суббота, 14 сентября 2013 г.

ქართული წყევლის ფორმულების შინაარსობრივ-მხატვრული და სათეატრო ბუნება


წყევლა – ღმერთის სახელით კაცის შეჩვენება, წყევლა ქრისტიანული ზნეობის საწინააღმდეგო და ყველაზე საშინელი ცოდვაა. მიუხედავად ამისა, ქრისტიანები იყენებდნენ ანათემაზე გადაცემას, რაც იგივე წყევლაა. იგი სათავეს წარმართული და შეიძლება ითქვას, უხსოვარი დროიდან იღებს, ოღონდ მაშინ მას მაგიური რიტუალი ეწოდებოდა. 

ადამიანის აზროვნებისა და საუბრის პროცესი ეს არის ენერგიის გამომუშავება და გადაცემა. ეს ენერგია ქმნის ე. წ. აზრ-ფორმას, ანუ აფირმაციას, როგორც მას ეზოთერიკაში უწოდებენ. თუ უფრო დავაზუსტებთ, აფირმაცია ეს არის მიზანმიმართული აზრ-ფორმა, რომელსაც ადამიანი კოსმოსში აგზავნის და მის გავლენას ბუმერანგის პრინციპით უკან იღებს, ანუ რასაც აგზავნის, იმასვე იღებს უკან. ადამიანი, რომელიც ლოცულობს, მისი დადებითი ენერგია მიდის კოსმოსში და გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან უბრუნდება ამ ადამიანს და მის გარემოცვას. ლოცვა და არა მხოლოდ ლოცვა, არამედ წყევლაც განსაკუთრებით მაშინ მატერიალიზდება, როდესაც ის დიდი ემოციურ მუხტს შეიცავს. ადამიანში ემოციური სხეულის ცენტრი გულია. ის ფიზიკური ენერგეტიკული აგრეგატია. სწორედ ამიტომ, ლოცვა უნდა ხდებოდეს ასე ვთქვათ, “გულით” და არა “ტვინით”, ანუ მხოლოდ გონებრივად, ემოციის გარეშე. ეს არის ენერგეტიკული გაცვლა, გავიხსენოთ ფიზიკაში ენერგიის მუდმივობის კანონი. წარმოთქმული სიტყვა შინაგანი ენერგიის ვერბალურ ენერგიად იქცევა და ხდება მისი გაშვება კოსმოსში, ანუ ემოცია ენერგეტიკულ გამოხატულებად იქცევა. 
ასევეა წყევლა, იგი აზრ-ფორმის მიზანმიმართული გავრცელებაა, ანუ ის ნეგატიური აფირმაცია არის, რომელსაც ადამიანი კოსმოსში აგზავნის იმ იმედით, რომ მისი წყევლა, ასე ვთქვათ, მის მტერს, მოძულეს დააზიანებს. პრინციპში ეს ასეც ხდება. ძველ აღთქმაში, კონკრეტულად კი “სიბრძნე ზირაქისა” ვკითხულობთ: “ადამიანს თავს ნუ დააწყევლინებ, რადგან იმ ადამიანის ვედრებას, ვინც გამწარებული სულით დაგწყევლის, შეისმენს მისი დამბადებელი”. აქვე უნდა ვთქვათ, რომ წყევლა აზიანებს არა მხოლოდ იმ ადამიანის ბიოველის სტრუქტურებს, ვისკენაც არის მიმართული ეს წყევლა, არამედ ის მოქმედებს მასზეც, ვისიდანაც მოდის. ეს ქართულ ანდაზაშიც კარგად ჩანს, რომელიც ასე ჟღერს: “წყევლა – მაწყევარისაა”.
ქართული ფოლკლორის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და საინტერესო ჟანრია წყევლა. სიტყვას `წყევლა~ რამდენიმე სინონიმი მოეპოვება. ალექსანდრე ნეიმანმა 1979 წელს გამოცემულ `სინონიმთა ლექსიკონში~ წყველის თვრამეტი სინონიმი დააფიქსირა: წყევა, საწყევარი, ანათემა, დაკრულვა, კრულვა, დაშანთება, ჩვენება (შეჩვენება), ქოქით ამოღება, დაქოლვა, ქოქოლა, დალახვრა, ვალალას დაყრა, ხატზე გადაცემა, მოჯოჯოხეთება, შერისხვა, შეკვრა, დაშამათება. წყევლის სინონიმად თავის დროზე აპოლონ წულაძემ საზოგადოებას და მკვლევარებს თავიდან გააცნო ძველი ტერმინი-ილანჯუხობა, რომელიც მან გურიაში ჩაიწერა XX საუკუნის 40-აინ წლებში. ილანჯუხს, როგორც ლექსიკურ ერთეულს, სხვადსხვა მკვლევარი სხვადასხვაგვარად განმარტავს. ალექსანდრე ღლონტი: დაკრულვა, ხატზე გადაცემა; ილია აბულაძე: მახეა გალიის მსგვასი, ფრინველთ საჭერი; თედო სახოკია: მახე –პირდაპირი გაგებით, ხატოვნად –ღალატი, დაღუპვა. `ქართული ფოლკლორის ლექსიკონში~ (ტ.II; თბ, 1975, გვ.173) კი ილანზუხის სინონიმებად მოხსენიებულია წყევა, შეჩვენება, დარისხება, დაკრულვა. ზემოთ ჩამოთვლილ წყევლის სინონიმთა რიგს უნდა მიემატოს ჩვენს მიერ გურიაში, კერძოდ, ჩოხატაურის რაიონში დაფიქსირებული ლექსიკოლოგიური ერთეული –დუგება, რაც წყევლის მნიშვნელობით გამოიყენება. (იდუგება-იწყევლება, ნადუგარი-ნაწყევარი). წყევლის ეს აღმნიშვნელი ტერმინები `განაწილებული~ აქვს საქართველოს სხვადასხვა ეთნოგრაფიულ მხარეს, რეგიონს. მაგალითად, დალახვრა, ქოქოლა ქართლში უფრო გვხვდება, დუგება, კრულვა-გურიაში, შერისხვა, ხატზე გადაცემა-იმერეთში, შეჩვენება, ჭყალა-სამეგრელოში და ა. შ. თვისობრივი შინაარსობრივი განსხვავება ამ სინონიმებს შორის არ არის. სხვადასხვა ტერმინი სხვადასხვა ქართულ ეთნოგრაფიულ კუთხეშია გავრცელებული.
წყევლის, როგორც ხალხური მაგიური პოეზიის ჟანრის ტრადიციული, აკადემიური დეფინაცია ამგვარია: `მაგიური ფორმულა რისამე აღსაკვეთად, შესაჩვებელად, გასაქრობად~; ფოლკლორისტის, პროფესორ მიხეილ ჩიქოვანისეული ეს განმარტება, ვფიქრობ, სწორად გადმოსცემს წყევლის არსსა და ბუნებას. წყევლა ასევე ბრძოლის საშუალებაა, რომელსაც საფუძვლად შიში უდევს.
წყევლა, როგორც მაგიური სიტყვაკაზმულობის (როგორც ზეპირსიტყვიერი, ისე წერილობითი ლიტერატურის) ერთ-ერთი გავრცელებული და დამოუკიდებელი უბანი თავისთავად საყურადღებოა და ბევრ საინტერესო საკითხს აღძრავს, სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურა ამ რიტუალის შემცველი, მაგიური ფუნქციონალური დატვირთვის სიტყვათაწყობის შესახებ საქართველოში არ მოიპოვება. პირველად მკვლევარმა აპოლონ წულაძემ წყევლის ტექსტები გამოაქვეყნა წიგნში `ეთნოგრაფიული გურია~. ასევე აზრი აქვთ გამოთქმული პროფესორებს მ. ჩიქოვანს, ქს. სიხარულიძეს. ქართული წყევლის ერთგვარი ანთოლოგია სახელწოდებით `პირი ხისკენ მიქნია...~ 2007 წელს გამოსცა ფოლკლორისტმა, პროფესორმა თინა შიოშვილმა. თუმცა წყევლა, როგორც მაგიური პოეზიის ერთ-ერთი სახე, როგორც მას მკვლევარები უწოდებენ, დღემდე მაინც სათანადოდ არ არის შესწავლილი. არადა, ფოლკლორისტიკის ეს უცნაური ჟანრი საინტერესო უნდა იყოს არა მხოლოდ ლიტერატურათმცოდნეებისა და ენათმეცნიერთათვის, არამედ რელიგიის ისტორიით დაინტერესებულ მკვლევართათვის და სათეატრო ანთროპოლოგიაში მოღვაწე მეცნიერთათვის, რადგან წყევლა წარმოადგენს ისეთ სიტყვათა წყობას, რომლის წარმოთქმის საფუძველი და შედეგიც არის ქმედება, რიტმი, ენერგეტიკული სქემა, ხშირ შემთხვევაში წინასწარ დაგეგმილი თეატრალიზებული წარმოდგენა. 

წყევლის წარმოშობას, ისევე როგორც მაგიური პოეზიის ჟანრს შელოცვას, სიტყვის მაგიური ძალის რწმენა და როგორც ეზოთერული ცოდნა, ასევე ეზოთერული გამოცდილება უდევს საფუძვლად. სიტყვას რომ დიდი ძალა აქვს, ალბათ, ამაში არავის ეჭვი არ ეპარება. იოანეს სახარებაში ვკითხულობთ: “დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა” (სიტყვა აქ უნდა გავიგოთ როგორც `ლოგოსი~, სიტყვა ბიბლიური გაგებით იგივე ლოგოსია). რა თქმა უნდა, სხვა არის ღვთიური სიტყვა, და სხვა არის ადამიანის მიერ ნათქვამი სიტყვა, თუმცა სიტყვას საკუთარი ენერგია და სიხშირე გააჩნია, რომელიც ადამიანის გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ დონეზე მოქმედებს. თუმცა ადამიანი ღმერთის მსგავსია და როცა ადამიანი იწყევლება, ის ღმერთს ეტოლება, ეთანაბრება, მის ფუნქციაში იჭრება. ის კი ვინც, ღვთის ფუნქციაში იჭრება ცოდვილია და დასჯილი, შესაბამისად დაწყევლილიც. 


თუ ვედრებით ადამიანი მიმართავს რაღაცა ძალას, არსებას, რომ მან დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნილებანი, წყევლა ავი ძალისადმი სასჯელის გამოყენებაა, ერთგვარი მუქარა, ამავე სურვილის ენერგიული და შემტევი გამოხატვაა. გრიგოლ კიკნაძის აზრით, "მუქარასთან შედარებით წყევლა გარკვეული ნაბიჯია იმ მიზნის რეალიზაციისაკენ, რომ ადამიანის სურვილთა შემაფერხებელი, ჩამოცილებული იქნეს გზიდან. ის ვინც, ან რაც აფერხებს სურვილთა განხორციელებას, ის ვინც ხელყოფს ადამიანის საარსებო ინტერესებს, სრულიად ბუნებრივად იმსახურებს რისხვას~, თუმცა ქრისტიანული რელიგიის თვალსაზრისით ასეთი რამ თეორიულად მიუღებელია. იესო ასე მოძღვრავს მოწაფეებს: "უფალმან, მამამან ჩვენმან რქუა: რაც შენთვის არ გინდა, სხვისთვის არ ისურვო, ხოლო კარგი რაც შენთვის ისურვო, სხვასაც უსურვე" (მათე; 4.6.)
წყევლა წარმართული ხანიდან იღებს სათავეს. მისი განვითარების შეფერხებაზე დიდი გავლენა იქონია ქრისტიანობის გავრცელებამ, ხოლო შემდეგ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ საქართველოში, თუმცა მისი განვითარება დღემდე არ შეწყვეტილა. ზეპირისტყვიერებაში ის კვლავ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი რელიგია (ქრისტიანობა) გამალებით ებრძოდა წყევლას, ისვე როგორც ყველაფერ დანარჩენ კულტურულ ფასეულობებს, როგორც ბოროტ მოვლენას. თუმცა ისტორიულად ცნობილია არა ერთი ფაქტი, როცა თავად ეკლესია გამოდიოდა მაწყევარის როლში. ხშირად ყოფილა შემთხვევა ანათემაზე გადაცემის. ეს ერთგვარი სასჯელი იყო. ქართული, ისე როგორც სხვა ეკლესიების მიერ - იწყევლებოდა, ანუ შეჩვენებული იყო, როგორც საერო, ისე სასულიერო პირები. შუა საუკუნეებში ქრისტიანული რელიგია მისი მოძღვრების საფუძველზე კატეგორიულად კრძალავდა წყევლას, გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებიდან ვკითხულობთ: `წყევა არს ბოროტი თავად, მას არამც შესწევს ძალა ბოროტების დასათრგუნად, ნურამც წამოვა იგი თქვენს ბაგეთაგან...~ ამის მიუხედავად ეკლესია დაკანონებულად იტოვებდა უფლებას რელიგიური კოდექსის დამრღვევის დასჯის მიზნით დაწყევლის, ანუ ანათემაზე გადაცემის რიტუალური ქმედების შემცველ ფუნქციას.
ბიბლიის პირველ თავში `დაბადება~ ვკითხულობთ: `და ჰქუა უფალმან ღმერთმან გუელსა: ესე წყეულ იყავნ შენ ყოველთაგან პირუტყუთა და ყოველგან მხეცთა ქუეყანასათა~ (2;11). ბიბლიური თქმულების თანახმად, ყველასთვის ცნობილია, რომ დაწყევლის ფორმით დასაჯა უფალმა ჯერ ანგელოზები, შემდეგ ადამი და გველი. გამოდის, რომ პირველი წყევლა დედამიწაზე ქრისტიანული რელიგიის მიხედვით, უზენაესს, თავად ღმერთს ეკუთვნოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით სასულიერო ლიტერატურა არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ კითხვით მივმართეთ ქართული მართმადიდებლური ტაძრის მღვდელმსახურებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არ იყო წყველა პირდაპირი მნიშვნელობით. ეს იყო დასჯის კანონიკური წესი და `წყეულნ იყავნ..~ ძველი კანონიკური ტერმინოლოგია. სასულიერო პირების აზრით, სიტყვათწყობას `წყეულ იყავნ~ უძველეს დროში სხვა სემანტიკური დატვირთვა ჰქონდა. მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო `საკვირაო სახარებათა განმარტებაში~ (თბილისი, 2001) წერდა: `წყევლა – ეს განსაკუთრებული საუბრის თემაა. სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. უფალმა სწორედ სიტყვით შექმნა სამყარო. სიტყვა უბრალო ბგერები არ არის, რომელიც წარმოითქმება და ჰაერში გაიფანტება, წავა, უკვალოდ გაქრება, როგორც ამას, სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს. მას უდიდესი დატვირთვა აქვს. აღარაფერს ვამბობთ „საფუძვლიან“ წყევლა-კრულვაზე, რომელიც ასაფეთქებელად გამზადებული დენთივით არის.~
წყევლასთან დაკავშირებით, საქართველოს ისტორიაში ცნობილია ერთი შემზარავი ფაქტი. V საუკუნეში, ქართლის კათალიკოსმა მიქაელმა დაწყევლა ვახტანგ გორგასალი და ფიზიკური შეურაცყოფაც კი მიაყენა მეფეს. `ამადაც წამოვიდა მისგან ყოველგვარი ბოროტი~-წერს `ქართლის ცოხვრება~. მომხდარ ისტორიულ ფაქტს შეიძლება სხვადასხვა ახსნა და გამართლება ჰქონდეს, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ დაწყევლის, შეჩვენების, ანათემაზე გადაცემის რიტუალი დიდი ხნის წინ არსებობდა და იგი თეატრალიზებულ ფორმებსაც შეიცავდა. 
ხატზე გადაცემის, დაკრულვის რიტუალი უძველესი წარმართული წეს-ჩვეულებაა, რომელიც XIX საუკუნის ბოლომდე შემორჩენილი იყო საქართველოს ზოგიერთ მხარეში, მათ შორის, სვანეთში, ხევსურეთში, მთიულეთში. დაწყევლის წარმართულ სანახაობას საუკუნეთა მანძილზე რთულად, მაგრამ მაინც ერწყმოდა ქრისტიანული რელიგია. მოხდა ერთგვარი ადაპტაცია, ისევე როგორც მსხვერპლშეწირვის დროს. ტერმინი "ხატზე გადაცემა" სწორედ V საუკუნის შემდეგ გაჩნდა და იგი პირდაპირ უკავშირდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას საქართველოში, წერილობით ძეგლებში "ხატზე გადაცემა" X საუკუნის ბოლოს ფიქსირდება, მან ტერმინი `ანათემაზე გადაცემა~ მალევე ჩაანაცვლა.
დაკრულვის რიტუალის ფორმა თეატრალიზებული იყო და მას თუ ეგვიპტეში ქურუმები, საქართველოში ხევის ბერები, თემის სულიერი წინამძღოლები ასრულებდნენ. თეატრალიზებული წარმოდგენა მაყურებელზე იყო გათვლილი და რიტუალის შემადგენელ დეტალთა უმეტესობა მისთვის თვალისთვის მისაწვდომი იყო, რადგანაც აღნიშნული რიტუალი დამსჯელობით-აღმასრულებელ სანახაობას წარმოადგენდა, მას თემზე, განსაკუთრებული ემოციური გავლენა უნდა მოეხდინა, რათა სხვებს აღარ ჩაედინათ იგივე, ან მსგავსი ცოდვა.
დაწყევლის რიტუალის შესრულებისას მთავარი იყო ხევის ბერი-იგივე წარმოდგენის პროტოგონისტი, მასში მონაწილეობას იღებდნენ სხვა ქურუმები და ასისტენტები, რომლებთაც მეორე ხარისხოვანი როლები ჰქონდათ. ქურუმის ხმა და ვიზუალური მხარე შთაბეჭდილების და ეფექტის მომხდენი უნდა ყოფილიყო საზოგადოებაზე. მას ეცვა საგანგებო კოსტიუმი, რომლის გარეშეც რიტუალი არ ტარდებოდა. ყოველივე ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ისე როგორც ნებისმიერი რელიგიურ-მაგიური რიტუალი შეიცავდა თეატრის ელემენტებს, დაწყევლაც თეატრალური მოვლენაა. 


წყევლამ დღემდე მოაღწია, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი სახით. ზეპირ წყევლას საყოფაცხოვრებო ხასიათი ჰქონდა და ყოველდღიურ ურთიერთობაში იჩენდა თავს. წერილობითი სახის წყევლა საგვარეულო წყევლა იყო და შთამომავლობით გადადიოდა. ასეთი სახის ქოქოლას დაყრა ჯერ კიდევ ძველ ბერძნულ-რომაულ იურიდიულ ძეგლებშია დაცული. ამ ცნობებზე, ბიბლიაზე დაყრდნობით და რასაკვირველია, თავად შემორჩენილ ტექსტებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავსაკვნათ, რომ წყევლა-კრულვა უძველესი სახეა მაგიური სიტყვიერების და იგი თავის დადასტურებას წერილობით ძეგლებში პოულობს.
უძველესი წერილობითი ტექსტები, რომლებიც დაცულია ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორისტიკის განყოფილების ხელნაწერთა არქივებსა და ფონდებში, შინაარსით კანონიკურ ძეგლს წააგავს:
1. `წყეულ იყავნ, რომელმან შეურაცხყოს მამაი თავისი, გინა თუ დედაი თავისი
2. წყეულ იყავნ, რომელმან ცნოს საზღაური მოყუასისა თვისისანი
3. წყეულ იყავნ, რომელმან აცდუნოს ბრმაი გზასა
4. წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს მამის ცოლისა თვისისა თანა
წყევლასთან დაკავშირებით რამდენიმე სახის ტრადიცია არსებობს. დასავლეთ საქართველოში დაფიქსირებულია ამგვარი ჩვეულება: თუ ვინმეს კაცი დაწყევლიდა, მაშინვე ეკლესიას მიაშურებდნენ ენერგეტიკული დაცვისგან განწმენდისთვის. მაწყევარს ღმერთის საშუალებით თხოვდნენ უკან წაეღო თავისი სიტყვები, დაელოცა და ამით წყევლა განეიტრალდებოდა. ხალხური გადმოცემით, ყველაზე საშიში და მოსარიდებელი მაწყევარი – კაცი იყო. გარდა ამისა, წყევლა, თუკი მაწყევარი გულით იწყევლებოდა, უარყოფითი ენერგია დაწყევლილის თაობებს გადაეცემოდა. ასეთი წყევლა მღვდლის წყევლაზე უარესია, რადგანაც ძლიერი უარყოფითი ენერგია გადადის დაწყევლილ ობიექტზე. შესაძლოა დაუავადდეს რაიმე, ან ისე წარიმართოს მისი მისი ცხოვრება არც ცოცხლებში ეწეროს და არც მკვდრებში. 
საუკუნეების წინ, ქართველებს ასევე განსაკუთრებით საშიშად წარმოედგინა ბავშვის მიერ წარმოთქმული წყევლის ფორმულა. ბავშვი გარუყვნელი, ნაკლები ცოდვის მატარებელი და ალალია, ენერგეტიკულად სიფთაა. ეთნოგრაფიულ-ფოლკლორისტული დაკვირვებით, ბავშვი თუ დაიწყევლება, გულით დაიწყევლება. მოხუცი კი ემოციებისგან დაცლილია და თუ ძლიერ განვარისხებთ, მისგან წამოსული უარყოფითი ენერგია უთუოდ ზიანს მოგვიტანს. წყევლასთან დაკავშირებით სხვა ხალხური მოსაზრებაც არსებობს : თუ მაწყევარს წყევლისას მიაძახებ სიტყვას `ამინ~, ის წყევლა რაც არ უნდა ხუმრობით იყოს ნათქვამი, უმოკლეს ვადაში აუცილებლად ასრულდება.
წყევლაში, როგორც მაგიურ ფორმულაში, აისახა ქართველთა უძველესი მაგიური რწმენა-წარმოდგენები. ჩვენამდე მოღწეული უძველესი წყევლის ფორმულების დიდი ნაწილი ლექსის ფორმითაა წარმოდგენილი, ნაწილი კი ჩვეულებრივი, პროზაული ტექსტებია. 
ბუნებრივია, უძველესი წარმართული ატრიბუტიკის შემცველმა წყევლის ფორმულებმა ჩვენამდე ევრ მოაღწიეს. ამის ერთადერთი მიზეზი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებაა. წყველამ ვერ შეძლო, ისე როგორც ფოლკლორის სხვა ჟანრებმა, (მაგ. შელოცვამ) ქრისტიანულ რელიგიასთან თანაცხოვრება და სინტეზი. თუმცა იმდენად პოპულარული იყო იგი, მოახერხა დღემდე ზეპირი გზით თავის გადარჩენა და ტრანსფორმაციაც კი. 
წყველის ფორმულების გაცნობა-შესწავლისას გამოიყოფა ორი ძირითადი ხაზი: წყევლათა ერთი ჯგუფი აშკარად მიეკუთვნება იმპროვიზირებულ ტექსტს, მაგრამ არსებობს ისეთი კატეგორიაც, რომელიც უძველეს დროში წინასწარ დაწერილი, შედგენილი (სავარაუდოდ განათლებული და გავლენიანი ადამიანის ან ადამიანების მიერ შექმნილი) დოგმატური ტექსტია, რომელიც იმპროვიზირებული წყევლისგან გასხვავებით თავისი ფორმითაც გამოირჩევა-მას ლექსის ფორმა აქვს და ის პოეტურ პროდუქტს წარმოადგენს. ამიტომაც, გამოვყოფთ წყევლას კრულვისაგან. ჩვენი აზრით, წყევლა იმპროვიზირებული, პროზაული ტექსტია, რომელიც მაგიურ შინაარს შეიცავს, ხოლო კრულვა პოეტური ფორმის წყევლაა, რომელიც საგანგებოდ წარმოითქმის დათქმულ დროს და ადგილას, ამავდროულად შეიცავს რიტუალის ელემენტებს, ანუ ქმედებას. შესაბამისად, კრულვა თეატრალიზებული წარმოდგენაა.
"ღმერთის სახელით კაცის შეჩვენება, ანუ წყევლა, ქრისტიანული ზნეობის საწინააღმდეგო და ყოველთა უსაშინელესი ცოდვაა"

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий