შეიძლება ითქვას, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანობა წარმოადგენდა ქართველთა ეროვნულ სარწმუნოებას (თუმცა მას სხვა ხალხებიც აღიარებდნენ) იმ თვალსაზრისით, რომ მისი დროშით ჩვენი წინაპრები იცავდნენ ქართულ ენას, კულტურას, ტერიტორიას, ეროვნულ მეობას მტრისაგან. მართლმადიდებლურმა ქრისტიანობამ დააჩქარა ქართველურ ტომთა კონსოლიდაციისა და ქართველი ერის ჩამოყალიბების პროცესი. მაგრამ ცნობილია, რომ საქართველოს ისტორია ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა, ქართველ ხალხს თითქმისყოველთვის უხდებოდა თავდაცვა უცხოთა მოძალადეობისაგან. მტერი, უპირველეს ყოვლისა, ცდილობდა ქართული კულტურის საფუძვლის - მართლმადიდებლური ქრისტიანობის - ამოძირკვას, მის ადგილას თავისი რელიგიის დანერგვას, რათა ამ გზით დაესუსტებინა და მოესპო ქართველი ერი და მისი კულტურა.
ისტორიულად ისე მოხდა, რომ ჩვენში ქრისტიანობის დაცვა ქართული ეროვნულობის დაცვას ნიშნავდა. ამიტომ ცდილობდნენ მტრები პირველ რიგში ქრისტიანობისაგან ქართველთა ჩამოშორებით დაესუსტებინათ ქართველთა ერთობა, რასაც, ნაწილობრივ, აღწევდნენ კიდეც. "ქრისტიანობას მიქცეული", ე.ი. ქრისტიანობის დამთმობი ქართველი კი, ხალხის გაგებით, ქართველი აღარ იყო, რადგან საქართველოში ერთი პერიოდისათვის საბედნიეროდ და მეორე პერიოდისათვის სამწუხაროდ, ეროვნება და სარწმუნოება ფაქტობრივად ერთმანეთთან იყო გაიგივებული. ისტორიული ბედუკუღმართობის გამო გვიანფეოდალურ პერიოდში ქართველ ხალხში სხვადასხვა რელიგიები გავრცელდა. ხდებოდა დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული ქართული ეროვნული ერთიანობის დასუსტება. მაჰმადიანობის დანერგვას ქართველ ხალხში იარაღის საშუალებით ახერხებდნენ, ხოლო ქრისტიანობის შტო-რელიგიების _ კათოლიკობისა და გრიგორიანობის _ გავრცელებას მშვიდობიანი გზით აღწევდნენ.
მაჰმადიანობა საქართველოში სამხრეთელ და აღმოსავლელ დამპყრობლებს (არაბებს, სპარსელებს, თურქებს) შემოჰქონდათ, რომლებსაც მუდმივად ეჭირათ თვალი ქართულ მიწაზე. მათ შეძლეს საქართველოს ზოგიერთ პროვინციაში (აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, საინგილო) თავიანთი სარწმუნოების დანერგვა. ამ გზით არაერთი გამაჰმადიანებული ქართველი შევიდა სხვა ეთნოსების (სპარსელების, თურქების) შემადგენლობაში. სამწუხაროდ, ასეთი პროცესი თვით საქართველოს ისტორიულ და დღევანდელ ტერიტორიაზეც მიმდინარეობდა. სამცხე-ჯავახეთის ქართველ მაჰმადიანთა დიდი ჯგუფი, რომლებსაც ცარიზმი ქართველებად მიიჩნევდა (ქართველებად არიან ისინი ჩაწერილი 1886 წლის საოჯახო სიებში), საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ თურქულ და აზერბაიჯანულ ეროვნებებს მიეკუთვნენ იმის გამო, რომ მაჰმადიანები იყვნენ. ანგარიში არ გაეწია ბევრი მათგანის ქართულ თვითშეგნებას, ქართულ სამეტყველო ენასა და მათ მიერ შემონახულ ქართულ სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ტრადიციებს, ქართულ გვარებს.
იმდენად დიდი იყო გათანაბრება ეროვნებისა და სარწმუნოებისა, რომ ქართველ კაცს ვერ წარმოედგინა არამართლმადიდებელი ქართველისათვის ქართველი ეწოდებინა. მაჰმადიანი ქართველი მისთვის ყველა შემთხვევაში "თათარი" იყო. ვიმეორებთ, "ქრისტიანობიდან მიქცევისა" და მაჰმადიანობის მიღების შემდეგ ქართველი მაჰმადიანი მაინც ინარჩუნებდა თავის ეთნიკურ სახეს, თავის ქართველობას, ის არასდროს არ აღიარებდა თავის თავს თურქად. მან ყოველთვის იცოდა, რომ ის არათურქი, ადგილობრივი ("იერლი") იყო. ოღონდ ქართველობასაც ვეღარ ამბობდა, რადგან ქართველობა მასში ქრისტიანობის ასოციაციას აღძრავდა. როგორც ეთნოგრაფიული მასალებით ირკვევა, სამცხე-ჯავახეთის ქართველ მაჰმადიანებს საქორწინო ურთიერთობა არ ჰქონდათ აქ დასახლებულ თურქმანულ ტომებთან.
ქართველ მაჰმადიანებს ქართველობის აღიარებაში მხოლოდ ერთი რამ უშლიდა ხელს - ახალი სარწმუნოება. ენა (რომელიც ზოგიერთმა თანდათან დაკარგა) და ტრადიციები, წეს-ჩვეულებები მამა-პაპისა ჰქონდათ; იცოდნენ თავიანთი ქართული გვარებიც. XIX საუკუნის სხვადასხვა წლების მოსახლეობის აღწერის მასალებით აშკარად ჩანს, რომ სამცხეში მცხოვრები ქართველი მაჰმადიანები თავს როდი თვლიდნენ თურქად, მიუხედავად იმისა, რომ მათმა ნაწილმა ენაც დაკარგა. რაოდენ ნიშანდობლივია, რომ 1886 წლის საოჯახო სიებში მაჰმადიანი ქართველების უმრავლესობამ აღმწერებს ეროვნების გრაფაში ქართველი ჩააწერინა და "ოღლობით" (სახელითა და მამის სახელით) ჩაწერილებმა თავიანთი ქართული გვარებიც მიაწერინეს. მაგრამ მეზობელი მართლმადიდებელი და კათოლიკე ქართველებისათვის ისინი "თათრებს" წარმოადგენდნენ. მათ "თათრებად" მოიხსენიებდნენ.
როდის წარმოიქმნა სამცხე-ჯავახეთის ქართულ მოსახლეობაში მაჰმადიან ქართველთა კონფესიონალური ჯგუფები? XVI საუკუნის დასასრულს თურქთა მიერ დაპყრობილი სამხრეთ საქართველო მთლიანად ქრისტიანული იყო. ამის დამადასტურებელია 1595 წელს თურქეთის ხელისუფალთა მიერ შედგენილი "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი", რომელშიც შეტანილი ოჯახის უფროსთა სახელები და მამის სახელები თითქმის მთლიანად ქართულ-ქრისტიანულია. ქართულია შემორჩენილი ტოპონიმებიც. როდესაც "გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარს" ათვალიერებ, მასში ბევრ კარგ და ლამაზ ქართულ სახელს ამოიკითხავ. მხოლოდ ერთი რამაა გულდასაწყვეტი: ქართველი გლეხები გვარებით არ არიან მოხსენიებული. თურქებს ეს არ სჭირდებოდათ. მთელი მაჰმადიანური სამყაროსთვის გვარსახელი უცნობია. გვარსახელის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ჩვენში საქორწინო ურთიერთობის მოწესრიგება იყო. ქართული ტრადიცია კრძალავდა ერთი კაცის შთამომავალთა, სისხლიერ ნათესავთა ერთმანეთზე დაქორწინებას. ამის გარკვევა კი ძირითადად გვარსახელის საშუალებით შეიძლებოდა. ქართველ მაჰმადიანებში კი სხვა მაჰმადიანური სამყაროსაგან განსხვავებით, კვლავ იყო ტრადიცია გვარების არსებობისა; თუმცა მას აქ ფუნქცია აღარ ჰქონდა, თითქმის ყველა ქართველმა მაჰმადიანმა კარგად იცოდა თავისი გვარი. მაჰმადიანი ქართველი მაინც უფრთხილდებოდა წინაპართა მიერ გადმოცემულ გვარსახელს, მომავალ თაობას გადასცემდა, ესათუთებოდა, არ ჰკარგავდა მას. რაოდენ ნიშანდობლივია, რომ ზემოთ ნახსენებ საოჯახო სიებში ქართველმა მაჰმადიანებმა სამცხე-ჯავახეთში აღმწერებს ხშირ შემთხვევაში ქართული გვარებიც მიაწერინეს. სანამ სამცხე-ჯავახეთის ქართველ მაჰმადიანთა ზოგიერთ ქართულ გვარს ჩამოვთვლით, უნდა აღინიშნოს, რომ 1886 წლისათვის ახალციხის მაზრაში 16 სოფლის მკვიდრ მაჰმადიან ქართველთათვის დედაენა ქართული იყო. ამავე მაზრის 51 სოფელში კი მაჰმადიანი ქართველებისათვის დედაენას თურქული წარმოადგენდა. 1886 წლის საოჯახო სიებიდან ისიც ირკვევა, რომ ზოგიერთი სოფლის მოსახლეობა, მართალია, სამცხე-ჯავახეთში ყოველმხრივ თურქებადაა გატარებული (ეროვნება, ენა, სარწმუნოება), მაგრამ, ჩანს, რომ ასეთი "თურქები" ზოგჯერ ქართველებს წარმოადგენდნენ. ეს შეიძლება ითქვას სოფლებზე: კამზა, მხე, დიდი ხოპსი... სხვათა შორის, მიწერილი ქართული გვარები გვაგულისხმებინებს, რომ ამ სოფლების მოსახლეობა ძირად ქართული იყო. 1886 წლის საოჯახო სიები გვაძლევს საშუალებას გავარკვიოთ, თუ რა გვარებს ატარებდნენ სამცხე-ჯავახეთის ქართველი მაჰმადიანები: ჩხოკოძე, ტატაძე, ცხადაძე, მამუკაშვილი, ბაზაძე, ზეთიაშვილი, თურმანიძე, აბრაზაშვილი, თავდგირიძე, დუნუკაძე, წულუკიძე, გოლოთიძე, აფაქიძე, დედულაძე, კარწელაშვილი, ჩახოშვილი, გვახიძე, გვარაძე, მაკარიძე, პაიკიძე, სადინაძე, კიკიაძე, მოსიძე, ჯავახაძე, დვალიშვილი, ყიფიანი, ლასურიძე, ბერიძე, ალაფიძე, ბაქრაძე, ლაზიშვილი, მოლოზნიანი, კიკნაძე, ჭუვაძე...
ქართველთა გამაჰმადიანება სამცხე-ჯავახეთში ძირითადად XVII საუკუნის დასასრულიდან დაიწყო და მეტ-ნაკლებად XVIII საუკუნეში დასრულდა. ჩანს, ეს პროცესი აქ XIX საუკუნეშიც კი გრძელდებოდა. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელია 1886 წლის საოჯახო სიები. მაგალითად, ზემო ოშორაში, რომელიც მთლიანად ქართველი მაჰმადიანებით იყო დასახლებული (82 კომლი, 737 სული), მკვიდრობდა ასეთი პიროვნება: "ისმაილ გოგია ოღლი, იგივე მირზა ოღლი", ე.ი. ისმაილ გოგიას ძე, იგივე მირზას ძე. აქედან ჩანს, რომ ისმაილის მამა ქრისტიანი ყოფილა, მას გოგია რქმევია და გამაჰმადიანების შემდეგ მეორე, მაჰმადიანური სახელი (მირზა) უწოდებიათ. ამავე სოფელში ნახსენებია "კიულ ახმედ-ოსმან ოღლი, იგივე ტატო ოღლი", ე.ი. კიულის მამას ახმედ-ოსმანს გამაჰმადიანებამდე სხვა სახელი _ ტატო უტარებია. სოფელ კლდეში ჩაწერილი იყვნენ "რაჯაბ ბიძინ ოღლი ტატიძე" და "ხალილ ბიძინ ოღლი ტატიძე", ე.ი. რაჯაბ და ხალილ ტატიძეების მამას ქართული სახელი _ ბიძინა რქმევია და ის გამაჰმადიანებული არ ყოფილა. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ სოფელში XIX საუკუნის დასაწყისში გამაჰმადიანება-გათურქების ახლად დაწყებული პროცესის შესახებ მიუთითა ნ. მარმაც.
ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ საქართველოს ისტორიული პროვინციის - აღმოსავლეთ კახეთის, დღეს რომ საინგილოს ვეძახით, მაჰმადიან ქართველთა შესახებაც. 1886 წლის საოჯახო სიებით ზაქათალას ოკრუგის სულ ოთხ სოფელში მკვიდრობდნენ მართლმადიდებლური ქრისტიანობის მიმდევარი ქართველები, დანარჩენი ქართული სოფლების მკვიდრნი კი ქართველი მაჰმადიანები იყვნენ. აღმწერებმა ქრისტიანებს ეროვნების გრაფაში "ქართველი" ჩაუწერეს, მაჰმადიან ქართველებს კი ინგილო. თუმცა დავთრებში ინგილო მაჰმადიანთა ქართველობის მიმანიშნებელი ქართული დედაენაცაა აღნიშნული. აქ "თათრულ" ეროვნულ სამყაროში ქართველთა გადასვლის პროცესიც მიმდინარეობდა. ერთ- ერთი სოფლის ყორაღან-მუსულმანის მკვიდრი ინგილოებისათვის მშობლიურ ენას უკვე "თათრული" წარმოადგენდა.
ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ XIX საუკუნეში ბევრი ქართველი მაჰმადიანი მოლა ქართულად ქადაგებდა. ამ მხრივ სახელი გაითქვა ახმედ ეფენდი ხალიფაშვილმა. 1860-იან წლებში ის ჯამეში ქართულად ქადაგებდა და ყურანსაც ქართულად უხსნიდა მრევლს, რის გამოც სტამბულში ჩაიყვანეს და სამართალში მისცეს.
ისტორიული ბედუკუღმართობის გამო, ქართველთა ნაწილი სხვა სარწმუნოებაზე, ქრისტიანობის სხვა შტო-რელიგიებზე გადადიოდა. ქრისტიანული რელიგიის ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი განშტოებები ხომ მკაცრად ემიჯნებოდნენ ერთმანეთს. მაჰმადიანობისაგან განსხვავებით, კათოლიკობა და გრიგორიანობა (მონოფიზიტობა) ძალით როდი ინერგებოდა საქართველოში. ისინი მშვიდობიანად ვრცელდებოდა ქართველ ხალხში. გარკვეულ პერიოდში ქართველთა ნაწილმა, ევროპასთან დაახლოების და ამგვარად თავის გადარჩენის ერთ-ერთ გზად კათოლიკობა მიიჩნია. ქართველთა შორის გაჩნდნენ ამ სარწმუნოების მიმდევრები. განსაკუთრებით ეს მოხდა იმავე სამხრეთ საქართველოში, სადაც უცხოური ელემენტის შემოტევა უფრო საგრძნობი იყო. სამცხე-ჯავახეთის არაერთი სოფლის მკვიდრნი კოლექტიურად გახდნენ კათოლიკური რწმენის მატარებელნი. კათოლიკე ქართველები გაჩნდნენ ქალაქებშიც (თბილისი, გორი, ქუთაისი, ახალციხე). დიდი მამულიშვილისა და მეცნიერის მიხეილ თამარაშვილის გამოკვლევით, ქართველ ხალხში კათოლიკობა XIII საუკუნიდან გავრცელდა. ასე ჩამოყალიბდნენ საქართველოში კათოლიკე ქართველთა კონფესიური ჯგუფები. კათოლიკობას საქართველოში ძირითადად იტალიელი მისიონერები ავრცელებდნენ. კათოლიკე მისიონერთა საშუალებით, ევროპისაგან მოწყვეტილ გვიანფეოდალურ საქართველოში, ვრცელდებოდა იმდროინდელი ევროპული სიახლეები. მაჰმადიან ქართველებს თუ "თათრებს" უწოდებდნენ, კათოლიკე ქართველებს _ "ფრანგებს". სხვადასხვა რელიგია (თვით ქრისტიანობის შტო-რელიგიები) მკაცრად კრძალავდა სხვა სარწმუნოების ადამიანებთან ქორწინებას. ასე ეთიშებოდნენ ერთმანეთს ქართველი მართლმადიდებლები, ქართველი კათოლიკეები, ქართველი მაჰმადიანები და ქართველი გრიგორიანები. თუმცა, აღნიშნული თვალსაზრისით, მართლმადიდებლობა ზემოთ ხსენებულ სხვა აღმსარებლობასთან შედარებით შემწყნარებლური იყო. შემდეგ ისე მოხდა, რომ ქართველი კათოლიკეების ("ფრანგების") ნაწილი სომხებად მიიჩნიეს, ისევ და ისევ ისტორიასა და ერის წარსულში ჩაუხედავმა ადამიანებმა. ქართველ კათოლიკეთა სომხებად მიჩნევა იმიტომ მოხდა, რომ რომის პაპმა ისინი სომხურ-კათოლიკურ ეკლესიას დაუქვემდებარა. მასში, წირვა-ლოცვა და საქმის წარმოება სომხურ ენაზე მიმდინარეობდა, ქართველი კათოლიკეებისათვის ეს ენა გაუგებარი იყო. ქართველ კათოლიკეებს გაუჩინეს სომხურფუძიანი ახალი გვარსახელები (თუმცა უმეტესობას თავიანთ ძველი ქართული გვარები კარგად ახსოვდა). გაჩნდა ეჭვი ქართველი კათოლიკეების არაქართველობის შესახებ. ზოგიერთი მეცნიერი დღესაც ცდილობს ქართველ კათოლიკეთა სომხური წარმომავლობა "დაამტკიცოს", თუმცა მათი არგუმენტები წინასწარ აკვიატებულ აზრებზეა დაფუძნებული. ქართველ კათოლიკეთა ქართველობა და ქართული წარმომავლობა კარგადაა ნაჩვენები თვით ქართველი კათოლიკეს მიხეილ თამარაშვილის ფუნდამენტურ ნაშრომში "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის".
1886 წლის საოჯახო სიებში ქართველ კოთოლიკეებს ეროვნების გრაფაში ყველას ქართველი აქვს მიწერილი, რაც, რა თქმა უნდა, მათი ნებისა და ამდენად, ეროვნული თვითშეგნების გამოხატულება იყო.
ეროვნული თვითშეგნების გარდა, ქართველ კათოლიკეთა ქართული წარმომავლობის დამადასტურებელია 1886 წლის საოჯახო სიებიც. XIX საუკუნის მოსახლეობის აღწერის სხვა დავთრები. ქართველი კეთოლიკეებში დღეს სამი ტიპის გვარსახელები შეიმჩნევა: 1) ქართულძირიანი და ქართულფორმანტიანი, 2) თურქულძირიანი და 3) სომხურძირიანი, რომელთაგან XIX საუკუნეში (და დღესაც) ნაწილი ქართული და ნაწილი რუსული ფორმანტებითაა ნაწარმოები. ქართველ კათოლიკეებში სომხურძირიანი გვარების გავრცელების მიზეზის შესახებ უკვე მივუთითეთ და აქაც გვინდა გავიმეოროთ, რომ სომხური ძირებით ქართველ კათოლიკეთა გვარსახელების წარმოქმნა დაკავშირებულია იმასთან, რომ ისინი სომხურ- კათოლიკურ ეკლესიას ექვემდებარებოდნენ და არა ლათინურ-კათოლიკურს. სომხურ-კათოლიკურ ეკლესიას კი სომხური საეკლესიო წესდება (ტიპიკონი) ჰქონდა დადგენილი, რაც ქართველ კათოლიკეთა წრეში ჯერ სომხური სახელებისა და შემდეგ სომხურძირიანი გვარსახელების გავრცელებას იწვევდა. სომხური და თურქული ძირებით წარმოდგენილი გვარსახელები, რა თქმა უნდა, მეორეული მოვლენაა და ყველა ასეთ გვარსხელს თავდაპირველი ქართული გვარი უეჭველად ჰქონდა. მაგალითად, ხითარიშვილების (ახალციხე, ვალე) ერთი შტოს ძირი-გვარი თამარაშვილი ყოფილა, მეორე შტოსი - ნანობაშვილი, გოზალიშვილებისა _ კოჭიბროლაშვილი. 1886 წლის აღწერაში ქართველ კათოლიკეთა სომხურძირიან გვარებს ადრინდელი, თავდაპირველი ქართული გვარებიც აქვთ მიწერილ-მითითებული. მაგალითად, ქართველი კათოლიკე ყაზაროვების (ყაზარაშვილების) ძირი-გვარი გზირიშვილი იყო, ვართანოვებისა და ბაღდოევებისა - აბულაძე... ცხადია, შეუძლებელია "ქართულენოვანი სომეხი კათოლიკე" უწოდო, სომხური წარმომავლობა ამტკიცო ისეთი გამჭვირვალე ქართული გვარებისა, როგორებიცაა: ნებიერიძე, გოკიელი, ვარძიელი, ბეთანიშვილი, ბერიძე, მეფისაშვილი, ხუციშვილი, კაჭკაჭიშვილი, ნადირაძე, ჩიტოშვილი, გაბელაშვილი, ბეჩიტაძე, ბალახაძე, ზაზაძე, ჭილაშვილი, აბულაძე, რომლებსაც სომხურ-კათოლიკურმა ეკლესიამ მათი ქართული წარმომავლობის დაფარვისა და ქართული გვარის ფორმის, შინაარსისა და ჟღერადობის დაკარგვის მიზნით, გვარსახელების მაწარმოებელი ქართული სუფიქსები რუსული სუფიქსებით შეუცვალა.
საქართველოში დასახლებული სომხები თავიანთი ეროვნული სარწმუნოების ერთგულნი რჩებოდნენ. რელიგია კი სომხთათვის სახელმწიფოებრიობის არარსებობის პირობებში, ეროვნულობის შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო. ისევე როგორც ყველა სხვა რელიგიის მღვდელთმსახურნი, სომხური ეკლესიის მესვეურებიც ცდილობდნენ ყველგან თავიანთი სამწყსოს გამრავლებას. ასევე იყო საქართველოშიც, მით უმეტეს, რომ ისინი ქართველი მეფეების კეთილგანწყობილებითაც სარგებლობდნენ. გრიგორიანულმა ეკლესიამ ქართველ მართლმადიდებელთა გარკვეული ნაწილი რელიგიურად გადაიბირა, ხალხის თქმით, "გაასომხა". ამის თქმის საშუალებას გავძლევს მოსახლეობის კამერალური აღწერის მასალები, რომლებიც XIX საუკუნეში არაერთხელ ჩატარებულა, აგრეთვე, XVIII საუკუნის დემოგრაფიული ძეგლები. მაგალითების მოტანა შორს წაგვიყვანდა. არაერთი გვარი, რომელთა წარმომადგენლები ადრე მართლმადიდებელი ქართველები იყვნენ, მომდევნო პერიოდში გრიგორიანული სარწმუნოების მიმდევრებად და სომხებად გვევლინებიან. თავდაპირველად ქართველი გრიგორიანები ქვემო ქართლში მკვიდრობდნენ, რაც აშკარად ჩანს XVIII საუკუნის მოსახლეობის აღწერის მასალებიდან და რასაც უთუოდ ხელს უწყობდა სომხებთან მოსაზღვრეობა, მეზობლობა. ვახუშტი ბაგრატიონიც ხომ წერდა, რომ ქვემო ქართლში ძირითადად სომხური სარწმუნოების ქართველები მოსახლეობენო. სხვა აზრი არ შეიძლება გამოვიტანოთ მისი სიტყვებიდან: "ამ ადგილთა შინა მოსახლენი არიან სარწმუნოებით სომეხნი და მცირედად ქართლის სარწმუნოებისა, არამედ ქცევა-ზნითა ქართულითა". 1721 წლის ქვემო ქართლის მოსახლეობის აღწერის დავთარი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ აქ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ქართველი გრიგორიანები იყვნენ. მათში გავრცელებული იყო ძირითადად ქართულძირიანი, აგრეთვე თათრულ და სომხურძირიანი გვარები.
არაქართულძირიანი გვარების გაჩენა ფეოდალური პერიოდის საქართველოში ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რაც გამოწვეული ჩანს ჩვენში ძირითადად არაქართული სახელების გავრცელებით. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ქვემო ქართლის აღწერის დავთარში გვარებითაა ჩაწერილი. გვარსახელები კი ქართველ ხალხში ადრეული ხანიდან ჩნდება. იმავე დავთრით ადვილი გასარკვევია ქვემო ქართლის რომელ სოფლებში მოსახლეობდნენ სომხები. მათი პროცენტი, წინასწარი გამოთვლით, 10-ს არ აღემატებოდა. ქართველი გრიგორიანები აქ თუ გვარებით არიან ჩაწერილი, სომხები მხოლოდ სახელებით, გვარების გარეშე. ეს ბუნებრივია: სომხებს ხომ XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე გვარსახელები არ ჰქონდათ. XIX საუკუნის დასაწყისიდან ქართველ გრიგორიანთა კონფესიური ჯგუფები ჩნდებიან შიდა ქართლში, კახეთში. ალბათ, ინტერესმოკლებული არ იქნება ქართველთა გრიგორიანულ (მონოფიზიტურ) სარწმუნოებაზე გადასვლის მიზეზების დასახელება. პირველ ყოვლისა, თავისი სამწყსოს გამრავლებით დაინტერესებულნი იყვნენ სომხური ეკლესიის მესვეურნი, რომლებიც მისიონერული მოღვაწეეობით ცდილობდნენ მართლმადიდებელი ქართველების გადაბირებას. ქართველთა გაგრიგორიანება-გასომხების ერთ-ერთი გზა იყო, აგრეთვე, ქართველ მეფეთა მიერ ეჩმიაძინისა და ახპატის მონასტრებისათვის გლეხთა შეწირვა. ქართველ თავად-აზნაურთა რამდენიმე გვარის (თუმანიშვილი, ბებუთიშვილი, ბეგთაბეგიშვილი) ზოგიერთი შტო გრიგორიანული სარწმუნოების მიმდევარი იყო, რომლებსაც თავიანთი ქართველი ყმები მონოფიზიტურ სარწმუნოებაზე გადაჰყავდათ.
მაგალითისათვის შეიძლება დავასახელოთ თუმანიშვილები, რომლებსაც შიდა ქართლის თავიანთი სამფლობელო სოფლებში (ბერბუკი, ხელთუბანი, ზერტი, სვენეთი) მოსახლე ქართველი გლეხები გრიგორიანებად მონათლეს ჯერ კიდევ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. აქვე შეიძლებოდა ზოგიერთი სხვა გვარიც დაგვესახელებინა: ანესაშვილი, გოდელაშვილი, განჯელაშვილი, გიგაური, გიუნაშვილი, გამხუაშვილი, მანძულაშვილი, კიკრიაშვილი, კოხუაშვილი, მარკოზაშვილი, მჭედლიშვილი, მეზვრიშვილი, მამუკელაშვილი, პეტრემღვდლიშვილი, ქობულაშვილი, ყაყიტაშვილი, ცარიელაშვილი, ჯოლბორდი...
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ქართველთა გაგრიგორიანება-გასომხების მიზეზი თურქთა აგრესია იყო. ცნობილია, რომ თურქები მართლმადიდებლური ქრისტიანობის მიმართ დიდად შეურიგებელნი იყვნენ, როგორც ბიზანტიელთა რელიგიისადმი; გრიგორიანების მიმართ კი ერთგვარ შემწყნარებლობას იჩენდნენ. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მართლმადიდებელი ქართველები გრიგორიანობის მიღების საშუალებით ინარჩუნებდნენ ქრისტიანობას, თუმცა ამ ნაბიჯს საბოლოო ჯამში მათი სხვა ეთნოსში გადასვლა მოსდევდა.
სომხეთიდან გადმოსახლებული მოსახლეობა თავდაპირველად ეტანებოდა ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დასახლებებს, სადაც მათ ხელოსნობასა და ვაჭრობაში პრიორიტეტი ჰქონდათ მოპოვებული. გამორიცხული იყო ქართველი მართლმადიდებლის ხელოსნობასა და ვაჭრობაში ჩაბმა, თუ არ მიიღებდა სომხურ-გრიგორიანულ სარწმუნოებას. დაბოლოს, XIX საუკუნის დამდეგიდან ისარგებლეს რა ქართული სახელმწიფოებრიობისა და შემდეგ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვით (1811 წ.), სომეხი ტერტერები მოედვნენ ქართლ-კახეთის სოფლებს, ეწეოდნენ მისიონერულ მოღვაწეობას და ღარიბი ქართველი გლეხებისადმი ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევით აღწევდნენ თავიანთ ეროვნულ სარწმუნოებაზე მათ გადაყვანას. ქართველთა გაგრიგორიანება-გასომხების არაერთი ფაქტია დადასტურებული საისტორიო საბუთებში, საარქივო მასალებში. ქართველთა სომხურ-გრიგორიანულ სარწმუნოებაზე გადასვლა ("გასომხება") არაერთი საყურადღებო საბუთით დაამტკიცა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა გ. მაისურაძემ წიგნში "ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთობა XIII-XVIII საუკუნეებში".
ქართველი ისტორიკოსებისათვის ყოველთვის ცხადი იყო ქართველთა სხვადასხვა კონფესიური ჯგუფების და, მათ შორის, ქართველი გრიგორიანების არსებობა. მაგრამ ზოგჯერ სომხურ საისტორიო ლიტერატურაში ცდილობენ ქართველ გრიგორიანთა კონფესიური ჯგუფების არსებობა ქართველ ისტორიკოსთა ფანტაზიას მიაწერონ, რომ ვითომ ასეთი ჯგუფები ქართველმა ბურჟუაზიულმა ისტორიკოსებმა და პირველ რიგში, ზ. ჭიჭინაძემ მოიგონა, რომელმაც 1926 წელს, დასტამბულ მონოგრაფიაში "ქართველი გრიგორიანები (სომხის რჯულის ქართველები)" არაერთი ფაქტით აჩვენა ქართველთა მონოფიზიტობაზე გადასვლა. ჩვენ ამ წიგნიდან არ შევუდგებით უტყუარი ფაქტების მოტანას, გვინდა მხოლოდ აღვნიშნოთ, რომ ზაქარია ჭიჭინაძემდე ქართველ ისტორიკოსთაგან ქართველ გრიგორიანთა კონფესიურ ჯგუფების არსებობას ყურადღება მიაქცია (ვახუშტი ბაგრატიონზე რომ არაფერი ვთქვათ) ალექსანდრე ხახანაშვილმა (სხვათა შორის, ხახანაშვილთა ნაწილსაც სომხურ- გრიგორიანული სარწმუნოება ჰქონდა მიღებული), რომელმაც მეცნიერული დამაჯერებლობით აჩვენა ქართველთა სომეხთა ეროვნულ სარწმუნოებაზე გადასვლის ფაქტები. თუმცა მიკერძოება რომ არ დაგვწამონ, სჯობს არაქართველ ავტორებს მოვუსმინოთ. მონოფიზიტური რწმენის ქართველებზე მიუთითებდა 1881 წელს ლიონში დასტამბულ ნაშრომში ესპანეთის ვიცე-კონსული ტრაპიზონში მარენო, აგრეთვე, გერმანელი მოგზაური და მეცნიერი კარლ კოხი (საქართველოში იმოგზაურა XIX ს. 30-იან წლებში), რომელიც წერს: "სავაჭრო საქმეებს ჩვეულებრივ ქართველები განაგებენ. ეს ის ქართველებია, რომლებსაც სომხური სქიზმა აქვთ მიღებული და ამიტომ სომხებად იწოდებიან. ისინი უმთავრესად ართვინში ცხოვრობენ". XVII საუკუნის იტალიელ მისიონერს დონ პიეტრო ავიტაბილეს თავის რელაციონში მოყვანილი აქვს ნიკიფორე ჩოლოყაშვილის (ირბახის) როსტომ მეფისადმი მიმართვა: “ყოველ დღე ჩვენი თვალებით ვხედავთ, რომ ქართველები სომხდებიან და უმრავლესობა კი თურქდება... განა რატომ არ უნდა მიიღოს კაცმა ფრანკობა?” (დონ პიეტრო ავიტაბილე, ცნობები საქართველოზე (XVII საუკუნე). ბ. გიორგაძის გამოცემა, თბ., 1977, გვ. 66).
ქართველთა გაგრიგორიანება-გასომხების არაერთი ფაქტი აქვთ დადასტურებული კავკასიათმცოდნე ეთნოგრაფს ნატალია ვოლკოვას, აგრეთვე გიორგი ჯალაბაძეს. ეთნოგრაფიული მონაცემებით ირკვევა გრიგორიან ქართველთა ადრინდელი ქართული გვარები (თუკი ის დაკარგეს), ამ სარწმუნოების მიღების დრო და მიზეზები. მაგალითად, ჩვენს მიერ მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალებით, დირბელი (ქარელის რაიონი) მღებრიშვილები, რომლებიც ახლა სომხებად იწერებიან, ფურცელაძეები ყოფილან. აქვე მოსახლე კოჭუაშვილების (ესენიც სომხებად წერიან) წინაპრები გრძელიშვილის გვარს ატარებდნენ. ჯავახეთიდან გადმოსახლებული გრძელიშვილები ქართლში გაგრიგორიანებულან და გვარის დაფარვის მიზნით ახალი გვარი მიუღიათ. დირბის მეზობელ სოფელ რუისში XIX საუკუნის მეორე ნახევრის აღწერის დავთრებში სომხებად არიან ჩაწერილი ბალიაშვილები. ბალიაშვილების ქართველობის მიმანიშნებელია XIX საუკუნის დასაწყისის საეკლესიო გლეხების აღწერის დავთარი, რომელშიაც ისინი მართლმადიდებლებად და შესაბამისად ქართულ-ქრისტიანული სახელებით არიან ჩაწერილი. ხაზგასასმელია, რომ შიდა ქართლში XIX საუკუნის შუა ხანებისათვის თითქმის არ დარჩა სოფელი, რომ სომხებს გრიგორიანული ეკლესია არ გაეხსნათ. ასეთი ახლად გახსნილი ეკლესიები კი, ჩვეულებრივ, ქართველთა მიტოვებული ეკლესიები იყო.
გრიგორიანობაზე ქართველთა გადასვლის ურიცხვ მასალას იპოვის მკვლევარი XIX საუკუნის მოსახლეობის აღწერის დავთრებში, რომლებზედაც მხოლოდ გაკვრით გვექნება ქვემოთ ლაპარაკი და რომლის სრული გამომზეურება-გამოქვეყნება მომავლის საქმეა. ახლა კი მხოლოდ ამონაწერს მოვიტანთ XVIII საუკუნის ქართული საისტორიო საბუთებიდან, რომლებშიც ქართველთა სომხურ სარწმუნოებაზე და შესაბამისად გასომხებაზეა საუბარი. ესაა "არზა - დიმიტრი ჯომარდიძისა ყმის თაობაზე" ბატონიშვილის ოქმით: "ჩემო ხელმწიფევ, ერთი ჩემი ყმის შვილი თურმე დაობლდა და წაიყვანა თავისმა ძიძამ და ციციშვილის კაცს თანანაშვილს გააზრდევინა. როდესაც გაიზარდა ამ თავისმა ძიძამ კიდევაც გაასომხა და ცოლიც შერთო. მამაჩემმა ილაპარაკა, - სამართლით ეს კაცი დარჩა. შემდგომად კიდევ ეს კაცი არ დგებოდა. მე სანატრელს მეფესთან [იგულისხმება ერეკლე II] ვილაპარაკეთ და პატრიარხთან ოქმი მიბოძა. ნინია ჯავახიშვილი რომ გახლდათ, იმას კიდეც უნდა აეყარა და კიდეც უნდა გაექართველებინა. ამჟამად იმას განსაცდელი მიადგა, თქვენი ჭირის სანაცვლო შეიქმნა და ეს კაცი იქავ დარჩა. ის კაცი წმინდის გიორგის მნათეც გახლავთ, არც ხატი აყენებს და მთელმა გაღმა მხარმა იცის, რომ ჩემი ყმა გახლავთ".
მეორე საბუთი "განჩინება სოლომონ ბეგთაბეგიშვილის ყმის საქმეზე" 1779 წლითაა დათარიღებული. საბუთის მთლიანი შინაარსის აქ გადმოცემას ამჟამად მნიშვნელობა არა აქვს. მხოლოდ ორ ამონაწერს მოვიტანთ. "ერთი წიგნი წამოაყენა სანატრელის მეფის თეიმურაზისაგან ბოძებული, რომელსა შინა წერილი ესრეთ აცხადებდა: დარფუნ გოდერძასშვილები ქართველობაშიაც ამათი ყმანი ყოფილან და ახლაც ბეგთაბეგ მდივნისა და ყარან მდივნისათვის გვიბოძებია". "მარა დარფუნ გოდერძასშვილის მოსესას შვილები გოდერძა და კიკოლა ამას ამბობდნენ: ქართველობაშიც თქვენი ყმანი არ ვყოფილვართ, სანატრელის ცხებულის მეფის თეიმურაზისათვის ყალათად გაუსინჯებიათ და ამისათვის ჩვენი თავი თქვენთვის ყმად უბოძებიათ".
ახლა სანამ თელავის 1873 წლის მოსახლეობის აღწერის დავთარში ჩავიხედავთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ XIX საუკუნის მოსახლეობის აღწერებში პიროვნებები ხშირად მეორე ანუ თავდაპირველი გვარებითაც არიან მოხსენიებული. გვარსახელის შეცვლა კი ფეოდალიზმისა და კაპიტალიზმის პერიოდის საქართველოში იშვიათი მოვლენა არ იყო. თელავის 1873 წლის აღწერაში გრიგორიანული სარწმუნოებისა და სომხური ეროვნებისად ჩაწერილებს ხშირად ადრინდელი ქართული გვარებიც აქვთ მიწერილი. ამდენად, შესაძლებელია საარქივო მასალებით გავარკვიოთ დღეს ამა თუ იმ სომხური გვარისა და სომხური ეროვნების მატარებელთა შორის ვინაა წარმომავლობით ქართველი და რა იყო მათი ძირი ქართული გვარი. მაგალითად, 1873 წლის თელავის აღწერის დავთარში მოხსენიებული ბეგიჯანოვების ქართულ წარმომავლობაზე მიუთითებს ფრჩხილებში მითითებული მეორე გვარი - ტალიური: "ბეგიჯანოვი, იგივე ტალიური". საყურადღებოა, რომ თელაველ ბეგიჯანოვებს დღესაც "ტალიანთ" სახელით მოიხსენიებენ. ტალიურები კი თელავში თიანეთის მხრიდან, სოფელ სახასოდან (ახლანდელი ახალსოფელი) არიან გადმოსახლებულნი. სახასოში, XVIII საუკუნის პირველი მეოთხედის აღწერის დავთრით, ორი კომლი ტალიური მოსახლეობდა. 1801 წლის აღწერით, ტალიურები ისევ თიანეთის მკვიდრნი იყვნენ, რის შემდეგაც ისინი თელავში გადასახლდნენ, გრიგორიანობა მიიღეს და სომხურმა ეკლესიამ ბეგიჯანა ტალიურის შვილები ბეგიჯანოვებად და სომხებად ჩაწერა. ტალიურების გვარს საფუძვლად უდევს ძველ საქართველოში ფართოდ გავრცელებული მამაკაცის სახელი - ტალია, რომელიც ბოლო დრომდე სვანეთში იყო შემორჩენილი.
ავიღოთ იმავე თელავში მოსახლე მარტიროსოვების გვარი. 1873 წლის აღწერის დავთრის მიხედვით თელაველ მარტიროსოვთა ოთხ ოჯახს მიწერილი აქვს "იგივე ბერძნიშვილი", ორ ოჯახს - "იგივე ჭაღარაშვილი". აშკარაა, რომ დღეს თელავში მცხოვრები მარტიროსევებისათვის საფუძველი ორ სხვადასხვა ქართულ გვარს მიუცია. თელაველ მარტიროსოვთა ქართველობა ეთნოგრაფიული მასალებითაც დასტურდება, როდესაც მათ გვარს მეორე სახელით ("ბერძნიანი") მოიხსენიებენ. მათივე წინაპრების საფლავის ქვებზე ბერძნიშვილის გვარი იკითხება. გადმოცემა აქვთ, რომ გადმოსახლებული არიან დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე სოფელ გორგანიდან. თელაველი არუთინოვები მომდინარეობენ დემინაშვილების, აწყვერელების და ფეტვიხვრეტიაშვილებისაგან, ავეტიქოვები - ბოშაშვილებისაგან, ოსეფოვები - ქონეშვილებისაგან, ტერ-ფარსეღოვები - ტერაშვილებისაგან, თეიმურაზოვები _ დემეტრაშვილებისაგან, ოგანეზოვები - მათურელებისაგან, მანუჩაროვები - ჩელხიაშვილებისაგან, სიმონოვები _ მესხურებისაგან, აფრიამოვები - მენაბდეებისაგან. სიღნაღის 1874 წლის აღწერაში სომხებად არიან ჩაწერილი გომელაუროვები (გრიგორიანობის მიღების შემდეგ -ურ სუფიქსიანი ქართული გვარისათვის რუსული სუფიქსი - ოვ დაუმატებიათ), ბოჭორმელოვები, ხუროშვილები, სიხარულოვები, ჭარელოვები, გოძიევები. სიღნაღელ სომხებად ჩაწერილი პაატოვების ადრინდელი ქართული გვარი კი გაბაშვილი ყოფილა, სარქისოვებისა _ ბებრიშვილი, არუთინოვებისა - გონიაშვილი, ოხანეზოვებისა - ბურდული. რა თქმა უნდა შეუძლებელია ეთნიკურად სომხები იყვნენ სიღნაღის 1874 წლის აღწერაში მოხსენიებული "გრიგოლ გიგილოვი, იგივე ქართლელიშვილი", "სარქის გლახას ძე ქართლელიშვილი, იგივე ხატიაშვილი", "გარსევან ივანეს ძე ყანდაშევი, იგივე ლეკიშვილი". საისტორიო საბუთებით ქართველები და გვარად გულეურები იყვნენ დღეს გორში მოსახლე პეტროსოვები. ველისციხელი კოხტიევები კი კოხტაშვილებისაგან მომდინარეობენ, რომლებსაც საარქივო მასალებით უფრო ადრე კოჭატაძის გვარი უტარებიათ. ამავე სოფლის მკვიდრთა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე სომხებად ჩაწერილი სარაშვილების ადრინდელი ქართული გვარი ბეროშვილი იყო, არდაბეგოვებისა კი - ბერუაშვილი.
თბილისში მოსახლე სომხებად მიჩნეულ, მაგრამ წარმოშობით ქართველთაგან შეიძლება დავასახელოთ ჯარიაშნელოვების, ძეგველოვების, კოშკელოვების გვარები. ამ სამ გვარში ქართული გვარების სადაურობის მაწარმოებელი - ელ სუფიქსის გამოყოფა ძნელი არაა. ქართველ გრიგორიანებს შორის გამოიყოფა კიდევ ერთი ჯგუფი მოსახლეობისა, რომლებიც საქართველოში ხანგრძლივად ცხოვრობდა და ქართულ ეროვნულ სამყაროსთან კულტურულ-ისტორიული, ყოფითი ურთიერთობის კვალობაზე გაქართველებულნი არიან. ასეთია ეთნიკური ისტორიის ბუნებრივი კანონი. თავისი თავდაპირველი სიწმინდით არც ერთ ერს არ მოუღწევია ჩვენამდე, არც ქართველი ერია ამ მხრივ გამონაკლისი. ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასახლებულთა ეთნიკურ პროცესებში ჩართვა გარდაუვალი მოვლენა იყო და არის. აკად. ნ. ბერძენიშვილი წერდა კიდეც: "ეთნიკურად საქართველოს არ მოუღწევია ჩვენს დრომდე უცვლელად, ერთხელ მოცემული სახით. იმ მუდამ იცვლებოდა მეტის თუ ნაკლების ინტენსივობით, ომით თუ მშვიდობიანი შემოთესლებით, ერთიანი შემოსახლებით თუ თანდათანი, ყოველდღიური, კოლექტიური თუ ერთპიროვნული შემოღწევით". ქართველი გრიგორიანები საქართველოს ე.წ. ქართულენოვანი სომხური მოსახლეობის ორ მესამედს შეადგენდნენ. საყურადღებოა ისიც, რომ "გასომხებას" საქართველოს ისტორიის მანძილზე დროსთან მიმართებაში ორგვარი შინაარსი ჰქონდა. საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე "გასომხებაში" ჩადებული იყო მხოლოდ რელიგიური შინაარსი. ქართული სახელმწიფოებრიობის ფარგლებში რელიგიურად გასომხებულნი კვლავ ქართული ეროვნული ორგანიზმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ, კულტურულ-ისტორიული, ენობრივი, ყოფითი, ფსიქიკური, ტერიტორიული თვალსაზრისით. XIX საუკუნიდან "გამოსხებამ" ახალი შინაარსი შეიძინა და იგი ეროვნულ-ეთნიკური რაობის რანგში იქნა აყვანილი, რაც სომხურ-გრიგორიანული ეკლესიის მესვეურთა და ცარიზმის ნაციონალური პოლიტიკის უშუალო შედეგი იყო.
სტატიის ავტორი - როლანდ თოფჩიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან - ეთნოისტორიული ეტიუდები, წიგნი I, ენა და კულტურა, თბილისი, 2005წ.
წყარო:ძეგლები
წყარო:ძეგლები
Комментариев нет:
Отправить комментарий