четверг, 22 августа 2013 г.

ხოსემარია ესკრივა


2002 წლის 6 ოქტომბერს, კვირას, რომში, წმიდა პეტრეს ტაძარში, წმიდანად იქნა შერაცხილი ორგანიზაცია „Opus Dei“-ს ფუძემდებელი, ხოსემარია ესკრივა დე ბალაგერ ი ალბა.
„Opus Dei“ თავის არსებობას 1928 წლის 2 ოქტომბრიდან ითვლის, - იმ დღიდან, როცა ესპანელმა მღვდელმა, ხოსემარია ესკრივამ, რომელიც ცნობილი იყო თავისი იურიდიული და ჟურნალისტური მოღვაწეობით, გადაწყვიტა დაეფუძნებინა ქრისტიანული საძმო ღატაკებისა და ავადმყოფების, სულიერ თუ ნივთიერ შეჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანთა დასახმარებლად. „Opus Dei“ ლათინურად საღმრთო საქმეს ნიშნავს და, როგორც თავად მისი დამაარსებელი ამბობდა, ორგანიზაციის სახელიც და იდეაც ღმრთაებრივი შთაგონების შედეგი იყო. მადრიდში დღესაც უჩვენებენ ზარს, რომლის რეკვის დროსაც ხოსემარია ესკრივას ჩაესახა იდეა ანუ, მისი სიტყვებით, მის სმენას ამ დროს ღმრთის ხმა მისწვდა, საფუძველი ჩაეყარა იმგვარი კათოლიკური მოძრაობისათვის, რომელიც უკეთ მოემსახურებოდა მეოცე საუკუნის ადამიანის გარემოსა და მოთხოვნებს. ორი წლის შემდეგ, 1930 წელს, ხოსემარია გადაწყვეტს, ორგანიზაციის საქმიანობაში ქალებიც ჩართოს.
„Opus Dei“-ს დაარსებიდანვე ორგანიზაციის მთავარი მიზანი გახდა არა სამონასტრო-საბერო ორდენის შექმნა, რომელიც, შესაძლოა, ამ სოფლიდან მეტ-ნაკლებად მოშორებული აღმოჩენილიყო, არამედ იმგვარი ერთობის დაფუძნება, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანის ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ყოფაში ქრისტიანული ცხოვრების წესსა და რიგს შეიტანდა. „Opus Dei“-ს დამფუძნებელს მიაჩნდა, რომ ადამიანი არც მხოლოდ განსაკუთრებულ, სამსახურიდან თავისუფალ დროს უნდა უთმობდეს თავისი ქრისტიანული მოვალეობების აღსრულებას და არც უარს უნდა ამბობდეს თავის საერო საქმიანობაზე, - თანამედროვე ადამიანი თავისი სამსახურის, თავისი მოღვაწეობის ადგილას უნდა შრომობდეს ისე, როგორც ქრისტიანს შეეფერება ანუ სრული პასუხისმგებლობით, თავდადებითა და ერთგულებით, ღმრთის სიყვარულითა და ქრისტიანული სულისკვეთების დამკვიდრებით. ხოსემარიას მოძღვრების საფუძველმდები იდეა იყო, დაეძლია თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში წარმოშობილი გაორება, - წინააღმდეგობა სამსახურეობრივ და სულიერ მოვალეობებს შორის. რაკიღა ყოველდღე, ყოველ წამს ადამიანის ცხოვრება ღმერთთან განუწყვეტლივ დიალოგში უნდა მიედინებოდეს, ხოსემარია ესკრივას აზრით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაც ღმრთისმსახურებად უნდა იქცეს. ამიტომ ენიჭება „Opus Dei“-ს სულიერ პრაქტიკაში ასეთი გადამწყვეტი, განმაპირობებელი, უმთავრესი მნიშვნელობა შრომის კურთხევის პრინციპს.
***
30-იან წლებში ესპანეთში რესპუბლიკელების ანუ ღმრთისმებრძოლთა ძალების გაბატონებას, რომელთა ზურგს უკან ბოლშევიკი ინსტრუქტორები იდგნენ, ქრისტიანთა იმგვარი დევნა მოჰყვა, რაგვარიც ამ ქვეყანაში მანამდე არავის უნახავს და არავის წარმოედგინა. მემარცხენე რევოლუციონერებმა - ანარქისტებმა, სოციალისტებმა თუ კომუნისტებმა - გადაწყვიტეს, მუსრი გაევლოთ ეკლესიის მსახურთათვის. შემდგომში აღმოჩნდა, რომ წითელი ტერორის შედეგად დახვრეტილი იყო 7000 სასულიერო პირი.
ხოსემარია ესკრივა მაშინ იძულებული გახდა, სამშობლოში თუ საზღვარგარეთ სხვადასხვა თავშესაფარი ეძებნა, მაგრამ ესპანეთში გენერალ ფრანსისკო ფრანკოს გამარჯვების შემდეგ „Opus Dei“-ს საშუალება მიეცა, ფართოდ გაეშალა თავისი მოღვაწეობა. იყო წლები, როცა ფრანკისტული მთავრობის წევრთა უმრავლესობა სწორედ „Opus Dei“ -ს მიეკუთვნებოდა. იმავე ხანებში, 1952 წელს, პამპლონაში იხსნება ნავარის უნივერსიტეტი, რომელსაც დღესაც მთლიანად „Opus Dei“ მეურვეობს.
1975 წლის 26 ივნისს მონსინიორი ესკრივა მიწიერ სოფელს რომში გამოეთხოვა. გარდაცვალებიდან 17 წლის შემდეგ, 1992 წელს, იგი ნეტარად იქნა შერაცხილი, ახლახან კი მან რომის კათოლიკე ეკლესიის წმიდათა შორის დაიმკვიდრა ადგილი.
თუ თავდაპირველად, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე, „Opus Dei“ მხოლოდ ესპანეთში მოქმედებდა, დღეს მისი წევრები მსოფლიოს თითქმის სამოცდაათ ქვეყანაში მოღვაწეობენ.
***
ამ სტრიქონების ავტორს რამდენიმე წლის წინათ, „Opus Dei“-ს პრაჰის წარმომადგენლობაში, მოუხდა ენახა ვიდეოკასეტა, რომელზეც აღბეჭდილი იყო ,,Opus Dei”-ს ფუძემდებლის ერთ-ერთი უკანასკნელი სამოძღვრო მოგზაურობა: გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე სხეულებრივად დაუძლურებული, თითქმის დაბრმავებული ხოსემარია ესკრივა ვენესუელის რომელიღაც შორეულ, მთიან სოფელში მრავალრიცხოვან მორწმუნეებს ხვდებოდა. მისი გულწრფელი და გამჭვირვალე რწმენა, მისი სიხალისე და მფეთქავი იუმორი, მისი დაუღლელობა სხვათა მოსასმენად, მისი ფართოდ გაღებული გული, ადამიანური ტკივილისა და სიხარულის გაზიარების იშვიათი ნიჭი და, რაც მთავარია, მაცხოვრის, ღმრთისმშობლის, ეკლესიის დაუეჭვებელი ერთგულება მაცოცხლებელ წყაროდ წარმოჩინდებოდა ჩვენს სულიერად გამოფიტულ და გრძნობიერად ამოშანთულ ყოველდღიურობაში. და კიდევ: უჩვეულო, მოულოდნელი, დაუჯერებელი იყო ის ენა, რომლითაც მეტყველებდა ეს მგზნებარე ესპანელი მღვდელი. შეუძლებელი იყო, დაგეძლიათ შეგრძნება: აი, ასე ლაპარაკობდნენ, აი, ასე ლაპარაკობენ წმიდანები. ჩვენ ამგვარ ცოცხალ, ხალას, უშიშარ, მართალ ენას შეჩვეული არა ვართ, - პოლიტიკური ტრიბუნებიდან, რადიოდან, ტელევიზიიდან, ინტერნეტიდან სრულიად სხვაგვარი ენა იფრქვევა.
როცა ამ შეხვედრისას ხოსემარიას ესკრივას შეკითხვით მიმართა გონებრივად ჩამორჩენილი ყმაწვილის დედამ, თუ რატომ მოუვლინა ღმერთმა მას და მის მეუღლეს ასეთი მძიმე განსაცდელი, უბრალო შავ სუტანაში ჩაცმულმა მღვდელმა დასევდიანებულ დედას ასე უპასუხა: „ეს თქვენი, მთელი თქვენი ოჯახის საჩუქარია, ეს საღმრთო ძღვენია, რადგან ღმერთი თავის ყველაზე ღირსეულ შვილებს ირჩევს და სწორედ მათ ავალებს და ანდობს ამგვარ ბავშვებზე მზრუნველობას. მაგრამ ერთ რამეს გთხოვთ, - როცა შინ მიხვალთ, ეცადეთ, ეცადეთ დიდხანს, ეცადეთ დაუღლელად, თქვენს შვილს ათქმევინოთ სიტყვები: ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, - იესო. დამიჯერეთ, მერწმუნეთ, როცა თქვენი შვილი ამ სიტყვებს წარმოთქვამს, ცაში ანგელოზები სიხარულის ზარებს ააგუგუნებენ“.
წმიდანები ასე ხედავენ, წმიდანებს ასე სწამთ.

50 ესეი რელიგიათა ისტორიიდან
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий