინდოეთში მუსონური წვიმების მოცულობის შემცირება.
ამრიგად, გლობალური ტემპერატურის ზრდა არათანაბრად მიმდინარეობს: ჩრდილოეთში, სადაც ხმელეთი ჭარბობს, ეს პროცესი უფრო სწრაფია, ვიდრე სამხრეთში, სადაც ოკეანე უფრო დიდ ტერიტორიას იკავებს. ამის შედეგად ტემპერატურათა შორის სხვაობა იცვლება, რაც სულ უფრო შესამჩნევ გავლენას ახდენს ნალექის ცირკულაციაზე.
ეს საკმაოდ უსიამოვნო ამბავია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ მოდელირების თანახმად, საუკუნის ბოლომდე მოსალოდნელია ტემპერატურათა სხვაობის ზრდა ერთი გრადუსით (ცელსიუსის სკალით). ამასთანავე, სათბურის აირების ამოფრქვევის შემცირება სწრაფად არ აისახება ტემპერატურათა სხვაობის ზრდის ნეგატიურ ტენდენციაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კაცობრიობამ ხვალ რომ საერთოდ უარი თქვას მადნეული საწვავის გამოყენებაზე, ნალექების ზოლის გადანაცვლების პროცესი „ინერციით" მაინც კიდევ დიდხანს გაგრძელდება, რაც ახალი კლიმატური კატაკლიზმების მომასწავებელია.
Комментариев нет:
Отправить комментарий