კორნელი კეკელიძე – Korneli Kekelidze (1879-1962)
ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე კორნელი კეკელიძე დაიბადა 1879 წლის 18 აპრილს (30 აპრილი) ვანის რაიონის სოფელ ტობანიერში, სამსონ კეკელიძის მრავარიცხოვან ოჯახში. კეკელიძეები მდინარე გუბაზოულის აუზის სოფლებიდან არიან. მისი წინაპარი სოფელ ზოტიდან გადასახლებულა ტობანიერში. მამა მედავითნე იყო. დედას თებრონე რქმევია. ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა.
კორნელიმ წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. 1886 წელს იგი შეიყვანეს ქუთაისის ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში. მამას უჭირდა შვილის ქუთაისში რჩენა. სკოლის ინსპექტორის ივანე გაფრინდაშვილის, მომავალი პოეტის პოეტ ვალერიან გაფრინდაშვილის მამის, დახმარებით მომავალი აკადემიკოსი უფასოდ ჩარიცხეს სასწავლებლის ინტერნატში.
შემდეგ, კორნელი კეკელიძე შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. კეთილი ადამიანის, სემინარიის ინსპექტორის იოანიკის დახმარებით მოაწყვეს სემინარიის პანსიონში, თორემ სამსონ კეკელიძე შვილს თბილისში ვერ შეინახავდა. 1896 წელს დედა გარდაეცვალა, ორი წლის მერე მამა. ოჯახს უფროსი და და სიძე, ამფილოქე ცინცაძე ეხმარებოდნენ. სემინარიის დახმარებით, როგორც წარჩინებულ კურსდამთავრებულს, შესაძლებლობა მისცეს “სახელმწიფოს ხარჯზე” ესწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში, სადაც გამოცდები შესანიშნავად ჩააბარა. მოეწყო სიტყვიერების ფაკულტეტზე. კორნელი კეკელიძემ 1904 წელს დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია.
ნიკო მარისა და მიხეილ ჯავახიშვილის სამეცნიერო მოგზაურობის შედეგებმა დიდი ინტერესი აღძრა ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებისადმი ევროპაში. კორნელი კეკელიძე მერე წერდა: „ჩვენი მდიდარი კულტურის შესწავლა, ჰარნაკის (გერმანელი მეცნიერი. გ. მ.) აზრით, მხოლოდ გერმანელი მეცნიერებისაგან იყო მოსალოდნელი. მე კი ვფიქრობდი, ჯერ კიდევ მაშინ, რომ ეს საქმე პირველ ყოვლისა უნდა თვით ქართველებმა იკისრონ; რომ თუ ვისმე შეუძლია ეს, პირველ რიგში ქართველ მეცნიერებს. ამისათვის საჭირო არაა, როგორც თეიმურაზ ბატონიშვილი სწერდა ერთხელ აკად. მ. ბროსეს, ევროპელებს ველოდოთ. ამ გარემოებამაც წარმართა ჩემი სამეცნიერო ინტერესები, მე განვიზრახე ჩემი წვლილიც შემეტანა ამ დიდს, თავისთავად საჭირო და აუცილებელ საქმეში.”
კორნელი კეკელიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც გამოავლინა, შეისწავლა, გამოსცა და სამეცნიერო კვლევები მიუძღვნა ძველი ქართული ლიტერატურის უბრწყინვალეს ნიმუშებს. იგი ყველა საქმის შუაგულში ტრიალებდა, რომელიც მიმართული იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო „Литургические грзинские памятники в отечественных книгохранилищах и их научное значуние“ („ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა“).
1905—1906 წლებში მასწავლებლობდა ქუთაისსა და თბილისში. მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში.
კეკელიძის პირველი სამეცნიერო ნაშრომი „ახალი საგალობლები აბო თბილელისა“ 1905 ჟურნალ „მწყემსში“ (№ 13, 14) დაიბეჭდა. 1907 გადამუშავებული საკანდიდატო ნაშრომისათვის „ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა“ (რუსულ ენაზე, ცალკე წიგნად გამოიცა თბილისში, 1908) მიენიჭა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი. ეს ყოფილა პირველი შემთხვევა რუსეთის იმპერიაში, როცა აკადემიაში ქართველი ქართულ თემაზე იცავდა დისერტაციას. მის მასწავლებელი სარეცენზიო წერილში წერდა: ნაშრომს „აღბეჭდილი აქვს ის პოლიტიკური და ლიტერატურული მიმდინარეობა, რომლის აუცილებელი გავლენის ქვეშ იმყოფება ახალგაზრდა ავტორი – თავისი მშვენიერი, მაგრამ უბედური სამშობლოს კანონიერი შვილი. აღზრდითაც და სამსახურეობრივი მდგომარეობითაც კი იგი იმყოფება თანამედროვე ცხოვრებისა და ლიტერატურის ნაციონალისტურ მოძრაობათა შუაგულში“.
კორნელი კეკელიძემ უარი თქვა კიევის აკადემიაში კათედრა ჩაებარებინა და სამშობლოში დაბრუნდა, რომელსაც ძალიან სჭირდებოდა მისნაირი შვილები.
თედო ჟორდანია, მისი პედაგოგი სემინარიიდან, კორნელი კეკელიძეს სწერდა:
“მივიღე ძვირფასი საჩუქარი-თქვენი ახალი წიგნი „Иурусалимский Канонар“ (რომელმაც დაიმსახურა მ. ნ. ახმატოვის სახელობის პრემია. გ. მ.) თვალი გადავავლე და მადლობა შევწირე ღმერთს, რომელმაც აღმისრულა მე ჩემი წადილი: როგორც იყო ამ ბოლო ჟამს მოგვივლინა ქართველებს გამჭრიახი, საქმიანი და მცოდნე გამომძიებელი ქართული ხელნაწერებისა… აქამდის თუ პატივსა გცემდით, ახლა ძმაზე უძმესი ხართ ჩემთვის… თქვენი მეცადინეობა, ახალგაზრდობა, ნიჭი, ცოდნა, სიყვარული მეცნიერებისადმი ჭეშმარიტს, უმწიკვლოს მოჰფენს დიდებულს ისტორიას… თქვენი უკანასკნელი შრომა არის გვირგვინი თქვენი ნაშრომებისა, ღირსი სამეცნიერო დოქტორობის ხარისხისა (დაუცველად). თქვენი ყოფილი მასწავლებელი დღეს თქვენ ათასჯერ მეტად გაფასებთ, ვიდრე დღემდი. დამიჯერე, ჩემს ძმასთან უძმესო კორნელი, რომ ჩვენ უნდა უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ვიბრძოლოთ დასაცველად ჩვენის მწერლობა-ისტორიის ღირსებათა. რაც კარგი ვნახოთ, ის შევითვისოთ, გამოვააშკარავოთ, გამოვაბრწყინოთ, ხოლო ნაკლულევანებანი, დეე, მტრებმა ეძიონ“.
1905—1912 თანამშრომლობდა „კიევის სასულიერო აკადემიის შრომებში“, 1912—1917 რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ორგანოში — „ქრისტიანული აღმოსავლეთი“. სამეცნიერო ასპარეზზე გამოსვლისთანავე კეკელიძეს მძიმე შავი სამუშაოს შესრულება მოუხდა არქივებსა და სიძველეთსაცავებში, კერძო მეპატრონეთა კოლექციებში. მან დიდი ამაგი დასდო ქართული ხელნაწერების გამოვლენის, შეგროვებისა და აღწერილობის საქმეს. ძველი ქართული ლიტერატურის მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ჯერ სრულიად ხელუხლებელი იყო. კეკელიძის ადრინდელი სამეცნიერო ნაშრომებმა („იერუსალიმის განჩინება VII საუკუნისა“, რუსულ ენაზე, 1912, მ. ნ. ახმატოვის სახელობის პრემია; „ძველი ქართული არქიერატიკონი“, რუსულ ენაზე, 1912) ბევრ რუს და უცხოელ მეცნიერს აღუძრა ინტერესი ქართული მწიგნობრობისადმი. კეკელიძემ მეცნიერულად აღწერა გელათში (1905) და სვანეთში (1911) დაცული ქართული ხელნაწერები.
1916 წელს დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად.
დიდია მისი ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 1919-1925 სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 1926—1930 სასწავლო-სამეცნიერო ნაწილის პრორექტორი იყო. 1921—1930 ხელმძღვანელობდა თსუ-თან არსებული სიძველეთსაცავს, 1933—1936 — ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 1942—1949 განაგებდა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს. სხვადასხვა დროს იყო განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრი და სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ამიერკავკასიის ცაკის წევრი (1927,1929).
უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები - პირველ რიგში: მიხეილ კონიაშვილი, გრიგოლ ნათაძე, ივანე ჯავახიშვილი, მიხეილ ზანდუკელი, ალექსანდრე დიდებულიძე, მიხეილ თაქთაქიშვილი; მეორე რიგში: ანდრია ბენაშვილი, ნიკო ჩიგოგიძე; მესამე რიგში: ნიკო მგელაძე, სერგო გორგაძე, იასონ მოსეშვილი, ვასილ კაკაბაძე, სოლომონ ქურდიანი, გიორგი ახვლედიანი, გიორგი კონიაშვილი, კორნელი კეკელიძე, ევგენი ჭოღოშვილი
კორნელის ორი ცოლი ჰყავდა, პირველი მეუღლისგან სამი შვილი შეეძინა: ალექსანდრე, კოტე და ილია. მეორე მეუღლე მოგვიანებით შეირთო, რომლისგანაც შვილი არ ჰყოლია. ალექსანდრემ 1924 წელს დააარსა იატაქვეშა გაერთიანება “თავისუფალი საქართველო”. მაშინ ალექსანდრე 18 წლის იყო. ორგანიზაცია ერთ–ერთმა წევრმა გასცა, გვარათ ბარათაშვილმა. ორგანიზაციის წევრები და, მათ შორის, ალექსანდრე დააპატიმრეს. ალექსანდრე კეკელიძე დახვრიტეს თავისუფლების მოედანზე. კორნელიმ მძიმედ გადაიტანა შვილის დაღუპვა. იმ პერიოდში კორნელი მეუღლესთან ერთად სამაჩაბლოში იყო. ჩეკისტებმა კორნელი იქ დააპატიმრეს და ისე ჩამოიყვანეს თბილისში. მაგრამ როდესაც დაკითხვების შედეგად დარწმუნდნენ, რომ კორნელის ამ ორგანიზაციასთან არავითარი შეხება არ ჰქონდა, გაანთავისუფლეს.
კორნელი კეკელიძე, კონსტანტინე გამსახურდია - Korneli Kekelidze
კეკელიძის დიდმა ერუდიციამ, ძველი ქართული მწერლობის როგორც ზოგად, ისე ვიწრო სპეციალურ საკითხებში ღრმა განსწავლულობამ განაპირობა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის ფუნდამენტური ორტომეულის შექმნა (1923—1960 გამოიცა ოთხჯერ). ორტომეულის საფუძველზე კეკელიძემ შექმნა „ძველი ქართული ლიტერატურის კონსპექტური კურსი“ (რუსულ ენაზე, 1938). 1955 რომში გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა მ. თარხნიშვილისა და ი. ასფალგის მიერ გადამუშავებული კეკელიძის ორტომეულის I ტომი.
1948—1954 გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერების აღწერილობათა რამდენიმე ტომის კეკელიძის საერთო რედაქციით. განუზომელია კეკელიძის ღვაწლი ტექსტოლოგიაში: 1918 და 1946 გამოსცა ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებების კიმენურ რედაქციათა ორტომეული (პ. პეეტერსმა აქ გამოქვეყნებული ტექსტები ერთი ნაწილი ლათინურად თარგმნა), 1930 — ნ. ციციშვილის „შვიდი მთიები“, 1935 — იოანე საბანის ძის „აბო თბილელის წამება“ და ბასილი ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“, 1936 და 1948 — იოანე ბატონიშვილის „კალმასობის“ ორტომეული (თანარედაქტორი ა. ბარამიძე), 1938 — „ვისრამიანი“ (თანარედაქტორები ა. ბარამიძე და პ. ინგოროყვა), 1941 — „ისტორიანი და აზმანი შარავანდედტანი“ და სხვა.
კეკელიძემ თავიდანვე განსაზღვრა ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლის დიდი მნიშვნელობა როგორც საკუთრივ ქართული კულტურის ისტორიაში, ისე მსოფლიო საქრისტიანო კულტურის ისტორიის თვალსაზრისით. იგი იკვლევდა ქართულ-ბიზანტიურ, ქართულ-სპარსულ ლიტერატურის ურთიერთობებს, ძველი ქართული ლიტერატურისა და ხალხური სიტყვიერების ურთიერთმიმართების საკითხებს. კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ ისტორიოგრაფიასაც, აქვს საგანგებო გამოკვლევები ძველი ქართული დამწერლობის, ქართული წელთაღრივხვისა და კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ძველ ქართულ ლიტერატურაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა დიდმნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. მისმა ნაშრომებმა აამაღლა და განამტკიცა ქართული ფილოლოგიური მეცნიერების პრესტიჟი მთელ მსოფლიოში. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართველ მეცნიერებათა კადრების აღზრდაშიც. კეკელიძე დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და 2 შრომის წითელი დროშის ორდენით.
გარდაიცვალა 1962 წელს. დაკრძალულია უნივერსიტეტის ეზოში.
ლიტერატურა
- ბარამიძე ა., ჩვენი დიდი მეცნიერი, თბ., 1979;
- დიდი ქართველი მეცნიერი აკად. კორნელი კეკელიძე. კრებულიშეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ს. ყუბანეიშვილმა, თბ., 1965;
- კორნელი კეკელიძეს დაბადების 80 წლისთავის აღსანიშნავად. კრებული, თბ., 1959;
- კორნელი კეკელიძის პირადი არქივის აღწერილობა, შეადგინა რ. კავილაძემ, თბ., 1979;
- კორნელი კეკელიძე (1879—1962). ბიბლიოგრაფია, შემდგ. ს. ყუბანეიშვილი, ე. დოლიძე, თბ., 1979;
- ბარამიძე ა., ქსე, ტ. 5, გვ. 461, თბ., 1980
წყარო: burusi.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий