1968 წლის 10 დეკემბერს, ტაილანდის დედაქალაქში, ბანგკოკში, შეკრებილ დასავლელ და აღმოსავლელ ბერებს, - ქრისტიანული და აღმოსავლური რელიგიური ტრადიციების წარმომადგენელთა შეხვედრის მონაწილეებს, - ერთმანეთისათვის მოულოდნელი და გულსატკენი ამბის გაზიარება მოუხდათ: შეკრების ერთ-ერთი გამორჩეული დელეგატი, სახელგანთქმული ამერიკელი ტრაპისტი ბერი, მწერალი, პოეტი და მოაზროვნე, ტომას მერტონი, იმ დღეს იქ უბედურმა შემთხვევამ შეიწირა - ელექტროდენის შემთხვევითმა ჩართვამ იგი მიწიერ სიცოცხლეს გამოასალმა.
არაერთი იმათგან, ვინც მაშინ მხურვალედ გამოეხმაურა ცნობილი რელიგიური მწერლისა და მქადაგებლის მოულოდნელ სიკვდილს, სიმბოლურად მიიჩნევდა, რომ 53 წლის მერტონის ცხოვრების გზა აღმოსავლეთში დამთავრდა, - იმ აღმოსავლეთში, რომლის მრავალსაუკუნოვან რელიგიურ მემკვიდრეობაში ღრმად გარკვევას ცდილობდა ამერიკელი კათოლიკე ბერი და რომლის სულიერ ტრადიციებში იგი თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში განსხვავებულ, მიუკვლეველ, უცნობ მისტიკურ განზომილებებს ეძებდა.
სიმბოლურად იქნა მიჩნეული ისიც, რომ მისი ცხედრის გადასვენება ამერიკაში იმ თვითმფრინავს მოუწია, რომელსაც სამშობლოსაკენ ვიეტნამის ბრძოლებში დახოცილი ამერიკელი ჯარისკაცების გვამები მიჰქონდა. მერტონი, რომელიც სიჭაბუკიდანვე, ოჯახურად პაციფისტურ ტრადიებზე იყო აღზრდილი და რომელიც სიცოცხლის მიწურულს უძალადობის ერთ-ერთ მგზნებარე მხარდამჭერად და მქადაგებლად იქცა, წლების განმავლობაში მკვეთრად ილაშქრებდა ვიეტნამის ომის სისასტიკეთა წინააღმდეგ.
ომებმა და საომარმა ძალადობამ კი ღრმა კვალი დააჩნია არა მარტო მერტონის შემოქმედებას, არამედ მის პირად ბიოგრაფიასაც: მის მშობლებს, ამერიკელ ფერმწერ ქვაკერ ქალს, რუთ ჯენკინსსა და ახალზენლანდიური წარმოშობის ბრიტანელ პეიზაჟისტს, ოუენ მერტონს, ყრმა ტომასი, 1915 წლის 31 იანვარს, საფრანგეთში ცხოვრებისას შეეძინათ, სადაც ისინი, სამუდამოდ თუ არა, ხანგრძლივად დარჩენას მაინც აპირებდნენ, მაგრამ უყოყმანო პაციფისტებმა პირველი მსოფლიო ომის ევროპაში აგიზგიზებული ხანძრისათვის თავის აცილება არჩიეს და ხელოვანთა ოჯახი სულ მალე ამერიკაში გადასახლდა. ყმაწვილი ტომასი ექვსი წლისა იყო, როცა დედამისი გარდაიცვალა, თექვსმეტისა კი იგი მამითაც დაობლდა. ტომასის უმცროსი ძმა მეორე მსოფლიო ომის ბრძოლებისას დაიღუპა, მისი სიჭაბუკისდროინდელი სატრფო და მასთან შეძენილი კანონგარეშე შვილი კი - გერმანელ ნაცისტთა მიერ ლონდონის დაბომბვისას. ამ არაერთმა განსაცდელმა და სულიერმა ტკივილმა ღრმა კვალი დააჩნია მგრძნობიარე ჭაბუკის განვითარებასა და ჩამოყალიბებას.
ტომას მერტონმა დაწყებითი და საშუალო განათლება შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და ინგლისში შეიძინა, საუნივერსიტეტო განათლებას კი იგი კემბრიჯის უნივერსიტეტში შეუდგა, თუმცა იქ ერთი წლის სწავლის შემდეგ ჭაბუკი ისევ შეერთებულ შტატებს დაუბრუნდა და უმაღლესი განათლების კურსი ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში გაასრულა, - 1939 წელს მან ლიტერატურის დარგის ხელოვნებათა მაგისტრის დიპლომი მოიპოვა.
სტუდენტობისას მის მეგობართა წრე ფართო და მრავალმხრივი იყო: ქერათმიანი, ცისფერთვალება, შესამჩნევი ბრიტანული აქცენტით მოსაუბრე მერტონის თანაკურსელთა შორის იყვნენ მომავალი სახელგანთქმული პოეტები, ლიტერატორები, პუბლიცისტები, მუსიკისმცოდნეები, სოციოლოგები, მხატვრები. როგორც მომსწრენი იხსენებენ, დასასრული არ უჩანდა მათ საუბრებს ჯაზის, ფილმებისა და ჰარლემის შესახებ. ამავე ხანებში ტომას მერტონს საუკუნის საყმაწვილო სახადიც შეეყრება, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს სახიფათო და მომწამვლელი ციებ-ცხელება - კომუნისტური იდეებით გატაცება - დიდხანს არ გასტანს. მერტონის სულიერ ძიებებსა და ღრმა ინტერესზე მისტიკისა თუ სამონასტრო ცხოვრების მიმართ გადამწყვეტი გავლენა მოახდინა მისმა თანაკურსელმა და მომავალმა ცნობილმა პოეტმა, რობერტ ლუქსმა. უნივერსიტეტში სწავლების გასრულებამდე ერთი წლით ადრე, 1938 წელს, 23 წლის რობერტ მერტონმა, სულიერი მოქცევის შემდეგ და შედეგად, რომის კათოლიკე ეკლესიის წიაღს მიაშურა.
საუნივერსიტეტო დიპლომის მოპოვების შემდეგ რობერტ მერტონი ინგლისური ენის მასწავლებლობას იწყებს - ჯერ კოლუმბიაში, ხოლო შემდგომ ნიუ-იორკის შტატში, ორლეანის ახლოს, წმიდა ბონავენტურას უნივერსიტეტში. მაგრამ პედაგოგიური საქმიანობა დიდხანს არ გრძელდება, ისევე როგორც სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობა (დაუმთავრებელი სადისერტაციო ნაშრომის თემა იყო ჯერარდ მენლი ჰოპკინსის შემოქმედება). იგი ჯერ ჰარლემის კათოლიკურ თავშესაფარში იწყებს მუშაკობას, ხოლო 1941 წელს ტრაპისტთა ორდენის გეთსიმანიის მონასტერში შედის, - ლუისვილის ახლოს, კენტაკის შტატში.
ამით მთავრდება ტომას მერტონის ცხოვრების პირველი მონაკვეთი - საერო ცხოვრება. წინაა ჯერ სამონასტრო, ხოლო შემდგომ - საზოგადოებრივი მოღვაწეობა. 1949 წელს ტომას მერტონი ბერად აღიკვეცება.
ტრაპისტების ორდენი დასავლურქრისტიანულ სამყაროში ცნობილია თავისი გამორჩეული მომთხოვნელობითა და უკიდურესი სიმკაცრით. ორდენის წევრები უარს ამბობენ მეტყველებაზე, საუბარზე და ფაქტობრივ მთელ ცხოვრებას მარტოობასა და დუმილში ატარებენ. ამასთანავე, ისინი თავიანთი საზრდოდან სრულიად გამორიცხავენ ყოველგვარ ცხოველურ საკვებს და თითქმის მთელ დღეს ლოცვას უთმობენ, რომელიც ყოველდღიურად ღამის 2 საათიდან იწყება. ამგვარ სიმკაცრეთა მიზანია კონტემპლაციური, მჭვრეტელობითი ცხოვრების უშეღავათო ხორცშესხმა და მის საფუძველზე სულიერი სრულყოფილების მიღწევა. ის, ვინც ტომას მერტონს იცნობდა, ამტკიცებს, რომ მონასტერში ცხოვრებისას მან მისტიკური ჭვრეტის უნარი მოიპოვა. სიცოცხლის ბოლო სამი წლის განმავლობაში კი იგი სავსებით განმარტოვდა და, ორდენის ხელმძღვანელთა ნებართვით, მონასტრის საძმოსაგან გამიჯნულად ცხოვრობდა. თუმცა ეს უკვე მერტონის ცხოვრების მესამე და უკანასკნელი მონაკვეთია, როცა მისი სახელი და საქმე საყოველთაოდ ცნობილი ხდება.
მისი იმდროინდელი ყოველდღიური ცხოვრება აღსავსეა წიგნების წერით, საზოგადოებრივი პროტესტის მოძრაობაში ჩართვით, აღმოსავლური სულიერების, მისტიკისა და ასკეტური პრაქტიკის შესწავლით. 40-იან წლებში იბეჭდება მერტონის ლექსების სამი კრებული, მაგრამ ისინი თითქმის შეუჩნეველი რჩება, 1948 წელს კი გამოდის მისი ყველაზე ცნობილი, ყველაზე გახმაურებული წიგნი „შვიდსართულიანი მთა“. ამ ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში აღწერილია ავტორისეული გზა უსაყრდენო აქტიურობიდან - მჭვრეტელობითი ცხოვრებისაკენ, თვითგანცხრომიდან - თვითდისციპლინისაკენ, სულიერი გაფანტულობიდან - შინაგანი მოკრებულობისა და სიმყარისაკენ. წიგნს, ჯერ კიდევ ხელნაწერის სახით, აღტაცებით შეხვდნენ ივლინ ვო, კლეარ ლუსი, გრეემ გრინი. „შვიდსართულიანი მთის“ დაბეჭდვის შემდეგ მისი ტირაჟი ყოველთვიურად რამდენიმე ათასი ცალით მატულობდა, მაგრამ მკითხველთა ინტერესი თვეებისა და წლების განმავლობაში არ ნელდებოდა. განუწყვეტლად მოდიოდა გამოხმაურებები მთელი მსოფლიოდან: ახალგაზრდა კათოლიკე ბერის სულიერი ძიებების გაცნობა აღფთოვანებით აღავსებდა მართლმადიდებელ ბორის პასტერნაკსა და იუდეველ აბრაჰამ იოშუა ჰეშელს, კათოლიკე ჩესლავ მილოშსა და ანგლიკან კანონიკ ელკინს, - მათი მიწერ-მოწერა მერტონთან მეოცე საუკუნის სულიერი ისტორიის ყურადსაღები ფურცელია.
ამის შემდეგ ყოველწლიურად იწერება და იბეჭდება მისი ერთი ან ორი ახალი წიგნი (საბოლოოდ მათმა რიცხვმა სამოცს გადააჭარბა) - ლექსების კრებულები, ავტობიოგრაფიის გაგრძელებანი, მედიტაციური ჩანაწერები, სულიერი განსჯანი, გამოკვლევანი აღმოსავლურ რელიგიათა და სულიერ ტრადიციათა შესახებ, ასეულობით სტატია. ამას გარდა, ტრაპისტი ბერი ჩაერთვება საზოგადოებრივ მოძრაობაში - პროტესტს გამოთქვამს ვიეტნამის ომისა და ატომური შეიარაღების, ამერიკაში ადამიანის თავისუფლებათა შელახვისა და ტექნოლოგიურ მიღწევათა დეჰუმანიზაციის იარაღად ქცევის წინააღმდეგ.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ღრმად ეცნობა ჰინდუისტურ და ბუდჰისტურ სულიერ მემკვიდრეობას, ინტენსიურ დიალოგს მართავს აღმოსავლური რელიგიების წარმომადგენლებთან, მაგრამ შინაგანი გამოცდილების გაფართოებას ოდნავადაც არ შეუსუსტებია მისი ერთგულება ქრისტიანულ ჭეშმარიტებათა და დედაეკლესიის მიმართ, რომლის ერთგულ შვილადაც ტომას მერტონი სამუდამოდ დარჩა.
50 ესეი რელიგიათა ისტორიიდან
50 ესეი რელიგიათა ისტორიიდან
Комментариев нет:
Отправить комментарий