– თქვენ აქამდე ითვლებით რუსეთის მთავარ ლიტერატურულ მოვლენად უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. თქვენ ხართ არათუ 1990-იანების, არამედ 80-იანების საბჭოთა არაცენზურირებადი ხელოვნების პროდუქტიც კი. გამოდის, რომ მას შემდეგ რუსულ ლიტერატურაში პრინციპიალურად ახალი არაფერი გამოჩენილა. აქ რაღაც ისე არ უნდა იყოს.
იმავე კითხვით მივმართე ჩემ ძველ მეგობარს, გერმანელ სლავისტს იგორ სმირნოვს, ის კი მკაცრი პროფესიონალია. მან ლაკონურად მიპასუხა: ,,არ შემიძლია პოსტსაბჭოთა პროზის კითხვა. ის არ არის ორიგინალური“. არ შემიძლია მას არ დავეთანხმო, რადგან პოსტსაბჭოთა პროზა თითქოს აწყობილია წარსული მიღწევების ფრაგმენტებიდან. პრობლემაა. მეც, გადავშლი ხოლმე ახალ რომანს, ვკითხულობ 5 გვერდს და ვხურავ. არაფრით არ მაკვირვებს. თითქოს გამოდის, რომ არ არიან ავტორები? მაგრამ ადამიანები ხომ წერენ, მათ გამოსცემენ, კითხულობენ. იმავე კითხვით მივმართე საშა ივანოვს, ლეგენდარულ გამომცემელს, რომელსაც ხელი მუდამ ლიტერატურულ პულსზე უდევს: სად არიან ახალი ლიტერატურული ვარსკვლავები? ის ამბობს: ,,იცი, ვლადიმერ, აქ საქმე არა ვარსკვლავებში, არამედ… თვით ცაშია“. ის სრულიად მართალია. თავად ლიტერატურისგან უკვე არ ელოდებიან ეგზისტენციალურ აღმოჩენებს, შოკს. მისგან ელოდებიან ან კომფორტს, ან ეიფორიულ ბურანს. რაც, ზოგადად, ერთი და იგივეა.
– რაოდენ აბსურდულადაც არ უნდა ჟღერდეს თქვენი პროზის მიმართ, ადრე თქვენ ადამიანი მაინც უფრო გაინტერესებდათ. ყველაფერი ინდივიდუმის გარშემო ტრიალებდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ამაზრზენი, საშინელი იყო. თქენ ცდილობდით გემუშავათ მასთან. შემდეგ კი თითქოს მიატოვეთ ადამიანი. მე ვიტყოდი, თქვენ ინდივიდუმში იმედგაცრუებული დარჩით.
დიახ, მე ვიტყოდი, რომ იმედი უფრო პოსტსაბჭოთა ადამიანზე გამიცრუვდა, ვიდრე საბჭოთაზე. რადგან საბჭოთა ადმიანში იყო გარკვეული იმედი – რომ ის ადრე თუ გვიან შეძლებს გადალახოს საკუთარ თავში, აი, ის ,,საბჭოური, მეტისმეტად საბჭოური“, რომ ეს წყობასთან ერთად დასრულდება. დღეს უკვე გასაგები გახდა, რომ XX საუკუნეში ისეთი მუტაციები მოხდა, რომელთაც თან ახლდა მასობრივი ტერორი, რომ, ფაქტობრივად, ამ საშინელი სელექციის გენეტიკურ მსხვერპლს – პოსტსაბჭოთა ადამიანს არათუ არ უნდა საკუთარი თავიდან გამოიჭყლიტოს ეს საბჭოური ჩირქი, არამედ, პირიქით, მას როგორც ახალ სისხლს, ისე აღიქვამს. მაგრამ ასეთი სისხლით ის ზომბი ხდება. მას არ გააჩნია უნარი შექმნას საკუთარი თავის გარშემო ნორმალური სოციუმი. ის ქმნის აბსურდის თეატრს.
– მოდით ვისაუბროთ იმაზე, რაც ამ ბორეტებას შეიძლება წინ აღუდგეს. გაირკვა, რომ ჩვენ სრულიად მოკლებულნი ვართ მშვიდობიან ეთიკას, არ გვაქვს მშვიდობიანი თანაარსებობის კონცეფცია.
საბჭოური მეგობრობა – ეს იყო გრანდიოზული თავის მოტყუება, რომელსაც ხელისუფლება ახალისებდა. ჩვენში მეგობრობა მუდამ იძულებითი, ხელოვნური იყო. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დღესაც ერთ-ერთ ყველაზე ატომიზირებულ, დაშორიშორებულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. იცი, რაც უფრო ვშორდები დროში საბჭოთა პერიოდს, მით უფრო მახინჯად და საზიზღრად მეჩვენება ის. ეს მართლაც ,,ბოროტების იმპერია“ იყო.
საბჭოთა წარსული არ იქნა დასაფლავებული დანიშნულ დროს, ე.ი. 1990-იან წლებში. ის არ დაასამარეს, და ის აღსდგა ასეთი მუტირებული და, იმავდროულად, ნახევრადგახრწნილი სახით. და ჩვენ ამჟამად ამ ურჩხულთან ერთად უნდა ვიცხოვროთ. ის მეტად მოხერხებულად გააღვიძეს მათ, ვინც კარგად იცოდა მისი ფიზიოლოგია, ნერვული ცენტრები. ამ ცენტრებში საჭირო ნემსები ჩაარჭვეს. აი, ასეთი სამამულო ,,ვუდუ“. ვშიშობ, ამ ექსპერიმენტის შედეგები კატასტროფული იქნება…
Комментариев нет:
Отправить комментарий