სიმონ ვეილი 1909 წლის 3 სექტემბერს პარიზელი ებრაელი ექიმის ოჯახში დაიბადა და მთელი ბავშვობა შემდგომში გენიალურ მათემატიკოსად აღიარებული უფროსი ძმის გვერდით გაატარა. ოჯახური ტრადიციების კვალობაზე, არც იგი ყოფილა გულგრილი მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მიმართ, მაგრამ საუნივერსიტეტო განათლებად ვეილმა ფილოსოფია აირჩია და, დეკარტის შესახებ სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შემდეგ, სწავლა დოქტორის ხარისხით დაამთავრა.
თუმცა, განსაკუთრებული წარმატებებისა და მხარდაჭერის მიუხედავად, მან მაშინვე უარი თქვა აკადემიურ მოღვაწეობაზე და მარქსის, ლენინისა და ტროცკის წიგნების კითხვა იმით დაგვირგვინდა, რომ ვეილმა მუშათა მოძრაობაში ჩართვა გადაწყვიტა. კაბინეტურ სოციალისტ-კომუნისტთაგან განსხვავებით, ეს იმაში გამოიხატა, რომ ფილოსოფიის დოქტორმა ქარხანაში დაიწყო მუშაობა, - რათა საკუთარ თავზე გამოეცადა ის, რასაც იმხანად იგი „ფიზიკური შრომის ბედნიერებას“ უწოდებდა.
ამ დროს ბოლშევიზმის ერთ-ერთი მესაძირკვლე, ლევ ტროცკი, თავისდა უნებურად, ევროპაში აღმოჩნდა და სიმონ ვეილსაც მალე მასთან მოსაუბრეს ვხედავთ, თუმცა ეს შეხვედრები მხოლოდ იმ შედეგით დამთავრდა, რომ ახალგაზრდა ფილოსოფოსმა ქალმა (რომელიც, სხვა ფრანგ ინტელექტუალთაგან განსხვავებით, არასოდეს ყოფილა საბჭოთა კომუნიზმის თაყვანისმცემელი), სულ მალე, საერთოდ, უარი თქვა მემარცხენურ-სოციალისტურ ილუზიებზე. მის ამ „მოქცევაში“, ისევე როგორც, მაგალითად, ორუელისა და კესტლერის შემთხვევაში, კიდევ ერთი გადამწყვეტი მოვლენა იყო ესპანეთის სამოქალაქო ომში მონაწილეობა და საკუთარი თვალით ნახვა იმისა, თუ რას ნიშნავს მაუზერიანი კომუნისტი.
1937 წელს სიმონ ვეილი, იტალიაში ყოფნისას, პირველად დაიჩოქებს ღმრთისმშობლის ქანდაკების წინ სანტა მარიას სამლოცველოში, სადაც ოდესღაც წმიდა ფრანჩესკო ასიზელი ლოცულობდა. იწყება მისი დაძაბული, დაუმთავრებელი გზა რომის კათოლიკე ეკლესიის წიაღისაკენ. იგი სიხარულსა და ჭეშმარიტებას სახარებაში, წმიდათა ცხოვრებასა და ნაწერებში პოულობს. ვეილი ამბობს, რომ იგი კათოლიკეა „უფლებით და არა ფაქტობრივ“. მისი აზროვნება, მისი ცხოვრება მაცხოვართან მისტიკური ერთობის ძიების გზაზე წყდება...
ჭლექით დაავადებული, 34 წლის სიმონ ვეილი 1943 წლის 24 აგვისტოს ინგლისში მოუნათლავი გარდაიცვალა. რამდენიმე წელიწადში მისი მეგობრები აქვეყნებენ ვეილის მრავალრიცხოვან დაუბეჭდავ ნაწერებს, რომელიც უმალ იქნება მიჩნეული ჩვენი საუკუნის რელიგიური შთაგონების, რელიგიური აზროვნების ერთ-ერთ უმაღლეს გამოვლინებად.
,,არ არსებობს ქრისტიანული თვალსაზრისი და სხვაგვარი თვალსაზრისი, - არსებობს ჭეშმარიტება და ცდომილება. არა ის, რაც ქრისტიანულია, არის ჭეშმარიტი, არამედ ის, რაც ჭეშმარიტია, არის ქრისტიანული“, - წერია სიმონ ვეილის სიკვდილის შემდეგ დაბეჭდილი ჩანაწერების ერთ-ერთ გვერდზე.
რწმენისა და იმედის გზაზე. 50 ესეი რელიგიათა ისტორიიდან |
Комментариев нет:
Отправить комментарий