ერაზმუს როტერდამელს, ნებსითა და უნებურად, გზაჯვარედინზე დგომა მოუწია, და ეს გზაჯვარედინი ისტორიულიც იყო და პირადულიც. შესაძლოა, საკუთარი თავისათვის დეზიდერიუსი ერაზმუსი საცხოვრებლად, სამოღვაწეოდ, სამასწავლებლოდ ცოტა უკეთეს დროს, ცოტა უფრო მშვიდ და მყარ ეპოქას აირჩევდა (თუ ასეთი პერიოდების დაძებნა ჟამთამსვლელობაში ვისმე ადვილ საქმედ ეჩვენება), მაგრამ ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახელმოხვეჭილი მეცნიერი, მწერალი, მოაზროვნე, მწიგნობარი XVI საუკუნეში დაიბადა და მას იმათ გვერდით უწევდა ცხოვრება, რომლებიც ხუთი საუკუნის წინ რელიგიურად ორად გაყოფილი ქრისტიანული კონტინეტის კიდევ ერთ გახლეჩას ამზადებდნენ. თუ XI საუკუნის შუახანებიდან მოკიდებული სულ უფრო და უფრო შორდებოდა ერთმანეთს ქრისტიანული სამყაროს ორი ნაწილი - დასავლურ-კათოლიკური და აღმოსავლურ-მართლმადიდებლური, იმ დროისათვის, როცა ერაზმუს როტერდამელი თავის ხელნაწერებს, თარგმანებსა და კომენტარებს უკირკიტებდა, თავად დასავლეთის საქრისტიანო იხლიჩებოდა ორად - კათოლიკურ და პროტესტანტულ მხარეებად, რომელთა შორის შეტაკებანი უკვე გამოსულიყო თეოლოგიური დისპუტების ფარგლებიდან და სისხლიან და დაუნდობელ შეტაკებებში გადაზრდილიყო (რომლებმაც, როგორც ცნობილია, საუკუნეების მანძილზე გასტანა). სხვათა შორის, ჯერ კიდევ მაშინ, როცა კამათები თეოლოგიურ განზომილებებს არ გასცდენოდა, მართლმადიდებლებმა (და მათ შორის, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა) უარი თქვეს, თავიანთი აზრი გამოეთქვათ და რომელიმე მხარეს მიმხრობოდნენ, რადგან პაპის საყდარსა და ლუთერის მომხრეთა შორის შეჯახებანი, მართლმადიდებელთა საჯარო განცხადებით, დასავლური ეკლესიის შინაური (და შინაურულად მოსაგვარებელი) საქმე იყო.
პარადოქსი ისაა, რომ ერაზმუს როტერდამელი ამ გაორებული ეპოქის, გაორებული ისტორიის პირობებში ორსავე დაპირისპირებულ მხარეს თავის კაცად მიაჩნდა და ორივე მხარე მის დიდ სახელს, ევროპის განათლებულ და მმართველ წრეებში აღიარებულ სიტყვას თავის სასარგებლოდ იმოწმებდა და იდასტურებდა. მაგრამ ინტელექტუალურად მომთხოვნმა და კულტურულად დახვეწილმა ერაზმუს როტერდამელმა, ავგუსტინელმა ბერმა, რომელსაც მონასტერში თავისი ცხოვრების არცთუ მოზრდილი მონაკვეთი ჰქონდა გატარებული, ასევე ავგუსტინელი ბერის, ოღონდ ყოფილი ბერის, მარტინ ლუთერისაგან, შორს ყოფნა არჩია და რომის კათოლიკე ეკლესიის ერთგულებისათვის სიკვდილამდე არ უღალატია, თუმცა ცნობილია, რომ, ამავე დროს, მან უარი თქვა კარდინალის შეთავაზებულ ბერეტზე და მთლად ადვილი სათქმელი დღესაც არაა, რამ განაპირობა მისი ამგვარი ნაბიჯი - სიკვდილამდე სრულიად დამოუკიდებლად ყოფნის, სრულიად დამოუკიდებლად განსჯის დაუძლეველმა სურვილმა თუ ქრისტიანულმა თავმდაბლობამ და მოკრძალებამ, ოფიციალურ პოზიციათა დაკავებისა და გამოკვეთის უსურველობამ თუ ყოვლად უბრალო ყოფითმა მიზეზებმა, რომელთა წყაროები, შესაძლოა, არც არასოდეს გამჟღავნდეს.
დღევანდელი თვალსაწიერიდან კაცი იფიქრებდა, რომ ერაზმუსის ცხოვრება ყველაზე შესაფერი და შესაბამისი შვეიცარიაში იქნებოდა, სადაც, შვეიცარიულ სიმშვიდესა და დაუძაბველობისათვის თუნდაც ჩვენი საუკუნის არაერთ პაციფისტსა და მწიგნობარს შეუფარებია თავი, - ჰერმან ჰესე იქნებოდა იგი თუ რომენ როლანი. ისტორიის მოდერნიზაციაში რომ არ დაგვედოს ბრალი, გავითვალისწინოთ, რომ ამ ქვეყნის ერთ-ერთი მყარი ხატი იქაურ 700 წლოვან მშვიდობიანობას, ტოლერანტობასა და თავისუფალ მართვა-გამგებლობას გულისხმობს, მაგრამ თანამედროვე ხატები, მითები და ლეგენდები უმთავრეს შემთხვევებში საკმაოდ შორია ხოლმე სინამდვილისაგან. ამჯერადაც ნუ დავიზარებთ გავიხსენოთ, რომ სწორედ შვეიცარიული ბაზელის მიტოვება მოუწია ერაზმს სიკვდილამდე არც ისე დიდი ხნით ადრე, სწორედ შეუწყნარებლობისა და პროტესტანტული შეურიგებლობის შედეგად, - მას შემდეგ, რაც ბაზელში საერთოდ აიკრძალა კათოლიკური ღმრთისმსახურება. თვალშისაცემი და ნიშანდობლივია, თუ რაგვარი არატოლერანტობისა და განსხვავებულ შეხედულებათა მიუღებლობის გარემოში უწევდა ცხოვრება ერაზმუსს, რომელიც თავისი საქმითა და ღვაწლით ყველგან და ყველასთან სიფართოვესა და გახსნილობას ამკვიდრებდა.
ერაზმუსის ცხოვრების შედეგთა კიდევ ერთი პარადოქსი ისიცაა, რომ იგი ისტორიული პერსპექტივით საეკლესიო რეფორმის ერთ-ერთ უმთავრეს წამომწყებად და თავკაცად ჩანს, - და ისევ ორსავე მხარეს, ორივე მხარისათვის: ტრადიციული ტერმინოლოგიით, რეფორმაციისა და კონტრრეფორმაციისა ან, ამჟამად უფრო მიღებული სიტყვათხმარებით, პროტესტანტული რეფორმისა და კათოლიკური რეფორმისა. ფაქტი ისაა, რომ ორივე ამ ნაკადმა არსებითად უცვალა სახე ძველ კონტინენტს და, ალბათ, საერთოდ, ქრისტიანულ თუ მის მეზობელ სამყაროს, ხოლო ერაზმუსის წვლილი კი ამ ცვლილებებში სრულიად უეჭველია. ოღონდ საქმე ისაა, რა შეფასდეს შედეგებად და როგორ შეფასდეს: ბაროკული გზით, ღმერთისა და კაცის დამაკავშირებელი გზით სიარული ტრადიციულ ქრისტიანულ გარემოში თუ ახალი არჩევანის პროტესტანტულ ქვეყნებში ლიბერალიზმის პირველი მარცვლების ჩაყრა. შემთხვევითი, ალბათ, არც ისაა, რომ დეზიდერიუსი ერაზმუსი ხშირად ევროპული ლიბერალიმზის ერთ-ერთ პიონერადაა ხოლმე მიჩნეული.
ერაზმუსი, ექიმის ქალიშვილისა და მღვდლის, როჟე გერარის, ვაჟი 1469 წელს დაბადებულა, მაგრამ რაკიღა ცელიბატის აღთქმის გამო კათოლიკე მღვდელს ცოლის ყოლა ეკრძალება, გასაგებია, რომ ერაზმუსი უკანონო შვილად იქნა მიჩნეული. ამ დამღას (როგორც ჩანს, ერაზმუსის დროინდელ ევროპაში არც ისე თავზარდამცემად ხელისშემშლელს, - თუნდაც ლეონარდო და ვინჩის მაგალითი გავიხსენოთ, - როგორც მომდევნო, ეგრეთ წოდებულ უფრო ლიბერალურ ხანებში) ერაზმუსისათვის არც სიჭაბუკეში და არცთუ ხანმოკლე 67 წლის განმავლობაში ხელი დიდად არაფერში შეუშლია, - ყოველ შემთხვევაში, არც შესანიშნავი განათლების შეძენაში, არც ბერად აღკვეცასა და მღვდლად ხელდასხმაში, არც უნივერსიტეტის პროფესორობის მოპოვებაში და არც საკმაოდ წარმატებულ საკარო-პოლიტიკურ კარიერაში. რომ აღარაფერი ვთქვათ რომის კათოლიკე ეკლესიაში ერაზმუსის უზარმარი გავლენისა და ავტორიტეტის შესახებ, რომის საყდართან მისი უშუალო და უშუამავლო დამოკიდებულების შესახებ, გავიხსენოთ, რომ იგი დანიშნეს 16 წლის დიდი ჰერცოგის, კარლოსის, საპატიო კანცლერად, იმ კარლოსისა, რომელიც შემდგომში სახელგანთქმული იმპერატორი კარლოს V გახდა. სხვათა შორის, სწორედ მისი მეურვეობისა და აღზრდისას დაიწერა ერაზმუსის ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი - „ქრისტიანი მთავრის აღზრდა“.
მაგრამ ერაზმუსის მთავარ დამსახურებათა შორის ევროპული კულტურის წინაშე არა მარტო მისი წიგნები უნდა მოვიხსენიოთ, - ერთი მხრივ, რენესანსული განწყობით აღსავსე „სიბრიყვის ქება“ თუ „მოურიდებელი საუბრები“ და, მეორე მხრივ, ისეთი ნაწერები, როგორიცაა, მაგალითად, „ქრისტიანი მხედრის ენქირიდიონი ანუ დაშნა“, რომელიც ქრისტიანული მორალის, ქრისტიანული აღზრდის უთუოდ საგულისხმო სახელმძღვანელოა, - არამედ, აგრეთვე, მისი საგანმანათლებლო-საგამომცემლო საქმიანობა, რომელიც მოიცავს ძველი ბერძნული ტექსტების მოძიებასა და გამოცემას და ერაზმუსის ტექსტოლოგიური მოღვაწეობის მწვერვალს - ახალი აღთქმის ბერძნული ორიგინალის გამოცემას ახალი ლათინური თარგმანისა და კომენტარების თანდართვით. შემთხვევითი არაა, რომ სხვა არაერთ საპატიო წოდებებთან ერთად, რომელიც ერაზმუსმა თანამედროვეთა და მოგვიანო მემკვიდრეთაგან მოიპოვა, ერთ-ერთია თანამედროვე ევროპული ფილოლოგიის ფუძემდებლის ტიტული.
პროტესტანტთაგან მრავალრიცხოვან მიწვევებზე უარის თქმის შემდეგ, ბაზელის იძულებითი მიტოვების შემდეგ, იგი გადადის ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტში. გაივლის წლები და ერაზმუსი კიდევ ერთხელ დაბრუნდება ბაზელში, რათა თვალყური მიადევნოს საკუთარი წიგნის ბეჭდვას, მაგრამ 1536 წლის 12 ივლისს ერთ დროს მისთვის აგრე ღვიძლ ქალაქში იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც მოწმეები ამბობენ, მისი უკანასკნელი სიტყვები ყოფილა: „ჩემო ძვირფასო ღმერთო!“.
ერაზმუსის ცხოვრება და ღვაწლი ამ ხუთი საუკუნის განმავლობაში არაერთხელ გამხდარა ევროპელ ინტელექტუალთა განსჯისა და ჩაფიქრების საგანი, ხშირად საკუთარი სათქმელის დაზუსტების თუ გამოთქმის საშუალება. XX საუკუნის ლიტერატურაში ერთი ამგვარი ნიმუშია შტეფან ცვაიგის სიკვდილისწინა წიგნი „ერაზმუს როტერდამელის ტრიუმფი და ტრაგედია“, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ზღურბლზეა დაწერილი.
რწმენისა და იმედის გზაზე. 50 ესეი რელიგიათა ისტორიიდან
რწმენისა და იმედის გზაზე. 50 ესეი რელიგიათა ისტორიიდან
Комментариев нет:
Отправить комментарий