ქართული სამართლის ისტორიის საკითხები
გიორგი ნადარეიშილი
„უჯვარობით დამტკიცების”, როგორც ქარ-თული ისტორიული იურიდიული საბუთე ბისთვის დამახასიათებელი ფორმულა - კლაუზულის შესახებ უკვე გამოვაქვეყნეთ წერილი.1 ქართულ საბუთებში ზემოხსენებული გამოთქმა ჩანს XI-XVI საუკუნეებში. ცხადია, ჩვენამდე მოღწეული რომ იყოს ოპიზის სიგელის მსგავსი სამართლებრივი შინაარსის IV-X საუკუნეების წერილობითი ძეგლები, მათში უთუოდ ვიპოვიდით გამოთქმას ,,უჯვარობით დაუმტკიცეთ”. მეფე გიორგი მეორის შეუვალობის განახლების სიგელში შიო მღვიმისადმი, რომელიც დაწერილია 1072 წელს, ვკითხულობთ” ,,და თქუენ, წმინდაო მეუფეო ქართლისა კათალიკოზო და ყოველნო მღვდელთ-მოძღუარნო უჯუარობითა და წყევით დაუმტკიცეთ წერილი და სიგელი ესე”.
მეფე დავით აღმაშენებლის ანდერძშიც, საბუთის ბოლოს, უმაღლესი საეკლესიო პირებისადმი მიმართვაში ნათქვამია:
,,უკეთუ ჟამი მომცეს ღმერთმან და სხუა უახლოესი ანდერძი დავწერო, იგი თქუენ, თქუენმიერითა კანონითა, უჯუარობითა, წყევითა და შეჩუენებითა დაამტკიცეთ, წმინდაო მეუფეო, ქართლისა კათალიკოზო და ყოველნო მღვდელთმოძღუარნო”.2
როგორც ზემომოყვანილი საბუთიდან ჩანს, ,,უჯუარობით დამტკიცება” საეკლესიო-სასულიერო ქმედებაა, ის კათალიკოსისა და მღვდელ-მოძღუართა კომპეტენციაში შედის და წყევა-შეჩვენება მიმართულია მათ მიმართ, ვინც ხელყოფს და დაარღვევს სიგელში თუ ანდერძის წიგნში დადგენილს.
უჯუარობით დამტკიცების ტრადიცია გრძელდება XVI საუკუნემდე. მაგალითად, თამარ მეფის სიგელის ბოლოს ვკითხულობთ: ,,და თქუენ, წმინდანო მღდელმოძღუარნო, უჯუარობით დაუმტკიცეთ”-ო.
რამდენადაც ,,უჯუარობით დამტკიცება” ნიშნავდა საეკლესიო სასჯელს, უნდა ვიფიქროთ, რომ ის ჯვარით ლოცვა-კურთხევის აღკვეთასა და შეუნდობლობას მოასწავებდა. ვინაიდან ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგია იყო, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ საეკლესიო სასჯელით დასჯილ პირს სახელმწიფოც რაღაც ფორმით შერისხავდა.
,,უჯუარობით დამტკიცება” იმდენად მძიმე საეკლესიო სასჯელი ჩანს, რომ მორწმუნე ადამიანისთვის ის ნამდვილი ღვთის რისხვას უდრიდა.
,,უჯუარობით” დამტკიცებული საბუთის დარღვევას ძნელად თუ ვინმე გაბედავდა.
დაახლოებით 1529 წელს, ზოსიმე კუმურდოელი წერილობით პირდებოდა ბასილ კათალიკოს-პატრიარქს, რომ მისი ერთგული იქნებოდა და თუ პირობა დავარღვიო, მაშინ თქვენგან უჯუარო ვიყო და წმინდათა მოციქულთა და მამათა კანონთა ქვეშე ვიყოო.
ქართლის ერისთავმა, გრიგოლ სურამელმა შიო-მღვიმის მონასტერს განუახლა შეუვალობის სიგელი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ვინც ,,დაწერილს” დაარღვევდა, ის კათალიკოსის ჯუარით ,,კრულია ცოცხალი და მკუდარი გაუხსნელად” (1250 წ.).
საეკლესიო-სამართლებრივი გამოთქმა ,,უჯუარობით დამტკიცება” უთუოდ ქრისტიანულ ხანაშია წარმოშობილი.
ჩვენი აზრით, მისი წინამორბედი წარმართულ ხანაში უნდა ყოფილიყო ,,უჯერობით დამტკიცება”.
წარმართულ ხანაში ,,ჯერი” იყო რიგის, წესის, სჯულის სინონიმი.
ცხადია, ,,სჯულში” გულისხმობდნენ სამართალსაც და რელიგიასაც. ,,ჯერის” დარღვევა აღიქმებოდა როგორც წეს-ჩვეულებების, სავალდებულო ქცევის წესისა და რიტუალური სიწმინდის ხელყოფა. ,,ჯერს” ვინც დაარღვევდა, ის ,,უჯერო” საქციელს ჩადიოდა და რადგანაც წარმართულ საქართველოში ფიცი იყო უნივერსალური მტკიცებულება, ფიცს, განსაკუთრებით კი განსაწმენდელ ფიცს, ,,ჯერით” გამოხატავდნენ. ,,ჯერი” ფიცის მნიშვნელობით ჩანს ბექა-აღბუღას სამართალში, ვახტანგ VI სამართლის წიგნსა და ქართულ იურიდიულ საბუთებში.
ვფიქრობთ, რომ წარმართულ ხანაში უჯერობა ,,ჯერის” ხელყოფას, ბოროტებასა და ბოროტმოქმედებას ნიშნავდა.
,,უჯერეს” ჩანს ქართული ოთხთავის უძველეს ხელნაწერებში. აქ ერთ შემთხვევაში ,,უჯერეს” ნიშნავდა უცუდესს, უარესს, სხვაგან კი უმართებულო საქციელს.
,,ყოველმან კაცმან კეთილი ღვინო პირველად წარმოდგის და ოდეს დაითრვნიან, მაშინ უჯერისიცა” (ი. 2. 10).
პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონში (XI ს.) ,,უჯერობით მეტყველება” იხსენიება უწესო მეტყველების მნიშვნელობით (თავი XIII). ხსენებულ ტიპიკონში ჯერისაებრ ნიშნავს ჯეროვანს (,,რაითა მარადის ღმერთსა ჰმადლობდნენ ჯერისაებრ”).
პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონში გვხვდება უჯეროც (,,და ესე ფრიად უჯერო არს”). აქ უჯერო ნიშნავს უწესოს, უსამართლოს, უკანონოს.
ხელნაწერთა ინსტიტუტში შემონახულია კრებული, სადაც შენახულია საეკლესიო სამართლის მეტად მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომელსაც ჰქვია ,,დაუყენებულთად უჯეროთა და განგებულთა ქორწინება-მზახობისათვის”.3
ხელნაწერი დაახლოებით XVI საუკუნეს განეკუთვნება, ის უნდა წარმოადგენდეს იმპერატორ იუსტინიანეს ინსტიტუციების მესამე წიგნის მეექვსე თავის თარგმანს. ხსენებულ ძეგლში ,,უჯერო” იხმარება უკანონოს მნიშვნელობით, მაგალითად, იკრძალება ქორწინება ნათლულზე, როგორც სულიერ ძესა და ასულზე ,,რამეთუ უჯერო არს ესე”.
ბაგრატ მეფის გელათისადმი შეწირულობის სიგელში, რომელიც 1545 წელსაა შედგენილი, ვკითხულობთ:
,,ვინცა-ვინ ამა ჩვენგან დადგინებულსა მოძღვარსა უჯერო და ურიგო ჰკადროს, ანუ სიკვდილითა, ანუ დაკოდითა, ანუ ხელით დაჭირვითა, ანუ გაცურცუითა, ანუ მეკობრობითა”...სათანადოდ უნდა დაისაჯონო, ისე, როგორც საყდრის ძველ იადგარსა და გუჯარში სწერიაო”.4
გვიანი შუა საუკუნეების ქართულ საბუთებში ვხვდებით გამოთქმას ,,უჯერო საქმეა და სამართალში გასამტყუნებელი”, აგრეთვე ,,საქმენი უჯერონი” და ა.შ.
ანტონ ჭყონდიდელმა ,,უჯერო ცოლ-ქმარი” გაყარა.
ვფიქრობთ, მოტანილი მაგალითები საკმარისია ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად.
ჯერ კიდევ XVI საუკუნეში ,,უჯეროს” და ,,ურიგოს” კადრება, უჯერო და ურიგო საქმე დანაშაულს ნიშნავდა. ,,ჯერი” და ,,რიგი” იდენტურ ცნებებად იგულისხმებოდა. ,,ჯერი”, ,,რიგი” და ,,წესი” ძველ, წარმართული ხანის საქართველოში მაინც წეს-ჩვეულებას, წინარე სამართალს, ღვთაების მიერ დადგენილ ქცევის წესს ნიშნავდა. ,,მორიგეს” ფშავსა და ხევსურეთში უზენაეს ღვთაებას ეძახდნენ. ხალხური რწმენით, ,,მორიგე” მეშვიდე ცაში სუფევდა და იქიდან აწესრიგებდა ქვეყანას.5 ,,მორიგე ღმერთი” ადგენდა ,,რიგ”-ს (იგულისხმებოდა ჯეროვანი ქცევის წესი). უნდა ვივარაუდოთ, რომ ზოგიერთ ქართულ ტომში აღიარებდნენ მო-ჯერე ღმერთს, რომელიც ქცევის წესსა და მათ შორის ფიცის წესს ადგენდა. ძველი ქართული ენის დონეზე ,,უჯეროება” ხშირად გვხვდება.6
არსენ იყალთოელის მიერ თარგმნილი დიდ სჯულის კანონში (349, 12) ვკითხულობთ: ,,ვინცა გამოჩნდეს უჯეროებითა თვისითა არა მწრმუნებელად განჩინებასა გამორჩეულთა მათ ბჭეთასა.”
ძველი ქართული ენის სხვა ძეგლებში ,,უჯერობა” იხმარება უკეთურების გაგებით ,,ხოლო ესე ღონე იყო სავსე ფრიადითა უჯერობითა” ან კიდევ ,,ქმნა მან უჯეროება”. სხვაგან ვკითხულობთ: ,,უჯეროებათა სდევნის”.
გვხვდება ,,უჯეროებითი” შეუფერებლის მნიშვნელობითაც: ,,გვიღირს, ... მხილებად უჯეროებითსა და უსამართლოებითსა უზომოდ მხუმეველობასა მათსა”.
,,უჯეროება”, ვფიქრობ, უძველეს წარმართულ ხანაში იყო ჯერის ხელმყოფთა, ,,უჯერო” საქმის ჩამდენთათვის გათვალისწინებული სასჯელი.
უჯერო საქმეში, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება ისეთივე მძიმე დანაშაული, როგორიც ქრისტიანული ხანაში იყო მკრეხელობა, ,,ჯვარისა და ხატის დალეწვა.”
წარმართულ ხანაშივე უნდა იყოს წარმოშობილი გამოთქმა ,,უჯერობით დამტკიცება”. ,,ჯერის” დამრღვევს სწორედ ,,უჯერობით” სჯიდნენ, ის უნდა ყოფილიყო მძიმე სასჯელი, კომპლექსური რელიგიურ-საერო ხასიათისა. და როდესაც ქრისტიანობამ გაიმარჯვა, მან ,,უჯერობით დამტკიცება” უარყო, მაგრამ ,,უჯვარობით დამტკიცება” შემოიღო. ქართულ საბუთებში კი გამოთქმა ,,უჯვარობით დამტკიცება” XVI საუკუნემდე ჩანს.
_____________________
1. გ. ნადარეიშვილი, ფეოდალური ხანის ქართული ისტორიულ---იურიდიული საბუთების ორი კლაუზულის შესახებ, ,,მნათობი” №5, 1997 წ.
2. ,,ქართული ისტორიული საბუთები IX-XIII საუკუნეებისა”, თ. ენუქიძის, სილოგავას და ნ. შოშიაშვილის რედ., ,,მეცნიერება”, თბილისი, 1984 წ
3. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, გვ. 143-149.
4. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, გვ. 185-186.
5. ,,ქართული საბჭოთა ენციკლოპედია” ტ. VII, სტატია მორიგე.
6. ზურაბ სარჯველაძე, ,,ძველი ქართული ენის ლექსიკონი”, თბ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1995 წ., გვ. 220.
წყარო
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий