четверг, 21 марта 2013 г.

„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“




„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“: XII საუკუნის საქართველოს „ოქროს ხანის“ იდეოლოგია და მისი თეოლოგიურ-ფილოსოფიური საფუძვლები (მასალები ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიისთვის)


მარიამ კარბელაშვილი
თამარის ეპოქის საქართველო განუმეორებელი „ოქროს ხანის“ სახელით აღიბეჭდა შთამომავალთა მეხსიერებაში, მაგრამ იდეა თამარისდროინდელი ოქროს ხანის შესახებ წარსულის იდეალიზაციით შეპყრობილ შთამომავალთ არ შეუქმნიათ: იგი XII საუკუნის მიწურულის საქართველოშივე იშვა. ეს იდეოლოგია მხოლოდ და მხოლოდ სრულიად კონკრეტულ პოლიტიკურ მოძღვრებაზე დაყრდნობით შეიძლებოდა შექმნილიყო, რაც ჩვენს წინაპართა ფრიად ფართო თვალსაწიერს გულისხმობს, და, მართლაც, XII საუკუნე, უპირველეს ყოვლისა, ქართული პოლიტიკური აზროვნების ოქროს საუკუნე იყო. ეს იყო რენესანსული სულისკვეთებით გამსჭვალული ქრისტიანული საზოგადოების მიერ დიადი დროის ეპოქალურ მოთხოვნილებათა შესაბამისად ღრმად ათვისებული და შეთვისებული ფილოსოფიური აზროვნება ისეთ სფეროში, როგორიც ანტიკური პოლიტიკური ფილოსოფიაა, ის ფუძემდებლური მოძღვრება, რომელიც საფუძვლად დაედო ევროპის ისტორიულ-საზოგადოებრივ განვითარებას.
თამარის ეპოქაში ქართული პოლიტიკური თეოლოგიისა და ანტიკური პოლიტიკური ფილოსოფიის ურთიერთმორგება და ურთიერთმორიგება - მათი „შეზავება“ - ცხადად აისახა თამარის ისტორიკოსთა და მეხოტბეთა თხზულებებში, ხოლო ყველაზე თანამიმდევრული თეორიის სახე თამარის პირველი ისტორიკოსის ნაშრომში ჰპოვა.
„ოქროს ხანის“ იდეოლოგიის შემუშავება XII საუკუნის საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ სრულიად კონკრეტულ პოლიტიკურ მოძღვრებაზე დაყრდნობით იყო შესაძლებელი: ეს „საღმრთო პლატონის“ პოლიტიკური ფილოსოფიაა და თამარის ეპოქაში „ოქროს ხანის“ კონცეფცია, როგორც შემდგომ ნათლად გამოჩნდება, უშუალოდ პლატონის „სახელმწიფოსა“ და „ტიმეოსზე“ არის დაფუძნებული [4;3,6].
* * *
პლატონის „სახელმწიფოში“ წარმოდგენილი იდეა იდეალური სახელმწიფოსა და „მეფე-ფილოსოფოსის“ - იდეალური ხელისუფლის - შესახებ რენესანსის ეპოქის ევროპაში ფრიად აქტუალური აღმოჩნდა და ჰუმანისტთა უტოპიური ხასიათის თხზულებებს დაედო საფუძვლად: თომას მორის სახელგანთქმულ „უტოპიას“ (1516 წ.), რომელმაც სახელწოდება მისცა მთელ ამ მიმდინარეობას, კასპარ შტიუბლინის „ევდემონელთა სახელმწიფოს შესახებ“ (1555 წ.), თომაზო კამპანელას „მზის ქალაქს“ (1602 წ.) და სხვათ. ყველა უტოპია თავის არსით „ოქროს საუკუნის“ იდეალთან არის დაკავშირებული; ქვეყნად ამ „ოქროს საუკუნის“ მოლოდინს ეძღვნება კამპანელას არა მხოლოდ პროზაული თხზულება, არამედ პოეზიაც [16;329-332]; „მეფე-ფილოსოფოსის“ პლატონური იდეა ფრანგული განმანათლებლობის ეპოქაში უკვე განათლებული აბსოლუტიზმის იდეური საფუძველია.
უტოპია - იდეოლოგიაა, ხოლო უტოპიათა საერთო ხასიათი - არსებული სინამდვილით უკმაყოფილება. უტოპია და უტოპიური აზროვნება XX საუკუნეში განსაკუთრებით გამახვილებულ ყურადღებას იწვევს - გაჩნდა მისი ანტიჟანრი - ანტიუტოპია [17;233-251].
მეცნიერებაში დამკვიდრებული აზრით „...სწორედ დასავლეთი იყო უტოპიური აზროვნების აკვანი, სწორედ აქ იყო და არის ღრმა, განვითარებული, დახვეწილი უტოპიური აზროვნება, თამამი და სხვადასხვაგვარი უტოპიური ექსპერიმენტები... მორით და კამპანელათი დაწყებული უ. მორისამდე და მარქსამდე... დასავლეთი ხვეწდა და ამკვიდრებდა უტოპიის კულტურას და იგი რეალობის კულტურაში არ არევია... უტოპია ცივილიზაციის მოკავშირე აღმოჩნდა“ [17;3-4].
უტოპია და უტოპიური აზროვნება მართლაც ცივილიზაციასთან და კულტურასთან არის დაკავშირებული. ამის გათვალისწინებით იმ გავრცელებულ დებულებაში, რომ უტოპიური აზროვნების აკვანი ევროპაში დაირწა, როგორც ჩანს, XII საუკუნის ქართული მასალის გათვალისწინებით ერთგვარი კორექტივის შეტანა გახდება საჭირო.
* * *
აუცილებლად უნდა ითქვას რამდენიმე სიტყვა თამარის პირველი ისტორიკოსის თხზულების იმ განსაკუთრებულ თავისებურებაზე, რომელიც დიდი ხანია აღნიშნეს დიდმა ქართველმა მეცნიერებმა: ეს მისი მხატვრული და პანეგირიკული ხასიათია.
ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არისტოტელემ თავისი „პოეტიკის“ მეცხრე პარაგრაფში დასვა უმნიშვნელოვანესი კითხვა: რითი განსხვავდება პოეზია ისტორიისგან, და განსაზღვრა, რომ ისტორია - როგორც გამოკვლევა, გამოძიება, დადგენა - არის ჭეშმარიტ ფაქტთა ემპირიული გამოკვლევა და სწორედ ისტორიის, როგორც ტერმინის, ამ აზრობრივი წახნაგის მიხედვით დაადგინა განსხვავება პოეტსა და ისტორიკოსს შორის: ისტორიკოსი აღწერს მოვლენებს, რომელნიც სინამდვილეში მოხდა, პოეტი კი იმას, რაც იმავე პირობებში შეიძლება მომხდარიყო და დაასკვნის, რომ „ამიტომ პოეზია ისტორიაზე უფრო ფილოსოფიური და სერიოზულია“ (არისტოტელე, პოეტიკა, 9, 1451 B). ამრიგად, ისტორია ორიენტირებულია უწყებული მოვლენის ფაქტობრივ მხარეზე, თუნდაც ჭეშმარიტება იყოს არასრული და შეზღუდული, მაგრამ ფაქტობრივად ზუსტი: „არისტოტელემ დაასაბუთა ისტორიის არა მხატვრული, არამედ მეცნიერული კონცეფცია, ე.ი. კონცეფცია ისტორიისა, როგორც ზუსტად დამოწმებული და მართლად აღწერილი ემპირიული ფაქტის მეცნიერებისა. ამით ისტორიკოსს ეკრძალება შეგნებულად დაისახოს მიზნად მკითხველზე ემოციური ზეგავლენის მოხდენა. ეს უკანასკნელი მთლიანად დამოკიდებული უნდა იყოს არა ისტორიკოსის „ხელოვნებაზე“, არამედ თავად უწყებული ფაქტის ხასიათზე“ [15;25].
„აზმათა“ ავტორი, პირიქით, არღვევს მეისტორიესთვის სავალდებულო ამ პირობებს: იგი მხატვრულიც არის, ფილოსოფიურიც და მკითხველზე ემოციური ზეგავლენის მოხდენასაც ისახავს მიზნად. თედო ჟორდანია თავიდანვე აღნიშნავდა, რომ თამარის ისტორიის ავტორი „მუსიკობს, მჭევრმეტყვეობს, ენაწყლიანობს, სახემეტყვეობს, რათა ენამზიანობით რამდენადმე შეგვაგებინოს დიდებულება მეფობისა, რომლის ვრცლად აღწერას ვერ ჰკადრულობს, ვერ ახერხებს“. ივანე ჯავახიშვილმა საგანგებო ყურადღება მიაქცია ამ ისტორიული თხზულების არაორდინარულ ხასიათს - მისი ავტორის „დაუშრეტელ რიტორულ მჭევმეტყველებას“ [13;236, აგრეთვე 237-239]: „თამარ მეფის ისტორიკოსი რიტორულის ენაწყლიანობისა და მოქარგულობის დიდი მოტრფიალე ყოფილა“ და ამ თვალსაზრისით იგი „ერთადერთი ქართული ისტორიული თხზულებაა, რომელიც რიტორული ხელოვნებითა და მჭევრმეტყველურის მოქარგულობით არის ნაწერი“, მაგრამ იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ თუმცა „თამარ მეფის ისტორიკოსი თავის თავს „შემასხმელად“ სთვლიდა, მაგრამ ჭეშმარიტებისა და პირუთვნელობისათვის მაინც არ უღალატნია“ [13;241]. ზურაბ ავალიშვილიც ასევე თვლის, რომ „ისტორიათა და აზმათა ავტორი „თამარის პანეგირისტია“ [1;55,60] და ამის გამო „ავტორის ცნობები ბუნდოვანია და მისი მიზნებისათვის გადასხვაფერებული“ [1;62]. კორნელი კეკელიძემ, ამ თხზულების ერთერთმა გამომცემელმა, მკვეთრი პრინციპულობით გახაზა თამარის პირველი ისტორიკოსის პანეგირიკული ტენდენციურობა და ამასთანავე მხატვრული ბუნება: „ხასიათი და ღირებულება თხზულებისა ნათლად ჩანს მისი სახელწოდებიდან - „აზმანი“, რაც ქებას, ხოტბას, პანეგირიკს ნიშნავს... თხზულება ნამდვილი ხოტბაა თამარისა და მისი მეფობისა, ამიტომ ის არაა ყოველთვის დაზღვეული ჰიპერბოლებისგან“ [8;267], და რომ დავით აღმაშენებლის ისტორიასთან ერთად „ორივენი ნამდვილს პანეგირიკს ან „აზმას“ წარმოადგენენ, ორივე დაწერილია რიტორული მჭევრმეტყველებით, ორივეში გმირები განდიდებულ - გაზვიადებული სახით გამოიყურებიან“ [8;271] და დასკვნის სახით ამბობს, რომ „ეს, მიზანდასახულობით საისტორიო, შრომა ნამდვილი მხატვრული ნაწარმოების მიჯნებამდე ადის, ეს პროზით დაწერილი ხოტბაა, ისტორიულ ჩარჩოში ჩასმული“ [8;276].
„აზმათა“ მკვლევარნი ერთხმად აღნიშნავენ ამ ანონიმი ისტორიკოსის უფართოეს განათლებას, „ორმაგ ხასიათს ავტორის სწავლა-განათლებისა“ [8;268], რომ იგი „მეტად რთული პიროვნება უნდა ყოფილიყო... ერთსა და იმავე დროს შეთვისებული აქვს საწარმართო და საქრისტიანო მწერლობა და აზროვნებაც“ [13;229], „მას შეთვისებული ჰქონდა ორი კულტურა: ბერძნული, ბიზანტიურ-ელინური, ქრისტიანული და არაბულ-სპარსული, მაჰმადიანური. ამ ორ სულიერ სამფლობელოს მაღალხარისხოვანი განძი მას... იმდროინდელი მოწინავე თანამემამულეებისავით შესისხლხორცებული და თავისებურად გარდაქმნილი ჰქონდა“ [13;221].
ჩვენთვის ამჯერად თამარის პირველი ისტორიკოსის სწორედ ეს „საწარმართო“, „ელინური“ განათლებაა საინტერესო.
* * *
თამარის მეხოტბეთა თხზულებებში განსაკუთრებული ადგილი ასტრალურ ტროპიკას უჭირავს: თამარს - „მზეს“ თამარს - „შვიდ-მნათობიერს“ (12;27), როგორც მეტაფორას, შავთელიც და ჩახრუხაძეც ხშირად მიმართავენ:
„დავლათ-სვიანად, სუფევს მზიანად
შვიდთა მნათობთა გარმოზღუდვითა“
შავთელი, 18,1
„მზე დაუვალი, მყის დაუვალი
არს შვიდი მნათი მას ზედ მოწამედ“
შავთელი, 72,3
„ჩვენ ვთქვათ: „ეს რად ჰგავ? - ზეციერად ჯგავ
შვიდთა მნათობთა დაშვენებულად“.
ჩახრუხაძე, I, 4,4.
„შვიდი მნათობის“ ტროპიკა ის „გამჭოლი მეტაფორაა“, რომელიც არამხოლოდ ამ შესანიშნავი პოეტების ოდებში გვხვდება, არამედ - რა უცნაურიც არ უნდა იყოს ისტორიული ხასიათის თხზულებისათვის - თამარის პირველ ისტორიაშიც.
შალვა ნუცუბიძე შესანიშნავად განმარტავს თამარის მეხოტბეთა მისწრაფებებს: „მაშინდელი ქართული პოეზია იმდენად კარგად ერკვეოდა ფილოსოფიური აზროვნების საქმიანობაში, რომ, თუ სათანადო ფილოსოფიური განათლებაც ხელს შეუწყობდა, ისინი ერთმმართველობისათვის წარმოებული მწვავე პოლიტიკური ბრძოლის პირობებში უნდა საკმაოდ გარკვეულიყვნენ პოლიტიკური იდეოლოგიის საკითხებშიაც“ [10;168]. სავსებით გასაგებია, რომ ულამაზესი მეფე-ქალის „ერთუფლება - ერთმთავრობისთვის“ თავდადებულ მეხოტბეებს მისთვის ასეთი უნატიფესი მეტაფორებით მიემართათ, მაგრამ შეუძლებელია არ გაგვახსენდეს, რომ ანალოგიური ასტრალური ტროპიკა „აზმათა“ ტექსტშიც გვხვდება, აქ კი თავისთავად ჩნდება კითხვა: რა მიზნით მიმართავს თამარ მეფის ისტორიოგრაფი ასტრალურ ტერმინოლოგიას ტროპულ სახეთა შესაქმნელად? შემდგომ ვნახავთ, რომ მეხოტბეთა ასტრალური ტროპიკაც და „აზმათა“ შესაბამისი პასაჟიც ერთიდაიგივე პოლიტიკური იდეოლოგიის მეტაფორული გაფორმება: აქ დგება არა ტექსტის საკითხი- რომელიც თავისი პირდაპირი მნიშვნელობით სავსებით გასაგებია - არამედ მისი კონტექსტისა და ქვეტექსტის პრობლემა.
„თამარ შვიდ-მნათობიერი“ „აზმათა“ ტექსტში ჩნდება იქ, სადაც ისტორიკოსი გიორგი მესამის გარდაცვალების შემდგომ „დიდებულთა შვიდთავე სამეფოსათა“ მიერ თამარის საქართველოს სამეფო ტახტზე მეორედ აყვანის ამბავს აღწერს: „აღმყვანელთა საყდართა და საჯდომთა მამა-პაპეულთა აღსუეს მზე იგი მზეთა და ნათელი ნათელთა, ელვარება და მზეებრ მაშუქებელი სხუათა“ (12;26), რის შემდეგაც მეფე ქალმა „...შჳდთა მათ სარტყელთა ცისათა და მნათეთა სფეროსათა, რომელ არიან: კრონოს, ზევს და აფროდიტე, ერმი, აპოლონ და არეა - ამათ შეასახა სფერო მიწიერი ხუთთა მას საგრძნოს- ცნობათათა შჳდმყოფელად თანადართვითა სულისა და გონებისათა, და ოდესმე რომელიმე აღებაძვის ზენასა მნათსა ქუენა მნათი, გინათუ შუენებითა უცხოთა და უსახოთა, გინათუ სიბრძნის - მპყრობელობითა, გინათუ მზეებრ უხუებითა და მომფენობითა მართალთა ზედა და ცოდვილთა ზედა, გინა თუ მძლეველობითა სძლევდა საჭიროთა მიმართ“ [12;27-28].
ამ პოეტურ პასაჟს უშუალოდ მოსდევს თამარის მიერ ქვეშევრდომთათვის საჭურჭლის უხვი გაცემა-ბოძება და სამართლებრივი საქმიანობა: „და იჴსნა მოვალენი ვალთაგან, და მისცა ობოლთა ღონე და ქურივთა ჴელმწიფობა ქორწინებად, და ღონიერ ყვნა გლახაკნი და მდიდარ ღონიერნი“ (12;29), შემდგომ კი - „უნატოდ გაძეულ“ დიდებულთა და ისნის კარვისელთა გამოსვლა (12;30-32).
ისტორიკოსის თხზულებაში ისევე, როგორც მეხოტბეთა პოეზიაში, ასტრალური ტროპიკაა, და „აზმანი“ კოსმიური სრულყოფილების იდეითაა გამსჭვალული: ნაკლებ დასაჯერებელია, რომ ყოველივე ეს ამ პიროვნებათა მხატვრული მეტყველებისადმი განსაკუთრებული მიდრეკილებითა და ესთეტიკური გემოვნების სრული დამთხვევით აიხსნას.
რადგან თამარის ისტორიკოსიცა და მეხოტბენიც ერთსა და იმავე მხატვრულ სახეებს მიმართავენ მის დასახასიათებლად, ჩვენს წინაშე დგება ამ თხზულებათა კონტექსტისა და ქვეტექსტის გარკვევის აუცილებლობა. ისტორიული თხზულების ენა - სპეციფიკური სისტემაა, რომელიც სასაუბრო ენის იდენტური არ არის: ეს ეპოქისთვის ნიშანდობლივი კონვენციური, კოდიფიცირებული ენაა, რომელიც თავისი ხასიათით უნიკალურ, „დაშიფრულ“, გარკვეული ინფორმაციული „კოდის“ შემცველ ტექსტს ქმნის, რომელიც მხოლოდ თავისი ეპოქის სააზროვნო სისტემის კონტექსტში განიმარტება. ამ თვალსაზრისით ისე ჩანს, რომ „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ XII საუკუნის საქართველოს აქტუალური პოლიტიკური კონცეფციის ანარეკლია, მისი სიტყვა-მჭევრი ავტორი კი დიდოსტატია „სიტყვისა, ბრძნად ნაკაზმისა“: მის ლექსიკას ერთი ნიშანდობლივი თვისება აქვს - მეისტორიეს მიერ დაწერილი სიტყვა არის არა უბრალოდ სიტყვა მისი ცხადი, ცნობილი და ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ლექსიკოლოგიური მნიშვნელობით, არამედ სიტყვა - იდეა, რომელსაც საკუთარი სემანტიკური ველი აქვს და ტერმინს წარმოადგენს, რომლის ისტორიული, პოლიტიკური, ფილოსოფიური თუ ესთეტიკური განმარტება შეუძლებელია, თუ არ განიმარტა თავად ის სააზროვნო სისტემა, რომელშიც იგი ჩართულია, როგორც მისი მიუცილებელი შემადგენელი ნაწილი; ეს სისტემა თავად ისტორიოგრაფის პოლიტიკური კონცეფციაა.
თამარის ისტორიის ამ კოდიფიცირებულ, ეპოქისთვის დამახასიათებელი კონვენციური ლექსიკით შეთხზულ ტექსტში, პირველ ყოვლისა, საგანგებო ყურადღებას იპყრობს კოსმოსის სრულყოფილების აღწერა „სულისა და გონების თანადართვითა“ და ის, რომ მეფე-ქალმა კოსმოსის ამ იდეალურ სრულყოფილებას „შეასახა“ ანუ მიამსგავსა „სფერო მიწიერი“ - თავისი სამეფო. ამ სპეციფიკურმა ტერმინოლოგიამ გახსნა ტექსტის კოდი: კოსმოსისა და იდეალური სახელმწიფოს მსგავსების იდეა პლატონის პოლიტიკური ფილოსოფიის საფუძველთა საფუძველია, რადგან იდეალური სახელმწიფო იდეალური კოსმოსის ანარეკლი და ასახვაა [5;7].
„საღმრთო პლატონს“ „აზმათა“ ავტორი სულ ორჯერ ახსენებს: პირველად გიორგი მესამის დასახასიათებლად (12;3), მეორედ - ციტირებისთვის, მაგრამ თავად მისი თხზულების ტექსტიდან ჩანს, რომ პლატონი მისთვის ერთადერთი, უდიდესი და უკამათო ავტორიტეტია და საჭირო შემთხვევაში იმოწმებს კიდეც: „ვითარ იტყვისცა დღე ბერძენთა ხედვისა პლატონ:
„კეთილი კეთილთათვის არს კეთილ, ვინა იგივე კეთილი ბოროტთათვის ბოროტ“ (12;53). ეს შესანიშნავი მეტაფორული დახასიათება ათენელი ფილოსოფოსისა, რომელიც პლატონს ბერძნული ფილოსოფიის მზედ სახავს, თავისთავად მრავლისმეტყველია როგორც XII საუკუნის მიწურულის საქართველოში პლატონური ფილოსოფიის ავტორიტეტის წარმოსადგენად, ისე თავად ისტორიკოსის პირად ფილოსოფიურ მიდრეკილებათა გასათვალისწინებლად, ხოლო რადგან იგი სამეფო კარის ოფიციალური ისტორიკოსია, ისიც ცხადი ხდება, რომ მისი კრედო სახელმწიფოს ფილოსოფიისა სრულ უნისონშია სამეფო კარის ოფიციალურ იდეოლოგიასთან და მის გენერალურ ხაზთან.
აქედან ისიც ჩანს, რომ მეფობის ბიბლიური თეორია თამარის ეპოქაში უკვე აღარ იყო საკმარისი - ახალი დრო ახალ მოთხოვნებს აყენებდა და ამიტომაც საჭირო შეიქმნა პოლიტიკური თეოლოგიის შეთანხმება ანტიკურ პოლიტიკურ ფილოსოფიასთან: მეფე - ბრძენის ბიბლიური იდეის დაკავშირება მეფე-ფილოსოფოსის პლატონურ იდეასთან.
* * *
ქართულმა მეცნიერებამ დიდი ხანია დაასაბუთა, რომ XI-XII საუკუნეთა საქართველოში ძველი ბერძნული ფილოსოფიის შესწავლას ღრმა ფესვები ჰქონდა და მისი მაღალი დონე უნიკალურ მოვლენას წარმოადგენს იმდროინდელ მსოფლიოში.
თამარის ისტორიები და ხოტბები ცხადად მოწმობენ, რომ განათლებული ქართული საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი პლატონის თხზულებები, განსაკუთრებით კი ეთიკურ-პოლიტიკური ხასიათის „სახელმწიფო“ და „ტიმეოსი“.
„ტიმეოსში“ დეტალურადაა აღწერილი დემიურგის მიერ კოსმოსის შექმნა იდეალური მოდელის მიხედვით (პლატონი, ტიმეოსი, 30a-38c), რომელიც ნიმუშს წარმოადგენს იდეალური სახელმწიფოს მოსაწყობად (პლატონი, სახელმწიფო, IX, 592a), რომელიც ასევე იდეალურმა მეფე-ფილოსოფოსმა უნდა მართოს: „ვიდრე ქალაქებში არ იმეფებენ ფილოსოფოსები, ანდა მეფეები და ხელისუფალნი არ შეუდგებიან გულწრფელად და ნამდვილად ფილოსოფოსობას, ვიდრე სახელმწიფოებრივი ძალაუფლება და ფილოსოფია არ დაემთხვევა ერთმანეთს... მანამდე არც სახელმწიფოებისთვის, არც ადამიანთა მოდგმისთვის არ ექნება დასასრული ბოროტებას“ (პლატონი, სახელმწიფო, V, 473d). ასეთია პლატონის ეთიკურ-პოლიტიკური კრედო.
ამრიგად, „ტიმეოსისა“ და „სახელმწიფოს“ გათვალისწინებით, შვიდი მნათობის ესთეტიკური სიმბოლიკა „აზმათა“ ავტორისა და მეხოტბეთა თხზულებებში თავისი ეთიკურ-პოლიტიკური კონტექსტით შემოდის: მეტაფორა „თამარ-შვიდმნათობიერი“ მისი პოეტური ვარიაციებით პლატონისეული იდეალური მეფე-ფილოსოფოსის სემანტიკას შეიცავს და მთელი ნაკვეთი „აზმათა“ ზემომოყვანილი ტექსტისა, რომელიც „შვიდთა მათ სარტყელთა ცისათა და მნათეთა სფეროსათა“ ეხება, მთლიანად პლატონის დასახელებული თხზულებებით არის ინსპირირებული.
* * *
ფრიად საგულისხმო ფაქტია და საგანგებოდ უნდა აღინიშნოს: თუმცა, „რომანული დედის“ (ვეფხისტყაოსანი, 1558,2) მიერ შობილი ევროპული კულტურისგან განსხვავებით, საქართველო ბერძნული კულტურის მემკვიდრეა, თავისი სახელმწიფოებრივი არსებობის „საერთაშორისო პასპორტიც“ მისგან აქვს მიღებული და მასთან კავშირი არასოდეს არ გაუწყვეტია, თამარის ეპოქამდე „გარეშეთა ფილოსოფოსთა“ სახელებს არც ერთი ისტორიკოსი არ ახსენებს. დამახასიათებელია ისიც, რომ მაშინ, როდესაც დავით აღმაშენებლის მიერ საქართველოში საგანგებოდ მოწვეული უდიდესი ქართველი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი დავითისვე დაარსებულ გელათის აკადემიაში მოღვაწეობს და ქმნის თავის უმნიშვნელოვანეს ფილოსოფიურ თხზულებებს, ხოლო თავის ფილოსოფიურ კრედოს გადმოსცემს მის მიერვე შეთხზული მრავლისმეტყველი სიტყვით „მეარისტოტელურა“, დავითის უგანათლებულესი ისტორიკოსი ერთხელაც კი არ ახსენებს სოკრატეს, პლატონს ან არისტოტელეს; მთელი მისი თხზულება ბიბლიურ ალუზიებზე ანდა პირდაპირ ციტირებაზეა დაფუძნებული. ამ ვითარების ფონზე ძველ ბერძენ ფილოსოფოსთა მოხსენიება - მითუმეტეს, ერთერთი მათგანის ციტირება - სამეფო კარის ოფიციალურ ისტორიასა და ხოტბებში საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და შეგნებაში დიდი მსოფლმხედვლობრივი ცვლილების მომასწავებელია.
თუკი დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი „თვითმყრობელობის თეორეტიკოსია“ [2;223], „აზმათა“ ავტორი თეორიული აზროვნების ახალ მწვერვალებს იპყრობს და თამარისეული ეპოქის ფილოსოფიური გააზრებით ქართული ისტორიის ფილოსოფიის უნიკალურ თეორიას ქმნის: „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ ისტორიოგრაფია კი არა, ისტორიის ფილოსოფიაა. იგი ამ თვალსაზრისით ჭეშმარიტი სისტემატიზატორია, რომელმაც მიზნად დაისახა კონკრეტული „ჟამი“ მარადისობასთან კავშირში გაეანალიზებინა: მას საქართველოს ისტორიული განვითარების საკუთარი დიალექტიკა აქვს შექმნილი და მისი კონცეფცია უნიკალურია მონარქიათა ისტორიოგრაფიაში. ივანე ჯავახიშვილი და კორნელი კეკელიძე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „ავტორის ფილოსოფიურ აზროვნებას ახასიათებს ქრისტიანული პროვიდენციალიზმი; მისი აზრით, ყველაფერი, რაც ხდება, ზეგარდმოჩინებით ხდება“ [8;266]; „თამარ მეფის ისტორიკოსი დარწმუნებული იყო, რომ ადამიანთა და სამეფოთა ცხოვრებაში ყველაფერი ღვთის წინასწარ განკარგულებაზეა დამოკიდებული“ [13;226].
ამ თვალსაზრისით საყურადღებოა თამარის ამ პირველი ისტორიის კომპოზიცია: ივ. ჯავახიშვილის დასკვნით, მის ავტორს „წინდაწინვე მოფიქრებული ჰქონია, სად, რა და როდის ეამბნა... ავტორს გეგმა წინასწარვე შედგენილი ჰქონია და მოუაზრებია, რას და სად უნდა შეჰხებოდა მისი წინამდებარე სიტყვა“ [13;237]. ჭეშმარიტად, „აზმაში“ ფაქტოგრაფია და განზოგადება სრულ უნისონშია: პირველი მეორისთვის მასალას წარმოადგენს, მეორე პირველს განმარტავს. ისტორიკოსის მიერ გააზრებული თანამედროვე ისტორია პლატონის პოლიტიკური ფილოსოფიის აშკარა გავლენით არის აღბეჭდილი და თხზულების კომპოზიცია გარკვეულ ნაწილებში ამ ეთიკურ-პოლიტიკური კონცეფციის თანახმად არის კონსტრუირებული. ეს ისტორია, დატვირთული მკაცრად შერჩეული რეალური ფაქტებით, სხვა არაფერია, თუ არ ისტორიის ფილოსოფია.
„ისტორიათა და აზმათა“ ავტორისთვის თამარის მეფობის კონკრეტულ დროში - როგორც სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის იდეალში - გააზრებულია მთელი მომავალი საქართველოსი: უსასრულო მარადიულობა იდეალური სახელმწიფოსი ერთის მხრივ ანტიკური პოლიტიკური ფილოსოფიის, მეორე მხრივ კი სპეციფიკური ქართული პოლიტიკური თეოლოგიის ასპექტში. ორივე კონცეფციით ეს უსასრულო „ოქროს ხანაა“...
* * *
ზემოთ უკვე მოვიხსენიე „აზმათა“ ავტორის მიერ დამოწმებული ციტატა პლატონისა, აღბეჭდილი „კეთილისა” და „ბოროტის“ მკვეთრი გამიჯვნით. „კეთილისა“ და „ბოროტის“ ანტითეტურობის ეს გამახვილებული გრძნობა, ჩანს, ეპოქალური მოვლენაა, თუ გავიხსენებთ და გავითვალისწინებთ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ბრწყინვალე მაქსიმას: „რამეთუ კეთილმან არა თუ მართალსა, არამედ არცაღა ბოროტსა ადვილად აბრალის, ვინათგან სიბოროტედ არცა განსწავლულ არს, არცა მეჭუელ“, რომელიც პოლიტიკურ ქვეტექსტს შეიცავს. „კეთილისა“ და „ბოროტის“ ამ ანტითეზის აქცენტირება XII საუკუნის ქართულ მწერლობაში შემთხვევითი არ არის: ეს თითქოსდა ჩვეულებრივი ყოფითი სიტყვები საქართველოს, როგორც ქრისტიანული სახელმწიფოს, იდეოლოგიის ძირითადი კონცეფციური ცნებებია და ამ ცნებებით გამოხატული ეთიკურ-მორალური შეფასებანი სინამდვილეში ეთიკურ-პოლიტიკური კატეგორიის ტერმინოლოგიის სტატუსს ფლობენ.
„აზმათა“ ავტორი პლატონური ეთიკურ-პოლიტიკური ფილოსოფიის კატეგორიებით აზროვნებს: მისთვის თანამედროვე ქართული სახელმწიფო ის იდეალური სახელმწიფოა, რომელიც პლატონის თხზულებაშია აღწერილი, და რადგან მისთვის ცნობილია, რა საფრთხე ელის ამგვარ სრულყოფილ სახელმწიფო წყობილებას „კაცთა დაუდგრომლობის“ გამო, მისთვის ნებისმიერი წინააღდგომა ამ იდეალური სახელმწიფოს იდეალური მეფის წინააღმდეგ - ბოროტებაა. კორნელი კეკელიძე წერს: თამარის „ისტორიათა და აზმათა“ ავტორი... „თავგამოდებული მომხრე და დამცველია თამარის პოლიტიკისა, მისთვის მიუღებელია როგორც დიდგვარიან მოხელეთა ვერაგობა, ისე ყუთლუ-არსლანის პარლამენტური ტენდენციები“ [8;266].
შესაბამისი ეპიზოდის შემცველი მონაკვეთის მოთავსება უშუალოდ თამარის სახელმწიფოს იმ დახასიათების შემდგომ, რომ მეფე-ქალმა „...შვიდთა მათ სარტყელთა ცისათა და მნათეთა სფეროსათა... შეასახა სფერო მიწიერი... გინათუ სიბრძნის-მპყრობელობითა, გინათუ უხუებითა და მომფენობითა მართალთა ზედა და ცოდვილთა ზედა...“, რომელიც აშკარად პლატონის „ტიმეოსისა“ და „სახელმწიფოს“ ეთიკურ-ფილოსოფიური მოძღვრებით არის ინსპირირებული, გვკარნახობს, რომ მთელი ამ ეპიზოდის [12;27-32] კომპოზიცია პლატონისეული „სახელმწიფოს“ კონტექსში გავაანალიზოთ.
პლატონის ეს თხზულება იდეალური სახელმწიფოებრივი წყობილების კონსტრუირებას ისახავს მიზნად: იდეალური სახელმწიფოს მთავარი პრინციპი - სამართლიანობაა, მაგრამ მას ემუქრება შინაგანი ხრწნა, რაც მის გაუარესებას და საბოლოო ჯამში ტირანიად გარდაქმნას გამოიწვევს. ამ პროცესის საჩვენებლად პლატონი თანამიმდევრობით აღწერს სახელმწიფოს ოთხ უარყოფით ფორმას: ტიმოკრატიას, ოლიგარქიას, დემოკრატიას და ტირანიას. ჩვენთვის ამჯერად საყურადღებო პირველი ორი ტიპია - ტიმოკრატია და ოლიგარქია: ტიმოკრატია პატივმოყვარეთა ბატონობაზე დამყარებული ხელისუფლებაა, ხოლო ოლიგარქია - სიმდიდრის მოხვეჭისადმი მიდრეკილ ადამიანთა მისწრაფებაზე დაეუფლონ სახელმწიფო მმართველობას. თუ გავითვალისწინებთ იმ სპეციფიკურ ტერმინოლოგიას, რომლითაც ისტორიკოსი თამარის წინააღმდეგ გამოსულ ძირძველ დიდებულებს ახასიათებს - „... დიდებულთა ვიეთმე ჴელისუფალთა ყვეს ფიცი ესრეთ, ვითარმედ: „აღარ ვეგებით ძუელთა ჴელისუფალთა და გამგებელთა საქმისათა ფარმანსა ქვეშე მყოფნი“, „დაძრცვილნი და უნატოდ გაძეულნი ვართ“, „გუარეულნი და მსახურეულნი სახლნი უპატიოდ და უსახელოდ გასრულ ვართ“ [12;30] -ცხადი გახდება - „რომელთამე ძუელებრი კაცთა დაუდგრომლობისა შემსგავსებული საქმე“ „აზმათა“ ავტორისთვის ტიმოკრატთა მიერ დაწყებული ბრძოლაა იდეალური სახელმწიფოს დასამხობად.
ისნის კარვისელთა დასის გამოსვლა - „დასასრულისა ჴელმწიფობისა პატრონისასა მიმცემელი“, რომელიც თამარის მეორე ისტორიკოსის მიერ შეფასებულია, როგორც „სიმდიდრითა ალაღებულთა“ გამოსვლა თამარის წინააღმდეგ, რომელიც „ყვესცა ვიეთმე დაწყებასავე ამისსა მეფობისასა“ [12;131] - სპეციფიკური ტერმინოლოგიით ისე ჩანს, რომ ოლგიარქებს უნდა გულისხმობდეს - „მდიდართა შეთქმულებას“ იდეალური სახელმწიფოს წინააღმდეგ.
შესაძლებელია, „აზმათა“ ავტორის ამ კონცეფციური მოსაზრებით აიხსნებოდეს ის, რომ მან თამარის ოპოზიციონერთა მოხსენიებისას გვერდი აუარა ქართლის კათალიკოსის მიქაელის ხსენებას, რომელსაც „ჭყონდიდელ-მაწყუერელობა და მწიგრობართუხუცესობა მოევარაგა უფლისაგან“ [12;118], რაც ივანე ჯავახიშვილის მიერ ცეზარეპაპიზმის პრეტენზიების გამოვლინებადაა კვალიფიცირებული (14;146), რომლის „მიზანი... სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდებაც კი იყო“ და მისი „ზრახვისა და გეგმის პოლიტიკური მნიშვნელობა ცხადია“. სავარაუდოა, რომ „აზმათა“ ავტორმა ეს ცეზარეპაპისტული პოლიტიკური პრეტენზიები კათალიკოსისა იმიტომ არ ჩართო თამარის ზემოხსენებულ ოპოზიციონერთა სიაში და არ შეიტანა თავის თხზულებაში, რომ იგი არანაირად არ შეესაბამებოდა პლატონის „სახელმწიფოს“ პოლიტიკურ კონცეფციას, სადაც სასულიერო ხელისუფლება საერთოდ გამორიცხულია, არ არსებობს.
თამარის ისტორიკოსის კონცეფციით, ამ იდეალური სახელმწიფოს გადარჩენა განგებისმიერია, რადგან მეფე-ქალის შემწე თვით უფალია: „ვინათგან ჴელი საუფლო და მკლავი მაღალი შემწე და თანამბრძოლი ექმნებოდა მბრძოლთა მათ მისათა, და მის წილ ამღებელი ჭურისა და ფარისა ეკუეთებოდა დამჴობად წინააღმდგომთა მისთა“ [12;31-32].
თამარის როგორც პირველი, ისე მეორე ისტორიკოსი პლატონელები არიან, პლატონური ფილოსოფიის მიმდევარნი და ისე ჩანს, რომ პლატონური ფილოსოფია XII საუკუნის საქართველოს ოფიციალური იდეოლოგიაა. მართალია, ისტორიკოსები თავის თხზულებებში ამას პირდაპირ არსად ამბობენ, მაგრამ იმდროინდელი საზოგადოებისათვის ეს იმდენად ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ საგანგებო აღნიშვნას, ალბათ, არც საჭიროებდა: ეს ფილოსოფიური სისტემა თავისთავადაა ნაგულისხმევი იმ სიტყვებში, რომლებითაც ტექსტია დაწერილი.
ასე იყო მაშინ, XII საუკუნეში, მაგრამ ახლა გასაღები ამ სიტყვათა ამოსაკითხად თხზულებათა კოდიფიცირებული ენით დაწერილი ტექსტის მიღმა ძევს და მათ შორის კავშირი გაწყვეტილია.
* * *
ამ თვალსაზრისით დიდი ინტერესის შემცველია „ისტორიათა და აზმათა“ ტექსტის ერთი მონაკვეთი, რომელიც ჩანართად არის მიჩნეული - თუმცა სათანადო დასაბუთების გარეშე - და კონცეფციურია მთელი თხზულების მიმართ. ამ ჩანართში ისეთ სპეციფიკურ ტერმინოლოგიას ვხვდებით, რომლის უყურადღებოდ დატოვება და დუმილით გვერდის ავლა სრულიად გაუმართლებელია. თუკი ეს ტექსტოლოგიური თვალსაზრისით უაღრესად საინტერესო მონაკვეთი თამარის ისტორიისა მართლაც ჩანართია, მაშინ მისი დამწერი „აზმათა“ ბრწყინვალე ავტორის კონგენიალური პიროვნება ყოფილა, რადგან ეს მონაკვეთი სწორედ ისეა დაწერილი, როგორც ისტორიკოსის საერთო მსოფლმხედველობრივი პოზიცია მოითხოვდა და კომპოზიციური თვალსაზრისით სწორედ იქაა ჩართული, სადაც „აზმათა“ ავტორის იდეურ-პოლიტიკური ჩანაფიქრის ლოგიკური აუცილებლობა საჭიროებდა. ამგვარ კომპოზიციაში ჩანს „აზმათა“ ავტორის მიერ შექმილი ისტორიის ფილოსოფიისღრმა გაგება: იგი უშუალოდ მოსდევს თამარის სამეფოს კოსმიური წესრიგის აღწერას და წინ უსწრებს თამარის წინააღმდეგ მოწყობილ ზემოხსენებულ ორ ამბოხს.
ჩანართი: „და ესრეთ განსწავლნა ხუთნივე საგრძნობელნი, და შეიზღუდა შიშითა ღმრთისათა, ხედვა, ყნოსა, სმენა, გემოს-ხილვა და შეხება, და ულიქნავად სატანასა და გუელისა მიერ. და ესრეთ მარად წარმდინარე ესე საწუთრო და ქუე დამზიდველი, მსგავსად სოლინართა, შეუხებელმან ბიწისამან უვნებლად წარიჴადნა. და ესეოდენთა დიდებათა და სიმდიდრეთა გარდარეულთა და სიმაღლესა შინა ესრეთ იყო, ვითარმცა ყოვლად არა რაჲ ჰქონებოდა, და უდარეს და უგლახაკეს ყოველთა კაცთასა შეერაცხა თავი თჳსი, მომჴსენებელი ჴმისა მის; „შიშველი გამოვედ დედის მუცლითგან ჩემითგან, და შიშველსა მეგულების წარსლვად“. და ესეოდენსა ამას ღმრთისმსახურებასა და კრყალულებასა შინა ნუ უკუე ქუეყნიერი ესე მეფობა უდიდებელად და განუგებელად დაუტევა, ნუ იყოფინ, არამედ უზუსთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა და ფილოსოფოსთასა, კეთილად განაგო, და შეამკო, და წარმართა, რომელი-ესე შეუძლებელ არს სხუათა კაცთა მიერ... რამეთუ აღიმაღლა მაღლად გონება და დაბლითა სულითა განიცადა სიდიდე საქმისა მისდა ხუედრებულისა, მიაძვნა მძვანებელსა თჳსსა ხედვა, და ვითარცა ორბმან ფრთემალემან აღიფრინვა ზე და მიმოავლნა გუგანი სახედველთანი. და სივრცითა გონებისა თჳსისათა შემოიკრიბა ყოველივე საღმროთნი და საერონი წესნი და განგებანი“ [12;28].
ეს ჩანართი თავიდან ბოლომდე საგანგებო ყურადღებისა და დეტალური ანალიზის ღირსია, რამდენადაც „ისტორიაში და აზმაში“ გატარებული პლატონური ფილოსოფიის მკაფიო ანაბეჭდს წარმოადგენს; იგი მთლიანად ტერმინოლოგიურია და შეუდარებლად უფრო ფართო და ტევად შინაარსს შეიცავს, ვიდრე სიტყვთა დადგენილ, ლექსიკოლოგიურ მნიშვნელობაში იკითხება: ეს ის შემთხვევაა, როდესაც მართლაც კონტექსტისა და ქვეტექსტის პრობლემა დგება.
ამჯერად მხოლოდ ერთ ფრაზაზე შევაჩერებთ ყურადღებას, იმ ფრაზაზე, სადაც ნათქვამია, რომ თამარმა თავისი სახელმწიფო „... უზესთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა და ფილოსოფოსთასა კეთილად განაგო, და შეამკო, და წარმართა, რომელი ესე შეუძლებელ არს სხუათა კაცთა მიერ“.
რა თქმა უნდა, სიტყვათა ჩვეულებრივი ლექსიკოლოგიური მნიშვნელობის თვალსაზრისით ამ საკმაოდ მარტივ წინადადებაში გამოთქმული აზრი ნებისმიერი მკითხველისთვის გასაგებია: მეფე-ქალმა ყველა მეფეზე, ბრძენზე და ფილოსოფოსზე უკეთ მართა თავისი სახელმწიფო, მაგრამ იგივე ფრაზა სულ სხვა განზომილებაში გადავა, თუკი მას პლატონის ეთიკურ-პოლიტიკური ფილოსოფიის თვალსაზრისით მივუდგებით და მასში არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ ამ პოლიტიკური მოძღვრების შესაბამის ტერმინოლოგიას ამოვიკითხავთ პლატონის „სახელმწიფოს“ კონტექსტში: როგორც უკვე ითქვა, „მეფე-ფილოსოფოსი“ შემთხვევითი სიტყვათშეთანხმება კი არა, პლატონის იდეალისტურ მოძღვრებაში დახატული იდეალური სახელმწიფოს იდეალური მმართველია და სათანადო ციტატა პლატონის „სახელმწიფოდან“ ზემოთ უკვე მოვიყვანეთ (პლატონი, „სახელმწიფო“, 473 d). „მეფე-ფილოსოფოსის“ კონცეფცია განმარტავს და ასაბუთებს „აზმათა“ ავტორის პოლიტიკურ იდეალს: „ერთმთავრობა-ერთუფლებასა ერთისა კაცისასა“. თუკი დასავლეთ ევროპელი ჰუმანისტები XIV-XVI საუკუნეებში ეგზომ პოპულარული „მეფე-ფილოსოფოსის“ ხსენებისას ყოველთვის პლატონს იმოწმებდნენ, ჩვენი ისტორიკოსი ისე ლაპარაკობს მეფე-ფილოსოფოსის შესახებ, რომ პლატონს საერთოდ არ ახსენებს და ამიტომ დასკვნები მხოლოდ ტექსტის ანალიზის შედეგად შეიძლება გამოვიტანოთ. ამ ჩანართის ავტორი, ვინც არ უნდა იყოს იგი, „აზმათა“ ავტორის მსგავსად, პლატონის პოლიტიკური ფილოსოფიის კატეგორიებით აზროვნებს.
როგორც ვხედავთ, ჩანართი შორს გასცდა ჩვეულებრივი ლექსიკით გადმოცემული მარტივი ინფორმაციის დონეს და ეპოქის კონვენციური ტერმინოლოგიის დონეზე გაცილებით უფრო რთულ ტექსტად წარმოგვიდგა, რომელიც უკვე ანტიკური პოლიტიკური ფილოსოფიის კონტექსტშია ჩართული.
ეს აზროვნების უკვე სულ სხვა დონეა და ეს დონე კონცეფციურია ეპოქის მთელი სააზროვნო სისტემისთვის.
წარმოდგენილი დებულება რომ ლიტონი სიტყვები არ არის, დავრწმუნდებით, თუ გავიხსენებთ პლატონის ზემოთმოყვანილი ციტატის „ქართულ ვარიანტს“ აპოფთეგმათა კრებულიდან“ სიბრძნისაგან პლატონ ფილოსოფოსისა“, რომელიც, სხვათა შორის, უკვე XI საუკუნიდან - თუ უფრო ადრე არა! - იყო ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის და რომელსაც ყურადღება პავლე ინგოროყვამ მიაქცია: „ინტერესი ანტიკური მწერლობისა და ანტიკური მსოფლიოსადმი სწორედ მე-11-12 საუკუნის ქართულ ჰუმანისტურ სკოლას ახასიათებდა... ამ ძეგლში, პირველ თავში, სხვათა შორის, წარმოდგენილია მეტად საყურადღებო იმ ეპოქისთვის შეხედულება მეფის უფლება-მოვალეობებისა და მმართველის იდეალის შესახებ“ [3;67].: „მეფესა უხმს მოხსენება იმისი, ვითარმედ კაცი არს სხუათავე კაცთა თანასწორი და მსგავსი მათივე და ძმა, და მიუღებიეს ხელმწიფებაჲ ღმრთისა მსგავსი ამისთუის, რამეთუ უფროჲს აღირჩევდეს კეთილსა... თუარა მდიდარი, უწურთელი და მცნებათა ღმრთისათა ურჩი, ბაყლი არს, ოქროჲთა და ვერცხლითა გარემოკაზმული. ვითარ განეგნეს კეთილადდა რჩეულად ქალაქნი და ქუეყანანი? ამით რომელ ანუ ბრენნი-ფილოსოფოსნი და ღმრთისმოშიშნი -მეფენი იქმნეს, ანუ მეფენი - ბრენ-ფილოსოფოს და ღმრთის მოშიშ იქმნეს [11;72].
პლატონისეულ მეფე-ფილოსოფოსის ამ იდეალს ცხადად ატყვია ქრისტიანული რელიგიით ნაკარნახევი ზნეობრივი ხასიათის უმნიშვნელოვანესი კორექტივი: მეფე არა მხოლოდ ფილოსოფოსი, არამედ ღმრთის მოშიშიც უნდა იყოს, თანახმად ბიბლიური შეგონებისა: „სიბრძნის დასაბამ - შიში უფლისა“ (იგავნი, 1,7; აგრეთვე: იობი: 28,28; II მეფეთა 23,3; ფსალმუნნი 110,10; ეკლესიასტე 12,13). ამგვარი კორექტივი პლატონის ზემოთციტირებულ დებულებაში გასაგებია: ანტიკურ პოლიტიკურ ფილოსოფიაში პოლიტიკა და ეთიკა - განუყოფელი მთლიანობაა, ეთიკა პოლიტიკის დასაბამია (პოლიტიკურ მოძღვრებათა თეორიაში პოლიტიკასა და მორალს ერთმანეთისგან პირველად ნიკოლო მაკიაველი გათიშავს, როდესაც იტყვის: „მიზანი ამართლებს საშუალებას“ და „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ“ [16;77,129], პლატონისეული დებულების ქრისტიანულ ინტერპრეტაციაში კი ფილოსოფიური ეთიკის ადგილი ქრისტიანულმა ზნეობამ - „ღვთის შიშმა“ - დაიკავა.
„შიში უფლისა“ პოლიტიკური თეოლოგიის უმთავრესი პრინციპია, რომელიც ძლიერადაა აქცენტირებული როგორც თამარის ისტორიებში, ასევე ხოტბებში. თამარის მეორე ისტორიკოსი წერს: „რამეთუ არარაჲ სხუა დაიდვა თამარ გულსა თჳსსა, ვითარ დასაბამ იგი სიბრძნისა, შიში უფლისა და სამართალი და წყალობა სწორად ყოველთა ზედა“ [12;141], მეხოტბეებიც საგანგებოდ აღნიშნავენ თამარის ამ ღირსებას:
„აქვს მას დაბეჭდვით, სმენით და ხედვით
„სიბრძნის დასაბამ - შიში უფლისა“
შავთელი, I, 12,
„უკლები ესე არს გულსა მთესე
შიშისა ღმრთისა დაუვიწყებად“
ჩახრუხაძე, XVII,7.
ხოლო „აზმათა“ ავტორი საგანგებოდ უსვამს ხაზს, რომ „უშიშობა ღმრთისა და გარდამავლობით მოქმედება სჯულისა ქრისტეს მცენებათასა... ცუდ იქმს ყოველთა სიკეთეთა და სწავლულებათა“ [12;18].
„აზმათა“ ტექსტში წარმოდგენილ ჩანართში მეფის უპირველესი პიროვნული ღირსების დამადასტურებელი ეს ბიბლიური პრინციპი გათვალისწინებულია და ნათქვამია, რომ თამარ „შეიზღუდა შიშითა ღმრთისათა“.
ყოველივე ზემოთქმულის მიხედვით ცხადი ხდება, რომ „აზმათა“ ავტორი საფუძვლიანად იცნობს პლატონის „სახელმწიფოსა“ და „ტიმეოსს“, საღმრთო პლატონის პოლიტიკური ფილოსოფიით ხელმძღვანელობს, ახდენს რეალური სამყაროს ღრმა აბსტრაჰირებას და საქართველოს ისტორიის ფილოსოფიას აყალიბებს; მის მიერ სპეციფიკური სახით ინტერპრეტირებული სტრუქტურა XII საუკუნის საქართველოს განვითარებისა კონკრეტულ ისტორიულ ფაქტოგრაფიას კოსმიურ ასპექტში სჭვრეტს და დროისა და მარადისობის დიალექტიკაში პლატონისეული იდეალური სახელმწიფოსა და იდეალური მეფე-ფილოსოფოსის კონცეფციას ქმნის. ამ კონცეფციის თანახმად თამარი იდეალური სახელმწიფოს იდეალური მეფე-ფილოსოფოსია, რაც ნიშნავს, რომ პლატონის სახელმწიფოს იდეალი საქართველოში განხორციელდა.
ეს გრანდიოზული კონცეფცია თამარის ეპოქის „ოქროს საუკუნის“, ანუ - ქართული ტრადიციული ტერმინოლოგიით - „ოქროს ხანის“ ფილოსოფიური საფუძველია.
* * *
მაგრამ თამარის ეპოქის „ოქროს ხანის“ კონცეფციის დასასაბუთებლად, როდესაც მეფე-ქალმა „სივრცითა გონებისათა თჳსისაჲთა შემოიკრიბნა ყოველივე საღმრთონი და საერონი წესნი და განგებანი“, მხოლოდ „საერო“ ანუ პლატონის პოლიტიკური ფილოსოფია არ კმაროდა. „ოქროს ხანის“ დასასაბუთებლად მისი საღმრთო ანუ თეოლოგიური დასაბუთებაც იყო საჭირო, რომლის ბიბლიური იდეის მეტაფორული განსახოვნება ფართოდაა ცნობილი რუსთველური ტაეპით: „შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს“ (1664,4).
ვიდრე უშუალოდ ამ საკითხზე გადავიდოდეთ, მანამდე სხვა საკითხი უნდა განვიხილოთ, რომელმაც ასახვა ჰპოვა თამარის პირველ ისტორიასა და ჩახრუხაძის „თამარიანში“. ეს თამარის და ოსი ბაგრატიონის - დავით სოსლანის ქორწინების საკითხია, რომელსაც თავისი მნიშვნელოვანი ქვეტექსტი აქვს.
დავით სოსლანის პიროვნება უაღრესად მკრთალად გამოიყურება არა მხოლოდ ბრწყინვალე მეფე-ქალის, არამედ „ახალკაც“ მხარგრძელთა „არაჩვეულებრივი კარიერის“ (ნიკო ბერძენიშვილის გამოთქმაა) ფონზეც. მიუხედავად ამისა, დავით სოსლანის პიროვნებას „ოქროს ხანის“ ბიბლიური თეორიის შექმნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს: აქ მთავარია არა თავად დავით სოსლანის პიროვნება, არამედ მისი საგვარეულო წარმომავლობა, ეფრემიანობა, რომლის ქვეტექსტური მნიშვნელობა კორნელი კეკელიძემ განმარტა თავის ნაშრომში „ერთი მომენტი ქართული პოლიტიკური აზროვნებისა კლასიკური ხანის ქართულ ლიტერატურაში“ [9;312-318]. თამარის ისტორიებსა და ხოტბებში დავით სოსლანი „ეფრემის ნათესავად და მის „ძირთაგან“ აღმოცენებულადაა აღიარებული [12;75; ჩახრუხაძესთან: I, 19; V, 26: XVI, 10 და სხვ.]. მეცნიერის განმარტებით, „ტიტული „ეფრემიანი იმავე ბიბლიური წარმოშობისაა, როგორც საქართველოს ბაგრატიონთა ტიტული „დავითიანი“ ... მათი მამათავარი ეფრემი, ბიბლიით, ცნობილია, როგორც გულოვანი მებრძოლი და ჩინებული მოისარი. ... „ძენი ეფრემისნი“ არიან „მომრთხმელნი და მოისარნი მშვილდებითა“ [9;315-316]. აქ საგანგებო ყურადღებას იპყრობს ამ ბიბლიურ პირთა ურთიერთობა: მიუხედავად იმისა, რომ დავითის ბიბლიურ წინაპარს იუდას და მის ძმისწულს ეფრემს საერთო წინაპარი ჰყავდათ იაკობის სახით, ბიბლიაში ნათქვამია, რომ „განეხუა ეფრემ იუდასაგან...“ ესე იგი - ჩამოშორდა მას; ის მუდამ „ეშურვოდა“ იუდას..., მისი შთამომავლობა სასტიკ ოპოზიციაში უდგა იუდას შთამომავლობიდან გამოსულ იუდეველთა მეფეებს, კერძოდ, დავითს, აწუხებდა, მტრობდა და მოსვენებას არ აძლევდა მათ. აი ეს ეფრემი იგულისხმება ოსთა ბაგრატიონების მამათავრად“ [9;315]. ამ ბიბლიური პარადიგმის თანახმად „იუდა, მისგან წარმოშობილი დავით წინასწარმეტყველის სახით, საქართველოში დაუსახავთ ქართველ ბაგრატიონთა წინაპრად, ხოლო მისი ძმისშვილი ეფრემი - ოსთა ბაგრატიონებისა... სინამდვილეში - წერს კ. კეკელიძე - რასაკვირველია, არც ეფრემი ყოფილა ოსთა ბაგრატიონების წინაპარი და არც იუდა (დავით წინასწარმეტყველის სახით) ქართველი ბაგრატიონებისა, მაგრამ ასეთი კონცეფცია შექმნილა იმიტომ, რომ ეს საჭირო იყო... კონკრეტულად, მომენტის მოთხოვნილებით, იუდა იყო განსახიერება ბაგრატ მეოთხისა, ხოლო მისი ძმისწული ეფრემი, რომელიც მტრობდა და „ეშურვოდა“ მის შთამომავლობას - ბაგრატის ძმისწულის, ოსთა პირველი ბაგრატიონის (დიმიტრის ძის) დავითისა, რომლის შთამომავლობა მტრობდა და „ეშურვოდა“ ბაგრატის შთამომავლობას. არ შეიძლება მკვლევარს თვალში არ ეცეს ის ზუსტი ანალოგია, რომელიც ასე მოხერხებულადაა გამოყებნილი ბიბლიაში ბაგრატ მეოთხისა და მისი ყმისშვილის, ოსთა ბაგრატიონების დინასტიების ... ურთიერთობისა. ჩანს, ეს შური და მტრობა ქართველი ბაგრატიონებისადმი არასოდეს არ დამცხრალა დიმიტრის მემკვიდრეთა გულში, რომელთაც ოსეთში მოიდგეს ფეხი და იქ შექმნეს დამოუკიდებელი შტო ბაგრატიონებისა“ [9;316-317]. საქართველოს ისტორიის ამ ერთ-ერთი ურთულესი ენიგმის ამოხსნის შემდეგ კ. კეკელიძე დასძენს,: „მართალია, მემატიანეები ამის შესახებ ცხადად არას ამბობენ, მაგრამ განა მარტო ამას არ ამბობენ ისინი?“ [9;317]. ყოველივე ამას უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს, რაც ამომწურავადაა განმარტებული ხსენებულ ნაშრომში; აანალიზებს რა დავითიან და ეფრემიან ბაგრატიონთა ისტორიულ ურთიერთობებს, მეცნიერი ხაზს უსვამს ისტორიკოსთა თეორიულ აზროვნებას: „იმდროინდელს ჩვენს თეორეტიკოსებს... თავისებურ იდეოლოგიურ დასაბუთებას აძლევდა იგივე ბიბლია... საქართველოში სამეფოდ მოწოდებულნი არიან მხოლოდ ქართველთა ბაგრატიონები, ოსეთის ბაგრატიონებს ამის პრეტენზია არ შეიძლება ჰქონოდათ, რადგანაც ღმერთმა „თესლი ეფრემისი არ გამოარჩია, არამედ გამოირჩია თესლი იუდასი“, მაგრამ დადგება დრო, როდესაც „მოისპობა შური ეფრემისი, ეფრემ არა ეშურვოს იუდას და იუდამან არა აჭირვოს ეფრემს“ [9;317].
ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კორნელი კეკელიძის დასკვნას: „გიორგი რუსის გაძევების შემდეგ, როგორც ცნობილია, კრიზისი შეიქნა, სხვა გამოსავალი აღარ იყო. ამიტომ საქართველოს ტახტზე, როგორც ქმარი დედოფლისა, „ეფრემიანი“ დავით სოსლანი იქნა მოწვეული, მაგრამ ამ აუცილებლობისა და გამონაკლისისათვის თეორიული საფუძველი იქნა მოძებნილი, სახელდობრ... ეს არჩევანი არის საქმე ღვთის განგებისა... რუსუდანიც ხომ ეუბნება თამარს: „უკეთუმცა არა იყო ზენაჲ განგებაჲ ღმრთისაჲ“, დავითის არჩევანი არ მოხდებოდაო“ [9;318].
მრავალმხრივ საინტერესოა კორნელი კეკელიძის მიერ ხსენებულ სტატიაში ჩატარებული ანალიზის შეჯამება: „ასე და ამრიგად, ისეთი ერთი შეხედვით უმნიშვნელო სიტყვა, როგორიცაა დავით სოსლანის ტიტული „ეფრემიანი“, გვითვალისწინებს ჩვენი წარსულის გარკვეულ ისტორიულ მიმდინარეობას“ [9;318], რაც ცხადად ადასტურებს, რომ თამარის ისტორია თავისი არსით ტერმინოლოგიურია.
დავითიანი თამარის და ეფრემიანი დავითის ქორწინება, როგორც დავითიან და ეფრემიან ბაგრატიონთა დინასტიური კავშირი, „აზმათა“ ავტორისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია თამარის ეპოქის „ოქროს ხანის“ დასასაბუთებლად ბიბლიურ კონტექსტში - ამას თავად ბიბლიური პარადიგმა გულისხმობს.
* * *
პლატონის აპოფთეგმა იწყება სიტყვებით., რომ მეფე „კაცი არს სხუათავე კაცთა თანასწორი და მსგავსი მათივე“, რაც არანაირად არ შეჰფეროდა ბაგრატიონთა საგვარეულოს, რომელიც უნიკალური ქართული პოლიტიკური თეოლოგიის თანახმად, ბიბლიური დავითის ჩამომავალია [6;96-129].
„ისტორიათა და აზმათა“ ავტორის ზოგადი კონცეფცია ქრისტიანული პროვიდენციალიზმისა პირდაპირ კავშირშია „ოქროს ხანის“ იდეოლოგიასთან, რამაც შვა თამარის ღვთისსწორობის პოლიტიკური თეორია, აქცენტირებული თამარის ისტორიებსა და ხოტბებში. „აზმათა“ ავტორთან არაერთხელ შევხვდებით თამარის იზოთეოსის ამსახველ ტროპიკას: „...მეცა ესრეთ ვიწყო ამის თამარისა, სამგზის სანატრელისა და სამებისაგან ოთხად თანააღზევებულისა, რომელი ეთეროან იქმნა ხელმწიფეთა შორის“ [12;2-3]; „... აქა კულა სამებისა თანა იხილვების ოთხებად თამარ, მისწორებული და აღმატებული“ [12;25] და სხვა [7;96-100].. ამ და მრავალ ამგვარ მეტაფორა-ეპითეტში ბაგრატიონთა იესიან-დავითიან-სოლომონიანი დინასტიის „ერთუფლება-ერთმთავრობის“ პროვიდენციალური მისიის რწმენაა გამოხატული: მისი საბოლოო მიზანი და შედეგი მარადიული, სამართლიანი და ბედნიერი სამეფოს ბიბლიური იდეალია, დახატული ესაიას წინასწარმეტყველების მეთერთმეტე თავში:
1. მეფის ჩამომავლობა
ესაია, 11,1: და გამოვიდეს კუერთხი ძირისაგან იესესსა და ყუავილი ძირისაგან აღმოჴდეს.
2. მეფის ძლიერების წყარო: შვიდგზისი სული
11,2: და განისუენოს მას ზედა სულმან ღმრთისამან, სულმან სიბრძნისა და გულისხმის-ყოფისა, სულმან განზრახვისა [და].ძლიერებისა, სულმან მეცნიერებისა და ღვთისმსახურებისა.
3. მეფობის ხასიათი
11,3: სულმან შიშისა ღმრთისამან აღავსოს იგი. არა დიდებისათვის საჯოს, არცა ზრახვისაებრ ამხილოს.
11,4: არამედ საჯოს სიმართლისა მიერ მდაბლითა საშჯელითა და ამხილოს წარმართებულებით დიდებულთა ქვეყანისათა, და დასცეს ქვეყანა სატყჳთა პირისა მისისათა და სულითა ბაგეთა მიერ მოაკუდინოს უთნოჲ;
11,5: და იყვნენ სიმართლით მორტყმულ წელნი მისნი და ჭეშმარიტებით ცხებულ გუერდნი მისნი.
4. მეფობის ხარისხი
11,6: მაშინ ყოვიდეს მგელი კრავთა თანა, და ვეფხი თიკანთა თანა განისუენებდეს, და ზუარაკი და ლომი და კუროჲ ერთად ძოვდენ, და ყრმამან მცირემან მოიყვანნეს იგინი,
11,7: და ჴარი დათჳსა თანა ძოვდენ, და თანად იყვნენ ყრმანი მათნი, ლომი, ვითარცა ჴარი, ბზესა ჭამდეს
11,8: და ყრმამან მცირემან ჴურელსა ზედა ასპიტისასა და საწოლსა ზედა ნაშობთა ასპიტისათა ჴელი დასდვას.
5. სამეფოს საზღვრები
11,9: და არარაჲ ძვირი უყონ, არცა არ შეუძლონ წარწყმედად ვერცა ერთისა მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, რამეთუ აღივსო თანა ყოველი ქვეყანაჲ მეცნიერებითა უფლისათა, ვითარცა წყალმან მრავალმან და-რაჲ-ფარნის ზღუანი.
6. როგორ დაარსდება მეფობა
11,10: და იყოს მას დღესა შინა ძირი იესესი, და აღდგომად იგი მთავრად წარმართთა;: მისდამი წარმართნი ესვიდენ, და იყოს განსუენება მისი პატივით
11,13: და მოისპოს შური ეფრემისი, და მტერნი იუდაჲსნი წარწყმდენ, ეფრემ არა ეშურვოს იუდას, და იუდამან არა აჭირვოს ეფრემს.
ესაიას წინასწარმეტყველების ყოველი მუხლი საგანგებო ანალიზს საჭიროებს „აზმათა“ - უფრო ფართოდ კი თამარის ორივე ისტორიისა და ხოტბების - კონტექსტში, მაგრამ ნაშრომის შეზღუდული მოცულობა ამის საშუალებას არ იძლევა.
„აზმათა“ ავტორის მიერ ესაიას ამ წინასწარმეტყველებას აღსრულებად იქნა მიჩნეული დავითიანი ბაგრატიონი თამარის და ეფრემიანი ბაგრატიონი დავითის ქორწინება; ეს ისეთი პოლიტიკური კონცეფცია იყო, რომელიც თამარის მომხრეთა დასის მიერ საყოველთაოდ იყო გაზიარებული და „ოქროს ხანის“ იდეოლოგიის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენდა.
„აზმათა“ ავტორის კონცეფციით, ესაიას ბიბლიური იდეალი საქართველოში გაცხადდა დიდი სამოქალაქო ომის - გიორგი რუსისა და ძლიერ ქართველ ფეოდალთა შემოტევის დამარცხების - შემდეგ: ამის შემდგომ სამეფოში უკვე ბიბლიური იდეალი ხორციელდება, ამიტომაც სამეფოში მშვიდობის დამყარებას „აზმათა“ ავტორი ესაია წინასწარმეტყველისეული ტროპიკით აღწერს: „და შეიქმნა მშჳდობა, სიხარული და ერთობა, რომელი არაოდეს სადა ვის უხილავს, და „ერთბამად ძოვდეს ლომი და ჴარი, და იხარებდეს ვეფხი თიკანთა თანა, და მგელი ცხუართა თანა“ [12;54-55].. ეს არ არის „აზმათა“ ავტორისთვის ჩვეული „აღმკულობაჲ სიტყვათა“, ეს პოლიტიკური კრედოს მანიფესტაციაა: საქართველოში, „ქვეყანასა ზედა“ დადგა აღთქმული „სუფევა ღვთისა“ და უფლის მიწიერი მონაცვალე „ღმრთისაგან ღმერთქმნილი“ [12;63], „ღმრთისა სწორი“ თამარია.
* * *
ასეთია პლატონური პოლიტიკური ფილოსოფიისა და უნიკალური ქართული პოლიტიკური თეოლოგიის სიმბიოზი, რომელმაც თამარის ეპოქის „ოქროს ხანის“ იდეალი შვა - ბიბლიისა და ანტიკური პოლიტიკური ფილოსოფიის იდეალისტური მიმდინარეობის უტოპიური მოტივები ერთმანეთს დაემთხვა და მაჟორულ უნისონში აჟღერდა.
* * *
ქართველი ერი, ანტიკური საბერძნეთის პოლიტიკური ფილოსოფიის ჭეშმარიტი მემკვიდრე, თავის საუკეთესო გამოვლინებებში ყოველთვის პოლიტიკურად მოაზროვნე ერი იყო, და აქ აღმოჩნდა, რომ XI-XII საუკუნეთა საქართველომ - ქრისტიანული სამყაროს უკიდურეს აღმოსავლეთში მართლმადიდებლობის ურყევმა ფორპოსტმა და ანტიკური პოლიტიკური ფილოსოფიის პირდაპირმა მემკვიდრემ - გენიალური სიზუსტით გათვალა პოლიტიკურ კონცეფციათა ყველა ის ვარიანტი- აბსოლუტიზმით დაწყებული „მეფე-ფილოსოფოსის“ ანუ განათლებული აბსოლუტიზმის ჩათვლით და ისნის კარვისელთა იმ დროისათვის ფანტასტიკურად პროგრესული პარლამენტარიზმის პროექტით დამთავრებული - რომელნიც ევროპის ხალხთა წინაშე მხოლოდ მომდევნო საუკუნეებმა დააყენეს, მაგრამ არა მხოლოდ გათვალა, არამედ დროის უაღრესად შემჭიდროებულ მონაკვეთში განვლო კიდეც.
მიზეზთა და მიზეზთა გამო საქართველოს ბედის ჩარხი მალე უკუღმა დატრიალდა და ევროპული განვითარების გზას დიდი ხნით ჩამოსცილდა...
უტოპიის თამარისდროინდელი ქართული ორიგინალური ვარიანტი ქართული პოლიტიკური აზროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია: მართლაც, ეს მიზანდასახულებით საისტორიო შრომა ნამდვილი მხატვრული ნაწარმოების მიჯნებამდე ადის - ეს უტოპიაა, ისტორიულ ჩარჩოში ჩასმული.
უტოპია, რომელიც არ არსებულა არსად და არასდროს, საქართველოში არსებობს დროისა და ადგილის კონკრეტულ ლოკალში - თამარის ეპოქის საქართველოში. საოცარია სიტყვის ძალა: ეს თამარის გენიალური ისტორიკოსის მიერ წარმოსახული და ქართველი ერის ისტორიულ მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაბეჭდილი „ოქროს ხანაა“.
* * *
ყოველივე ზემოთქმულის ფონზე თვით „აზმათა“ ავტორის მიერ ტენდენციურად, მაგრამ ზუსტად გადმოცემული ისტორიული ფაქტები და განსაკუთრებით კი გვირგვინი „ოქროს ხანისა“ - შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი უტყუარი მოწმობაა იმისა, რომ საქართველოში რეალობა და უტოპიური აზროვნება არასოდეს არევიათ ერთმანეთში.
დამოწმებული ლიტერატურა:
1. ავალიშვილი ზურაბ , ჯვაროსანთა დროიდან, თბ., 1989.
2. ბერძენიშვილი ნიკო, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი VII, „მეცნიერება“, თბ., 1974.
3. ინგოროყვა პავლე, რუსთაველის ეპოქის სალიტერატურო მეკვიდრეობა - რუსთაველის კრებული, სახელგამი, ტფილისი, 1938.
4. კარბელაშვილი მარიამ, „უმიროს, პლატონ სიტყვა დამატონ“, - მამული, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება, №5 (59), მარტი, 1992.
5. კარბელაშვილი მარიამ, კოსმოსი რუსთაველი ეპოქის სააზროვნო სისტემაში და პლატონის „ტიმეოსი“- სამეცნიერო სესია XXIII, მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები, „მეცნიერება“, თბ., 1989.
6. კარბელაშვილი მარიამ, ბაგრატიონთა დინასტია და ქართული პოლიტიკური თეოლოგია, - ლიტერატურული ძიებანი, XX, თბ., 1999.
7. კარბელაშვილი მარიამ, ვეფხისტყაოსნის ხელნაწერთა ისტორიული კლასიფიკაციისათვის, „მეცნიერება“, თბ., 1977.
8. კეკელიძე კორნელი, ქართული ლიტერატურის ისტორია, II, თსუ გამომც., თბ., 1958.
9. კეკელიძე კორნელი, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, I, თსუ გამომცემლობა, თბ., 1956.
10. ნუცუბიძე შალვა, ქართული ფილოსოფიის ისტორია, II, მეცნ. აკად. გამომც., თბ., 1958.
11. სწავლანი და სიბრძნენი ფილოსოფოსთანი. გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ივანე ლოლაშვილმა. „მეცნიერება“, თბ., 1969.
12. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტომი II, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1959.
13. ჯავახიშვილი ივანე, ქართული სამართლის ისტორია, წიგნი მეორე, ნაკვეთი მეორე, ტფილისი, 1929.
14. ჯავახიშვილი ივ.ანე, ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა. წიგნი I, სტალინის სახ. თსუ გამომც., 1945.
15. Барг М. А., Шекспир и история „Наука“ М., 1976.
16. Де Санктис, Франческо История италианской литературы, том II “Прогресс”, М., 1964
17. Утопия и утопическое мышление Прогресс, М., 1991
Mariam Karbelashvili
A History and Laudations of the Monarchs: The Ideology of Golden Age's Georgia and its Theological and Philosophical Principles
The article deals with the analysis of some specific features of the Georgian political thought of Tamar the Monarch's epoque. The author attempts to show that the conception of „Golden Age's“ Georgia is based upon Plato's idea of the „king-philosopher“ (Republica, 473 d) as well as on Holy Bible (Isaiah, 11,1-13).


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий