вторник, 14 июля 2015 г.

იღუმენი დიონისე: ნუ მოვთხოვთ ბავშვებს, მსახურებაზე ჯარისკაცებივით იდგნენ


ავტორი: თეო გიგაური
იღუმენი დიონისე გვიმრაძე: „იმისათვის, რომ ჩვენი რწმენა არ შეიბღალოს, არ დაკნინდეს და განვითარდეს, აუცილებელი პირობა არის თავისუფალი ნებით ღმერთის ძიება. ყოვლად გამორიცხულია რამე სახის იძულება. ნახეთ, თვითონ ქრისტე გვეუბნება: რომელსაც სურს მე შემომიდგესო, აიღოს ჯვარი თვისიო. ანუ ვისაც სურს, მე შემომიდგესო… მაგრამ ჩვენ ისტორიულად ვხედავთ გაცილებით სხვა სურათს და ეს გარკვეულწილად დღესაც გრძელდება; არა ისეთი სახით, მაგრამ მაინც. ჩვენ ვხედავთ, რომ ხშირად ქრისტიანი მეფეები ძალადობით ცდილობდნენ ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებას. ქრისტიანობაზე ვთქვით, თორემ, რა თქმა უნდა, ბევრი სხვა რელიგიაც. აი, დღესაც გვაქვს მსგავსი პრობლემა თუნდაც მშობლების მხრიდან შვილებთან ძალადობაზე, როდესაც მცირეწლოვანი ბავშვები ძალით დაჰყავთ და ჯარისკაცებივით აიძულებენ სამი საათი იდგნენ ლოცვაზე. ეს არის ფაქტობრივად ძალადობა ამ ადამიანების სულზე. ძალადობა აუცილებლად გამოიღებს უკუშედეგს იმიტომ, რომ ის, რაც მე ღმერთმა მომანიჭა, იმას ვერავინ ვერ წამართმევს და არავინ არ უნდა ეცადოს, რომ წამართვას…
არავის არ აქვს იმის უფლება, რომ მე ჩემს არჩევანში შემზღუდოს და თუკი ვინმე ამ არჩევანში ჩაერევა და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებას მაიძულებს, მე ბუნებრივია მის მიმართ წინააღმდეგობის სურვილი და საბოლოოდ, რა თქმა უნდა, სიძულვილი გამიჩნდება. ამიტომაც, ხშრად ხდება, ბავშვები ტაძარში დადიან, ყოველ კვირა აზიარებენ. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ არ უნდა ატარონ, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ ბავშვს არ შეუძლია და შენ აშინებ – უნდა იდგე ტაძარში, არ გახვიდე, არ გაიარო, არ გამოიარო, ეუბნები პატარა ბავშვს… აი, ამაზეა საუბარი. თორემ რასაკვირველია მოძღვრები გვირჩევენ კიდეც, რომ ბავშვები უნდა ვატაროთ… მაგრამ ნუ მოვთხოვთ მათ, რომ მსახურებაზე მართლაც ჯარისკაცებივით იდგნენ. შემოვიყვანოთ, ვთქვათ, ზიარების დროს; თუ შევატყობთ, რომ დაიღალა, საშუალება მივცეთ, გავიდეს ვთქვათ ეზოში და ა.შ.
თუკი გვინდა, რომ ჩვენ ჭეშმარიტი და ცოცხალი რწმენა გვქონდეს, არავისზე არ უნდა მოვახდინოთ ძალადობა. ხშირად არის ხოლმე, ჩვენ რომ ეკლესიის წიაღში ვართ, გვსურს, სხვასაც დავანახოთ ეს ჭეშმარიტება, მაგრამ ისე მოვაბეზრებთ ხოლმე თავს, ჩვენს დანახვაზე გაქცევა უნდება ადამიანს. არ შეიძლება. ეს უკვე ძალადობაა. ადამიანს უნდა მივცეთ საშუალება, თვითონ აირჩიოს, თვითონ გადაწყვიტოს, თუ როდის იქნება მზად მოვიდეს და დადგეს იქ, სადაც მე ვდგავარ“.
იღუმენი დიონისე გვიმრაძე, დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი. თემაზე – ნებისმიერი სახის: სულიერ-ფსიქოლოგიურ-ფიზიკური ძალადობის დაუშვებლობა ბავშვის მრწამსის ჩამოყალიბებაში, – 13 ივლისი, 2015 წელი.





წყარო


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий