ავტორი: თეო გიგაური
სექსზე ფიქრი შესაძლოა ადამიანში რელიგიური რწმენის დასუსტებას იწვევდეს, ხოლო სიყვარულზე ფიქრი კი, პირიქით – ამ რწმენას აძლიერებდეს. ამ მოსაზრებას სკოტ მაკგრეალი, ფსიქოლოგი და მკვლევარი, 2009 წელს ჩატარებულ სამეცნიერო კვლევაზე (Förster, Epstude, & Özelsel, 2009) დაყრდნობით გვთავაზობს.
ნახსენები კვლევა ეფუძნებოდა თეორიას, რომლის მიხედვითაც ადამიანთა მიერ ინფორმაციის დამუშავების 2 მთავარი გზა არსებობს: ანალიტიკური (ლოგიკური) აზროვნება და შემოქმედებითი აზროვნება – დიდი სურათის ფართო მახასიათებლებით ხედვა და კონკრეტულ, სპეციფიკურ დეტალებზე კონცენტრირება. გლობალური, აბსტრაქტული ინფორმაციული დამუშავებით შესაძლოა მეტად შორეული და შერეული ასოციაციები წარმოიქმნას, რაც შემოქმედებითობისთვის ხელსაყრელია, მაშინ როდესაც ვიწროდ ფოკუსირებული აზროვნება ანალიტიკური აზროვნების რელევანტურია.
გარდა ამისა, კვლევა გვთავაზობს მოსაზრებას, რომ გრძელვადიანი სამომავლო აზროვნება მიმართულია გლობალური ინფორმაციული დამუშავების მეთოდზე, რამდენადაც ადამიანებმა ცოტა რამ იციან მომავლის შესახებ და ამის შესახებ აბსტრაქტულად ფიქრი ახასიათებთ. მეორე მხრივ, აწმყო დროზე ფიქრისას მონაცემთა დამუშავების ლოკალურ და დეტალებზე ორიენტირებული მეთოდია დამახასიათებელი, რამდენადაც ადამიანები აწმყოზე უფრო კონკრეტულად ფიქრობენ.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ რომანტიკულ სიყვარულზე ფიქრისას მონაცემთა დამუშავების გლობალური სტილი მუშაობს, რადგანაც სიყვარული ჩვეულებრივ ხანგრძლივ სურვილს მოიცავს („სამუდამოდ ერთადყოფნა“), მაშინ როცა სექსუალური სურვილები როგორც წესი მეტად კონკრეტლი და სპეციფიკურია და ზოგადად ფოკუსირებულია დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე, ვიდრე გრძელვადიან გეგმაზე.
კვლევის ავტორებმა ეს თეორია ორ ექსპერიმენტში გატესტეს. ორივე მათგანში, მონაწილეები წინასწარ სიყვარულის, სექსისა და ნეიტრალურ თემებზე დაამუშავეს. პირველ ექსპერიმენტში მონაწილეებს სთხოვეს წარმოედგინათ, როგორ სეირნობდნენ მათთვის საყვარელ ადამიანთან ერთად და ამავდროულად ეფიქრათ იმის შესახებ, თუ რაოდენ ძლიერ უყვარდათ ის. ან წარმოედგინათ შემთხვევითი სექსი მასთან, ვინც მოეწონათ, მაგრამ არ უყვართ. მესამე, საკონტროლო ჯგუფს კი სთხოვეს წარმოედგინათ მარტოდ სეირნობა.
მეორე ექსპერიმენტში გამოყენებული იყო ქვეცნობიერზე ზემოქმედი სიტყვები, რომელიც ასევე დაკავშირებული იყო სიყვარულთან, სექსთან ან ნეიტრალურ თემასთან და ამ შემთხვევაშიც, თითოეული ჯგუფი კონკრეტულ თემაზე დამუშავდა. ორივე ექსპერიმენტში, მონაწილეები ასევე შემოწმდნენ როგორც კრეატიულ, ისე ანალიტიკურ აზროვნებაზე. მაგალითისთვის, ერთ-ერთი შემოქმედებითი ამოცანა მოიცავდა ისეთ პრობლემათა სერიების გადაწყვეტას, სადაც გადაწყვეტილება აშკარა არაა და სადაც პასუხი, როგორც წესი, მთლიანად ადამიანსა და მის „შორსმჭვრეტელობაზეა“ დამოკიდებული. ანალიტიკური საკითხი ლოგიკური მსჯელობის პრობლემებს მოიცავდა. ორივე ექსპერიმენტის შედეგებმა აჩვენა, რომ მონაწილეებმა, რომლებიც სიყვარულის თემაზე იყვნენ დამუშავებული, უკეთესად გაართვეს თავი კრეატიულობის ამოცანებს, ვიდრე საკონტროლო ჯგუფმა და მათ, ვინც სექსის შესახებ ფიქრობდა. ამასთან, სექსის თემაზე დამუშავებულმა ჯგუფმა, სიყვარულისა და საკოტროლო ჯგუფთან შედარებით, ანალიტიკურ საკითხებში უკეთესი შედეგი აჩვენეს. სექსზე დამუშავებულმა ჯგუფმა კი, შემოქმედებითი ხასიათის ამოცანებში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. იგივე ითქმის სიყვარულის ჯგუფზეც ლოგიკურ ამოცანებთან დაკავშირებით.
მეორე ექსპერიმენტის შედეგებმაც დაადგინა ,რომ ქვეცნობიერზე ზემოქმედმა სიტყვებმა, რომელიც სექსთან იყო დაკავშირებული, ამოცანის ლოკალური ტიპით დამუშავება გამოიწვია, მაშინ როცა სიყვარულთან დაკავშირებული სიტყვებით ქვეცნობიერზე ზემოქმედებამ გლობალური ტიპით დამუშავების.
აღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ცნობილი ფსიქოლოგი და მკვლევარი სკოტ მაკგრეალი, რელიგიურ რწმენასთან მიმართებით, საკუთარ მოსაზრებას აყალიბებს – აქტივობამ, რომელიც ანალიტიკურ აზროვნებას ზრდის, შესაძლოა რელიგიური რწმენა შეამციროს (რწმენა ღმერთისადმი). სექსზე დამუშავებული ჯგუფი ანალიტიკური აზროვნების ზრდას აჩვენებს; ამდენად, დამაჯერებელი ხდება აზრი იმის შესახებ, რომ სექსზე დამუშავებულ ჯგუფში, ანალიტიკური აზროვნების ზრდის შედეგად, რელიგიურმა რწმენამ იკლოს, რამდენადაც რელიგიური რწმენა აბსტრაქტულია და ისეთ გლობალურ იდეებზეა ფოკუსირებული, როგორიცაა მარადისობა და უსასრულობა. გარდა ამისა, მაკგრეალის თქმით, რელიგიური ტრადიციები უმაღლესი ძალისადმი სამუდამო სიყვარულის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ამასთან, ის აზრიც საფუძვლიანია, რომ სიყვარულზე დამუშავებულ ჯგუფს სექსზე დამუშავებულის საწინააღმდეგო ეფექტი აღმოაჩნდეს და ამდენად, რელიგიური რწმენაც მეტი ჰქონდეთ. ფსიქოლოგის თქმით, იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ჰიპოთეზა ნამდვილია, შესაბამისი ექსპერიმენტული კვლევებია საჭირო.
„იდეამ, რომ სექსის შესახებ ფიქრს შეუძლია რელიგიური რწმენა დაასუსტოს, ასევე გამიჩინა ეჭვი, ხომ არ აქვს ამას რამე საერთო რელიგიების უმრავლესობის სექსუალობისადმი ნეგატიურ (განსაკუთრებით, სიყვარულის გარეშე ვნებასთან) დამოკიდებულებასთან“. რელიგიები ადამიანებს ზოგადად ასწავლიან, რომ ვნებიანი სექსუალური ფიქრებით ცხოვრება „უწმინდურია“ და პიროვნებას სულიერებისგან აშორებს. არაგამანაყოფიერებელი აქტებიც კი, როგორიცაა მასტურბაცია, მონოთეისტურ რელიგიებში „ცოდვად“ არის გამოცხადებული, ამდენად, ეს არ არის უბრალო პრაქტიკული დამოკიდებულება ქორწინების გარეშე დაორსულების თავიდან ასაცილებლად.
ქრისტიანობაში ეშმაკის პოპულარული სახებები რეალურად ძველბერძნული ღმერთის, პანის გამოსახულებით არის შთაგონებული, რომელიც ავხორცული და ვნებიანი ხასიათით ხასიათდებოდა. სიყვარული, მეორე მხრივ, უმთავრესი ღირსებისა და სათნოების რანგშია აყვანილი და მიჩნეულია, რომ ღვთის სიყვარული ყველაფერზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
„იდეა, რომ „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ უდავოდ ძალიან მომხიბვლელია, როგორც იდეალი, მაგრამ, რეალურად, ვეჭვობ, შესაძლებელი იყოს ბევრი ისეთი ადამიანის პოვნა, ვინც ეს პრაქტიკაში განახორციელა“, – ამბობს ფსიქოლოგი, – უამრავი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, თუ რატომ არიან რელიგიები სიყვარულის იდეალიზებისა და ვნების უარყოფისკენ მიმართულნი. შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ რელიგიათა უმრავლესობა ასე კატეგორიულად არ ეთანხმება ქორწინების მიღმა სექსის ნებისმიერ ფორმას, სწორედ ისაა, რომ სიყვარულის გარეშე ვნება რელიგიურ რწმენას ძირს უთხრის.
მეორე მხრივ, არსებობს რელიგიური და სპირიტუალური ტრადიციები, რომელთაც სექსუალობაზე შედარებით პოზიტიური ხედვა აქვთ. ფაქტობრივად, რიგ კულტურებში ორგაზმის მომენტი ახსნილია როგორც ტრანსცენდენტული გამოცდილება, რომელშიც ადამიანი მომენტალურად ცნობიერების ღვთაებრივ დონეზე მაღლდება, თითქოს ადამიანი ღმერთთან ერთიანდება. ალბათ, სექსზე დამუშავების შესაძლო ეფექტი რელიგიურ რწმენაზე დამოკიდებულია ადამიანის აღქმაზე იმის შესახებ, აქვს თუ არა სექსს ტრანსცენდენტული, სპირიტუალური კომპონენტი. გარდა ამისა, არ გამოკვლეულა სექსზე ფიქრით დამუშავების ეფექტი სასიყვარულო ურთიერთობაში. პოტენციურად ეს გამოძიების ნაყოფიერი არეალია, რომელსაც შეუძლია რელიგიურ რწმენებს, სექსუალურ დამოკიდებულებსა და შემეცნებით პროცესებს შორის ურთიერთობებს, რომლებზეც თვითონ ეს ურთიერთობები დგას, ნათელი მოჰფინოს.
ფსიქოლოგი და მკვლევარი სკოტ მაკგრეალი (სიდნეი, ავსტრალია) ძირითადად, ინდივიდუალურ სხვაობებზე მუშაობს და პიროვნების, გონების, სექსუალური სხვაობის ფსიქოლოგიის და ცნობიერების საკითხებზე წერს. კვლევა, რომელზე დაყრნობითაც ფსიქოლოგმა აღნიშნული სტატია დაწერა, 2009 წლით თარიღდება და ეკუთვნის სამ მკვლევარს – იენს ფორსტერი (University of Amsterdam and Jacobs University Bremen), ამინა ოზელსელი (Jacobs University Bremen), კაი ეპსტუდე (University of Groningen). კვლევის საპრეზენტაციო სტატია (Why Love Has Wings and Sex Has Not: How Reminders of Love and Sex Influence Creative and Analytic Thinking), რომელშიც კვლევის პროცესი და გამოყენებული მეთოდები დეტალურადაა ახსნილი, იხილეთ ბმულზე.
(C) ყველა უფლება დაცულია. უნებართვოდ გავრცელება აკრძალულია. “17 მაისის” მასალების გამოყენების პირობებს გაეცანით აქ.
წყარო: 17მაისი
(C) ყველა უფლება დაცულია. უნებართვოდ გავრცელება აკრძალულია. “17 მაისის” მასალების გამოყენების პირობებს გაეცანით აქ.
წყარო: 17მაისი
Комментариев нет:
Отправить комментарий