ათასობით წლის განმავლობაში ადამიანები დედამიწას ვეპყრობოდით, როგორც ლაბორატორიას. ვებრძოდით და ვიმორჩილებდით ბუნების ძალებს. დავიწყეთ ცეცხლისა და ქარის მოთვინიერებით და მივედით ანტიბიოტიკების შექმნამდე. მიღებულმა შედეგებმა ხელი შეუწყო ჩვენი ცივილიზაციის განვითარებას. თუმცა, ბოლო ორი საუკუნის მანძილზე ყველაზე სახიფათო ექსპერიმენტებს ვატარებთ: დედამიწის დათბობას.
მეცნიერული დასკვნების შედეგად დადგინდა, რომ ტემპერატურა იმატებს. მეცნიერული დაკვირვების შედეგად ადგენენ, რომ XX საუკუნეში დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა, XXI საუკუნესთან შედარებით, 0.72˚C-ით გაიზარდა. ამინდის ყოველდღიური, სეზონური და წლიური ცვალებადობის ფონზე ეს რიცხვი, შესაძლოა, მართლაც არ არის დიდი. განგაშის მიზეზი მეცნიერების მიერ აღმოჩენილ ტენდენციაში მდგომარეობს, კერძოდ ერთი საუკუნის წინ ცხელი და ცივი დღეების რაოდენობა დაახლოებით თანაბარი იყო, მაშინ როცა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ცხელი დღეების რაოდენობა ორჯერ აღემატებოდა ცივი დღეებისა. საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის შედეგად პლანეტის ზედაპირზე საშუალო ტემპერატურამ საგრძნობლად იმატა.
გლობალური დათბობის შედეგად XIX საუკუნიდან დნობა დაიწყო პოლარულმა ყინულის საფარმა და ისეთმა დიდმა მყინვარებმა, როგორებიცაა, მაგალითად, ანდებსა და როკის მთებში არსებული მყინვარები. ამ მოვლენის შედეგად დედამიწა თანდათან კარგავს ორმაგი გაგრილების უნარს, ვინაიდან ამ ფუნქციას ასრულებს ყინული თავისი შემოგარენის გაგრილებისა და თბური სხივების ამრეკლავი ფარის შექმნის გზით. დედამიწაზე საშუალო ტემპერატურის რამდენიმე გრადუსიან ცვლასაც კი მნიშნელოვანი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია. „კლიმატის ცვლილების საერთაშორისო ჯგუფმა" დაასკვნა, რომ ის, რაც ხდება - ამინდის ასეთი მოულოდნელი და სწრაფი ცვლილება - ბუნებრივი არ არის; უფრო მეტიც, იგი არის ანთროპოგენური, ანუ გამოწვეული ადამიანის საქმიანობით.
ტემპერატურის ზრდა ადამიანის ციებ-ცხელების მდგომარეობას შეიძლება შევადაროთ. თავს კარგად ვგრძნობთ, თუ ჩვენი ტემპერატურა 36.6˚C-ია, თავს ვერ ვგრძნობთ კარგად 37.5˚C-ზე, ხოლო თუ ტემპერატურა 40.5˚C-ს მიაღწევს, გაჩნდება საავადმყოფოში მოხვედრის ალბათობა. რომელი ნიშნული უნდა მიუთითებდეს დედამიწის ტემპერატურის საზომ თერმომეტრზე, რომ ციებ-ცხელება არა მხოლოდ არაკონფორტულია, არამედ სახიფათოც? ამ კითხვას პასუხი გაეცა ერთი საუკუნის წინ (ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ინდუსტრიულ რევოლუციას თავისი წვლილი არ ჰქონდა შეტანილი ტემპერატურის მატებაში) - მეცნიერებმა სარისკოდ მიიჩნიეს საშუალო ტემპერატურის 2˚C-ით მატება. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ერთი საუკუნის მანძილზე საშუალო ტემპერატურა უკვე 0.72˚C-ით არის გაზრდილი, სახიფათო 2˚C-ს მხოლოდ 1.28˚C (3.6˚F) გვაშორებს.
კლიმატის ცვლილების ჰიდროლოგიური ფაქტორი კიდევ ერთ სადავო საკითხს წარმოადგენს. დედამიწის ზედაპირის ორი მესამედი წყალს უჭირავს. დათბობა წყლის აორთქლებას იწვევს. ორთქლი ატმოსფეროში აკავებს სითბოს, რაც ხელს უწყობს დათბობას. გარდა ამისა, ორთქლი ზრდის ღრუბლის საფარსაც, რომელსაც ორი განმასხვავებელი თვისება აქვს: ის აკავებს სითბოს დედამიწის ზედაპირზე, მაგრამ ამასთან ერთად ირეკლავს მზის სხივებს და აბრუნებს კოსმოსში, რითაც ნაწილობრივ აბალანსებს დათბობას. მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან ზუსტად, თუ რას გამოიწვევს ღრუბლის საფარის ზრდა, თუმცა წინასწარი დასკვნები იმაზე მეტყველებს, რომ, სავარაუდოდ, ღრუბლის გაზრდილი საფარი ტემპერატურის მატებას უწყობს ხელს. თითქმის არავის ეპარება ეჭვი, რომ ღრუბლის საფარისგან განსხვავებით ყინულის საფარისა და მყინვარების დაჩქარებული დნობა ზრდის წყლის დონეს ზღვებსა და მდინარეებში.
მეცნიერები და ეკონომისტები ამტკიცებენ, რომ გარკვეული ხარჯის სანაცვლოდ, შესაძლებელია ტემპერატურის შეჩერება, რათა იგი არ გაიზარდოს 3.6˚F/2˚C-ით. აღნიშნული გათვლებისას, ალბათ ხარჯებში ითვალისწინებენ უმოქმედობის ხარჯსა და გლობალური დათბობის პროგნოზირებულ სავალალო შედეგებს. გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად არ არის დადგენილი, ტემპერატურის სკალაზე რომელი ნიშნულია „სახიფათო ზონა", მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ტემპერატურის მატებამ არ გადააჭარბოს 3.6˚F/2˚C-ს.
დღესდღეისობით ატმოსფერში ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) კონცენტრაცია დაახლოებით 385 წილია ერთ მილიონზე და ეს მაჩვენებელი 2 წილით იზრდება ყოველწლიურად. „მთავრობათაშორისი ჯგუფი" დარწმუნებულია, რომ თუ ეს შემცველობა მოიმატებს და 400-მემილიონედს გადააჭარბებს მომდევნო ათწლეულებში, საუკუნის შუა პერიოდისათვის გლობალური დათბობის მაჩვენებელი გაიზრდება და გლობალური ტემპერატურა 3.6 ფარინჰეიტს გადააჭარბებს.
ამგვარად, 400 ისეთივე საკრალური ციფრია, როგორც 2˚C. აქაც სახიფათო ზღვართან გვაქვს საქმე და ამ ზღვარს თითქმის მიახლოებული ვართ. თუმცა ორგანული საწვავის წარმოება და მოხმარება იმ მასშტაბებითა და ტემპებით, როგორითაც დღეს ხდება, კიდევ უფრო გაზრდის ნახშირბადის დიოქსიდის კონცენტრაციებს, 2050 წლისათვის ეს მაჩვენებელი 1000 წილი იქნება ერთ მილიონზე ანუ თითქმის ორმაგი იმ ციფრთან შედარებით, რომლის თავიდან აცილებაც გვინდა.
ამჟამად კაცობრიობა ყოველწლიურად დაახლოებით 30 გიგატონა ნახშირბადის დიოქსიდს გამოჰყოფს. ერთი გიგატონა უდრის ერთ მილიარდ ტონას. 30 გიგატონა დაახლოებით არის ნიუ-იორკის ყველაზე მაღალი ცათამბჯენი 8000–ჯერ აღებული. წარმოიდგიენეთ 8000 ცათამბჯენი ერთმანეთს რომ დავადგათ, ცაში 3200 კილომეტრზე იქნება აღმართული.
ნახშირბადის დიოქსიდის წილის შენარჩუნება 400-მემილიონედზე და შესაბამისად ტემპერატურის 2˚C-ზე ნაკლები მატება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს მომდევნო ოთხი ათწლეულის მანძილზე. ჩვენი მიზანი და ქმედება უნდა წარიმართოს არსებული მაჩვენებლის (30 გიგატონა) განახევრებისკენ, ანუ 2050 წლისათვის ნახშირბადის დიოქსიდის დონე 15 გიგატონას არ უნდა აღემატებოდეს.
ზემოაღნიშნული მიზნის განსახორციელებლად აუცილებელია ენერგიის გამომუშავებისა და მოხმარების ახალი საერთაშორისო სისტემის შექმნა. რაც მთავარია, მოქმედება უნდა დავიწყოთ დაუყოვნებლივ, რომ 2020 და 2035 წლებისათვის ნაწილობრივ მაინც შემცირდეს ნახშირბადის დიოქსიდის მოცულობა. ეს თუ ასე მოხდა, ოპტიმიზმის მეტი საფუძველი გვექნება და იმის იმედიც გაჩნდება, რომ 2050 წლისათვის ემისია 25 გიგატონაზე, ხოლო კონცენტრაციები 400-მემილიონედზე დაბლა ჩამოვა, ტემპერატურის მატება დაბალანსდება და აღარ გადააჭარბებს 2˚C-ს.
რაც მთავარია, ამ ყველაფრის პარალელურად, გლობალური ეკონომიკა მაღალ ნახშირბადიანი ეკონომიკიდან დაბალ ნახშირბადიანზე უნდა გადავიდეს, ანუ ენერგიის გამომუშავებისას მინიმალური რაოდენობით უნდა იქნას გამოყენებული ორგანული საწვავი და შესაბამისად, შემცირდეს ნახშირბადის დიოქსიდის ემისია ატმოსფეროში.
სტატიის ავტორი: "დოქტრინას" ანალიტიკოსი გივი სიხარულიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий