среда, 24 июня 2015 г.

ივ. ჯავახიშვილი - დ ა მ ო კ ი დ ე ბ უ ლ ე ბ ა რუსეთსა და საქართველოს შორის მე -XVIII-ე საუკუნეში







ივ. ჯავახიშვილი

დ ა მ ო კ ი დ ე ბ უ ლ ე ბ ა

  რუსეთსა და   საქართველოს   შორის მე -XVIII-ე საუკუნეში

ქართული კლუბის გამოცემა

თბილისი

 სახელმწიფო სტამბა

1919

შესავლისთვის გთავაზობთ  პროფესორ ნინო დობორჯგინიძის  ლექციის ამონარიდს






წ ი ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა

რუსეთ-საქართველოს ურთიერთშორისი დამოკიდებულებისა და საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ გამოკვლევანი და წერილები წინათაც საკმაოდ მოიპოვებოდა, მათ შორის ხელთუფლიშვილისა და ზ. ავალიშვილისა ცნობილი თხზულებებიც ითვლება. ამისდა მიუხედავად ამ მონოგრაფიის გამოქვეყნება განსაკუთრებით იმიტომ გადავწყვიტე, რომ ყველა აქამდის გამოცემულ თხზულებებში რუსეთში არსებულ პოლიტიკურ და საცენზურო პირობების სიმკაცრის წყალობით ავტორებს ისტორიული სიმართლის სრული სინამდვილითა და გულახდილობით გამოთქმა არ შეეძლოთ. ეს ნაკლი უნდა იყოს შევსებული და ჩემი მონოგრაფიის უმთავრეს მიზანსაც სწორედ ეს შეადგენდა. ამას გარდა ვითარცა ისტორიკოსს მე იმდროინდელი ამბების ფარული ამამოძრავებელი ძალისა და მისწრაფებების სიცხადით გამოაშკარავება მაინტერესებდა. თვით რუსეთ-საქართველოს 1783 წ. ხელშეკრულების განხილვაც ახალი თვალსაზრისით შეიძლებოდა და საჭიროც იყო. მკითხველი ალბათ შეამჩნევს რომ ყველა ამ მხრივ ამ მონოგრაფიაში ახალი შეხედულებაა, ან ძველი წინაზე უფრო მეტი ხაზგასმულობითა და დასაბუთებით არის გამოთქმული. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხელთუფლიშვილისა და ავალიშვილის თხზულებები რუსულად არიან დაწერილნი და სრულებით შეუწყნარებელი მდგომარეობა იყო, რომ აქამდის ასეთ დიდმნიშვნელოვან ხანისა და საკითხის შესახებ ქართულად ერთი სპეციალური ცალკე მონოგრაფია არ იყო გამოცემული. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოს რესპუბლიკის ყოველი მოქალაქე მოვალეა თავის ქვეყნის წარსული იცოდეს, განსაკუთრებით ისეთი ხანა, როგორიც მე-XVIII-ე  ს-ეა. აწინდელმა ქართველმა პოლიტიკოსებმა ამ ჩვენს წარსულშიაც შეიძლება თანამედროვე მდგომარეობისთვისაც ბევრი რამე საგულისხმო და გამაფრთხილებელი ამოიკითხოს.

სტამბოლი. 1919 წ. თებერვალი – მარტი.

***

შ ე ს ა ვ ა ლ ი

აღმოსავლეთ საქართველოს საზოგადო მდგომარეობა

მე-XVIII-ე საუკუნის დამდეგს

            საქართველოს და ქართველი ერის ცხოვრებაში ეროვნული თვალსაზრისით უაღრეს გაჭირვებისა  და განსაცდელის ხანად მე-XVIII-ე ს. უნდა ჩაითვალოს. მას შემდგომ, ქართლის სამეფო ტახტზე სპარსეთის შაჰმა 1634 წ. როსტომი დაამტკიცა, აღმოსავლეთი საქართველო სპარსეთის წამლეკავ გავლენის ასპარეზად იქცა. თვით სპარსეთის სამეფო კარზე აღზრდილი და სპარსულ-მაჰმადიანურ ზნე-ჩვეულებებისა და დაწესებულებათა თაყვანისმცემელი როსტომ მეფე ამ გავლენის გავრცელებას საქართველოში შეგნებულად უწყობდა ხელს. ქართული სახელმწიფო სამართლის ტერმინების მაგიერ მან სპარსულ-თურქული შემოიღო. თვით სახელმწიფო წესწყობილებაშიაც მან ზოგიერთი იმგვარი ცვლილება შეიტანა, რომელიც სპარსულს უახლოვდება. სპარსული ენა და მაჰმადიანობა მეფის წაბაძულობით ქართველთა უმაღლეს წრეებში თანდათან უფრო-და-უფრო ვრცელდებოდა. ეს და ბევრი სხვაც ქართულ ეროვნულ თვითშემეცნებას და არსებობასაც კი დიდ სართხეს უმზადებდა.

            1636 წ. რომ სპარსეთმა და ოსმალეთმა ერთმანეთს შორის მუდმივი მტრობის მოსასპობად საქართველო ორად გაჰყვეს და აღმოსავლეთი ნაწილი ოსმალთა მიერ სპარსთა უცილობელ გავლენის სფეროდ იყო ცნობილი, დასავლეთი საქართველო კი სპარსეთმა ოსმალეთს დაუთმო, დასავლეთ საქართველოშიც ოსმალთა გავლენამ ისე იჩინა თავი, რომ ქართულ ეროვნულ საქმისთვის საშიში შეიქმნა.

            პირადად როსტომ მეფე ქვეყნის ურიგო მმართველი არ ყოფილა: ქვეყნის კეთილდღეობაზე და ქონებრივ მოღონიერებაზე ზრუნავდა, მაჰმადიანობს-და მიუხედავად განსაკუთრებით თავის სახელოვან თანამეცხედრის მარიამ დედოფლის გავლენით ქართული ეკლესიების განახლებასაც კი მისდევდა, მაგრამ თვით ის სპარსული გავლენა, რომელსაც იგი აღმოსავლეთს საქართველოში აძლიერებდა მთელს მის სახელმწიფოებრივ  მოღვაწეობას უკუღმართობის დაღს ასვამდა და ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველად ხდიდა.

            ამას ერთი უფრო ახირებული გარემოება დაერთო ზედ, რაკი სპარსეთის შაჰები ხშირად თავიანთ სარდლებს არ ენდობოდნენ ხოლმე, ქართველთა პირიანობა და ფიცგაუტეხლობა-კი გამოცდილებით იცოდნენ, ამის გამო ისინი თავიანთ დახლართულ სამხედრო საქმეების მოწესრიგებას ქართველ მეფეებს ანდობდნენ ხოლმე. ამის წყალობით ისეთ ნიჭიერ სამხედრო პიროვნებებს,

 როგორიც მაგ. გიორგი XI იყო, უნებლიეთ სპარსეთის აჯანყებული ქვეშევრდომების დამორჩილება უნდა ეკისრა და ხან ავღანისტანში ყოფილიყო, ხან ბელუჯისტანში, ხან სხვაგან სადაც-კი ამბოხება იფეთქებდა. ამიტომ ისე მოხდა, რომ ქართველ მეფეებს თავიანთ საბრძანებელში წასვლისა და მართვა-გამგეობის საშუალება არ ჰქონდათ და თავიანთი ძალა და ნიჭი სპარსეთის შაჰების ტახტის გამაგრებისთვის უნდა შეელიათ. ამის გამო იძულებულნი იყვნენ თავიანთ მაგიერ მახლობელი ბატონიშვილები მეფის მოადგილედ დაენიშნათ ხოლმე საქართველოში და მათთვის მიენდოთ ქვეყნის მზრუნველობა. სპარსეთის სამეფო კარი მაშინ დაუსრულებელი ვერაგობისა და ქიშპობის ბუდედ იყო ქცეული. ცვალებადი იყო ხოლმე იქ გავლენა  და ამასთანავე ცვალებადი იყო ხოლმე სპარსეთის შაჰების პოლიტიკაც ქართველ მეფეების მიმართ, ეს გარემოება შხამავდა  ჰაერს და სრულ გაურკვევლობის გრძნობას ჰქმნიდა საქართველოში. ქართველი ერი იმ დროს მართლაც უაღრეს განსაცდელში იყო ჩავარდნილი. მისი მომავალი სახეიროს არას მოასწავლებდა,  თუ რომ ის მთელს თავის სულიერს ძალას არ მოიკრებდა და ეროვნულ განსაცდელის თავითგან აცილებას არ ეცდებოდა.

            საბედნიეროდ ქართველობამ ეს შესძლო. ამ საშინელ გასაჭირში მან მართლაც მთელი თავისი ენერგია და შემოქმედებითი ნიჭი მოიკრიფა და გამანადგურებელ მიმართულებას წინა აღუდგა. ქართული ენა რომ სპარსული სიტყვებით არ შერყვნილიყო და ნამდვილი ქართული უცხოურისგან გაერჩიათ, დიდი ქართული ლექსიკონის შედგენას მიჰყვეს ხელი. გიორგი XI-ის წინადადებით ამ გვარი შრომა გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა და მოღვაწემ საბა-სულხან ორბელიანმა შეადგინა, რომელსაც მან 30 წელიწადი მოანდომა. ეს შესანიშნავი ნაწარმოები ეხლაც ძვირფას განძად ითვლება მეცნიერებისათვის, მაშინ ხომ იგი ცის მანანასავით უნდა მოვლენოდა ქართველობას. უცხო ენების ზეგავლენით რომ ქართული ენის ბუნება და კანონები არ შებღალულიყო, ქართული გრამატიკა იქმნა შედგენილი ჯერ მოკლე შანშოვანის მიერ, ხოლო უფრო გვიან ვრცელი ანტონი კათოლიკოზის მიერ.

            ეროვნულ თვითშემეცნების გამოღვიძებისა და გაღვივებისთვის, განსაკუთრებით კი განმტკიცებისთვის წარსულის ცოდნას აქვს დიდი მნიშვნელობა: ისტორია ადამიანის მსოფლმხედველობას აფართოვებს და იმავე დროს საჭირო სიღრმესა და საფუძვლიანობას ანიჭებს. ეს კარგად ესმოდა საქართველოს დიდებულ მეფეს ვახტანგ მე-VI-ეს (1703-1714, 1719-1724 წ. წ.), რომლის მრავალმხრივი, დაუღალავი მოღვაწეობა საქართველოს საკეთილდღეოდ ქართულ ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო ფურცელს შეადგენს. ყოველს განათლებულ ქართველს რომ საშუალება ჰქონოდა თავის ერისა და ქვეყნის თავგადასავალი სცოდნოდა, მან ქართველ ისტორიკოსთა კომისია მოიწვია, რომელსაც ამის შესაფერისი შრომა უნდა აეწია. ქრონოლოგიურად დალაგებული ქართული სხვა და სხვა საისტორიო დროის თხზულებები ძველ დროსვე ერთ კრებულად იყო შედგენილი, რომელიც „ქართლის ცხოვრების“ სახელით არის ცნობილი. ეს კრებული მხოლოდ მე -XIV-ე ს-ის დამდეგამდის იყო მოყვანილი. ამ სახითაც ხელნაწერები იშვიათი საშოვარი შეიქმნა იმიტომ,  რომ მომეტებული ნაწილი მტრების შემოსევების დროს დაიღუპა. ვახტანგ მეფემ შეაგროვა ყველა საუკეთესო ხელნაწერები, აგრეთვე ყველა ის საისტორიო წყაროები, რომელნიც ჯერ ამ კრებულში შეტანილი არ იყვნენ, და სიგელ-გუჯრებიც, მოგროვილ საისტორიო მასალებისდა მიხედვით მან კრებულის გაგრძელების შედგენა დაავალა, რომ  მე-XIV-ე ს-ითგან მოყოლებული საქართველოს ისტორია მე-XVIII-ე ს-ის დამდეგამდის ყოფილიყო მიყვანილი. შემდეგ ან ნაშრომის გავრცელება უკვე ადვილი საქმე იყო.

            ეს დავალება ისტორიკოსთა კომისიამ შეძლებისდაგვარად აასრულა კიდეც. რადგან ქართული წყაროების ძიებასა და შესწავლას შეუდგენ, ამ გარემოებამ ქართული საისტორიო მწერლობა კვლავ გამოაღვიძა და გააცხოველა. იმავე მიზანს, რომელიც ვახტანგ VI-ის მიერ მოწვეულ კომისიასა ჰქონდა დასახული, ისტორიკოსი ფ. გიორგიჯანიძის ფრიად საგულისხმო და შინაარსიანი ნაწარმოებიც ემსახურებოდა. ვახტანგ მეფისავე თანამედროვე იყო ისტორიკოსი ს. ჩხეიძე.  მაგრამ ამ ხანის ქართულ საისტორიო მწერლობის საუკეთესო სამკაულად ბატონიშვილი ვახუშტის განთქმული საისტორიო და საგეოგრაფიო თხზულებები უნდა ჩაითვალოს. პირველი წყაროების სესანიშნავ კრიტიკულ განხილვათა, ხოლო მეორე საქართველოს სახელმწიფო წესწყობილებისა, ზნე-ჩვეულებისა და ტანისამოს-თავ-საბურავის მოკლე, მაგრამ საუცხოვო მკაფიო ისტორიული მიმოხილვით არის შემკული. ორთავე თხზულებას, განსაკუთრებით საქართველოს გეოგრაფიულ აღწერილობას მეცნიერებისთვის ეხლაც თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავს.

            ქართული მოწინავე წრეები საისტორიო თავგადასავალთა და თემებით იყვნენ გატაცებულნი სხვათა შორის ამითაც აიხსნება ის გარემოება, რომ იმ ხანაში პოეტებმა განსაკუთრებით საისტორიო პოემების წერას მიჰყვეს ხელი. ქართული მხატვრული მწერლობის სხვა დარგებსაც ეროვნული სიმთა ჟღერა დაეტყოთ. ეს გარემოება საზოგადოებრივ ჰანგებზე ამღერებულს ქართულს ამ დროინდელს პოეზიას სამშობლოს გაჭირვებული მდგომარეობის გამო ჩუმი მწუხარების ელფერს სდებდა.

            თავის ნაყოფიერი მოღვაწეობა ვახტანგ მეფემ სახელმწიფო საქმეებშიც გამოიჩინა. მას მშვენივრად ესმოდა, რომ წესიერი და კარგად მოწყობილი სახელმწიფოსთვის თავი და თავი სამართალია. საქართველოს სახელმწიფოს წესწყობილება რომ მკვიდრ საფუძველზე ყოფილიყო დამკვიდრებული, უნდა მტკიცედ გარკვეული ყოფილიყო ყველა დაწესებულებათა და მოხელეების უფლება-მოვალეობანი. როგორც უკვე წინათაც და მე-XIV-ე ს-შიც არსებობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში დავიწყებული და უყურადღებოდ მიტოვებულ იქმნა, ვახტანგ მეფემ ისევ შეაგროვა წინანდელ ქართველ მეფეთა ყველა განკარგულებანი და დადგენილებანი, როგორც სხვა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა, ასევე სხვა და სხვა მოხელეების უფლება-მოვალეობათა შესახებ, დაალაგა შინაარსისდა მიხედვით, მოაწესრიგა და სახელმწიფო კანონების სახელმძღვანელო წიგნად აქცია*. ამ ძეგლით, რომელსაც ვახტანგ VI-ემ  „დასტურლამალი“ უწოდა, ქართულ სახელმწიფო სამართლის განვითარებას და შესწავლას მკვიდრი საფუძველი დაუდვა.

            საქართველოში მართლმსაჯულების ასამაღლებლად  და განსამტკიცებლად ვახტანგ VI-ემ ამ გვარადვე ჯერ ქართული სამართლის ყველა ძეგლები შეაგროვა, რომელიც კი ველ დროითგან შერჩენილი იყო, შემდეგ სხვა ერთა კანონმდებლობითგანაც გამოარჩია სამართლის წიგნები და სამართლის ყველა ამ ძეგლების განსაკუთრებული კრებული შეადგინა, რომელსაც მისგანვე მოწვეულ ქართულ საკანონმდებლო კრების მიერ შედგენილი სამართლის წიგნი დაურთო. უკანასკნელი ნაწარმოები მაშინდელ ცხოვრების უფლებრივ ვითარების უფრო შესაფერისი გამომხატველი იყო. დიდი ხანია უკვე რაც სპეციალისტებს აღნიშნული აქვთ ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის ლმობიერებისა და ჰუმანურ მისწრაფების უტყუარი თვისებები.

            დაუფასებელია ის დიადი ღვაწლი, რომელიც ვახტანგ მეფეს, მის უფროსს, თანადროულსა და უმცროს თანამშრომლებს მიუძღვით ქართველი ერის წინაშე, მათი წყალობით ხალხის თვითშემეცნება ფხიზელი გახდა და გაღრმავდა. ყველაფერს კულტურული აღორძინების იერი დაეტყო. ხელშემწყობი პოლიტიკური ცხოვრების პირობები-ღა იყო მხოლოდ საჭირო, რომ ეს აღორძინება განმტკიცებულიყო და თანდათან აყვავებისა და ძლიერების ხანად ქცეულიყო. ვახტანგ მეფეს ჩრდილოეთითგან მოსულმა ერთმა ამბავმა იმედი მისცა, რომ საქართველო მალე ცხოვრების ამ ხელშემწყობ პირობებსაც ეღირსებოდა.

            ეს ამბავი  რუსეთითგან მოვიდა.

***

I  თ ა ვ ი

რუსეთის პოლიტიკური დახმარების მოიმედეობა

 ვახტანგ  VI – ის  დროს  საქართველოში  და  მისი  შედეგი



რუსეთს სპარსეთში განსაკუთრებული ეკონომიური ინტერესები ჰქონდა. პეტრე დიდს უნდოდა, რომ სპარსეთის ვაჭრობა რუს ვაჭრებს ჩაეგდოთ ხელში და მთელი აბრეშუმი სპარსეთითგან რუსეთში ყოფილიყო შეტანილი. სპარსეთის ეკონომიურად ხელში ჩაჭერა რომ უფრო გაადვილებულიყო და შემდეგ უფრო ვრცელი პოლიტიკური ზრახვის განხორციელება შესძლებოდა, პეტრე I გადასწყვიტა, კასპიის ზღვის მიდამოები ამიერკავკასიაში ჯერ თავის მფარველობის ქვეშ მოექცია, შემდეგ ქვეყანა დაეპყრა და შიგ რუსი ჯარისკაცები ჩაესახლებინა. ავღანელთა მიერ სპარსეთის დაპყრობის შიშმა თითქოს დააჩქარა ამ წადილის განხორციელება (*). ამ იდუმალი გეგმის ასასრულებლად რუსეთისთვის საქართველოს სამეფოს სამხედრო დახმარება იყო საჭირო. ამიტომ პეტრე დიდმა გადასწყვიტა საქართველო და მეფე ვახტანგიც ჩაერია ამ საქმეში და რუსეთის სასარგებლოდ გამოეყენებინა. პეტრე  I-მა სწორედ ამგვარი საიდუმლო დავალებით 22 მარტს 1720 წ.  ვოლინსკი ასტრახანში გუბერნატორად გაისტუმრა. მას ვახტანგ  VI უნდა დაერწმუნებინა, რომ პეტრე I მისა და ქრისტიანებისადმი უაღრესად კეთილგანწყობით არის გამსჭვალული, და თანაც დაეიმედებინა, რომ რუსეთის ხელმწიფე მას მაჰმადიან ძლიერ სახელმწიფოებისგან მფარველობას გაუწევდა.(ბუტკოვი *)

            რუსეთის ხელმწიფის ელჩმა ისე ოსტატურად მოაწყო და მოაჩვენა საქმე ქართველებს, თითქოს პეტრე I-ს შეეტყოს  ვახტანგ  VI გაჭირვებული მდგომარეობა. მისი შველა და დახსნა სდომნოდეს სპარს – ოსმალთა კლანჭებისგან და სწორედ ამიტომ აპირებდეს იგი სპარსეთის წინააღმდეგ ამხედრებას. მეფე ვახტანგმა და ქართლის სამეფოს გავლენიანმა წრეებმა ეს დიპლომატიური ხრიკი სინამდვილედ მიიჩნიეს. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ძლიერ ქრისტიან ხელმწიფეს გულში სხვა რაიმე იდუმალი ზრახვა ექმნებოდა და ვახტანგ  VI დარწმუნებული იყო კიდე, რომ რა წამს იგი პეტრე I-ს და რუსთა ჯარს მიემხრობოდა, პეტრეც თავის მხრივ მის მეთაურობით საქართველოს მტრის წინააღმდეგ გაილაშქრებდა (დ. გურამიშვილი დავითიანი. ზ. ჭიჭ. გამ. 33 ).

            როდესაც ეს საკითხი სახელმწიფო დარბაზში ირჩეოდა, ყველა დარბაისელნი არ იყვნენ ამ სამხედრო გეგმის მომხრენი. პირიქით ზოგი საღი შორსგამსჭვრეტელობით ამტკიცებდა კიდეც რომ ამ ომში ჩარევა საქართველოსთვის ფრიად სახიფათო და სწორედ დამღუპველი ნაბიჯი იქმნებოდა, რომლითაც  ქართველთა მრავალრიცხოვანი გარეშე მტრები ისარგებლებდნენ და რუსთა ჯარის ამიერ-კავკასიაში მოსვლამდის ჩვენს ქვეყანას ააოხრებდნენ(იქვე 35).

            მაგრამ მეფე ვახტანგი ისე გატაცებული იყო რუსთა ხელმწიფის წინადადებით, რომ არავითარი ეჭვიც არ ებადებოდა და ღრმად დარწმუნებული იყო, რომ პეტრე I -თან თანხმობრივი სამხედრო მოქმედება საქართველოს ბედნიერებას მოანიჭებდა, ამიტომ ის და მისი თანამოაზრე დარბაისელნი დაუყონებლივ გალაშქრების მომხრენი იყვნენ.

რაკი მეფე თავისას არ იშლიდა, მოწინააღმდეგე წინდახედულმა ჯგუფმა ურჩია მეფეს რუსთა ხელმწიფისთვის მხოლოდ ფარული დახმარება გაეწია და მარტო პატარა ლაშქრით და საიდუმლოდ წასულიყო პეტრე I  მისაშველებლად (დ. გურამიშვილი. დავითიანი 35). მაგრამ ვახტანგ მეფემ არც ეს ისურვა: პეტრე I -ს მისივე მოციქულის პირით თანხმობა შეუთვალა და მზადებას შეუდგა (დ. გურამიშვილი. დავითიანი იქვე  36 *).

            2 ივლისს 1722 წ. პეტრე I-მა მეფე ვახტანგს ბორის თურქისტანოვის პირით შემოუთვალა, რომ ის მალე სპარსეთის საზღვრებს მიადგება და ამიტომ მეფე საჩქაროდ ლეკებს უნდა დასცემოდა, ამასთანავე თავის დაწყობილ ლაშქრითურთ სპარსეთს შეჰსეოდა და იქ მოეცადა, სანამ პეტრეს მოსვლის შესახებ ცნობები მოუვიდოდა, თუ სად შეყრილიყვნენ ერთად(*).

            ვახტანგ მეფემ სიხარულით 30.000 – 40.000  ჯარისკაცი შეჰყარა,მსწრაფად განჯისკენ გაილაშქრა და შანქორში დაიბანაკა რუსთა ხელმწიფისა და ძლიერი ლაშქრის მოუთმენლივ მომლოდინემ. 6 ენკენისთვეს 1723 წ-სა პეტრეს ეს ამბავი დარუბანდში მიუვიდა, 7 ენკენისთვეს-კი ის დაიძრა და წავიდა, მაგრამ საქართველოს ჯართან შესაერთებლად კი არა, არამედ შინ, აშტრახანისკენ (ს. ჩხეიძე, ჭიჭ. 34. ჩუბ. 330, *).

            იმ დროს რუსეთი სპარსეთისადმი მხოლოდ იმ ეკონომიური გამორჩენის თვალსაზრისით ხელმძღვანელობდა, რომელიც პეტრე I, მხოლოდ თეორიულად, გეგმის მიხედვით ეხატებოდა. მაშინ რუსეთს იმდენად მოჭარბებული ძალღონე არ ჰქონდა, რომ მისთვის სპარსეთის ბაზარი სააღებმიცემო ასპარეზად აუცილებლად საჭირო ყოფილიყო. სპარსეთში იგი თავის მრეწველობის ნაწარმოების გასაღებისთვის-კი არ შედიოდა, არამედ რუსეთის სავაჭრო მოქმედების გეგმა მხოლოდ უბრალო შუამავლობაზე იყო აგებული.

            ამგვარ პირობების გამო პეტრე I – ისთვის და რუსეთისთვის სპარსეთთან ომი პირველ-ხარისხოვანი, აუცილებელი მოვლენა არ ყოფილა. ამიტომაც არის, რომ პირველივე დაბრკოლების შემდგომ, რომელიც რუსთა ხელმწიფის გეგმის განხორციელებას გადაეღობა, მან ამ საქმეს უყოყმანოდ თავი დაანება და შინ დაბრუნდა.

             სულ სხვა მდგომარეობაში იყო საქართველო: მისთვის რუსეთის მიმხრობა და ომში მონაწილეობა სპარსეთის წინააღმდეგ იმოდენად საბედისწერო და თავგანწირული ნაბიჯი იყო, რომ თუ რუსეთის ხელმწიფე ამ ომს წააგებდა, საქართველოს პოლიტიკური არსებობა უკიდურეს განსაცდელში უნდა ჩავარდნილიყო, – მას უკან დასახევი გზა აღარ ექმნებოდა და ხსნა არსაითგან იყო მოსალოდნელი.

„აღმოსავლეთის ქრისტიანეთა მფარველი“ ხელმწიფე პეტრე I ამ გარემოებას ოდნავაც არ შუფიქრიანებია: მას ამის გამო თავისი გადაწყვეტილება არ შეუცვლია. მეფე ვახტანგი 40.00 ქართველი ჯარითურთ იდგა და უცდიდა „ქრისტეს მოყვარე“ სახელმწიფოს და ვერ გაეგო თუ რატომ „შეიქმნა დაყოვნება ხელმწიფისა“(ს. ჩხეიძე, ჭიჭ. 34. ჩუბ. 330). დაპირებული თანხმობრივი სამხედრო მოქმედების მაგიერ სპარსეთის წინააღმდეგ პეტრე I ვახტანგ მეფეს თავისი დესპანი გამოუგზავნა, რომლიც პირითაც მეფეს ურცხვად ურჩევდა საქმე განეგრძო: თუ გაიმარჯვებ მაშინ დიდად მოიგებ იმიტომ, რომ ურწმუნოთა ბატონობისგან განთავისუფლდები და ჩვენგანაც იქაურ ქრისტიანებზე უფლება მოგეცემაო. რუსთა ხელმწიფე ვახტანგს თითქოს იმ ცნობით ანუგეშებდა, რომ იგი ამ საქმეს სრულიად თავს არ ანებებდა და მომავალში ამ ომისთვის კვლავ მზადებას შეუდგებოდა (*).

            მხოლოდ ამ ამბის გაგებისთანავე შეიტყო მეფემ დაყოვნების ნამდვილი მიზეზი, რომ  „თურმე ხელმწიფე აშტრახანიდან დაბრუნებულიყო“  თავის ქვეყანაში (ს. ჩხეიძე, ჭიჭ. 34. ჩუბ. 330). მაშინ-კი დარწმუნდა ვახტანგ მეფე რომ ლაშქრობის მოწინააღმდეგე დარბაისელნი მართალნი იყვნენ. „შეექმნა მეფეს ჭმუნვა დიდი“, მაგრამ რაღა დროს(იქვე).

            საქმე გაცილებით უფრო ცუდად დატრიალდა, ვიდრე ომის მოწინააღმდეგე დარბაისლებს გათვალისწინებული ჰქონდათ. მათაც-კი ფიქრად არ მოსვლიათ, რომ რუსთა ხელმწიფე თავის სიტყვას არ აასრულებდა და საქართველოს განრისხებულ მტრებს უმწეოდ მიუგდებდა. სანამ პეტრე I  საქართველოს მეფეს შეაცდენდა და საბედისწერო ნაბიჯს გადაადგმევინებდა, ოსმალეთი არზუმის ფაშის პირით ვახტანგ VI  მფარველობას ჰპირდებოდა(*). მას რომ სპარსეთის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობა არ მიეღო და რუსეთს ცხადად არ მიჰმხრობოდა, ოსმალეთისგან მაინც საქართველოს განსაცდელი არ მოელოდა. მაგრამ რაკი ოსმალეთმა დაინახა, რომ რუსეთი სპარსეთის დაპყრობას ლამობდა და ქართველებიც მათი მოკავშირენი იყვნენ, რუსების შიშით დაიძრა და ჯერ ერევნითაგან თავრიზამდის მთელი ქვეყანა დაიჭირა, ხოლო შემდეგ გამოილაშქრა თვით საქართველოს წინააღმდეგაც(*).

            მეორეს მხრით განა სპარსეთს  კი შეეძლო საქართველოსთვის მისი მოქმედება ეპატიებინა? სპარსეთის შაჰს ვახტანგ მეფეზე მოახსენეს:  ის იმდენად „არის მტერი შენი“, რომ  „ეყმო ხელმწიფესა რუსეთისასა“ და „ამოსწყვიტა რჯულისა შენისა მოსავნიო“ (ს. ჩხეიძე, ჭიჭ. 34. ჩუბ. 330). საქართველო გადიდებისა და გაძლიერების მაგიერ მტრის სათარეშოდ გახდა: ქართლი აოხრდა და ოსმალებს ჩაუვარდა ხელში, ლეკებმა ხალხს ცარცვა-გლეჯა დაუწყეს. ვახტანგ მეფეს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოებრივი, კულტურული და ეკონომიური აღორძინებისათვის დაუღალავი შრომა ჰქონდა გაწეული და ქვეყნის აღმაშენებლობითი მუშაობით იყო გატაცებული, პეტრე I-ისაგან ასე მოტყუებულსა და ყოვლად უმწეოდ მიტოვებულს საქართველოდან გახიზვნის მეტი აღარაფერი დარჩენოდა. ქართლში ოსმალები გაბატონდნენ.

            მაგრამ საქმე მარტო ამით არ დამთავრებულა. როდესაც პეტრე I -მა დაინახა, ოსმალეთი რუსთა სამხედრო მოქმედებით სპარსეთში იმდენად განრისხებული იყო, რუსეთისთვის ომის გამოცხადებას აპირობდა, 12 ივნ. 1724 წ. მსწრაფლად ოსმალეთთან ზავი შეჰკრა, რომლის პირველ მუხლში რუსთა ხელმწიფემ მთელი აღმოსავლეთი საქართველო ოსმალეთს დაუთმო, თუმცა იგი მას სრულებითაც არ ეკუთვნოდა (*).  ასე უკუღმართად დამთავრდა საქართველოსთვის რუსთა ხელმწიფის მიერ აღქმული აღმოსავლეთის ქრისტიანთა „მფარველობა“: ჯერ თავის სასარგებლოდ ქართველთა ომში ჩათრევით და შემდეგ მტრის წინაშე უმწეოდ მიტოვებითა და მტრისთვის გაცემით. პეტრე დიდმა ისეთი უმადურებაც-კი გამოიჩინა, მის მიერვე მოტყუებული და გაუბედურებული მეფე ვახტანგისთვის შესაფერისი თავშესაფრისა და საცხოვრებელი ადგილის მიჩენა არ ნებავდა. როდესაც ვახტანგ VI-ემ თავისი ოჯახობით აშტრახანში დასახლების ნებართვა ითხოვა, პეტრე I განრისხებული იყო: დახედეთ, უბედურების დროსაც მეფე მაინც ამპარტავნობას არ იშლისო. რუსეთის მეფის აზრით ვახტანგ VI-ე უნდა  სადმე  საქართველოს სამზღვრის მახლობლად დასახლებულიყო  და  სწორედ ასეც მოხდებოდა, აშტრახანის გუბერნატორს რომ გულუბრყვილობა არ გამოეჩინა და ხელმწიფის დაუკუთხავად პეტრეს სახელით ვახტანგისთვის მისი სურვილის ასრულება არ აღექვა(*).

***

II  თ ა ვ ი.

აღმოსავლეთ საქართველოს განსაცდელი და თეიმურაზ II და

 ერეკლე II ღვაწლი საქართველოს წინაშე

            საქართველო, განსაკუთრებით აღმოსავლეთი, მტრების სათარეშოდ იქცა. ჯერ ოსმალეთი, შემდეგ ნადირშაჰის დროს სპარსელები სცარცვამდნენ და აოხრებდნენ ქვეყანას. აღმ. საქართველოს სახელმწიფოებრივი მანქანა მთლიანად მოშალეს, ყოველგვარი ადგილობრივი დაწესებულება მოსპეს და ჯერ ოსმალთა ფაშები, შემდეგ სპარსეთის ვექილები განაგებდნენ საქმეს. მხოლოდ ფრთხილი, შორსგამჭვრეტელი პოლიტიკისა და დაუცხრომელი თანდათანობითი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის წყალობით მეფე თეიმურაზ  II-ემ და ერეკლე II-ემ და მათმა ღირსეულმა თანამშრომლებმა აღმოსავლეთი საქართველო იმ საშინელ განსაცდელს გადაარჩინეს, რომელშიაც იგი პეტრე I-ის გადამკიდე ჩავარდნილი იყო.

            თეიმურაზ II-ისა და ერეკლე მეფის ღვაწლი მარტო საქართველოს სამხედრო გაძლიერებითა და გარეშე მტრებისგან უზრუნველყოფით-კი არ ამოიწყვება, თვით იმ დროინდელი ქართველობის ცხოვრებისა და კულტურის ვითარებაც მხოლოდ გარეგან წესიერებასა და მშვიდობიანობის დამყარებით-კი არ განისაზღვრება, არამედ თვალსაჩინო შინაგანი აღმაშენებლობაც სწარმოებდა. სახელმწიფოებრივს წესწყობილებაშიაც, ეკონომიურ სფეროშიაც, მეცნიერებასა და ხელოვნებაშიაც საგულისხმო და ცხოველმყოფელი შემოქმედება იყო.

            სპარსთა და ოსმალთა გამანადგურებელი ბატონობის წყალობით გახრწნილი სახელმწიფო წესწყობილება მეფე თეიმურაზისა და ერეკლეს წყალობით განახლებული იქმნა: ჯერ საგანგებო გამოკვლევების საშუალებით ქართული სახელმწიფო სამართლის სხვადასხვა სფეროები იყო შესწავლილი, ხოლო შემდეგ სწყდებოდა ხოლმე საკითხი იმის შესახებ, თუ რა ცვლილება იყო საჭირო ამათუიმ დაწესებულებაში, რომ იმ დროინდელი ცხოვრების შესაფერისი ყოფილიყო. ამ გვარად გადასინჯული და შესწორებულ-შევსებული იყო ადგილობრივი მართვა-გამგეობის საკითხი (ქიზიყისა და კახეთის გარიგება ), საქალაქო მმართველობის და თვითმმართველობის ძირითადი დებულებანი (ქალაქის მოურავის სარგო და გარიგება). კვლავ განახლებული იყო საქართველოს მკვიდრთა დროგამოშვებითი აღწერა და შემოსავლის დავთრების შედგენა. ერეკლე მეფემ მორიგე ჯარის დაწესება შემოიღო მუდმივ ჯარის არსებობას საქართველოში საძირკველი ჩაუყარა. ამავე დროს მოხდა ქართული სამართლის ძეგლების შესწავლა შინაარსის მხრივ და საკოდიფიკაციო მუშაობის პირველი საფეხური განვლილი იყო.

            საქართველოს ეკონომიური და საფინანსო ძლის გამოსაცოცხლებლად  და გასაღონიერებლად ერეკლე მეფემ საქართველოს მდიდარი მადნების დამუშავება განაახლებინა. უცხოეთითგან დახელოვნებული მემადნენი დაიბარა და წინანდებურად ქართულ ლითონის ფულის მოჭრა დაიწყო.

            საქართველოში ევროპულ სამეცნიერო ცოდნის გასავრცელებლად უცხო ენებითგან საუკეთესო თხზულებები ითარგმნებოდა, თანაც მეცნიერების ყოველ დარგისთვის პატარ-პატარა სახელმძღვანელოები მზადდებოდა. ამ სფეროში განსაკუთრებული ღვაწლი ანტონ კათალიკოსს მიუძღვის, რომლის ღრმა და მრავალმხრივი სამეცნიერო ცოდნა იმდენადვე გასაოცარია, როგორადაც მისი დაუღალავი ენერგია და ნაყოფიერება. ბატონიშვილი ვახუშტის  შესანიშნავი კრიტიკული მიმართულების წყალობით ქართულმა საისტორიო მწერლობამაც თვალსაჩინო წარმატება გამოიჩინა. საქართველოს ისტორიის ძველი შრომა გადასინჯული იყო და წყაროების ფაქიზი სარგებლობის მხრივ ფრიად შინაარსიანი ახალი მატიანე დაიწერა. მშვენიერია თავის ღრმა აზროვნებითა და შორსგამსჭვრეტელობით პაპუნა ორბელიანის ორიგინალური საისტორიო თხზულება თეიმურაზ II-ისა და ერეკლე მეფის მოღვაწეობის შესახებ, რომელშიაც ასე საუცხოვოდ სჩქეფს ავტორის მამულიშვილური  გრძნობა და გამოსჭვივის ისტორიკოსის მიუდგომელი, ბრძენი გონება.

            თვით მხატვრულს მწერლობასაც თვალსაჩინო წარმატება ემჩნევა: უკვე დრომოჭმული ენისა და იერის მაგიერ უკვე ახალი, ხალხურ პოეზიის სალაროთგან მომდინარე მიმართულებისა და ენის ნიშან-წყალი ეტყობა. ამ მხრივ იგი ახალი ქართულ მწერლობის წინამორბედი იყო. ერთი სიტყვით ყველაფერი ცხოველმყოფელი შემოქმედებითი სულით იყო მონაბერი და მომავალ თვალსაჩინო აღორძინების მომასწავლებელი იყო. ცხადია, რომ ამისთვის მხოლოდ ხელშემწყობი, მყუდრო ცხოვრება იყო საჭირო და თეიმურაზ II-ისა და ერეკლე მეფის მუდმივი საზრუნავიც სწორედ ეს იყო.

***

III  თ ა ვ ი.

დამოკიდებულება საქართველოსა და ღრუსეთს შორის

1783 წ. ხელშეკრულებამდე



§ 1.  რუსეთ-ოსმალეთის პირველი ომი ეკატერინე II დროს, საქართველოს ჩათრევა ამ

ომში ოსმალეთის წინააღმდეგ და ამის შედეგი.



თეიმურაზ მეფეს უნდოდა რომ თავისი პოლიტიკური გამარჯვების შედეგი სამუდამოდ უზრუნველ ეყო. ამიტომ მან იფიქრა რომ ორ ლიერ მაჰმადიანურ სახელმწიფოს, ოსმალეთისა და სპარსეთის წინააღმდეგ პატარა ქართველ ერს და საქართველოს ძლიერი მფარველი მოკავშირე ესაჭიროებოდა. მას ეგონა, რომ ასეთ მფარველად სწორედ ერთმორწმუნე რუსეთი და მათი მფარველები გამოდგებოდნენ,  ამიტომ 1752 წ. თეიმურაზ მეფემ რუსთა ხელმწიფეს ელისაბედ პეტრეს ასულ სვიმონ მაყაშვილი და ათანასე ტფილისელი ელჩად მიუგზავნა და მაჰმადიან ძლერ მეზობლებისგან მფარველობა და შველა სთხოვა მაგრამ რუსეთითგან მფარველობაზე უარი მოუვიდა: რუსეთს არავითარი სურვილი არ ჰქონდა, რომ საქართველოს გულისთვის ოსმალეთს და სპარსეთს წასჩხუბებოდა. მშვიდობიანობა იყო და საქართველო რუსეთს  მაშინ არ ესაჭიროებოდა(*).

            მაგრამ თექვსმეტი წლის შემდგომ, 1768 წ., როდესაც ოსმალეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა და რუსეთი უნებლიედ უნდა ბრძოლაში ჩაბმულიყო, მაშინ მისთვის საქართველო რასაკვირველია ძალიან გამოსადეგი იქმნებოდა და ამიტომ საქართველოს არსებობაც გაახსენდა. რუსეთის სამხედრო გეგმა ისე იყო შედგენილი, ოსმალეთთან ომში ბერძნები და სლავები და საქართველოს სამეფოებიც უნდა ყოფილიყვნენ ჩათრეულნი(*). მაგრამ ქართველებს გარდა სხვებმა ყველამ სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინეს და რუსეთის მთავრობის დაგებულს ქსელში არ გაებნენ.

            ამ გეგმის განსახორციელებლად რუსეთის დეფოფალმა ეკატერინე II-ემ მინისტრთა უპირველესმა იმერეთის მეფეს სოლომონ I-ს საგანგებო მოციქულის თ-დ ხვაბულოვის (ქობულიშვილის) ხელით მოსწერა, რომ რუსეთი ოსმალეთს ეომება და ეს ომი მას სწორედ ეხლა საუკეთესო საშუალებას აძლევს დააღწიოს თავი ოსმალთა ბატონობას. ამისთვის მას ჯარი უნდა შეეყარა და თანაც ცდილიყო, რომ ამავე ომში ერეკლე მეფეც გაერია და მათ ორთავეს საქართველოს შეერთებულ ლაშქრობით რუსების დახმარებით ოსმალთა წინააღმდეგ ებრძოლათ(*). რუსეთის მინისტრთა უპირველესი დედოფლის მაგიერ ატყობინებდა, რომ ზავის შეკვრის დროს საქართველოს თავისუფლების შესახებაც ხელშეკრულებაში პირობა იქმნებოდა შეტნილი(*). სოლომონსაცა და ერეკლე მეფესაც ეგონათ, ეხლა კი ნამდვილად ეღირსებოდნენ იმ სამხედრო დახმარებას, რომელსაც საქართველო ასე დაჟინებით სთხოვდა რუსეთს. ორთავემ სიხარულით ომში ჩარევის თანხმობა განაცხადეს იმ პირობით კი, რომ რუსეთი თავის მხრივ საქართველოში საკმაო ჯარს გამოგზავნიდა (*).

            იმავე დროს, როდესაც ერეკლე მეფესთან რუსეთის ხელმწიფის ელჩი ტფილისში ჩამოვიდა და ცდილობდა, რომ ოსმალთა წინააღმდეგ ომში საქართველოსაც, ვითარცა რუსეთის მოკავშირეს, მონაწილეობა მიეღო, ტფილისშივე ერეკლე მეფესთან ოსმალეთის დესპანები იმყოფებოდნენ, რომელნიც თავის მთავრობის პირით მხოლოდ იმას სთხოვდნენ, რომ ამ ომში საქართველო არ ჩარეულიყო. ერეკლე მეფემ ოსმალეთის ელჩები უპასუხოდ გაისტუმრა და უყოყმანოდ რუსეთს მიემხრო(*).

            რუსეთის მთავრობამ საქართველოში ოსმალეთის საწინააღმდეგოდ სამხედრო მოქმედებისთვის გენ. გრაფი ტოტლებენი გამოგზავნა ერთი ქვეითი პოლკით, 2 ასეული ცხენოსან კარაბინერებით, 2 ასეულ ცხენოსან ჰუსარებით, 200 დონის ყაზახით, 300 ყალმუხით და 12 საველე ზარბაზნით(*)

            1770 წ. ერეკლე მეფე საქართველოს  ჯარითურთ და ტოტლებენი რუსის ჯარითურთ ახალციხის საფაშოს შეესივნენ და  აწყურის ციხეს მიადგნენ. სამი დღის ბრძოლის შემდგომ რუსეთის ჯარის უფროსმა მოულოდნელად ბრძოლის ველს და აღმ. საქართველოს თავი მიანება და მთელი თავისი ლაშქრითურთ უკან გაბრუნდა(*).

            თავზარდამცემი იყო რუსეთის მხედრობის უფროსის ღალატის მსგავსი საქციელი და ამიტომ „მეფე ერეკლე მრავალს ეხვეწნა“ ტოტლებენს, მაგრამ „მან არა უსმინა“ (*). ამგვარად რუსეთისავე წყალობით და რუსთა გულისთვის ოსმალეთთან ომში ჩათრეულ აღმოს. საქართველო რუსეთის ჯარის სარდლის მიერვე მრავალრიცხოვან მტრის წინაშე მუხანათურად მარტოდ-მარტო იყო დატოვებული. საშინელი მდგომარეობა შეიქმნა, მაგრამ ამ უაღრეს განსაცდელის დროსაც ერეკლე მეფის დიდებულმა სამხედრო ნიჭმა იხსნა ჩვენი ერი და სამშობლო სხვაფრივ აუცილებელი განადგურებისაგან: მცირე ლაშქრითურთ მან სამხედრო გეგმისა და ხერხის წყალობით რუსთა მოქმედებით გათამამებული ოსმალთა მრავალრიცხოვანი ჯარი ჯერ ადგილობრივ, შემდეგ ს. ასპინძასთან საშინლად დაამარცხა და მთლად მოსპო (*).

            რუსთა ჯარის მიერ ვერაგულად მიტოვებულსაც მოსვენებას არ აძლევდა ერეკლე მეფეს რუსეთის „მინისტრად წარმოვლენილი“ ლვოვი და ოსმალეთის წინააღმდეგ სხვა საბუთებით საომრად აქეზებდა. სწორედ „ამისა რჩევით“ მეფე ერეკლე 1771 წ. კვლავ ახალციხის საფაშოს შეესია და ხერთვისის ციხე და ქალაქი აიღო, მაგრამ როდესაც ციხეში თავის მეციხოვნენი შეაყენა, რუსეთის წარმომადგენელმა ამას წინააღმდეგობა გაუწია იმიტომ, რაკი ოსმალთა დიდი ჯარის მოსვლისა ეშინოდა, რომ მოვიდნენ და „ძალად აგართვან სირცხვილი არისო“ (*).

            მეორედაც 1772 წ. ლვოვმა კიდევ იმდენი მოახერხა, რომ ერეკლე მეფეს ჩააგონა „ერთხელ კვლავ დაჰკარ ხვანთქრის მამულსაო“ და მანაც სოლომონ მეფეც მოიმხრო და შეერთებულის ლაშქრით ჯერ ჯავახეთის ახალქალაქს გარსშემოერტყნენ და სოლომონ მეფე საოფლით რომ არ გამხდარიყო, აიღებდნენ კიდეც, შემდეგ როდესაც ამ მოარულის გამო აქეთგან აიყარნენ, მოარბიეს ახალციხის, არტაანის და ჯავახეთის ოლქები(იხ. ხერხეულიძე. ჭიჭ. 267, ჩუბ. 493).

            ორთავე შემხვევა სრულებით ცხადჰყოფს, რომ რუსეთის წარმომადგენელს თავისი მთავრობის გეგმისაებრ საქართველოს დანიშნულებად ამ ომში მიწა-წყლის დაჭერა-კი არ მიაჩნდა, არამედ უმთავრესად შესევითა და თარეშის საშუალებით ოსმალეთის მუდმივი შეწუხება რომ ოსმალეთის მთავრობა იძულებული ყოფილიყო აქ საკმაო ჯარი დაებანდებინა.

            როდესაც ტოტლებენი რუსის ჯარითურთ დასავლეთს საქართველოში გადავიდა, იქ იგი სოლომონ მეფის ქართულ ჯარს შეუერთდა. შეერთებული ზალით ოსმალები შორაპნისა, ბაღდადისა და ქუთაისის ციხეებითგან განდევნილ იქმნენ(*). შემდეგ ფოთის ციხე უნდა წაერთმიათ თურქებისთვის, ვერც ტოტლებენმა და ვერც მის მაგიერ დანიშნულმა გენ. სუხოტინმა ჯარის სიმცირის გამო ფოთის აღება ვერ მოახერხეს.

            1771 წ. რუსეთის ჯარმა ჯერ ფოთს თავი მიანება, მერმე დასავლეთი საქართველოც სრულებით მიატოვა და აღმ. საქართველოში გადავიდა სადგომად, ხოლო 1772 წ. რუსეთის დედოფალმა „წარასხნა მხედრობა თვისი მიზეზითა ამით, რომელ ზავ-ჰყო ხონთქარისა თანა“(*).

            ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში უნდა ჩავარდნილიყო რუსეთის წყალობით ოსმალეთთან ომში ჩაბმული საქართველო, როდესაც ეკატერინე II-ის ბრძანებით რუსეთის მცირერიცხოვანმა ჯარმაც-კი საქართველო მიატოვა! თვით ხონთქარიც ხომ რასაკვირველია საქართველოზე განრისხებული იყო და რაკი „განძვირდა მეფის ირაკლის ზედა“, მას არც ფული არც ჯარები დაუზოგია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ომში ჩარევისთვის სამაგიერო გადაეხადა. ოსმალებმა ფულით ლეკებიც საქათველოზე აამხედრეს და ჩრდილო-აღმოსავლეთითგან დაღესტნელი, სამხრეთ -დასავლეთითგან ოსმალები ქვეყანას მოსვენებას არ აძლევდნენ და აოხრებდნენ(*).

            მეორეს მხრით არც სპარსეთს მოსწონებია საქართველოსაგან რუსეთის ცხადი მომხრობა და სამხედრო მოკავშირეობა. რუსეთის მსწრაფს გაძლიერებას და გადიდებას იგი შიშის თვალით შეჰყურებდა და რასაკვირველია, როდესაც სპარსეთის შაჰის მოადგილემ ქერიმხანმა „სცნა მიფის ირაკლისაგან რუსეთის იმპერიასა საფარვლისა ქვეშე შესვლა, განძვირდა ამისთვის“ და საქართველოს ინააღმდეგ ჯარითურთ წამოვიდა (*).

            აი, რა მდგომარეობაში ჩააგდო რუსეთის მთავრობამ საქართველო თავისი სამხედრო გამარჯვების გულისთვის.

            ადვილი არ იყო ამგვარ ორპირ მოვლენილ განსაცდელისგან თავის დაღწევა. როდესაც ერეკლე მეფემ ქერიმხანის გამოლაშქრების ამბავი შეიტყო „არა მცირედ მწუხარე იქმნა, ვინაიდგან იმედედულმან რუსეთისა მფარველობისამან არა რიდა ბრძოლად ხვანთქარისა და არცა-ღა ჰმორჩილებდა მოადგილესა ყაენისასა და ამ ჟამად დაშორებული იყო მფარველობა რუსეთისა“(*).

            რუსეთმა თავის მიზანს მიაღწია, ოსმალეთის ომის საფრთხე ზავის გამო  უკვე აღარ არსებობდა. ამიტომ საქართველოსაც მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა და დანაპირებ მფარველობის გაწევაც თითქო დაავიწყდა კიდეც. სხვა საშუალება აღარ იყო, საქართველოს ისევ თავი საკუთარი ძალით და გამჭრიახობით უნდა მოეწყო ძლიერ მეზობლებთან ასე მოუფიქრებლივ გაფუჭებული დამოკიდებულება.

***

§2.  აღმ.  საქართველოს მდგომარეობა 1773-1783 წ.

 ერეკლე II დამოუკიდებული პოლიტიკის წყალობით



თავის დიდი დიპლომატიურ ნიჭის წყალობით ერეკლემ მეფემ დესპანების პირით როგორც იყო დაამშვიდა ქერიმ-ხანი და სპარსეთის მხრით  განსაცდელი საქართველოს თავითგან ააცილა(ომ. ხერხეულიძე, ჭიჭ. 268-270, ჩუბ. 494-495).

            ოსმალეთის წინააღმდეგ ერეკლე მეფეცა და სოლომონიც სამხედრო ძალით იბრძოდნენ და მსწრაფი, ყოველთვის საუცხოოდ მოფიქრებულ სამხედრო მოქმედების წყალობით ერეკლემ ისე შეაწუხა ყარსის, ბაიზეთისა და  ახალციხის საფაშოები რომ სულტანი იძულებული იყო სპარსეთის მბრძანებლისთვის დახმარება ეთხოვა, რომ მას ოსმალეთი საქართველოს მეფის თავდასხმისგან განეთავისუფლებინა. ქერიმხანის თხოვნით ერეკლემ II –ემ ზავი ჩამოაგდო ოსმალეთის სულტანთან, რომლისგანაც ძვირფასი საჩუქრები და ტყვეობითგან განთავისუფლებული ქართველები მოუვიდნენ(*).

            ერეკლე მეფე კვლავ მარტო თავისი ქვეყნის ძალით შეუდგა საქართველოს სამეფოს პოლიტიკურ მდგომარეობის განმტკიცებას და ზოგან დიპლომატიური მოლაპარაკებითა და ჩაგონებით, ზოგან თავის პირად სამხედრო ნიჭითა და ქართ. ჯარის მამაცობით, მან არამც თუ მშვიდობიანი დამოკიდებულება ჩამოაგდო მეზობლებთან, არამედ ზოგი მათგანი ისევ ყმად -ნაფიცად გაიხადა.  ერეკლესგან განჯის ხანად დადგენილი შუშის ხანი მისი უერთგულესი მოხარკე იყო ისე, რომ ყოველწლიური გადასახადის გარდა თვით განჯაში საქართველოს მეფეც თავის წარმომადგენელს ნიშნავდა(*), ისე რომ „ერთი ამის(შუშის ხანის) კაცი და ერთი მეფის ირაკლისა განაგებდნენ ქალაქსა განჯისასა“ (ომ. ხერხეულიძე, ჭიჭ. 274, ჩუბ. 498). თუმცა 1780 წ. ერევნის ხანმა ასანალი ხანმა ურჩობა გაბედა და ხარკის მოცემა აღარ ჰსურდა, მაგრამ მეფე ერეკლემ მის წინააღმდეგ გაილაშქრა და იგი დაემორჩილა: „ევედრა ერევნის ხანი და დაიდვა ვიდრე ოთხიათას თუმნამდე გარდაკვეთით“  ყოველწლიურ ხარკად (ომ. ხერხეულიძე, ჭიჭ. 273, ჩუბ. 497-498 (*) ). ამას გარდა საქართველოს მეფემ ერევნის ხანს „განუწესა მოურავიცა თვისი მუხრან ბატონი“. ამის შემდგომ ასან ალიხანს, არც მის შვილს საქართველოსთვის აღარ უღალატიათ, მოცემულ ფიცს და პირობას ერთგულად ასრულებდნენ(*). იმას გარდა, რომ „დამორჩილებულ იყვნენ ირაკლისადმი განჯა, ყარაბაღი“ და ერევანის ხანი, მან ისეთი სახელი მოიხვეჭა, რომ ყოველი ადრიბეჟანის (sic) ხანები დაემორჩილნენ მეფესა ირაკლისა და მოართვეს ელჩნი და ფეშქაშნი ძვირფასნი თავრიზის ხანისაგან, ხოის ხანისა, ურუმის ხანისა, შაყაყის ხანისა, ბაიზეთის ფაშისა და ყარსის ფაშისაგან“. დასასრულ „მრავალთა ქურთთა მეპატრონემ“ შამადინაღამ „მისცა თავი თვის ყმად“ საქართველოს და „შორაგალის სულტანიც ერეკლე მეფეს მოერთვა ყმად“ (*).

*** 

IV  თ ა ვ ი.



1783 წ. ხელშეკრულება რუსეთ-საქართველოს შორის.

  § 1. მისი წარმოშობის ისტორია

        ამ თვალსაჩინო პოლიტიკურ გამარჯვებისდა მიუხედავად ერეკლე მეფეს საქართველოს ბედი და თავისი თავი მთლად უზრუნველყოფილად არ მიაჩნდა. მას განსაკუთრებით ოსმალეთის გავლენა აფიქრებდა დაღესტანზე და ის ტახტის მაძიებელი, რომელიც რუსეთითგან ჩამოვიდა და სახელმწიფოს მყუდროების დარღვევას და გამეფებას ცდილობდა. თუმცა ამ ტახტის მაძიებლის წადილი უნაყოფო გამოდგა. მაგრამ რაკი ოსმალეთის მთავრობა თავისი მიზნებისთვის დაღესტანს ფულის საშუალებით საქართველოს წინააღმდეგ ამხედრებდა ხოლმე და არც სპარსეთის შაჰი შეჰყურებდა საქართველოს მოწყალეს თვალით, ამის გამო მას მომავალი საკმაოდ უზრუნველყოფილად არ მიაჩნდა. ერეკლე მეფე გრძნობდა ,რომ მტრებისგან თავდაცვისთვის საქართველოსთვის მუდმივი ჯარია აუცილებლად საჭირო. ამის შესანახად-კი ფული მას საკმაო არ ჰქონდა. ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრება ამ გაწეულ ხარჯს აინაზღაურებდა და მხოლოდ დროებითი დახმარება ესაჭიროებოდა.

            ამ თავის გეგმის განსახორციელებლად მან ჯერ დასავლეთ ევროპას მიჰმართა თხოვნით. 1781 წ-ს ერეკლე მეფემ რომის იმპერატორ იოსებ II -ს წერილი მისწერა, რომელშიც სესხსა სთხოვდა საქართველოსა და ქრისტიანობის გადასარჩენად მტრებისაგან. მაგრამ მეფის ელჩი გზაში მოკვდა. ამის გამო 1782 წ. ამგვარივე თხოვნით ხელმეორედ გაგზავნა და თანაც თავის მხრივ ჰპირდებოდა რომ, თუ იმპერატორი სესხს მისცემდა, ოსმალეთის ომის დროს იმპერატორსა და გერმანიასთან საქართველო მთელი თავისი ძალღონით თურქების წინააღმდეგ იმოქმედებდა. გამოურკვეველი მიზეზების გამო მეფე ერეკლეს არც ამის პასუხი მოსვლია (*).

            რუსეთს კი უკვე 1778 წ-ლითგან მოყოლებული საიდუმლო გეგმა ჰქონდა სპარსეთის შესახებ და ამის სამზადისში იყო(*). ამ გეგმის ფარული მიზანი იმაში მდგომარეობდა რომ მას გადაწყვეტილი ჰქონდა კასპიის ზღვაში ასტარაბადის ყურეს პირდაპირ მდებარე კუნძული დაეჭირა და რუსთა ახალშენი, წინასწარ „მელიტონისად“, ე. ი.  ფუტკართ კუნძულად წოდებული, დაეარსებინა აქეთგან რუსეთის ვაჭრობის გასავრცელებლად თვით აღმოსავლეთ ინდოეთამდის (იქვე,II, 71-72). მწარე გამოცდილებამ რუსეთის მთავრობა დაარწმუნა, რომ სპარსეთში მარტო კასპიის ზღვითგან ფეხის მოკიდება შეუძლებელი იყო. ამისთვის სხვა გზაც იყო საჭირო.

            ერეკლე მეფესთან საქართველოში გერმანელი მოგზაური დოქტორი რაინეგსი ცხოვრობდა, რომელმაც ვითარცა აღმოსავლეთში ნამყოფმა კაცმა ადგილობრივი ენებიც კარგად იცოდა. სხვათა შორის ქართულიც შეისწავლა და ერეკლე მეფესთან დაახლოვებული იყო. რუსეთის სახელმწიფო მხედართ-მთავარმა, ფელდმარშალმა თავადმა პოტიომკინმა ეს რაინეგსი საქართველთგან თავისთან დაიბარა და 1782 წ. შემოდგომას ისევ საქართველოშივე გამოისტუმრა. მაგრამ ეხლა უკვე ვითარცა რუსეთის წარმომადგენელი ერეკლე მეფისა და სოლომონ მეფის წინაშე. მას საგანგებოდ დავალებული ჰქონდა ერეკლე მეფისთვის ჩაეგონებინა, რომ მას რუსეთის თვითმპყრობელისგან მფარველობაა ეთხოვა ფორმალურად (*).

            ამ დროს პატარა საქართველო და მისი გმირი, ნიჭიერი მეფე განმარტოებული და განათლებულ ქვეყნიერებას ყოველმხრივ მოწყვეტილი იყო. საქართველოს მთავრობა დარწმუნდა, ამაო იყო ყოველივე მისი ცდა ევროპის სახელმწიფოებისადმი ხმის მისაწვდენად, რომ მოზღვავებულ მტრების წინააღმდეგ იქითგან დახმარების მოლოდინი ტყუილი ოცნება იქმნებოდა. ასეთს გარემოებაში ერეკლე მეფე და საქართველოს მთავრობა რაინეგსის რჩევას, რომელიც, როგორც ეხლა ირკვევა თვით რუსეთის მთავრობის მიერ დავალებული საიდუმლო მინდობილობა ყოფილა, რასაკვირველია სიამოვნებით შეიწყნარებდა. რუსეთის მეტი მომშველებელი მაშინ მათ აღარავინ ეგულებოდათ და ისევ ამ ძლიერ ჩრდილოეთის სახელმწიფოს მიჰმართეს.

            ოფიციალური თხოვნა გაიგზავნა რუსეთში.

            რუსეთის მთავრობას ძალიან ეამა ეს ამბავი. ეკატერინე II-ეც ამ საქმისგან რუსეთისთვის დიდ სარგებლობას მოელოდდა(*). 24 ივლისს 1783 წ. აღმ. საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლებმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

***

§ 2. 1782 წ. ხელშეკრულების შინაარსი და მის მიერ დამყარებული უფლებრივი დამოკიდებულება

          ამ ხელშეკრულებაში განსაზღვრულია  უფლებრივი დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის. მეექვსე მუხლში სახელდობრ ნათქვამია, რომ „მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა ქართლისა, კახეთისა(ქართლ-კახეთისა) და საქართველოის სამეფოებზე უზენაესი ხელმწიფებისა(*) და მფარველობისკეთილმოსურნეობით მიმღები თავისი და თავის შთამომავლობის სახელით აღთქმასა სდებს: 1) ამ სამეფოთა ერნი მის სახელმწიფოსთან მჭიდრო კავშირში და სრულს თანხმობაში ჩასთვალოს და მაშასადამე მისი მტრები თავის მტრებად მიიჩნიოს“.

            ამისდა მიხედვით რუსეთის ხელმწიფე თავის და თავის შთამომავლების სახელით „უზაკველის აღთქმით“ აღთქმასა სდებს, რომ „მოწყალება და მფარველობა მათი ქართლისა და კახეთის (ქართლ-კახეთის) მეფეებს არას დროს არ ჩამოშორდებათ“ (§ 2. ) საქართველოს მეფეთა უფლება მემკვიდრეობით გადავიდოდა და რუსეთის ხელმწიფე აღთქმასა სდებდა, რომ ერეკლე მეფე და მისი შთამომავლობა მუდამ, განუწყვეტლივ სამეფო უფლებით მოსილი იქმნებიან (§ 62). საქართველოს სამეფო ტახტზე მისი მეფეები  მემკვიდრეობის ძალით ადიან. დამოკიდებულება რუსეთის ხელმწიფესა და საქართველოს მეფეს შორის ამ მხრივ მხოლოდ იმით გამოიხატებოდა, რომ მემკვიდრეობის უფლებით საქართველოს ტახტზე ახლად ასულს მეფეს უმალ ეს ამბავი რუსეთის ხელმწიფისთვის ეცნობებინა და თავის დესპანის პირით საინვესტიტური სიგელით და სამეფო ნიშნების გამოგზავნით დამტკიცება ეთხოვა. ამაების მიღებისთანავე მეფეს უნდა რუსეთის მინისტრის თანდასწრებით რუსეთის სახელმწიფოს ერთგულებისა და გულმოდგინებისა, ხოლო სრულიად რუსეთის ხელმწიფეების უზენაესი ხელმწიფებისა(*) და მფარველობის ცნების აღთქმა დაედვა (§ 3).

            სამეფოს შინაურ საქმეების მართვა-გამგეობაში, კანონმდებლობაში და უზენაეს მართმსაჯულებაში, გადასახადების დაწესებაში და აკრეფაში საქართველოს მეფე სრულიად დამოუკიდებელი იყო (§ 63).

            თვით რუსეთის ხელმწიფის კარზე საქართველოს მეფეს თავისი მინისტრი, ანუ რეზიდენტი ჰყავდა და რუსეთის ხელმწიფესაც თავის მხრივ საქართველოს სამეფო კარზე რუსეთის წარმომადგენელი მინისტრი, ანუ რეზიდენტი იმყოფებოდა (§ 5). საქართველოს მეფეს საერთაშორისო დამოკიდებულების უფლებაც ჰქონდა, მხოლოდ იმ მხრივ შეზღუდული, რომ ამ ურთიერთობისათვის რუსეთის მინისტრ-რეზიდენტისა და მონაპირეთ-მთავართან წინასწარი შეთანხმება იყო საჭირო. სხვა სახელმწიფოების დესპანებისათვის, ან მიღებული წერილების გასაცემ პასუხის შესახებაც რუსეთის იმავე წარმომადგენელთან თათბირი უნდა ჰქონოდა (§ 4).

            ამ ხელშეკრულების მიზანი საქართველოსთვის იმაში მდგომარეობდა, რომ რუსეთის სახელმწიფო საქართველოს მიწა-წყლისა, მეზობლებისა და მტრებისგან დაცვა-დახმარებას კისრულობდა. ამისთვის მას ქართული ლაშქრისთვის მისაშველებლად აღმოსავლეთ საქართველოში 2 სრული ბატალიონი ქვეითობდა, ოთხი ზარბაზნითურთ უნდა ჰყოლოდა (ცალკე არტიკ. § 2). ეს მუხლი აღმოსავლეთ საქართველოს მხოლოდ მაშინდელ სამზღვრების ხელშეუხებლობას ეხებოდა.

            მაგრამ ერეკლე მეფეს მარტო ამისთვის არ დაუდვია ეს ხელშეკრულება: მას უფრო ფართო და შორსგამჭვრეტელი მიზანი ჰქონდა დასახული. ქართველების გაერთიანებასა სრულიად საქართველოს აღდგენაზე ოცნებობდა. ამიტომ ამ ხელშეკრულებაში მან განსაკუთრებულ მე-4-ე არტიკულად შეატანინა, რომ რუსეთის ხელმწიფე აღთქმასა სდებდა ომის დროს იარაღის საშუალებით, ხოლო მშვიდობიანობის დროს თავგამოდებით ყოველგვარად ეცდებოდა, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს დაუბრუნდენ  და მის სამფლობელოდ დარჩენ ყველა ის ადგილები, რომელიც მას ძველითგანვე ეკუთვნოდნენ. ამასთანავე რუსეთის ხელმწიფეები აღთქმას სდებდნენ, რომ საქართველოს ამ ახლად დაბრუნებულ და შემოერთებულ ქვეყნების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის თავდებობასაც კისრულობდნენ (არტიკ. 2).

            თავის მხრივ საქართველოს მოვალეობად ჰქონდა, რუსეთის სახელმწიფოს მიხმარებოდა და რუსეთის ქვეშევრდომებისადმი საქართველოში განსაკუთრებული მფარველობა გამოეჩინა (არტიკ. 7). მაგრამ ცხადია ამით არ განისაზღვრებოდა ის სარგებლობა, რომელიც ამ ხელშეკრულებას რუსეთისთვის უნდა მოეტანა. რუსეთის მთავრობა განსაკუთრებით იმ იდუმალ დიდ სარგებლობაზე ოცნებობდა, რომელსაც ასეთი წინასწარი სიამოვნებით მოელოდა ეკატერინე II -ე.

            თავდაპირველად ისე იყო გადაწყვეტილი, რომ 1783 2. ხელშეკრულება უნდა მთელ, დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოსთან ყოფილიყო დადებული და ამ ხელშეკრულების შავად დაწერილი დედანი სწორედ ასეც არის შედგენილი: ყველგან იქ ერეკლე მეფის სახელის გვერდით ქართლ-კახეთის სამეფოს მოხსენების დროს დამატებულია „იმერეთის მეფე სოლომონ“, ან „იმერეთის სამეფო“ (*). თვით სოლომონ მეფეც მოწადინებული იყო, რომ ეს ხელშეკრულება მასთანაც ყოფილიყო დადებული, მაგრამ რუსეთის მთავრობას ოსმალეთისა ეშინოდა, რომლისაგანაც რუსეთის თანხმობით დასავლეთი საქართველო ქუჩუკ-კაინარჯის ხელშეკრულებისდა მიხედვით ერთგვარს დამოკიდებულებაში იმყოფებოდა, სოლომონ მეფესთან და დასავლეთ საქართველოსთან ამგვარივე ხელშეკრულების დადება გადაწყვეტილი იყო მაშინვე, როცა კი ამისთვის ხელშემწყობი გარემოება იქმნებოდა (*).

            რა თვისების საერთაშორისო დამოკიდებულება მყარდებოდა 1783 წ. ხელშეკრულებით აღმ. საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფოს შორის? ამის შესახებ მკვლევართა შორის სრული თანხმობა არის.

            ბრიუსელის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ცნობილი პროფესორი ერნესტ ნესი (Ernest Nys) იმ აზრისაა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის 1783 წ. მეგობრობისა და კავშირის ხელშეკრულება იყო დადებული იგი ამბობს: („…“).

            ბერლინის უნივერსიტეტის განთქმული პროფესორის ფონ ლისტცის სიტყვით-კი ეს ხელშეკრულება რუსეთის პროტექტორატს და სუვერენობას ამყარებდა საქართველოზე, რომელიც შინაურ მართვა-გამგეობაში, კანონმდებლობაში და საეკლესიო სფეროში თუმც სრულებით დამოუკიდებელ, მაგრამ მაინც მის ვასალურ სახელმწიფოდ ხდებოდა („…“). თითქმის იგივე აზრი გამოთქმული აქვს ზ. ავალიშვილსაც თავის წიგნში („…“). მას აღნიშნული აქვს, რომ ის პოლიტიკური დამოკიდებულება, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის 1783 წ. ხელშეკრულების ძალით შეიქმნა, არც ვასალურ დამოკიდებულებას წარმოადგენს, არც პროტექტორატს, მფარველობას, არამედ ერთსა-და-იმავე დროს მფარველობაც, პროტექტორატიც იყო და ვასალური დამოკიდებულებაც(იხ. მეორე გამ. გვ. 141 და 143)(*).

 მ. ხელთუფლიშვილის აზრით 1783 წ. რუსეთს საქართველოს მიმართ წმინდა პროტექტორატის უფლება და მხოლოდ მფარველობა მიენიჭა (*).

            ასეთი აზრთა სხვადასხვაობა იმ გარემოებით აიხსნება რომ ხელშეკრულება ყოველმხრივ სრულს იურიდიულ ნაწარმოებს არ წარმოადგენს  და იქითგან თანამედროვე საერთაშორისო და სახელმწიფო სამართლის თვალსაზრისით თვითოეულ ზემომოყვანილ შეხედულების გასამართლებლად საბუთის მოყვანა შეიძლება.

            მაგრამ წარსული საკითხების დაფასება, თუნდაც ეს საკითხი სამართლის მეცნიერების სფეროს ეხებოდეს, თანამედროვე სამეცნიერო ნორმების მიხედვით-კი არ შეიძლება, არამედ ამასთანა შემთხვევებში ისტორიული თვალსაზრისი აუცილებელი და ერთადერთი უტყუარი გზა არის. თუ გამორკვეული იქმნება რა თვისებების დამოკიდებულების დამყარება სურდათ საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს, როდესაც 1783 წ. ხელშეკრულებას სდებდნენ, და თანაც გვეცოდინება, თუ რა სახელს უწოდებდნენ იმ დროინდელი ქართველები და რუსები ამ დამყარებულ საერთაშორისო დამოკიდებულებას, მაშინ თვით საკითხიც არსებითად გამორკვეული იქმნება.

            ზემოთქმულიდან უკვე ცხადია, რომ საქართველო რუსეთისგან დახმარებას და „მფარველობას“ ითხოვდა. იმ სრულრწმუნებულების  ქაღალდში, რომლითაც მეფე ერეკლემ თავის დესპანებს ხელშეკრულების დადება მიანდო, ნათქვამია, რომ ისინი უნდა ცდილიყვნენ აღმოს. საქართველოს მეფეების „მიღებისათვის… მფარველობასა ქვეშე იმისის იმპერატორებისით დიდებულებისასა“ (პრ, ა, ცაგარელის (*)). თვით რაინეგსაც რუსეთის მთავრობისაგან, როგორც უკვე აღნიშნული იყო, სწორედ ასეთი მინდობილობა ჰქონდა, რომ ერეკლე მეფისთვის რუსეთისაგან მფარველობის თხოვნა ერჩია. რუსეთის იმ დროინდელი ელჩი საქართველოში იმ დამოკიდებულებას, რომელიც 1783 წ. ხელშეკრულების ძალით დამყარდა, „მფარველობას“ „მფარველობით უფლებას“ (*) უწოდებს (*). მას აღნიშნული აქვს, რომ საქართველო მეფეები „ყოველთვის ერთმორწმუნეობის გამო დახმარებას და მფარველობას“ ეძებდნენ სრულიად რუსეთის ხელმწიფეებისაგან(*).

            უფრო დიდმნიშვნელოვანია ის საბუთი რომელიც 1783 წ. ხელშეკრულების შედგენის დროს ოფიციალურად თვით რუსეთის დედოფლის ეკატერინე II – ის ბრძანებით სახელმძღვანელოდ იყო დაწერილი. ამ საბუთებს სათაურად აქვს („…“).

            იქ სრულებით გარკვევით ნათქვამია, თუ რა თვისების ხელშეკრულება უნდა დადებულიყო და რაგვარი უფლებრივი დამოკიდებულება უნდა დამყარებულიყო ამ ხელშეკრულებით რუსეთის მთავრობის სურვილისამებრ საქართველოსა და რუსეთის შორის. ამ საბუთში სწერია: („…“)   „მის უდიდებულესობის აზრი იყო, რომ ქართველ მეფეებთან (ე. ი. ერეკლე II -სთან და სოლომონთან) დადებულიყო მოკავშირეობის ხელშეკრულება ისე, რომ ისინი ქვეშევრდომებად კი არა, არამედ სრულიად რუსეთის სახელმწიფოს მფარველობის ქვეშე მყოფ მოკავშირეებად ყოფილიყვნენ წოდებულნი“.

            იმაზე მკაფიოდ წადილისა და აზრის გამოთქმა შეუძლებელია.

            საკმარისია 1783 წ. ხელშეკრულება გადაიკითხოს ადამიანმა, რომ დარწმუნდეს, თუ როგორის სისწორით აუსრულებიათ რუსეთის დედოფლის ეკატერინე II-ეს ზემომოყვანილი დავალება: არსად მართლაც საქართველოს მეფის და ქართველ მოქალაქეთა შესახებ რუსეთის ქვეშევრდომობის ხსენებაც არ არის. სამაგიეროდ ისევე, როგორც თვით რუსეთის ხელმწიფესაც ჰსურდა, იქ ნათქვამია, რომ რუსეთის ხელმწიფე პირადადაც და თავის შთამომავლობის მაგიერადაც აღთქმასა სდებს საქართველო რუსეთის სახელმწიფოსთან „მჭიდრო კავშირში და სრულს თანხმობაში მყოფად ჩასთვალოს“ და მისი მტრები თავის მტრებად მიიჩნიოს.

            მეორე მხრით ისევ ფრიად საყურადღებოა, თუ როგორ უყურებდა ერეკლე მეფე ამ ხელშეკრულებას და რანაირ დამოკიდებულებად სთვლიდა იმ მდგომარეობას, რომელიც ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიქმნა? როგორც ქვევით თავის ადგილას აღნიშნული იქმნება, ერეკლე II-ემ ვითარცა სრულიად  საქართველოს უზენაესმა მეფემ დასავლეთ საქართველოს მეფესა და მთავართა მოთხოვნით იკისრა მათთვისაც ისეთი უფლებრივი დამოკიდებულება მოეპოვა რუსეთთან, როგორიც თვით მას ჰქონდა 1783 წ. ხელშეკრულების ძალით. ამის შესახებ ერეკლე მეფის წერილობითი განცხადებაა შენახული და სწორედ ამ საბუთითგან ნათლად სჩანს მისი აზრი საქართველო-რუსეთ შორის  მყოფ უფლებრივი დამოკიდებულების შესახებ. მას ნათქვამი აქვს : ვკისრულობ „შუამდგობითა ჩემით მოგიპოვოთ მფარველობა და კავშირი უზენაესი საიმპერატორო მთავრობისა“-ო. ხოლო იქ სადაც იმერეთის მეფე სამეგრელოს მთავარი და გურიელი თავის მხრით აღთქმას უდებენ, რომ ამ ფარგლებში რასაც კი, ერეკლე მეფე გაარიგებდა, უთუოდ შეიწყნარებენ. მათ ნათქვამი აქვთ: „უზენაეს საიმპერატორო მთავრობის მფარველობა და კავშირი თქვენის უმაღლესობით ჩვენდა სასარგებლოდ მოპოვებული მოვალე ვარ მივიღო“-ო (*). ამგვარად სრულებით ცხადია, რომ მეფე ერეკლე, სოლომონ მეფეც და მთავრებიც ყველანი დარწმუნებული იყვნენ, რომ საქართველოს რუსეთთან ჰქონდა მხოლოდ „მფარველობა და კავშირი“.

            მაშასადამე 1783 2. ხელშეკრულება თვით ხელშემკვრელ მხარეებს „მფარველობითი მოკავშირეობის“ ტრაკტატად მიაჩნდათ და ჩვენც არავითარი უფლება არ გვაქვს გვერდი ავუხვიოთ მათს ცხადად გამოთქმულს ამ ნებისყოფას და იმ ზოგიერთი განსხვავების გამო, რომელიც თანამედროვე მეცნიერებასა და მაშინდელ უფლებრივ შეხედულებათა შორის არსებობს. 1783 წ. ხელშეკრულება სხვა თვისების საბუთად ჩაითვალოს.

***

V  თ ა ვ ი 

1783 წ. ხელშეკრულების შედეგი

            1783 წ. ხელშეკრულებას საქართველოსთვის სარგებლობა არა მოუტანია რა. ზიანი-კი აუარებელი. პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესების მაგიერ საშინლად გაუარესდა. ხმა ამ ხელშეკრულებას და რუსეთის საელმწიფოს მფარველობას დიდი ჰქონდა. საქმით კი ძალიან მცირედი იყო ის დახმარება, რომელსაც რუსეთის მხრით საქართველოს აღმოეჩინა. ხელშეკრულების თანახმად საქართველოში 2 ბატალიონი რუსის ჯარი მოვიდა სამაგიერო შეექმნა „შიშნეულობა მხედრობისა გამო რუსეთისა“ ადერბეჯანის ხანებს, რომლებთაც  წინათ, როგორც აღნიშნული იყო, მეფე ერეკლესთან კარგი განწყობილება ჰქონდათ. მათ საღი ალღოთი იგრძნეს, რომ სამქ მარტო საქართველოს მფარველობით არ გათავდებოდა და ამას აუცილებლად მოჰყვებოდა მათი „დაპყრობა ძალითა როსიის მხედრობისათა“. ამ მოსალოდნელი განსაცდელი წინაშე ადერბეჯანის ხანებმა ერთიერთმანეთის მტრობა დაივიწყეს და შეექმნათ ერთიერთმანეთისადმი დაფარვით „დინ-თასლიბისა თანხმობა“(*).~

            არაფრად მოეწონათ საქართველოს რუსეთთან დაკავშირება ოსმალებს და ახალციხის ფაშას სულეიმანსაც. წინათ მასაც ერეკლე მეფესთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, 1783 წ. ხელშეკრულებამ ისიც დააფრთხო და საქართველოს მეფის მტრად აქცია(ომ. ხერხეულიძე, ჭიჭ. 247, ჩუბ. 498). ოსმალეთმა თავის ჩვეულებრივს ხერხს მიჰმართა და ფულით დაღესტანიც აამხედრა საქართველოს წინააღმდეგ(*). „სულეიმან ფაშამ მოუწოდა დაღესტნის ომარხანს, ხუნძახის ბატონს“, და ისიც 30.000 ჯარით კახეთს შემოესია(ომ. ხერხეულიძე იქვე).

            თვით ერეკლე მეფის უერთგულესი ყმად-ნაფიცი და მეგობარი შუშის ხანიც-კი რუსების შიშით საქართველოს მეფეს გადუდგა და გადაემტერა. მის ჩაგონებით განჯელებმა ერეკლე მეფის მიერ დანიშნული განჯის გამგე გააძევეს(იქვე). ყაზახის, შამშადილისა და შამქორის ელებიც, რომელთაგან საქართველოს 6000-მდე საუკეთესო ცხენოსანი მებრძოლი ემატებოდა ხოლმე, ამავე პოლიტიკურ მიზეზის გამო შუშის ხანს მიემხრნენ და მტრობა დაიწყეს(*).

            დაღესტნელების შემოქცევა რომ უკუექცია ერეკლე მეფემ სექტ. 1783 წ. ქართული და რუსული მხედრობითურთ განჯის წინააღმდეგ გაილაშქრა. სრული გამარჯვება იყო მოსალოდნელი, რომელსაც ერეკლე მეფის წინანდელი სახელი უნდა აღედგინა. მაგრამ სრულებით მოულოდნელად რუსის ჯარის უფროსს მინისტრ-რეზიდენტს ბურნაშევს პოტიომკინისგან საქართველოთგან დაბრუნების შესახებ ბრძანება მოუვიდა. მან განუცხადა მეფეს, რომ „დღესვე უნდა გავბრუნდეო“ და რამდენი არ სთხოვა ერეკლემ, რომ ლაშქრობის დამთავრებამდე მაინც მოეცადა, არ დარჩა. საჩქაროდ აიყარა და გამობრუნდა ტფილისისკენ, ხოლო იქითგან რუსეთში  გაემგზავრა მთელი ჯარით(*).

            1783 წ-ის ხელშეკრულების წყალობით საქართველო გაძლიერების და გარეშე მტრებისგან უზრუნველყოფის მაგიერ სამის მხრით მტრებისგან გარშემორტყმული გახდა და განუწყვეტლივ საომარ განწყობილებაში ჩავარდა იმ თავის მეზობლებთანაც, რომელნიც წინათ მისი ერთგული მოკავშირენი იყვნენ.თვით ერეკლე მეფე და მმართველი წრეებიც ხედავდნენ, ამ პოლიტიკური ნაბიჯის გამოისობით საქართველო ისეთს საშინელს განსაცდელში ჩავარდა, რომლის მსგავსში შაჰაბაზის შემდგომ არ ყოფილა(*).

            ოსმალეთმა ახალციხის შაჰის პირით ერეკლე მეფეს შემოუთვალა, რომ ოღონდ ის რუსეთს ჩამოჰშორებოდა და რუსის ჯარი საქართველოთგან გაესტუმრებინა, და არამც თუ წინანდელი კეთილ-მეზობლური დამოკიდებულება საქართველოსთან აღდგენილი იქმნებოდა, არამედ გაცილებით უფრომმეტ სარგებლობასაც ჰპირდებოდა. ერეკლე მეფემ უარი შეუთვალა. ამის გამო 1786  წ. თურქები ფოთისა და ბათუმის გამაგრებას შეუდგნენ. 12.000 დაღესტნელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო მათ მიერ ნაქირავები.

            ერეკლე მეფე რწმუნდებოდა , რომ რუსეთის დახმარება და მფარველობა იმდენად მცირედი (სულ 1800 ჯარის კაცი) იყო, რომ ის ვერაფერს უშველიდა. ამიტომ რომ ქვეყანა მოსალოდნელი შემოსევისაგან და ოსმალეთის გულისწყრომისაგან ეხსნა, იძულებული იყო ახალციხის ფაშისთვის დაზავების პირობად აღეთქვა, რომ ის მეტს რუსის ჯარს საქართველოში აღარ შემოიყვანდა. მაგრამ ოსმალეთმა ეს საკმარისად არ დაინახა და ამ დაპირების ასრულების საწინდრად 12 საუკეთესო თავადთა საგვარეულოგან ორი წარმომადგენელი ამანათად მოითხოვა. ერეკლე მეფე იმდენად უმწეო მდგომარეობაში იყო, რომ იძულებული გადა 1787 წ. ივნისში ეს მძიმე და დამამცირებელი მოთხოვნილება აესრულებინა(*) .

            რუსეთმა თავის ჯარი საქართველოთგან იმიტომ გაიყვანა, იძულებული იყო ოსმალეთთან ომში ჩაბმულიყო. ერთ-ერთ მიზეზად, რომელმაც ოსმალეთი რუსეთის მტრად აქცია და ომი გამოიწვია, რუსეთის საქართველოში მფარველის სახით შემოსვლა იყო. 15 ივლისს 1787 წელს ოსმალეთმა რუსეთის დესპანს გადაჭრით მოსთხოვა, რომ მას საქართველოსთვის თავი დაენებებინა და ამ ქვეყნისა და სახელმწიფოს საქმეებში აღარ გარეულიყო. მალე ოსმალეთმა რუსეთის წინააღმდეგ მტრული მოქმედება დაიწყო კიდეც, ხოლო 7 ენკ. 1787 წ. რუსეთმაც ოსმალეთს ომი გამოუცხადა(*).

            ასეთ პირობებში იმ მცირედ ჯარის გაყვანის მაგიერ, რუსეთისგან, ვითარცა მფარველის მხრივ, სრულებით ბუნებრივი იყო საქართველოსთვის უფრო მეტი ჯარის მოშველება იმიტომ, რომ რაკი უთანხმოების ერთ-ერთ მიზეზად საქართველო ითვლებოდა, ოსმალეთის მხრით ამ ქვეყნის წინააღმდეგ მტრული მოქმედება თავისდათავად მოსალოდნელი იყო. მაგრამ რუსეთის სამხედრო შტაბმა სამხედრო  გეგმა ისე შეადგინა, ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლა ამ მხრითგან განზრახული არ იყო. ამიტომ რუსეთის მთავრობამ საქართველო მიატოვა და გადასწყვიტა, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქმნებოდა თავის ძალით და წინანდელ მშვიდობიანი კავშირის აღდგენით თავისი თავი ამ  ომის დროს ოსმალეთისაგან უზრუნველ ეყო(*). ასე უცნაურად, სხვა არა იყოს რა მსჯელობდა საქართველოს „მფარველი“ რუსეთის სახელმწიფოს მთავრობა, რომლის თაოსნობითაც, როგორც ვიცით, დადებული იყო 1783 წ-ის ხელშეკრულება ეგოდენ მშვენიერ საზეიმო აღთქმებით აღსავსე.

            რუსეთის მთავარსარდალმა და ფელდმარშალმა თავად პატიომკინმა კიდევ იმდენი ურცხვობა გამოიჩინა, რომ 1788 წელს ასე უმწეოდ მიტოვებულს საქართველოს მეფესა ერეკლე II-ეს აქეზებდა, რომ მას სოლომონ მეფესთან შეთანხმებით ოსმალთა წინააღმდეგ ემოქმედა. მაგრამ მეფის გული მწუხარებისა წყრომისა ცეცხლით იყო მოცული და მწარე გამოცდილებამ მას უკვე საკმაოდ თვალი აუხილა, რომ ასეთ უცნაურ რჩევისთვის ყური ეთხოვებინა(*).

***

VI  თ ა ვ ი.

 რუსეთის მიერ მიტოვებულ საქართველოს მდგომარეობა



          საქართველო ისევ მარტოდ-მარტოდ დარჩა. ერეკლე მეფემ ამ გაჭირვებულ მდგომარეობაშიც იმდენი დიპლომატიური ნიჭი გამოიჩინა, რომ აბობოქრებული მტრები დააშოშმინა და მეზობლებთან შედარებით მყუდროება ჩამოაგდო(*). ამასთანავე მან ძლევამოსილ სამხედრო მოქმედებით 1788 წ. განჯაც დაიმორჩილა(იქვე II 278-283). განჯაში გაქცეული შამშადილისა და ყაზახის ელნიც ისევ საქართველოში დაბრუნდნენ (იქვე,II, 278).

            1790 წელს საქართველოს მეფე-მთავრების სრული შეთანხმება მოხდა და მათ შორის ერთობის კავშირი იყო შეკრული. „ვინაითგან ყოველთავე ივერიელთა მსახლობელთა სამეფოსა შინა ქართლისა, კახეთისა, იმერეთისა, ოდიშისა და გურიისასა აქვთ ერთმორწმუნეობა, არიან ძენი ერთისა კათოლიკე ეკლესიისგან შობილნი და ერთისა ენისა მქონებელნი, აქვსთ… სიყვარული ვითარცა სისხლით ნათესავთა და მოყვრობით შეკრულთა ურთიერთსა შორის, ამისთვის ჩვენ ზემოთხსენებულნი ქვეყანათა ივერისათა მეფენი და მთავარნი, დამამტკიცებელნი საუკუნოისა პირობისა… აღვსთქვამთ მტკიცესა ამასა ერთობასა“ (*).

            ამ ხელშეკრულებით საქართველოს განცალკევებული ნაწილების პოლიტიკური ერთობა მყარდებოდა კავშირის სახით. ამ კავშირს ერთი უზენაესი თავი ჰყავდა, რომელიც უაღრესი ხელმწიფებით იყო მოსილი. საქართველოს სამეფო-სამთავროთა კავშირის ასეთ თავად ქართლ-კახეთის მეფე იყო ცნობილი, იგი კავშირის დანარჩენ ნაწილების წარმომადგენლებს შემდეგს პირობას უყენებდა: ჩვენ „მეფე ქართლისა, კახეთისა  და სხვათა ირაკლი მეორე… გარწმუნებთ ყოვლისა საიმერეთოსა მეფესა… სოლომონსა და მთავარსა ოდიშისა და სხვათა სამთავროთა დადიანს გრიგოლს და მთავარსა გურიისასა სვიმონს და ერთობ თავადთა, აზნაურთა და ერთა“ დასავლეთ საქართველოისათა, რომ „ვიყო მწადნელი ბედნიერებისა თქვენისათვისა და დაცვად ზეთა იმერეთისათა (ე.ი. ლიხი იმერ.) ვითარცა მამა საზოგადო მათი“ და „უკეთუ აღსდგეს მტერი ვინმე თქვენზედა დიდი ანუ მცირე, მხედრობითა ჩემითა ანუ სხვითა ძალითა, სიტყვითა და საქმითა… მზა ვიყო შემწედ თქვენადა“ (იქვე II, 1, გვ 483-484).

            მაშასადამე კავშირის თავი მოვალე იყო მთელი საქართველოს დაცვაზე და კეთილდღეობაზე ეზრუნა და მთელი თავისი სამხედრო, თუ დიპლომატიური, ან სხვა გვარი ძალა შეეწირა ამ მიზნის მიღწევისთვის. თავის მხრივ დასავლეთი საქართველოს ყველა მეფე-მთავრები ამ კავშირის თავის, ქართლ-კახეთის მეფის, უზენაესს უფლებასა და ხელმწიფებას აღიარებდნენ. ეს გარემოება კავშირის ყველა წევრებს იმერეთის მეფეს სოლომონ II-ესა, სამეგრელოს მთავარს გრიგოლს და სვიმონს გურიის მთავარს სათითაოდ საკუთვრივ აღნიშნული აქვსთ: „თქვენი უმაღლესობის უ ზ ე ნ ა ე ს ხ ე ლ მ წ ი ფ ე ბ ა ს მამებრ – საგონებლობითს აღვიარებ“-ო(*).

            რუსეთმა, რომ ოსმალეთთან ომი გაათავა, 1792 წ. თვალი კვლავ სპარსეთისკენ იბრუნა. სპარსეთში თანდათანობით აღამაჰმედ ხანი ძლიერდებოდა. 1786 წ. აღამაჰმედ ხანმა, როცა ჯერ კიდე თავის მეტოქეებთან ბრძოლა ჰქონდა, ერეკლე მეფეს შემოუთვალა, რომ ის მისი მეგობარია და მასთან კავშირის შეკვრა სწადიან, მთელ ადერბაიჯანსაც კი მის სრულუფლებიან მართვა-გამგეობაში გადმოსცემდა, ოღონდ მისთვის რუსეთის ხელმწიფის კეთილგანწყობილების  მოპოვებაში დაჰხმარებოდა(*). პირველ ხანებში რუსეთი მას დიდის ყურადღებით ეპყრობოდა კიდეც(იქვე II. 304-305). მაგრამ იმავე დროს რუსეთის მთავრობა მის მოქიშპეს გულანის მმართველს მურთუზა-ყული ხანსაც მფარველობას უწევდა და ეხმარებოდა იმიტომ, რომ ის თავისი თავის გასაძლიერებლად რუსეთის ქვეშევრდომობის მიღების სურვილის გამჟღავნებასაც-კი არ დაერიდა(იქვე. II, 304). ეს რასაკვირველია არაფრად მოეწონა აღა-მაჰმედ ხანს. მან ბრძანება გასცა, რომ გილანი აეღოთ, მურთუზალი ხანი მოეკლათ, რუსთა ახალშენი ენზელში მოესპოთ და რუსის ქვეშევრდომები აეკლოთ(იქვე II, 309).მრავალგზის ბრძოლის შემდგომ მურთუზა-ალი-ხანი იძულებული იყო სპარსეთითგან გაქცეულიყო და რაკი ამაში რუსები ეხმარებოდნენ, აღა-მაჰმედ-ხანსა და რუსებს შორი მტრული განწყობილება ჩამოვარდა(იქვე II, 323-326).

            1791 წ. აღა-მაჰმედ-ხანმა ადერბაიჯანში გაილაშქრა იქაურ ხანების დასამორჩილებლად და ამითაც შიშით მძევლები მისცეს და ყოველწლიური ხარკი დაიდეს. ჯერი შემდეგ ყარაბაღისა და ერევნის ხანებზეც მიდგა. ორთავემ აღა-მაჰმედ-ხანის მოთხოვნილება უარჰყვეს. ერევნის ხანმა იბრაჰიმ-ხანმა თანაც შეუთვალა, რომ ის საქართველოს მეფის ერეკლე II-ის სრულს მორჩილებაშია და სწორად ამიტომაც არ შეუძლიან აღა-მამედ-ხანის მოთხოვნილება აასრულოს. ამ უკანასკნელს გადაწყვეტილი ჰქონდა ორთავე ხანი ძალით დაემორჩილებინა. ასეთ გარემოებაში სრულიად ბუნებრივი იყო, რომ ერეკლე მეფეს აღა-მაჰმედ-ხანის შემოსევის მოლოდინი ჰქონდა(*). რუსეთის მთავრობამ ყველა ეს ამბავი მშვენივრად იცოდა, მაგრამ არავითარ ყურადღებას არ აქცევდა იმ საბრთხეს, რომელიც მის ერთგულ მოკავშირეს, პატარა საქართველოს სპარსეთისგან მოელოდდა. მაშინ 1792 წ. თვით ერეკლე მეფეს რუსეთის მთავრობას 1783 წ. ხელშეკრულების არსებობა მოაგონა და ამის ძალით საქართველოში ჯარის გამოგზავნა მოითხოვა. რუსეთის ხელმწიფემ ეკატერინემ 8 მაისს იმავე წელს საქართველოს მეფეს მოკლედ და ცივად შემოუთვალა, რომ „საქართველოში ჯარის გამოგზავნა ეხლა საჭიროდ არ არის ცნობილი და სანამ საამისოდ ხელსაყრელი შემთხვევა და ხელშემწყობი პირობები არ შეიქმნება, ჩვენი ჯარების მანდ ყოფნის საკითხი გადადებულიაო“(*). ისე გამოდიოდა, რომ ხელშეკრულებას მხოლოდ მაშინ ჰქონდა ძალა, როცა ამას რუსეთი საჭიროდ დაინახავდა და არა მაშინ, როცა საქართველოს უჭირდა.

            საბედნიეროდ სპარსეთში ატეხილმა არეულობამ აღა-მაჰმედ-ხანს 1792 წ. საშუალება არ მისცა, რომ თავისი ზრახვა განეხორციელებინა: ის იძულებული იყო შინ გაბრუნებულიყო.

***

VII თ ა ვ ი.

 აღა-მაჰმედ-ხანის შემოსევა საქართველოში

        1794 წ. აღა-მაჰმედ ხანმა სძლია თავის უკანასკნელ მოწინააღმდეგეს ლოფტ-ალი-ხანს, რომელსაც თვალები დაათხრეინა.  ამის შემდგომ აღა-მაჰმედ-ხანმა თავისი თავი სპარსეთის ერთად-ერთ ბატონ-პატრონად იგრძნო და თავი სპარსეთის შაჰის ჯიღით შეიმკო. მაშინვე ის სპარსეთის სამზღვრების გაფართოვებას შეუდგა და პირი კვლავ ადერბაიჯანისა და საქართველოსკენ იბრუნდა (იქვე II, 327-328). იმავე 1794 წ. მეფე ერეკლემ რუსეთში დესპანად გენერალი გარსევან ჭავჭავაძე გაგზავნა(იქვე II, 355), რომელსაც ვითარცა რუსეთში წინათაც ნამყოფს, პეტერბურგის მთავრობაზე გავლენა შეეძლო მოეხდინა, რომ ხელშეკრულება რუსეთის მხრით ასრულებული ყოფილიყო.

            1795წ. მაისში აღა-მაჰმედ-ხანმა არდაველში 100 000 კაცამდე ჯარის შეგროვება დაიწყო იმ მიზნით, რომ ჯერ ადერბაიჯანის ყველა ხანები ძალით დაემორჩილებინა, ხოლო შემდეგ საქართველოს დასაპყრობად წამოსულიყო, რომ ამ უკანასკნელისთვის ძალა დაეტანებინა და სპარსეთის უზენაესი უფლება ეცნობებინა(*).

            ერეკლე მეფემ მოსალოდნელი უბედურების ამბავი იმავე 1795 წ. მაისში რუსეთის მონაპირე ჯარის უფროსს აცნობა და ხელშეკრულების ძალით 3000 ჯარისკაცის მოშველება სთხოვა(იქვე II, 335). ერეკლე მეფეს რუსეთის მხრით დახმარების სრული იმედი ჰქონდა და ეჭვიც არ ებადებოდა რომ მეშველი ჯარი მოუვიდოდა. იგი თავის ერთგულს ყმადნაფიცს შუშის ხანს ქართველი ჯარით ალექსანდრე ბატონიშვილის სარდლობით მიეშველა. ამის წყალობით სპარსეთის შაჰის ლაშქარი დამარცხებული იქნა(იქვე II, 333).

            აღა-მაჰმედ-ხანმა თავის ელჩის პირით ერეკლე მეფეს მოსთხოვა, რომ რუსეთის ხელმწიფის მფარველობა ერთხელდა სამუდამოდ უარეყო და სპარსეთისა აღიარებინა. რუსეთითგან მეშველ ჯარის მომლოდინემ ერეკლემ შაჰს ცივი უარი შეუთვალა(იქვე II, 337).

            რუსეთის მონაპირე ჯარის უფროსმა 1792 წ. უარყოფითი განკარგულების გამო თავისი მეშველი ჯარის საქართველოში გამოგზავნა ვერ გაბედა და 7 მაილლ 1795 წ. ერეკლე მეფის თხოვნა თავის მთავრობას აცნობა, მაგრამ რუსეთის მთავრობა არ ჩქარობდა:  პასუხი არ მოდიოდა.

            ერეკლე მეფე გრძნობდა აუცილებელ განსაცდელს და რუსეთს შველას ემუდარებოდა. 2 აგვისტოს მონაპირე ჯარის უფროსმა თავის მთავრობას საქართველოს გაჭირვებული მდგომარეობა და ერეკლე მეფის თხოვნა ხელმეორედ აცნობა(იქვე, II, 355). ამასობაში აღა-მაჰმედ-ხანი დაიძრა, 10 ენკენისთ. 1795 წ. ცხენოსანი ჯარიდ მსწრაფად საქართველოს დედაქალაქს მოადგა და ორი დღის შემდგომ აიღო: ჯერ მთლად გაცარცვა და წაიღო რის წაღებაც-კი სამეფო სახლითგან შეიძლებოდა, შემდეგ ეს მშვენიერი სასახლე მთლად დაანგრია და ქალაქი ცეცხლით გადასწვა.

            შაჰის ჯარმა საშინელი სიმხეცე გამოიჩინა. ტფილისის მიდამოებიც მოკლული მამაკაცებისა, ქალებისა და ბავშვების გვამებით იყო მოფენილი. სატახტო ქალაქს რომ მორჩნენ, მერმე შიდა და ქვემო ქართლის აოხრებას შეუდგნენ. განძვინებულნი იჭერდნენ ხალხს და ვინც წინააღმდეგობას გაბედავდა  ხოცავდნენ, დანარჩენი ტყვეთ მიჰყავდათ. აღა-მაჰმედ-ხანის შემოსევამ ისე გაანადგურა აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო, რომ იმ 61 000 კომლითგან, რომელიც შემოსევამდე მაგალითად თუნდ 1783 წ-ს იყო, 1795 წ-ის შემოსევის შემდეგ 35 000 კომლი ძლივს-ღა იქმნებოდა შერჩენილი(*).

            სიბერის დროს ძლიერ „მფარველ“ მოკავშირის მიერ მოტყუებული, ამ პირველ თავზე დამტყდარ საშინელ უბედურებით გულგატეხილი, ოთხმოცი წლის მოხუცი მეფე იძულებული იყო მწუხარებით და სასოწარკვეთით აღსავსე ანანურის მონასტერში შეხიზნულიყო. მაგრამ სპარსეთის შაჰმა არც აქ მოასვენა: აღა-მაჰმედ-ხანმა ერეკლე მეფეს კვლავ შემოუთვალა, რომ თუ ის მის უზენაეს უფლებას სცნობდა და ერთ-ერთ ბატონიშვილს მას მძევლად გამოუგზავნიდა, მაშინ შაჰი თავის მხრივ ყველა ტყვეს განუთავისუფლებდა, ყველაფერს, რაც თბილისში ომისგან დაზიანებული იყო, შეაკეთებდინებდა და თანაც მოკავშირეობის ხელშეკრულებასაც დასდებდა. ამ აუწერელ უბედურებაში მყოფმა მეფე ერეკლემ თავის დამცირება მაინც არ ინდომა და მოსისხლე მტერს არავითარი პასუხი არ აღირსა(*).

            8 დღის განმავლობაში ქართლის აოხრებისა და დაწიოკების შემდგომ, აღა-მაჰმედ-ხანი უკვე კახეთში აპირებდა გალაშქრებას, რომ ერთბაშად საქართველოთგან გასვლა ამჯობინა რათგან ყარაბაღის ხანი და ზოგი სხვაც დამორჩილებული არა ჰყავდა და ამის გამო ზურგი უზრუნველყოფილი არა ჰქონდა. საქართველოს სრული განადგურება მან შემდეგი, უფრო მარჯვე დროისთვის გადასდვა (იქვეII, 341).

            ტფილისის აღებისა და განადგურების მხოლოდ 18 დღის შემდგომ, 1 ოქტომბერს, მოუვიდა რუსეთის მონაპირე ჯარის უფროსს თავის მთავრობისაგან ბრძანება, ხელშეკრულები ძალით და ჩვენი ღირსებისა და ინტერესების თანახმად საქართველოს მეფეს ორი სრული ბატალიონი ჯარით მიეშველეთო. მას ამასთანავე უფლება ეძლეოდა საჭიროებისამებრ კიდევ ორი ბატალიონი მიემატებინა დამხმარე რუსთა ლაშქრისთვის(*). ეს მეშველი ორი ბატალიონი აღმ. საქართველოში მხოლოდ 1795 წ. დეკემბრის დამდეგს მოვიდა.

            ერეკლე მეფემ ქვეყნის აოხრების გამო რუსეთის მთავრობას 1. 000. 000 მ. სთხოვა სესხად და საწინდრად თავისი და თავის სახლობის მამულებს იძლეოდა, მაგრამ ამის პასუხი არ მოდიოდა. ამავე დროს ოსმალეთის მთავრობა ამ სესხს აძლევდა რასაკვირველია იმ იმედით, რომ საქართველოს გული თავიანთვის მოეგოთ და რუსეთისაგან აეყრეინებინათ.  რაკი რუსეთის სამხედრო დახმარებაც მაშინდელ პირობებში მეტად მცირედი იყო და სესხის შესახებაც რუსეთის მთავრობისაგან არავითარი პასუხი  არ მოსდიოდა, ერეკლე მეფეს გამოცდილების გამო ეჭვი შეეპარა, რომ რუსეთისგან შეპირებულ ძლიერს სამხედრო დახმარებას ოდესმე მართლაც ეღირსებოდა. ამიტომ ერეკლე მეფე ყოყმანში იყო, უარეყო თუ არა ოსმალეთის წინადადება(იქვე II, 345).

***

V I I I  თ ა ვ ი

რუსეთის გალაშქრება არა-მაჰმედ ხანისა და სპარსეთის წინააღმდგ. 1798 წ.  მისი მოჩვენებით და ნამდვილი მიზეზები და დასასრული

1796 წ. მარტში რუსეთის მთავრობამ სპარსეთს ომი გამოუცხადა. ეკატერინე მე- II-ის მანიფესტში, რომელიც ომის დაწყებისთანავე გამოქვეყნდა, ნათქვამი იყო, რაკი სპარსეთის მთავრობის ზოგიერთი მოხელეები რუს ქვეშევრდომ ვაჭრებს ავიწროვებდნენ, ხოლო თვით აღა-მაჰმედ-ხანმა ღრუსეთის  წარმომადგენელს შეურაცხყოფა მიაყენა, დასასრულ, რათგან სპარსეთის შაჰი საქართველოს შეესია და მოსამზღვრე ხანებს მოსვენებას არ აძლევს, ამიტომ საქართველოს მეფის თხოვნა მფარველობისა და დაცვის შესახებ შევისმინეთ და ჩვენს ჯარს სპარსეთის სამზღვრების გადალახვა ვუბრძანეთო(*).

რუსეთის მთავრობამ ეს საჯარო განცხადება ომის მიზეზების შესახებ სპარსულად, ქართულად და სომხურად დაბეჭდა და ამ ხალხთა შორის გაავრცელა. ერეკლე მეფეს, შუშის ხანს იბრაჰიმ-ხანსა და ყარაბაღის მელიქებს და დაღესტან-შირვანის მფლობელით ამას გარდა საგანგებოდაც აცნობეს, რომ რუსეთი თავის მხედრობით მათ განსათავისუფლებლად მოდის და ამიტომ მათგან მადლობასა და დახმარებას ელის (იქვე II, 372).

მაშასადამე რუსეთის მთავრობას საქმე ისე ჰქონდა საქვეყნოდ მოჩვენებული, ვითომც ის საქართველოს აოხრების გამო შურის მაძიებლად გამოდიოდა და შუშისა, შირვანისა და დაღესტნის ხანებსა და ყარაბაღის მელიქების მყუდროებას იცავდა. მაგრამ ეს მხოლოდ თვალების ასახვევად და შესაცდენად იყო გამოცხადებული. ომის ნამდვილი მიზეზი და მიზანი კი სულ სხვა ყოფილა.

1795-1796 წ-ის ზამთარში აღა-მაჰმედ-ხანის ბრძანებით ენზელში რუსთა ყველა ხომალდები და ვაჭრები დაიჭირეს(*). რუსეთის მაშინდელი მთავრობა მეტად ფხიზლად ადევნებდა თვალყურს თავისი ქვეშევრდომების სავაჭრო ინტერესებს. მეტადრე სპარსეთში ცდილობდა ამ მხრივ მტკიცედ ფეხის მოკიდებას. რათგან აქეთგან მას ფართო და უაღრესად მიმზიდველი სამოქმედო ასპარეზი ეხატებოდა. ამიტომ რუსეთის მთავრობამ ზემოაღნიშნულ შემთხვევას დიდი ყურადღება მიაქცია(იქვე).

რუსეთის მთავრობა ხედავდა, სპარსეთში მომხდარი ამბები იმ ინტერესებისათვის და მიზნებისათვის, რომელიც მას დასახული ჰქონდა, მეტად სახიფათო იყო. მას-კი ჰსურდა, რომ რუსეთის ვაჭრობა სპარსეთში, ისე გაძლიერებულიყო, რომ მარტო კასპიის ზღვის პირას-კი არა, არამედ ქვეყნის თვით შუაგულშიც ყოფილიყო გავრცელებული. მას იმედი ჰქონდა, ამ ადგილებითგან ინდოეთისაკენ გზის გახსნა უფრო მარჯვედ მოხერხდებოდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ ამნაირად რუსეთი ინდოეთის მდიდარს ვაჭრობას ევროპელ ხალხებზე გაცილებით უფრო მოკლე გზით ჩაიგდებდა ხელში, რათგან ისინი ამისთვის „კეთილი იმედის კონცხს“ უვლიდნენ ხოლმე. ამის გამო რუსეთის მთავრობას ამ გეგმის განხორციელების წყალობით  აურაცხელი სიმდიდრე და სარგებლობა ეხატებოდა(*) (**).

რუსეთის მთავრობას საჭიროდ მიაჩნდა, რომ სპარსეთში ერთის მხრით მშვიდობიანობა და წესიერება ყოფილიყო. იმიტომ რომ უამისოდ მისი საკომერციო ფართო გეგმის განხორციელება შეუძლებელი იქმნებოდა. ამისთვის კი ძლიერი გაერთიანებული მთავრობა უნდა ყოფილიყო სპარსეთში. მაგრამ მეორეს მხრით რუსები ფიქრობდნენ, სპარსეთის გაერთიანება და გაძლიერება რუსეთისთვის სასარგებლო კი არა, სახიფათოც იყო(**). ეს აღა-მაჰმედ-ხანის მოქმედებამაც ცხად-ჰყო. ამიტომ რუსეთმა გადაწყვიტა, რომ აღა-მაჰმედ-ხანის გაძლიერება და მის საბრძანებლის სამზღვრების გაფართოება რუსეთის მთავრობის ფართო ეკონომიურ და პოლიტიკურ გეგმას ეწინააღმდეგებოდა და სავაჭრო ინტერესებისათვის ფრიად სახიფათო იყო. აღა-მამედ-ხანი უნდა დაუძლურებულიყო, სპარსეთშიაც რუსეთისთვის კარი ფართოდ უნდა გაღებულიყო.

            ასეთ პირობებში რუსეთს საქართველოს გამოყენება მშვენივრად შეეძლო. ის ჯერ ეს ერთი გამოდგებოდა პოლიტიკურად მით, რომ ოსმალეთთან და სპარსეთთან ომის დროს რუსთა საქმისთვის სასარგებლო იქმნებოდა. ამიტომ მისი გაძლიერებაცა და გაფართოებაც ამ ჟამად ურიგო არ იქმნებოდა. მეორეც ისა, რომ რუსეთს საქართველოს გამოყენება შეეძლო ეკონომიურადაც, რათგან მის საშუალებით უფრო განმტკიცდებოდა და უზრუნველყოფილი იქმნებოდა რუსეთის ვაჭრობა სპარსეთში(**) (*).

ამ სარგებლობის აზრმა ისე გაიტაცა რუსეთის მთავრობა, რომ განჯის და ერევნის სახანოს შემოერთებაც კი უნდოდა საქართველოსთვის(იქვე II. 365).

ამ გვარად სრულებით ცხადია, რომ რუსეთის დედოფლის მანიფესტში მოხსენებული ცნობა, ვითომც რუსეთს სპარსეთისათვის ომი იმიტომ გამოეცხადებინოს, რომ აღა-მაჰმედ-შაჰმა საქართველო ააოხრა და საქართველომ მის წინააღმდეგ დამხარება სთხოვა, მხოლოდ თვალთმაქცობა და ლამაზი, მაგრამ ყალბი სიტყვები იყო. თვით ამ სპარსეთის ლაშქრობის მონაწილე და რუსთა ჯარის სარდლის შტაბის ადიუტანტი ბუტკოვი პირდაპირ ამბობს: ეკატერინე დიდის სურვილ იყო, რომ რუსეთს საქართველოს აოხრებისთვის აღა-მაჰმედ-ხანის დასჯის მომიზეზებით ესარგებლა და სპარსეთთან რუსეთის ვაჭრობა განსაკუთრებით განემტკიცებინა-ო (*) (**). რათგან ამ ომის  „უმთავრესი მიზანი ვაჭრობის გავრცელება“ იყოო (იქვე II, 367) (**).

რუსეთის მთავრობას ეშინოდა, რომ თუ ვინიცობაა მისი ნამდვილი ზრახვა და იდუმალი გეგმა გამოაშკარავდებოდა, მას არავინ, არც საქართველოში არც შირვანისა და შაქის სახანოებში, მხარს არ დაუჭერდა. ამიტომ არავის ენდობოდა. თვით მეფე ერეკლესაც კი ის ეჭვის თვალით უყურებდა და რომ თავის  თავი საქართველოთგან უზრუნველეყო, მან ერთს, თუმცა კი უკადრისს, მაგრამ მეტად მოხერხებულ საშუალებას მიჰმართა. მან გადასწყვიტა, რომ საქართველოს მეფისაგან სხვათა შორის ერთი რჩეული ათას კაცამდის ქართული სამხედრო ნაწილის შედგენა მოეთხოვა, რომელიც რუსთა ჯარისთვის უნდა მიემატებინათ და მასთან ერთად წაეყვანათ ომში. ამ ნაწილში თვით ბატონიშვილებიც უნდა ყოფილიყვნენ ჩარიცხულნი განსაკუთრებით ისეთები, რომელნიც მშობლებისათვის უფრო ძვირფასნი იყვნენ, როგორც მაგ., ბატონიშვილები იულონი და დავითი. ამგვარადვე მოწინავე ქართველობის საუკეთესო წარმომადგენელნი უნდა ამ რაზმში შესუკიყვნენ. რუსეთის მთავრობას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ არ რჩეულ ქართულ სამხედრო ნაწილს საიდუმლოდ საქართველოს მეფისა, დედოფლისა და ერის ერთგულების მძევლად ჩასთვლიდა(*) (**). ასე ეპყრობოდა ქართველობას ის „მფარველი“ რუსეთი, რომელიც საზეიმო მანიფესტში საქართველოს გულისთვის სპარსეთს ომს უცხადებდა!

სამხედრო მოქმედება უკვე თავისი ბუნებრივი გზით მიმდინარეობდა და თავიანთი მომავალი გამარჯვების გამოსაყენებლად რუსებს მრავალი ერთი მეორეზე უფრო საოცნებო გეგმები ეხატებოდათ, რომ 1796 წ. ნოემბერში ეკატერინე II გარდაიცვალა. 6 დეკემბერს იმავე წელს რუსების ჯარების მთავარსარდალს თავის მთავრობისაგან გადაჭრილი ბრძანება მოუვიდა ყოველგვარი სამხედრო მოქმედების შეჩერებისა და მთელი ჯარითურთ რუსეთში დაბრუნების შესახებ (იქვეII, 419). მართლაც სამხედრო მოქმედება შესწყდა და რუსის ჯარი შინისკენ მიმავალი საქართველოში დაბრუნდა რომ იქითგან რიგრიგობით რუსეთში წასულიყო. ჯარის ერთი ნაწილი იმავე ზამთარში წავიდა საქართველოთგან(იქვე II. 423).

ძნელი წარმოსადგენი ა უნდა იყოს, თუ რა ნაირად უნდა თავზარდაცემული ყოფილიყო საქართველო და ერეკლე მეფე. სხვა ხანებიც, რომელნიც სპარსეთის ამ ლაშქრობაში რუსებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ, როდესაც რუსეთის მთავრობის უპირობამ ამ შემთხვევაშიაც თავი იჩინა. აღა-მაჰმედ-შაჰი კი სიხარულით ცას ეწეოდა. ყველგან ფირმანებს გზავნიდა, რომ რუსთა ჯარი მას შეუშინდა და უკან გაბრუნდაო. მრისხანე ბრძანება ბრძანებაზე მოსდიოდათ ყველას, ვინც კი მის საწინააღმდეგო სამხედრო მოქმედებაში მონაწილეობის მიღება გაბედა.

1797 წ. გაზაფხულსვე აღა-მაჰმედ-შაჰი შუშის დასასჯელად დაიძრა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა რომ აქეთგან პირდაპირ საქართველოს ასაკლებად წამოვიდოდა, მცხოვრებლებს აჰყრიდა და შაჰაბაზის მსგავსად სპარსეთში გადაასახლებდა(*). საქართველოს სრული განადგურება აუცილებელი იყო, რომ 4 ივნისს მის სიმკაცრით გაბოროტებულ მსახურთ მძინარე აღა-მაჰმედ-შაჰისთვის თავი არ მოეჭრათ(იქვე II. 430).

ასე სრულებით შემთხვევით გადაურჩა საქართველო აოხრებასა და დაღუპვას. თუმცა რუსებმა ეს თავის თვალით ნახეს და კარგად გრძნობდნენ რა განსაცდელშიც იყო საქართველო, მაგრამ მაინც გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ და 1797 წ. ენკენისთვეში თავიაანთი ჯარის უკანასკნელი ნაწილიც ჩვენი ქვეყნითგან გაიყვანეს(*). სპარსეთთან ომის გაგრძელება მათ საჭიროდ არ მიაჩნდათ. ხოლო რუსეთის მთავრობა რომ თავის მოქმედებით საქართველოს უსაშინლეს მდგომარეობაში აგდებდა და ჯარის გაყვანა მის მხრივ 1783 წ. ხელშეკრულების დარღვევა იყო, ამგვარ წვრილმან გარემოებას იგი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა.

***

I X  თ ა ვ ი

საქართველო – რუსეთის ურთიერთი დამოკიდებულების

 საფუძველი და მისწრაფებათა შეურიგებლობა

            უნებლიეთ საკითხი იბადება, თუ რა მიზეზი იყო, რომ დიდი ღრუსეთის მთავრობა ასე ექცეოდა პატარა საქართველოს  ან როგორ ახერხებდა რუსეთი საქართველოს ისე მოჯადოებას, რომ რამდენიმე მწარე გამოცდილების შემდგომ მაინც „ქრისტესმოყვარე“ რუსეთის მფარველობის გულწრფელი მოიმედე იყო?

            პირველი საკითხის გადაწყვეტა ყველა ზემოთხრობილის შემდგომ ძნელი არ არის.

            რუსეთის მაშინდელი მთავრობის ბრძანებებითგან და მიწერ-მოწერითგან, აგრეთვე სხვა ყველა იმდროინდელი საბუთებითგან და თვით მოქმედებითგანაც, სრულის სიცხადით ირკვევა, რომ რუსეთის მთელი პოლიტიკა და მოქმედება საქართველოს მიმართ ნამდვილად რუსულ პოლიტიკურ ინტერესებით იყო ნაკარნახევი და მხოლოდ ნიღაბჩამოფარებული, მაგრამ ტლანქი ეროვნული ეგოიზმის განხორციელება იყო.

            მაშინ რუსეთს ამიერ-კავკასიაში და სპარსეთში იმდენად პოლიტიკური ინტერესები არა ჰქონდა, რამდენადაც ეკონომიური. ის განსაკუთრებით, რუსული აღებმიცემობის სპარსეთში გავრცელებაზე ზრუნავდა. რითაც მას ინდოეთის მდიდარი ვაჭრობის ხელში ჩაგდების იმედი ჰქონდა. თუ ეს მოხდებოდა, მაშინ უკვე საკომერციო ინტერესები რეალურ გეგმას წარმოშვამდნენ, რომელიც ინდოეთის დაპყრობის გამამართლებელ საბუთად გამოდგებოდა. მაგრამ რუსებს ეს მხოლოდ შორეულ, მომხიბლავ მომავლად ეხატებოდათ. მათ მხატვრულ ზღაპრებშიაც თვალწარმტაცის მიმზიდველობითა და სიმდიდრით იყო მოსილი ინდოეთი და თვით რუსეთის მთავრობაც უფრო ოცნებისა და სიზმარეთის სამეფოში დანავარდობდა, ვიდრე ცხოვრების სინამდვილეში იმიტომ, რომ მისი გეგმების სივრცე და სიუხვე ოდნავადაც არ შეეფერებოდა იმდროინდელი რუსეთის ეკონომიურ ძალას და წარმოებას.

            რუსეთის მთავრობას გულის სიღრმეში არ მოჰხვედრია ქართველი ერის მისწრაფება, მისი დაწინაურებული, განათლებული ყოფა-ცხოვრების დაუშრეტელი და მუდმივი ლტოლვა თავისუფლებისადმი. არა, რუსეთი საქართველოს ისე უყურებდა, როგორც კარგს იარაღს, რომელიც საჭიროებისამებრ შეიძლებოდა  მშვენივრად გამოეყენებინა თავის სასარგებლოდ. ეს აზრი თვით რუსეთის მთავრობას აქვს ცინიკური, გულახდილობით გამოთქმული გრაფი ნ. პანინის პირით ერთს საიდუმლო მიწერილობაში, რომელიც მან სახელმძღვანელოდ საქართველოში მყოფს რუსეთის წარმომადგენეს გენერალ ტოტლებენს გამოუგზავნა: უნდა ვცადოთ საქმე საქართველოში ისე მოვაწყოთ, რომ ყველაფერი ჩვენი „ხელმძღვანელობით ხდებოდეს“, თვით ქართველებს კი ისე ეგონოთ, ვითომც ისინი თავიანთ მთავრობის განკარგულებას ასრულებდნენ, თვით მთავრობაც დარწმუნებული იყოს, თითქოს ყველაფერი მისი სურვილისა და ნების თანახმად ხდებოდეს, ერთი სიტყვით, ყოველი ჩვენი წადილი განხორციელდეს, მაგრამ იმ ნაირად კი, რომ „სული აქაური(ე. ი. რუსული) იყოს“, სხეული კი ქართულიო(**). მაშასადამე რუსეთის მთავრობას უნდოდა ,რომ ქართველები უსულო იარაღივით გამოეყენებინა თავის პოლიტიკური მიზნებისა და ზრახვების მისაღწევად.

            მაშინდელი ქართველობა კარგა ხანს ამ გარემოებას ვერ ამჩნევდა და გულწრფელად დარწმუნებული იყო, რუსთა ხელმწიფეს და მთავრობას საქართველოსთვის მართლაც გული შესტკივოდა დამის მწუხარება თავის მწუხარებად მიაჩნდა. ამგვარი განუსაზღვრელი და დაუშრეტელი რუსებისადმი ნდობა იმაზე იყო დამყარებული, რომ საქართველოს იმდროინდელი მტრები სპარსეთ-ოსმალეთი მაჰმადიანები იყვნენ, რუსეთი კი, ვითარცა ქართველთა ერთმორწმუნე სახელმწიფო, თავიანთ ბუნებრივ მოკავშირედ მიაჩნდათ.

            ქართველებს შორითგან გაგონილი ჰქონდათ რუსთა მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობა და ეჭვი არ ებადებოდათ, რომ რუსეთი ქართველთა სულის კვეთებას ადვილად გაიგებდა და მათს თავგანწირულ ბრძოლაში სპარსეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ წრფელის გულით ძლიერს დახმარებას გაუწევდა.

            რუსეთის მთავრობას და პოლიტიკოსებს არ გამოჰპარვიათ ქართველთა ამგვარი პოლიტიკური გულუბრყვილობა. მთელი მათი პოლიტიკა საქართველოს მიმართ, როდესაც კი რუსეთის სამხედრო თვალსაზრისით ქართველთა ძალის გამოყენება ოსმალეთის, ან სპარსეთის წინააღმდეგ საჭიროდ მიაჩნდათ, სწორედ ქართველთა ამ სუსტ გრძნობაზე და გულუბრყვილობაზე იყო დამყარებული. „ქართველებს მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობა აქვთ და ამაზეა დამოკიდებული მათი გულმოდგინეობა სრულიად რუსეთის კარისადმი და კეთილმოსურნეობა რუს ხალხისადმი“-ო (**), ასე ამბობდნენ რუსეთის მთავრობის წარმომადგენელნი, – და ამდ ქართველთა მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობის საშუალებით ცდილობდნენ და ახერხებდნენ კიდეც ქართველების იმედად მოჯადოვებას, რომ რუსეთის პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად გამოეყენებინათ.

            როცა რუსეთისთვის საჭირო იყო, მაშინ მას აგონდებოდა, რომ ქართველები მხურვალე ქრისტიანები იყვნენ და მაჰმადიან ძლიერი სახელმწიფოების მძლავრობისაგან უკიდურესად შევიწროებულნი იყვნენ. ამ დროს, ის ვითომცდა კაცთმოყვარეობის გრძნობით აღსავსე არწმუნებდა საქართველოს, რომ მუდამ მის დახმარებაზე ოცნებობს და მისთვის ზრუნავს. ასე იყო ხოლმე სანამ საქართველოს არ შეაცდენდა და თავის სამხედრო  გეგმისდა მიხედვით ოსმალეთთან ან სპარსეთთან ომში, რომელსაც იგი განიზრახავდა, არ ჩარევდა. მაგრამ რა წამს რუსეთს თავისი პირადი მიზანი მიუღწეველად მიაჩნდა, ან ომის გაგრძელებას  თავისთვის ხელსაყრელად აღარა სთვლიდა, ის საქართველოს უყოყმანოდ მიატოვებდა ხოლმე და მაშინ მას ყველაფერი ავიწყდებოდა, ქართველთა ქრისტიანობაც და გაჭირვებაც. ასეთს შემთხვევებში ის იმაზეც კი აღარ ფიქრობდა, რომ საქართველო სწორედ მის წყალობითა და მის მოქმედებით წინანდელზე უფრო უარესსა და უმწეო მდგომარეობაში ვარდებოდა ხოლმე.

            გარეგნულად რუსეთის მთავრობა ვითომც სწუხდა რომ საქართველო პოლიტიკურად დასუსტებული სახელმწიფო იყო და თითქო ცდილობდა, რომ მისი სამხედრო ძლიერება გაზრდილიყო და საერთაშორისო მდგომარეობა გამტკიცებულიყო . რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მაგ., თავის წარმომადგენელს საქართველოში კოვალენსკის სწერდა, რომ მას საქართველოს მეფისთვის ერჩია მუდმივი ლაშქარი დაეარსებინა და ხეირიანი არტილერია შეექმნა, რომ ამგვარად მეფეს საშუალება ჰქონოდა საჭიროებისამებრ პატარა სამხედრო ძალითაც სპარსთა მრავალრიცხოვანი, თავზეხელაღებული ბრბოებისათვის წინააღმდეგობა გაეწია. ამ საქმის განსახორციელებლად რუსეთის ხელმწიფე საქართველოს მეფეს ნებას აძლევდა საქართველოში დანიშნული იეგერთა პოლკის უფროსი და ოფიცრები ხელმძღვანელად გამოეყენებინა(*). მაგრამ ეს 1799 წელს იწყებოდა, როდესაც უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის ბედი თვით რუსთავე წყალობით გადაწყვეტილი იყო, ისე რომ ამ რჩევას მაშინ აღარავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

            განსაკუთრებით საყურადღებო კი სწორედ ის გარემოებაა, რომ თვით საქართველოს მთავრობა მუსამ ცდილობდა დაწინაურებული სამხედრო ტექნიკა და მეტადრე ზარბაზნების ჩამოსხმა-მოხმარება შეესწავლა, ხოლო რუსეთის მთავრობა იდუმალად ყოველ ღონისძიებას ხმარობდა, რომ საქართველოს თავის ეს წადილი ვერ განეხორციელებინა. ისე რომ თუ საქართველოს მე XVIII ს.-ის დასასრულს, როდესაც რუსეთის მთავრობის ზემომოყვანილი რჩევა იყო შედგენილი, შესაფერისი არტილერია არ  ებადა, ამაში უმთავრესად თვით რუსეთის მთავრობის წარმომადგენლეს უძევთ ბრალი.

            საქართველოში ძალიან კარგად ესმოდათ კარგ არტილერიის უაღრესი მნიშვნელობა ქვეყნის გარეშე მტრისგან უზრუნველყოფისათვის და სწორედ ამიტომაც არის რომ ერეკლე მეფე სულ იმის ცდაში იყო, რომ ვისგანმე ზარბაზნების გაკეთება და ხმარება შეესწავლა.

            მან ისარგებლა კიდეც შემთხვევით რომ რუსთა ჯარში, რომელიც ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად მაშინ საქართველოში იყო გამოგზავნილი, არტილერიის საქმის მცოდნე პირები ქართველები იყვნენ და მათ მიჰმართა, რომ თავისი დიდი ხნის ნატვრა აესრულებინა. არტილერიის პოდპოლკოვნიკს ჩოლოყაშვილს და თავად თარხან-მოურავს სიხარულით უკისრიათ ეს საქმე. ისინი თურმე ერეკლე მეფეს ზარბაზნების მორტირების და ჰაუბიცების გაკეთებასა და დადგომას ასწავლიდნენ.

            მოულოდნელად ამის გამო მთელი აურზაური ატყდა. თუმცა მაშინ ეს ქართველებს ეუცნაურათ, მაგრამ რუსეთის ჯარის უფროსმა ტოტლებენმა რომ ეს გარემოება შეიტყო, მაშინვე ჩოლოყაშვილსაცა და თარხან-მოურავსაც სასტიკად აუკრძალა, რომ მეფე ერეკლესათვის საარტილერიო ხელოვნება ესწავლებინათ.

            ამ ორს ქართველს არტილერისტს, როგორც სჩანს, ტოტლებენის ამგვარი ბრძანება უკანონოდ მიაჩნდათ და ეტყობა გულწრფელად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რუსეთისათვისაც ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო, თუ კი საქართველოს მეფეს, ვითარცა რუსეთის ერთგულ მოკავშირეს და მის  მფარველობის ქვეშე მყოფს, სამხედრო საქმე კარგად შესწავლილი ექმნებოდა. ამიტომ ორივენი ისევ ტფილისში დარჩნენ და წინანდებურად ერეკლე მეფეს ასწავლიდნენ. მაშინ ტოტლებენმა  თებერვალს 1770 წელს რუსეთის მთავრობას ფრანგულად დაწერილი საიდუმლო მოხსენება გაუგზავნა, რომელშიაც ატყობინებდა, რომ ჩოლოყაშვილი და თარხან-მოურავი ერეკლე მეფეს ზარბაზნების ჩამოსხმასა და დადგომას ასწავლიანო. თუმცა საქართვლოს მეფე, სწერდა ტოტლებენი მთავრობას, რუსეთის ხელმწიფის მფარველობის ქვეშ არის, მაგრამ რუსეთის ინტერესებისათვის სასურველი არაა, საქართველოში რუსეთის ხელმწიფის ზარბაზნებს გარდა სხვისი ვისიმე ზარბაზნები იყოსო. ამიტომ ტოტლებენი მთავრობას სთხოვდა, რომ ყველა ქართველი ოფიცრები და თავადი თარხან-მოურავი საქართველოთგან ისევ რუსეთში წაეყვანათ(*).

            ქართველი ოფიცრები თავის მამულიშვილური გრძნობისა და პოლიტიკური სიბეცისათვის სასტიკად დაისაჯნენ. იძულებით რუსეთში წაყვანილნი და დაპატიმრებულნი საქმის გამოძიებას უცდიდნენ, სანამ მათი უდანაშაულობა ყველასთვის ცხადი არ შეიქმნა.

            ამ საიდუმლო მოხსენებითგან ცხადად სჩანს, რომ რუსეთის მთავრობისათვის საზოგადოდ საქართველოს გაძლიერება სრულებითაც საჭირო არ იყო. საქართველო ისეთ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო, რომ რუსეთის დაუხმარებლივ მას თავისი თავის დაცვა არ შესძლებოდა და მუდამ მხოლოდ რუსეთის შემავედრებელი და ხელში შემყურე ყოფილიყო.(**)

            მაშასადამე ყოველთვის ისე იყო ხოლმე, რომ რუსეთის „დახმარებას“ დასაწყისში გარეგნულად საქვეყნოდ დიდი სახელი და რიხი ჰქონდა, შემდეგ-კი მუდამ საშინელი და დამღუპველი იყო ჩვენი პატარა, მტრებით შემორტყმული ქვეყნისა და ერისათვის.

            რუსეთის უპირობა და საქართველოს უმწეოდ მიტოვება მტრებთან ბრძოლის დროს ჩვენს ქვეყანას მარტო საერთაშორისო დამოკიდებულებას-კი არ უფუჭებდა, მარტო მის გარეშე მტრებს კი არ ათამამებდა, არამედ შინაურ ცხოვრებაშიც არევ-დარევასა და სხვადასხვა პოლიტიკურ დასთა შორის ბრძოლას ამწვავებდა, მეფისა და მთავრობის პატივისცემისა და უფლების გაქარწყლებას ხალხის თვალში ხელს უწყობდა. ბევრნი ხედავდნენ, რომ მთავრობის მთელი პოლიტიკა საქართველოს უბედურების მეტს არას უმზადებდა და ამის გამო სპარსეთთან და ოსმალეთთან შეთანხმების მომხრენი დაუნდობლად ებრძოდნენ იმ წრეებს, რომელნიც რუსეთის მფარველობასა და მოკავშირეობის მომხრენი და მოთავენი იყვნენ. ეს შიანური უთანხმოება და ქიშპობა ძირს უთხრიდა ისედაც დაუსრულებელი ომებისა და მტრების შემოსევისაგან დასუსტებულ სახელმწიფოს.

            ერეკლე მეფე ღრმად მოხუცებული მოუსვენარ ცხოვრებისა და თავდატეხილი უბედურებისაგან დაავადებული გულის ტკივილით შეჰყურებდა, როგორ ინგრეოდა ის პოლიტიკური და სამხედრო სიძლიერე, ქონებრივი კეთილდღეობაც, რომელიც მი მამის თეიმურაზ მე II-ისა და მის პირად დაუღალავ შრომითა და გამჭრიახობით იყო მოპოვებული. მის სიბერის დღენი ეგების იმ მწარე გრძნობით იყო მოწამლული, რომ ამის ბრალი მის პირადს პოლიტიკურს გულუბრყვილობას და რუსეთის მთავრობისადმი განუსაზღვრელ ნდობასაც ედებოდა.

            ერეკლე მეფეს დიდ ხანს აღარ უცოცხლია… 11 იანვარს 1798 წ. 1. თელავში გარდაიცვალა 78 წლის მოხუცი გმირი პატარა-კახი.

***

X  თ ა ვ ი

საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობა რუსეთის მთავრობის

 მიერ და რუსეთთან შეერთება



        სამეფო ტახტზე ასულს გიორგი მეფეს   არც მამის ნიჭი და პირადი სიქველე ჰქონდა, არც საიმისო გავლენა მოეპოვებინა ხალხში, რომ ესოდენ გართულებულ პოლიტიკურ მდგომარეობითგან ბრძნულის შორსმჭვრეტლობითა და სიფრთხილით საქართველო სამშვიდობოს გამოეყვანა. პირიქით შინაური უწესრიგობა გაძლიერდა, გარეშე მტრები უფრო გათამამდნენ, გულწრფელი მეგობრული გრძნობითა და უანგარო გრძნობითა და კეთილმოსურნეობით გამსჭვალული ძლიერი მოკავშირის მფარველობა და დახმარება-კი არა სჩანდა.

            ასეთ გარემოში მყოფს გიორგი მეფეს რუსეთის მხრივ შველი იმედი აღარა ჰქონდა და ამის გამო მან გადაწყვიტა დარიალის კარი ჩაეკეტა და სამხრეთისაკენ გზა რუსებისათვის სამუდამოდ დაეხშა. მას ეგონა, რომ ისევ ოსმალეთთან პოლიტიკური შეთანხმება და მისი მოკავშირეობა მიანიჭებდა ღონემიხდილ საქართველოს მშვიდობიანობას. მეფემ უკვე დესპანიც-კი გაგზავნა ახალციხის ფაშასთან, რომ იქითგან სტამბოლში წასულიყო ამ საქმის მოსაწყობად. მაგრამ დესპანი ჯერ ახალციხეს არ გასცილებოდა, რომ რუსეთითგან ტახტის მემკვიდრე ბატონიშვილი დავითი ჩამოვიდა, რომელმაც რუსეთის ხელმწიფეს პავლეს საქართველოსადმი კეთილგანწყობილების ამბავი ჩამოიტანა. მაშინვე კვლავ „ქრისტეს მოყვარე“ რუსეთის მხრით უანგარო დახმარების იმედი დაიბადა და საქართველოს ელჩი ახალციხითგან სწრაფად უკან დაბრუნებული იქმნა(*).

            როდესაც გორგი მეფემ რუსეთის ხელმწიფეს პავლეს თავის სამეფო ტახტზე ასვლა აცნობა, პავლემ მოლოცვასთან ერთად მოსწერა, რომ 1783 წ. ხელშეკრულების ძალით იგი მოვალეა რუსეთის იმპერატორს დამტკიცება სთხოვოს (იქვე II, 448). თითონ მას კი ავიწყდებოდა, რომ ამ ხელშეკრულება მარტო საქართველოს არ დააკისრა მოვალეობა, არამედ რუსთის სახელმწიფოსაც და რომ თვით რუსეთს არც ერთი მოვალეობათაგანი ჯერ ასრულებული არ ჰქონდა.

            16 აპრ. 1799 წ. საქართველოში რუსეთის ელჩი დაინიშნა და 2 ბატალიონი ჯარიც გამოიგზავნა ვითომც საქართველოს დასაცავად(*). ერთმაცა და მეორემაც საქართველოს მხოლოდ ამავე წლის დასასრულს მოაღწიეს(იქვე II, 451). რუსეთის მთავრობამ თავის ელჩს დაავალა, რომ მას მეფისთვის საიდუმლოდ თვალყური ედევნებინა. მაშასადამე თვით მეფეც კი საეჭვოდ მიაჩნდათ და მის ერთგულებას არ ენდობოდნენ, თუმცა საქართველოს მთავრობამ რუსეთისადმი განუსაზღვრელი და გადამეტებული ნდობა არა ერთხელ დაამტკიცა და ამის წყალობით ძალიანაც იზარალა.

            ყველაფერი მოწმობდა, რომ რუსეთი ეხლა კი თითქოს მართლაც დაინტერესებული იყო საქართველოს მდგომარეობით და ჩვენ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირის დაჭერას ცდილობდა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც რუსეთს საქართველოსთვის არ შეუწუხებია თავი, არამედ მხოლოდ პირადი სარგებლობით ხელმძღვანელობდა იგი და  ტავის საიდუმლო გეგმის განხორციელებაზე ზრუნავდა.

            კამერჰერმა გრაფმა მუსინ-პუშკინმა იმპერატორ პავლეს წინაშე იშუამდგომლა, რომ მას ნება და საშუალება მისცემოდა საქართველოში გასამგზავრებლად და იქაურ მთების მდიდარ მადნეულობის გამოსაკვლევად. 17 ოქტ. 1799 წ. მან ნებართვა მიიღო და გამოემგზავრა კიდეც. როდესაც საქართველოს ადგილობრივ სიმდიდრის შესწავლამ  მას თვალწინ გადაუშალა ჩვენი ქვეყნის მთელი საუნჯე, ბუნების მშვენიერება და „სამოთხის მსგავსი ჰავა“, მან 1800 წ. თავის ხელმწიფეს მოხსენებაში საქართველოს ყველა ზემოაღნიშნული ღირსებანი აუწერა და ის მნიშვნელობაც გაუთვალისწინა, რომელიც ჩვენს სამშობლოს რუსეთისათვის ექმნებოდა, საქართველო რომ რუსეთს დაეპყრო. მაშინ ღრუსეთი მდიდარ ქვეყანას შეიძენდა და კავკასიის მთიელთა თავდასხმისაგან სამუდამოდ უზრუნველყოფილი იქმნებდაო იმიტომ, რომ ორთავე მხრივ ჩაჭერილნი ისინი ვეღარას გაბედავდნენ. ოსმალეთთან, ან სპარსეთთან ომის დროსაც რუსეთს დიდი სამხედრო უპირატესობა ექმნებოდა. მაგრამ ამას გარდა რუსეთს სპარსეთისა და ინდოეთს ვაჭრობის ფართო ასპარეზიც გაეხსნებოდაო(**). მაშასადამე ჩვეულებრივს ეკონომიურ ინტერესებს გარდა, ზღაპრულ ინდოეთზე ოცნებასთან ერთად, აქ უკვე გარკვეული პოლიტიკური გეგმაცაა გათვალისწინებული.

            ეს აზრი პეტერბურგში მოწონებულ იქმნა. 18 დეკემბერ. 1800 წ. პეტრე იმპერატორმა ხელი მოაწერა მანიფესტს საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ და შემდეგ კი გიორგი მეფეს წინდაწინვე დამზადებული გაუგზავნეს ხელმოსაწერად, რომელშიაც ვითომ თვით მეფე სთხოვდა რუსეთის ხელმწიფეს, რომ მას საქართველო ერთხელ და სამუდამოდ რუსეთთან შეეერთებინა და რუსეთის განუყოფელ ნაილად ექცია. მაგრამ საქმე ისე დატრიალდა, რომ მთელი ეს შეთხზული გეგმა ჩაიფუშა: გიორგი მეფე გარდაიცვალა 22 დეკემბერს 1800 წ. ისე, რომ ხელმოსაწერი ქაღალდი მას თვალითაც არ უნახავს, რათგან მისი მომტანნი ამ დროს ჯერ საქართველოში ჩამოსული არც კი იყვნენ(*).

            ასეთი შესაძლებლობა რუსეთის მთავრობას წინდაწინვე გათვალისწინებული ჰქონდა და ამისთანა შემთხვევისათვისაც მას უკვე 15 ნოემბერს თავის  წარმომადგენლისათვის საქართველოში ნაბრძანები ჰქონდა, რომ რა წამს გიორგი მეფე გარდაიცვლებოდა, საქართველოს სამეფო ტახტზე ასვლის ნება არავისთვის მიეცათ. ეს გარემოება გენ. კნორინგმა გიორგი მეფის გარდაცვალებისთანავე აცნობა საქართველოს მცხოვრებთ და  თანაც იმ ოთხ ბატალიონ ჯარის გარდა, რომელიც რუსებს ამ დროისათვის ჩვენს ქვეყანაში მოეპოვებოდათ, საჩქაროდ კიდევ ერთი ბატალიონი დაიბარა (იქვეII, 465-466).

            1783 წ. დადებულ ხელშეკრულების მე 12-ე მუხლში ნათქვამია, რომ ამ ხელშეკრულების პირობების შეცვლა ან შევსება მხოლოდ ორთავე მხრის თანხმობით შეიძლებოდა(**). რათგან 1783 წ. შემდგომ აღარავითარი სხვა ხელშეკრულება საქართველოს და რუსეთს შორის არ დადებულა და არც რაიმე ცვლილება ყოფილა შეტანილი ორთავე მხარის თანხმობით, ამიტომ რუსეთის მთავრობას უნდოდა, რომ მას რაიმე საბუთი ჰქონოდა იმის დასამტკიცებლად, ვითომც თვით საქართველოს ჰსურდა თავისი სახელმწიფოს მოსპობა და რუსეთის განუყოფელ ნაწილად გადაქცევა. რაკი გიორგი მეფის სიკვდილი გამო ეს მათი გეგმა ფიზიკურადაც განუხორციელებელი იყო, ამიტომ რუსეთის მთავრობამ აღარც ხელშეკრულების ცხადს დარღვევას და არც საჯარო სიცრუეს მოერიდა და რაწამს მან გიორგი მეფის სიკვდილის ამბავი შეიტყო, მაშინვე 18 იან. 1801 წ. პავლე პირველის მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელშიაც ნათქვამია, ვითომც თვით მეფე გიორგისა, მოწინავე წრეებისა და ქართველ ერის სურვილითა და თხოვნით რუსეთმა საქართველო სამუდამოდ შემოიერთა(*). არც მეფე გიორგის, არც მით უმეტეს ქართველ ხალხს ეს არც სდომებია და არც უთხოვია.

            პავლე I-ს გადაწყვეტილი  ჰქონდა, რომ საქართველო ერთბაშად რუსეთის გუბერნიად ექცია და სენატისა და სინოდისათვის დაემორჩილებინა(იქვე II, 469). 12 მარტს 1801 წ. პავლე გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრემ ალექსანდრე I-მა იგრძნო საქართველოს შეერთების მთელი უკანონობა და მიტომ გადაწყვიტა გამოერკვია, რამდენად მართალია, რომ მთელ საქართველოს თავის ნებით მოესურვოს რუსეთთან განუყოფლად შეერთება და რომ მას თავის თავის დაცვა გარეშე და შინაურ მტრებისგან არ ძალუძს. ამ საკითხების გამორკვევა მან გენ. კნორინგს მიანდო, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლისთანავე გააუქმა ყველაფერი, რაც ტახტის მემკვიდრის ბატონიშვილი დავითის ბრძანებით იყო შემოღებული, და ტფილისში საქართველოს უზენაესი მთავრობა დააარსა(*). უკვე ეს მისი ნაბიჯი ცხად-ჰყოფს, თუ როგორი მიუდგომლობით გამოარკვევდა და სინამდვილით აუწერდა იგი ჩვენი ხალხის გულის ნადებს და მისწრაფებას. ხოლო, რომ საქართველოს გარეშე მტრების წინააღმდეგ დახმარება ესაჭიროებოდა, ეს გარემოება თვით საქართველოსაც არ დაუმალავს, 1783 წ. ხელშეკრულებაც ხომ სწორედ ამ მიზნით იყო რუსეთთან დადებული.

            როგორც რუსეთის მთავრობას საქართველოს შეერთება თავის სახელწიფოსთვის სასურველად და სასარგებლოდ მიაჩნდა(იქვე II, 473-474), გენ კნორინგმაც ისე წარუდგინა ალექსანდრე I-ეს, თუმცა არ შეეძლო დაემალა, რომ საქართველოს უმაღლეს წრეების ყველა წარმომადგენელნი ამ შეერთების მომხრენი ყოფილიყვნენ. მისი სიტყვითაც ნახევარ თავადაზნაურობისას საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება ჰსურდა(იქვე II, 475-484, განსაკ. 482). გრაფ.მუსინ-პუშკინმა, რომელმაც პავლე I-ს ჩააგონა საქართველოს რუსეთთან შეერთების უაღრესი სარგებლობა, ეხლაც ამ გვარივე შინაარსის მოხსენება მიართვა ალექსანდრე I-ს (იქვე II, 484 შენ. 1).

            რამდენად გულწრფელი უნდა ყოფილიყო რუსეთის მთავრობის სურვილი ვითომც მას საქართველოს პოლიტიკურ ზრახვის უტყუარი ხმის გაგონება ნდომებოდეს, იქითგანაც სჩანს, რომ მთელ ამ ამბავს საქართველოს შეერთების შესახებ ფარულად აწარმოებდნენ(იქვე II, 485) იმიტომ, რომ კარგათ იცოდნენ, რომ საქართველოს დესპანები მათთვის სასიამოვნოს არას იტყოდნენ და ცხად-ჰყოფდნენ, რომ საქართველოს რუსეთის მხოლოდ კავშირი და მფარველობა ჰსურდა და სხვა არაფერი(*).

            საქართველოში რომ არც ხალხი და არც თვით გიორგი მეფე თვის სახელმწიფოს დამოუკიდებელ არსებობის მოსპობაზე სრულებითაც არა ფიქრობდა, ამას ის გარემოებაც ნათლად ამტკიცებს, მომ მაშინ ჩვენს სამშობლოში მოწინავე წრეებში ინტენსიური კულტურული მუშაობა სწარმოებდა და მტკიცე სამზადისი იყო როგორც სახელმწიფო წეს-წყობილების გასაუმჯობესებლად და ევროპულის მსგავსად გადასაქმნელად, ისევე ევროპული მეცნიერების, ფილოსოფიისა და მწერლობის საქართველოში გადმოსანერგავად. საუკეთესო თხზულებები და სახელმძღვანელოები, რომელიც ფილოსოფიაში, ფიზიკაში და სამათემატიკო მეცნიერებაში და ბუნების მეტყველებაში, აგრეთვე სამხედრო ხელოვნებაში ევროპაში გამოდიოდა, ქართულადაც იყო ნათარგმნი. სასწავლებლებში სახმარად და წასაკითხავი წიგნები მზადდებოდა. იოანე ბატონიშვილმა ვრცელი მოხსენება წარუდგინა გიორგი მეფეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეცვლილიყო საქართველოს სახელმწიფოს წეს-წყობილება, რომელშიაც სხვათა შორის სამი ლიცეუმის მსგავსი უმაღლესი სასწავლებლის გახსნა იყო გათვალისწინებული. მეფე გიორგიმ 1799 წ. დაამტკიცა ეს პროქტი და მისი განხორციელება უნდა დაეწყოთ.

            ასეთს სამზადისში მყოფ საქართველოს მოწინავე  წრეებისათვის ცხადი იყო, რომ ძლიერი მოკავშირეს მფარველობითა და დახმარებით, ჩვენი ქვეყანა მოღონიერდებოდა, გარეშე მტრებს მოიგერიებდა და მყუდრო ცხოვრების შემდგომ მტკიცე და ჩქარი ნაბიჯით წარმატების გზას დაადგებოდა.

            მაგრამ 12 ენკენისთვეს 1801 წ. პეტერბურგში საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ ალექსანდრე I-ის მანიფესტი იყო გამოცხადებული, რომელშიაც ფარისევლურად ნათქვამი იყო, ვითომც ეს აქტი მხოლოდ საქართველოს კეთილდღეობის ძლიერი სურვილით ყოფილიყოს ნაკარნახევი. ლამაზს სიტყვებს რასაკვირველია არ შეეძლოთ მაინც გაექარწყლებინათ ის შთაბეჭდილება, რომ რუსეთის მთავრობის საქციელი შემაძრწუნებელი უპირობა, ფიცისა და აღთქმის დარღვევა და ძალმომრეობა იყო და სხვა არაფერი.

            ადვილი წარმოსადგენელია, რაოდენ თავზარდამცემი უდა ყოფილიყო ეს ამბავი ქართველ მოწინავე, შეგნებულ წრეებისა და მთავრობისათვის. რაკი რუსეთის მთავრობამ იცოდა, რომ საქართველო ამის გამო აღშფოთებული იქმნებოდა, შვიდი თვის განმავლობაში ამ მანიფესტს საქართველოში არ აცხადებდა. ხოლო როდესაც მეტი დამალვა აღარ შეიძლებოდა და მისი გამოქვეყნება და ხალხის დაფიცება აუცილებელი შეიქმნა, მაშინ გენ. კნორინგს იმედი არა ჰქონდა, რომ ქართველები ნებაყოფლობით საკუთარ დამოუკიდებლობის მოსპობაზე თანხმობას განაცხადებდნენ და რუსეთის ქვეშევრდომობის ფიცს მიიღებდნენ, ამიტომ გადასწყვიტა ეს საქმე მოტყუებითა და მუქარით მოეხერხებინა. მან დაჰპატიჟა გავლენიანი წრეები, თავად-აზნაურობა და ქ. ტფილისის მოქალაქენი და როდესაც ყველამ თავი მოიყარა, მან ბრძანება გასცა, რომ მათთვის საიერიშოდ განმზადებული („…“) რუსის ჯარი შემოერტყათ მაშინდელი ერთი რუსული ცნობის მიხედვით „ლომების ხახასავით განხმული იყო“ თურმე იქ ზარბაზნების პირი. გენ. კნორინგმა ამის მნახველს ხალხს წინადადება მისვა რუსეთის ქვეშევრომობისა და ერთგულობის ფიცი მიეღოთ. ქართველობა გაოცებული და აღშფოთებული იყო ასეთი უმსგავსო საქციელით. მოწინავე წრითგან მრავალმა იმოდენი გამბედაობა გამოიჩინა, რომ გარშემორტყმულ ჯარს არ შეუშინდა, ძალით ფიცი არ მიიღო და ეკლესიითგან გავიდა. მაშინვე გენ. კნორინგმა ბრძანება გასცა, რომ უკმაყოფილონი დაეჭირათ და ციხეში ჩაესვათ(*).

            მაინც ბევრისათვის იმდენად ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ „ქრისტესმოყვარე“ რუსეთის ხელმწიფეებს ფიცისა და ხელშეკრულების დარღვევა შეეძლოთ და პატარა საქართველო „მფარველს“ მოკავშირეს ძალმომრეობით დაეპყრათ, რომ ეს ყველაფერი საქართველოში გამოგზავნილი რუს მოხელეთა პირადი თვითნებობა და მეტიჩრობა ეგონათ. ეს ქართველები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ საქართველოს შელახულ უფლებათა და დამოუკიდებლობის აღსადგენად საკმარისი იყო მხოლოდ რუს ხელმწიფისათვის საქმის ნამდვილი ვითარება ეცნობებინათ(იქვე 446). თვით პეტერბურგში მყოფი საქართველოს ელჩი გარს. ჭავჭავაძეც თუმცა აღშფოთებული იყო იმ გარემოებით, რომ მეფე გიორგის არც ერთი მონდობილოა და სურვილი ასრულებული არ იყო, პირიქით მეფობა მოსპეს და საქართველო საშინლად დაამცირეს, მაგრამ მასაც ეგონა, რომ ეს გენ. კრონინგის ცრუ ცნობებით სავსე მოხსენების წყალობით მოხდა და ვითომც საკმარისი იყო ქართველ ხალხს რუსეთის ხელმწიფისათვის თავისი ნამდვილი გულისწადილი ეცნობებინა, რომ მაშინვე ყველაფერი გამოსწორებულიყო(*). გამოცდილებამ და რუსეთის მთავრობის პოლიტიკამ საქართველოში ნათლად დაამტკიცა ამ განუსაზღვრელი ნდობისა და გულუბრყვილობის სრული უსაფუძვლობა!..






წაკითხვა PDF ფორმატში ( ჩამოტვირთვა)


რესურსი ( 2 )











Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий