воскресенье, 18 декабря 2016 г.

„სადილი მდიდართათვის“ – სულისშემძვრელი საახალწლო ამბავი 90-იანი წლების თბილისიდან


ინტერნეტში ვრცელდება თამაზ ალავიძის მიერ დაწერილი ამბავი, რომელიც 1997 წლის მიწურულს თბილისში მოხდა და რომელიც გულგრილს ვერც ერთ მკითხველს ვერ დატოვებს. გთავაზობთ გავრცელებულ პოსტს:
„სადილი მდიდართათვის…

ერთხელ, დილით ადრე გამეღვიძა, თუმცა არც მძინებია ნორმალურად, ახალი ნაოპერაციები ვიყავი და თანაც რამდენიმე დღის მშიერი. ძალზე ცუდად ვგრძნობდი თავს და რა მექნა ან რა მეფიქრა არ ვიცოდი. ანგარიშმიუცემლად ჩავრთე ტელევიზორი და მექანიკურად მივაშტერდი ეკრანს, საიდანაც ლამაზად ჩაცმული, ელეგანტური ქალბატონი გვიღიმოდა. მის წინ მდგარ მაგიდაზე ტელეწამყვან, მასპინძელ მამაკაცს სადილის მოსამზადებელი მასალა დაეხვავებინა და მიწვეულ ქალბატონს მისი მომზადების რეცეპტს მოწიწებით ეკითხებოდა.
ქალი ერთობ გახარებული ჩანდა, რადგან თავის თანამემამულეებს საკუთარ „აღმოჩენას“ სთავაზობდა. ის გრაციოზულად იხრებოდა აქეთ-იქით და საგანგებოდ შერჩეულ ხორცის რბილობს ცხვირწინ უტრიალებდა ქვეყანას, რათა სხვებსაც სცოდნოდათ, თუ როგორი ნაჭერი აერჩიათ მისი „საფირმო“ კერძის გასაკეთებლად…
ჩემსა და ტელევიზორს შორის სულ რაღაც სამიოდე მეტრი იქნებოდა, მაგრამ ეს მანძილი არ გვაშორებდა მე და ამ მშვენიერ ქალბატონს. ჩვენ წინაშე აღმართულიყო უხსოვარი დროიდან შექმნილი ზღუდე, რომელიც აშორებს განსხვავებული ფენის ორ ადამიანს – მდიდარსა და ღარიბს.

რას ლაპარაკობდა ბედნიერი ქალი, უკვე აღარ მესმოდა, მაგრამ იმას კი ვგრძნობდი, რომ ძალაგამოცლილი გონება მაიძულებდა, მეფიქრა. მეც რაღა დამრჩენოდა მეტი. უღონოდ მივდე თავი ბალიშზე და ცრემლიანი თვალებით გავუდექი იმ სიბრძნისეულ გზას, რომელსაც სხვაგვარად „ცხოვრების ფილოსოფიასაც“ უწოდებენ. ფიქრის დაწყებისთანავე ვცდილობდი გამომერიცხა სიძულვილი, რომელიც სულს დამიბინძურებდა და ამავე დროს, შეაფერხებდა ჩემი გამოჯანმრთელების პროცესს. ამიტომ უეცრად მივიღე საპირისპირო გადაწყვეტილება და ტელევიზორის ეკრანს უფრო მეტი სერიოზულობით მივაჩერდი. ვუყურებდი ღვთისგან სილამაზით დაჯილდოვებულ ქალბატონს, რომლის თვალებში ბოროტება, ზიზღი და სიცივე ვერაფრით ამოვიკითხე და პირველი, რაც თავში მომივიდა, იყო კითხვა: ნეტავი, მან რომ იცოდეს, მე რომ ვუყურებ, თუ გააგრძელებდა საუბარს? ანდა, მანამდე რომ სცოდნოდა ჩემი არსებობა, თუ მიიღებდა ამ გადაცემაში მონაწილეობას? კითხვას იმწამსვე მოჰყვა პასუხი: მან არ იცის ჩემნაირების არსებობის შესახებ, მას არ შეუძლია დამინახოს მე, რადგან ჩემსავით არ შია, არ სცივა, არ ტირის უპერსპექტივობის გამო და ჩემგან განსხვავებით, შეუძლია ოცნება, ოცნება მომავალზე. მაშინ რაში შეიძლება იყოს დამნაშავე ეს ქალბატონი? იმაში, რომ ის ჩართულია მოდის ფერხულში და ცხოვრობს უდღეური წესით?.. მაგრამ, თუ ის გაეცნობა ქრისტიანულ მოძღვრებას, შეძლებს რეალურად შეაფასოს მოვლენები და როცა „დაბლა“ დაეშვება, სხვა ყველაფერთან ერთად, მეც დამინახავს… ფიქრებში ქალი გავამართლე და ჩემდაუნებურად დავიწყე დამნაშავის ძებნა, რომელსაც ადვილად მივაგენი: ეს იყო „ვიღაც“, ვისაც უგონო თავში აზრი მოუვიდა, ღია ეთერში ნაირნაირი სადილების მომზადების წესები ეჩვენებინა ათასობით ჩემისთანა უპოვარი ადამიანისთვის, ლუკმაპური რომ ენატრებათ, ან უფრო მეტიც, იმ თანამემამულეებისთვის, რომლებიც ამ გადაცემის ეთერში გასვლის დროს ნაგავსაყრელზე სხვათა ნარჩენებით იკვებებიან…
კუჭზე გადაჭრილი, ცრემლიანი თვალებით შევყურებ ეკრანს და ერთადერთი კითხვა მიბურღავს დაბინდულ გონებას: რატომ?..
გადიოდა დღეები… დღეები კი არა, თითოული წუთი და წამიც კი ჯოჯოხეთად ქცეულიყო ჩემთვის. თავს ვიმშვიდებდი და შველას ზეციდან ვითხოვდი. სიძულვილს გულისკარს არ ვუღებდი, მაგრამ მაინც მიღრღნიდა ნერვებს… ჩემი ბალიში, ჩემი განცდების უტყვი მოწმე, დღედაღამ სველი იყო. ცრემლს გამოჰქონდა სულის ტკივილი, რაც ჩემმა სამშობლომ ასე გულუხვად გამოიმეტა ჩემთვის. საშველი კი არსაიდან ჩანდა, თითქოს ყველამ გამიმეტა სასიკვდილოდ… ასე ტანჯვაში მოახლოვდა 31 დეკემბერი. ეზოში, მეზობლებთან მისვლა-მოსვლა არ წყდებოდა. ემოციით დატვირთული ადამიანები ხმამაღლა გამოხატავდნენ სიხარულს, რაც ყოველთვის თან ახლავს შობა-ახალი წლის დადგომას… მე კი ვიწექი გარინდული და შევცქეროდი ჩემს 2 წლის ბიჭუნას, რომელიც ტირილისთვის ემზადებოდა, რადგან შიოდა…
დიახ, ზეიმობდა ქვეყანა, ჩვენ კი ერთი ნაჭერი პურიც არ გვქონდა… შვილს შია… ტირის… მეუღლე ვეღარ უძლებს და მეზობელთან გადის, ალბათ სათხოვნელად, მალე ბრუნდება, ხელში პატარა ლამბაქი უჭირავს, რომელზედაც ორი ნაჭერი პური და რამდენიმე კოვზი შაქრის ფხვნილი ყრია… ჩემი შვილი გაფაციცებით შეჰყურებს თეფშს, აინტერესებს დედამ რა მოუტანა… მერე ის იყო მადიანად შეუდგა შაქარმოყრილი პურის ჭამას, რომ კარზე კაკუნი მოისმა…ხშირად ხდებოდა ასე, ხან კარი ეშლებოდათ, ხან მეზობელს კითხულობდნენ…

ბალიშიდან თავი წამოვწიე და უსიცოცხლოდ გავძახე ვინ გნებავთ- მეთქი.
– ალავიძე აქ ცხოვრობს? – მოისმა უცნობი მამაკაცის ხმა.
-დიახ, მობრძანდით, – შევძახე გაბზარული ხმით… კარი გაიღო და მოულოდნელობისაგან გავშეშდი… ჩემს ბედკრულს სახლში მაღალი რანგის სასულიერო პირი შემოვიდა თანმხლებ კაცთან ერთად… დალოცვა იყო მისი მოსალმება… მერე მომიახლოვდა, თავზე ხელი დამადო და კეთილად და თბილი ხმით მკითხა:
– ჩემო ძმაო და შვილო, ახლახან შევიტყვე შენი ამბავი და ვეღარ გავჩერდი მოუსვლელად… აბა, მითხარი, რა ხდება შენს თავს? და თვალი ჩემს შვილის მიაპყრო, რომელიც ჯერაც შაქრიან პურს შეექცეოდა.
-მ ეც მიყვარდა პავშვობაში შაქრიანი პური! – ღიმილით თქვა მოძღვარს მოყოლილმა კაცმა, რომელიც მისი მძღოლი აღმოჩნდა…
რამდენ ხანსაც არ უნდა ვიცოცხლო, არასოდეს დამავიწყდება მოძღვრის სახის გამომეტყველება, მისი თვალები, როცა მან მძღოლს გახედა… მის თვალებში ირეკლებოდა შეგრძნება ჩვენი ყოფისა, სინანული და ვედრება ერთად, დატუქსვაც და შეწყნარებაც უცბად ნათქვამი სიტყვების გამო. უხერხული სიჩუმე სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა. კაცი გაუხერხულდა და გაჩუმდა, ხოლო მოძღვარი მე მომიბრუნდა:
– ნუ გეშინია, გულს ნუ გაიტეხ, შენ მალე ადგები, მალე გამოჯანმრთელდები… შენ შვილს სჭირდები… ღვთის ნებით, ყველაფერი კარგად იქნება… – მერე ჩემს გიორგის მიუბრუნდა, რომელიც გაფართოებული თვალებით შესცქეროდა მისთვის უჩვეულო სამოსში გამოწყობილ სტუმარს, ალერსით გადაუსვა თავზე ხელი. მოეფერა, მიუალერსა…
ემოციას ვერ მოვერიე, თვალზე მომდგარ ცრემლს ვერაფერი მოვუხერხე, პატარა ბავშვივით ავტირდი;
აღარ მინდა სიცოცხლე, მამაო, სიკვდილი მენატრება… – ამოვიძახე ჩემდაუნებურად და საოცარი გულახდილობით ამოვთქვი სრულიად უცნობ ღვთისმსახურთან ის, რაც ამდენ ხანს სულს მიკაწრავდა:
– ნუთუ ამისთვის მოვედი ამ ქვეყნად, რომ მენახა განვითარებული მსოფლიო და ამ პროგრესის ფონზე ვიღაცისაგან სამადლოდ ნათხოვარ ამ სველ სარდაფში შიმშილით ამომხდომოდა სული?! გული მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება, ჩემს სამშობლოში დანერგილია ცხოვრების ისეთი წესი, რომ საშუალო და ინტელექტუალურ ფენას პირდაპირ უკრძალავს არსებობას, მეტიც, აჩქარებს და ამოკლებს ჩვენი სიცოცხლის დღეებს და ყოველივე ეს ხორციელდება არა ჩუმად და მალულად, არამედ ხორხოცითა და გნიას-ყიჟინით. ტელევიზია გვთავაზობს სადილს, თუმცა ეს სადილი ოჯახში არა გვაქვს, მსჯელობენ ხალხის კეთილდღეობასა და ქველმოქმედებაზე, მაგრამ ჩემნაირები ჯერ არავის არ მოუკითხავს… აი, ნამდვილი სახე ჩვენი ქვეყნისა, რომელიც სამწუხაროდ, შექმნეს ადამიანებმა, გაჭირვება არასდროს რომ არ გამოუცდიათ…
სიტყვა დავამთავრე და ამოვისუნთქე, თითქოს რაღაც ტვირთი მომეხსნა, რადგან ნაწილობრივ მაინც ვთქვი ის, რაც ძალიან, ძალიან მაწუხებდა…
მოძღვარი ყურადღებით მისმენდა, თვალს არ მაშორებდა, რომ დაინახა სათქმელს მოვრჩი, მშვიდად მითხრა:  რაც შენ გაწუხებს, ახალი არ არის… როცა იესო კაცობრიობას მოევლინა, მაშინაც იყვნენ მეფეები, მდიდრები, ავაზაკები, ფარისევლები და შენ წარმოიდგინე, შენისთანა ღარიბებიც. მაგრამ რა შეგვიძლია ვთქვათ, უფალი მხოლოდ ღარიბებისათვის მოვიდა?.. არა, ჩემო შვილო და ძმაო, უფალი ყველა ჩვენგანისათვის მოვიდა. მან ჩვენი დახსნისათვის მიიღო გოლგოთა. მართალია, მის გვერდით ძირითადად ღარიბები იდგნენ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, როგორებიც არიან: მეძავი ქალბატონი, რომელმაც იესოს სიყვარულით მოინანია და მას შემდეგ აღარ შესცოდა; ასისთავი, რომელმაც თავისი შვილის განკურნების გამო აღიარა იგი; მებაჟე, რომელიც შეწყალებას ითხოვდა და განიწმინდა ცოდვებისაგან; ჯვარცმული ავაზაკი, რომელმაც დაინახა და შეიცნო; გავიხსენოთ იოსებ არიმათიელი, როგორ გაიღო თავისი ქონების უმეტესი ნაწილი იმისათვის, რათა გამოეთხოვა პილატესგან ნება ჯვარცმული იესოს გარდამოხსნისათვის და წესის აღსრულებისათვის…
მოძღვრის თვალსა და ყურს არაფერი გამოჰპარვია… შემატყო, რომ ყველაზე მეტად მდიდრების მიმართ ვიყავი არაკეთილად განწყობილი, ამიტომ საუბარი სხვადასხვა საუკუნეში მოღვაწე ქრისტიან ქველმოქმედებზე გადაიტანა, მანამდე კი ჩემს მეუღლეს ფული მისცა და ბოდიშის მოხდით სთხოვა, რომ მისი სახელით ბავშვისთვის საჭმელი და ტკბილეული ამოეტანა, სანამ მაღაზიები დაიკეტებოდა…
ჩვენი საუბარი თითქმის საათს გაგრძელდა… სულის საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი და კიდევ ერთხელ ვიწამე მადლიანი სიტყვის ძალისა… წასვლის წინ მოძღვარმა ექიმის გამოწერილი წამლების რეცეპტები გამოართვა ჩემს მეუღლეს და დაგვიბარა, მალე დავბრუნდებიო…
მოძღვარი გავიდა ჩვენი მიუსაფარი სახლიდან, მაგრამ საოცარი სითბო დაგვიტოვა… მე და ჩემი მეუღლე ჩუმად ვტიროდით… ეს იყო სიხარულის, ბედნიერების, იმედის და სასწაულის ხილვით გამოწვეული გულის მდუღარება… ჩვენი შვილი ვერ მიმხვდარიყო, რა გვატირებდა, გაფართოებული თვალებით მისდგომოდა დაბალ მაგიდას და აღტაცებული ურევდა პარკში ხელებს, სადაც იოლად აღმოეჩინა ლამაზ-ლამაზ ქაღალდებში გახვეული კამფეტები… ძნელია იმ ემოციის გადმოცემა, რასაც იმ წუთებში განვიცდიდით…
საათიც არ იქნებოდა გასული, რომ მოძღვარი დაბრუნდა… წამლები მომიტანა… ყველა წამალი, რომელთა ყიდვაზე ოცნებასაც კი ვერ ვბედავდი… ოთახში ისე ციოდა როგორც გარეთ, ნავთქურის საწვავიც გაგვთავებოდა… აღარ ვიცოდი, მადლობა როგორ გამომეხატა, ასეთ წუთებში სიტყვებიც კი კარგავენ მნიშვნელობას… გამომშვიდობებისას მოძღვრის თვალზე ცრემლი შევნიშნე… კიდევ ერთხელ დაგვლოცა და თან გაიყოლა უსაზღვრო მადლიერებით აღსავსე ორი წყვილი თვალი…
შუაღამე ახლოვდებოდა… ნახევარი საათიღა გვაშორებდა დამდეგ ახალ წელს… მეუღლემ მოძღვრის მორთმეული ტკბილეულით გააწყო პატარა მაგიდა, ტკბილად შევხვდეთო დამდეგს… გვახარებდა ჩვენი შვილის გაბრწყინებული სახის ყურება, რა ცოტა ჰყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის…
მოულოდნელად კარზე კვლავ კაკუნი გაისმა… მეუღლემ კარი გააღო, აღარავის ველოდებოდით და… ჰოი საოცრებავ, კარში სავსე პარკებით „დახუნძლული“ ჩვენი კეთილი მოძღვრის მძღოლი გამოჩნდა… მაგრამ ეს არ იყო ყველაფერი… კარი არ დაკეტოთო, გვთხოვა მძღოლმა და კეთილმა მეკვლემ სურსათ-სანოვაგით სავსე ხელჩანთებით კიდევ სამი-ოთხჯერ შემოაღო ჩვენი სახლის კარი… რა არ გამოეტანებინა მოძღვარს ჩვენთან: აუარებელი საჭმელ-სასმელი, ერთ თვეს რომ გვეყოფოდა, ტკბილეული… ელექტროღუმელი, პატარა გაზქურა და ნავთიც კი… და მრავალი მრავალი კიდევ სხვა რამ… ოთახი გაივსო ბარაქით… თვალებს არ ვუჯერებდი, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მაინც მოძღვრის ჩემდამი გამოგზავნილი ბარათი აღმოჩნდა:
„- შვილო თამაზ, – მწერდა მოძღვარი, – ეს ყველაფერი იმ მდიდარმა ადამიანებმა გამოგიგზავნეს, რომლებზეც შენ ცოტა გაბრაზებული იყავი. ამავე დროს მითხრეს რომ მოგხედავენ, ფეხზე დაგაყენებენ… იცოდე, რომ შენ მათ უყვარხარ…უყვარხარ ღმერთსაც და ის შენ არასოდეს არ მიგატოვებს… თავს გაუფრთხილდი… უფალს ებარებოდე…“
გარეთ სროლის ხმა გაისმა… ახალი წელი შემობრძანდა. ყველას უხაროდა, უხაროდა ჩემს ოჯახსაც, მაგრამ მე მრცხვენოდა, მრცხვენოდა საკუთარი თავისა იმ საყვედურისათვის მოძღვართან საუბარში რომ წამომცდა, რადგან უკვე ცხადად ვხედავდი ადამიანების შორის აღდგენილ ხიდს, რომელიც სასულიერო პირის მხრებზე გადიოდა…
ბოლოთქმა: ოთხი თვის შემდეგ, როცა ფეხზე დავდექი, ჩემს გადამრჩენელ მოძღვარს ვეწვიე მისსავე საცხოვრებელ სახლში და გავოცდი… კაცი, რომელმაც ლამის მეფურად შემინახა ამდენი ხნის განმავლობაში უღარიბესი მოძღვარი აღმოჩნდა.
ეს ამბავი მოხდა 1997-1998 წლის მიჯნაზე.
პ.ს. მკითხველს ვაცნობებ, რომ ჩემი გადამრჩენელი სასულიერო პირი უსათნოესი მეუფე, ფშავ ხევსურეთის მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი) ბრძანდება.
ის ყველაზე სათნო და თავმდაბალი ადამიანია მათ შორის, ვისაც მე ცხოვრებაში შევხვედრილვარ. ღმერთმა დიდხანს უცოცხლოს მისი თავი სრულიად საქართველოს… თამაზ ალავიძე“.


fortuna.ge



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий