суббота, 26 июля 2014 г.

უკრაინელი გოგოს წერილი ბოინგ 777–ში დაღუპული არასრულწლოვნის მამას




უკრაინელი ალექსანდრა კოვალევას წერილი ჰანს დე ბორსტს, ბოინგ 777–ში დაღუპული არასრულწლოვნი გოგოს მამას, რომელმაც ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა დააკისრა პუტინს, სეპარატისტების ლიდერებს და უკრაინის მთავრობას.
 „ძვირფასო ჰანს დე ბორსტ,
ალბათ, ამ წერილს არასოდეს წაიკითხავთ. თუმცა, შესაძლოა, ასეც სჯობდეს.
ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენი ქალიშვილი დაიღუპა ბოინგ 777–ში, რომელიც ჩემი ქვეყნის თავზე ჩამოაგდეს. რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინა არ ყოფილა ომებში და არც ტერორისტულ თავდასხმებში ჩართული. სწორედ ამიტომ ყველას სიკვდილი დიდი შოკი იყო ჩვენთვის. სწორედ ამიტომ იკრიბებიან ახლა უკრაინელები ჰოლანდიის საელჩოსთან კიევში, სადაც ყვავილების მთები აღმართეს, მიაქვთ სანთლები და სათამაშოები დაღუპული ბავშვებისთვის. მათ შორის, თქვენი ქალიშვილისთვის. ვიცი, გგონიათ, ჩვენ არ გვესმის და ვერ ვიზიარებთ, რას გრძნობთ ახლა თქვენ და მართალიც ხართ. თუმცა, ჩვენს გრძნობებში ჩვენ სამართლიანები ვართ.
მე ალექსანდრა მქვია და უკრაინაში ვცხოვრობ. როცა ღამით ქარიშხალი იწყება (ხდება ხოლმე – ცივი ზაფხულია), ცივ ოფლში ვიღვიძებ იმიტომ, რომ მგონია ჩემს ქალაქს ბომბავენ.

თქვით, რომ თქვენი ერთადერთი ქალიშვილი 17 წლის იყო და არქიტექტორობას აპირებდა. ნება მომეცით, სერგეი ნიგოიანი გაგაცნოთ.

                      


ის 21 წლის იყო – ასევე თავისი ოჯახის ერთადერთი ვაჟი. სერგეი 2014 წლის 22 იანვარს დაიღუპა კიევში. ის ჩვენი ყოფილი დიქტატორის ვიქტორ იანუკოვიჩის პოლიციის პირველი მსხვერპლი იყო. ამის შემდეგ იანუკოვიჩის პოლიციამ კიდევ 100 ადამიანი მოკლა – მათ ესროდნენ, ბომბავდნენ, წვავდნენ.
ბევრი მათგანი იყვნენ ერთადერთი ვაჟები და ქალიშვილები, დედები და მამები. ამ ადამიანების გვამები კიევში ჩემს ქუჩაზე, ჩემი სახლის წინ ეკლესიაში იყო დასვენებული. პირველი რამდენიმე სიკვდილის შემდეგ, როგორც იქნა, ევროკავშირის მთავრობებმა დაიწყეს ერთი ადგილის განძრევა. სულ მცირე, ოდნავ მაინც. როდესაც ჩვენ, უკრაინელები, სამართალს ვითხოვდით, თქვენი ევროპელი პოლიტიკოსები მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ მკვლელ იანუკოვიჩთან. სწორედ მაშინ, როდესაც მოკლულებს ვმარხავდით, ევროკავშირის პოლიტიკოსებმა აიძულეს უკრაინის ოპოზიციას (რომელიც ახლა უკრაინის მთავრობას წარმოადგენს და, რომელსაც მიმართავთ თქვენ წერილში), მოეწერათ ხელი სამარცხვინო სამშვიდობო შეთანხმებისთვის და დაეტოვებინა მკვლელი პრეზიდენტი კიდევ ერთი წლით. რატომ? იმიტომ, რომ თქვენი მთავრობებისთვის უკრაინელების სიცოცხლეს ფასი არ ქონდა.
იცით, როგორი გრძნობაა, როდესაც მეზობელი ქვეყანა შენს ქვეყანას ამცირებს და გავლენის ზონის ქვეშ განიხილავს და  სურს ხალხის „პრობლემას მიხედოს“ და ისინი ახალ იმპერიულ მატრიცაში მოაქციოს? რა თქმა უნდა, არ იცით, ეს რას ნიშნავს. ალბათ, იმასაც თვლით, რომ უკრაინა, როგორღაც, რუსეთის ვასალია. თქვენმა წინაპრებმა ნამდვილად იცოდნენ ეს რას ნიშნავს.
მათ იცოდნენ ეს შუა საუკუნეებში, როდესაც თქვენი ქვეყანა იბრძოლდა ესპანეთისგან დამოუკიდებლობისთვის. ეს ყველაფერი იმდენად დიდი ხნის წინ ხდებოდა, ახლა გიჭირთ იმის წარმოდგენა, რა ხდება უკრაინასა და რუსეთს შორის. არც უნდა წარმოიდგინოთ. ეს თქვენი საქმე არაა. ეს პოლიტიკოსებმა უნდა მოაგვარონ. ჩვენც ასე გვეგონა.
როდესაც პუტინმა უკრაინის ტერიტორიის – ყირიმის ნახევარკუნძულის – ანექსია მოახდინა, გვეგონა, დასავლური მთავრობები თავის დაპირებას შეასრულებდნენ. ამერიკის შეერთებულ შტატებს, გაერთიანებულ სამეფოს და საფრანგეთს უნდა მიეხედათ ამისთვის, რადგან ბუდაპეშტის მომორანდუმს მოაწერეს წელი 1994 წელს, რითაც თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, რომ დაეხმარებოდნენ უკრაინას და გარანტი იქნებოდნენ, თუ მის ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას საფრთხე დაემუქრებოდა. მემორანდუმის ხელმოწერით უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე, რადგან ხელმომწერები მისი სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების გარანტორები გახდნენ.
შესაძლოა, დასავლეთს ამის ხელმოწერა რომ არ დაეძალებინა უკრაინისთვის, ჩვენ დღეს კვლავ გვქონოდა ბირთვული იარაღი და რუსეთი ვერ გაბედავდა იმას, რაც ჩაიდინა და არაფერო დაემართებოდა თქვენს ქალიშვილს და ჩემს მეგობრებს.
სამწუხაროდ, უკრაინა პატიოსნად მოიქცა და მემორანდუმის პირობები შეასრულა, განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან და აშშ–სგან, რომლებმაც, უბრალოდ, დაარღვიეს შეთანხმება. ერთადერთი, რაც მათ გააკეთეს თავის მოსაჩვენებლად, რომ რაღაცას აკეთებდნენ, ცარიელი სიტყვები იყო. საერთაშორისო დოკუმენტებზე ხელმოწერა არაფერს ნიშნავს მათთვის, თუ არ აწყობთ ასე.
მეტიც, საფრანგეთმა, რომელმაც უკრაინას ინდივიდუალური გარანტიები მისცა ბუდაპეშტში 1994 წელს, არა მხოლოდ დაარღვია ის, ასევე უარი არ თქვა რუსეთისთვის მისტრალების მიყიდვაზე. ამგვარად საფრანგეთი, ბატონი ოლანდის მეთაურობით, ცინიკურად ეხმარება შეიარაღებაში აგრესორს. რატომ? იმიტომ, რომ მომგებიანია ისევე, როგორც ევროპისთვის იყო მომგებიანი ჰიტლერთან თანამშრომლობა 30–იან წლებში და მიართვეს პოლონეთი, ჩეხეთი, აპატიეს ავსტრია. ეს იოლი იყო, სინდისს არ შეუწუხებია. იმედი მაქვს, საკამრისად ჭკვიანი ხართ და არ ელოდებით სამართლიანობას ამ ხალხისგან.
როდესაც პუტინმა ტერორისტების გამოგზავნა დაიწყო ჩემი ქვეყნის აღმოსავლეთში და მათი მძიმე შეიარაღებით მომარაგება, ევროკავშირმა არაფერი გააკეთა მის შესაჩერებლად. ისინი მოუწოდებნენ ჩვენს მთავრობას სამშვიდობო  მოლაპარაკებები გაემართა რუს ტერორისტებთან, რომლებიც ხალხს სიკვდილამდე აწამებდნენ და ცოცხლად ჭრიდნენ მუცელს. ევროკავშირმა იმის საჩვენებლად, რომ რაღაც გააკეთეს, რაც შეიძლებოდა სუსტი სანქციები დაუწესეს რუსეთს, რამაც არაფერი შეცვალა.
ახლა, როდესაც რუსული არმია ბომბავს უკრაინას რუსეთის ტერიტორიიდან, ქალბატონი მერკელი ფეხბურთის მატჩს უყურებს პუტინის გვერდით მჯდომი და ხელს ართმევს მას. არ იცით, რომ რუსეთი ღიად ბომბავს უკრაინას? რა საკვირველია, არა. თქვენი მედია ამაზე სინამდვილეში არ ლაპარაკობს, რომ არ იფიქროთ, ევროკავშირიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში ნამდვილი ომია გაჩაღებული და ასობით ერთადერთ ქალიშვილს და ვაჟს უკლავენ უკრაინელ მშობლებს რუსეთის დაფინანსებული ტერორისტები, რომელთაც რუსული არმია ეხმარება. გუშინ მათ ორი ბავშვი ააფეთქეს – 15 და 16 წლის.
თქვენი მედიები ამაზე არ ლაპარაკობენ. რატომ უნდა იღელვოთ ევროპელებმა, რომ ქვეყანა, რომელიც გაზს და ნავთობს გაწვდით, უკრაინელ ბავშვებს აფეთქებს? უკრაინელი ბავშვებისგან რა სარგებელია, გაზი და ნავთობი კი მომგებიანია.
როცა მანქანას ქოქავთ, თქვენ იყენებთ რუსული ნავთობისგან დამზადებულ საწვავს, როდესაც სადილს ამზადებთ, იყენებთ რუსულ გაზს. ამ კონტრაქტებმა რუსეთთან, რომლებიც ბუდაპეშტის მემორანდუმზე მომგებიანია, განაპირობა ევროპელი პოლიტიკოსების მიერ უკრაინისთვის ზურგის შექცევა, პირობების გატეხვა და საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევა და თვეების განმავლობაში თავის მოჩვენება, რომ არაფერი ხდება.
მე არ ვამბობ, რომ უკრაინის მთავრობასაც არ უნდა დააბრალოთ თქვენი ქალიშვილის სიკვდილი. 2014 წლის თებერვალში, მათ, ვინც მალე მთავრობაში მოვიდნენ, ევროკავშირის ზეწოლის ქვეშ მოაწერეს ხელი სამარცხვინო შეთანხმებას იანუკოვიჩთან, რომელიც ტოვებდა მას პრეზიდენტად კიდევ ერთი წლით.  ეს ასე ჩვენი ხალხის ძალისხმევის გამო არ მოხდა, არ მივეცით ამის საშუალება არც მთავრობას და არც თქვენს სუსტ და მატყუარა  ევროკავშირის პოლიტიკოსებს.
იმის თქმა მინდა, რომ სანამ ხელს გაიშვერთ და მიუთითებთ დამნაშავეებისკენ, გააფართოვეთ თქვენი ქალიშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლების სია და შეიყვანეთ ევროკავშირის მთავრობები.
საბოლოოდ, სწორედ მათ ჰქონდათ თვეების განმავლობაში ფარული მოლაპარაკებები პუტინთან და ისინი არ უსმენდნენ უკრაინელ პოლიტიკოსებს, როცა გაჰყვიროდნენ მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ რუსეთი ომს იწყებდა. სწორედ მათ აიძულეს, პუტინის ლობისტების ძალისხმევით, უკრაინის მთავრობას პრო–რუს ტერორისტებთან მოლაპარაკებების დაწყება, იმ ტერორისტებთან, რომლებმაც ჩამოაგდეს ბოინგი 777 და თქვენი ქალიშვილი – თქვენი ლამაზი, ნიჭიერი, ახალგაზრდა და ბედნიერი ქალიშვილი.
ელოდებით სამართალს? გგონიათ, თქვენს მთავრობას შეუძლია ამის მიღწევა? იმავე პოლიტიკოსებს, ვინც პუტინს ხელს ართმევენ? მე ძალიან მეეჭვება.
მე არ მაქვს კავშირი უკრაინის მთავრობასთან, პოლიტიკოსებთან და ბიზნესთან. მე ვერ წარმოვიდგენ თქვენი დანაკარგის სიმძიმეს. სავარაუდოდ, არც გაღელვებთ, რას ვამბობ.
მე უბრალო უკრაინელი გოგო ვარ, რომელიც ღამით, ქარიშხლის დროს, იღვიძებს და ფიქრობს, რომ მის ქალაქს ბომბავენ.
კიდევ ერთხელ, ძალიან ვწუხვარ.“

წყარო
Please Share it! :)

2 комментария: