სიტყვა ყოვლადსამღვდელო ალექსანდრეს გარდაცვალების გამო
მეუფეო წმიდაო! ეს უამრავი ხალხი, რომელიც გარს ახვევია ჯერ კიდევ გაუციებელს შენს ცხედარს და მოელის შენგან უკანასკნელს ლოცვა-კურთხევას, შეუკრებია აქ ნათელსა საქმეთა შენთა კეთილთა, რომელთა შენს სიცოცხლეს უხვად სთესდი, მწყემსო კეთილო! მაგრამ ამა საქმეთა ჩამოთვლით მე არა მსურს შენი შეწუხება: შენ არ გიყვარდა შენს საქმეებზე ლაპარაკი. მე ვკადნიერდები და მოვაგონებ შენს პატივსცემელთ ერთს მხარეს შენის მოღვაწეობისას, სახელდობრ, – შენს ზრუნვას ბერმონაზონობის განახლებისათვის ჩვენში…
მართალია, დღეს ბერმონაზონობას პატივი აღარ აქვს საზოგადოების თვალში, მაგრამ ამის მიზეზი არის ის, რომ მონაზონობის უმეტესობამ უღალატა თავის პირდაპირ დანიშნულებას. დღეს თუ მონაზონობის უმრავლესობას შეადგენენ უსაქმოდ ცხოვრების მოყვარენი, წინად ასე როდის იყო. წინად მონაზონობა და საზოგადოდ ასპარეზზედ მოღვაწეობა სინონიმები იყვნენ.
წინად ქართველი თუ სტოვებდა დედას და მამას, დებსა და ძმებს, სახლ-კარსა და მეზობლებს და მიდიოდა მონასტერ-უდაბნოში, იგი ამ შემთხვევაში თავის თავისთვის როდი ზრუნავდა, არამედ თავს სწირავდა მამულს, ვიწრო ფარგლითგან გამოდიოდა ფართო ასპარეზზედ სამუშაკოდ, ხელს უწყობდა ერის განვითარებას, განსწავლას, გათვითცნობიერებას, განძლიერებას და განფაქიზებას; პატრონობდა ქვრივ-ობოლთა და გლახაკ-დავრდომილთა, იმედს უნერგავდა გულში და ნუგეშს სცემდა ტვირთმძიმეთა და მაშვრალთ, ამხილებდა და შეაჩვენებდა ძლიერთა ქვეყანისათა, როცა იგინი გარდაუხვევდნენ ჭეშმარიტებისა და სიმართლის გზასა. ამისთვისაც იყო, რომ სანამ ბერმონაზონობა თავის დანიშნულებას ემსახურებოდა და მოვალეობას ასრულებდა, – საქართველოც იზრდებოდა და ჰყვაოდა, ხოლო როცა ბერმონაზონობა დაეცა, – საქართველოც დაქუცმაცდა, დანაწევრდა, დაეცა….
ყოველივე ეს გათვალისწინებული გქონდა, მეუფეო წმინდაო, და ამიტომაც შენი ძალღონე შეალიე ჭეშმარიტის ბერმონაზონობის აღდგენას და განახლებას ჩვენში და ამ განახლებისათვის ზრუნვა შენ ქვათა და აგურთაგან, ჭერთა და კედელთაგან თვით ბერმონაზონობის სულსა და გულზედ გადაიტანე. შენ ჩააგონე და შეაგნებინე ბერმონაზონთ, რომ სულის ცხონება მარტო ლოცვით არ მოიპოვება, რომ სულის საცხონებელად ლოცვასთან ერთად საჭიროა გარჯა-მუშაობა მოყვასთა სასარგებლოდ. ამისთვის, შენ მიერ შეყვარებულის შიოს[1] ბერმონაზონების უშრომლად ცხოვრება შენი უხვის შეწირულობით უზრუნველყოფილია, მაგრამ შენ მაინც შეასწავლე და შეაყვარე მათ მეფუტკრეობა, მევენახეობა და მებოსტნეობა. შენ თითონ გაიჩინე ბოსტან-ვენახი, სადაც მადლით შემოსილთ ხელთა შენთა დღემუდამ უმუშავნია ამ მოხუცებულობის დროსაც კი. შენმა მაგალითმა ისე იმოქმედა ბერმონაზონებზედ, რომ ყოველმა მათგანმა გაიჩინა ბოსტან-ვენახი, რის გამოც ამ უდაბნოს ამშვენებენ და აცოცხლებენ ეპისკოპოზიც, მაქსიმეს, შიოს და ილარიონის ბოსტან-ვენახი. ამ საზოგადო მუშაობამ დაყუდებული საბა ბერიც კი გაიტაცა და მასაც აუღია ხელში წალდი და შესდგომია ტყის გამოწმენდას და ნიადაგის დამზადებას ბოსტან-ვენახის გასაშენებლად…
შეასწავლე და შეაყვარე რა ბერმონაზონთ შრომა-მუშაობა, შენვე მოუპოვე მათ საუკეთესო ნერგი და თესლეულობა იმ პირობით, რომ ახალის მოსავლისაგან თესლეულობა გაევრცელებიათ მეზობლად მდებარე სოფლებში. შენ მიერ დადებულის პირობის ბერმონაზონთაგან შესრულება, როგორც დასაწყისი მონასტრისა სოფლისადმი სამსახურისა, შენ გახარებდა და გახალისებდა, ამის გამო განზრაზული გქონდა დაარსება ახლო მომავალში ყველასათვის მუდამ კარღია წინგთსაცავისა და აფთიაქისა, ხოლო შემდეგ, ბრძანე შენ თვის წინად, იქმნება ქსენონის[2] დაარსებაც მოვახერხოთო, – ბევრი ხალხი იხოცებოდა სოფლებში უწამლოდ და უპატრონოდაო…
ამ რიგად, შენ დააყენე შენი მონასტერი, შენი შიო, წარსულის დროის მონასტერთა სლვის გზაზედ, და თუ შენმა მოადგილეებმა არ გადაუხვიეს შენ მიერ გაკვლეულ-გაკაფულს გზას, ადვილად შესაძლებელია, რომ ჩვენი მონასტრები კვლავ განახლდნენ, განძლიერდნენ და შეიქმნან ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა გზის მაჩვენებლად, პატრონად და მფარველად შენის, ალექსანდრე აღმადგენელო, მეოხებით!..
აი, ამ წარსულის დიდების აღდგენის და განახლების გზაზედ დაყენებისათვის გცემთ მეუფეო, პატივს; ქედსა და მუხლს ვიდრეკთ შენის ცხედარის წინაშე, სასოებით გეამბორებით მადლით შემოსილს შენს მარჯვენას და ვევედრებით იესო მაცხოვარს, რომ მან, სახიერმან, დააწესოს უმანკო და ცხოველი სული შენი საყოფელთა მართალთასა, აღგრაცხოს შენ რჩეულთა თვისთა თანა, ხოლო ჩვენზედ მოიღოს მოწყალება და არ გამოგვილიოს შენისთანა მადლით და ღვაწლით შემოსილნი მამულიშვილნი!…
(სიტყვა წარმოითქვა ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძეს დასაფლავების დღეს შიომღვიმის მონასტერში 1907.XI. 16 )
[1] იგულისხმება შიომღვიმის მონასტერი
[2] სასნეულო სახლი, იგულისხმება მცირე მასშტაბის საავდმყოფო.
კალისტრატე ცინცაძე – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1932-1952 წლებში.
2016 წლის 22 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქი კალისტრატე ცინცაძეს წმინდანად შერაცხეს.
წყარო: ცინცაძე, კალისტრატე: ქადაგებები და სიტყვები. თბილისი 2014. გვ. 124-127.
შოთა კინწურაშვილის ბლოგი
Комментариев нет:
Отправить комментарий