გთავაზობთ ამონარიდებს პარიზის წმ. სერგის სახელობის მართლმადიდებელი საღვთისმეტყველო ინსტიტუუტის პროფესორის, XIX-XX საუკუნის ერთერთი ყველაზე ცნობილი ღვთისმეტყველისა და ეკლესიის ისტორიკოსის ანტონ კარტაშოვის წიგნიდან „На путях к Вселенскому собору“ , რომელიც 1932 წელს დაიბეჭდა პარიზში. ავტორის მიერ თითქმის საუკუნის წინ დანახული პრობლემები დღემდე აქტუალურია არა მხოლოდ მის მიერ მაგალითად მოხმობილ საუკუნის წინანდელ რუსულ მორწმუნე საზოგადოებაში, არამედ დღევანდელ ქართულ საზოგადოებაშიც კი.
მსოფლიო კრება – რუსულ მორწმუნე საზოგადოებაში ეს სიხარულს კი არა შიშს იწვევს, იმდენად გადაეჩვივნენ ფიქრს მის შესაძლებლობაზე. ათასწლოვანმა კრებსითმა ლეთარგიამ ხალხი მიაჩვია იფიქროს მსოფლიო კრებაზე, როგორც რაღაც განუმეორებელზე, როგორიცაა მაგალითად სულთმოფენობის ან მოციქულთა ეპისტოლარული მემკვიდრეობის განუმეორებლობა. ამაში იფარება რუსებისათვის სახასიათო ფიქოლოგია რწმენის მარადიული, მორჩლი მოწაფეობისა. რუსები რწმენას მხოლოდ იცავდნენ და არ ქმნიდნენ. უკიდურეს შემთხვევაში ასეთი იყო რწმენის გააზრება. განსხვავებული იყო და რჩება აზროვნება ჩვენი მასწავლებლების – ბერძნებისა, მიუხედავად ეპოქალურად მათი უკიდურესი ნაციონალიზმისა და კულტურული რეგრესისა. ბერძნები აცნობიერებენ, რომ მოციქულები ქადაგებდნენ და წერდნენ მათ ენაზე, მათი წინაპრების მამულებში. წმინდა მამები, შემოქმედნი ღვთისმეტყველებისა, კრებებისა და მთელი კულტისა იყვნენ მათი წინაპარნი, სისხლნი და ხორცნი და მათი შთამომავლობა ამავე უფლებებისა და პასუხისმგებლობების მატარებელია ეკლესიაში. ეს არის ცნობიერება სარას თავისუფალი შვილებისა და არა აგარისა. ისინი ეკლესიის სახლის პატრონნი არიან და არა სახლეულის წევრნი ან დაქირავებული მცველნი. თუ სახლში რამეა განსაახლებელი, ისინი მიისწრაფვიან ამისკენ, უფლებებზე დაუფიქრებლად, პატრონობის სრული თვითშეგნებით და რა თქმა უნდა „არ გადახვიდე მამათა მიერ დადგენილ საზღვრებს“ – პრინციპით. მათი „მინდობილობის ოქროს სიგელი“ – წმინდა მამათა ღვთისმეტყველებისა და კანონიკის მემკვიდრეობა – მართალია დროებით მტვრითა და ობობის ქსელით დაიფარა, მაგრამ ბერძენთაგან შეიგრძნობა როგორც მათი, საკუთარი მემკვიდრეობა, მოცემული ცოცხალი გამოყენებისა და სარგებლობისათვის. როგორც ტალანტი, არა დასამარხად, არამედ გასამრავლებლად. ამიტომ სულაც არაა შემთხვევითი, რომ ამჟამად სწორედ ბერძენთაგან მომდინარეობს მსოფლიო კრების მოწვევისაკენ კეთილი სწრაფვა. ამ მისწრაფების საუკუნოვანი არარსებობა აწევს ტვირთად რუსულ საღვთსმეტყველო აზრს, რომელიც მას აფერხებს. გაუაზრებელი ღვთისმოსაობისა და კულტმსახურების შეუდარებელი სილამაზის შექმნის მცდელობისას რუსები უკვე დაბრკოლდენენ, როდესაც სცადეს ღვთისმეტყველება და დაბადეს მეძველწესეთა განხეთქილება და არ არის გამორიცხული ის კვლავ განმეორდეს, საეკლესიო ფორმების გარდაუვალი ცვალებადობის პირობებში. ეს ერთგვარი საღვთისმეტყველო „აგნოსტიცზმი“ არის ყველაზე სუსტი წერტილი დროის შეუქცევადი მოთხოვნების წინაშე…
ეკლესია კრებსითია თავისი ცხოვრების ყველა ასპექტში – ბრძოლაში, ტანჯვაში, მიღწევაში, სიწმინდეში და დიდებაში… ღვთისმეტყველთა და ცოცხალ ქრისტიანთათვის გამოუსწორებელი იქნებოდა უკვე არსებული კრებების ისტორიულ ფორმებს მკვდარი, არქეოლოგიური მნიშვნელობით ამოეწურათ კრებისითობის ამოუწურავი სიღრმე და ეკლესიის ტალანტი. ეკლესიის კრებსითობა არა მხოლოდ მისტიური მოცემულობაა ქრისტესა და სულიწმიდაში, არამედ ისტორიული გამოცდილებაც, აპრობირებული ეკლეესიის ყველა თაობაში, მუდმივი განხორციელების საგანი. ისევე როგორც ეკლესიის მეორე მისტიური მოცემულობა – სიწმინდე. სიწმინდე ეკლესიაში მოცემულია ქრისტესა და წმინდა სულში, ეკლესიის წევრთა ცოდვილობისაგან დამოუკიდებლად, მაგრამ ობიექტურად მოცემული სიწმინდე ავალდებულებს ეკლესიის წევრებს ამ იდეალის გამუდმებულ აღზევებაში, ყველა შესაძლო შემთხვევასა და ყველა შესაძლო დონეზე. როგორც ეკლესიის სიწმინდე, ისევე მისი კრებსითობაც არა მხოლოდ სტატიკური, არამედ დინამიურიცაა. დაუშვებელია ეკლესიის კრებსითი შემოქმედების ჩარჩოებში მოქცევა… მხოლოდ წარსულის მაგალითებსა და ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით არ ამოიწურება ეკლესიის კრებსითი მოწოდება. დაუშვებელია კრების მუშაობის გზები, აწმყოსა და მომავალში გადაიქცეს მექანიკურ ბუღალტერიად, ანტიკური ციტატების, როგორც მკვდარი ძვლების ჩხარუნად. ეკლესია ისე არ დაჩაჩანაკებულა და გახევებულა, რომ მისი კრებების თემები და ფორმები ერთხელ და სამუდამოდ კრისტალიზირებულიყოს და მხოლოდ მექანიკურ წრებრუნვად ქცეულიყოს.
Комментариев нет:
Отправить комментарий