კომპანიამ „Zero Motorcycles" წარმოადგინა გამძლე და სანდო ელექტრომოტოციკლი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური დანიშნულების ძალებისათვის („სპეცრაზმისათვის"). ახალი ელექტრული ტრანსპორტი, მოტოციკლი Zero MMX, შემუშავებულია სპეციალურ ოპერაციათა ამერიკული ძალების შეკვეთით და სხვა არსებული ანალოგისაგან განსხვავდება უმძიმეს პირობებში მუშაობის უნარით.
ელექტრომოტოციკლი MMX განკუთვნილია სპეციალური დანიშნულების ძალებისათვის და უმძიმეს პირობებში მუშაობის უნარით ხასიათდება.
აშშ-ს ჯარში მოტოციკლი ადრეც გამოიყენებოდა; მაგალითად, მოტოციკლი ქვეითი ჯარის სადაზვერვო ნაწილის „საშტატო" ერთეულია. მოტოციკლის მეშვეობით მზვერავს შეუძლია სწრაფად გადაადგილება; ადვილია მოტოციკლის ტრანსპორტირება ვერტმფრენით, დამალვა და ა.შ. მაგრამ მოტოციკლს აქვს ისეთი ნაკლიც, რომლის გამოც მისი გამოყენება ბრძოლის ველზე საშიშია. იგულისხმება ძლიერი ხმაური, არასაკმარისი სანდოობა, განსაკუთრებით მძიმე კლიმატურ პირობებში.
ელექტრომოტოციკლს „Zero MMX"-ს ასეთი ნაკლი არა აქვს: ის პრაქტიკულად უხმაუროდ გადაადგილდება, ძალიან ცოტა სითბოს გამოყოფს, ხოლო მისი ძალოვანი დანადგარი მუშაობს მაშინაც კი, როცა მოტოციკლი მთლიანად წყალქვეშ აღმოჩნდება. მოტოციკლის „Zero MMX" ლითიუმ-იონური აკუმულატორული ბატარეები მოდულურია, ანუ საჭიროების კვალობაზე შეიძლება ან 2,8 კვტ•სთ ტევადობის ერთი უჯრედის გამოყენება, ანდა ორისა – საერთო ტევადობით 5,6 კვტ•სთ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ერთი დამუხტვით შეიძლება 2 საათის განმავლობაში მოძრაობა. შესაძლებელია სწრაფი, ერთსაათიანი დამუხტვაც – სპეციალური გართვის – „CHAdeMO" გამოყენებით.
ელექტრომოტოციკლი აღჭურვილია 92 ჰმ ბრუნვის მომენტის მქონე ძრავით; მაქსიმალური სიჩქარეა 137 კმ/სთ, რაც იძლევა ნებისმიერი სხვა სამხედრო ტექნიკის სწრაფად უკან დატოვების საშუალებას, ვინაიდან სამხედრო ტექნიკის სიჩქარე 40-60 კმ/სთ იშვიათად აღემატება.
საჯარისო მოტოციკლს მთელი რიგი თავისებურება გააჩნია; მაგალითად, მას აქვს დამცავი ხუფი ფარების გამომრთველზე (რათა ღამე შემთხვევით არ ჩართო), აგრეთვე ინფრაწითელი ფარები, რომლებიც ანათებს გზას ისეთ დიაპაზონში, რომლის დანახვა შეიძლება მხოლოდ ღამის ხილვის ხელსაწყოს მეშვეობით. ინფრაწითელ ფარებს კიდევ ერთი დანიშნულება აქვს – მოტოციკლის ამოსაცნობად საკუთარი ჯარის მიერ, რომელიც აღჭურვილია ღამის ხილვის ხელსაწყოებითა და თბოვიზორებით.
ელექტრული ტრანსპორტი სამხედროთა სულ უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს, რომლებიც უკანასკნელ წლებში ორიენტირებული არიან ელვისებურ ოპერაციებზე. ასეთი ოპერაციის პროცესში „კომანდოს" ჯგუფები ან გადასცემენ ავიაციას მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი ობიექტების კოორდინატებს, ანდა დამოუკიდებლად ანგრევენ ინფრასტრუქტურას. ჩვეულებრივ ასეთი ჯგუფი დიდხანს არ მოქმედებს – საშუალოდ 1-2 დღე-ღამე, რის შემდეგაც ვერტმფრენით უკან ბრუნდება. ამგვარ ჯგუფს გამძლე მსუბუქი მოტოციკლი ბატარეების მარაგით ნამდვილად გამოადგება. კვადროციკლისა და ბაგისაგან განსხვავებით, მოტოციკლის გადაზიდვა შეიძლება მსუბუქი ვერტმფრენითაც.
Комментариев нет:
Отправить комментарий