четверг, 22 августа 2013 г.

ვლადიმირ სოლოვიოვი




ვლადიმირ სოლოვიოვი საზოგადოდ მიჩნეულია რუსეთის ინტელექტუალურ ისტორიაში პირველ სისტემურ ფილოსოფოსად, თუმცა ამ დღეებში, როცა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში მისი გარდაცვალების ასი წლისთავისადმი მიძღვნილი შეკრებები თუ სამეცნიერო კონფერენციები მიმდინარეობს, ისევ წამოიჭრება ხოლმე კითხვა, შეიძლება თუ არა, საერთოდ, ვლადიმირ სოლოვიოვის მიჩნევა ფილოსოფოსად - ამ სიტყვის ევროპულ კულტურაში დამკვიდრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით. სოლოვიოვი ხომ, ჯერ ერთი, უფრო მეტ დროსა და გარჯას ფილოსოფიურ პუბლიცისტიკას უთმობდა, ვიდრე აკადემიურ მეტაფიზიკურ მსჯელობებს, ამასთანავე, მისი აზროვნება ფილოსოფიისა და თეოლოგიის, ფილოსოფიისა და ლიტერატურის, ფილოსოფიისა და მისტიკის მიჯნებზე მიედინებოდა. მაგრამ ამგვარი შემთხვევები სხვაც ხომ არაერთია თუნდაც იმავე ევროპული ფილოსოფიის ისტორიაში. ამიტომ, შესაძლოა, უპრიანი იყოს მისი მიკუთვნება მისტიკური ფილოსოფიის ანდა თეოლოგიური ფილოსოფიის სფეროსათვის.
და მაინც, ვლადიმირ სოლოვიოვი სათავეს უდებს არა მარტო რუსულ ფილოსოფიას, არამედ ახალი დროის თეოლოგიური აზროვნების განვითარებას, და არა მარტო რუსეთში, არამედ, საერთოდ, მართლმადიდებლურ სამყაროში, სადაც ისტორიულ მიზეზთა გამო ფილოსოფიური თუ თეოლოგიური განსჯანი არაერთი საუკუნის განმავლობაში უსიცოცხლოდ იყო გაქვავებული. მაგრამ აქ ერთი ხაფანგი გველის: მთლად ადვილი არაა ვლადიმირ სოლოვიოვის მიკუთვნება მართლმადიდებლური ტრადიციისათვის, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მის აზროვნებაზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა ანტიკურმა წარმართობამ და ებრაულმა კაბალამ, გნოსტიციზმმა და პანთეიზმმა, არამედ იმიტომაც, რომ დღემდე არ წყდება კამათი იმის შესახებ, თუ ვინ იყო აღმსარებლობით ვლადიმირ სოლოვიოვი, - მართლმადიდებელი თუ კათოლიკე, თუ რომელ აღმსარებლობაში დალია მან სული ამ ასი წლის წინ და მართლმადიდებელ მღვდელს თუ კათოლიკე პატრს ანდო მან თავისი უკანასკნელი აღსარება.
ცნობილია, რომ 1881 წელს, რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე II-ის, მკვლელობის შემდეგ, მან, მოსკოვის უნივერსიტეტის 28 წლის პროფესორმა, თხოვნით მიმართა გარდაცვლილი ხელმწიფის ვაჟს, ალექსანდრე III-ს, ეპატიებინა მამამისის მკვლელთათვის, ხოლო როცა ამას სამეფო კარის დუმილი და მის მიერ უნივერსიტეტის დატოვება მოჰყვა, ვლადიმირ სოლოვიოვის ფილოსოფიურ თუ საზოგადოებრივ აზროვნებაში კარდინალური გარდატეხა მოხდა. მან მაშინ განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მკვდარია და სამყაროს ქრისტიანული გარდაქმნის მისია, მთელი ქრისტიანული მსოფლიოს გაერთიანება მხოლოდ და მხოლოდ რომის კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა - პაპმა - შეიძლება იტვირთოს. ბუნებრივია, სოლოვიოვის ამგვარი შეხედულებების შემცველი წიგნების ბეჭდვა რუსეთში კარგა ხნის მანძილზე - სოლოვიოვის მთელი ცხოვრების განმავლობაში - აკრძალული იყო.
სიცოცხლის მიწურულისათვის მოხეტიალე ფილოსოფოსი და თეოლოგი, რომელსაც საკუთარი ჭერიც კი არ გააჩნდა, მისტიკურად ხედავდა სამყაროს დასასრულის მოახლოებას, ანტიქრისტეს ხელისუფლების გაბატონებას და მთელი ქრისტიანული სამყაროს - მართლმადიდებელთა, პროტესტანთა, კათოლიკეთა - გაერთიანებას ანტიქრისტეს წინააღმდეგ წმიდა პეტრეს მოსაყდრის, რომის პაპის, მეთაურობით.
პოეტი და მოაზროვნე, რომელმაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა მთელი შემდეგდროინდელი რუსული აზროვნების, კულტურის, ლიტერატურის განვითარებაზე, მოსკოვის ახლოს, უზკოეში, 47 წლისა გარდაიცვალა.

რწმენისა და იმედის გზაზე. 50 ესეი რელიგიათა ისტორიიდან



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий