четверг, 22 августа 2013 г.

ალბერტუს დიდი


ევროპული კულტურის ისტორიაში არცთუ ისე ბევრი მოიპოვება ისეთი ფილოსოფოსის სახელი, რომლის ნააზრევი დღემდე ცოცხალ მემკვიდრეობას წარმოადგენდეს. არც ისაა ადვილი, ითქვას, რომ რამდენიმე ასეული თუ ათასეული წლის წინ მცხოვრები ამა თუ იმ მსხვილი მოაზროვნის თუნდაც სახელი რასმე ეუბნებოდეს განათლებულ ევროპელს. ამგვარ იშვიათ სახელებს კი უთუოდ განეკუთვნება წმიდა ალბერტუს დიდი ანუ ალბერტუს კელნელი ანუ, კიდევ სხვაგვარად, რომის კათოლიკე ეკლესიაში მიღებული სახელდების თანახმად, Doctor Universalis, რაც საყოველთაო დოქტორს ნიშნავს. რა თქმა უნდა, ზემოთქმული სრულიადაც არ გულისხმობს, რომ ფართო საზოგადოებრივი წრეები, თუნდაც ინტელექტუალურ-საუნივერსიტეტო წრეები ღრმად იყოს გაცნობილი მის მრავალრიცხოვან ნაწერებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ის ინფორმაცია მაინც საკმაოდაა გავრცელებული, რომ ალბერტუს დიდი შუა საუკუნეთა დასავლური აზროვნების მონუმენტური წარმომადგენელია და ერთი, კიდევ უფრო მეტად ცნობილი ფაქტი, რომ იგი წმიდა თომა აკვინელის მასწავლებელი იყო.
ალბერტუს დიდი 1200 წელს დაბადებულა შვაბიაში, დღევანდელ გერმანიაში, და იგი 80 წლის ასაკში, 1280 წლის 15 ნოემბერს გადაცვლილა კელნში. იგი ცნობილია არა მარტო როგორც არისტოტელიზმისა და სქოლასტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, არამედ, ამასთანავე, როგორც დაუღალავად მოღვაწე დომინიკელი ბერი და ეპისკოპოსი, რომელმაც დიდი დრო და გარჯა დაუთმო თავისი დროისა და გარემოს საეკლესიო ცხოვრებას. მისი მოღვაწეობა კი საკმაოდ ფართო გეოგრაფიულ სივრცეს მოიცავდა - დღევანდელ იტალიას, საფრანგეთს, გერმანიას. ამას გარდა, ალბერტუს დიდს უკავშირდება ბუნებისმეტყველების აღორძინება შუა საუკუნეების ევროპაში და ამ დარგის ჩართვა, ლეგიტიმიზაცია ქრისტიანული ტრადიციული ცოდნის სისტემაში. აღსანიშნავია, რომ იგი თავისი დროის ერთადერთი მეცნიერი იყო, რომელსაც „დიდი“ ეწოდა და, სხვათა შორის, ეწოდა სიცოცხლეშივე.
ალბერტუსი საკმაოდ შეძლებული გერმანელი მიწათმფლობლის უფროსი ვაჟი ყოფილა, მაგრამ საერო საქმიანობაზე, საერო ცხოვრებაზე მას ადრევე უთქვამს უარი. პადუის უნივერსიტეტში თავისუფალ ხელოვნებათა დარგში სწავლა-განათლების გასრულების შემდეგ, დაახლოებით 23 წლისა, იგი იმ დროს ახალდაარსებულ დომინიკელთა ორდენში შესულა. ამის შემდეგ ახალგაზრდა მონაზონი ღმრთისმეტყველებისა და ფილოსოფიის შესწავლას ჩაჰღრმავებია იმავე პადუისა და ბოლონიის უნივერსიტეტებში. სულ მალე იგი თავად იწყებს მასწავლებლობას და გერმანიის სხვადასხვა მონასტრებში თეოლოგიური ცოდნის გავრცელებას შეუდგება. დაახლოებით 1245 წლისათვის დომინიკელთა ორდენი მას პარიზის უნივერსიტეტში მიავლინებს, სადაც იგი არისტოტელეს ლათინურად იმხანად ახალგადათარგმნილ ნაწერებს გაეცნობა. მალე იგი თეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტროსის წოდებას მოიპოვებს. სწორედ პარიზში იქაური სულიერ-ინტელექტუალური ცხოვრებით შთაგონებული ალბერტუსი იწყებს გრანდიოზულ საქმეს - მთელი იმდროინდელი ცოდნის შეკრებას, შეჯამებას, კომენტირებას. მის მიერ განმარტებულ თხზულებათა შორისაა ბიბლიის ყველა წიგნი და არისტოტელეს იმ დროისათვის ცნობილი ყველა ნაწარმოები. ამ პროექტის განხორციელებისას, რომელმაც დაახლოებით ოცი წელი გასტანა, ალბერტუს დიდის მოწაფეთა შორის, როგორც ჩანს, პირველად აღმოჩნდება წმიდა თომა აკვინელი, დასავლური სამყაროს ყველაზე დიდი თეოლოგი და ფილოსოფოსი, შემდგომში რომის კათოლიკე ეკლესიის მოძღვარი.
1248 წელს ალბერტუსი ტოვებს პარიზს და ბრუნდება კელნში, სადაც მას დაევალება დააფუძნოს გერმანიაში პირველი სტუდიუმ გენერალე, - დომინიკელთა მთავარი სასწავლო სახლი, სადაც იგი ექვსი წლის განმავლობაში მთელ თავის დროს, ლოცვისა და მედიტაციების გარდა, უთმობს სწავლას, სწავლებას, წერას. შემდგომში ალბერტუს დიდს ირჩევენ დომინიკელთა ორდენის ტევტონიის ანუ გერმანიის პროვინციის მეთაურად. ამით მისი ყოველდღიური დატვირთვა კიდევ უფრო იმატებს, მაგრამ იგი ოდნავადაც არ ანელებს თავის ინტელექტუალურ მოღვაწეობას, - და არც მაშინ, როცა პაპის, ალექსანდრე IV-ის, ნებით რეგენსბურგის ეპისკოპოსი ხდება, თუმცა მალე იგი უარს ამბობს საეპისკოპოსო კათედრაზე და ღმრთისმეტყველების მასწავლებლობას უბრუნდება. ამ დროს იგი, როგორც პაპის ლეგატი, შემოივლის გერმანიასა და ბოჰემიას (ჩეხეთს), ასწავლის ვიურცბურგსა და სტრასბურგში. სიცოცხლის მიწურულს ალბერტუსი ორ დიდ მოგზაურობას განახორციელებს - მონაწილეობას მიიღებს ლიონის საეკლესიო კრებაში და ჩადის პარიზში, რათა დაიცვას რამდენიმე წლით ადრე გარდაცვლილი თომა აკვინელის სახელი და მოძღვრება. ამ სოფელს კი დაუღლელი მონაზონი, მოძღვარი, ღმრთისმეტყველი და მეცნიერი ტოვებს 1280 წელს, კელნის დომინიკურ მონასტერში, - ძმათა, მოწაფეთა, თანამოაზრეთა გარემოცვაში.
1931 წელს ალბერტუს დიდი წმიდათა შორის იქნა შერაცხილი, 1941 წელს კი რომის კათოლიკე ეკლესიის მეთაური, პიუს XII, მას ბუნებისმეტყველ მეცნიერთა მფარველ წმიდანად გამოაცხადებს. და მაინც, ალბერტუს დიდი, პირველ ყოვლისა, ღმრთისმეტყველი და ღმრთისმჭვრეტელი იყო, რომელიც ერთმანეთისაგან მიჯნავდა, ერთი მხრივ, ცოდნას, რომლის წყაროა გამოცხადება და რწმენა და, მეორე მხრივ, ცოდნას, რომელიც მეცნიერებასა და ფილოსოფიურ აზროვნებას ეფუძნება. თუმცა რწმენა და მეცნიერება, ალბერტუსის აზრით, არ უპირისპირდება ერთმანეთს და არ არსებობს არანაირი „ორგვარი ჭეშმარიტება“: ერთი - რწმენის და მეორე - გონების ჭეშმარიტება. ყველაფერი, რაც ნამდვილად ჭეშმარიტია, სრულიად ეთანხმება ერთმანეთს. მაგრამ, ამავე დროს, არსებობს უმაღლესი ქრისტიანული ჭეშმარიტებები, ქრისტიანული მოძღვრების დოგმატური საიდუმლონი, რომელთა წვდომა მხოლოდ რწმენით, ლოცვით, სულიერი სწრაფვით, მისტიკური ჭვრეტითაა შესაძლებელი.
დიდ ევროპელ სქოლასტიკოსთა - ანსელმ კენტერბერიელის, ალბერტუს დიდის, თომა აკვინელის ფილოსოფიურ-თეოლოგიური მემკვიდრეობა, პლატონისა და არისტოტელეს აზროვნების მსგავსად, კაცობრიობის სულიერი ისტორიის დაუძველებელ და მამოძრავებელ ფასეულობებს ეკუთვნის.

რწმენისა და იმედის გზაზე. 50 ესეი რელიგიათა ისტორიიდან
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий